ირაკლი ფავლენიშვილი: „პარტიული გაძლიერება არის მექანიზმი მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად“
ირინა მაკარიძე
ვინ არის ირაკლი ფავლენიშვილი, რომელიც რამდენიმე დღის წინათ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილედ დაინიშნა? რა არის მისი მოტივაცია პოლიტიკაში და რა პასუხისმგებლობაა მისთვის ამ თანამდებობაზე ყოფნა? რას ფიქრობს ახალ პოლიტიკურ ალიანსსა და პარტიაში არაფორმალურ გავლენებზე? როგორ აპირებენ პარტიის ლიდერ მიხეილ სააკაშვილის ტყვეობიდან გამოხსნას? _ ამ და სხვა საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ფავლენიშვილი:
_ რაც საარჩევნო ასაკში შევედი, მას შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი ვარ. ზოგადად, პოლიტიკას ბავშვობიდან შევეთვისე, გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი ოჯახი დაკავშირებული იყო პოლიტიკურ პროცესებთან, ჩემმა მშობლებმა ეროვნული მოძრაობის წიაღში გაიცნეს ერთმანეთი. დედაჩემი და მამაჩემი ამ მოძრაობის აქტიური წევრები იყვნენ. ვამაყობ, რომ მამაჩემი, იასონ ფავლენიშვილი, იყო „ჰელსინკის ჯგუფის“ წევრი, მერაბისა და ზვიადის თანამებრძოლი. მამაჩემმა წაიღო 9 აპრილის დარბევის ამსახველი კასეტა და ქიმიური ნივთიერებით მოწამლული ადამიანების ბიოლოგიური მასალა მოსკოვში, რომელიც გადასცა აშშ-ის საელჩოს პოლიტიკურ მდივანს, რის შემდეგაც გავრცელდა ეს ინფორმაცია დასავლეთში. დიპლომატიური ფოსტით გაეგზავნა „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტ ეთერ ფიჩხაძეს. გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი ოჯახი იყო დაკავშირებული პოლიტიკურ პროცესებთან, სახლშიც ხშირად საუბრობდნენ პოლიტიკაზე, პოლიტიკოსები გვყავდნენ სტუმრად, უფრო პოლიტიზებული ბავშვი ვიყავი, ვიდრე სხვები. ასევე საქართველოს ისტორიის მიმართ მქონდა განსაკუთრებული სიყვარული და ინტერესი. მიხეილ სააკაშვილიც ასე გავიცანი, როდესაც მან ისტორიის სასკოლო ოლიმპიადაზე, როგორც გამარჯვებულ მოსწავლეს, ჯილდო გადმომცა. პატარა ვიყავი, როდესაც მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ მოვისმინე და მის მიმართ სიმპათია მაშინ გამიჩნდა, რადგან ძალიან მტკიცედ დაიცვა ეროვნული ინტერესები იმ ძალისგან, რომელიც საფრთხეს უქმნიდა ჩვენს დამოუკიდებლობას. შემდეგ იყო მიხეილ სააკაშვილის ჩატარებული რეფორმები, რომლის მნიშვნელობა ჩემთვისაც კი, როგორც ბავშვისთვის, ძალიან ცხადი იყო. როდესაც დავინახე, რომ ქართული სახელმწიფოებრიობის მთავარი მტრის, რუსეთის აგენტურა როგორ მთელი ძალით იბრძოდა მის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, ამანაც გამიმყარა ჩემი დამოკიდებულება და პოზიცია მის მიმართ.
