შალვა ნათელაშვილი: „სალომე ზურაბიშვილი არის ივანიშვილის მხევალი, დასმული საქართველოს პრეზიდენტად“

გიგა გელხვიიძე

რვა თვე რჩება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე და ამის პარალელურად ქვეყანაში პოლიტიკური დუღილი სულ უფრო მატულობს. აქტიურად მიმდინარეობს საუბარი ოპოზიციურ ერთობაზე, თუმცა პოლიტიკურ პარტიებს შორის არსებული მკვეთრი განსხვავებების გამო კოალიციის შექმნა, რომელიც ერთობლივი ბრძოლით დაამარცხებს მოქმედ ხელისუფლებას, ამ დრომდე ვერ ხერხდება. არადა, ოპოზიციური სპექტრის ერთგვარი ერთობის პრაქტიკა უკვე არსებობდა, რომელიც 2020 წელს ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის თაოსნობით შედგა.

ბოლო პერიოდის ყველაზე აქტუალური პოლიტიკური პროცესების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი:

_ ბატონო შალვა, ამ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩრდილოვანი კაბინეტის გარკვეული მონახაზი უკვე არსებობს, იმ შემთხვევაში, თუ კოალიციური მთავრობა შეიკრიბება. გაქვთ თუ არა ინფორმაცია ამის შესახებ?

_ არ მინახავს არავითარი ჩრდილოვანი კაბინეტი. მე ვიცი, როგორია ბრიტანეთის ჩრდილოვანი კაბინეტი და რა პოსტებზე არიან იქ წარდგენილი ლეიბორისტები, ვინ რომელი მინისტრი იქნება. თუმცა იქ ეს ტრადიცია ნახევარი ათასწლეულია გრძელდება და აქ არ ვიცი, ჯერ.

_ აქ ვერც ლეიბორისტული პარტია და ვერც ნიკა მელია ვერ მოხვდა აღნიშნულ ჩამონათვალში.

_ რას ამბობთ, მანდაც დავიჩაგრე? ბავშვი არ დაბადებულა, აბრაამს არქმევდნენო, იმას მაგონებს ეს ამბავი. იმედია, წყალობით გადმოგვხედავენ ახალი მინისტრები მაინც (იცინის).

_ სალომე ზურაბიშვილი იმყოფებოდა მიუნხენის კონფერენციაზე. როგორია თქვენი შეფასება მისი ამ ვიზიტის შესახებ?

_ მოგეხსენებათ, ივანიშვილმა ე. წ. მესამედ დაბრუნებისას (თუმცა ის, კიდევ ვიმეორებ, არსად წასულა, როგორც ლენინი ჩვენს გულებში იჯდაო, ასე გვასწავლიდნენ, ასე არის ის სულში შემძვრალი) გააკეთა გათვლა, რომ გადაერჩინა თავი სანქციებისგან, მაგრამ ეს წესდებაში ცვლილებები და კობახიძის განცხადებები ამას ვერ წაეხმარებოდა, რათა დასავლეთის პოლიტიკურ ისტებლიშმენტს შეჰქმნოდა მასზე აზრი. რას ნიშნავს ეს? _ ამისთვის მას ჰყავს დაქირავებული ეს ფრანგი ქალბატონი, პოლიტიკური მხევალი, პრეზიდენტის სახით, რომელსაც ახლა ავალებს „ოცნება 2-ის“ შექმნას, მომავალი კოალიციური მთავრობისთვის რეზერვს, რომ აგენტურად შეუყვანოს და ეს ქალბატონი მიავლინა მიუნხენის სამიტზე. ზურაბიშვილს, სამწუხაროდ, დასავლეთი უსმენს. თავისად მიიჩნევენ, ფრანგი დიპლომატია და პრეზიდენტია, ბოლოს და ბოლოს, დანარჩენი ვინც არ უნდა გაეგზავნა იქ, ღარიბაშვილ-კობახიძე და მდინარაძე-თალაკვაძე, არავის მოუსმენდნენ, რადგან ისინი არ ისმინებიან. ამ ქალბატონმა განაცხადა, რის გამოც თქვენ სანქციების სიაში შეიყვანეთ ივანიშვილი და გინდათ ეს დააგვირგვინოთ მისი დამხობით, რომ ვითომ არაფორმალური ლიდერია, ის უკვე აღარ არის არაფორმალური ლიდერი და ოფიციალურად გადმოვიდა პოლიტიკაში, არგუმენტი მისი სანქციების მოხსნილია, შესაბამისად, პარლამენტსა და მთავრობას ეკისრება პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რაზედაც თქვენ უკმაყოფილოები ხართ და არაფერ შუაში, თურმე, პოლიტიკიდან გასული ივანიშვილი. რუსეთზე განაცხადა, რომ აპირებენ საქართველოში არჩევნების გაყალბებას და ვერ გაბედა ეთქვა, რომ „ოცნების“ სასარგებლოდ მოხდებოდა გაყალბება. კიდევ ერთი მოღალატეობრივი აქტი ჩაიდინა ამ არსებამ და პასუხიც მიიღო ჩვენგან.

