„ოცნებას“ არაფრის ეშინია ისე, როგორც პატრიოტი ადამიანების“
ირინა მაკარიძე
კობა ხაბაზს, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების პირველსავე დღეებიდან უკრაინელი პატრიოტების მხარდამხარ იბრძვის, თბილისში პარლამენტის წინ საპროტესტო ქციაზე შევხვდით. იგი ამბობს, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიას ებრძვის, საქართველოში კი „რუსული ხელისუფლების“ ქმედებებს თანაპარტიელებთან ერთად აპროტესტებს.
უკრაინაზე, საქართველოზე, უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებზე, ომსა და მის პირად მოტივაციაზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება უკრაინაში „ქართული ლეგიონის“ მებრძოლი, არტილერისტი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, კობა ხაბაზი:
_ უკრაინაში ომის დაწყების პირველი დღეებიდანვე იმ ადამიანების გვერდით ვარ, რომლებიც უკრაინის თავისუფლებასა და ტერიტორიულ მთლიანობას იცავენ. არა მარტო მე, ყველა იმ ადამიანს, ვინც უკრაინაში არის, კარგად გვაქვს გააზრებული, რომ უკრაინის გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაა. პირველი _ უკრაინა არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა, მეორე _ ის არ ეომება რომელიღაც ჩვენთვის ნეიტრალურ ქვეყანას, უკრაინას თავს დაესხა ქვეყანა, რომელიც არის ჩვენი სამშობლოს ოკუპანტი. ამ ორი მოტივიდან გამომდინარე, რომ უკრაინა არის ჩვენი მეგობარი და ის ეომება ჩვენი ქვეყნის ოკუპანტს, რა თქმა უნდა, მე უნდა ვყოფილიყავი უკრაინაში. გარდა ამისა, უკრაინასთან ჩემი კავშირი არ არის ერთი და ორი დღის ამბავი. უკრაინაში მიმდინარე ყველა პროცესში, ეს იქნებოდა „მაიდანი“ თუ „ნარინჯისფერი რევოლუცია“, აქტიურად ვიყავი ჩართული. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, „მაიდნის“ დღეებში ჩემ მიერ დაფუძნებულმა ორგანიზაცია „თავისუფალმა ზონამ“ დაკარგა საუკეთესო ადამიანი _ დავით ყიფიანი, რომელიც იბრძოდა და რომლის სიტყვებს ლამის მთელ საქართველო იმეორებს: „უკრაინის გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაა, საქართველოს გამარჯვება უკრაინის გამარჯვებაა“. მას უყვარდა ამ ფრაზის გამეორება. მესამე მიზეზი, რაც ასევე ჩემი პირადი მოტივაციაა, მე ვარ ერთადერთი ადამიანი, რომელიც ორი ქვეყნის ღირსების ორდენითაა დაჯილდოებული. მე ვარ როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის ღირსების ორდენით დაჯილდოებული. უკრაინის პატრიარქმა დამაჯილდოვა უკრაინის ღირსების ორდენით. ყველა ამ მოტივიდან გამომდინარე, როგორც კი ომი დაიწყო, მე უნდა ვყოფილიყავი უკრაინაში.
_ შინაგანი მოტივაცია გასაგებია, მაგრამ საბრძოლო გამოცდილება რამდენად გქონდათ?
