საბა ბუაძე: „ქვეყანას მართავს სამშენებლო კარტელი, რომელიც სახელმწიფოზე მაღლა დეველოპერების ინტერესებს აყენებს“
ირინა მაკარიძე
თბილისში, საქართველოს კურორტებსა და შავიზღვისპირეთში უკონტროლო მშენებლობების ბუმია. ვინ ახერხებს ცათამბჯენებისა და მრავალსართულიანი კორპუსების აშენების ნებართვების მიღებას? რამდენად უსაფრთხოა ახალი მშენებლობები და რა ზიანს აყენებს მოქალაქეებს ჩინოვნიკების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები? _ ამ საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „ლელოს“ თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი და საკრებულოს წევრი, საბა ბუაძე:
_ რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება ქალაქის განვითარება, გვჭირდება მშენებლობა არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით, მაგრამ პრობლემა გახლავთ ის, რომ ქალაქსა და ქვეყანას მართავს სამშენებლო კარტელი, რომელიც სახელმწიფოზე მაღლა კონკრეტული დეველოპერების ინტერესებს აყენებს. თუ გადავხედავთ იმ პრობლემურ პროექტებს, რომლებიც თბილისში არსებობს, ყველა მათგანის უკან დგას თბილისის მერთან, კახა კალაძესთან და მმართველ პარტიასთან დაახლოებული ხალხი. ზუსტად ეს არის პრობლემის მთავარი გამომწვევი მიზეზი, ვინაიდან, როდესაც ასეთი კორუფციული ინტერესით მიიღება სამშენებლო გადაწყვეტილება, ბუნებრივია, ეს ქალაქისა და მოქალაქეებისთვის სასიკეთო შედეგს არ გამოიღებს. ჩვენ გვახსოვს „გმირთა მოედანზე“ გაცემული სამშენებლო ნებართვა, რომლის თანახმად, ქალაქის ისტორიულ ნაწილში ჩაიდგმება ორი ცათამბჯენი, რომელიც პირადად ივანიშვილმა გაასხვისა სანქცირებულ რუს ოლიგარქ აბრამოვზე. მან ასევე გაასხვისა იპოდრომის ყოფილი ტერიტორია, რომელიც შეიძინა „ვისოლ ჯგუფმა“ და კალაძესთან დაკავშირებული ბიზნესმენები აპირებენ იქ განავითარონ ძალიან დიდი და ქალაქისთვის შეუსაბამო კომპლექსი. მთლიანობაში ამ ყველაფერს ვუწოდებთ ურბანულ გენოციდს, ვინაიდან სწორედ ურბანული გენოციდია ის, რომ უკანასკნელი მწვანე სივრცეების განადგურების ხარჯზე მიიღება ეს ძალიან არასაჭირო და საზიანო გადაწყვეტილებები.
_ როგორც ვხედავთ, ბიძინა ივანიშვილი იღებს სამშენებლო ნებართვებს და შემდეგ ყიდის მათ. „ლაგუნა ვერესა“ და იპოდრომის შემდეგ იგივე ვნახეთ „ისანი ქართუს“ შემთხვევაშიც. ამის შესახებ რას იტყვით?
_ ბოლო 6 თვის განმავლობაში გაიცა მშენებლობის ნებართვები უშუალოდ ივანიშვილთან დაკავშირებულ უძრავ ქონებებზე. აბრეშუმის ყოფილი ქარხნის ტერიტორიისა და იპოდრომის ტერიტორიის შემდეგ იმავე სქემით გაბრიელ სალოსის ქუჩაზე უზარმაზარ ტერიტორიაზე ასევე ძალიან მაღალი ინტენსივობის მშენებლობის ნებართვა გაიცა. ახლა საკრებულოს გადაწყვეტილებით მას კიდევ დაემატა რამდენიმე ათასი კვადრატული მეტრის მშენებლობის ნებართვა. ამით საბოლოოდ დაიმსხვრა ის მითი, რომ ივანიშვილს საქართველოში ფულის კეთება არ აინტერესებს. ეს მითი დაიმსხვრა სწორედ სამშენებლო სექტორის მაგალითზე, საიდანაც ივანიშვილმა მიიღო ასეულობით მილიონი დოლარის ღირებულების მოგება. რომ არა ბიძინა ივანიშვილი და მისი ინტერესი, ბუნებრივია, ასეთი მშენებლობის ნებართვას არავისზე გასცემდნენ. ეს ტერიტორიები გაიყიდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მათზე გაიცა მშენებლობის ნებართვა. კალაძე რომ ივანიშვილს უარს არ ეტყოდა, ეს, მგონი, ყველასთვის ცხადია.
