მამუკა ჟღენტი: „ბიძინას მეშვეობით დღეს საქართველოს ერთპიროვნულად მართავს პუტინი“
ირინა მაკარიძე
რატომ არის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი რუსული? რა ბედი ელის ევროპაში საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლას? დაასანქცირებენ თუ არა ბიძინა ივანიშვილს? ვინ მართავს დღეს რეალურად საქართველოს? _ ამ საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის“ თანადამფუძნებელი, საქართველოს ყოფილი ელჩი ევროპის საბჭოში, მამუკა ჟღენტი:
_ გერმანიის კანცლერმა განაცხადა, საფრანგეთის უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა, ევროკომისიის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, საქართველოში თითქმის ყველა საელჩომ განაცხადა, რომ ამ კანონპროექტს არანაირი კავშირი იმასთან, რა რეგულაციებიც არსებობს ევროკავშირის ქვეყნებში, არ გააჩნია. აქედან გამომდინარე, დავაბრალოთ იმ ხალხს, რაზედაც გვეუბნებიან, ჩვენი არ არისო, სიცრუეც აღარ ჰქვია, ეს არის უსინდისობისა და უგუნურების მაქსიმალური გამოვლინება. რატომღაც, საკუთარი ამომრჩეველი თუ მხარდამჭერები „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ასეთ რეგვენებად მიაჩნია, რომ მათ ტყუილებსა და ვირეშმაკობას ვერ მიხვდება. ეს მათი ამომრჩევლის შეურაცხყოფაა. მარტივად რომ ვთქვათ, ევროკავშირი გვეუბნება, რომ ეს არ არის კარგი კანონპროექტი, მაგრამ არაფერს გვავალდებულებს. ევროკავშირი გვეუბნება, რაც გინდათ, ის ქენით, მაგრამ თქვენ თუ გინდათ ჩვენთან ყოფნა, ეს კანონი ამაში ხელს შეგიშლითო. რა არის აქ გაუგებარი? არ გინდა ჩემთან მოსვლა, გინდა ამ კანონის მიღება? მიიღე და ღმერთმა ხელი მოგიმართოს, მაგრამ მაშინ ჩვენთან შემოსვლა დაივიწყე. ახლა დგება მეორე კითხვა: რა უნდა „ქართულ ოცნებას“ და რა უნდა საქართველოს მოსახლეობას? მესმის ხშირად, რომ კანონი არ წაუკითხავთ და არაფერი მასში ცუდი არ წერიაო. მაინტერესებს, ვინც მხარდაჭერას უცხადებს ამ კანონპროექტს, არ ვგულისხმობ ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებსაც დავალება აქვთ ივანიშვილისგან მიღებული, მათთვის კონკრეტულად რა სიკეთე მოაქვს ამ კანონპროექტს? რომელ გამჭვირვალობაზეა ლაპარაკი? ჯერ ერთი, გამჭვირვალობა არ არის პრობლემა, აქ არის პრობლემა ის ეპითეტები, იარლიყები და ის სტატუსი, რასაც ამ კანონპროექტით ანიჭებენ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, პერსპექტივაში, შეიძლება, ეს შემდეგ კერძო პირებზეც გავრცელდეს. „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს რას აძლევს ეს კანონპროექტი? რისთვის სჭირდებათ ეს? ეს ეხმარებათ თვითდამკვიდრებაში, ბიძინასადმი სიყვარულის უკეთ გამოვლენაში, თუ რაში?
_ საყოველთაო ინტერესი გამოიწვია ევროპარლამენტის რეზოლუციის იმ ნაწილმა, სადაც საუბარია ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მოთხოვნის შესახებ, რას იტყვით ამ საკითხზე?
