მამა ზაზა თევზაძე: „უნდა სცოდნოდათ, რომ სტალინის გამოსახულების ტაძარში შეტანა აუცილებლად გამოიწვევდა რეაქციას“
ირინა მაკარიძე
არ წყდება ვნებათაღელვა „მატრონა მოსკოველის“ ხატის ირგვლივ, რომელზეც საბჭოთა დიქტატორ სტალინის ფიგურა არის გამოსახული. სამოქალაქო აქტივისტის პროტესტის შემდეგ ქუჩაში „ალტინფოს“ ძალადობრივი ჯგუფები გამოჩნდნენ, რომლებიც ნატა ფერაძის მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას გეგმავდნენ. ამის საშუალება მათ პოლიციამ არ მისცა, თუმცა, როგორც აღნიშნავდნენ, სამართალდამცველებს უჭირდათ ეგზალტირებული ჯგუფების შეკავება, რომლებიც „სიწმინდის“ შეურაცხყოფის გამო შურისძიებას ითხოვდნენ.
მოგვიანებით, საპატრიარქომ მათ ცივი წყალი გადაასხა, როდესაც მატრონა მოსკოველის ხატზე სტალინის გამოსახულების მიზანშეუწონლობის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა. საპატრიარქოს თქმით, ხატიდან სტალინის გამოსახულება მხოლოდ იმის გამო უნდა მოაშორონ, რომ საბჭოთა დიქტატორი, თურმე, არასდროს შეხვედრია მატრონა მოსკოველს. ამასობაში, ხელისუფლებამ „რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფის შესახებ“ კანონის გამკაცრება დააანონსა.
ამის პარალელურად კი სულიერი ორიენტირების გარეშე დარჩენილ ადამიანებში ძალადობა კიდევ უფრო იზრდება, რაც ქალებისა და დაუცველი არსებების მიმართ ძალადობითა და მკვლელობებით ვლინდება.
რამდენად სიმპტომატურია მიმდინარე პროცესები ჩვენი საზოგადოებისთვის და რასთან გვაქვს საქმე რეალურად? _ ამ საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ნარიყალას ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი მამა ზაზა თევზაძე:
_ ყველაფერი უნდა განვიხილოთ ზოგად პოლიტიკურ კონტექსტში, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და ამასთან, გახლავთ წინასაარჩევნო პერიოდი. აქ არის ორი ძალა: ერთი პრორუსული, იმპერიალისტური, რომელიც ცდილობს, საქართველო არ გავიდეს რუსული ორბიტიდან, არ მოიპოვოს თავისუფლება; და მეორე, პროევროპული ძალა, რომელსაც საქართველოს თავისუფლება და განვითარება სურს. ის, რომ სტალინის გამოსახულებიანი ხატი აღმოჩნდა წმინდა სამების ტაძარში, ეს არ არის შემთხვევითი, ხოლო ის, რომ ამას მოჰყვა მწვავე რეაქცია ადამიანების მხრიდან, ეს იყო სავსებით ნორმალური. ბუნებრივია, აღმაშფოთებელია ისეთი დიდი ტირანისა და სისხლისმსმელი ადამიანის ხატის ქრისტიანულ ეკლესიაში, მით უმეტეს, კათედრალში _ მთავარ ტაძარში დაბრძანება, როგორიც სტალინი იყო. საპარტრიარქოს ადმინისტრაციას, ტაძრის მესვეურებს თავიდანვე უნდა გამოეჩინათ წინდახედულება, რომ მსგავსი რამ არ მომხდარიყო. შემდეგ ამის შელამაზება იმით, რომ იკონოგრაფიის ისტორიაში არსებობს მსგავსი რამ და თითქოს ეს ჩვეულებრივი ამბავია, რომ დიოკლეტიანესა და გველეშაპსაც გამოხატავენ ხატებზე, ეს არამართებულია. ადვილი მისახვედრია, თუ რა მიზანი აქვს ამ ხატის ტაძარში შეტანას, ეს არის ნიადაგის მოსინჯვა, თუ რამდენად მიიღებდა ამას ქართული საზოგადოება. რაც შეეხება „ალტინფოს“ ზონდერბანდების მიქსევას ადამიანზე, რა არის ეს?! _ ლინჩის წესით გასამართლება?! თუ ვინმემ რამე დააშავა კანონისა და საზოგადოების წინაშე, მას ცივილიზებულად უნდა მოეთხოვოს პასუხი და არა ბრბოს საშუალებით. ეს ძალიან ცუდი რამეა და ასეთი პრეცედენტები არ უნდა ხდებოდეს. ეს არის მუქარა საზოგადოების მიმართ, რომ არ გაბედოთ ისეთი რამ, რაც ჩვენ არ მოგვეწონება.