_ ვიცოდი, რომ ჩავიდოდი და აუცილებლად ვიპოვიდი ჩემს ადგილს. როცა გაქვს ადამიანს ძალიან ძლიერი მოტივაცია, აუცილებლად იპოვი შენს ადგილს. არ ვიცოდი, ეს რა იქნებოდა. ვფიქრობდი, რომ ჩავიდოდი, დავიჭერდი იარაღს ხელში და დავიცავდი კიევს ან რომელიმე ქალაქს, სადაც მომიხდებოდა ჩასვლა. ან მეორე ვარიანტი _ მივიდოდი რომელიმე სამხედრო ნაწილში, შევთავაზებდი ჩემს თანადგომას, ისინი გამისაზღვრავდნენ, რა უნდა მეკეთებინა იქ. მე ვიცნობდი ქართული ლეგიონის მეთაურ მამუკა მამულაშვილს. წლების განმავლობაში ვმეგობრობთ, ჯერ კიდევ მაიდანზე გავიცანით ერთმანეთი. ბუნებრივია, როგორც კი ჩავედი, მასთან მივედი. მეორე, რასაც მივხვდი ჩასვლისთანავე, აუცილებლად უნდა მესწავლა სამხედრო საქმე, რომ მებრძოლებისთვის ტვირთად არ ვქცეულიყავი. იქ გავიცანი ქართველი ადამიანი, ერთ-ერთი საუკეთესო არტილერისტი არა მარტო საქართველოში, არამედ, მგონი, მსოფლიოში, მიხეილ ქამხაძე. მან საკმაოდ შემჭიდროვებულ ვადაში, 3 კვირაში, მასწავლა ეს საქმე. ინტენსიურად გვამზადებდა. ქართველი ბიჭები, რომლებიც ჩამოვიდნენ უკრაინაში, შევიკრიბეთ და გვასწავლიდა როგორც უსაფრთხოებას, გათვლების გაკეთებას, დამიზნებას, სამიზნის შერჩევას და ა. შ. მათემატიკა ყოველთვის მიყვარდა და ძალიან სწრაფად შევძელი ამის ათვისება. ასე რომ ვთქვათ, ნახევრად ხუმრობით, ამ სიბერეში არტილერისტი გავხდი. დენთის სუნსაც ჰქონია თავისებური ძალა, ერთხელ რომ შეისუნთქავს ადამიანი, ვეღარ ძლებ მის გარეშე. ახლა საქართველოში ვარ, მაგრამ ყოველ ღამით მესიზმრება ჩვენი ბიჭები, ყოველ ღამით მესიზმრება ჩვენი საბრძოლო დავალებები. ჩემი სული და გული იქ არის, იმ მამაც და ვაჟკაც ბიჭებთან, რომლებიც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად იბრძვიან. ძალიან მაგრები არიან, მე არ ვაჭარბებ ამას, ჩვენს სამხედრო ნაწილში, რომელშიც შედის ჩვენი ქვედანაყოფი, ყოველთვის გამორჩეულებად ითვლებიან, ბევრი ორდენი თუ მედალი გვაქვს მიღებული სამხედრო ხელმძღვანელობისგან. საოცარი ბიჭები არიან, ისინი სუნთქავენ საქართველოთი. მე ხშირად ვაჩვენებდი სოციალურ ქსელსა თუ სატელევიზიო ინტერვიუს დროს კედელზე გაკეთებულ მათ წარწერებს: „მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანა“, ან „საქართველოსთვის, სამშობლოსთვის!“, „ჩვენი გამარჯვება, საქართველოს გამარჯვებაა“, „ჩვენ უკან არ დავიხევთ“, „კავკასიის მთების შვილები ვართ და ვიბრძოლებთ ბოლომდე“… აი, ასე ცოცხლობენ, ასე სუნთქავენ ისინი. ყველას აქვს ეს გააზრებული, რომ ისინი იბრძვიან არა მხოლოდ უკრაინისთვის, ამავე დროს საკუთარი ქვეყნის გამარჯვებისთვის.
_ თქვენ დენთის სუნი ახსენეთ, მონატრება და მიჩვევაც, მაგრამ არის სიცოცხლის დაკარგვის რისკიც. არ გეშინიათ? სამწუხაროდ, 50-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, რას იტყვით ამის შესახებ?