_ რუსეთის საკითხი ახსენეთ თქვენც და ამ საკითხს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. რამდენად არის მოსალოდნელი, რომ გამართლდეს ის პროგნოზი, რაც ზურაბიშვილისგან მოვისმინეთ და რუსეთი აქტიურად და სიღრმისეულად ჩაერიოს 2024 წლის საარჩევნო პროცესებში?

_ უკვე ასეულობით მილიონია გამოყოფილი ივანიშვილის ჯიბის გასავსებად, რათა მან ეს არჩევნებიც გამარჯვებით უპატაკოს პუტინს. ეს საარჩევნო ფული, თქვენ გგონიათ, ამათია? ჯერ ჩვენი ბიუჯეტიდან მოპარულია, რა თქმა უნდა, და ყოველი არჩევნების წინ მილიარდ ლარამდე რუსეთი სხვადასხვა ოფშორული კომპანიით, ხიდაშელებისა და ევტუშენკოების საშუალებით, ურიცხავს ივანიშვილს ფულს, რომ ეს ერი იყოს დაპყრობილი, საქართველო იყოს ანექსირებული და ახლაც, ეს თანხები უკვე გამოყოფილია: ბორტნიკოვის უწყება, ფედერალური უსაფრთხოების სამსახური ცალკე გამოყოფს; საგარეო საქმეთა სამსახური, ნარიშკინის უწყება _ ცალკე გამოყოფს, „ГРУ“, ანუ მთავარი სადაზვერვო სამსახურიც ცალკე გამოყოფს და ახლა აღარ არის საუბარი ბიზნესპრეფერენციებზე, რომლებიც ივანიშვილს ფართოდ აქვს რუსეთში დეიდაშვილების, ფარცხალაძეებისა და მათი მეშვეობით. ამიტომაც დაწყების კი არა, უკვე მომწიფებულ ფაზაშია ეს ჩარევის პროცესი.

_ ვინაიდან ვსაუბრობთ საარჩევნო ფინანსებზე, აუცილებლად მინდა გკითხოთ, _ ათეულობით მილიონი ლარია უკვე მობილიზებული „ქართული ოცნების“ ბიუჯეტში. როგორც ცნობილია, ეს თანხები ბიზნესსექტორის მიერ აკუმულირდება. ჩნდება კითხვები, _ ბიზნესი თავს იზღვევს და ამიტომ ურიცხავს ფულს მმართველ პარტიას, თუ არის ისევ ის დაშინების მეთოდები, რომლებიც გვინახავს თუნდაც წინა ხელისუფლების პერიოდში?

_ დაშინების პოლიტიკა ბიზნესზე, რა თქმა უნდა, არა ასეთი ფორმით, რომ არ დააფინანსონ ოპოზიცია, ამერიკაშიც არის და ყველა ქვეყანაშია, რადგანაც არცერთ ხელისუფლებას არ აწყობს ფინანსურად ძლიერი ოპოზიცია. ამიტომ გარკვეული ზემოქმედების ირიბი ფორმები (იქ ზოგჯერ გადასახადს გაუზრდიან, საბაჟოს შემოსავალ-გასატან თანხებს გაუზრდიან) ყოველთვის არის. მაგრამ იმ ბიზნესს აქვს პატრიოტული შეგრძნება, აქვს თავისუფალი ნების უნარი, ის ბიზნესმენი თავისი ქვეყნის მოქალაქეა და მას ძალიან კარგად ესმის, რომ თუ ოპოზიცია იქნება სუსტი, მერე ბიზნესზე წავა რისხვა და მათი გაკულაკება დაიწყება, როგორც ეს მოხდა ჩვენთან, თუკი არ დააფინანსებ ოპოზიციას. ამიტომ როცა იქაური ბიზნესკომპანიები აფინანსებენ ხელისუფლებას, ოპოზიციას აქვს თავისი წილი და ამით მყარდება დემოკრატიული სისტემა მსოფლიოში.