_ რას იტყვით თავად ამ ფაქტის, ხატზე საღებავის მისხმის შესახებ?
_ რაც შეეხება ხატზე საღებავის მისხმას, რა თქმა უნდა, მე ამას არ მივესალმები, რადგან ძალიან უხეში ფორმაა, მაგრამ ჩვენ სხვადასხვანაირად გამოვხატავთ უკმაყოფილებას. ვინც ეს გააკეთა, ბუნებრივია, უნდოდა იმის დაფიქსირება, რომ ეს არ უნდა ხდებოდეს. პიროვნების გადასაწყვეტია, პროტესტის რა ფორმას აირჩევს. რაც შეეხება იმას, რომ აქ დაზიანება იყო თუ არა, დაზიანება არ ყოფილა. ეს იყო შეურაცხყოფა იმ ხატის, რომ ის ასეთი ფორმით არ უნდა არსებობდეს ეკლესიაში, ეს არ ეკადრება ეკლესიას. ეს არ ყოფილა ხატის დაზიანება ან დამსხვრევა. იმ ადამიანებს, რომლებმაც ხატი შემოსწირეს ტაძარს („პატრიოტთა ალიანსმა“ შემოსწირა, როგორც თავად განაცხადეს), შეუძლიათ, დაუზიანებლად წაიღონ ეს ხატი, საიდანაც მოიტანეს. უბრალოდ, არ შეიძლება, მსგავსი რამ აკადრო ქვეყანას. გარკვეულ ძალებს უნდათ, რომ ისტორია გადაწერონ. ათეულობით მილიონი ადამიანის სისხლში აქვს გასვრილი სტალინს ხელი. მათ შორის მის მიერ შექმნილ რეჟიმთან არის დაკავშირებული ეკლესიების ნგრევა, სასულიერო პირების ხოცვა-ჟლეტა და ა. შ. ამის შემდეგ როგორ ხდება ეს ყველაფერი? ეს გარკვეულ ადამიანთა თავებში არის მოფიქრებული, КГБ-ФСБ-ს „ლაბორატორიებში“ ქმნიან გარკვეულ მოდელებს, თუ როგორ შეიძლება ამ „რბილი ძალით“ საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლა, ტვინის გამორეცხვა, აზროვნების ვექტორის შეცვლა, რომ საკუთარი ნებით ვთქვათ უარი დასავლურ დემოკრატიაზე და ისევ რუსული, მართლმადიდებლური, მსგავსი „მფარველობის“ ქვეშ მოვექცეთ. მოგეხსენებათ, პუტინს აწყობს სტალინის ფიგურა, ამ დიდი დიქტატორის. ის მისთვის სანიმუშო პოროვნებაა, რადგან სტალინის დროს რუსეთის იმპერიამ არნახულ მასშტაბებს მიაღწია, დღემდე გრძელდება ეს ყველაფერი. ამდენად, სტალინი არის რუსული იმპერიალიზმის გამოხატულება. ჩვენ უნდა გვეყოს გონიერება ამის გასაცნობიერებლად. როდესაც ამბობენ, „რბილი ძალა“ ეს ნიშნავს, რომ მოფიქრებულია გარკვეული დებულებები, ნარატივები, რომლითაც ადამიანის გონებაზე ზემოქმედებენ. ეს ხომ ქვემეხი არაა, ეს არტილერია არაა და ბომბები არაა, უბრალოდ, სირცხვილია, რომ რბილი ძალით მოგერევა რუსეთი. არ უნდა მოგვერიოს, ფხიზლად უნდა ვიყოთ და უნდა გვქონდეს იმის უნარი, რომ ამოიცნო ბოროტება და შორს გამიზნული პროვოკაცია, რომელიც ჩაიფიქრეს. ეს ნამდვილად ასეა და ასეთი ფაქტი მრავალი მოხდება ამ წელიწადში. აქ არის ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის, ცივილიზებულობასა და ასეთ ვანდალურობას შორის. ადამიანი ცხოვრობს იმისთვის, რომ თავადაც ბედნიერი იყოს და მისი მომავალიც. ისეთი სივრცე უნდა დავუტოვოთ შთამომავლობას, რომ ხალხმა იცხოვროს ნორმალურ პირობებში. დღევანდელ დღეს ეს არის დასავლური ცივილიზაცია. იდეალური ამქვეყნად არაფერია, მაგრამ დღევანდელ არსებულ პოლიტიკურ კულტურებს შორის