_ ბოლოს ვინც დაიღუპა, ზაქრო შუბითიძე იყო, ჩვენი მეგობარი, ქართული ლეგიონის ერთ-ერთი ჯგუფის მეთაური, იგი მართლა საოცარი ადამიანი გახლდათ. მე შევსწრებივარ, როგორც კი ახლები მოვიდოდნენ ქართულ ლეგიონში, იმწამსვე გვერდით დაუდგებოდა, ელაპარაკებოდა, ამხნევებდა მათ, ასწავლიდა და ა. შ. ის ომში დაიღუპა. როდესაც თანამებრძოლი იღუპება, ძალიან დიდი ტკივილია და რაღაცნაირად გული გეკუმშება. კიდევ უფრო დიდი ტკივილია ქართველებისთვის, როდესაც დაღუპული ქართველია, დანა პირს არ უხსნით ბიჭებს, როდესაც ამ ამბავს ვიგებთ. ამ დროს აშკარად ვხედავ, რომ ისინი ამ დროს ფიქრობენ ოჯახის წევრებზე, შვილებზე, უახლოეს ადამიანებზე, მაგრამ შიში არასოდეს შემიმჩნევია მათთვის. შიში ახლავს გაუაზრებელ გადაწყვეტილებებს, როდესაც არ იცი, რას აკეთებ, მაგრამ როდესაც შენი მოქმედება გაქვს გამყარებული ყველაზე დიდი ცნებით _ სამშობლოთი, შიში აღარ არსებობს. არასდროს შემიმჩნევია შიში ჩვენს ბიჭებში, ის კი არა, ყოფილა ისეთი სიტუაციები, როდესაც გვბომბავდნენ, გვერდით კორპუსი ფეთქდებოდა, იქით ჭურვმა გადაგვიფრინა თავზე, იქით ტანკი მოდიოდა შეტევაზე და ა. შ. და ამ დროს ბიჭები რაღაცას ხუმრობდნენ. იქ სხვა სამყაროში ვცხოვრობთ. ომის დროს ჩემმა მეგობარმა გენერალმა გუშინ ძალიან საინტერესო ფრაზა მითხრა, აქამდე არ მომისმენია: „ომის დროს გმირი არის ის, ვისთანაც შიში ორი წამით გვიან მოდის“. მართლა ასეა, იმ წუთებში, როდესაც იბრძვი, შიშზე საერთოდ არ ფიქრობ. იცი, რომ ის არის მტერი, რომელიც ემუქრება შენს ქვეყანას, ემუქრება შენს მეგობრებს, ამ დროს საერთოდ არ ფიქრობ შიშზე, ფიქრობ გამარჯვებასა და მტრის განადგურებაზე.
_ რას იტყვით საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულების შესახებ უკრაინაში მებრძოლი ჯარისკაცების მიმართ? იცით, რა განცხადებებიც კეთდება. გასულ წელს სურვილიც გამოთქვეს, რომ მოქალაქეობა ჩამოერთმიათ, როგორც უცხო ქვეყანაში დაქირავებული მებრძოლებისთვის, თუმცა საზოგადოების რეაქციის შემდეგ უკან დაიხიეს. რაც შეეხება დაღუპულებს, მათ სამხედრო პატივით კრძალავენ, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები არ მიდიან მათ სამძიმარზე…
_ ომის დაწყების პირველსავე დღეს, როდესაც 200-მდე ადამიანმა გამოთქვა უკრაინაში წასვლის სურვილი, რომ ებრძოლათ უკრაინელების მხარდამხარ ჩვენი ქვეყნის ოკუპანტის წინააღმდეგ, გავიხსენოთ, რა მოხდა მაშინ _ საელჩომ უზრუნველყო ჩვენი გამგზავრება უკრაინაში პოლონეთის გავლით, მაგრამ თვითმფრინავს არ მისცეს გაფრენის უფლება. ამის შემდეგ საელჩო დაუკავშირდა პოლონეთს და სთხოვა ჩარტერული რეისის გამოგზავნა, პოლონეთი დასთანხმდა, მაგრამ იმ თვითმფრინავსაც უთხრეს უარი. ეს არ იკმარეს, შემდეგ ცინიკურად თქვეს, რომ თითქოს ხელისუფლებას ვთხოვდით თვითმფრინავის გამოყოფას. რა სისულელეა, საერთოდ აზრად არ მოგვსვლია, მათთვის რამე