ნაზი ჯანეზაშვილი: „სასამართლო ასეთი ჩაკეტილი არასოდეს ყოფილა“
თამუნა მჭედლიშვილი
სასამართლო პროცესების გაჭიანურება საქართველოს საერთო სასამართლოების ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევაა, რომლის მოსაგვარებლად, პირველ რიგში, საჭიროა თავად ამ პრობლემის სიღრმისეული კვლევა. „საქართველოს სასამართლოს გუშაგს“ მიაჩნია, რომ სასამართლო პროცესების გაჭიანურების მიზეზების შესწავლის, პროცესების ეფექტიანობის გაზრდისა და ვადების წინასწარ განჭვრეტის მიზნით, მნიშვნელოვანია სასამართლო ვადების მონიტორინგი, რასაც, სამწუხაროდ, საქართველოს სასამართლო სისტემა არ ახორციელებს.
„ქრონიკა+“-ს ესაუბრება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი, სასამართლოს სადამკვირვებლო ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ (GEORGIAN COURT WATCH) დამფუძნებელი, ნაზი ჯანეზაშვილი:
_ ნაზი, მოგესალმებით, 2023 წლის 14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო _ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. 12-პუნქტიანი რეკომენდაციებიდან ერთ-ერთია სასამართლო რეფორმა, რომელიც შესასრულებელი აქვს საქართველოს. რას მოიცავს სასამართლო რეფორმა?
_ სასამართლო რეფორმის ნაწილში, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ხაზი გავუსვათ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირებას, რომელიც გადმოგვყვა 12 პირობიდან. დიახ, ერთ-ერთი რეკომენდაცია სასამართლო რეფორმა გახლდათ, რაც, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმასაც ეხებოდა. ეს არის ის საკითხი, რომელსაც ხელისუფლება, უბრალოდ, არ შეეხო და, ფაქტობრივად, გვერდით გადადო. არანაირი რეფორმირება ამ სტრუქტურას არ განუცდია. ამდენად, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა, რომელზედაც აუცილებლად მოუწევს მუშაობა ხელისუფლებას.
მეორე საკითხი, რომელსაც მინდა ხაზი გავუსვა და რაც შეიძლება მივიჩნიოთ ძალიან დიდ სიახლედ მთელი ამ წლების განმავლობაში, რა რეკომენდაციები თუ რჩევებიც იყო საქართველოსთან დაკავშირებით, შეეხება საგანგებო მექანიზმის შექმნას სასამართლო სისტემაში, რათა შემოწმდეს სასამართლო სისტემაში მაღალი თანამდებობის პირების კეთილსინდისიერება. ანუ საუბარია იმაზე, რომ ვინაიდან საქართველოში მთელი კრიტიკა ეხებოდა ისეთი მაღალი თანამდებობის პირებს, როგორებიც არიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, უზენაესი საასამართლოს მოსამართლეები და სასამართლოს თავმჯდომარეები, როგორც ჩანს, ჩათვალეს საჭიროდ, რომ რეკომენდაციები სწორედ ამ კუთხით ყოფილიყო, უფრო სწორად, ეს არის პირობა. ამ დოკუმენტის მიხედვით, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, საქართველოში უნდა შეიქმნას მექანიზმი, რომელიც შეამოწმებს უკვე ამ მაღალი თანამდებობის პირების, მოსამართლეების კეთილსინდისიერებას.
აქ დავამატებ ერთ საკითხს: საქართველოში მოსამართლე ინიშნება ორი კრიტერიუმით _ პროფესიონალიზმით და კეთილსინდისიერებით. კეთილსინდისიერების ნაწილში კანონი ადგენს ძალიან ბევრ ვიწრო ჩამონათვალს და სტანდარტს, რომლის შესრულებაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ისედაც ევალება. მაგრამ პრობლემა არის ის, რომ ამ სტანდარტებს უმაღლესი საბჭო, უბრალოდ, არ ასრულებს. მოსამართლის კეთილსინდისიერების შემოწმების პროცესი ხშირად არის ძალიან ფორმალური რადგან მხოლოდ ფურცელზე დაწერილი სტანდარტებია, რომელსაც არავინ იცავს.
