კობახიძემ ღარიბაშვილს კიდევ ერთი ბრძოლა მოუგო
შორენა მარსაგიშვილი
პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის მესამედ მოსვლის შემდეგ „ქართულ ოცნებაში“ დაპირისპირება ისევ გრძელდება. დაპირისპირების მთავარი მოქმედი პირები პრემიერი ირაკლი კობახიძე და პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი არიან. მათ დაპირისპირებას წლებია, რაც ვხედავთ და ყველა ბრძოლას ირაკლი კობახიძე იგებს. პრემიერის რანგში კობახიძემ ღარიბაშვილს პირველი ბრძოლა მოუგო.
მოგეხსენებათ, ირაკლი კობახიძე რამდენიმე მინისტრის შეცვლას აპირებდა, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა მას ამის უფლება არ მისცა. ერთადერთი თავდაცვის მინისტრი შეიცვალა, ისიც იმიტომ, რომ ჯუანშერ ბურჭულაძემ საკუთარი ნებით დატოვა პოსტი. ის ირაკლი ღარიბაშვილის კადრი იყო და, ალბათ, კარგად იცოდა, რომ კობახიძე მას დიდხანს არ გააჩერებდა.
ღარიბაშვილის კადრად ითვლებოდა აწ უკვე ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ზურაბ აზარაშვილიც. წესით, მასაც უნდა დაეტოვებინა პოსტი, მაგრამ დარჩა… თუმცა ახალი პრემიერის კაბინეტში დიდხანს ვერ იმინისტრა. აზარაშვილმა თანამდებობა პრემიერთან საუბრის შემდეგ დატოვა, უფრო სწორად, იძულებული გახდა, ეს ნაბიჯი გადაედგა. წასვლის სურვილი რომ ჰქონოდა, ჯუანშერ ბურჭულაძეს გაჰყვებოდა.
კობახიძისა და აზარაშვილის საუბრის დეტალები ამ დრომდე არ გახმაურებულა. დიდი ალბათობით, ეს რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის სკანდალსაც უკავშირდებოდა. ღარიბაშვილმა პრემიერობის დროს განკარგულება გამოსცა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო უნდა დანგრეულიყო. ამ გადაწყვეტილებას აზარაშვილმაც დაუჭირა მხარი.
აღსანიშნავია, რომ აზარაშვილის გადაყენებამდე კობახიძე რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს შეხვდა და ღარიბაშვილის გადაწყვეტილება შეცვალა. ამას კიდევ ერთი სკანდალი მოყვა: გაირკვა, რომ ონკოპაციენტებს ექიმები არასათანადო წამლებს უნიშნავდნენ. აზარაშვილის გაშვებას ამ სკანდალსაც უკავშირებენ. მედიკამენტების სკანდალთან დაკავშირებით გამოძიებაც დაიწყო.
აზარაშვილი პრემიერთან ტკბილად და საქმიანად სასაუბროდ რომ არ წასულა, ეს მისი განცხადებებიდანაც კარგად გამოჩნდა. მან მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს გადაუხადა.
„გულწრფელი მადლობა მსურს გადავუხადო ირაკლი ღარიბაშვილს 4 წლის წინათ გამოჩენილი ნდობისთვის, 20-წლიანი საბანკო საქმიანობის შემდეგ რომ მომცა შესაძლებლობა, მემსახურა ჩემი ქვეყნისთვის, ჯერ ქვეყნის თავდაცვის მიმართულებით და 2022 წლიდან _ ჯანდაცვის სამინისტროში…
ბედნიერი ვარ, რომ არ დარჩა არცერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც არ გავატარეთ ან იდენტიფიცირებული და პროცესში არ არის“, _ განაცხადა გადადგომისას აზარაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი ირაკლი კობახიძის ამ გადაწყვეტილებამ ძალიან გააბრაზა, თუმცა ვერაფერი გააწყო, რადგანაც დღეს მოქმედ პრემიერს ბევრად მეტი გავლენები აქვს ივანიშვილის კარზე, ვიდრე _ მას. წინა შემთხვევების გათვალისწინებით ღარიბაშვილმა ისიც გაიგო, რომ კობახიძეს უფრო მარტივად შეუძლია ბიძინა ივანიშვილის დარწმუნება, ვიდრე მას.
კობახიძე რომ ივანიშვილის დარწმუნების ოსტატია, ეს საკადრო ცვლილებიდან ჩანს. თავიდან ივანიშვილი მინისტრების შეცვლის წინააღმდეგი იყო, მაგრამ კობახიძემ იგი დაარწმუნა, რომ ეს ცვლილება საჭირო იყო. არ არის გამორიცხული, კიდევ სხვა საკადრო ცვლილებები განხორციელდეს. ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ პოლიტიკურ ტემპერატურას ვიხილავთ ქვეყანაში.
წინა სხვა საარჩევნო წლებისგან განსხვავებით, ჯერჯერობით, ქვეყანაში პროცესები მშვიდად მიდის. ოპოზიციას თუ შევხედავთ, ვერც კი ვიტყვით, რომ წელს არჩევნები ტარდება. არადა, თავად ოპოზიცია ამბობს, რომ ეს არჩევნები ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია და აუცილებელია ხელისუფლების დამარცხება. ხელისუფლების დასამარცხებლად არაფერს აკეთებენ და ერთმანეთის ლანძღვით არიან დაკავებულები.
