კანონი ცილისწამების შესახებ – გადადგამს თუ არა მორიგ არასახელმწიფოებრივ ნაბიჯს „ქართული ოცნება“?
გიგა გელხვიიძე
თავისუფალი მედია, არასამთავრობო სექტორი, ბლოგერები და უბრალო, რიგითი ადამიანები, საკუთარი სწორი პოზიციით და შეხედულებით, ხელისუფლებისთვის დაბრკოლებად და საფრთხედ რომ მიიჩნევა, ეს ცნობილია. შესაბამისად, ვერც მოქმედ ხელისუფალს დააბრალებ ახალი ველოსიპედის გამოგონებას. თუმცა, ამ მხრივ, „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად ეკუთვნის აპლოდისმენტები იმისთვის, რომ ყველა მისი წინამორბედი ხელისუფლებისგან საგულდაგულოდ გადმოიტანა მანკიერი ჩვევები და ხშირ შემთხვევაში გააუმჯობესა კიდეც ისინი, ხოლო რისი „დახვეწაც“ ვერ შეძლეს და არც ის უნდოდათ, ვინმესთვის ეთქმევინებინათ, ჩვენი რატომ დააკოპირეთო, ჩრდილოელი მეზობლის დუმაში მიღებულ კანონებს გადახედეს, შეისწავლეს და ყოველგვარი გადაკეთებისა და შელამაზების გარეშე წარადგინეს პარლამენტში! თუმცა აქ ჟენიას, ევგენის ან კოლიას ნაცვლად შემოქმედებად დიმიტრი, სოზარი, ირაკლი და სხვები არიან წარმოდგენილები _ „ქართული ოცნებისა“ და მისი სატელიტი მოძრაობების „ნაღები საზოგადოება“.
„ოცნება“ მოსვლის დღიდან ცდილობს, მოქალაქეებს რაც შეიძლება მეტი ცუდის შესახებ მოუყვეს წინა ხელისუფლებაზე. თუმცა, ამავდროულად, წარმატებით ახერხებს იგივე ქმედების სიკეთეებში დაარწმუნოს ისინი და უთხრას, რომ მიშას დროინდელი რეპრესიები ცუდი იყო, თუმცა ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ეს ეროვნულობისა და სარწმუნოების შესანარჩუნებლად ხდებაო. ხალხიც არ აპროტესტებს _ ან როგორ უნდა გააპროტესტოს უფლის სახელით ჩადენილი ქმედება, მით უფრო, თუ ეს კონსტიტუციურ ჩარჩოებშიც იქნება მოქცეული.
უკვე მრავალი ანტისახელმწიფოებრივი კანონის მიღების შემდგომ, შეიძლება მივიჩნიოთ, რომ „ოცნება“ ვერაფრით გაგაკვირვებთ, თუმცა ფაქტია, რომ ფანტაზიას საზღვრები არ გააჩნია. თუ წინა ხელისუფლებები კრიტიკულ მედიასაშუალებებს თავიანთ კანონიერ მფლობელებს ართმევდნენ ან სულაც სპეცრაზმის დახმარებით არბევდნენ და შემდგომში უკვე მათთვის სასურველი მმართველობა მოჰყავდათ, მოქმედმა ხელისუფლებამ ეს არ იკმარა და მედიის გაჩუმება, სავარაუდოდ, კანონით გადაწყვიტა, დიახ, „კანონი ცენზურის შესახებ“. დიდი ალბათობით, სწორედ ეს იქნება საშემოდგომო სესიის პირველი ახალი კანონპროექტი, რომელსაც ან „ქართული ოცნება“, ან მისი ხელდასხმული „ხალხის ძალა“ წარმოადგენს, როგორც ეს ე. წ. რუსული კანონის შემთხვევაში მოხდა. თუმცა აქ „ოცნებამ“ გასაჩუმებელთა სპექტრი გააფართოვა და მასში კრიტიკულ მედიასთან ერთად მოხვდებიან ბლოგერები, არასამთავრობო ორგანიზაციები და შეიძლება ის ადამიანიც, რომელიც სახლში, საკუთარ სოციალურ სივრცეში კრიტიკულ ტექსტს ან ფოტო-ვიდეო მასალას განათავსებს.
