ვახტანგ ყოლბაია: „უნდა აღდგეს ნდობა ქართველსა და აფხაზს შორის“
ირინა მაკარიძე
ოკუპირებული აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი შამბას განცხადება აფხაზეთის უზენაესი საბჭოს წევრ ვახტანგ ყოლბაიასთან ონლაინ საუბარში, რომ „ქართულ-აფხაზური კონფლიქტი შვილებსა და შვილიშვილებს არ უნდა გადაეცეს“ და „აუცილებელია მშვიდობიანი თანაცხოვრების შესაძლებლობების მოძიება“, მღელვარებისა და განხილვის საგანი გახდა როგორც საქართველოში, ასევე ოკუპირებულ აფხაზეთში. რამდენიმე დღეში ამას მოჰყვა უშედეგოდ დასრულებული ჟენევის მოლაპარაკება და ასევე დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ინალ არძინბას განცხადება ქართულ-აფხაზური ურთიერთობების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების აკრძალვის შესახებ.
ამ ვითარებაში რამდენად არსებობს დიალოგის პერსპექტივა? რა კეთდება და რა უნდა კეთდებოდეს ამ მიმართულებით? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრი, ვახტანგ ყოლბაია:
_ შამბა ამბობს, რომ აფხაზეთის კონფლიქტი არ უნდა დაუტოვოს ჩვენმა თაობამ შთამომავლობას. ამის შესახებ ბევრმა გამოთქვა აზრი. ბევრი დაიწერა, ბევრი ითქვა, იყო კრიტიკაც, რომ „ჩვენ, მიამიტებმა და უვიცებმა, აფხაზი სეპარატისტების იდეოლოგის შეგონება მივიღეთ, როგორც აფხაზების მხრიდან დიალოგის მოთხოვნა“. გვიწოდებენ „მიამიტებსა“ და „დოყლაპიებს“ და რომ არავის გვაქვს გაცნობიერებული, რა უნდა შამბას, რა უნდა არძინბას და ძმათა მათთა. აფხაზეთის პრობლემა გუშინდელი და გუშინწინდელი არ არის. აფხაზეთის პრობლემას აქვს ძალიან სიღრმისეული და სერიოზული ფესვები. ამაში ახალი არაფერია, გარდა იმისა, რომ აფხაზეთის საკითხი პოლიტიკის საგნად აქციეს. ზოგს პოლიტიკად მიაჩნია ართქმა, იმიტომ რომ არ იციან, რა თქვან და რა წახნაგები გამოიყენონ. ამბობენ იმას, რაც ზედაპირზე დევს და პოლიტიკის ნაწილად უნდათ გახადონ, ან ყველაზე უარესი, საერთოდ უვიცობასთან გვაქვს საქმე, არ აქვთ გათავისებული აფხაზეთის მენტალობა, აფხაზეთის ხასიათი, საერთოდ, აფხაზეთის არსებობა საქართველოს წიაღში, რა ურთიერთობები იყო მე-18, მე-19, მე-20 საუკუნეებში. ვიცით, რომ აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარება არ არის იოლი საქმე, თუ ურთიერთობებს არ გავითვალისწინებთ და პიროვნულ მომენტებს არ გამოვიყენებთ.
_ აზრთა სხვადასხვაობა ბუნებრივია. ბატონო ვახტანგ, თქვენ გვითხარით, როგორ მიგაჩნიათ სწორად ამ საკითხზე მუშაობა?
_ აფხაზეთის თემა გამხდარია პოლიტიკური სპეკულაციის თემად ზოგიერთისთვის და არა იმიტომ, რომ სხვადასხვა აზრი აქვთ. სხვადასხვა აზრი უნდა არსებობდეს, ერთი აზრით ვიარეთ 70 წელი და სადამდეც მივედით, კი ვნახეთ. საქმე ის არის, რომ აზრთა სხვადასხვაობა იმ შემთხვევაშია კარგი, როცა ჯანსაღი მსჯელობა მიდის და გულწრფელი ახსნა იმ სიტუაციისა, საიდანაც გამოსასვლელი ვართ დღეს. თქვენ ჟენევის მოლაპარაკებები ახსენეთ და ჟენევაში რითაც ჩავედით, იმით წამოვედით უკან. უკვე ათეულ წელზე მეტია, ჟენევის ეს ფორმატი არსებობს და ამაზე უკეთესი ფორმატი ჩვენ არ გვაქვს. ამ ფორმატს უნდა ჩავჭიდოთ ხელი და იქიდან გამოვადნოთ რამე, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დანარჩენი ყველაფერი უნდა ჩაიკეტოს. არამც და არამც, კი არ უნდა ჩაიკეტოს, არამედ უნდა გაიხსნას სხვა გზები, სხვა მიმართულებები, ვისაუბროთ, დავიხმაროთ ჩვენი მეგობრები.
