თამუნა გოჩიაშვილი: „კიევში, ვოლოდიმირის ტაძარში, სპეციალურად ქართველი მეომრებისთვის დაწერილ ხატს დააბრძანებენ“
შორენა მარსაგიშვილი
უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე 50-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა რუსებთან ბრძოლაში. ყველა მათგანის ცხედარი სამშობლოში გამოაცილეს კიევის ვოლოდიმირის ტაძრიდან. ამ ტაძარში ძალიან მალე სპეციალურად ქართველი მებრძოლებისთვის დაწერილ ხატს დააბრძანებენ. ხატის დაწერა ქართველ ხატმწერ თამუნა გოჩიაშვილს უკრაინელმა ეპისკოპოსმა სთხოვა. გოჩიაშვილმა ხატის დაწერა ახლახან დაასრულა. ხატი უკრაინაში მალე ჩავა.
ვის გაუჩნდა დაღუპული ქართველი მებრძოლებისთვის ხატის დაწერის იდეა? რატომ არ ეხმიანებიან უკრაინაში მებრძოლ ჩვენს თანამემამულეებს ქართველი სასულიერო პირები და რატომ ვერასდროს იქნება რუსეთი ჩვენი ერთმორწმუნე ძმა? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ხატმწერი თამუნა გოჩიაშვილი:
_ თამუნა, თქვენ დაწერეთ ხატი უკრაინაში ქართველი მებრძოლებისთვის, რომელსაც ვოლოდიმირის ტაძარში დააბრძანებენ. ვის გაუჩნდა ამ ხატის დაწერის იდეა?
_ უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების სახელზე ხატი დავწერე. ხატის დაწერის თხოვნით ქართველმა მებრძოლებმა მომმართეს. ხატის დაწერა უკრაინელმა ეპისკოპოსმაც მთხოვა, ვის ეპარქიასაც ვოლოდიმირის ტაძარი ეკუთვნის. ეს ხატი დაბრძანდება კიევის ვოლოდიმირის ტაძარში, საიდანაც გამოასვენეს ყველა დაღუპული ქართველი მებრძოლი. სწორედ მათ სახელზე დაიწერა და შეიმკო წმინდა გიორგის ხატი. მე და ჩემი მეუღლე ვაპირებდით ამ ბიჭების სახელზე ჯვარცმის გაკეთებას. ჯვარცმასაც გავაკეთებთ და შევწირავთ ამავე ტაძარს. ამაში ჩვენი მეგობრებიც მიიღებენ მონაწილეობას, რომლებიც აქტიურად უჭერენ მხარს ქართველ მეომრებსა და უკრაინას.
_ წმინდა გიორგი თქვენ შეარჩიეთ, თუ მათი თხოვნა იყო?
_ მათ გვთხოვეს წმინდა გიორგის ხატის დაწერა. წმინდა გიორგი საქართველოში განსაკუთრებით უყვართ. წმინდა გიორგიც მეომარი იყო და მეომრების მფარველ წმინდანად მიიჩნევა. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ უკრაინელ სასულიერო პირებს გაუჩნდათ სურვილი, უკრაინულ ტაძარში ყოფილიყო დაღუპული ქართველი მებრძოლების სახელზე დაწერილი ხატი. სამაგიეროდ, ასეთი სურვილი არ გასჩენიათ ქართველ სასულიერო პირებს. ისიც არ მოუნდომებიათ, რომ ფრონტზე ჩასულიყვნენ და ჩვენი მებრძოლები გაემხნევებინათ.
_ ფრონტის ხაზზე ჩასვლას ვინ ჩივის, კიევში არავინ ჩასულა.
_ სამწუხაროდ, ასეა. არავინ ჩასულა ჩვენი მეომრების გასამხნევებლად უკრაინაში. ერთადერთი სასულიერო პირი, რომელიც ჩავიდა კიევში და მიტროპოლიტ ეპიფანეს თანადგომა გამოუცხადა, იყო ეპისკოპოსი ზენონი. ის, მართალია, რელიგიურ საკითხებზე ჩავიდა, მაგრამ ქართველ მებრძოლებსა და რუსულ აგრესიაზეც ისაუბრა.
_ მეუფე ზენონი სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ჩავიდა, თუ 2014 წლის შემდგომ პერიოდზეა საუბარი?
_ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, რამდენიმე თვის წინ შეხვდა ეპიფანეს. სხვა არავინ წასულა იქ საქართველოდან. სასულიერო პირის პოზიცია უნდა იყოს ერთი, მან უნდა დაიცვას მისი მოქალაქის სიცოცხლე. ომში თუ არის წასული, მას სულიერი მხარდაჭერა უნდა გაუწიოს. აქ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პოლიტიკას, იქ ადამიანი არის ომში და დამთავრდა.
_ ბევრი ქართველი სასულიერო პირი მიიჩნევს, უკრაინაში მიმდინარე ომი ჩვენი ომი არ არისო.
_ არც ასეთ პოზიციას აქვს რაიმე მნიშვნელობა. ქართველი მოხალისე, რომელიც ომშია წასული, ქართული ეკლესიის პოტენციური შვილია. ამ ეკლესიის შვილებთან თუ არ მიდიან სასულიერო პირები, ეს ძალიან ცუდია. ერთადერთი, ვინც დაღუპული ქართველი მებრძოლის ოჯახს თანაგრძნობა პირადად გამოუცხადა, იყო გურიის ეპისკოპოსი. არჩილ ხოფერიასთან მივიდა შვილის სამძიმარზე. ისიც, ალბათ, იმიტომ, რომ ჯაბა გურიაში დაკრძალეს და მთელი საქართველო იქ იყო ჩასული. დანარჩენი თანადგომა სასულიერო პირებისგან არ ყოფილა. საბა ინწკირველი გამოეხმაურა რამდენჯერმე ქართველ მეომრებს. ის, ზოგადად, ამ ომში უკრაინას უჭერს მხარს. ესეც პირად დონეზე იყო, ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.
უკრაინის ეკლესიამ დიდი ნაბიჯი გადადგა, როდესაც გადაწყვიტა, ქართველი მებრძოლების სახელზე ვოლოდიმირის ტაძარში დააბრძანონ ხატი. საეკლესიო პოლიტიკის თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია, სულიერადაც და ადამიანურადაც. ამ ხატის დაწერა ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო და სიხარულით დავწერე იგი.
_ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თქვენ უკრაინული ეკლესიებისთვის წერთ ხატს. ადრეც ბევრი ხატი დაგიწერიათ. თქვენი დაწერილი რამდენიმე ხატი დაიწვა კიდევაც, როდესაც რუსებმა უკრაინაში ტაძრები გაანადგურეს.
_ ამ წლების განმავლობაში უკრაინიდან ბევრი დაკვეთა მქონდა. 15 წელია, მათთან აქტიურად ვთანამშრომლობ. ჩემი დაწერილი ძალიან ბევრი ხატი დაიწვა რუსეთის შემოჭრის შემდეგ.
_ მძიმე სანახავია, როცა განადგურებულ ტაძარსა და ხატებს უყურებ და ეს განცდა, ალბათ, კიდევ უფრო მძიმეა, როცა შენი დაწერილი ხატები ნადგურდება.
_ უმძიმესი განცდაა. თუმცა ეს სიმძიმე უკრაინის ომამდე განვიცადე. პირველად ჩემი დაწერილი ხატები რუსებმა 2008 წლის აგვისტოში გაანადგურეს. ეს მაშინ მოხდა, როცა ოკუპანტებმა დაბომბეს კოდორი. რამდენიმე მეგობარმა თანხა შევაგროვეთ, მასალა ვიყიდეთ და სპეციალურად კოდორისთვის დავწერე ხატები. სამი ხატი დავწერე. აქედან ერთი ხატი კოდორელებმა მარტყოფის ღვთაების მონასტერს შესწირეს. ორი ხატი იყო კოდორში დარჩენილი, მაცხოვრისა და ივერიის ღვთისმშობლის.
ხატები კოდორში წინასწარ გავაგზავნეთ, მერე თავადაც ვაპირებდით ჩასვლას, სვანეთში ვიყავით და იქიდან უნდა გადავსულიყავით კოდორის ხეობაში. სვანეთში რომ ავედით, მეორე დღეს დაიწყო აგვისტოს ომი. პირველი დარტყმა მაშინ მივიღე, როცა კოდორიდან მამა ნიკოლოზ გუგუსიანმა დამირეკა და მითხრა, _ არავითარ შემთხვევაში არ წამოხვიდე, ომი იწყებაო. რამდენიმე საათში ისევ დამირეკა და მითხრა, რომ რუსებმა პირველი საჰაერო იერიში ტაძარზე მიიტანესო.
_ ტაძარი სოფელ ჩხალთაში იყო, თუ არ ვცდები.
