გიორგი გელაშვილი: „ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უკრაინა რუსი ოკუპანტებისგან გავწმინდოთ“
მიხეილ ხაჩიძე
უკრაინაში მებრძოლ ქართველ მოხალისეზე, გიორგი გელაშვილზე, რუსეთში ფედერალური ძებნა გამოაცხადეს. გარდა ამისა, გელაშვილს „ექსტრემიზმისთვის“ დაუსწრებლად მიუსაჯეს პატიმრობა. ინფორმაციას ავრცელებენ კრემლის მიერ მართული მედიები, მათ შორის, TACC.
„გამოძიებამ ძებნილად გამოაცხადა 2002 წელს დაბადებული გიორგი ბესიკის ძე გელაშვილი, რომელიც ემალება წინასწარი გამოძიების ორგანოებს. მას ბრალი ედება სიძულვილის დანაშაულებსა და დაქირავებულ მებრძოლობაში. ამასთან დაკავშირებით გამოძიებამ სასამართლოს დაუსწრებლად პატიმრობის მისჯის მოთხოვნით მიმართა“, – ამბობს გამოძიების წარმომადგენელი.
„მოსკოვის სასამართლომ საქართველოს მოქალაქისთვის დაუსწრებლად პატიმრობის მისჯის მოთხოვნა დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და მომენტალურად ამოქმედდა“, – ამბობს სასამართლოს წარმომადგენელი.
ცოტა ხნით ადრე დაუსწრებლად პატიმრობა მიესაჯათ ქართული ეროვნული ლეგიონის მეთაურ მამუკა მამულაშვილსა და მის მოადგილე ლევან ფიფიას.
გიორგი გელაშვილი ორგანიზაცია „მრგვალი მაგიდა _ თავისუფალი კავკასიის“ ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარეა, რომელიც უკრაინაში ორგანიზაციის სამხედრო ფრთის კავკასიის ლეგიონის რიგებში იბრძვის. როგორც ორგანიზაცია წერს, ამჟამად გელაშვილი ყველაზე ახალგაზრდა ქართველი მოხალისეა უკრაინის ფრონტზე.
ვინ არის გიორგი გელაშვილი?
გიორგი გელაშვილი უკრაინაში რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ მებრძოლი ყველაზე პატარა ქართველია. მას 20 წელი ფრონტის ხაზზე შეუსრულდა. წარმოშობით მამის მხრიდან იმერეთიდან, დედის მხრიდან კი ახალგორიდანაა. ახალგაზრდა მეომარი მაქსიმალურად მოტივირებულია და მთელი შემართებით იბრძვის. ქართული ვაჟკაცური სული და პატრიოტიზმი მასთან საუბრისას კარგად ჩანს.
გელაშვილი უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან ჩავიდა, იქ წასვლამდე კი პოლონეთში ერთ-ერთ კომპანიაში ინგლისურის თარჯიმნად მუშაობდა. პუტინის აგრესიული და სასტიკი ომის დაწყების შემდეგ მიატოვა ევროპული მშვიდი ცხოვრება, მყუდროება და უკრაინისკენ გაემართა. ამბობს, რომ უკრაინაში პუტინის სრულმასშტაბიანმა ომმა 2008 წლის აგვისტოს ომი გაახსენა. მაშინ პატარა იყო და საომრად ვერ წავიდოდა, ახლა კი ეს აუცილებლად უნდა გაეკეთებინა.
„უკრაინაში წავედი 25 თებერვალს, 26 თებერვალს საზღვარზე გადავედი პოლონეთიდან. ომი რომ დაიწყო, ინტერნეტით შევიტყვე. ვნახე ვიდეოები, როგორ იბომბებოდა ქალაქები, როგორ გამოჰყავდათ ნანგრევებიდან ბავშვების, ქალების ცხედრები და გამიცოცხლა ის ტკივილი, რაც 2008 წელს ვიგრძენი. მაშინ, სულ რაღაც, 6 წლის ვიყავი, ვუყურებდი ჩემს სოფელ ახალგორში რუსის ტანკებსა და ჯარისკაცებს და ზიზღი მიჩნდებოდა მათ მიმართ, მაგრამ მაშინ არაფრის გაკეთება შემეძლო, ახლა კი შემიძლია, ამიტომ წამოვედი აქ“, _ გვიყვება ქართველი მეომარი.