_ რა ხდება ჩვენს რეალობაში?

_ ჩვენს რეალობაში არიან სინდის-ნამუს გარეცხილი ბიზნესმენები, პატრიოტობა ამოცლილი, თოჯინა მონები. მათ კარგად მიესადაგებათ ფრანგული ფილმის, „სათამაშოს“ ის ეპიზოდი, შარვალს რომ იხდის ჩინოვნიკი. ყველა ჭუჭყი და უბედურება, რაც ჩვენს ქვეყანას შეეყარა, ამათი მოტანილია. ვერცერთს დაასახელებ, რომ მას ადამიანი ერქვას. პარტიების დახმარებაზე არ არის საუბარი: ავადმყოფს დაეხმარონ, უპატრონოს დაეხმარონ, ნიჭიერი ბავშვი სასწავლად გააგზავნონ, გადაუხდელი სწავლის გადასახადი გადაუხადონ, არ არსებობენ ასეთები. ეს ბიზნესსექტორი უნდა გაკოტრდეს, ამათ უნდა ჩამოერთვას ყველაფერი და გადანაწილდეს სახალხო ბიზნესში. ახლიდან უნდა გამოცხადდეს ტენდერები, ამათი კომპანიები უნდა დაიშალოს, მოხდეს დემონოპოლიზაცია. ივანიშვილისა და ყველა ღვთის პირიდან გადავარდნილი ხელისუფლებს მომყვანი და გამაძლიერებელი არის, აი, ეს ბიზნესები, გაკრეჭილი ფხაკაძე, ოდიშარიები, კახი კალაძე, მამაცაშვილები, პარლამენტში მსხდომი ბიზნესმენები. ვინ არიან ეს ობოლაშვილი, წაქაძე? ეს არის უბედურება, ეს არ არის ბიზნესი, ესენი არიან რეკეტიორები და ხალხის მძარცველები. იმ მონაცემებში, რომლებიც ახსენეთ, ოცნებას 11 000 000 და ლეიბორისტებს 12 ლარი აქვთ, ნახავდით ამასაც, ალბათ. ეს არის 50-ჯერ შემცირებული, რადგანაც შავი ბუღალტერიაა მთავარი, თორემ, თეთრი ბუღალტერიით ვინ მოძრაობს ქართულ პოლიტიკაში? ოპოზიცია, მაგალითად, იძულებულია, რომ არ იმოძრაოს თეთრი ბუღალტერიით, რადგანაც დაიჭერენ ყველას, ვინც შეიძლება დაეხმაროს, მაგრამ მათ ბიუჯეტიდან მოპარული აქვთ და რუსული სპეცსამსახურებიდან შემოსული ფულით საზრდოობენ და ამას ხომ არ აჩვენებენ?

_ ბატონო შალვა, რამდენად შეძლებს სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის ერთ კოალიციად შეკვრას? მან ამის შესახებ ჯერ კიდევ პარლამენტში, სიტყვით გამოსვლის დროს, განაცხადა და დაწყებული აქვს შეხვედრა ოპოზიციურ პარტიებთან. მისი ამ განცხადების შემდგომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა აღნიშნული წინადადება ლეიბორისტების ფანჩატურის მოლაპარაკებებს შეადარეს.

