რის საფუძველზე გააქვთ აუქციონზე მოქალაქეების უძრავი ქონება ბანკებს?
გიგა გელხვიიძე
გაზეთ „ქრონიკა+“-ს საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, თეიმურაზ მაჩიტიძე დაუკავშირდა, რომელმაც მოგვაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ წაართვა მას „საქართველოს ბანკმა“ კუთვნილი უძრავი ქონება ბაკურიანში, შემდგომში როგორ გაიტანა იგი აუქციონზე და თავადვე შეისყიდა.
მაჩიტიძის ქეისი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია იმით, რომ მასში, ალბათ, საკუთარ ამბავს ბევრი დაინახავს და შემდგომში იპოთეკით დატვირთული ქონების დასაცავად სწორ და ქმედით ნაბიჯებს გადადგამს.
_ თეიმურაზ, როგორ დაიწყო თქვენი პრობლემები „საქართველოს ბანკთან“?
_ „საქართველოს ბანკში“ მქონდა სესხი ლარსა და ევროში. შემდგომ ეს ლარში არსებული სესხი გადავწყვიტე, რომ გადამეტანა ევროში და აღნიშნული თხოვნით მივმართე ბანკირს, რომ ლარის არსებული თანხა გადამიტანეთ ევროშიო. ამ დროს აღმოვაჩინე, რომ ჩემს მიერ გადახდილი 26 000 ლარი გამქრალი იყო ანგარიშებიდან.
_ რომელ წელს აიღეთ ეს სესხი?
_ 2020 წელს გავაკეთე სესხი „საქართველოს ბანკში“.
_ რომელ წელს დაარღვია ბანკმა ხელშეკრულება?
_ 2022 წლის იანვარში. არ განმიმარტა, სად წავიდა ჩემ მიერ გადახდილი თანხები, რომელიც გაიბნა და გაქრა ანგარიშიდან, 26 000 ლარი არც ჩემთვის და არც არავისთვის არ არის პატარა თანხა. ბანკირს ვკითხე მაშინვე, თუ სად წავიდა ეს თანხა, ჩვენი მიმოწერა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ხორციელდებოდა.
_ რა გიპასუხათ?
_ რომ ნასარგებლები მქონდა საშეღავათო პერიოდით და ეს მოხდა პანდემიის პერიოდში. რეალურად, არ მქონდა ნასარგებლები საშეღავათო პერიოდით და ამის დამადასტურებელი დოკუმენტაციაც გამაჩნდა, კონკრეტულად კი მიწერილი მქონდა ბანკირისთვის საშეღავათო პერიოდით სარგებლობასთან დაკავშირებით და მას ჰქონდა მოწერილი, რომ არ შემეძლო საშეღავათო პერიოდით სარგებლობა გამომდინარე, იქიდან, რომ არ ვცხოვრობდი საქართველოში და ვიმყოფებოდი უცხოეთში. ეს სქრინიც გადავუგზავნე ბანკირს და ვუთხარი, რომ არ მიფიქსირდება არაფერი გადახდების გარდა, რადგანაც ამა და ამ მიზეზის გამო, უბრალოდ, ვერ ვისარგებლებდი საშეღავათო პერიოდით-მეთქი.
_ რა ხდება ამის შემდგომ? როგორი იყო ბანკის რეაქცია?
_ ბანკისგან მივიღე პასუხი, რომ გაარკვევდნენ და დამიკავშირდებოდნენ, ეს გაგრძელდა ერთი თვე. დრო დამაკარგვინეს აღნიშნული დაპირების მოსმენაში.
_ როგორ მოიქეცით შემდგომ, როცა აღმოაჩინეთ, რომ ბანკი, უბრალოდ, დროს წელავდა?