_ სხვა გზებში რას გულისხმობთ, სახალხო დიპლომატიას?
_ დიახ, სახალხო დიპლომატიას, პირველ რიგში, მაგრამ მე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრი ვარ და ხელისუფლების ნაწილად მივიჩნევი. მე თუ გამოვიყენე ჩემი ურთიერთობა იქ დარჩენილ მოსახლეობასთან, ამით სახელმწიფო პოლიტიკის ხაზს ვეწინააღმდეგები? პირიქით. სახალხო დიპლომატიის მრავალი სახეობა არსებობს _ კულტურაში, სპორტში, ჯანდაცვაში ხომ კეთდება და უფრო თამამად წავიწიოთ წინ. არის კიდევ დარჩენილი უამრავი ნაკადი, სადაც უნდა მივმართოთ ჩვენი ძალისხმევა, რომ ამ ნაკადებისგან შეიქმნას დიდი მდინარე, რომელიც შეუერთდება ზღვას და ამ ზღვაზე უნდა გავდოთ ხიდი, სხვა გზა არ არსებობს.
_ ბატონო ვახტანგ, თუ გაქვთ რამე ნუგეშის მომცემი ე. წ. სიგნალი, ინფორმაცია, რაც გაძლევთ იმედს, რომ შედეგიანი იქნება ეს პროცესი? რამე ცვლილება არის აფხაზების დამოკიდებულებაში, რამე გადააფასეს?
_ რა მინიშნება უნდა წამოვიდეს იმ ხელისუფლებისგან დღეს, რომელიც რუსეთის ნებაზეა დამოკიდებული? ეს ნიშნავს იმას, რომ არ ვილაპარაკოთ, არ მოვსინჯოთ, არ წამოვიყვანოთ ისინი ჩვენთან სალაპარაკოდ? აფხაზეთში აგინეს შამბას ჩემთან საუბრის გამო და კარასინის დავალება უწოდეს მის თანხმობას ჩემთან საუბარზე, თუმცა ეს ფორმატი ჩემი ინიციატივა არ ყოფილა, მაგრამ ასეთი რამ გაჟღერდა. აფხაზები აგინებენ და ამტყუნებენ შამბას, რომ მას ეკონომიკის მეშვეობით ქართველების შემოყვანა უნდა აფხაზეთში და ამით ქართველების დაბრუნება იქ. ჩვენი ვაიპატრიოტებიც ფიქრობენ, რომ ჩვენ ეკონომიკით თუ დავბრუნდებით აფხაზეთში, ეს უარესია. აი, ასეთი მიდგომების წინააღმდეგი ვარ მე, ამას ვეწინააღმდეგები. მე მყავს ისეთი ნაცნობი აფხაზები, რომლებიც პირად საუბრებში მეუბნებიან და მოილტვიან ჩვენკენ, მაგრამ, ჯერჯერობით, მათ ეშინიათ ამის ხმამაღლა ლაპარაკის. მე არ ველოდები, რომ შამბა და მისნაირი ხალხი იტყვის, რომ „გაუმარჯოს საქართველოს“ და „ჩვენ მოვდივართ საქართველოში და არიქა, შემოგიერთდებით, ძმებოო“. არ ველოდები ამას და არც ვკადრებ ამას ოდესმე, მაშინ საუბარი არ გამოვა. ამით რომ დაიწყო საუბარი, ცხადია, ეს უშედეგო იქნება. მაგრამ ვინც არ ეძებს, ის ვერც პოულობს, ამიტომ უნდა ვეძებოთ გზა, რომ ვიპოვოთ ის, რაც გვინდა.
_ რაც შეეხება ეკონომიკურ კავშირებს, ჩვენი ვიცით, რომ რუსეთს აქვს ინტერესი, გამოიყენოს აფხაზეთის გზა, აღადგინოს ჩაკეტილი მაგისტრალები, საუბარი იყო ენგურზე ახალი ხიდის მშენებლობაზეც. რა იცით ამის შესახებ და რა შეგიძლიათ, თქვათ?