დასავლეთი არის საუკეთესო. ბუნებრივია, ჩვენს ამ არჩევანს აქვს ძალიან დიდი ისტორიული ფესვები, რაც დაკავშირებულია ქრისტიანობასთან. ხოლო რასაც ვხედავთ და რაც ქრისტიანობის საპირისპიროა, ეს არის ანტიქრისტიანობა. ეს ჩაიფიქრა სტალინმა _ 1943 წელს ჩაატარა რეფორმა (ომის დროს ნახა, რომ დაპყრობილ ტერიტორიებზე გერმანელები ეკლესიებს ხსნიდნენ და ამის გამო ხალხის კეთილგანწყობას იმსახურებდნენ), აღადგინა პატრიარქობის ინსტიტუტი. მთელი მექანიზმი შექმნა იმისთვის, რომ ეკლესია ჰყოლოდა, როგორც დამორჩილებული, მის სამსახურში მყოფი ინსტიტუცია. ამას ახლა იყენებენ პროპაგანდისთვის, რომ აი, ჩვენ სტალინმა აღიარება მოგვცა. არავითარი აღიარება, ჩვენ უნდა დავინახოთ სიმართლე. სტალინმა ქართველ ხალხს წაართვა თავისუფლება, მომავალი. ჩვენ როდესაც გვქონდა პირველი რესპუბლიკა, სწორედ სტალინისა და მისი თანამზრახველების მიერ ძალადობრივად დაემხო იგი. ჩვენ გვქონდა ერთ-ერთი საუკეთესო დემოკრატიული, ჩანასახში მყოფი რესპუბლიკა, საუკეთესო კონსტიტუცია, რომლის ამოქმედებაც ვერ მოესწრო, ეს იყო ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო საარჩევნო სისტემა… წარმოიდგინეთ, ჩვენ ახლა სად ვიქნებოდით, რომ ასე ძალადობრივად არ შეეჩერებინათ ჩვენი ცხოვრება?! იქით რუსეთმა რამდენი რამე წაგვართვა და სად გადაგვჩეხა ამ ტირანულმა ბოლშევიკურმა ძალადობამ და ძალმომრეობამ!.. ქართველმა ხალხმა ეს დაივიწყა? დაივიწყა იმიტომ, რომ ადამიანებს ტვინებს ურეცხავდნენ. ქართველების უმეტესობამ გასული საუკუნის 90-იან წლებამდე საერთოდ არ იცოდა პირველი რესპუბლიკის შესახებ არაფერი, გაკვრით თუ გაეგოთ ჟორდანიასა და რამდენიმე ადამიანის შესახებ რაღაც.
_ თვითონ ეკლესიის პასუხისმგებლობის შესახებ რას იტყვით? გასაგებია, რომ „პატრიოტთა ალიანსმა“ შესწირა ეს ხატი ტაძარს. ცნობილია ამ პარტიის პრორუსული ორიენტაციის შესახებ, მაგრამ ეკლესიას უნდა გამოეფინა ეს ხატი, რომელზედაც, როგორც ცნობილია, თვით რუსეთშიც არ არის ერთგვაროვანი დამოკიდებულება?
_ მატრონა მოსკოველის წმინდანად აღიარება თვითონ რუსეთში იწვევს წინააღმდეგობას. უამრავი ტყუილ-მართალი არის ამ საკითზე ერთმანეთში აზელილი. უბრალო, მორწმუნე ადამიანებს არც მოეთხოვებათ სამყაროს გლობალური ხედვა, მითია ეს, სინამდვილე, თუ რა არის, მაგრამ ვინც იცის, ვინც ჩახედულია და ვინც გადახედა ამ საკითხებს, კარგად იცის, რომ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია მატრონა მოსკოველის წმინდანად აღიარების შესახებ. წარმოიდგინეთ თქვენ, ტაძარს ჰყავს თავისი წინამძღვარი, იქ საბჭოა… ხატი ვიღაცამ მოიტანა და შემოსწირა, მაგრამ სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ტაძრის წინამძღვრებს. „სამება“ არის საპატრიარქოს ტაძარი და მთელი საპატრიარქო არის ამაზე პასუხისმგებელი. მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ხალხმა ასე მტკივნეულად აღიქვა ეს ამბავი.