_ ამ ქალბატონს გაერთიანება არ შეუძლია, ეს ქალბატონი არის საკუთარ პერსონაზე შეყვარებული. იგი არ არის ოპოზიციის წარმომადგენელი, ის არის ივანიშვილის მხევალი, დასმული საქართველოს პრეზიდენტად. ამ ყველაფერს არავითარი კავშირი არ აქვს ჩვენს ფანჩატურთან, რადგანაც ის არ იყო საარჩევნო ბლოკზე ან საარჩევნო პროცესებზე ორიენტირებული, ის იყო იდეური ივანიშვილის რეჟიმის ჩამოსაშლელად, მაგრამ, სამწუხაროდ, იყიდეს, პირდაპირ იყიდა ბიძინამ ჩვენ გარდა და შეყარა პარლამენტში. Iს, რაც სალომესთან ორგანიზდება, ეს არის ივანიშვილის დავალებით სარეზერვო „ოცნების“ შექმნა. კოალიციურ მთავრობაში თუ დააკლდება ადგილები, ხალხს იქიდან ამოიყვანს, თანაც იქ თავისი ყოფილი „ოცნების“ წარმომადგენლები არიან, რომ გამოყარა. იქიდან შეიყვანს ამ კოალიციურ მთავრობაში სეგმენტად და მერე ევროპას ეტყვის, რომ კოალიციას მთხოვდით? _ აგერ, ბატონო. ეს არის გათვლილი. სალომე ზურაბიშვილი „ოცნების“ ლიდერი რომ არის, ამას ვერ ეგუებიან ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლები და ამიტომ არის, რომ ეძახიან: სალომეს ფანჩატური, მოღალატე, „სტრეკაზა“ და რა ვიცი, რას აღარ. მათი გაბრაზება მართალია, რადგანაც უყურებენ, როგორც კონკურენტს, რომელსაც უნდა, მათი ადგილი დაიკავოს მზის ქვეშ, ბიძინას მფარველობით.

_ მიხეილ სააკაშვილმა, სწორედ მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა გააჟღერა ოპოზიციის მიერ ერთიანი ძალებით ბრძოლის შესახებ, განაცხადა, რომ მას ჰყავს პრეზიდენტობის შემდგომი კანდიდატი, რომლის გარშემოც უნდა შეჯერდეს ოპოზიცია. როგორ ფიქრობთ, სალომე ზურაბიშვილი ხომ არ იგულისხმა სააკაშვილმა ამ განცხადებაში?

_ გასულ კვირას (ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი ათი და ოცი წლის წინ) ხელი მოვაწერე წერილს, რომელიც იყო ზელენსკისა და რადას წევრების სახელზე, სააკაშვილის განთავისუფლების მოთხოვნით და ვთხოვე, რომ იაქტიურონ თავისი მოქალაქის გასათავისუფლებლად, აღძრან საქმე ივანიშვილზე, რომელმაც დაარღვია თუნდაც ერთი ადამიანის უფლება და არაადამიანურ პირობებში ამყოფებს, დასვან ინტერპოლის ხაზით ძებნილად, ეს ხომ მაინც შეუძლიათ? სანქცია რომ დაადონ ივანიშვილს, ეს ხომ შეუძლიათ? მამაცაშვილს რომ დაადეს სანქცია, ივანიშვილი უნდა დასანქცირებულიყო. სააკაშვილი თავგზაარეულია, დღეს ერთს იტყვის, ხვალ _ მეორეს. რა თქმა უნდა, ის სალომეს გულისხმობდა ამ განცხადებაში. იფიქრა, რომ მე ახლა შევაბამ ამას მეორე საპრეზიდენტო ვადის დაპირებით და ხელს მოაწერს შეწყალებაზეო. ახლა, ხომ უნდა იცოდეს, რომ ივანიშვილის დავლების გარეშე ის ხელს არ მოაწერს, სანამ ცოცხალია. აი, თუ დასჭირდა ივანიშვილს დაპოლუსება, „ნაცები“ და „ქოცები“ ან ერთი ან მეორე, აბა, სხვა არავინ არ არის? აი, ეს თუ დასჭირდა და ისე არ ექნება გარანტია უმრავლესობის გაყვანის, მაშინ უკვე, არჩევნებამდე ერთი-ორი კვირით ადრე, გამოაშვებინებს სააკაშვილს, რომ აჟიოტაჟი გამოიწვიოს და ელექტორატი, ვინც აპირებს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიისთვის ხმის მიცემას, მიყაროს ისევ „ნაცებთან“. „ნაცები“ რომ შევლენ პარლამენტში, იმავეს გააკეთებენ, რასაც ახლა ვხედავთ: იდებიან კუნძებივით, იგაგანებებ და 10000-ლარიან ხელფასებს მიიღებენ თვის ბოლოს, მეტი არაფერი.