_ ეს ინტერესი რომ არსებობს, რუსეთმა 1994 წელს გააჟღერა, როდესაც ასლან აბაშიძე იყო აჭარის ხელმძღვანელი, ამას ლობირებდა რუსეთი. ეს თემა ახალი არ არის. რუსეთს უნდა გახსნა არა საქართველოსთან, არამედ საქართველოს გავლით სხვა რეგიონებში გასვლა. ეს ცნობილია.
_ მაგრამ ახლა ამ საკითხმა რუსეთისთვის უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა, რადგან სხვა გზები დაიკეტა მისთვის. ამას გეკითხებით…
_ რადგან ის სანქცირებულია ყოველი მხრიდან, რა თქმა უნდა, რუსეთს ექნება სურვილი ამ გზების გახსნის, მაგრამ ამის შესახებ არაფერი ვიცი. არ მგონია, ხელისუფლება წავიდეს ამაზე. ვუყურებ ხელისუფლების ნაბიჯებს და დადებითად ვაფასებ მის პოლიტიკას.
_ კონკრეტულად რას გულისხმობთ საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯებში?
_ იმას, რომ თავიდან აიცილა ომი, რა პოზიციასაც იჭერს უკრაინის საკითხთან დაკავშირებით და დგამს ნაბიჯებს ევროინტეგრაციის მიმართულებით. დადებითად ვაფასებ იმასაც, რომ არ აკეთებს ყველაფერზე რეაგირებას, რაც ხდება აფხაზეთში, რომელიც ეხება შავ ზღვაზე, ოჩამჩირეში პორტის განლაგებას. ამაზე შესაბამისი სტრუქტურები აკეთებენ განცხადებას და არ იყო საჭირო კიდევ დამატებითი რეზოლუციის მიღება პარლამენტისგან. საკმარისი იყო უშიშროებისა და საგარეო უწყების განცხადებები
_ სოხუმის ციხეში დაკავებულები არიან ირაკლი ბებუა და ქრისტინე თაკალანძე, რა კეთდება მათ დასახსნელად?
_ ეს არაკორექტული შეკითხვაა, რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ? ჩვენი ლეგიტიმაცია ვრცელდება აფხაზეთზე? ტანკები არის შესაყვანი, თვითმფრინავი უნდა გამოვიყვანოთ და დავარტყათ სოხუმსა და ცხინვალს, თუ რა უნდა გავაკეთოთ? რაც არის ჩვენს ხელთ არსებული შესაძლებლობები, ჟენევის პროცესი, განცხადებები, არასამთავრობო სექტორის მუშაობა, ცხელი ხაზი, _ ყველაფერი ეს ამოქმედებულია. ჟურნალისტებმა თუ არ იცით, ეს ცუდია, თორემ საომარი პროცესის გარდა, ყველა დიპლომატიური ბერკერტი გამოყენებულია. კიდევ რა უნდა გაკეთდეს? თაკალანძე ჩემი რაიონიდან არის, ახალგაზრდა ქალბატონია, რომლის დედაც დადის ჩვენთან. ბუნებრივია, წუხს მშობელი. 21-ე საუკუნეში აფხაზეთში ჯაშუშობა დააბრალო ქალს და 18 წელი მიუსაჯო, ეს არის უგუნურობისა და უტიფრობის მაგალითი, მაგრამ ასეთები არიან და რა უნდა გააკეთო? სხვადასხვა გზით მიდის მოლაპარაკება, ჟენევის ფორმატით, კულუარებში მიდის საუბარი, რომ დროზე ადრე გამოუშვან და ა. შ. ეს კი არა, კირბალში მომხდარი ამ უბედურების შესახებ რუსულმა მხარემ საერთოდ იგნორირება გააკეთა. საერთოდ არ მიიჩნია საჭიროდ ამ საკითხის განხილვა. ჩვენ გვაქვს ეს რეალობა და ამ რეალობის გათვალისწინების გარეშე რაიმე საკითხზე მსჯელობა, ცოტა არ იყოს, არასერიოზულია.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ გაქვთ თქვენი ხედვა დეოკუპაციასთან დაკავშირებით, როგორია ეს ხედვა? გარდა ამისა, ხშირად ამბობენ, რომ უნდა ვესაუბროთ რუსეთს და არა ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო წარმომადგენლებს, რომ არ მოხდეს უნებურად მათი აღიარება. ამბობენ ასევე, რომ აფხაზები გააკეთებენ იმას, რასაც ეტყვიან რუსები. თქვენ როგორ ფიქრობთ, თუ, ვთქვათ, რუსები გავლენ, აფხაზებს აქვთ მიმღეობა ქართველების მიმართ?