_ ჩხალთაში იყო. ახლაც რომ გიყვებით ამ ამბავს, ცრემლები მახრჩობს. მამა ნიკოლოზმა მითხრა, პირველი დარტყმა აიღეს ხატებმაო. ეს იყო ჩემთვის წარმოუდგენლად მძიმე. დაბომბვის მერე მამა ნიკოლოზი ტაძართან მივიდა, მაგრამ იქ უკვე არაფერი აღარ დახვდა. მხოლოდ ბარძიმი და კონდაკი იყო გადარჩენილი. ყველა ხატი დამწვარი იყო.
უკრაინაში ტაძრების განადგურების კადრებს რომ ვუყურებ, სულ ის ტკივილი მიახლდება, რაც კოდორის ეკლესიის დაბომბვის შემდეგ განვიცადე. აფხაზეთის დაკარგვის მერე რუსების მიმართ მიუღებლობა მაქვს, მაგრამ კოდორის მერე რუსების მიმართ უკვე პირადი სიძულვილი გამიჩნდა. შეიძლება, ამას არ უნდა ვამბობდე, მაგრამ ასეა.
_ რატომ არ უნდა ამბობდეთ? _ მტრისა და ოკუპანტის მიმართ პირადი სიძულვილი ნორმალური მდგომარეობაა.
_ რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ეს სიძულვილი კიდევ უფრო გამიმძაფრა. ათეულობით ათასი ადამიანი დახოცეს, უამრავი ადამიანი დაასახიჩრეს, გაანადგურეს ეკლესიები, დახოცეს სასულიერო პირები.
_ ამდენი სიბოროტე ჩაიდინეს და რომ ჰკითხო, რუსები მართლმადიდებლები არიან.
_ თავად ამბობენ, რომ მართლმადიდებლები არიან. ეს ე. წ. მართლმადიდებლები მიზანმიმართულად ანადგურებენ ტაძრებს. ასეა უკრაინაში და ასე იყო კოდორში. მამა ნიკოლოზმაც ეგ თქვა, იცოდნენ, რომ ტაძარი იყო, მაგრამ მიზანმიმართულად პირველად სწორედ ტაძარს დაარტყეს. მერე ჩამოუარეს მთელ ხეობას.
_ უკრაინული ტაძრებისთვის, ძირითადად, რომელი წმინდანის ხატებს წერდით?
_ ასე ვერ ვიტყვი. იქიდან, ძირითადად, ქართველი წმინდანების ხატების დაწერას მთხოვდნენ. იქ ძალიან დიდი პატივით ეპყრობიან ქართველ წმინდანებს. ჩემდა გასაკვირად, ქართველი წმინდანები რუსებსაც უყვართ.
_ რუსებს თუ რამე უყვართ, ვერ წარმომიდგენია.
_ წარმოუდგენელია, მაგრამ ეს ასეა. უკრაინელებს ქართველი წმინდანების გარდა ძალიან უყვართ ქართული ხატწერა. როცა გადაწყვეტდნენ ქართველი წმინდანის ხატის დაწერას, ამჯობინებდნენ, ეს ქართველ ხატმწერს გაეკეთებინა. ზოგადი წმინდანების ხატების დაწერასაც მიკვეთავდნენ, მაგრამ, ძირითადად, ქართველ წმინდანებს. ღვთისმშობლის ხატის დაწერას თუ ითხოვდენ, ის აუცილებლად ივერიის ღვთისმშობლის ხატი უნდა ყოფილიყო. დაწერილი მაქვს დავით გარეჯელი, შიო მღვიმელი… თანამედროვე წმინდანებიდან დავუწერე ალექსი შუშანია. 100-ზე მეტი ხატი მაქვს დაწერილი უკრაინული ტაძრებისთვის. ჩემი ხატები, ძირითადად, ხერსონის ეპარქიაში, ყირიმში, ოდესისა და კიევის ტაძრებშია დაბრძანებული. ასევე ჩერნიჰივში და ლვივში. ხარკოვის ოლქშიც ბევრია ჩემი ხდაწერილი ხატი.
ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ სულ ასე ვლოცულობ: _ ღმერთო, ის წმინდანები რომლებიც მე უკრაინისთვის დამიწერია, შეეწიოს ამ ხალხს ღვთის წინაშე, ხელი მოუმართოს, გააძლიეროს და გაამარჯვიებინოს და ღვთის წინაშე მეოხები იყვნენ, რომ ეს ბოროტება დაისაჯოს, რომელიც მსოფლიო ჭირად იქცა.
