ირაკლი კუპრაძე: „ლელოს“ ალტერნატიულ ცენტრს გადამწყვეტი როლი ექნება ხელისუფლების შეცვლაში“

ირინა მაკარიძე

პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ არ მიესალმება „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გაერთიანებას. პარტიაში აცხადებენ, რომ ეს ქვეყანაში პოლარიზაციას გაზრდის. რატომ ფიქრობენ ასე და რა უშლის ხელს დანარჩენ ოპოზიციას, ახალი პოლიტიკური ცენტრი შექმნას? რა მიაჩნიათ მათ გამარჯვების ფორმულად? _ ამ და სხვა საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „ლელო საქართველოსთვის“ გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე:

_ „ნაციონალური მოძრაობისა“ და გიორგი ვაშაძის ერთობა მათი გადასაწყვეტია, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არ პასუხობს ქართველი ხალხის დაკვეთას, ასევე ჩვენი პარტნიორების მოწოდებასა და რჩევას, რომ დასრულდეს ამ ქვეყანაში პოლარიზება, რომელიც მძიმე გავლენას ახდენს დემოკრატიასა და პოლიტიკურ ლანდშაფტზე. გადაბარგება რომელიმე მონსტრი პოლუსის ბაზაზე ან ორბიტაზე აძლიერებს პოლარიზებას, ეს სცდება მთავარ მიზანს, რაც ასე სჭირდება დღეს საქართველოს პოლიტიკურ ველს. ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლაში დარწმუნებულია თითქმის ყველა. კვლევები ამაზე მიუთითებს, რომ ხელისუფლების ცვლილების აუცილებლობა დღის წესრიგში დგას. მაგრამ მთავარია ისეთი ფორმულა, რომელიც შეცვლის ივანიშვილის ხელისუფლებას. ეს არის ორი პოლუსის მიღმა ალტერნატიული ცენტრის შექმნა. „ლელომ“, თავის მხრივ, აიღო პასუხისმგებლობა ალტერნატიული ცენტრის შექმნაზე. ალტერნატიულ ცენტრს აუცილებლად შექმნიან პროდასავლური პარტიები, რომლებიც მზად არიან, მთავარი წვლილი შეიტანონ ივანიშვილის ხელისუფლების გაშვებაში. ბოლო კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა 34% ამბობს, რომ არასდროს დაუჭერს მხარს „ქართულ ოცნებას“ და 39% ამბობს, რომ არასდროს დაუჭერს მხარს „ნაციონალურ მოძრაობას“. ეს ნიშნავს, რომ ქართულ პოლიტიკურ ველს სჭირდება ალტერნატიული ძალის ცენტრი, „ლელოს“ იდეაც სწორედ ეს არის და პასუხობს საზოგადოების დაკვეთას. თუ ასე არ მოხდება, ეს ნიშნავს ქართულ პოლიტიკაში დიდი რაოდენობის ამომრჩეველთა ხმის დაკარგვას. „ლელოს“ მიზანია, რომ სწორედ ამ მოქალაქეების ხმა დავაბრუნოთ.
_ თუ ფიქრობთ, რომ ამ ალიანსის შექმნით „ნაციონალური მოძრაობის“ პოლუსი ძლიერდება, ოპოზიციური ფლანგის გაძლიერება რატომ უშლის ხელს პროცესს?
_ იმიტომ, რომ პოლუსის გაძლიერება ხელს უწყობს პოლარიზებას. რაც ცუდია, ის კარგი ვერ იქნება.
_ თქვენ ხომ ამბობთ, რომ დაახლოებით 40%-მდე ამომრჩეველი არც „ნაციონალურ მოძრაობას“ აძლევს ხმას და არც „ქართულ ოცნებას“, ამ ამომრჩეველთან მუშაობაში „ნაციონალური მოძრაობის“ გაძლიერება თქვენ რატომ გიშლით ხელს?