ევროინტეგრაციის გზაზე პრობლემები გვექნება, თუკი ხელისუფლება გამართულ მექანიზმს ვერ შექმნის, რომ ყველა პირი სათანადოდ შემოწმდეს: ვინ არიან საბჭოს წევრები… იგივე მურუსიძის, მათ შორის, ჩინჩალაძის კეთილსინდისიერება როგორია… ვინაიდან იგი სასამართლოს თავმჯდომარეა, მასაც მოუწევს ამის გავლა. საუბარი უნდა იყოს იმაზე, რომ თუ ვერ გაივლიან „შემოწმებას“, მაშინ რა ხდება და რა ზომები უნდა მივიღოთ.
_ თქვენმა ორგანიზაციამ, „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ გუნდმა, მოწვეულ ექსპერტებთან ერთად, შეიმუშავა საქართველოს სასამართლოს ეფექტიანობის შეფასების მეთოდოლოგია და ჩაატარა კვლევა, რომლის საფუძველზეც, ქულათა სისტემით შეფასდა საერთო სასამართლოების ეფექტიანობა. ყველაზე დაბალი მაჩვენებლით შეფასდა სასამართლოს დროის მენეჯმენტისა და საქმეთა ნაკადის მართვის მიმართულება _ 1,2%-ით…
_ დავანებოთ კვლევას თავი და უბრალოდ ვთქვათ: სასამართლოში პროცესები ტარდება და მართლმსაჯულება ხორციელდება ასე თუ ისე, ავად თუ კარგად. თუ რამე ხდება პოზიტიური სასამართლოში, გადაწყვეტილების შინაარსი იქნება ეს თუ მოსამართლის სწრაფად მუშაობა, ან არ ირღვევა საპროცესო ვადები, ეს არის ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგი, ოღონდ ინდივიდუალური მოსამართლის და არა სისტემის, რომელიც უნდა ზრუნავდეს ამ ყველაფრის გაუმჯობესებაზე!
_ გვყავს კი ასეთი მოსამართლეები სისტემაში? ალბათ, თითზე ჩამოსათვლელები…
_ ძალიან პატარა პროცენტია. საერთო ჯამში, ჩვენ შევაფასეთ ბევრი კუთხით ეფექტიანობა: როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ საქართველოში არის კლანური მმართველობა, ეს მხოლოდ იმაზე კი არ აისახება, რომ ვიღაცები თანამდებობებს იკავებენ და სარგებელს იღებენ, არა! ამას აქვს ძალიან უარყოფითი ეფექტი თვითონ მართლმსაჯულებაზე, ანუ ადამიანებს, რომლებიც მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, რომ საკუთარი თანამდებობები დაიკავონ და ჰქონდეთ ხანგრძლივი გარანტიები, რომ ამ თანამდებობას არ დაკარგავენ, ჰქონდეთ მაღალი შემოსავალი და ა. შ., მათ აღარ აინტერესებთ, სისტემაში რა ხდება! სწორედ ამისი დასტური არის ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევაც. ფაქტობრივად, სისტემაში არანაირი პროგრესული ნაბიჯები არ იდგმება არავის მხრიდან, გაჩერებულია ამ კუთხით ყველაფერი _ დაწყებული საქმეთა ნაკადის მართვასთან დაკავშირებული ქმედებებით, რატომ? იმიტომ, რომ ეს არის ყველაზე საკვანძო საკითხი, რომელიც მოქალაქეებზე პირდაპირ აისახება!
_ რა ხდება ამ შემთხვევაში?