_ მიხეილ სააკაშვილიც და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებიც აქტიურად აცხადებენ, რომ სააკაშვილს აქვს ის რეიტინგი და სიმპათია ამომრჩეველში, რომ შეძლოს ოპოზიციის გაერთიანება. თქვენი შეფასებით, მას შემდეგ, რაც ის ჩამოვიდა საქართველოში და დააკავეს, როგორია მისი რეიტინგი?

_ სააკაშვილი არის გუშინდელი ფიგურა. „ნაცმოძრაობა“ არის წარსულის პარტია. თუ „ქოცებსა“ და „ნაცებზე“ იქნება არჩევნები ორიენტირებული, საქართველოს მომავალი ბუნდოვანი გახდება. ქვეყანას წინ ექნება ბიძინიზმი ან მიშიზმი და ეს შეჭამს საბოლოოდ საქართველოს ისტორიას. ორივე უნდა დამთავრდეს. მე მათ გასული წლის ბოლოს მოვუწოდე, რომ ორივემ მოაწერეთ ხელი დეკლარაციას და გადით პოლიტიკიდან, ორივემ განაცხადეთ პოლიტიკიდან გასვლის შესახებ და ქვეყნიდანაც გადით. სააკაშვილი გაუშვით იმ თავის პოლონეთში და ესეც წავიდეს, საფრანგეთის მოქალაქე ხომ არის? მოგვეცით საშუალება, რომ არჩევნები ჩატარდეს ნორმალურად ამ ორი პერსონის გარეშე. ამას ვთავაზობდი შევარდნაძესაც 90-იან წლებში: ვეუბნებოდი, რომ შენ და გამსახურდიამ მოაწერეთ ხელი დეკლარაციას, გადექით გვერდზე და მიეცით ხალხს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება-მეთქი. შევარდნაძე ამაზე არ წავიდა და ჩვენი ურთიერთობა გაფუჭდა. ზვიადთან არ მისაუბრია და არ ვიცი, ის რას იტყოდა, თუმცა მის გარემოცვას უნდა ერჩია. ამიტომ ახლაც იგივე რომ არ განმეორდეს, შეიძლება გყავდეს 20-25% ფანი, რომელიც წყალში გადახტება შენ გამო, მაგრამ 75% შეიძლება მზად იყოს, იარაღს წამოავლოს ხელი შენი სიძულვილით. ეს მდგომარეობაა დღეს. უნდა მიხვდეს ის ამ ყველაფერს, პოლიტიკოსია და უნდა გადგეს განზე. რა პრემიერობაზე კანდიდატურის წამოყენება? არასერიოზულია ეს ყველაფერი, მაგრამ ის ცხოვრების არცერთ ეტაპზე სერიოზულობით არ გამოირჩეოდა. სამწუხაროა, რომ ვერ იგებს ხალხი, რა უნდა გააკეთოს.

_ ივანიშვილი „დაბრუნდა“ პოლიტიკაში, შეცვალა პარტიის დებულება და მოარგო ის კონსტიტუციას, თქვენი აზრით, რა გეგმა აქვს მას?

_ ის დაბრუნდა პარტიის თავმჯდომარედ, პარტიის ლიდერად იმისთვის, რომ არ გაექცეს სიტუაცია ხელიდან, გადარჩეს და გარდა ამისა, პუტინის პირდაპირი დავლება იყო ის, რომ გამოდი გარეთ, გეყოფა ახლა ჯდომა, რამე არ მოხდეს ისეთი, რომ საქართველო დაკარგო. ამ ცვლილებას თამამად შეიძლება ეწოდოს კონსტიტუციური გადატრიალება, რადგანაც კონსტიტუციით და კანონმდებლობით პარტიის თავმჯდომარეა უპირველესი შიდა და გარე ურთიერთობებში, მას შეუძლია წარადგინოს პრემიერი და მიიღოს სტრატეგიული გადაწყვეტილებები. ეს არის საპატიო თავმჯდომარე და მრჩეველი, თურმე, რომელსაც შეუძლია პრემიერი დაამტკიცოს, სიები დაამტკიცოს, პარტიული სხდომა მოიწვიოს, ანუ, ფაქტობრივად, კონსტიტუციური გადატრიალება მოაწყო და ეს წესდება გასაუქმებელია საჯარო რეესტრში, რასაც ვასაჩივრებთ ახლა.