_ ის, რასაც მე ვამბობ, ეყრდნობა კვლევებს, ციფრებს და არა ჩემს სუბიექტურ შეფასებებს. კვლევები ამბობს, რომ ქვეყანაში არსებობს პოლარიზება, რაც ცუდია, ამ პოლარიზების დროს „ქართული ოცნება“ ყოველთვის დგება მომგებიან პირობებში. როდესაც ერთი პოლუსის შემადგენელი ნებისმიერი სუბიექტი, „ნაციონალური მოძრაობა“ ან სხვა, აანონსებს ან დგამს ნაბიჯს შერწყმისკენ, ეს არის პოლარიზების გაძლიერება, რაც, ზოგადად, ცუდია.
_ მაშინ, რა უნდა ქნას „ნაციონალურმა მოძრაობამ“, არ უნდა გაძლიერდეს, პოლარიზაცია რომ არ გაიზარდოს?
_ შეიძლება ეს გაერთიანება საერთოდ არ იყოს მათი ამომრჩევლის რაოდენობის ზრდის მანიშნებელი. მათ პოზიციებშიც განსხავევებები ჰქონდათ, განცხადებებშიც განსხვავებები ჰქონდათ, ერთმანეთის დისკრედიტაციით იყვნენ ხშირ შემთხვევაში დაკავებულები. შეიძლება საერთოდ გაანაწყენოს ერთ მხარეს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ამომრჩეველი და მეორე მხარეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი. ეს არის სუბიექტური დაკვირვება. ამას პასუხს სცემს, ზოგადად, სოციოლოგიური კვლევები, მაგრამ ეს კვლევები ჯერ თვალით არავის უნახავს, ამიტომ ეს მომავლის საკითხია. მათი პერსონალური მდგომარეობა ჩემთვის ნაკლებად არის საინტერესო, ჩემთვის საინტერესოა, საქართველოს პოლიტიკურ ლანდშაფტზე რა გავლენას მოახდენს ეს.
_ ისინი ამბობენ, ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს პოლიტიკურ ალიანსს, თქვენც შექმენით პოლიტიკური ცენტრი, თქვენც გაძლიერდით, ჩვენ დაგეხმარებით. თქვენ რას შვრებით ამ დროს, ახერხებთ გაძლიერებას?
_ „ლელოს“ არ სჭირდება „ნაციონალური მოძრაობის“ ნებართვა იმისთვის, რომ ალტერნატიული ცენტრი შექმნას. ამაზე ჩვენ ვლაპარაკობთ ძალიან დიდი ხანია, რომ ამ პოლარიზებას ბოლო უნდა მოეღოს. როცა დასავლელი პარტნიორი, შენი მეგობარი გეუბნება, რომ პოლარიზაცია ცუდია, ეს გასათვალისწინებელია, ისევე როგორც გასათვალისწინებელია ის, როდესაც გეუბნება „ქართული ოცნების“ შესახებ კრიტიკულ მონახაზებს. ეს მხოლოდ მაშინ არ არის მნიშვნელოვანი, როცა შენ გაწყობს, მაშინაც მნიშვნელოვანი უნდა იყოს, როცა შენ მოგიწევს გადაწყვეტილების მიღება. ალტერნატიული ცენტრის შექმნაზე დიდი ნახია, ვსაუბრობთ. არჩევნების მოახლოებასთან ერთად ეს საკითხი კიდევ უფრო აქტუალური ხდება. შესაბამისად, ჩვენ ვიმყოფებით უკვე რაღაც ტიპის კომუნიკაციაში არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებთან, ასევე ვსაუბრობთ ინდივიდუალურ პოლიტიკოსებთან, სამოქალაქო აქტივისტებთან, კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან. მესამე პოლიტიკური ცენტრი „ლელოსთან“ ერთად აუცილებლად შეიქმნება 2024 წლის არჩევნებისთვის.
_ როგორ ფიქრობთ, რომელი პარტიები იქნებიან თქვენს მიზიდულობის ცენტრთან უფრო ახლოს?
_ სამწუხაროდ, ვერ დაგისახელებთ ვერც სახელსა და გვარს და ვერც პარტიებს. ჩვენი მთავარი მიზანია, ეს ერთობა შედგეს იდეის, შინაარსისა და მიზნის გარეშემო. ამ ყველაფერს სჭირდება შეთანხმება. შეთანხმების შემდეგ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს პარტიები თავად გააკეთებენ საჯარო განცხადებებს.