_ როდესაც საქმე ჭიანურდება, საადვოკატო მომსახურება უფრო ძვირი ჯდება. დრო, ადამიანური რესურსი უფრო მეტი იხარჯება. რა თქმა უნდა, ემოციური ფონი კიდევ უფრო რთულია და მატულობს საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე და ამ მოლოდინის რეჟიმში ადამიანები წლებს ატარებენ! ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხშირ შემთხვევაში ხანგრძლივი პროცესების გამო დავა აზრს კარგავს. ასეთი მაგალითები ჩვენ ბევრი გვაქვს. ფაქტობრივად, მართლსაჯულების განხორციელებაზე სახელმწიფო ხალხს უარს ეუბნება _ ეს ამას ნიშნავს. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. შევისწავლეთ, რას აკეთებს სასამართლო: ის, რაც კანონში წერია, მინიმუმ, იმას არ ასრულებს!
პირველი მაგალითი: ეს არის სასამართლოს თავმჯდომარეების როლი _ რატომ ჰყავს სასამართლოს თავმჯდომარე? ეს კითხვა უნდა დავსვათ. ის ხომ არ არის მხოლოდ ადამინი, რომელიც უბრალოდ თანამდებობაზეა და იღებს დამატებით სარგებელს ხელფასის სახით? არა, მას ევალება და მისი ყველაზე მთავარი ფუნქცია არის, სასამართლო მუშაობდეს გამართულად. და თუ სასამართლო გამართულად ვერ მუშაობს, ამის შესახებ ინფორმაციას უნდა აწვდიდეს უმაღლეს საბჭოს, რაც კანონში პირდაპირ უწერია თავმჯდომარეს. რამდენადაც შევისწავლეთ, სასამართლოს თავმჯდომარეები, როგორც წესი, არ წარუდგენენ უმაღლეს საბჭოს ანგარიშებს. გამონაკლისია მხოლოდ რუსთავის სასამართლოს თავმჯდომარე და როგორც მახსოვს, სიღნაღის სასამართლო. ჩვენ არანაირი მექანიზმები არ გაგვაჩნია, ასეთი ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი დავაყენოთ. მეორე მაგალითი: 2017 წელს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანონის საფუძველზე (კანონში პირდაპირ ჩაიწერა და შეიქმნა მენეჯმენტის დეპარტამენტი. ზოგადად, ეს არის აპრობირებული მეთოდი განვითარებულ ქვეყნებში, სპეციალური რგოლი მუშაობს, რომ შეისწავლოს, თუ როგორ ხდება საქმეთა ნაკადის მართვა სასამართლოში, როგორია მოსამართლეების დატვირთულობა…) მოსამართლემ უნდა წარადგინოს ანგარიშები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ხოლო რეკომენდაციები წარუდგინოს სასამართლოებს. თუ მოსამართლეებიდან ერთი 500 საქმით არის დატვირთული და მეორე ასით, მათ უნდა წარედგინოთ რეკომენდაციები იმაზე, როგორ უნდა გათანაბრდეს საქმეთა გადანაწილება მოსამართლეებს შორის სამართლიანად.
შემიძლია გითხრათ, რომ მენეჯმენტის დეპატრამენტი, გარდა ტექნიკური ფუნქციისა, ხედავს ონლაინ როგორ ნაწილდება საქმეები, ე. ი., ფაქტობრივად, არაფერს აკეთებს. ჩვენ მათ მივმართეთ წერილით, გამოვითხოვეთ ინფორმაცია და ამაზე არანაირი პასუხი არ მიგვიღია. რამეს რომ აკეთებდნენ, მოგვწერდნენ. არც საიტზე დევს ანგარიში, არ იძებნება ინფორმაცია ამ მენეჯმენტის დეპარტამენზე… სხვათა შორის, იუსტიციის საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი ხარებავა დაასაქმეს იქ თავმჯდომარედ, რომელიც ერთ-ერთ სანქცირებულ მოსამართლე ირაკლი შენგელიასთან ნათელმირონით არის დაკავშირებული, იგი უმაღლესი იუსტიციის საბჭოში ჩემი ყოფნის დროს იყო არამოსამართლე წევრი და ეს ადამიანი დაასაქმეს! არც მისი თავმჯდომარეობის პერიოდში და არც მანამდე არაფერი არ კეთდება ამ დეპარტამენტში.