_ რუსეთი მართლა მთელი მსოფლიოს ჭირად იქცა.
_ პირველ რიგში, თავად რუსებისთვის იქცა რუსეთი ჭირად. ყველა გაქცეული რუსი, რომელსაც მეტ-ნაკლებად ჭკუა მოეკითხება, ამბობს, რომ უკრაინა თუ გაიმარჯვებს, პირველ რიგში, ჩვენთვის გაიმარჯვებსო. უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს, რათა ამ ხალხმა შეძლოს დაბრუნება და რუსეთში ცხოვრება. რუსეთიდან გამოქცეულებს ყველას, ბუნებრივია, არ ვენდობი, მაგრამ ბევრი მათგანი მართლაც შეძრული და შეწუხებულია ამ ომით. პირადად ვიცნობ ისეთ რუსებს, რომლებმაც ომის დაწყებისთანავე დატოვეს თავიანთი ქვეყანა.
_ რუსის გულწრფელობა დასაჯერებელია?
_ ყველასი არა, მაგრამ რუსებშიც არიან ისეთები, რომლებიც ამ საშინელ ომს მართლა ეწინააღმდეგებიან.
_ რუსებს შევეშვათ და ქართველ მებრძოლებზე მოგვიყევით. ბევრ მათგანთან მეგობრობთ და კონტაქტი გაქვთ, როგორია მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა? ზემოთ თქვით, რომ არცერთი ქართველი სასულიერო პირი არ ჩასულა უკრაინაში მათ გასამხნევებლად. განიცდიან ამას?
_ იქ მყოფ ქართველ მებრძოლებს, რომლებსაც მე ვიცნობ, ასეთი განცდა აქვთ, რომ ისინი იქ საქართველოსთვის იბრძვიან. უბრალოდ, ომი გეოგრაფიულად სხვა ადგილას მიმდინარეობს. ყველა მათგანს კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი საქართველოს ომიც არის. ყველა მათგანი იქ წასულია იმისთვის, რათა დაიცვას თავისი სამშობლო. მერე რა, რომ უკრაინაში ხდება ეს? ასე ფიქრობდნენ უკრაინელი მებრძოლები, რომლებიც 1992-1993 წლების აფხაზეთის ომში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდნენ. ერთმა მათგანმა თქვა კიდეც, _ აქ თუ არ შევაჩერეთ ახლა რუსეთი, მერე ჩვენამდეც მოვლენო. ასე აგიხდათ ყველაფერი კარგი, იგივე მოტივაციით ახლა ჩვენი მეომრები არიან.
_ თითქმის ყველა მათგანი ნაომარია რუსეთის წინააღმდეგ და წაგებული ომის სიმწარე აწუხებს, ამიტომ მათთვის, ალბათ, ორმაგად მნიშვნელოვანია ეს ომი.
_ რა თქმა უნდა. საომარი გამოცდილება თითქმის ყველას აქვს და კარგად აცნობიერებენ, როგორი ვერაგი მტერია რუსეთი. დღეს რუსეთი მარტო საქართველოს ან უკრაინის მტერი აღარ არის. უკრაინაში ახლა ომი მიმდინარეობს კეთილსა და ბოროტს შორის. დღეს თუ შეგიძლია, ბოროტების მხარეს არ უნდა იდგე. ჩვენს ეკლესიას, სამწუხაროდ, აქვს ასეთი პოზიცია _ დიდი მამები ამბობენ, რომ სხვის ომში არ უნდა იომოო. არადა, ეს სხვისი ომი არ არის.
_ ვთქვათ და ყოფილიყო უკრაინის ომი სხვისი ომი, რატომ არ უნდა ებრძოლათ იქ ქართველებს? თორნიკე ერისთავი სხვის ომში არ იბრძოდა? ბერის სამოსი გაიხადა და ისე იბრძოლა, არც იცოდა, რას ამბობდნენ წმინდა მამები…
_ თორნიკე ერისთავი იმიტომ მონაწილეობდა მაშინ ომში, რომ ის იყო საერთო მტერი. ზუსტად ისევე, როგორც ახლა რუსეთია საერთო მტერი. ეკლესიას აქვს უდიდესი ტრიბუნა და გავლენა. სწორედ ეკლესიის ტრიბუნიდან უნდა ისმოდეს, რომ რუსეთი არის საერთო მტერი. დღეს ეკლესიიდან ეს სიტყვა არ ისმის. იმას არავინ ითხოვს, რომ ქართველებს უკრაინაში ომში წასვლისკენ მოვუწოდო. მაგრამ ის მაინც გააპროტესტე, ხელისუფლება რომ ამბობს, ქართველ მეომრებს მოქალაქეობა უნდა ჩამოვართვათ, რადგან უკრაინაში იბრძვიანო.