აღნიშნული კანონის შესაძლო მიღებასთან დაკავშირებით ეჭვებსა და მოსაზრებებს კიდევ უფრო ამყარებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება:
„ვფიქრობ, ნებისმიერი პატიოსანი ადამიანის ვალდებულებაა, თავს დაესხას დეზინფორმაციას. მოისმინეთ, ორივეს („მთის ამბები“ და „მწვანე ალტერნატივა“) პასუხი, ორაბზაციანი განცხადებები გამოაქვეყნეს და ერთადერთი რაც თქვეს, იყო ის, თითქოს მე თავს დავესხი და ვცდილობ, დავაცენზურო. ამის ნაცვლად, მისხალი თვითკრიტიკა რომ ჰქონოდათ, თვითონაც ხომ ხვდებიან უკვე, რომ აბსოლუტური ტყუილი იყო, რასაც ავრცელებენ. მინიმუმ ხომ შეუძლიათ თქვან, რომ გადაუმოწმებელი იყო ინფორმაცია, ვწუხვართ, და აიღონ ინფორმაცია.
პირველი რეგულაცია ეს არის ადამიანის შინაგანი ეთიკა, რომელიც შემდეგ უკვე პროფესიულ ეთიკად გამოვლინდება ხოლმე. ნაცვლად იმისა, რომ „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას“ ამაზე რეაქცია ჰქონოდა და, მათ შორის, ჟურნალისტებისთვის მოეწოდებინა, გადამოწმებული ინფორმაცია გაევრცელებინათ, მათაც და სხვადასხვა „კოალიციებმა“ კიდევ ცალკე განცხადება გაავრცელეს, რომ ეს არის თავდასხმა. სწორედ ეს არის გამრუდება პროფესიული სტანდარტისა, საკუთარ ტყუილში გაჯიუტებისა. შემდეგ ჟურნალისტების, მედიის მიმართ არის უნდობლობა, იმიტომ, რომ არ არის თვითკრიტიკის მისხალი.
რაც შეეხება რეგულაციას, ამაზე თქვა კიდევაც ირაკლი კობახიძემ, ბევრი რამის რეგულაცია შეიძლება, მაგრამ საქმეც ის არის, რომ დეზინფორმაციულ სისტემაში, სადაც ჩვენ მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები და ზოგიერთი უცხოელი გვაცხოვრებს, ვიცით, რომ ნებისმიერი ასეთი იდეა მოინათლება „რუსულ კანონად“ და იქ აზრი არ აქვს დისკუსიას. საერთო ჯამში, არის ინტერესი, რომ ტყუილი დარჩეს, დეზინფორმაციები იყოს, იმიტომ რომ ამ დეზინფორმაციებით ხდება საზოგადოების დაზაფვრა, მისი განწყობა ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური იარაღია, რომლის დაკარგვაც არ უნდათ „ნაციონალურ მოძრაობას“ და, ზოგადად, რადიკალურ ჯგუფებს.
არ ვსაუბრობ რეგულაციებზე, მაგრამ, მინიმუმ, მე რასაც აუცილებლად ვიზამ ყოველთვის, ეს არის დეზინფორმაციის მხილება. გარკვეულ დონეზე მხილება მუშაობს. სხვათა შორის, განცხადებაში, რომელიც „მთის ამბებმა“ გამოაქვეყნა, საუბარი იყო, რომ ისინი მხოლოდ ინფორმაციას ავრცელებენ და იმდენსაც ვერ ხვდებიან, რომ დეზინფორმაცია, რომელსაც აქვს წინსართი „დეზ“, არ არის ინფორმაცია, ეს არის ტყუილი“.