აქტიურ პოლიტიკაში ჩართვის გადაწყვეტილება 2019 წლის 20 ივნისს მივიღე. ბიძინა ივანიშვილი რუსული პროექტი რომ იყო და საქართველო რუსულ გავლენას ემორჩილებოდა, ამის ყველაზე ცხადი დადასტურება ვიხილეთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამში რუსი გავრილოვის ჩაჯდომით. ეს გახდა ჩემი მოტივატორი, რომ გავსულიყავი ქუჩაში. აქციის ძალადობრივი დარბევისას 9 ტყვია მომხვდა, მოვიწამლე კიდეც და გავხდი 20 ივნისის ერთ-ერთი დაზარალებული. 20 ივნისის შემდეგ საპროტესტო მოძრაობაში აქტიურად ჩავები, შევქმენი დაზარალებულების ჯგუფი „მოძრაობა 20 ივნისი“, რომლითაც ამ ადამიანების ადვოკატირებას ვახდენდი. იმას მაინც მივაღწიეთ, რომ ზოგიერთ მათგანს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა და გარკვეული კომპესაციებიც მიიღეს. ზოგიერთს ხელისუფლება სამედიცინო მომსახურებას აღარ უწევდა და ჩვენი აქტიურობის შედეგად ეს მომსახურება მიიღეს. ამ დრომდე 20 ივნისი სათანადოდ არ შეფასებულა და, შესაბამისად, დაზარალებულების უფლებები არც ფინანსურად, არც სამართლებრივად და არც ადამიანურად არ ასახულა. გარდა იმისა, რომ 20 ივნისის შემდეგ ჩემი ორგანიზაციით აქტიურად ვიყავი ჩართული პროცესებში, მე და ჩემმა მეგობრებმა, თანამებრძოლებმა „სამოქალაქო მოძრაობა 2020“ დავაფუძნეთ, რომელიც არჩევნებზე დაკვირვებას ემსახურებოდა. ამის შემდეგ, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობაში“ გადავინაცვლებდით, დავაფუძნეთ „ანტიკორუფციული მოძრაობა“ და ლევან ხაბეიშვილთან, „ნაციონალური მოძრაობის“ ამჟამინდელ თავმჯდომარესთან გვქონდა აქტიური კონტაქტი. ზოგადად, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ყოველთვის ახლოს ვიდექი, რადგან ვპოზიციონირებდი, როგორც მისი ამომრჩეველი.
_ როგორც ვიცით, თქვენი მომავალი მეუღლე თქვენც აქციებზე გაიცანით, ასეა?
_ დიახ, 2020 წლის გაყალბებულ არჩევნებს როდესაც ვაპროტესტებდით, მაშინ გავიცანი, ისიც დადიოდა აქციებზე, პოლიტიკაში ჩართული არ არის, მაგრამ აქტიური მოქალაქეა.
_ რაც შეეხება თქვენს თანამდებობას, პარტიის გენერალური მდივნის მოადგილე ხართ, რას ნიშნავს ეს თქვენთვის, რა პასუხისმგებლობაა?
_ საპასუხისმგებლო თანამდებობაა, რა თქმა უნდა. ესაა პარტია, რომელიც ერთ-ერთი მოწინავეა არა მხოლოდ ქვეყანაში, არამედ რეგიონში. ასიათასობით მომხრე ჰყავს, რომელსაც საკუთარი სიცოცხლე, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა აქვს გაწირული ეროვნული საქმისთვის ბრძოლაში. ბოლო ათწლეულის მანძილზე „ნაციონალური მოძრაობა“ არის განსაკუთრებული რეპრესიებისა და ზეწოლის ობიექტი. ასეთ ორგანიზაციაში გქონდეს თანამდებობა, მით უმეტეს, როდესაც იცი, რამდენი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა უკავშირდება ამ პოლიტიკური პარტიის ბრძოლას, ეს საკმაოდ საპასუხისმგებლია. ეს ჩემთვის არა უბრალოდ პარტია, ერთგვარი ეროვნული ცენტრია, რომელიც, ფაქტობრივად, რუსული გავლენების წინააღმდეგობის კერაა. გამომდინარე იქიდან, რომ რუსი ოლიგარქი მართავს ქვეყანას, გამოდის, რომ არა მხოლოდ ქვეყნის ტერიტორიის 20%-ია ოკუპირებული, ჰიბრიდული ომის მეშვეობით მთლიანად ქვეყანაა საფრთხეში. ასეთ დროს ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრში იყო მნიშვნელოვან პოზიციაზე, ეს, რა თქმა უნდა, დიდ პასუხისმგებლობას გაკისრებს.
_ პარტიის წინაშე ერთ-ერთი გამოწვევა არის ერთიანობის პრობლემა, ვგულისხმობ ნიკა მელიასა და იმ ადამიანებს, რომლებიც დისტანცირებული აღმოჩნდნენ პარტიიდან, რას იტყვით ამის შესახებ?
_ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ძალიან დიდი ორგანიზმი და ხშირად ყოფილა მის ისტორიაში, რომ გარკვეული ადამიანები განაწყენებულან პარტიის შიდა პროცესების შედეგად, თუმცა ამას არ ჰქონია დამანგრეველი გავლენა პარტიაზე.