_ საქართველოში არჩევნებამდე 9 თვით ადრე ჩამოვიდა სადამკვირვებლო ჯგუფი. რამდენად არსებობს იმის მოლოდინი, რომ ამ ადამიანების „შიშით“ „ოცნება“ შეიძლება არ შეეცადოს არჩევნების გაყალბებას და სათავისოდ მორგებას?

_ პრაგმატიკოსი ვარ და არავითარი ყალბი მოლოდინები არასოდეს არ მაწუხებდა. აქამდე ივანიშვილის მიერ გაყალბებული ყველა არჩევნები: საპრეზიდენტო, საპარლამენტო, ადგილობრივი _ დაადასტურა და ლეგიტიმაცია მისცა დასავლეთმა, ევროპამ და ამერიკამ. ამაში პასუხისმგებლები არიან IღI, NDI, UშED, ევროსაბჭო, ევროკავშირი და რაც მთავარია, ამ გაყალბებული არჩევნების დადასტურება მოსკოვთან შეთანხმებით ხდებოდა. მოსკოვი და დასავლეთი მოილაპარაკებდნენ ერთმანეთში, მოდი, ახლა არ გვინდა ზედმეტი თავის ტკივილი და ეს სიტუაცია დავტოვოთ ისე, როგორც არის. ისევე როგორც მოსკოვი და ვაშინგტონი შეთანხმდნენ შევარდნაძის მოყვანაზე თავის დროზე, ისევე, როგორც პუტინი და ბუში გარიგდნენ სააკაშვილის მოყვანაზე თავის დროზე და შემდგომში ობამა და პუტინი შეთანხმდნენ ივანიშვილის მოყვანაზე. ვეუბნებოდით, ვწერდით, რომ აქ პატარა პუტინია და ნუ აკეთებთ ამას, მაგრამ გვისმენდნენ? დაგვასანქცირეს და ერთი სოლიდარობა არ ყოფილა ევროპა-ამერიკიდან, ამ ბრძოლის გამო დაგვასანქცირეს. რაც შეეხება ახლანდელ სიტუაციას, ესეც უკრაინის ომის დამსახურებაა და არა სხვა რაიმე გარემოების. დღეს მსგავსი შეთანხმება, რაზეც უკვე ვისაუბრე ვაშინგტონსა და რუსეთს შორის, გამორიცხულია, ამიტომ თუ გააყალბა არჩევნები და უმრავლესობის გაყვანას შეეცადა, რასაც აუცილებლად იზამს, დასავლეთი ამ არჩევნებს არ დაადასტურებს, ჩვენი ხალხი ამას არ დაადასტურებს და არავითარი ლეგიტიმური ძალა არ იქნება და ისინი აღიგვებიან პირისაგან მიწისა. აი, ეს არის ისტორიული გადასახადი.

_ უკვე აქტიურად დაიწყეს პოლიტიკურმა პარტიებმა წინასაარჩევნო დაპირებების გაჟღერება და ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ დაპირებად კვლავ რჩება პენსიების საკითხი. მაგალითად, რიგი პარტიები აცხადებენ, რომ მათი გამარჯვების შემთხვევაში, პენსია იქნება 1000 ლარი. რამდენად რეალურია ეს დაპირება იმის ფონზე, რომ ვერც „ნაციონალური მოძრაობის“ და ვერც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ პენსიის მსგავსი ზრდა ვერ მოახერხა?