„ქრონიკა+“ დაინტერესდა, რამდენად შორს შეიძლება შეტოპოს „ქართულმა ოცნებამ“ და თუ შეტოპავს, რა შედეგების მომტანი შეიძლება გახდეს აღნიშნული საზოგადოებისთვის?
პირველი, რომელსაც „ცენზურის კანონის“ შესაძლო მიღებასთან დაკავშირებით შეკითხვები დავუსვით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, ანა წითლიძე იყო:
_ ანა, შოვის ტრაგედია „ქართული ოცნებისთვის“ ერთგვარ გარდამტეხ მომენტად იქცა და ის, რაზედაც აქამდე მინიშნებებით იყო საუბარი, ფაქტობრივად, ღიად გაჟღერდა, _ როგორ ფიქრობთ, რამდენად ღრმად შეტოპავს მმართველი პარტია და წარმოადგენს თუ არა „ცენზურის შესახებ კანონს“ საკანონმდებლო ორგანოში?
_ ეს არის დაახლოებით ის ვარიანტი, რისი მიღებაც სურდათ არასამთავრობოებთან დაკავშირებით, თუმცა ის მხოლოდ არასამთავრობოების გაჩუმებას უკავშირდებოდა, ახლა კი ის მიმართულია თავისუფალი მედიის წინააღმდეგ და ცხადია, ხელისუფლება ცდილობს გააჩუმოს ყველა რგოლი. თავისუფალ მედიას დიდი ხანია ებრძვის „რუსული ოცნება“. თავისუფალ მედიას ისინი აღიქვამენ, როგორც ძალაუფლების დაკარგვის საფრთხეს, ასეთი რამ ხდება რუსეთში, ბელარუსსა და ავტოკრატიულ ქვეყნებში. რამდენად ექნება გაგრძელება ამ ინიციატივას, დრო გვაჩვენებს, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ საშემოდგომო სესიაზე იყოს მსგავსი ინიციატივა. ჰოდა, თუ გაბედეს დარეგისტრირება, მაშინ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს მოქალაქეების როლი, რათა მათ მიიღონ ზუსტად ისეთივე პასუხი, როგორც ეს მოხადა რუსულ კანონთან დაკავშირებით.
_ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავსი კანონის მიღების საჭიროებაზე იყო საუბარი, თუმცა შოვის მოვლენები, რატომღაც, გადამწყვეტი გახდა, რომ ამაზე უფრო ღიად ესაუბრათ. რატომ მოხდა ასე? რას შეიძლება მალავდეს ხელისუფლება შოვთან დაკავშირებით?
_ შოვის ტრაგედიას „ოცნება“ უყურებს, როგორც თავისი ძალაუფლების დაკარგვის საშიშროებას. ჩვენ ვნახეთ, რომ შოვის ტრაგედიის პირველივე დღიდან, ჟარგონულად რომ ვთქვათ, მათ დაიწყეს გაშავება ამ ამბების, ნაცვლად იმისა, რომ კითხვებზე პასუხები გაეცათ. თავისუფალი მედიის როლიც ხომ ეს არის, რომ დასვას შეკითხვები. ამ შემთხვევაში შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით არსებობს უამრავი კითხვა, რომლებიც სწორედ ჟურნალისტების დახმარებით გამოჩნდა დღის სინათლეზე.