აქტივობები და დავალებები ფრონტზე
გიორგის მიმართულება ფრონტის ხაზზე პერმანენტულად იცვლება, არის როგორც საფრენი აპარატების „დრონის“ ოპერატორი, ასევე სნაიპერი. ახლა კი დაზვერვით ჯგუფშია. ქართველ მეომარს ასევე ევალება დივერსიული აქტები, ჩასაფრებები, მტრის განადგურება, და ა. შ. ამბობს, რომ ხალხი დიდ მოტივაციას აძლევს.
„საბრძოლო განწყობა უმაღლესია, არ დავნებდებით და ვიბრძოლებთ მანამ, სანამ უკრაინა არ გაიმარჯვებს ამ ომში. მოტივაციას გვაძლევს ხალხი საქართველოდან და უკრაინიდან, ვისაც სჯერა ჩვენი გამარჯვების და ლოცულობს ჩვენზე“, _ გვეუბნება მეომარი.
გელაშვილს, ისევე როგორც ბევრ სხვა მებრძოლს, უამრავი სისასტიკის ნახვა უწევს. მეომრების ყოველდღიურობა სიკვდილთან თამაშივითაა. ამბობს, რომ სიკვდილისთვის არაერთხელ ჩაუხედავს თვალებში.
„საკმაოდ ბევრი სიტუაცია გამოვიარე. იყო მომენტები, როცა ბევრჯერ ჩამიხედავს სიკვდილისთვის თვალებში. დაბომბვები, ჩასაფრებები, შიმშილი, წყურვილი და ბევრი კიდევ, მაგრამ ეს ყველაფერი გამოვიარე იმ ვაჟკაცი ბიჭების ყურებით, რომლებიც ჩემ გვერდით იბრძოდნენ და იბრძვიან. შეუძლებელია, მათ უყურო და ვერ დაინახო გულანთებული პატრიოტების სული, მათით გამოვიარე ეს ყველაფერი და ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ბიჭების გვერდით ვდგავარ, ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ“, _ აცხადებს ყველაზე პატარა ქართველი სამხედრო უკრაინის ფრონტიდან.
20 წლის ქართველი „კავკასიურ ლეგიონშია“. ეს ქვედანაყოფი უკვე წელზე მეტია, რაც შეიქმნა და ბევრი წარმატებული სპეცოპერაცია განახორციელა და რაც ყველაზე მთავარია, არ აქვს დანაკარგი.
„ჩვენი პრიორიტეტია, რომ უდანაკარგოდ ჩავატაროთ ყველა სპეცოპერაცია, გვყავს მხოლოდ რამდენიმე დაჭრილი. მეთაურია ლადო გამსახურდია. ლადოს შექმნილია ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია „მრგვალი მაგიდა _ თავისუფალი კავკასია“, რომელიც მიზნად ისახავს კავკასიური ერების განთავისუფლებას რუსების მარწუხებისგან და ამ თემით მიდიოდა საკმაოდ აქტიური მუშაობა, ომის დაწყების შემდეგ კი ლადომ შექმნა ამ ორგანიზაციის სამხედრო ფრთა, კავკასიის ლეგიონი, რომელშიც იბრძვიან თითქმის მთელი კავკასიიდან შეკრებილი მებრძოლები; ჩვენ ასევე გვაქვს ჩვენი დროშა და სამხედრო ფიცი. ზუსტ რაოდენობას ვერ ვიტყვი, რამდენი ადამიანი ვართ, მაგრამ საკმაოდ კარგი ბრძოლისუნარიანი ფრთაა შექმნილი“, _ გვეუბნება ქართველი მეომარი.
„ქრონიკა+“-ის მკითხველი გიორგი გელაშვილს უკვე იცნობს. რამდენიმე თვის წინ მასთან ინტერვიუ ფრონტზე ჩავწერეთ. ახლაც, ოკუპანტების მიერ გავრცელებული ცნობების შემდეგ, ქართველ სამხედროს დავუკავშირდით და მასთან ინტერვიუს ჩაწერა მოვახერხეთ:
_ გიორგი, პირველ რიგში, გკითხავ, როგორ ხარ, როგორ არიან შენი თანამებრძოლები?