_ მოქალაქეობის ჩამორთმევას ნამდვილად ვერ გაბედავენ. ამას ძალიან დიდი სკანდალი მოჰყვება.
_ მოქალაქეობის ჩამორთმევას ვერ გაბედავენ, მაგრამ ამ აზრის დაფიქსირება ხომ გაბედეს? ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო ამ ომში უკრაინას არ უჭერს მხარს. სამწუხაროდ, ამ დამოკიდებულებას კვერს უკრავს ჩვენი ეკლესია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სასულიერო პირი მხარს უჭერს უკრაინას, ხმამაღლა ამის თქმას ვერ ბედავენ. მაქსიმუმ სოციალურ ქსელში დააფიქსირონ თავისი აზრი, რაც საკმარისი ნამდვილად არ არის.
_ ამას მტკივნეულად განიცდიან ჩვენი მებრძოლები?
_ არიან მებრძოლები, რომლებიც ამას მტკივნეულად განიცდიან. მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც ამას არ განიცდიან, ასეთი დამოკიდებულება აქვთ.
_ ს ნამი ბოგ, ი ატამან ზალუჟნი (ჩვენთან არის ღმერთი და ატამანი ზალუჟნი). ომში კიდევ სულ სხვა განზომილებაა. ერთმა მებრძოლმა მითხრა, რომ როცა ჭურვს ვისვრი და ვიცი, რომ ამით ჩემს წილ ქართულ მიწას ვიცავ, იქ უკვე არ მაინტერესებს, რა დამოკიდებულებაა ჩვენ მიმართ საქართველოშიო.
ეს არის ჰიბრიდული ომი. ეს არის ომი პირდაპირ ეთერში. ეს ომი არის უღმერთობა და უსამართობა პირდაპირ ეთერში, რომელიც 22 თვეა გრძელდება და დასასრული არ უჩანს. იქ ისეთი ტექნოლოგიებია, ვერ წარმოიდგენთ და რაღაცებზე ფიქრის დრო არ აქვთ მეომრებს. არც ჩვენი მეომრები ფიქრობენ იმაზე, რომ მათზე ვიღაცა ცუდად საუბრობს საქართველოში.
_ ერთი მხრივ, კარგიცაა, რომ ამაზე ფიქრის დრო არ აქვთ.
_ რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგია. სოციალურ ქსელში რაღაც ასეთს რომ ვკითხულობ ჩვენს მეომრებზე, ვგიჟდები და ამის გამო მუშაობაში არაერთხელ შემშლია ხელი. წარმომიდგენია, ისინი რა დღეში იქნებიან, ამ რაღაცებს რომ ყურადღება მიაქციონ. ეს ბიჭები ამ ყველაფერზე მაღლა დგანან და მათ სულ სხვა სულიერი ღირებულებები აქვთ. ის, ვინც დღეს უკრაინაში მიდის, უკვე გმირია. ფრონტზე მყოფიც გმირია და უკრაინაში ჩასულიც. უთანასწორო ომში წასვლა არის გმირობა. ბევრი ქართველია, რომელსაც წინა ხაზზე არ უშვებენ.
_ რატომ არ უშვებენ?
_ იმიტომ, რომ სათანადო მომზადება არ გააჩნიათ. ბევრი გამოატრიალეს უკან. ისინი ელემენტარულად ვერ შესძლებდნენ იმას, რაც ომს სჭირდება. ომი სულ სხვა რაღაცაა. ის ადამიანი, რომელიც ფრონტზე არ გაუშვეს, მაინც გმირია ჩემთვის. კიდევ ვამბობ, რომ უკრაინაში წასული ადამიანი არის გმირი. სანგრის გათხრაც დიდი გმირობაა ამ ომში. არავინ იცის, ვის მოხვდება მტრის მიერ ნასროლი ჭურვი. ჩემთვის ის სამოქალაქეო პირებიც გმირები არიან, რომლებიც ჩადიან უკრაინაში და ქართველ მებრძოლებს ხვდებიან და ამხნევებენ. კიდევ გავიმეორებ: დღეს უკრაინაში წასვლა არის გმირობა და ამაზე ორი აზრი არ არსებობს.