_ ეს როგორი დაპირებებია, იცით? _ ნათქვამი რომ არის, არსად ისე არ ტყუიან, როგორც ნადირობის შემდეგ და როგორც საარჩევნო კამპანიის დროს. ამიტომ შემდგომში კიდევ ისეთ დაპირებებს მოისმენთ, რომ ეს მოგეჩვენებათ რეალობად და ჭეშმარიტებად. მით უფრო იმ ქვეყანაში სადაც ივანიშვილი უფასო ფულს ჰპირდებოდა ხალხს. შეუძლებელია, ამ დაპირებას რამე სხვა დაპირებამ აჯობოს.

_ ცნობილია, რომ ლეიბორისტული პარტიის ფინანსები არის ძალიან მწირი, ასევე თქვენ არ გაქვთ უფასო პოლიტიკური რეკლამა საეთერო ბადეებში და არის კიდევ სხვა სახის შეზღუდვები. როგორ აპირებთ აწარმოოთ წინასაარჩევნო კამპანია ამ პირობების გათვალისწინებით?

_ ახლაც გავაგზავნეთ ას კომპანიასთან ცრემლით დალპობილი წერილი, რომ ავუჩუყოთ ვიღაცას გული და ავუხსნათ, რომ ეს პარტია არ არის ლიმონათის ჩამოსასხმელი ცეხი და ქვეყნის ინტერესებშია, ძლიერი პოლიტიკური პარტიების არსებობა სანამ სახელმწიფო არ გვექნება. მოვითხოვეთ, რომ დაგვაფინანსონ და გადმოგვირიცხონ თანხა. ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ვინმემ ეს გააკეთოს, თუმცა ჩვენ მაქსიმუმს ვცდილობთ. ზოგადად კი ყველაზე დიდი ფინანსი არის ის სიყვარული, რომელიც მოდის ხალხის მიერ ჩვენი მისამართით ათეული წელია. მილიონამდე ადამიანს აქვს ხმა ჩვენთვის მოცემული, რაც დავთვალეთ და ეს ხომ არ გაქრება? სხვა პარტიებს თუ დასჭირდებათ ერთ ხმაში, მაგალითად, ასი ლარის გადახდა, ჩვენ ორი ლარი გვყოფნის, რადგან ჩვენ გვყავს ელექტორატი და სხვამ უნდა იყიდოს ხმა.

_ ნავალნის გარდაცვალების საკითხი რომ შევაფასოთ, ზოგადად, მსოფლიო პოლიტიკურ პროცესებზე როგორ აისახება ეს ფაქტი?

_ რუსეთში მოხდა ის, რაც ხდებოდა ათასწლეულების მანძილზე. პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს ანადგურებენ და კლავენ, _ ეს არის მონღოლურ-რუსულ-სტეპური პოლიტიკური ცხოვრების წესი და დასავლეთი, პირველ რიგში, ამით განსხვავდება, რომ იქ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს არ კლავენ. პოლიტიკური მოწინააღმდეგე გაისტუმრა საიქიოში მეფე-იმპერატორმა.

_ აქტიური განხილვის საგანი გახდა ის ფაქტი, რომ თუ ნავალნი მოვიდოდა ხელისუფლებაში რუსეთში, შეიძლება „ნავალნის რუსეთის“ პირობებში რაიმე შეცვლილიყო დადებითად ოკუპირებული ტერიტორიების მხრივ. თქვენ რას ფიქრობთ, დაკარგა შანსი საქართველომ ნავალნის გარდაცვალებით?