მოკლედ, ორი რამ არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ საქმეთა ნაკადის პრობლემა აღმოიფხვრას: 1. შესრულდეს საკანონმდებლო მოთხოვნები ზუსტად და ზედმიწევნით; 2. დაინერგოს მონიტორინგის თანამედროვე მექანიზმები და სტანდარტები. ხომ არ არის გადაჭარბება, ვადების დარღვევა? ფორმებიც კი გამოვაქვეყნეთ ჩვენმა ორგანიზაციამ, თუ რა უნდა შეავსონ სასამართლოებმა: როდის შევიდა საქმე სასამართლოში, როდის დასრულდა… არსებობს საერთაშორისო გამოცდილება _ ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების ეფექტიანობის კომისიაა, რომელიც ასეთ რეკომენდაციებს გასცემს. ეს ფორმებიც კი ვთარგმნეთ, დავამუშავეთ და გამოვაქვეყნეთ.
_ ნება არ არის, როგორც ჩანს… თქვენს ორგანიზაციასთან არ წამოვიდნენ თანამშრომლობაზე?
_ ჩვენ არანაირი კავშირი არ გვაქვს, სამწუხაროდ. სასამართლო ასე ჩაკეტილი არასოდეს ყოფილა. ფაქტობრივად, მათ ყველა შესაძლებლობა ამოწურეს საზოგადოებასთან თანამშრომლობის. ყველა აღიარებს ამ პრობლემას და ამიტომ 2022 წელს, როდესაც ანრი ოხანაშვილმა გამოაქვეყნა სასამართლო სისტემის სტრატეგია, ერთ-ერთ საკითხად ეს დაიწერა: _ საქმეთა გაჭიანურება არის პრობლემა, უნდა გამოინახოს მოგვარების გზები და ა. შ. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ არაფერი გაკეთებულა ამ კუთხით.
კიდევ ერთი, თუ რას იწვევს საქმეების გაჭიანურება: ნებისმიერი მოსამართლე, რომელიც იხილავს სამოქალაქო ან ადმინისტრაციულ საქმეებს, არის მოწყვლადი, _ მათ, როგორც წესი, აქვთ საპროცესო ვადების დარღვევები. ეს საპროცესო ვადების დარღვევა ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ დროს, როდესაც მხარე შეიტანს დისციპლინარულ საჩივარს მოსამართლის წინააღმდეგ, ამ მოსამართლის მიმართ შეიძლება დაიწყოს დისციპლინური დევნა. საბოლოო ჯამში, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა ტიპის დარღვევაა, რომელიც ძალიან მძიმე სანქციითაც კი შეიძლება დამთავრდეს. ნებისმიერი მოსამართლის ბედი, მათი ყოფნა-არ ყოფნის საკითხი, დამოკიდებულია იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე, რადგან საპროცესო ვადებს არღვევენ და არღვევენ იმიტომ, რომ სხვა გამოსავალი არ რჩებათ. ეს არის ობიექტური მიზეზებით გამოწვეული ქმედება…
_ იგეგმება თუ არა მოსამართლეების საკვალიფიკაციო მოთხოვნების გამკაცრება? ფაქტია, ძალიან ბევრი მოქმედი მოსამართლე არ იმსახურებს მოსამართლის მანტიას…
_ ზოგადად, მოსამართლეთა დანიშვნები პრობლემურია. ყველა არ იმსახურებს მოსამართლედ დანიშვნას, ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება უამრავ ადამიანზე.