_ კიდევ ერთი ხატი გაქვთ დაწერილი უკრაინის თემატიკაზე. ქართველი და უკრაინელი წმინდანები არიან გამოსახულები. ეს ხატიც უკრაინისთვისაა?
_ არა, ეს ხატი უკრაინისთვის არ დამიწერია. ეს ომი რომ დაიწყო, ჩვენი ეკლესიიდან სულ გვესმოდა, რომ რუსეთი ერთმორწმუნეა. ისე ლაპარაკობდნენ, თითქოს, უკრაინელები არ იყვნენ მართლმადიდებლები.
_ უკრაინელების დამსახურებაა, დღეს რომ ქრისტიანებად ითვლებიან რუსები. კიევმა მონათლა ქრისტიანებად ისინი.
_ იმ უკრაინელი სასულიერო პირისა არ იყოს, კიევმა მონათლა მოსკოვი და კიევი აუგებს წესს მას. რაკი სულ ეს ქართულ-რუსული საეკლესიო ურთიერთობები მესმოდა, დავინტერესდი ქართულ-უკრაინული სასულიერო ურთიერთობებითაც. ძალიან დიდი მასალაა და ამ დროისთვის მხოლოდ ნაწილი მაქვს წაკითხული. ბევრი საინტერესო ვიპოვე, ბევრსაც კიდევ ვიპოვი.
ჩვენ შორის ძალიან მნიშვნელოვანი სულიერი კავშირებია, რომელიც მოდის მერვე საუკუნიდან. ხატზე გამოვსახე ის წმინდანები, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ ჩვენს ქვეყნებთან _ ქართველები უკრაინასთან და უკრაინელები საქართველოსთან. ბასილი ხერსონელს იერუსალიმის პატრიარქმა დაასხა ხელი და გაუშვა ხერსონში. ეს პატრიარქი იყო წმინდა ნინოს ბიძა. იოანე გოთელს მცხეთაში დაასხეს ხელი. ის ხერსონისა და ყირიმის ეპისკოპოსი გახლდათ. იყო ასეთი, უკრაინის ეკლესიის კანონმდებელი, პეტრო მოგილა, რომელმაც დაწერა ახალი კურთხევანი. იგი გიორგი მთაწმინდელის კურთხევანის ანალოგია. ჩვენი კირიონ კათალიკოსი მყავს ამ ხატზე გამოსახული, რომელიც უკრაინას მიიჩნევდა თავის მეორე სამშობლოდ. ის გადასახლებული იყო ოდესაში და იქ გახდა ჯერ სემინარიის რექტორი და ეპარქიის რევიზორი. შემდეგ 2 წელი იყო ხერსონის ეპისკოპოსი.
რუსებთან ყველა მსგავსი სასულიერო კავშირები მთავრდება საქართველოს ოკუპაციით. მოგეხსენებათ, რომ რუსებს კარგა ხანი ჰქონდათ წაღებული წმინდა ნინოს ჯვარი და როცა დაგვიბრუნეს, თან შემოჰყვა მეთერტმეტე არმია. გაიტაცეს საპატრიარქო ტახტი და დაგვისვეს აქ ეგზარხოსი, რომელმაც დაგვწყევლა. ძარცვა-გლეჯასა და ეკლესიებში ქართული კვალის წაშლაზე არაფერს ვამბობ. რუსები ახლა უკრაინის ეკლესიებსა და მუზეუმებს ძარცვავენ.
უკრაინისა და ჩვენი ურთიერთობები ყოველთვის თანაბარ დონეზე იყო. ჩვენი ეკლესიები არიან დები. ეკლესიაში არ არსებობს ძმა ეკლესია. არსებობს დედა ეკლესია და და ეკლესია. რუსები დღემდე თავში გვირტყამენ. დღემდე ქართულ ტაძრებში ყველაფერი რუსული ტიპიკონით მიდის, უბრალოდ, ქართულ ენაზე.
ასე გადავწყვიტე ამ ხატის დაწერა. ამ ხატის ანალოგს ვაკეთებ კარპატებისთვის და თავად ჩავიტან გაზაფხულზე. საკმაოდ დიდი ხატია და დიდი დრო სჭირდება მის დასრულებას. ეს ხატი არ მინდა, უკრაინაში წავიდეს. დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს ეკლესია ოდესმე აღიარებს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას და ეს ხატი ამისთვის დავწერე.