ერთმანეთს „ქართულ ოცნებაშიც“ ლანძღავენ, მაგრამ ეს ამბები ჯერ საჯაროდ არ გამოდის. საარჩევნო სიის შედგენაზე რომ მიდგება საქმე, მაშინ შესაძლოა, სულ სხვა სურათი მივიღოთ. სიის შედგენაში გადამწყვეტი სიტყვა ექნება ბიძინა ივანიშვილს. თუმცა თავთავიანთ კადრებს ჩაწერენ კობახიძე, ღარიბაშვილი, კახა კალაძე, ვახტანგ გომელაური, გრიგოლ ლილუაშვილი.
როგორც პარტიის კულუარებში ამბობენ, პარტიის თავმჯდომარედ ჩამოქვეითებულ ირაკლი ღარიბაშვილს დიდი სურვილი აქვს, რომ მომავალი პარლამენტის თავმჯდომარე ის იყოს. ამის სურვილი მამუკა მდინარაძესაც გასჩენია, რომელიც ირაკლი კობახიძის ჯგუფელია და მის კადრადაც მიიჩნევა. აქედან გამომდინარე, კობახიძესაც აწყობს, რომ მდინარაძე იყოს პარლამენტის სპიკერი. მას არაფერში სჭირდება ისეთი პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც მისი წინააღმდეგი იქნება. პარლამენტის თავმჯდომარის რანგში ის ხშირად ხლართავდა ინტრიგებს პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის წინააღმდეგ. პარლამენტის თავმჯდომარეობა მოქმედ თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილსაც უნდა, მაგრამ ერთია სურვლი და მეორეა, თუ რას გადაწყვეტს ბიძინა ივანიშვილი.
არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე „ქართული ოცნება“ ერთ დიდ სკანდალში გაეხვია:
მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი, კაფე „მელოგრანოში“ შეხვდა კრემლთან დაახლოებულ ბიზნესმენ დავით ხიდაშელს. ხიდაშელს ჩვენი საზოგადოება 2020 წლიდან იცნობს. ეს ის კაცია, რუსეთიდან დავითგარეჯასთან დაკავშირებული რუკები რომ „მოიტაცა“.
ვოლსკისა და ხიდაშელის გარდა ამ კაფეში პარტია „დროას“ წევრებიც აღმოჩნდნენ. მათ საუბრის დეტალებიც მოისმინეს და ფეისბუკზე ვოლსკისა და ხიდაშელის ფოტოც გაავრცელეს. მათი საუბრის მთავარი თემა ოკუპირებულ აფხაზეთთან ურთიერთობების აღდგენა იყო.
დავით ხიდაშელმა ვოლსკის უთხრა, რომ ის პირდაპირ ელაპარაკება დროებით ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებს. კრემლთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა მათი პოზიციები ვოლსკის გააცნო. ხიდაშელის მტკიცებით, მას მოლაპარაკება ჰქონდა აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრ რობერტ კიუტთან.
ამ ინფორმაციის გაჟონვის შემდეგ რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში დიდი ამბები ატყდა. იქ ისედაც დაძაბული ვითარებაა. მედიამ და ოპოზიციამ განმარტებები მოითხოვეს, თუ რატომ მართავენ აფხაზი ჩინოვნიკები საიდუმლო მოლაპარაკებებს ქართველ ჩინოვნიკებთან?
რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, რობერტ კიუტი, კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას საქართველოს წარმომადგენლებთან რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებულ საკითხებზე მოლაპარაკებების შესახებ.
„ეს ხიდაშელი არასდროს მინახავს, მაგრამ ვოლსკის მხოლოდ მედიიდან ვიცნობ“, _ განაცხადა მინისტრმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინფორმაცია აბსურდულია იმითაც, რომ რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებული საკითხები არ შედის მის უფლებამოსილებაში. „მე არ მქონია მოლაპარაკებები, განსაკუთრებით მათთან“, _ თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა რობერტ კიუტმა.
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში არ გამორიცხავენ, რომ შგნებულად გაჟღერდა კიუტის გვარი, რადგანაც ამ უკანასკნელმა რუსებისთვის სასურველ ერთ-ერთ ხელშეკრულებას არ მოაწერა ხელი.
„და შემთხვევით ხომ არ აირჩიეს ქართულმა წყაროებმა შს მინისტრი? უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს შინაგან საქმეთა მინისტრის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას, რომელმაც, შეგახსენებთ, უარი თქვა რუსეთის გვარდიასთან თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაზე, რომელიც ეწინააღმდეგება ქვეყნის კანონმდებლობას“, _ ამბობს აფხაზური მედია.
კიუტი თუ სიმართლეს ამბობს, ე. ი. ხიდაშელი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელს ტყუილებით ბერავდა. და, ალბათ, კიუტთან შეხვედრაც ისეთივე ნაღდია, როგორც საიდუმლო რუკების აღმოჩენა მოსკოვში.