როგორც გავიგე, გამოაბრძანეს, გაწმინდეს, გაალამაზეს და უფრო საპატიო ადგილას დააბრძანეს, ეს რას ნიშნავს?! ეს არის გაუგებრობა, უპატივცემულობა იმ ხალხის, რომელსაც უნდა ემსახურო. კარგია, რომ შემდეგ მაინც მიიღო საპატრიარქომ გადაწყვეტილება „ხატში ცვლილებების შეტანის შესახებ“. ამით ხალხს ანგარიში გაუწიეს. კარგია, რომ არ დაუპირისპირდნენ საზოგადოებას, იმ ადამიანებს, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ეკლესიის მრევლს. საზოგადოების განწყობა უკვე გაიგეს. ნახეს, რომ ამას ქართველი ხალხი ადვილად და მარტივად არ მიიღებს. მართალია, საზოგადოების კვლევები არსებობს, გამოკითხვები რაღაც სურათს ქმნის, მაგრამ, როგორც ჩანს, მაინც არ იციან, რა განწყობაა საზოგადოებაში. უნდა სცოდნოდათ, რომ სტალინის გამოსახულების ტაძარში შემოტანა და დაბრძანება გარკვეულ რეაქციებს აუცილებლად გამოიწვევდა. ვფიქრობ, ამის დატესტვა აინტერესებდათ. ამის პასუხიც ჩაიწერა უკვე, რომ ქართველი ხალხის განწყობა ასეთია. ეს ძალიან კარგია, გამარჯვებაა, ფაქტობრივად, საზოგადოების ფხიზელი თვალი მუშაობს და მოსალოდნელ საფრთხეზე რეაქცია აქვს.
_ საპატრიარქოს მხრიდან ამ ხატის განთავსება და შემდეგ ამის გამართლების მცდელობა არის თუ არა ერთგვარი განაცხადი პოლიტიკური ორიენტაციის შესახებ?
_ პოლიტიკური ორიენტაციის განაცხადია და ეს განაცხადი ამა თუ იმ ფორმით ხშირად გაკეთებულა. საპატრიარქოს ხშირად საყვედურობენ, რომ ის ღიად არ გამოხატავს ოკუპანტი ქვეყნის წინააღმდეგ ძალისხმევას. არ არის ეს კარგი, რაც ძალიან ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს, ამაზე ყველა უნდა დაფიქრდეს. არავის აქვს უფლება, გინდა ეპისკოპოსი იყოს, გინდა მთავარეპისკოპოსი, მიტროპოლიტი და თუნდაც პატრიარქი, საკუთარ ნებაზე აკეთოს საქმეები. ყველაფერი მოცემულია მართლმადიდებლური, ქრისტიანული მემკვიდრეობით. ყველაფერი არის განსაზღვრული, თუ რა როგორ უნდა იყოს. ასე არ შეიძლება, რომ ჩვენ რადგან საეკლესიო ხელისუფლება გვაქვს, რაც გვინდა და როგორც გვინდა, ისე გავაკეთოთ. ეს არის ძალიან დიდი ცოდვა ნებისმიერის მხრიდან, ეს იქნება უბრალო ერისკაცი თუ უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირი. მე პირადად დეკანოზი და მოქმედი მღვდელი ვარ, ჩემთვის პირადად მიუღებელია ეს ყველაფერი.
_ იმ საზოგადოებაში, სადაც 90%-მდე არის ევროპული ინტეგრაციის მომხრე, საპატრიარქოს, ეკლესიის მხრიდან ასეთი საეჭვო, პრორუსული ქმედებები რამდენად უწყობს ხელს ეკლესიის მიმართ საზოგადოების ნდობას? ეს ფაქტები არ იქნება დამაბრკოლებელი ადამიანებისთვის, რომ ეკლესიაში მივიდნენ?