გვეთხოვა, რადგან კარგად ვიცოდით მათი დამოკიდებულება. ხმამაღლა ვერ ამბობენ, თორემ გულის სიღრმეში უკრაინის დამარცხებასა და რუსეთის გამარჯვებას ნატრობენ. ხელისუფლებას ეშინია იმ ადამიანების, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან, რადგან თითოეული მათგანი არის პატრიოტი. „ოცნებას“ არაფრის ეშინია ისე, როგორც პატრიოტი ადამიანების. ეშინიათ იმიტომ, რომ ძალიან კარგად იციან თავიანთი მოღალატეობრივი საქმიანობა და მოღალატე ადამიანისთვის თუ ვინმე საფრთხეს წარმოადგენს, ეს არის პატრიოტი ადამიანი. აქედან გამომდინარე, მათთვის ყველა ის მებრძოლი არის მიუღებელი და ცდილობენ, როგორღაც მათი დისკრედიტაცია მოახდინონ. ამის მაგალითია განცხადება, რომ თითქოს უკრაინაში მებრძოლები ემზადებიან საქართველოში ტერორისტული აქტებისთვის.
_ რას იტყვით სუს-ის ამ განცხადებაზე, სადაც საუბარია მოსალოდნელი დესტაბილიზაციის შესახებ და მასში ნახსენებია უკრაინაში მებრძოლებიც, როგორ საფრთხე?
_ ამ განცხადებას ჰქონდა ერთდროულად რამდენიმე მიზანი: პირველი, რა თქმა უნდა, ეს იყო დისკრედიტაცია ქართველი მებრძოლების, რომლებიც უკრაინაში არიან. დესტაბილიზაცია კი არა, ნეტავ, ბევრი ჰყავდეს ქვეყანას ასეთი ბიჭები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ისინი საქართველოთი ცოცხლობენ და სუნთქავენ, მათი სული და გული საქართველოს ეკუთვნის, ისინი საფრთხეს წარმოადგენენ „ქართული ოცნებისთვის“, პატრიოტები არიან და არასდროს დაუჭერენ მხარს „ქართულ ოცნებას“. არ მეგულება იქ მებრძოლი ადამიანი, რომელიც მივა არჩევნებზე და „ქართულ ოცნებას“ შემოხაზავს. მეორე _ მათ ძალიან კარგად იციან, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს არ მოგვანიჭებენ, რადგან მათი ქმედებები არის კოშმარული ევროკავშირისთვის. ამ განცხადებით კი უნდათ, მოსალოდნელი საპროტესტო აქციების დისკრედიტაცია მოახდინონ. ძალიან კარგად იციან, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის ეს იქნება პრინციპულად მიუღებელი და რა თქმა უნდა, ამას საპროტესტო მოძრაობა მოჰყვება. მესამე _ შემთხვევით არ იყო ნახსენები კარავში ბომბის აფეთქება. ეს იყო პრევენცია იმისთვის, რომ არ გაიშალოს კარვები. ერთია მოქალაქეების დაშინების მიზანი და მეორე, როგორც კი მომიტინგეები შეეცდებიან კარვის გაშლას, გამოიყენონ ძალა მათ წინააღმდეგ. გარდაუვალია საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია და როდესაც ამ პროცესების შეჩერებას ცდილობენ, ეს უმძიმესად დაუმთავრდებათ. მოღალატის გზა ყველაზე ცუდი გზაა, ეს არ არის ეკლიანი გზა. ეკლიან გზაზე სამართლიანი ადამიანი დადის, ეს არის ბინძური გზა და ამ ბინძურ გზაზე როდესაც მიდიხარ, ნელ-ნელა, თავიდან ბოლომდე გაითხვრები.
_ სუს-ის განცხადებაში ნახსენებია მამუკა მამულაშვილის სახელი, როგორც დესტაბილიზაციის ერთ-ერთი მომმზადებლის, რას უკავშირებთ ამას?