_ კარგად ვართ, თავს კარგად ვგრძნობთ. ვართ საბრძოლო განწყობაზე. უკვე ორ წელზე მეტია, ასეთი განწყობით ვიბრძვით და ვანადგურებთ რუსებს, რაც შეგვიძლია მაქსიმალურად. გაზაფხულიც მოვიდა, ეს ჩვენთვის დიდი პლუსია, რა თქმა უნდა. ამასთან, მოდის ამერიკიდან ახალი გადაწყვეტილებები დახმარების შესახებ, ეს დამატებითი იმპულსი და შემართებაა ჩვენთვის. მობილიზებულები ვართ და ვიცავთ უკრაინას.
_ როგორ შეაფასებ რუსი ოკუპანტების გადაწვეტილებას?
_ რუსების ის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მე ჩამიტარდა სასამართლო და მომესაჯა პატიმრობა, რასაკვირველია, არის ისევ რიგითი პროპაგანდა, სისულელე და არაფრის მომცემი ლაპარაკი. მათ ვერ მოახერხეს ჩვენი შეშინება ფრონტის მიმართულებაზე, ვერ შეგვაშინეს ცოცხალი ძალის სიმრავლით, რაოდენობით და ამიტომაც ამგვარი ხერხებითა და მეთოდებით ცდილობენ, თითქოს შეგვაშინონ, დაგვიკარგონ მოტივაცია და საბრძოლო ჟინი.
_ როგორი რეაქცია გქონდა, როდესაც ამის შესახებ გაიგე?
_ ჩემზე მანამდეც დაიწერა ბევრ რუსულ სამხედრო საიტზე, რომ თითქოს მე ვარ დაქირავებული მებრძოლი, რომ თითქოს ჩვენ აქ ვაღვივებთ ზიზღს, შუღლს. ეს ცოტა სასაცილოც კია ჩემთვის, რადგან ყველამ კარგად იცის, რომ რუსეთი თავად შემოიჭრა უკრიანაში, მოიტანა ამხელა ნგრევა, ამდენი ოკუპირებული ტერიტორია, ამდენი ხალხის დაღუპვა და ეს ყველა უბედურება მიეწერება რუსეთს. ამ დროს ისინი დგანან და ლაპარაკობენ, რომ მე, გიორგი გელაშვილი, აქ ჩამოვედი იმის გამო, რომ გავაღვივო შუღლი რუსეთსა და უკრაინას შორის. სისულელეა და რეაქციაც შესაბამისი მქონდა.
_ რუსი ოკუპანტების გადაწყვეტილება ცვლის რამეს თქვენთვის?
_ ყველაფრის მიუხედავად, რაც არ უნდა დაწერონ, რაც არ უნდა გაასაჯაროონ და რითიც არ უნდა დაგვემუქრონ, ჩვენ არ შევჩერდებით, არ შევწყვეტთ ბრძოლას, რადგან ჩვენ ამ ხალხს ამოვუდექით გვერდით მაქსიმალურად, ამ ხალხს გავუწოდეთ ჩვენი ძმური ხელი, და დავანახეთ, თუ როგორ შეგვიძლია დახმარება. ასე გავაგრძელებთ, დავეხმარებით უკრაინას, ვიომებთ უკრაინისა და საქართველოსთვის. რადგან ეს ომი არ არის მხოლოდ უკრიანის ომი, ეს ასევე ჩვენი ომიც არის. ჩვენ რომ ამ ომში გავიმარჯვებთ, შემდეგ შეგვიძლია დავიბრუნოთ ჩვენი დაკარგული ტერიტორიები და დავრბუნდეთ სახლში. სწორედ ეს არის ჩვენი აქ ყოფნის მიზეზიც და აქ ვიქნებით ბოლომდე, მანამ სანამ უკანასკნელი რუსი არ დატოვებს უკრიანის ტერიტორიას.
_ მებძოლებში როგორია განწყობა, მოტივაცია და შემართება?
_ მოტივაცია უფრო და უფრო იზრდება. ზამთრის პერიოდში შეჩერებული იყო, ცოტა მოდუნებული, თუმცა გაზაფხულის დადგომასთან ერთად ყოველდღიურად იზრდება მოტივაცია. ამავდროულად, მოვა ახალი დახმარება, რაც დიდ როლს შეასრულებს ფრონტზე სერიოზული გარდატეხისთვის. ჩვენ მზად ვართ, ვიბრძვით მტრის წინააღმდეგ და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს ქვეყანა რუსი ოკუპანტებისგან გავწმინდოთ.