_ განვუცხადე, რომ პროტესტის ნიშნად გადავიხდიდი კიდევ ერთი თვის ფულს და ამის მერე უბრალოდ, აღარ გადავიხდიდი, პროცენტს, სანამ არ გაერკვეოდნენ ჩემს საქმეში. აღნიშნულის გასარკვევად ბანკს 45-დღიანი ვადა მივეცი, ეს მიღებული პრაქტიკა არის საფრანგეთში. ავუხსენი, რომ სანამ არ განმიმარტავდნენ, თუ სად წავიდა ჩემ მიერ გადახდილი 26 000 ლარი, მე არაფერს გადავიხდიდი.
_ რა ხდება შემდგომ?
_ ბანკისგან იყო სრული დუმილი, სესხი გადავიდა ვადაგადაცილებაში და ამის მერე თავად გავამზადე სარჩელი, რომ მიმემართა თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის. როდესაც გავამზადე ეს სარჩელი, დავუკავშირდი ბანკირს და ვუთხარი, რომ მე ვიწყებდი სასამართლო დავას.
_ როგორი იყო ბანკის რეაქცია აღნიშნულზე?
_ დამიკავშირდა „საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელი ლევან ხარშილაძე, რომელიც გამეცნო იურისტად. მან განმიმარტა, რომ ბანკი თანახმა იყო იმ თანხაზე, რასაც ვახსენებდი. უბრალოდ, მიცვლიდა ხელშეკრულების პირობებს.
_ როგორი იყო ეს პირობები?
_ ქონება გადმოგვიფორმე და ამის შემდგომ გამოისყიდე უკან, ყოველთვიური გადახდით გამოსყიდვის პრინციპითო. ვინაიდან ჩემთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა იმას, თუ რა პირობის იქნებოდა ხელშეკრულება და მთავარი იყო დამრჩენოდა გადახდის ის სისტემა, რომლითაც მანამდე ვსარგებლობდი, შესაბამისად, აღნიშნულ შემოთავაზებას დავთანხმდი. დედაჩემი, მინდობილი პირი მიიყვანეს ნოტარიუსში, კონტრაქტზე, რომელზეც შევთანხმდით, სასურველი ყოველთვიური გადახდის სისტემით მოაწერინეს ხელი, თუმცა ჰქონდათ თავიანთი კონკრეტული მოთხოვნა, _ მე უნდა შემეწყვიტა სასამართლო დავა, სხვა შემთხვევაში არ გაფორმდებოდა შეთანხმება ნოტარიუსში. დავეთანხმე ამ ყველაფერზე, თუმცა იყო კიდევ ერთი მოთხოვნა, რომ ხელშეკრულების ოთხივე ეგზემპლარი მათთან უნდა დარჩენილიყო და ელექტრონულად გადმომიგზავნიდნენ.
_ დათანხმდით ამაზე?
_ დედაჩემი ენდო მათ, ვინაიდან ბანკის წარმომადგენლები იყვნენ, ყველაფერი ნოტარიუსთან გაფორმდა, ამიტომაც ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ მშვიდად წამოვიდა, მეც ასევე ვიყავი მშვიდად, რადგანაც მივიჩნიე, რომ პრობლემა, რომელიც წარმოიქმნა, მოგვარდა.
მეორე დღეს რომ არ მივიღე ელექტრონულად დოკუმენტი, უკვე დავიწყე დარეკვა ბანკირთან. როცა არ მიპასუხა, ამის მერე გავაგზავნე ელექტრონული ფოსტით შეტყობინებები მასთან.
გვიან ღამით მომივიდა მოკლე ტექსტური შეტყობინება ელექტრონულ ფოსტაზე, სადაც ეწერა, რომ თქვენსა და „საქართველოს ბანკს“ შორის ხელშეკრულება არ გაფორმებულა ნოტარიულად, რადგანაც თქვენ იყავით უარზე და „საქართველოს ბანკმა“ მას არ მოაწერა ხელიო. ზუსტად ეს შეტყობინება მომივიდა და იქვე ეწერა, რომ ჩემი ქონება გადიოდა აუქციონზე.