სტიქია ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ აქ მთავარი ისაა, სახელმწიფო რამდენად არის მზად ამ ყველაფრისთვის, რომ მოახდინოს სწრაფი რეაგირება. ჩვენ ვნახეთ, რომ პირველ ეტაპზე სტიქიის პრევენცია საერთოდ ჩავარდა. მოსალოდნელი სტიქიის ან მსგავსის შემთხვევაში რომ გაფრთხილებულები ყოფილიყვნენ მოქალაქეები, არ იყო ამის პრევენცია და ფაქტის წინაშე დადგნენ. მეორე მნიშვნელოვანი არის ის, რომ რამდენად მყისიერი იყო რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან ადამიანების გადასარჩენად. ცხადია, ჩვენ არ ვგულისხმობთ იმ მეხანძრე-მაშველებს და იმ ადამიანებს, რომლებიც ფიზიკურად მუშაობენ იქ, აქ საუბარია ხელისუფლებაზე.
ღამით სახელმწიფო არ აღმოჩნდა მზად, რომ ვერტმფრენებით ჩატარებულიყო სამუშაოები. ჩვენ გვახსოვს მთელი სპეკულაციები ამ ვერტმფრენებთან დაკავშირებით სახელმწიფოს მხრიდან, მიშას ნაყიდ პუმებს რომ ყიდდა და სხვა ვერტმფრენებს ყიდულობდა. ფაქტია, რომ ღამის სამუშაო ვერტმფრენები არ გვყავს და კიდევ უფრო მეტი კითხვა ჩნდება იმასთან დაკავშირებით, რატომ არ მივმართეთ მეზობელ ქვეყნებს და რას ნიშნავს, რომ ამის აუცილებლობა არ არსებობდა. როგორ არ არსებობდა, 24 დაღუპული გვყავს და კიდევ ეძებენ ადამიანებს. ცხადია, რომ ეს კითხვები ძნელია ხელისუფლებისთვის და ამ კითხვებზე მათ მოუწევთ პასუხების გაცემა, რის შედეგადაც ეშინიათ საზოგადოების რეაქციის. აქედან გამომდინარე, ახლა ცდილობენ, მთელი პროპაგანდა ააგონ იმაზე, რომ ჟურნალისტები არიან უბრალოდ ამ ყველაფრის უკან. ეს ტყუილია. ეს მეთოდი კარგად არის აპრობირებული რუსეთსა და ავტორიტარულ ქვეყნებში, რომ ნაცვლად პასუხების გაცემისა, ცდილობენ, პირიქით, სხვას გადააბრალონ ყველაფერი.
_ ახსენეთ რუსეთი და ის, რომ, ფაქტობრივად, მათი მეთოდებით მუშაობს „ქართული ოცნება“. კიდევ ერთხელ რომ გავავლოთ პარალელები რუსულ და საქართველოს მოქმედი ხელისუფლების მიერ მიღებულ კანონებს შორის.
_ ის, რა ფორმითაც ახლა ხელისუფლება გვესაუბრება, არის რუსეთის ანალოგი. მათ ახლა ექნებათ მცდელობა ამ კანონის მიღების შემთხვევაში, ყველაფერი ეს გამოიყენონ რეპრესიებისთვის, ბლოგერების, ჟურნალისტებისა და იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც კრიტიკულად არიან განწყობილები. როგორც რუსეთი იყენებს რეპრესიულ მანქანას, ზუსტად იგივე არის ახლა ეს „ქართული ოცნების“ ქმედებები. საქართველოშიც ამ კანონს შეეძლება ზუსტად იგივე როლის შესრულება, რაც მან შეასრულა რუსეთში.
_ რა ბერკეტები აქვს ოპოზიციას ყველაფერ ამასთან საბრძოლველად?
_ საკანონმდებლო ინიციატივა არ არის დარეგისტრირებული, თუმცა მანამდე ჯერ ისინი ნახავენ, როგორია საზოგადოების რეაქცია ამ ყველაფერთან. თუ რეაქცია არ იქნება შესაბამისი, რა თქმა უნდა, ისინი ამ ინიციატივას გაიტანენ. მათ უნდა მიიღონ ზუსტად ისეთივე რეაქცია, როგორიც მიიღეს რუსული კანონის დროს.
ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს გვმართავს რეჟიმი, რომელსაც ეშინია ერთადერთი რამის და ეს არის გაბრაზებული საზოგადოება. ამის ლუსტრაცია მოხდა მარტში, როდესაც ნახეს ბევრი გაბრაზებული მოქალაქე, რომლებიც მზად იყვნენ ქუჩაში საბრძოლველად. ამიტომ თუ გაბედავენ და დაარეგისტრირებენ საკანონმდებლო ინიციატივად, აქ ძალიან დიდი იქნება ოპოზიციის როლიც, რადგანაც ჩვენ შეგვიძლია ავუხსნათ მოსახლეობას, თუ რატომ არის ეს კანონი ძალიან მძიმე შედეგების მომტანი და უნდა გავაკეთოთ შემდგომში ყველაფერი, რომ საზოგადოების დახმარებით ეს კანონი არ მივაღებინოთ.
გარდა ამისა, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის ამ ყველაფერში, რომ ასეთი ნაღმები ამ ხელისუფლების პირობებში სულ გვექნება. რუსული კანონი რომ ჩააგდეს, უკვე ცხადი იყო, რომ ჩვენ არ ვიყავით დაზღვეული ასეთი რამეებისგან.
_ მათ მიიღეს კიდევაც ერთი რუსული კანონი, რომელიც საავტორო უფლებებს შეეხება და ის რუსეთში „მიხალკოვის კანონით“ არის ცნობილი.
_ და არა მხოლოდ. ჩვენ კიდევ არ ვიცით, რას მოიმოქმედებენ. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ამ ნაღმებზე კი არ ვრეაგირებდეთ, გავაკეთოთ მნიშვნელოვანი მობილიზება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, რათა ეს ხელისუფლება რაც შეიძლება სწრაფად გავუშვათ პოლიტიკურ სანაგვეზე.
„ქრონიკა+“-სთან ცენზურის კანონთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობს „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ აღმასრულებელი დირექტორი, მარიამ გოგოსაშვილიც.
მისი თქმით, რთულია წინასწარ განსაზღვრო რაიმე, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ უმრავლესობის წარმომადგენლები ამ საკანონმდებლო ინიციატივას დააინიცირებენ პარლამენტში, აუცილებელია საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირება:
_ მარიამ, ღიად მიმდინარეობს უკვე საუბარი ცილისწამების შესახებ კანონთან დაკავშირებით. როგორ ფიქრობთ, მსგავსის მიღების შემთხვევაში რა საფრთხეები გველოდება მედიის წარმომადგენლებს?
_ პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ გვაქვს კანონი ცილისწამებასთან დაკავშირებით, ეს რეგულირდება სამოქალაქო კანონმდებლობით, სიტყვისა და გამოხატვის კანონის შესაბამისად. არსებობს კონკრეტული შესაძლებლობა, რომ პირმა მომართოს სასამართლოს, მოითხოვოს ფაქტების მიწოდება და ამასთანავე ზიანის ანაზღაურება. მიუხედავად ამისა, ჩვენ ყოველთვის გვესმის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ საჭიროა კიდევ გარკვეული რეგულაციები. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ნებისმიერი ტიპის რეგულაცია, რომელიც მიმართული იქნება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ, ეს იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი. ჩვენ უკვე გამოვიარეთ რუსული კანონის მიღების მცდელობა ხელისუფლების მხრიდან და ვხვდებით, ნებისმიერი ტიპის მცდელობა, რომელიც მიმართული იქნება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ, რა პრობლემებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული.
ასევე ცნობილია, რომ ხელისუფლებას არ სურს კრიტიკული კითხვების მოსმენა და არ აქვს კრიტიკული აზრის მიმღებლობა. უკვე წლებია ცდილობს, გარკვეული ინიციატივებით და კანონპროექტებით შეზღუდოს მისთვის არასასურველი მედიასაშუალებების მუშაობა. ვფიქრობთ, ნებისმიერი ცვლილება, რომელიც მიღებული იქნება და განხორციელდება, მიზნად დაისახავს იმას, რომ შეზღუდოს მედიასაშუალებების მუშაობა.