_ კარგი კითხვაა, არსებობს აფხაზეთის დეოკუპაციის მექანიზმი საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით, რასაც ახორციელებს ხელისუფლება. დეოკუპაციის პროცესი უნდა გაგრძელდეს იმგვარად, როგორც ეს კეთდება ხელისუფლების მხრიდან. მეორე მხარეა საერთაშორისო საზოგადოება. იცვლება მოვლენები და სხვანაირად ყალიბდება, ამიტომ შეიძლება ის ქვეყნები, რომლებმაც აღიარეს აფხაზეთის დამოუკიდებლობა, როგორც ვანუატუმ და ტუვალემ, უკან წაიღეს თავიანთი აღიარება, ისე წაიღონ სხვებმაც, როცა შეიცვლება გარე მოვლენები. არაფერი გამორიცხული არ არის. რაც შეეხება იმას, რაც მე ყველაზე მეტად მომეწონა, _ არის თუ არა მზაობა აფხაზეთში ჩვენი მიღებისთვის? ამაზე მე ხშირად ვსაუბრობ. დავუშვათ, რომ რუსეთი გავიდა აფხაზეთიდან, მართალი ხარ, _ ჩვენ ვიცით აფხაზების განწყობის შესახებ? ვიცით, გაუცხოებული თაობის შესახებ, რომელსაც არ ახსოვს ქართველებისა და აფხაზების ერთად ცხოვრება? როგორ მიიღებენ ისინი საქართველოს მიერ შემოთავაზებულ უსაფრთხოების გარანტიებს აფხაზეთის მოსახლეობისათვის? ძალიან ბევრი საკითხია, ამიტომ ვამბობ, _ ხვალ რომ რუსეთი გავიდეს, აფხაზებთან უნდა გვქონდეს დალაგებული სიტუაცია, რა უფლებამოსილებას დასთანხმდებიან, რა არის ჩვენი კომპეტენცია, რა არის მათი კომპეტენცია, როგორ იქნება უფლებამოსილების გამიჯვნა და სხვა საკითხდები. არ სჯობს, რომ ამაზე წინასწარ ვილაპარაკოთ და ეს გზები გავჭრათ? ამას ემსახურება ჩემი მცდელობა და იმას, რომ ვილაპარაკოთ, ხვალ და ზეგ რა იქნება. მე 2004 წლიდან ჩართული ვარ ამ საკითხებში. როცა პარლამენტის წევრი აღარ ვიყავი, არასამთავრობო ორგანიზაციებში ვმოღვაწეობდი, იქ ვხვდებოდი აფხაზებს უფრო ხშირად და ამაზე ვსაუბრობდით, ბევრი კვლევაც არის ამაზე გაკეთებული. ისინი თავისი მხრიდან სხვანაირად ხედავენ, ჩვენი დანახული თბილისიდან სხვა არის და ამის შეჯერებაზეა საუბარი. ამიტომ რუსეთი თუ გავა ხვალ და ზეგ, შეიძლება მე ამის არ მჯეროდეს, მაგრამ იქნებ… და ამისთვის უნდა იყოს მზადება და იქიდან მესიჯები. არ მინდა, მართლა ზედმეტი მიამიტობა გამომივიდეს, მაგრამ მირჩევნია, დავრჩე მიამიტად, ვიდრე ბოროტ, არაკონსტრუქციულ პიროვნებად, რომელსაც არაფრის სჯერა. როგორც იტყვიან, გაგვატარეთ, ვისაც გვჯერა. მჯერა, რომ დალაგდება ყველაფერი. ჩემი მშობლების, ერთადერთი ძმის საფლავები იქ მაქვს, მე მჯერა, რომ დაბრუნდებიან იქ ჩემი ძმისშვილები, მათი შვილები, ჩემი შვილები, შვილიშვილები. მე მჯერა და გამატარეთ! სახელმწიფოს საზიანოდ კი არ მინდა, რომ დავბრუნდეთ, მინდა აფხაზეთი საქართველოს წიაღში დაბრუნდეს. მანამდე უნდა აღდგეს ნდობა ქართველსა და აფხაზს შორის და ისინი უნდა მენდონ, რომ ჩემი დაბრუნებით მათ არაფერი უმუქრებათ.