გადავედი თბილისის „აუქციონის სახლის“ ვებგვერდზე, რომელთანაც „საქართველოს ბანკი“ თანამშრომლობს და ვხედავ, რომ ჩემი აუქციონის დასრულებამდე დარჩა 14 საათი. რეალურად რჩებოდა 5 სამუშაო საათი, მეტი დრო არ მქონდა.
_ რა მოიმოქმედეთ ამის შემდგომ?
_ პირველი, რაც გავაკეთე, ის იყო, რომ მივმართე საფრანგეთის პოლიციას დახმარების თხოვნით, რომ მე ვიყავი ლტოლვილი საფრანგეთში, მქონდა აქ თავშესაფარი და საქართველოში ვკარგავდი ქონებას. მათ დაიტოვეს ჩემი განაცხადი, მითხრეს ასევე, რომ დავკავშირებოდი საქართველოს შს სამინისტროს და ასევე მირჩიეს, რომ მინდობილი პირი, რომელსაც შეეძლო ჩემი კუთვნილი ქონების განკარგვა, მისულიყო იუსტიციაში და გაეფორმებინა აკრძალვა უძრავ ქონებაზე, რის შემდგომაც უნდა მიგვემართა სასამართლოსთვის და მას უნდა დაეკმაყოფილებინა ჩვენი მოთხოვნა, თუმცა მთავარი იყო აკრძალვის გაფორმება პირველ ეტაპზე. ასეც მოვიქეცით.
_ შეწყდა აუქციონი?
_ ბანკმა თავად იყიდა ჩემი ქონება აღნიშნული აუქციონიდან, და ამის შემდგომ მოითხოვა საჯარო რეესტრში, რომ მისთვის დაეკანონებინათ ეს ქონება, თუმცა საჯარო რეესტრმა არ დაურეგისტრირა ქონება, ვინაიდან ჩემი მხრიდან იყო შეტანილი აკრძალვის განაცხადი საჯარო რეესტრში, რომელიც ჯერ კიდევ განხილვის პროცესში იყო და საქალაქო სასამართლოს ჰქონდა გამოტანილი განჩინება, რომ განხილვის დასრულებამდე შეჩერებულიყო გადაფორმების პროცესი.
ამის შემდეგ ბანკი გვედავა და სასამართლო დავა გაგრძელდა ორი წლის მანძილზე. ბანკი დაობდა, რომ ის იყო პატიოსანი მყიდველი, რომ მან იყიდა ეს ქონება აუქციონზე და სესხიც დაფარულია, იპოთეკაც მოხსნილია და ა. შ., თუმცა მოსამართლემ გამოიტანა უპრეცედენტო განაჩენი და პირდაპირ განმარტა, რომ „საქართველოს ბანკს“ შეეზღუდა ქმედების განხორციელების უფლება, რომელიც ამტკიცებდა, რომ მან ჩემი ქონების აუქციონზე გატანა შეძლო მე-8 პუნქტის მეშვეობით, რომელიც ჩვენს ხელშეკრულებაში იყო ჩაწერილი და სწორედ ეს მერვე პუნქტი აძლევდა ყველა იმ ქმედების საშუალებას, რომელიც განახორციელეს მათ.
მსგავსი ტიპის პროცესები თითქმის ყოველდღიურად ხდება და ყველა შემთხვევაში ამოქმედებენ ამ მე-8 პუნქტს და მისი მეშვეობით ქონების ართმევენ ადამიანებს.
_ ამ შემთხვევაში თქვენ გაგიმართლათ.