_ ეს, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი ქართული, დარდიმანდული მსჯელობაა. მახსოვს, როგორ იყვნენ ჩვენი პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები ელცინით აღფრთოვანებულები, როდესაც ელცინი ჩამოვიდა 9 აპრილის შემდეგ თბილისის აეროპორტში, მაშინ ის ოპოზიციაში იყო და გორბაჩოვს ებრძოდა. მას აეროპორტში დახვდა სოსო ცისკარიშვილი და რამდენიმე კაცი. მან თბილისში ჩამოსვლით სოლიდარობა გამოგვიცხადა და ყველა იყო აღფრთოვანებული იმით, რომ თუ ელცინი გახდება ამ იმპერიის ხელმძღვანელი, ყველას გვეშველება, საბოლოოდ კი ეს ელცინიადა დამთავრდა აფხაზეთით, ცხინვალით და გაგრის სტადიონზე ჩვენი მოჭრილი თავებით ფეხბურთის თამაშით, მიუხედავად იმისა, რომ ელცინი კონტროლდებოდა ვაშინგტონიდან, მაგრამ ვაშინგტონმაც ვერ შეცვალა რუსული იმპერიული მიდგომები ცივილიზებული სამყაროს მიმართ. ამიტომ ნავალნიც რომ მოსულიყო, ნაკლებად მჯერა, რომ ადგებოდა და სოხუმს და ცხინვალს დაგვიბრუნებდა. უბრალოდ, რიტორიკა შედარებით შეიცვლებოდა და შეიძლება რაღაც მეტი დაახლოება ყოფილიყო სამომავლო პოზიტივისთვის, მაგრამ მომენტალურად რომ შეეცვალა ნავალნის ეს მდგომარეობა და დაეწყო საქართველოს ერთიანობის აღდგენა, გენერალიტეტი მაინც მოკლავდა მას, ისევე, როგორც მოკლეს თავიანთი იმპერატორი პავლე პირველი, როცა ბევრი იხტუნა და გასტუმრეს იქით. რუსეთში იმპერია იყენებს მმართველებს და არა მმართველები _ იმპერიას.

_ ნავალნის გარდაცვალების (მკვლელობის) შემდეგ აქტიურად გვესმის შედარებები მის პერსონასა და მიხეილ სააკაშვილის პერსონას შორის. თქვენ რამდენად ხედავთ მსგავსებას ამ ორ პოლიტიკურ აქტორში?

_ სამართლებრივად პოლიტიკური პატიმარია ორივე, ის იყო და ეს არის პოლიტიკური პატიმარი, სტატუსი ასეთი აქვთ. თუმცა, ფაქტობრივად, და ისტორიულად სააკაშვილი ორვადიანი პრეზიდენტი იყო და თავისი პასუხისმგებლობა და თავისი პრობლემები აქვს წამოკიდებული. ნავალნი არ ყოფილა არასოდეს პრეზიდენტი, ის სუფთად ოპოზიციონერი იყო. ამ კუთხით შედარება ზედმეტია.

_ ძალიან მძიმე ნარკოვითარებაა ქვეყანაში. ბოლო პერიოდში გაიშიფრა სხვადასხვა სქემა, ძირითადად, ტელეგრამ არხები, სადაც ნარკოტიკული საშუალებები იყიდება. თუმცა აღნიშნულ თემაზე ამ დრომდე დუმს მმართველი პარტია და ოპოზიციური სპექტრი, ის ნაწილიც კი, რომელიც პარლამენტში არის წარმოდგენილი. რა უნდა გაკეთებულიყო და რა უნდა გაკეთდეს ამ ვითარების შესაცვლელად?

_ საშინელი ტრაგედიაა. არ დამავიწყდება, როდესაც კლუბ „ბასიანს“ მივუვარდი, რადგანაც იქ ბავშვები ყოველდღე იხოცებოდნენ, როგორც მამამ ვეღარ მოვითმინე. ამის შემდგომ შეწყდა ეს ამბები და აღსანიშნავია, რომ თავად კლუბის დაცვა ყიდდა ამ წამლებს. ახლა ისევ დაიწყო და ძალიან აქტიურია ამ მხრივ ქალბატონი ელისო კილაძე, ის იბრძვის ნარკოტიკების წინააღმდეგ. მიმაჩნია, რომ მთელი ერი უნდა ადგეს ფეხზე და გაანადგუროს ეს სქემები. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ ნარკოტიკული ბიზნესის აღზევება ქვეყანაში ლოგიკურია, რადგანაც ქვეყნის მმართველი არის მთავარი ნარკო კონტრაბანდისტი, რომლის მაფია მფარველობს ავღანეთიდან, ირანიდან, აზიიდან წამოსულ ნარკოტიკებს საქართველოს გავლით ევროპა-ამერიკაში. მოვა დრო, რამდენიმე თვეში საგამომძიებლო ჯგუფები რომ შეიქმნება, გამოაშკარავდება და ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება ივანიშვილის საქმიანობა. 80-იან წლებში ის აქტიურად ყიდდა ნარკოტიკებს და ახლა თავისი სპეციალობა გადმოიტანა ამ ფორმით.