_ ყველა, ვინც არასწორად წარმოაჩენს ქრისტიანობას, უკარგავს მას ავტორიტეტს, განაწყობს ეკლესიის საწინააღმდეგოდ ადამიანებს, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობას. შედეგად, მრევლი გაედინება. თუმცა ყველას ვერ მოვთხოვთ, გლობალური მოვლენები განსაჯონ, ზოგიერთს საერთოდ არ აინტერესებს ეს საკითხები და ამის მიღმა დგას, მისთვის მთავარია, ღმერთს თავისი პირადი კეთილდღეობა შესთხოვოს. ყველას იმდენი პასუხისმგებლობა არ აქვს, რაც ღმერთმა დაუსახა ადამიანს, რომ ის იყოს მაღალი იდეალებისთვის მებრძოლი. ქრისტიანობა ამას ნიშნავს, ქრისტიანობა ნიშნავს ქრისტეს გზას, მოყვასისადმი თავგანწირვას იმისთვის, რომ სასუფევლის პრინციპები ამ ქვეყანაზე მეტ-ნაკლებად განხორციელდეს, რომ სამართალი იყოს, სოციალური სამართლიანობა იყოს, ძალადობა არ იყოს, ადამიანებს უყვარდეთ ერთმანეთი, ადამიანმა მეტი სიკეთე და მეტი სიხარული მიიღოს. ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ ყველა ჩვენგანმა. შეიძლება ყველა ადამიანს ეს ვერ მოსთხოვო, ბევრს ცოტა ეგოისტურად ესმის ქრისტიანობა. რაც უფრო მაღალღირებულია ადამიანი და ქრისტიანი, მათი რიცხვი უფრო ცოტაა, რადგან ყველაფერი კარგი ცოტა არის საბოლოო ჯამში. საუკეთესოდ მოაზროვნე, საუკეთესოდ მხედველი ადამიანების რაოდენობა ცოტაა, მაგრამ მათი ძალა შეიძლება მილიონობით ადამიანის ძალას აღემატებოდეს მორალური თვალსაზრისით.
_ ვხედავთ, ამ ფონზე ქვეყანაში იზრდება ძალადობა. გასულ კვირაში ფემიციდის კიდევ ერთი საზარელი ფაქტი მოხდა, როდესაც კაცმა მძინარე მეუღლე დანით აჩეხა. ჩანს, ხალხს ძალიან უჭირს სულიერად. ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ამ ადამიანებზე, რომლებიც სულიერი ორიენტირების გარეშე არიან დარჩენილები?
_ სწორედ ამაზე მწყდება გული, როდესაც ასეთი ძალადობრივი ქმედებებია, გახშირდა მკვლელობები, მათ შორის, ფემიციდის ფაქტები. ძალიან ხშირია, რომ ქმარი კლავს ცოლს. ბოლო წლების განმავლობაში ათეულობით ასეთი ფაქტია მომხდარი, ეს უნდა იყოს განგაშის საფუძველი და დამაფიქრებელი, თუ რა ხდება ჩვენს თავს. როგორ წარმოგიდგენიათ, ნორმალური ადამიანი ამას ხომ არ ჩაიდენს? ეს გამორიცხულია. ე. ი. ადამიანში მკვლელი გაცილებით ადრე ყალიბდება, ვიდრე, ფაქტობრივად, ამას გამოავლენს მოქმედებაში. ეს საკითხი ეხება როგორც ეკლესიას, ისე განათლების სისტემას, მედიასაშუალებებს, ხელოვნებას, თეატრს, მთელ საზოგადოებას, რომ დავსვათ კითხვა და ვიპოვოთ პასუხი, _ ჩვენ სად ვიმყოფებით, რას ვაკეთებთ? ფაქტია, შემთხვევით არაფერი ხდება. ყველაფერს თავისი ნიადაგი აქვს. ამ ნიადაგში ვარდება რაღაც ბოროტი მარცვალი და აღმოცენდება შემდეგ მონსტრები და საშინელებები, რასაც ჩვენ თვალწინ ვხედავთ. ძალიან საგანგაშოა, ადამიანი გაზრდის ქალიშვილს და არ იცის, რა ელოდება, ბედნიერი უნდა იყოს და მსგავსი რამ შეემთხვევა. ვინ არის დაზღვეული? მასკულინური არსებები ფიზიკურად ძლიერები არიან და მეტად შეუძლიათ ადამიანზე ძალადობა, მამაკაცებზე ვსაუბრობ, მაგრამ ამ მამაკაცებს ხომ დედები ზრდიან? ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ მამაკაცებში არის ძალადობა.
_ ის, რომ მაინც პატრიარქალური კულტურაა და თუნდაც ის, რომ ეკლესიაც არ უწყობს ხელს მაინცდამაინც თანასწორობას, ამაზე რას იტყვით?