_ უბრალოდ მე ვცხოვრობ საფრანგეთში. ამ პროცესების დროს გამახსენდა კითხვარი, რომელიც შეავსო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით. რამდენიმე დღის მანძილზე ვკითხულობდი, რათა ყველა დეტალი საფუძვლიანად შემესწავლა და იქ წავიკითხე ერთ-ერთ კითხვარში, რომ საქართველოში რაიმე სახის კერძო კომპანია (შპს) არ არსებობს, რომელიც მოქალაქეს იპოთეკური პრობლემების დროს უსხვისებს ქონებას, არსებობს მხოლოდ სასამართლო, რომელიც იღებს მსგავსს გადაწყვეტილებას და ეს გახდა ჩემი მთავარი ხელჩასაჭიდი მოსამართლესთან მიმართებით, რომ თუ თქვენ დააკმაყოფილებთ „საქართველოს ბანკის“ მოთხოვნას, რა გამოდის, რომ პრემიერ-მინისტრი იტყუება-მეთქი? ამის საფუძველზე გამოიტანა შემდგომ უკვე მოსამართლემ გადაწყვეტილება, რომელზედაც უკვე გესაუბრეთ და სადაც პირდაპირ წერია, რომ მე-8 მუხლი, რომლის დახმარებითაც ბანკები ასხვისებენ ადამიანების ქონებას და ახლაც აღმოაჩენთ, რომ შეხვიდეთ კონკრეტულ ვებგვერდზე, აუქციონზე გამოტანილ ქონებებს, ეს მე-8 მუხლი არ ითვლება კანონიერად, რადგანაც ის ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობას და მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს მისი ამოქმედება გამართლებულად, თუ ქონების მეპატრონე დაწერს, რომ ის თანახმაა, „სააუქციონო სახლმა“ გაიტანოს ქონება აუქციონზე. ეს იყო მთლიანი დავა საბოლოო ჯამში.
ეს ამბავი არ მეხება მარტო მე, ეს ამბავი ეხება ბევრს და არ მინდა სხვებიც აღმოჩნდნენ ჩემს მდგომარეობაში. მე ამ შემთხვევაში მოვიგე პროცესი, თუმცა შეიძლება ვინმემ ეს ვერ მოახერხოს და დარჩეს უსახლკაროდ.
როცა ამ ინფორმაციის გავრცელება დავიწყე სოციალურ ქსელში, ბანკმა მომწერა ტექსტი, რომ ეს იყო პირველი ინსტანციის სასამართლო, რომელიც ჩატარდა და მე თავი უნდა შემეკავებინა მსგავსი სახის პოსტების გავრცელებისგან, რადგან ჯერ კიდევ წინ არის მომდევნო ინსტანციებიო.
_ ვინ იცავდა თქვენს უფლებებს?
_ იურისტი არ მყავდა, თავად ვიცავდი საკუთარ თავს, ვინაიდან ამ მიმართულებით საფრანგეთში მივიღე განათლება, უბრალოდ, მონიტორინგის მიზნით მივმართე სახალხო დამცველს და საფრანგეთის საელჩოს, რომ მათ გაეწიათ მონიტორინგი სასამართლო პროცესისთვის.
_ როგორი იყო ჩართულობა სახალხო დამცველის აპარატის ამ შემთხვევაში?
_ სახალხო დამცველისა და ეროვნული ბანკის პასუხი იყო ყველაზე დიდი კოშმარი. დავა საფრანგეთშიც მაქვს ამ საქმეზე დაწყებული, რომელიც შემდგომში საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა გადაეწეროს. რამდენჯერმე მომმართეს (ფრანგულმა მხარემ) შეკითხვით, ნამდვილად სწორი ნათარგმნი იყო თუ არა მათი პასუხი.