_ მედიას ხშირ შემთხვევაში გვყავს წყაროები და მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის დახმარებით ვაკეთებთ ამა თუ გახმაურებულ მასალას. ამ კანონის მიღების შემთხვევაში შესაძლოა, ხელისუფლებამ მიიჩნიოს, რომ ეს ინფორმაცია არის ცილისმწამებლური ხასიათის და უბრალოდ ამის გამო სამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს მედიასაშუალება ან კონკრეტული ჟურნალისტი. რამდენად რეალისტურია ეს ყველაფერი?
_ წყაროსთან დაკავშირებით არ ვიცი, კონკრეტულად რა ინიციატივა იქნება წარმოდგენილი, წინასწარ ამაზე საუბარი რთულია. შესაძლებელია, ასეც მოხდეს, არ გამიკვირდება, რომ ასეთი ტიპის ცვლილებებიც შეიტანონ, რომ წაყაროს დასახელება მოსთხოვონ მედიასაშუალებებს, მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართალშიც კი ჟურნალისტს აქვს იმის უფლება, არ დაასახელოს წყარო და არ გასცეს ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია წყაროსთან და იძლევა მისი იდენტიფიცირების საშუალებას.
ასე რომ, ძალიან რთულია საუბარი იმის შესახებ, რა იგეგმება, როდესაც არ ვიცით ზუსტად, რაზეა საუბარი. რთულია ამ ყველაფერზე საუბარი, როდესაც ჯერ არ გვაქვს ხელშესახებად კანონპროექტი, ასევე იმედს ვიტოვებ, რომ ის არ იქნება შემუშავებული და ეს მხოლოდ განცხადებად დაგვრჩება.
_ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებამ გადაწყვიტა და მაინც წარმოადგინა კანონპროექტი, რომელსაც მარტივად მიიღებს უმრავლესობის დახმარებით, რა ბედი გველის ქვეყანაში, სადაც მედიას გვცემენ და სამართალსაც კი ვერ ვპოულობთ?
_ რთული შეკითხვაა, რადგანაც თუ კანონს მიიღებს, შესაბამისად მისი აღსრულებაც დაიწყება, ამიტომაც სანამ მსგავსს კანონპროექტს მიიღებენ, თუ მისი დაინიცირება მოხდება, ყველანაირად უნდა შევეცადოთ, რომ მივაწოდოთ ინფორმაცია საქართველოს მოსახლეობას, რადგანაც ეს დაიწყება მედიით. მაგრამ შემდგომში აუცილებლად შეიზღუდება ნებისმიერ პირის გამოხატვის თავისუფლება, როგორც ეს იყო ჩადებული ე. წ. რუსულ კანონში. ჩვენ კარგად ვხედავთ, მსგავსი კანონის მიღების შემდგომ რა პროცესები განვითარდა რუსეთში, როგორ შეეზღუდათ გამოხატვის თავისუფლება კრიტიკულ მედიებს, მოქალაქეებსა და ა. შ.
ეს არის ერთგვარი გაგრძელება იმისა, რაც ვერ განახორციელეს, ეს არის „რუსული კანონის“ ჩავარდნის შემდგომ ახალი რეგულაციები და ცვლილებები სხვადასხვა კანონში, რომ ადამიანები შეზღუდონ.
ვფიქრობ, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ რომელი ინსტიტუტითაც არ უნდა დაიწყოს, ის აუცილებლად დასრულდება რიგითი მოქალაქით.