_ ამ სამეულიდან, რომელიც დაიშალა, „სტრატეგია აღმაშენებელი“ „ნაციონალური მოძრაობისკენ“ წავიდა. რამდენად შესაძლებელია, რომ „გირჩი-მეტი თავისუფლება“ და „დროა“ „ლელოსთან“ დაახლოვდნენ, მით უმეტეს, ამის ალბათობას ისინი საჯარო გამოსვლებში არ გამორიცხავენ?
_ მივესალმები იმას, თუ ამ პარტიებისთვის „ლელოს“ იდეა ალტერნატიული ცენტრის შესახებ მისაღებია, მოსწონთ, განიხილავენ და ამას შესახებ საჯაროდ საუბრობენ, ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანია. სხვა არ ტიპის კონსულტაციები მიმდინარეობს, ამ ეტაპისთვის ვერ მოგახსენებთ. თუ შეთანხმება მოხდება კონკრეტულ საკითხებზე, შინაარსზე, მიზანზე, ამის შემდეგ გავაკეთებთ განცხადებას. მაგალითად, როგორ უნდა დავაზღვიოთ სასამართლო სისტემის გაჯანსაღება, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სუსის მუშაობა, რომელიც ორივე ხელისუფლებამ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“, საკმაოდ მძიმედ გამოიყენა. სასამართლო სისტემა ერთმა შექმნა, მეორემ გადაიბარა და გააუარესა, ამ რისკების დაზღვევაზე უნდა ვსაუბრობდეთ და შევთანხმდეთ. მე თუ უნდა ავიღო პასუხისმგებლობა კოალიციური უმრავლესობის შექმნაზე, მაშინ პასუხისმგებლობა უნდა ავიღო იმ რისკებზეც, რაც არსებობს, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ იმ კონკრეტულმა მმართველობებმა რაც გააკეთეს, აღარ განმეორდეს. არსებობს განსაზღვრული ობიექტური შიში „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ. იმ 39%-ს, რომელიც კვლევების მიხედვით არ მისცემს ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“, უნდა გავუქროთ შიში, რომ ერთპარტიულად რომელიმე პარტია შეძლებს ძალაუფლების ხელში ჩაგდებას. ეს არ არის ჩემი სუბიექტური აზრი, ეს ჩანს კვლევებში, რომ ამ ქვეყანაში არსებობს დახლოებით 40%, რომელსაც არც ერთი ძალა უნდა და არც _ მეორე, უნდა რაღაც სხვა, მაგრამ ქართული პოლიტიკური ველი ამ რაღაც სხვას არ სთავაზობს ან თუ სთავაზობს, ფრაგმენტირებულად, პატარა პარტიების სახით. გარდა იმისა, რომ უნდა შესთავაზო ალტერნატივა, უნდა დაარწმუნო, რომ შენ შეგწევს ბალანსის ძალა. ამის ჩვენება შეიძლება ერთიანობით, პირველ რიგში, პარტიებს შორის, რომელთაც შინაარსობრივი ერთობა აქვთ და არა უბრალოდ იმის გამო ხდება გარიგება, ვინ რამდენ მანდატს წამოიღებს და ვინ ბარიერს გადალახავს.
_ თქვენი აზრით, ვაშაძე იმიტომ წავიდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რომ მას მანდატის პრობლემა ჰქონდა?
_ არა, ასე არ ვფიქრობ, მაგრამ მგონია, რომ ერთობები არ უნდა იდგეს უბრალოდ კომუნიკაციაზე, პოლიტიკურ აღებ-მიცემობაზე, რაღაც სარგებელის გაცვლაზე, არამედ უნდა იდგეს შინაარსსა და იდეაზე.
_ პოლიტიკური ალიანსი, რომელიც შეიქმნა „ნაციონალურ მოძრაობასთან“, აცხადებს, რომ მათი მიზანია გამარჯვება. თქვენი სამიზნე რა არის, _ შეძლებთ „ქართული ოცნების“ დამარცხებას? გაქვთ მზაობა, რომ მესამე კი არა, პირველი პოლიტიკური ცენტრი გახდებით?