სახალხო დამცველმა გამცა ისეთი პასუხი, რომ ჯერჯერობით უნდა დასრულდეს სასამართლო დავები და თუ აღმოჩნდება, რომ სასამართლომ დაარღვია რაიმე, ვინაიდან ჩვენ ბანკს ვერ ვეხებითო, ამის შედგომ გავუწევთ მონიტორინგს პროცესებს, მანამდე ვერ ჩავერევითო. რაც შეეხება ეროვნულ ბანკს, მათმა წარმომადგენლებმა დასმულ შეკითხვაზე, _ დააჯარიმეს თუ არა „საქართველოს ბანკი“, რომელმაც მსგავსი ქმედება ჩაიდინა? _ მითხრეს, რომ ეს ინფორმაცია იყო კონფიდენციალური და ისინი ვერ მეტყოდნენ, დაჯარიმდა თუ არა ბანკი. ამას მეუბნებიან ჩემ მიერვე შეტანილ სარჩელზე და საქმეზე, რომელიც თავად მე წამოვიწყე და მე ვარ აღნიშნულის ერთ-ერთი მხარე.
_ თქვენს მაგალითზე ინტერესდებით თუ არა, რა ხდება სხვებთან მიმართებით ამ მხრივ? აღნიშნულ კითხვას გისვამთ იმიტომ, რომ სხვებისთვის ერთგვარი პრევენციის საშუალებაა თქვენი ქეისი, რომელიც გაასაჯაროეთ.
_ უამრავი ადამიანია ამ პრობლემით. ამის გამო სპეციალურად ავიღე შვებულება, რომ მქონოდა თავისუფალი დრო, გადამეხედა ყველაფრისთვის და დღესაც კი მიმდინარეობს ამ პრინციპით სააუქციონო სახლის ვებგვერდზე ბინების გაყიდვა აუქციონის წესით. აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროსაც ვაცნობე და ვუთხარი, რომ მსგავსი ფაქტები ხდება საქართველოში. რადგანაც 11 დეკემბერს გამოსცა მოსამართლე თამარ ხაჟომიამ განჩინება, რომლის საფუძველზეც პირდაპირ წერია, რომ ამის უფლება ამ კომპანიას არ აქვს და იქნებ, მიხვიდეთ და შეამოწმოთ ან დალუქოთ ან რაიმე მსგავსი-მეთქი.
მინდა აღვნიშნო აქვე ის ფაქტიც, რომ „საქართველოს ბანკმა“ მიჩივლა ძალიან ბევრჯერ ამ ორი წლის მანძილზე და ასევე საჩივარი შეიტანა საჯარო რეესტრის წინააღმდეგაც.
_ რა იყო ძირითადი მოტივი ამ საჩივრების?
_ საჩივარში წერია ასეთი რამ: რადგანაც ჩვენ ვერ ვიფორმებთ ამ ქონებას, გამომდინარე იქიდან, რომ საჯარო რეესტრს აქვს მსგავსი დოკუმენტი გაცემული (აკრძალვა ქონების გადაფორმების), ბანკი ვეღარ შეძლებს, რომ გასცეს სესხი და ძალიან დიდი ზიანის მიყენება ხდება მისთვისო. ეს იყო ერთი საჩივარი, რომელიც დაუშვებლად ცნო მოსამართლემ და მეორე საჩივარში თითქოს დაამძიმეს სიტუაცია და წერია, რომ ეს არა მხოლოდ ბანკს დააზიანებს, სახელმწიფოშიც კი კრიზისს გამოიწვევსო. უბრალოდ, სასაცილოა ეს ყველაფერი მათი მხრიდან.
მაჩიტიძესთან საუბრის შემდგომ პირველი, რაც გავაკეთეთ „სააუქციონო სახლის“ ვებგვერდზე (auctionhouse.ge) შევედით, სადაც ახლაც კი მიმდინარეობს სხვადასხვა სახის სააუქციონო პროცესი და შეგიძლიათ ნახოთ აუქციონზე გამოტანილი კერძო სახლები, აგარაკები, ბინები და სხვა სახის უძრავი თუ მოძრავი ქონება.
„სააუქციონო სახლთან“ დაკავშირება მარტივი აღმოჩნდა, საკონტაქტო ინფორმაცია მათ საკუთარ ვებგვერდზე აქვთ განთავსებული.