ცილისწამების კანონის წინააღმდეგ საზოგადოების აქტიურ ჩართულობასა და პროტესტზე საუბრობს სამოქალაქო აქტივისტი და „აფხაზური ამბების“ დამაარსებელი, გელა ხასაიაც. მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო იქცეს რუსეთის სრულფასოვან გუბერნიად, თუმცა ამას ქართველი ხალხი არ დაუშვებს, ისე როგორც ეს მოხდა 7-8 მარტს:
_ როდესაც ხელისუფლება ხედავს, რომ მის წინააღმდეგ არის კრიტიკული მედია, რიგითი მოქალაქეები, ბლოგერები, არასამთავრობო ორგანიზაციები თუ სხვა, მას ყოველთვის უჩნდება სურვილი, რომ რაღაც მექანიზმი შეიმუშავოს, გამოიგონოს ან აიღოს ევროპიდან და ისე დაამახინჯოს, რომ მოარგოს საკუთარ სურვილებს. ერთ-ერთი იქნება ესეც. როდესაც ტროლ-ბოტები რაღაცაზე ერთობლივად საუბრობენ და რაღაც მესიჯბოქსს ავრცელებენ, ამას ყოველთვის მოსდევს ხელისუფლების მორიგი ინიციატივა. კონკრეტულად ამ კანონს რაც შეეხება, ეს ყველაფერი ემსახურება კრიტიკული მედიის გაჩუმებას, რისი მცდელობაც არაერთხელ ჰქონდათ, თუნდაც, რეკლამების შეზღუდვით. ასევე ბლოგერების. მათ არ უნდათ ადამიანები, რომლებიც ისაუბრებენ მათ დანაშაულზე, შეცდომებზე და ზოგადად კრიტიკულ აზრს გამოხატავენ, რადგანაც ხელისუფლებამ არ იცის, თავისუფალი აზრის გამოხატვის ფუნდამენტი რა არის. ამიტომაც ისინი ებრძვიან ყველაფერ საპირისპიროს და აინტერესებთ მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც მათ შეხედულებებს იზიარებენ. შეეცდებიან შეზღუდონ ყველა, ეს იქნება კანონით თუ ფიზიკური დაპირისპირებით, რადგანაც სწორედ ასე იქცევა რუსეთი და ესენი არიან რუსეთის ერთ-ერთი გუბერნია, ისინი აკოპირებენ ყველაფერს იქიდან, ასევე ამახინჯებენ ყველაფერ ევროპულს და ამაში გასაკვირი და უცნაური არაფერია. მათ უნდა იცოდნენ, რომ საზოგადოებისგან მიიღებენ სათანადო რეაქციას. შემდგომში უხდებათ უკან დახევა. აქედან გამომდინარე, ისევ საზოგადოების იმედი მაქვს, რომ მსგავსს დამახინჯებულ კანონს ისინი არ და ვერ მიიღებენ.
_ დადგება თუ არა საქართველოშიც იგივე რეალობა, რაც რუსეთშია და ვიხილავთ თუ არა ქვეყნიდან გასულ კრიტიკულ მედიასა და ბლოგერებს?
_ მცდელობა, რა თქმა უნდა იქნება, თუმცა მგონია, რომ ხელისუფლება იმდენად არის დარჩენილი მხარდამჭერების გარეშე, რომ ის აქტივი, ვინც მასთან არის დასაქმებული, ვერ მოერევა მეორე მხარეს მდგომებს, ვგულისხმობ კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს და ამის მაგალითი შეიძლება იყოს 7-8 მარტის აქციები, რომლისგანაც შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა, რომ როდესაც საფრთხე ემუქრება ქვეყნის მომავალს, როცა დგას ალბათობა იმისა, რომ შეიძლება რუსეთის ნაწილი გავხდეთ, საზოგადოება მას სცემს საკადრის პასუხს. აქედან გამომდინარე, იმ გამოწვევებს, რომლებიც გველოდება წინასაარჩევნოდ, საზოგადოება დაუპირისპირდება და არ გავაკეთებინებთ ხელისუფლებას იმას, რასაც აკეთებს პუტინი რუსეთში.