_ გული დამწყდა, ჩემი სახელი რომ არ ახსენეს, რადგან ყველა წინა გადატრიალების ბრალდებაში, ხან საბურავებისა და ხან ხანძრების გადატრიალებას აანონსებდნენ ჯერ კიდევ ჭიკაიძის დროიდან, ყოველთვის ვფიგურირებდი, ამჯერად რატომ გამომტოვეს, არ ვიცი. ვხუმრობ, რა თქმა უნდა. ასევე მამუკა მამულაშვილიც ყოველთვის ფიგურირებდა, რადგან ქართული ლეგიონი არის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი შენაერთი და არა მხოლოდ ქართულ შენაერთებს შორის, რომლებიც იბრძვიან უკრაინაში. ამიტომ მამუკა მამულაშვილის სახელის ხსენება გამომდინარეობს იქიდან, რომ რუსეთისთვის ის არის #1 სამიზნე. მამუკა არის უმაგრესი ადამიანი, ის ჯერ კიდევ პატარა ბიჭი იყო, როდესაც აფხაზეთში იბრძოდა მამასთან ერთად, ტყვეობაში ჩავარდა, საოცრებები აქვს გამოვლილი, შემდეგ უკრაინაში ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილეობდა, დაჭრილიც იყო… მამუკა მამულაშვილი არის სულით მეომარი ადამიანი. ის, როგორც ხელმძღვანელი ქართული საბრძოლო შენაერთის, არის სამიზნე როგორც რუსეთის, ასევე საქართველოს ხელისუფლების და ცდილობენ მის დისკრედიტაციას.
_ მინდა გკითხოთ საქართველოსა და უკრაინას შორის გართულებული ურთიერთობების შესახებ. უკრაინამ საქართველოს ელჩიც კი გამოაძევა ქვეყნიდან. როგორ აისახება ეს იქ ჩვეულებრივ ადამიანურ ურთიერთობებში?
_ საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება უკრაინის მიმართ ზუსტად გამომდინარეობს იმ რუსული დავალებიდან, რასაც იღებს რუსეთის სპეცსამსახურებიდან და რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობიდან. დღეს, როდესაც უკრაინა ჩაბმულია შენს ოკუპანტ ქვეყანასთან ომში და შენ ამ დროს დაწყებული უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობიდან, გაგრძელებული ქართველი მებრძოლებით, რომლებიც იქ არიან, დაკავებული ხარ მათი დისკრედიტაციით, აქ ხომ კითხვის ნიშანიც აღარ უნდა დარჩეს, ვის დავალებას ემსახურები?! ქართველი ჩინოვნიკები თავიანთ განცხადებებში ერთხელაც არ მოიხსენიებენ უარყოფით კონტექსტში პუტინსა და რუსეთს, მათი სამიზნე ყოველთვის არის უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობა: ზელენსკი, არახამია და ა. შ. ეს არის გეგმაზომიერი შესრულება რუსეთიდან მიღებული დავალებების. ისინი დღეს საფრთხეს ხედავენ უკრაინის გამარჯვებაში. უკრაინის გამარჯვება ნიშნავს ახალ წესრიგს და ახალ წესრიგში მოღალატეების ადგილი არ არის, ამიტომ მათ ღამღამობით კოშმარად ესიზმრებათ უკრაინის გამარჯვება. რაც შეეხება უკრაინელების დამოკიდებულებას ქართველების მიმართ, ძნელი აღსაწერია, როგორი დამოკიდებულებით გვხვდებიან, როდესაც შევდივართ სადმე სოფელში ან ქალაქებში, ფრონტის ხაზზე, სადაც არის დანგრეული ქალაქები, მოსახლეობა კი მცირეა დარჩენილი. იქ უკრაინული დანაყოფებიცაა, მაგრამ განსაკუთრებული დამოკიდებულება იგრძნობა ქართველი მებრძოლების მიმართ, _ მოდიან, გეფერებიან, ნანგრევებში მცხოვრები ადამიანები ბოლო ლუკმას გიყოფენ, საოცარი დამოკიდებულებაა ჩვენ მიმართ, განსაკუთრებით ქართველების მიმართ. თუმცა იყო ორი-სამი შემთხვევა, როდესაც ვსაუბრობდი ადამიანებთან, რომლებიც პოლიტიკურ პროცესებშიც არიან ჩართულები საკრებულოების, საოლქო ადმინისტრაციების დონეზე. გვითხრეს, რომ საოცარი ხალხი ხართ ქართველები, მაგრამ ერთ ფენომენს ვერ ვხსნით, ასეთი მაგარი ხალხი რატომ ითმენთ ასეთ ხელისუფლებას, როგორიც გყავთო? ასეცაა, თუ მაგრები ვართ, „ოცნება“ არ უნდა გვაჯდეს თავზე. ის თეორია, რომ „ხალხი კარგია, მაგრამ ხელისუფლება არ გვივარგა“, გამართლება ვერ იქნება, რადგან მაგარ ხალხს მაგარი ხელისუფლება ეყოლება ყოველთვის.
_ საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ „მეორე ფრონტის“ გახსნას არ დაუშვებს, რომ მშვიდობა შეინარჩუნეს. მიუხედავად ევროპელი პარტნიორების არაერთგზის განმარტებისა, რომ დასავლეთს აქ ომი არაფერში სჭირდება, მაინც თავისას აგრძელებენ, რას იტყვით ამის შესახებ?
_ პირველი: არავის სჭირდება ომი. ვინმეს თუ ჰგონია, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან, ომი უნდათ, ძალიან ცდებიან. ჩვენ გვინდა ოკუპანტის დამარცხება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, საქართველო იყოს ძლიერი, დამოუკიდებელი ქვეყანა და იყოს ინტეგრირებული დასავლურ სტრუქტურებში. ჩვენ გვინდა, ჩვენი ქვეყანა ვითარდებოდეს და მომავალი ჰქონდეს, არანაირი ომი ჩვენ არ გვინდა, მაგრამ როდესაც ოკუპანტი გესხმის თავს, უკრაინის მაგალითზე ვამბობ, უკვე იძულებული ხარ, იომო. უკრაინა არ დასხმია რუსეთს თავს. საქართველოს ტერიტორიები არის ოკუპირებული. რას უნდა აკეთებდეს საქართველო? _ საქართველო უნდა ეხვეწებოდეს მსოფლიო ცივილიზებულ სამყაროს რუსეთისა და რუსული კომპანიების დასანქცირებას, ჩვენ კი არ უნდა გვეხვეწებოდნენ, რომ შევუერთდეთ სანქციებს. „მშვიდობა შევინარჩუნეთ“ _ ამაზე საუბარი სინამდვილეში არის ჩვენი ხელისუფლების მოღალატეობრივი ქმედებების გადაფარვა _ ფულის კეთების, ფულის გათეთრების გადაფარვა, საკუთარი მილიარდებისა და ბიძინა ივანიშვილის ქონების დაცვით არიან დაკავებულები. ვის რაში სჭირდება საქართველოში ომი? უკრაინა გაიმარჯვებს ამ ომში, განდევნის რუსეთს თავისი ტერიტორიებიდან და მსოფლიო სხვა, ახალი რეალობის წინაშე დადგება. ამ დროს საკითხავია, სად იქნება საქართველო? ის, რაც შეგვეძლო გვეკეთებინა ყოველგვარი ომის გარეშე, რასაც აკეთებენ ბალტიისპირეთი, პოლონეთი და სხვა ქვეყნები, ასეთი მხარდაჭერა შეგვეძლო. რომ არა ის ბიჭები, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან, საქართველოს საერთოდ თავი არ ექნებოდა გამოსაყოფი, მხოლოდ ოკუპანტ ქვეყანასთან თანამშრომლობით იქნება დაკავებული. ეს მებრძოლი ბიჭები წმენდენ ნამუსს საქართველოს.