_ პირველ რიგში, „ნაციონალური მოძრაობის“ ბაზაზე ვერანაირი გამარჯვების პლატფორმა ვერ იარსებებს. 2012 წლის შემდეგ იქ, სადაც მარტო დარჩა „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“, დანაშაულებრივმა პოლარიზებამ შედეგი გამოიღო და ყოველთვის გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“, რაც არის სამწუხარო მოვლენა და ძალიან ცუდი ამ ქვეყნისთვის. 2012 წლიდან, როდესაც ყველა არჩევნებში გიფიქსირდება წაგება, „გამარჯვების პლატფორმა“ ვერ იქნები. ვეთანხმები გიორგი ვაშაძის ძველ ვერსიას, რომელიც ამბობდა, რომ მიშასა და ბიძინას დაპირისპირებაში გამარჯვებული ცნობილია. სამწუხაროდ, დღეს გიორგი განსხვავებულად ფიქრობს და შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება, რაშიც, რა თქმა უნდა, თავისუფალია. იმ კვლევების გათვალისწინებით, რომლის თანახმადაც შენი მოსახლეობის 39% ამბობს, რომ არ დაგიჭერს მხარს ამ პლატფორმაზე, შენ ვერ შექმნი უმრავლესობას ვერანაირი გაგებით და მათ შორის ეს 39% გრჩება პოლიტიკის მიღმა. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ პოლიტიკაში ჩავაბრუნოთ სწორედ ის ადამიანები, რომლებიც არჩევნებში უმრავლესობის მოპოვებაში არის გადამწყვეტი. ამიტომ აქ საუბარი იმაზე კი არ არის, 49%-ს აიღებს თუ არა ოპოზიცია, თუ იღებ 49%-ს, ჩათვალე, რომ ნული გაქვს აღებული, რადგან ვერ ცვლი ხელისუფლებას…
_ თქვენ შეცვლით ხელისუფლებას?
_ კი, „ლელოს“ ალტერნატიულ ცენტრს ექნება ცალსახად მთავარი, გადამწყვეტი როლი ხელისუფლების შეცვლაში, რომელიც ოპოზიციას გაიყვანს უმრავლესობაზე, ანუ 51 პროცენტს პლუს.
_ მიიღებთ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ მეტ ხმას?
_ მთავარია, რამდენს აიღებს ოპოზიცია ჯამურად. აქ არჩევანი დგას ორი მიმართულებით: ან ოპოზიციამ უნდა აიღოს უმრავლესობა, ან ოპოზიცია მარცხდება. ვინ რამდენ პროცენტს აიღებს, ჩემთვის სრულიად უინტერესოა, რადგან მოქალაქეს ციფრები არ აინტერესებს, მას აინტერესებს პრორუსული ხელისუფლების შეცვლა. ამიტომ მთავარი მიზანია, 51% ჯამურად ავიღოთ პროდასავლურმა ოპოზიციამ, რომელიც მზად არის, ერთმანეთთან კოალიცია შექმნას, თუნდაც კონკურენციის, კინკლაობის ფონზე, მაგრამ შეიქმნას სამართლიანი, პროდასავლური, პროქართული კოალიცია.
_ რას იტყვით გახარიას პარტიასთან თანამშრომლობაზე? მოიაზრებთ მას თქვენს პოლიტიკურ ცენტრში?
_ არა, გიორგი გახარიას პარტიასთან თანამშრომლობას არ განვიხილავთ, რადგან მის მიმართ მძიმე პოლიტიკური შეკითხვები გვაქვს. თუ მე მაღელვებს 7 ნოემბერი, ასევე მაღელვებს 20 ივნისი და არ მავიწყდება. ამაზე პასუხი მას არ გაუცია, ისიც კი არ უთქვამს, საბოლოოდ, რეალურად, ვინ გასცა ბრძანება სასტიკ დარბევაზე, პირადად ივანიშვილმა თუ სხვამ? ასევე მახსოვს „ბასიანის“ დარბევა, პანკისის დარბევა, ია კერზაიას საქმე, ანაკლიის პროექტის ჩაგდება და ა. შ. ამ მძიმე შეკითხვების პარალელურად შეუძლებელია, გულწრფელ თანამშრომლობაზე ისაუბრო.