კომპანიის ერთ-ერთ წარმომადგენელთან საუბრისას გაირკვა, რომ ქონება, რომელიც გამოტანილია აუქციონზე, არის ბანკის და ისინი ზუსტად იმავე პრინციპით მოხვდნენ „აუქციონის სახლის“ ვებგვერდზე, როგორც, თავის დროზე, თეიმურაზ მაჩიტიძის ბაკურიანში არსებული უძრავი ქონება:
_ გამარჯობა, მაინტერესებს, თქვენს ვებგვერდზე განთავსებული ქონება ბანკის მიერ არის გამოტანილი აუქციონზე?
_ იპოთეკით არის დატვირთული და აუქციონზე გადის კრედიტორის მოთხოვნით.
_ თანხმობა თუ არის მეპატრონის, რომ ის თანახმაა, გავიდეს მისი ქონება აუქციონზე?
_ მეპატრონის თანხმობა აისახება იპოთეკის ხელშეკრულებაში.
_ ანუ ეს იპოთეკის მე-8 პუნქტით არის გამოტანილი?
_ გააჩნია, სხვადასხვა საქმეში სხვადასხვა მოტივით გამოდის.
_ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თქვენს გვერდზე ხვდება უძრავი ქონება, რომელსაც არ ახლავს მეპატრონის თანხმობა იმის თაობაზე, რომ ის თანახმაა, გასხვისდეს აღნიშნული უძრავი (ან მოძრავი) ქონება აუქციონის წესით.
_ როგორც გითხარით, მესაკუთრის თანხმობად მიიჩნევა იპოთეკის ხელშეკრულება, რომელიც მას აქვს დადებული ბანკთან. ჩვენ ბანკი მოგვმართავს განცხადებით, წარმოგვიდგენს დავალიანებას, ასევე იპოთეკის ხელშეკრულებას სხვა ხელშეკრულებებთან ერთად და ქონება გადის ამის შემდგომ აუქციონზე.
რაც შეეხება ჩვენს შენიშვნას იმის თაობაზე, რომ მოსამართლემ იპოთეკის ხელშეკრულების მე-8 პუნქტთან დაკავშირებით გამოიტანა გადაწყვეტილება მისი ანულირების შესახებ, ვინაიდან ის არ იყო თავსებადი საქართველოსა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან, „აუქციონის სახლის“ წარმომადგენელმა განგვიცხადა, რომ მისთვის გადაგვეგზავნა აღნიშნული და განიხილავდნენ მას.
„ქრონიკა+“ მხოლოდ ამით არ შემოფარგლულა, ის ასევე დაუკავშირდა საქართველოს ბანკის წარმომადგენელ თამთა მელიქიძეს, რომელსაც აღნიშნულზე ესაუბრა, თუმცა მელიქიძემ განგვიცხადა, რომ მოგვიანებით თავად დაგვიკავშირდებოდა, თუმცა მან საუბრისგან თავი შეიკავა და „საქართველოს ბანკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელნ ნინო ფოფხაძესთან გადაგვამისამართა. როდესაც ნინო ფოფხაძეს ავუხსენით, რა საკითხთან დაკავშირებით გვინდოდა მათი პოზიციის მოსმენა, მან განგვიცხადა, რომ საქმის მასალები უნდა მოიძებნოს, ამის შემდგომ მოხდეს იურისტებთან გავლა ყველაფრის და პასუხის გაცემას მხოლოდ წერილობითი ფორმით შეძლებდა.
„ქრონიკა+“-მა ფოფხაძის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე გააგზავნა წერილი:
„რამდენიმე შეკითხვა მაქვს თეიმურაზ მაჩიტიძის საქმესთან დაკავშირებით, რომელსაც ვადაგადაცილების გამო საქართველოს ბანკმა, კერძო სააუქციონო კომპანიის მეშვეობით, კუთვნილი უძრავი ქონება გაუტანა აუქციონზე გასაყიდად.