_ რას იტყვით ქალაქის მერიის გადაწყვეტილებაზე, გმირთა მოედნის ტერიტორიიდან ბენზინგასამართი სადგურების აღებისა და მათი მფლობელებისთვის ქალაქის ხარჯზე ალტერნატიული ტერიტორიის შეთავაზების შესახებ?
_ ბენზინგასამართი სადგურები უნდა აღებულიყო, ბუნებრივია, არსებობდა ამის საჭიროება, მაგრამ ეს ქალაქის ხარჯზე არ უნდა გაკეთებულიყო. როდესაც ინვესტორი 50-სართულიან ცათამბჯენს აშენებს, მუნიციპალიტეტს უნდა ეზრუნა იმაზე, რომ სწორედ ამ ინვესტორის მიერ ყოფილიყო ეს ხარჯი გაღებული და არა თბილისელების მიერ, რომელთა ხარჯზეც ახლა მილიონერ რუს ბიზნესმენს მოუსუფთავეს ტერიტორია.
_ გარდა იმისა, რომ მწვანე სივრცეების ხარჯზე ახალი დასახლებები შენდება, კორპუსებს შორის ახალი კორპუსები „აღმოცენდება“, ამ შემთხვევაში, როგორ იღებენ სამშენებლო ნებართვებს ყოველგვარი წესების დაცვის გვერდის ავლით ისე, რომ არ არის გათვალისწინებული არც რეკრეაციული ზონა, ხშირ შემთხვევაში არც გეოლოგიური მდგომარეობაა შესწავლილი?
_ ჩვენთან მიმდინარე მშენებლობები და ეს ველური განაშენიანება ყველანაირ ურბანულ პრინციპს ეწინააღმდეგება. თავად „ქართული ოცნებისა“ და კალაძის მიერ 2019 წელს მიღებულ გენგეგმას ეწინააღმდეგება ის გადაწყვეტილებები, რომლებსაც თბილისის მერია იღებს. ჩვენ გენგეგმაში გვიწერია, რომ თბილისი უნდა იყოს მწვანე, მჭიდროდ განაშენიანებული და კარგად შეკავშირებული ქალაქი, მაგრამ ვხედავთ, რომ თბილისის პერიფერიასა და თბილისის ცენტრშიც იდენტური, ძალიან აგრესიული ტემპებით მიმდინარეობს მშენებლობა, რაც არის სერიოზული პრობლემების შემცველი. არ ითვალისწინებენ, რომ სამშენებლო გადაწყვეტილებების უკან დგას უამრავი მუნიციპალური საჭიროება, რომელსაც ქალაქი უნდა მოემსახუროს: ეს არის ტრანსპორტი, დასუფთავება, საბავშო ბაღები და ა. შ. ბუნებრივია, ასეთი გაუაზრებელი მშენებლობები მხოლოდ პრობლემებს აღრმავებს. ის, რომ ქალაქში წყალგაყვანილობისა და წყალარინების სისტემის პრობლემა ინტენსიურად დგას, ასევე არის ერთ-ერთი ძალიან სერიოზული მუნიციპალური პრობლემა, რასაც პასუხი არ აქვს. ამას სჭირდება მეტი ინვესტიცია, რომ სისტემა განახლდეს. ქსელები უნდა ვითარდებოდეს განაშენიანების გეგმების მიხედვით და არა ქაოსურად.
_ რას იტყვით დეველოპერული კომპანიების კავშირზე „ქართულ ოცნებასთან“ და თუ არიან ისინი შემომწირველები მმართველი პოლიტიკური ძალის?