_ „ქართული ოცნების“ ლიდერები მოსახლეობას ატყუებენ, რომ შეუძლებელია დღეს ევროკავშირმა ვიზალიბერალიზაცია შეგვიჩეროს იმიტომ, რომ თურმე ამისთვის საჭირო ყოფილა კონსენსუსი, რაც ასევე არის მტკნარი სიცრუე და გამიზნულია იმ ადამიანებზე, რომლებსაც არ აქვთ საშუალება, თვითონ გაეცნონ სწორ ინფორმაციას და ავტომატურად სჯერად ყველაფრის, რასაც „ქართული ოცნების“ ლიდერები მათ ეტყვიან. ეს არის სიცრუე, ამ საკითხის გადაწყვეტას არც კვალიფიციური უმრავლესობა სჭირდება და არც კონსენსუსი, საკმარისია ჩვეულებრივი უმრავლესობის თანხმობა. 14 სახელმწიფო თუ ამას მოითხოვს, ევროკომისია ვალდებული იქნება, ვიზალიბერალიზაცია პირველ ეტაპზე დროებით შეაჩეროს, შემდეგ გააგრძელოს მუშაობა სახელმწიფოსთან და შეიძლება ამას შემდეგ მუდმივი ხასიათი მიეცეს. ეს საფრთხე არსებობს. რაც შეეხება რეზოლუციას, აქაც იგივე სულისკვეთებაა, გვეუბნებიან, _ ჩვენ იმიტომ მოგეცით საშუალება, ჩვენთან უვიზოდ იაროთ, რომ თქვენ გამოხატავთ სურვილს, გახდეთ ჩვენი ოჯახის წევრები. ევროკავშირიში გაწევრიანებას მარავალი პროცედურის შესრულება სჭირდება, ბევრი საშინაო დავალებაა შესასრულებელი. ჩვენ გაჩვენეთ, რომ მზად ვართ, გვინდა გიხილოთ ჩვენთან, მაგრამ ვიდრე წევრები გახდებით, გეძლევათ საშუალება, იაროთ ჩვენთან უვიზიდ, არსებული წესების მეშვეობით, მაგრამ მაშინ როდესაც საქართველო (ამ შემთხვევაში ხელისუფლება) წარმოადგენს სახელმწიფოს, ეს „ქართულ ოცნებას“ არ ესმოდა, მაშინ როდესაც სააკაშვილს აბრალებდა ომის დაწყებას, ამ სულელური განცხადებებით ქვეყანას აზარალებდა. აქაც იგივეა, „ქართული ოცნება“ მოგვწონს ჩვენ თუ არა, ფაქტია, რომ ის არის ხელისუფლებაში და წარმოადგენს ჩვენს სახელმწიფოს. რასაც ის აკეთებს, ეს არის საქართველოს სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯი. თუ საქართველოს სახელმწიფოს უნდა ანტიევროპული სტანდარტების დამკვიდრება, ევროკავშირსაც არ უნდა ასეთი სახელმწიფოს მოქალაქეების უპრობლემო, უპროცედურო და გამარტივებული წესით მგზავრობა ევროკავშირის სახელმწიფოებში, ეს ხომ ძალიან ნათელია? ჩვენ თუ ვიღაცას არ მოვწონვართ, არ იზიარებს ჩვენს დამოკიდებულებასა და ჩვენს სტანდარტებს, ჩვენც იგივეს გავაკეთებდით, ხომ? Aრაინარ სასჯელზე არ არის საუბარი, ეს არის ადეკვატური მიდგომა. თუ არ გინდა ჩემთან, მე რატომ უნდა მინდოდეს, რომ შენ გქონდეს პრივილეგიები? ხომ ორმხრივია ყველაფერი?
_ ევროპარლამენტის რეზოლუციაში საუბარია ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესებაზე. რამდენად მოსალოდნელია, რომ ეს მოთხოვნა ევროსაბჭომ გაიზიაროს?
_ ევროკავშირი შედგება სხვადასხვა ინსტიტუტისგან, ყველას აქვს საკუთარი როლი, ფუნქცია და მანდატი. ევროკავშირი, განსხვავებით ივანიშვილის საქართველოს ხელისუფლებისგან, დემოკრატიულ პრინციპებზეა დაფუძნებული. შესაბამისად, რასაც აცხადებს ევროპარლამენტი, ეს არ არის სავალდებულო, მაგრამ ეს დემოკრატიაა და ევროპის მოქალაქეების მიერ არჩეულ ორგანოს ძალიან დიდი გავლენა აქვს გადაწყვეტილებების მიღებაზე. მას აქვს ასევე ფუნქცია, დაადასტუროს ევროკავშირის ყოველწლიური ბიუჯეტი და სხვა მრავალი. შესაბამისად, ევროპულ კომისიასაც, ისევე როგორც ევროპულ საბჭოს, სჭირდება