_ ზოგადად, მიზოგენიასა და ქალის მიმართ ამ დამოკიდებულებას თავისი ისტორია აქვს, რომ ქალი არ არის სრულფასოვანი არსება და ა. შ. მადლობა ღმერთს, დღევანდელ დღეს აღარაა ეს დამოკიდებულება. უნდა ითქვას, რომ წმინდა წერილში, რასაც ჩვენ ვეყრდნობით, არის სწორედ თანასწორობა და სიკეთე. არათუ ქრისტიანობა ქალს არასრულფასოვან არსებად მიიჩნევს, პირიქით, ყველაზე დიდი ადამიანი, ვინც არსებობს სამყაროში, არის ქალი, ღვთისმშობელი, დედა, მდედრობითი არსება, რომელიც ყველაზე მაღალი რანგის ანგელოზებზე წინ დგას. მაგრამ ყოფით ცხოვრებასა და რეალობაში, ასევე მთელი შუა საუკუნეები, სავსეა ამ სექსისტური დამოკიდებულებით, რომ ქალს აქვს თუ არა სული და ქალს აქვს თუ არა სრულფასოვანი გონება და ა. შ.
_ ამ ფილოსოფიურ საკითხებზე, ალბათ, ნაკლებად ფიქრობდა ის ადამიანი, რომელიც ღამით დანას ურტყამდა მძინარე მეუღლეს. აგრესიაა ადამიანებში, რომლებიც ეკლესიისგანაც შორს არიან და ვერც გაუგიათ, რა უნდათ…
_ საქმე ის არის, რომ ეს სექსისტური შეხედულებები ყველაფერი გადატყდება ხოლმე შემდეგ ყოფით ცხოვრებაში. ეს გამონათქვამები საზოგადოებაში, ოჯახში, სამეგობრო წრეში ახდენს გავლენას ადამიანზე. თქვენ რომ გააკეთოთ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა, საუბრები ჩაიწეროთ, რას ლაპარაკობენ ახალგაზრდა ბიჭები თავიანთ წრეში, ნახავთ ამ დამოკიდებულებას, რა ძალით ვლინდება სექსიზმი. კაცი ხშირად იქცევა, როგორც მესაკუთრე. ის კი არა, რომ გაშორდა ცოლს და იმას ახლა თავისი ცხოვრება აქვს, არა, იმის შემდეგაც პატივმოყვარეობა აწუხებს იმაზე, რომ მისი ცოლი როგორ იქცევა, მას სხვა მამაკაცმა თვალი არ დაადგას და ა. შ. მის „საკუთრებას“, რომელსაც ოდესაღაც ფლობდა, ისევ საკუთრებად მიიჩნევს. რატომ ხდება ეს? იმდენი შემთხვევა მოხდა, რომ სააზროვნოდ და სამსჯელოდ საკმარისია. საჭიროა, რაღაც დასკვნები გამოვიტანოთ ერთობლივად და ამის საწინააღმდეგო პრევენცია დადგეს, რათა ჩვენი საზოგადოება, ბოლოს და ბოლოს, უკეთესი გახდეს. მე საბჭოთა პერიოდში ვიცხოვრე ჩემი ცხოვრების ნახევარი და მიკვირს, ახლა ქრისტიანები გახდნენ, ამდენი ეკლესია არის, ჩემს თავს ხშირად ვეკითხები, როგორ ხდება, რომ დღეს ადამიანები უფრო უგულოები, უსიყვარულოები არიან, ვიდრე მაშინ, როდესაც ღმერთზე არავინ ლაპარაკობდა, პირიქით, აკრძალული იყო, ადამიანები თვისობრივად უკეთესს ხასიათს ავლენდნენ. მე ამ პარადოქსის გარკვეული ახსნა მაქვს _ ზოგჯერ ის ბოროტი საქმეები და ბოროტი თესლი უფრო გვიან იძლევა ნაყოფს. ხეს რომ დარგავ, მას უნდა რაღაც წლები, რომ ნაყოფი გამოიღოს, ბოროტება, რომელიც დაირგო თავის დროზე, უღმერთობის, ძალადობის, ნიჰილიზმის, დღეს შედის ძალაში და ნაყოფს იღებს. მაგრამ სიკეთეც ასევეა, სიკეთე რომ დაითესება, მასაც დრო სჭირდება, რომ ნაყოფი გამოიღოს. რაც ხდება ჩვენს თავს, ეს ან ჩვენი გულგრილობის ბრალია, ან ჩვენი დუმილის, რომ ჩვენ ეს არ გვეხება და ამაზე არ გამოვხატავთ რეაქციას. ამის გამო პასუხისმგებლობას ღმერთი დაგვაკისრებს. ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ვიღაცის გაჭირვება უნდა ვიცხოვროთ სიკეთისთვის და აუცილებლად იქნება უკეთესი საზოგადოება. ეს არის ჩემი მორალური კრედო.