_ პრობლემური მშენებლობები მიმდინარეობს ქალაქის თითქმის ყველა უბანში, _ ცენტრშიც, პერიფერიაშიც. ყველა პრობლემური გადაწყვეტილების უკან დგანან მმართველ პარტიასთან დახლოებული ბიზნესმენები. მხოლოდ „არქისა“ და „ვისოლ ჯგუფის“ მშენებლობებს რომ გადავხედოთ, დავინახავთ, რომ ის კავშირი, რომელიც ქალაქის მერსა და დეველოპერებს შორის არსებობს, ძალიან თვალნათელია. ვიცით 2023 წლის ზაფხულში მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც დიდ დიღომში 530 ათასი კვადრატული მეტრის მშენებლობის ნებართვა გაიცა იმ ტერიტორიაზე, სადაც საერთოდ აღარაფრის მშენებლობა აღარ შეიძლება, გამომდინარე იქიდან, რომ დიდი დიღომი ძალიან დაზარალდა ამ სამშენებლო აღვირახსნილობით, რომელიც თბილისში მიმდინარეობს. იქაც დეველოპერი არის კობა კვეტენაძე, რომელიც ძალიან მჭიდროდ გახლავთ დაკავშირებული თბილისის მერიასთან, ვიცემერ ირაკლი ხმალაძესთან. მათი ნებართვით გაიცემა სწორედ ეს ნებართვები. ძალიან ბევრია ასეთი პროექტი. ყველა ინტენსიური და მსხვილი პროექტის უკან დგას მმართველი პარტიის ბიზნესელიტა. რა თქმა უნდა, ისინი სოლიდურ თანხებს სწირავენ პარტიას. ეს არის „არქი ჯგუფი“, რომლის უკან დგას ნინო წილოსანი, ეს არის „ვისოლ ჯგუფი“, რომლის უკან დგანან ფხაკაძეები.
_ ამის პარალელურად ჩვენ ვხედავთ ძველი თბილისის უბნებს, სადაც ვერც რესტავრაცია ხერხდება სასურველი ტემპით და უნიკალური შენობები ინგრევა, ამის შესახებ რას იტყვით?
_ თბილისის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას ქმნის ის უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენს ძველ უბნებშია და რომელიც ნადგურდება იმის გამო, რომ სახელმწიფო და მუნიციპალიტეტი სათანადო რესურსებსა და ყურადღებას არ უთმობს ამ უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას. მთავარი, რაც, საბოლო ჯამში, დამატებით ეკონომიკურ ღირებულებას ქმნის თბილისში და მთლიანად ჩვენი ქალაქის სულსა და გულს წარმოადგენს, ეს არის ჩვენი ძველი უბნები, სადაც ვხედავთ სავალალო მდგომარეობაში მყოფ შენობებს, რომლებიც ნადგურდება, აქ არის მეოთხე და მეხუთე ხარისხის ავარიული შენობები. ვხედავთ, რომ არასაკმარისია ის რესურსები, რომელიც გამოიყოფა. საბოლოო ჯამში, თუ მუნიციპალიტეტი ამაზე არ დახარჯავს თანხას და ყურადღებას, დაიკარგება ქალაქის მიმზიდველობა და მოისპობა ის ტურისტული პოტენციალი, რომელიც ასე მნიშვნელოვანია.
_ მშენებლობების ბუმია კურორტებზე, ასევე შავიზღვისპირეთშიც, ამ პროცესში ჩართული არიან რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეები, რას იტყვით ამის შესახებ?
_ ჩვენ ვხედავთ, რომ რუსების უკონტროლო შემოდინება საქართველოში არის ამ აღვირახსნილი დეველოპმენტისა და მშენებლობის ერთ-ერთი მთავარი მაპროვოცირებელი. სწორედ ამიტომ „ლელო“ „საქართველოს დაცვის აქტში“, 9 პუნქტიან გეგმაში, ითხოვს, რომ შეიზღუდოს საქაართველოში რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების გაყიდვა. ეს კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს იმ რისკების რეალობად ქცევას, რომელიც რუსეთიდან მომდინარეობს. ამაზე თვალს ხუჭავს ეს ხელისუფლება, რომელიც საქართველოში პუტინის რუსეთის ინტერესებს ემსახურება. ათეულობით ათასი რუსი შემოვიდა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ამ დროისთვის რამდენიმე ათეული ათასი აქ ცხოვრობს, მუშაობს, დაკავებული არის ბიზნესით, ფლობს უძრავ ქონებას. რა თქმა უნდა, ამით კონკურენციას უწევს იმ ქართველებს, რომლებიც ადრე შემოსავალს იღებდნენ იმით, რომ აქირავებდნენ აქ შემოსულ რუსებზე თავის უძრავ ქონებას, ახლა ეს შესაძლებლობაც ჩაიკეტა, ვინაიდან სწორედ ამ სოკოებივით აღმოცენებულ კორპუსებში რუსები უკვე ძალიან დიდი რაოდენობით ფლობენ უძრავ ქონებას.