ჩვენთან საუბრისას მაჩიტიძე აცხადებს, რომ ის კეთილსინდისიერად იხდიდა ყოველთვიურად გადასახადს და ერთ დღესაც აღმოაჩინა, რომ მის მიერ გადახდილი თანხა (26 000 ლარი) არ ფიქსირდებოდა გადახდებში, რის მიზეზადაც ბანკის წარმომადგენელმა მას საშეღავათო პერიოდი დაუსახელა.
საქმის მოკვლევის შემდგომ გაირკვა, რომ მაჩიტიძეს არ უსარგებლია საშეღავათო პერიოდით და პროტესტის ნიშნად (სანამ საკითხი გაირკვეოდა), მან არ გადაიხადა პროცენტი, რის გამოც მისი სესხი გადავიდა ვადაგადაცილებაში და ამის გამო გავიდა უძრავი ქონება აუქციონზე.
შემდგომში ბანკის წარმომადგენელსა და მას შორის შედგა შეთანხმება, რომლის საფუძველზეც მაჩიტიძემ ბანკს გადაუფორმა უძრავი ქონება, თუმცა ბანკმა დაარღვია პირობა და ნაცვლად იმისა, რომ მას ყოველთვიურად უნდა გადაეხადა თანხა ქონების გამოსყიდვის საშუალებით, ქონება აუქციონზე გაიტანა.
ამასთან დაკავშირებით შედგა სასამართლო პროცესი ბანკსა და მაჩიტიძეს შორის, რომელიც მოსარჩელის (თეიმურაზ მაჩიტიძე) გამარჯვებით დასრულდა.
ამ საკითხთან დაკავშირებით მაინტერესებს ბანკის იურისტის პოზიცია“.
აღნიშნულს თანვე დავურთეთ ის ინფორმაციაც, რომ თუ ბანკი არ დაგვიბრუნებდა პასუხს, საგაზეთო მასალა მათი კომენტარის გარეშე დაიბეჭდებოდა.
ჩვენი წერილის საპასუხოდ „საქართველოს ბანკმა“ მოგვწერა, რომ მაჩიტიძესა და ბანკს შრის დავა ჯერ კიდევ გრძელდება, თუმცა ისინი სთავაზობენ მას, რომ მოხდეს მოლაპარაკება ბანკსა და მომხმარებელს შორის, რომელიც მოსამართლის თანდასწრებით შედგება.
„გიგა, გიგზავნით ბანკის პოზიციას:
სს „საქართველოს ბანკსა“ და თეიმურაზ მაჩიტიძეს შორის სხვადასხვა დროს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულებები. იმის გამო, რომ მოვალემ არ შეასრულა დაკისრებული ფინანსური ვალდებულება, ბანკი იძულებული გახდა, დაეწყო სამართლებრივი პროცედურები, მათ შორის, კანონმდებლობისა და ხელშეკრულების მოთხოვნათა სრული დაცვით უძრავი ქონება გაეტანა აუქციონზე. თუმცა მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით, ბანკმა გამოთქვა მზადყოფნა, საქმე დასრულებულიყო მოლაპარაკებით და მომხმარებლის სასარგებლოდ წავიდა დათმობაზე, თუმცა თეიმურაზ მაჩიტიძემ ჩაშალა ბანკსა და მის შორის არსებული მოლაპარაკება.
სასამართლო დავის ფარგლებში პირველი ინსტანციის მიერ მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თეიმურაზ მაჩიტიძის სარჩელი, ამასთან ასევე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ბანკის მოთხოვნა და თეიმურაზ მაჩიტიძეს დაეკისრა ბანკის წინაშე არსებული ვალდებულების შესრულება.
ბანკი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ კვლავაც მზად არის, დავა დაასრულოს მორიგებით, სასამართლოში და მოსამართლის თანდასწრებით, რათა თავიდან იქნეს აცილებული მომხმარებლის მხრიდან პროცესთან დაკავშირებული ინტერპრეტაციები“, _ ნათქვამია „საქართველოს ბანკის“ პასუხში.