ევროპარლამენტის თანხმობა ბევრ საკითხში. ევროპარლამენტს, როგორც ევროპელი პოლიტიკოსების ერთობას, მოქალაქეების მიერ პირდაპირი გზით არჩეულ ორგანოს, რა თქმა უნდა, უსმენენ. გაისმა ისიც, რომ თურმე არჩევნებია მალე ევროპარლამენტის და რა ჰგონიათ, არჩევნების შედეგად ვინ მოვა? ბიძინა მოვა ევროპარლამენტში და თავის ხალხს გაიყვანს? „ევროპული ოცნება“ ეყოლება იქ, თუ რისი იმედი აქვთ? რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციების მოთხოვნას, გასაგებია. რა აზრი აქვს აბა, კობახიძეს დაასანქცირებენ, პაპუაშვილს თუ მდინარაძეს? უფრო ადრე იყო გახარია, კვირიკაშვილი, რამდენი ჰყავდა და მერე ყველა უცებ „ნაციონალად“ იქცეოდა ხოლმე. არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ სადაც სალომე ზურაბიშვილი „გაანაციონალეს“, კობახიძე ან მდინარაძე ვიხილოთ ოპოზიციაში, ან ბიძინას დავალებით „განაციონალებული“. „ქართული ოცნების“ რამდენი ოდიოზური ფიგურა იყო, რომელიც დღეს ოპოზიციონერად გვევლინება? თუ ბიძინამ ასე ისურვა, შეიძლება ირაკლი ზარქუა მოგვევლინოს ოპოზიციონერად. თუ ბიძინამ ისურვა, შეიძლება საკუთარ მამას ჩაუდგნენ ოპოზიციაში, კი ამბობენ: „დედა დედაა და მამა მამააო“, მაგრამ როცა სჭირდებათ, დედა ოჯახის წევრი არაა და ცოლის ნათესავი ნათესავი არაა. ამათთვის ამოსავალი წერტილია, არქიფო-ბიძინა რას იტყვის.
_ ვანიშვილმა განაცხადა, რომ მე უკვე დასანქცირებული ვარო. გარდა ამისა, მიიღეს კანონი, რომელსაც „მეორე რუსულ კანონს“ ეძახიან, რომლის ძალითაც ოფშორებიდან კაპიტალს ყოველგვარი გადასახადისა და შეფერხების გარეშე გადმოიტანს. ამდენად, მას შეიძლება აღმოაჩნდეს სხვა მაშველი რგოლები, მაგრამ ის 83 დეპუტატი, რომელმაც რუსულ კანონს ხმა მისცა, თუ იგრძნობენ სანქცირების საფრთხეს, შეიძლება დაფიქრდნენ, ვიდრე ამ კანონს ისევ მისცემენ ხმას. ფიქრობთ თუ არა, რომ მათი სანქცირების მოთხოვნა უფრო ეფექტიანი შეიძლება აღმოჩნდეს?
_ არ მგონია, რომ რომელიმე მათგანი იყოს რეალურად პოლიტიკოსი. დღეს საქართველოს პოლიტიკის პრობლემა ის არის, რომ პოლიტიკოსები საერთოდ არ გვყავს. იმას კი არ ვამბობ, რომ ცუდი ან კარგი პოლიტიკოსები არიან, ესენი არ არიან პოლიტიკოსები. ნებისმიერი პრემიერ-მინისტრი, რომელიც საქართველოს ჰყავდა ივანიშვილის მოსვლის დღიდან, არც ერთს პრეტენზია პოლიტიკაში ყოფნაზე, მით უმეტეს, პრემიერ-მინისტრობაზე არ ექნებოდა, რომ არა ბიძინას სურვილი. მათ ხომ პოლიტიკური იდეები ან პოლიტიკური მომავალი არ გააჩნიათ, მათთვის მთავარია, ამ კონკრეტულ ეტაპზე რამდენს მისცემს ან აშოვნინებს ფულს ბატონი ბიძინა, როგორმე თუ მოახერხებენ, რომ ეს ფული გაიტანონ ან შერჩეთ ისე, რომ ეს არ დაასაბუთონ, საიდან აქვთ. ეს არის მათი ამოსავალი წერტილი. თქვენ რა გგონიათ, ამ კანონპროექტის მიღება რაღაც ფასეულობებიდან გამომდინარე მიაჩნია ამ 83 დეპუტატს აუცილებლად? _ არა! ეს არის ძალიან ელემენტარული ვაჭრობა და ამას რაღაც სიღრმისეული წიაღსვლები არ სჭირდება. დაავალა ბიძინამ, რატომ, რისთვის, არც მათ აქვთ წარმოდგენა, რისთვის სჭირდება ბიძინას ეს კანონი. ერთხელ ხომ თქვეს, აღარ გვჭირდებაო? დღეს ისევ რომ უთხრას ბიძინამ, ისევ იტყვიან, აღარ გვინდაო. ამიტომ ამათ დაასანქცირებ თუ არა, არ აქვს