_ რამდენად აკმაყოფილებს ახალი მშენებლობები თანამედროვე სტანდარტებს?
_ ჩვენთან ჯერ კიდევ ძველმოდურია ის სამშენებლო სტანდარტები. ძველი საბჭოთა სამშენებლო ნორმებით ვითარდება მშენებლობები, ნაცვლად იმისა, რომ სამშენებლო სფეროს რეფორმირება მოხდეს და ეს სექტორი მთლიანად დაუახლოვდეს ევროკავშირის სტანდარტებს. ვხედავთ, რომ ეს სფერო, ფაქტობრივად, დერეგულირებულია და ძველმოდური ნორმების ამარა არის დარჩენილი ეს სექტორი, რომელსაც ძალიან სჭირდება რეფორმირება.
_ როგორ შეაფასებთ იმ ზიანს, რასაც ხელისუფლებაში მოკალათებული ადამიანები თავიანთი მერკანტილური ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით ქვეყანას აყენებენ?
_ ქვეყანას მართავს რუსეთის სამსახურში მყოფი ხელისუფლება, რომელიც რუსული, კორუმპირებული წესით მართავს საქართველოს და, შესაბამისად, დედაქალაქს. ეს ყველაფერი ძალიან კარგად ჩანს თითოეულ იმ არასწორ გადაწყვეტილებაში, რომელიც სამშენებლო სფეროში არის მიღებული. ამ ყველაფერს ჰქვია კორუფციის ხარჯზე ჩვენი ქალაქის ურბანული გენოციდი, ამ ხელისუფლების, კონკრეტულად ივანიშვილისა და კალაძის უშუალო ხელდასხმით. სწორედ ეს ადამიანები ნახულობენ მთავარ სარგებელს ამ უბედურებიდან, რომელიც ჩვენს ქვეყანასა და ქალაქს დაატყდა თავს. გარდა ვიზუალური ნაწილისა, ამ ყველაფერს აქვს ძალიან მძიმე და სერიოზული ფასი, არა მხოლოდ თბილისელები, არამედ საქართველოს მოქალაქეები იხდიან და გადაიხდიან მომავალში ამ გაუაზრებელი, არასწორი და კორუფციული გადაწყვეტილებეის გამო. მწვანე სივრცეების განადგურებას აქვს კონკრეტული ფასი, როგორც ადამიანების ფიზიკური ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით. საბოლოო ჯამში, ეს ჩვენს ყოველდღიურობაზე აისახება უარყოფითად. უსაფრთხოების ნორმები უგულებელყოფილია, ვხედავთ შეუსაბამო ადგილებში მშენებლობებს, მაღალი გეოდინამიკური საფრთხეების არეალში, მდინარეების კალაპოტებთან, წყალმოვარდნის არეალებში დაგეგმილ მშენებლობებს, ასეთი არის სწორედ აბრეშუმის ყოფილი ქარხნისა და „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიაზე დაგეგმილი მშენებლობა, სადაც ჩვენ გვახსოვს, რა მასშტაბის უბედურება დაატყდა წყალმოვარდნის სახით ხეობასა და მთლიანად ქალაქს, ძალიან დიდი მსხვერპლი და დიდი ეკონომიკური ზიანი იყო, მაგრამ ყველანაირი მეცნიერული არგუმენტების მიუხედავად, „ქართული ოცნება“ მაინც აგრძელებს ჩვენი ქალაქის ურბანულ გენოციდს.