ადვოკატების შემთხვევაში კი მათ სისხლის, სამოქალაქო და საერთო სპეციალიზებები დაყოფილი აქვთ. მოსამართლეების შემთხვევაშიც ასეა, მაგრამ შეზღუდვები _ არა. სისხლის სამართლის გამოცდაჩაბარებული მოსამართლე სამოქალაქო კუთხით მუშაობს და პირიქით! არის შემთხვევები, როცა მოსამართლე, რომელსაც სისხლის სამართლის გამოცდა აქვს ჩაბარებული და პირველად ინიშნება, ანუ არასდროს ყოფილა მოსამართლე, პირველსავე ჯერზე, უცებ გახდეს სამოქალაქო სასამართლოს მოსამართლე! რა აზრი აქვს მაშინ ამ სპეციალიზაციას? ამიტომაც არის ზოგიერთი სასამართლო გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი. როცა ვაკანსია ჩნდება, უნდა გამოცხადდეს კონკურსი, რასაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ აკეთებს. ამ მხრივ კანონში ცვლილება ზაფხულში შევიდა. დღეს 3 ადგილზე ერთი მოსამართლე მოდის _ სისტემაში რეფორმა რომ ჩატარებულიყო, ახალი კადრის შედინების ტენდეცია გაჩნდებოდა. ნდობა არ აქვთ. მურუსიძე რომ დაგიჯდება გასაუბრებაზე და იცი, რომ წინასწარ არის ადგილები შეთანხმებული, რატომ მიხვალ?
_ ასეთი ფონით გაგვიჭირდება ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება. რა გამოცდილება დაუგროვდა სისტემას?
_ გამოცდილება, რაც სისტემას აქვს ბოლო წლებში, ის არის, რომ არსებულ სისტემას არ აქვს რეფორმების, პროგრესისა და სიახლეების დანერგვის გამოცდილება. სასამართლო სისტემას მხოლოდ მანიპულაციების გამოცდილება აქვს მოსამართლეთა პოსტების გასამყარებლად ან ახალი თანამდებობების დასაკავებლად. ისინი არ ფიქრობენ პრობლემის მოგვარებაზე. მე ვერც კი წარმომიდგენია, რომ ეს ხალხი, ვისზეც ჩვენ ვსაუბრობთ, როგორ შეიძლება მსჯელობდნენ მოქალაქეებს წუხილზე. მათზე უამრავი საჩივარი შედის! რა თქმა უნდა, არ არსებობს ნება და არც გამოცდილება. არ აქვთ რესურსი იმისა, რომ უკირკიტებდნენ პრობლემებსა და გამოსავალს… მარტოც ვერ მუშაობენ…
_ სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის გასაუმჯობესებლად უმნიშვნელოვანესია საზოგადოების ჩართულობა…
_ წესით, საერთაშორისო ექსპერტებთან და ადგილობრივი ოგანიზაციების ჩართულობით, ერთობლივად უნდა ვმუშაობდეთ. მაგრამ ამ ხალხს არავისთან თანამშრომლობა არ უნდა. ეს არის ხალხი, რომელსაც არ შეუძლია სასამართლოში პროგრესული რეფორმების განხორციელება. მათ რომ ეს შეეძლოთ, ამას აუცილებლად გააკეთებდნენ.
_ დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და უზენაეს სასამართლოს ერთი პირი მართავს და ხელმძღვანელობს. რამდენად თავსებადია ასეთი ფაქტი კანონის ჩარჩოსთვის?
_ 2018 წელს კანონში ცვლილებები შევიდა და ასეთი რამ ჩაიწერა: _ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აღარ უნდა იყოს თანამდებობრივად საბჭოს თავმჯდომარე. საბჭოს თავმჯდომარეს ირჩევს საბჭო. რა გააკეთა საბჭომ? _ ისევ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აირჩია თავმჯდომარედ! ე. ი. ერთ ადამიანს უკავია ახლა ორი თანამდებობა. ჩვენ გამოვაქვეყნეთ ცხრილი მისი დასწრებების შესახებ პროცესებზე. მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ეს ადამიანი ვეღარ ახერხებს თუ არ ახერხებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებზე დასწრებას.
რომ შევაჯამოთ, გასაკეთებელი ძალიან ბევრია. ფაქტობრივად, უკან-უკან წავედით წლების განმავლობაში, ხელახლა გვაქვს გზა გასავლელი და რაღაც- რაღაცები დასაკორექტირებელი… გასაანალიზებელია, სად ვართ და რა გვჭირდება. მაგრამ ფაქტია: სანამ არ შეიქმნება კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო მექანიზმი, სასამართლოში რადიკალურად არაფერი შეიცვლება.