მნიშვნელობა, ამათთვის მთავარი არის, რას ეტყვის მათ ბიძინა. ეს ეხება არა მხოლოდ პარლამენტარებს, არამედ უკვე დასანქცირებულ მოსამართლეებს. უთხრა მათ ბიძინამ, რომ არ გჭირდებათ თქვენ ამერიკაში სიარულიო და გაიმეორეს ამათაც, _ დაგვასანქციროს ამერიკამ, ჩვენ მაინც არ ვაპირებთ იქ წასვლასო. დაახლოებით ამ დონის საზოგადოებრივ სპექტრთან და პოლიტიკოსებთან გვაქვს საქმე. ეს არის მწარე სიმართლე. რაც შეეხება ივანიშვილსა და მის ნათქვამს, რომ უკვე დასანქცირებულია, ეს მხოლოდ დასაწყისია. რა ელოდება წინ, მან კარგად იცის, ამიტომ არის დამფრთხალი, მაგრამ უფრო მეტი საფრთხე მას ელოდება მეორე მხრიდან, ვის დავალებასაც ასრულებს. შესაბამისად, ეს მისი გადასაწყვეტია, რომელი საფრთხე არის მისთვის უფრო ანგარიშგასაწევი. რა დავალებასაც ის ასრულებს, ახლა არ დაწყებულა, აქეთკენ მივყავდით ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, სხვადასხვა ხრიკით. დღეს უკვე „ნაჯახით ჩეხავს“ და გაიძახის, რომ მივდივართ რუსეთში. ეს არის ამის მთელი ფსიქოლოგია და პოლიტიკა. ევროპარლამენტის მოთხოვნა მის დასანქცირებაზე თუ რეალობად იქცა, მას უფრო მეტი პრობლემა შეექმნება და ვერანაირად შეძლებს მთელი ფულის საქართველოში გადმოტანას. რომც გადმოიტანოს, საქართველოშიც არსებობს მექანიზმები, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ეს სანქციები გადმოტანილ ფულზეც გაავრცელოს. ოჯახები ჰყავს ბრაზილიაშიც, საფრანგეთშიც, იქ შვილი ჰყავს, ფლობს უძრავ-მოძრავ ქონებას, აქტივებს სხვადასხვა ბანკში, ამიტომ ასე ადვილი ეს მისთვის არ არის, მაგრამ აქ უკვე რისკების აწონ-დაწოვაზეა საქმე, როგორც ჩანს, მან ჩათვალა, რომ პუტინის ყმობა უღირს დანარჩენ პრობლემებად.
_ ფაქტობრივად, თქვენი საუბრიდან გამომდინარე, მას ქვეყანა მძევლად ჰყავს აყვანილი. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია ამ ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლა?
_ ამაზე ტერმინიც არსებობს, ეს არის „მიტაცებული ქვეყანა“, ოღონდ არა ბიძინას მიერ, არამედ პუტინის მიერ ბიძინას მეშვეობით. ვერ ვიტყოდი, რომ ბიძინა არის საქართველოს ერთპიროვნული მმართველი, ეს არის პუტინი საქართველოს ერთპიროვნული მმართველი, რომელიც მარტავს საქართველოს ბიძინას მეშვეობით. რაც შეეხება არჩევნებს, არ მგონია, რომ პუტინის მიერ მართულ ქვეყანაში როგორმე შეიძლება ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები. არ მგონია, ამის ალბათობა არსებობდეს. არ მგონია, რომ პუტინმა ბიძინას ნება დართოს, ბიძინას რომც მოუნდეს, თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები ჩაატაროს ქვეყანაში. ესეც, სამწუხაროდ, მწარე რეალობაა.
_ გამოსავალი?
_ გამოსავალი არის ის, რომ ვისაც ევროპაში მოსწონს სიარული შოპინგზე თუ თმის შესაჭრელად, ზოგი მუზეუმს ათვალიერებს, ზოგი შვილს უშვებს სასწავლებლად, გარდა იმისა, ვისაც არ ჰგონია, რომ იქ შეიძლება სექსუალური ორიენტაცია შეუცვალონ, გონს უნდა მოეგონ, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. მოსახლეობამ ეს თუ გაიგო და გაახილა თვალები, რაღაც შეიძლება გვეშველოს. თუ არადა, გურჯისტანი გვერქმევა, გრუზია თუ ბიძინისტანი, ამას უკვე ვლადიმირ ვლადიმირის ძე გადაწყვეტს.