_ თქვენ ფიქრობთ, რომ მათი პრეტენზიები ობიექტური არ არის, მაგალითად, პოლიტსაბჭოს შემადგენლების გადარჩევასა და რეგიონებში წამყვანი პოზიციებიდან ძველი კადრების გაშვებასთან დაკავშირებით?
_ არავინ გაუშვიათ, პირიქით, კარი იყო ღია, მათ შორის, პოლიტსაბჭოს არჩევნები უპრეცედენტოდ დემოკრატიულად ჩატარდა, არა მხოლოდ ჩვენი პარტიის, არამედ საქართველოს პარტიების ისტორიაში, რადგან 2/3 აირჩა პირდაპირი არჩევნების გზით. ამ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღეს. თავიანთ თავს რა პოზიციებზე ხედავდნენ, ვიყავით ღია ამ მოლაპარაკებებზე, ვუთვლიდით, რომ ისინი მოსულიყვნენ ოფისებში და დაეწყოთ მუშაობა. უბრალოდ, როდესად არც ერთი, არც მეორე და არც მესამე არ ქნეს, პარტია, რომელიც ფუნქციონირებს, ვერ გამოეკიდება ხალხს სახლში და ვერ ეტყვის, გინდა თუ არა, გამოცხადდიო.
_ გარდა ამისა, ისინი საუბრობენ არაფორმალურ მმართველობაზე პარტიაში, რასაც ნიკა მელია მიუთითებდა, როგორც მთავარ წინააღმდეგობაზე, რას იტყვით ამის შესახებ?
_ არაფორმალური მმართველობის შესახებ ამ პარტიის დამფუძნებელმა და იმ ადამიანმა, რომელიც ჩემი და ბევრი ადამიანის მთავარი მოტივაციაა, რის გამოც ამ პარტიას მხარს უჭერენ, მიხეილ სააკაშვილმა, გიორგი თარგამაძესთან ინტერვიუში პასუხი გასცა. მან თქვა, რომ ჩრდილოვანი მმართველობა ამ პარტიაში არც არასდროს ყოფილა და არც იქნება. მისი პასუხი დამატებას არ საჭიროებს.
_ რა გეგმა აქვს პარტიის ახალ მენეჯმენტს მიხეილ სააკაშვილის ტყვეობიდან დასახსნელად, რა არის ის, რასაც ვერ აკეთებდა მელია და გააკეთებს ხაბეიშვილი?
_ ჩვენი პარტიის მიზანია, რომ პარტია გაძლიერდეს, ეს არის ინსტრუმენტი ყველა მიზნის მიღწევის, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების. პარტიის გასაძლიერებლად კი ვაკეთებთ იმას, რომ ვძლიერდებით სტრუქტურულად. გავხსენით პარტიის 50 ოფისი, მათ შორის, ისეთ რეგიონებში, სადაც საერთოდ არ იყო პარტიული ოფისი. ადამიანები საერთოდ გაუცხოებული იყვნენ პარტიული ორგანიზმისგან, მათ ვააქტიურებთ და ისინი კიდევ უფრო მეტ ადამიანს რთავენ ამ მოძრაობაში. გარდა ამისა, მუდმივად გავდივართ რეგიონებში და ვმართავთ შეხვედრებს…
_ მიხეილ სააკაშვილის შესახებ გკითხეთ…
_ დიახ, მიხეილ სააკაშვილის შესახებ გპასუხობთ, პარტიული გაძლიერება არის მექანიზმი მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად. მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით არსებობს საპროტესტო მოძრაობა და მუდმივად ვმართავთ აქციებს. ახალი მენეჯმენტის მოსვლის პირველი დღეებიდანვე დაიწყო საპროტესტო აქციები, თუმცა მთავარი ინსტრუმენტი, რითაც შეიძლება პარტიამ მიაღწიოს თავის მიზნებს, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლებასთან დაკავშირებით, არის პარტიული გაძლიერება. ასევე ჩვენ განვაცხადეთ, რომ გვექნებოდა მოლაპარაკება მიხეილ სააკაშვილთან, რომ ის ყოფილიყო პროცესში უფრო აქტიურად ჩართული, ეს მოხდა კიდეც _ მიხეილ სააკაშვილს დაუბრუნდა პარტია. ეს ჩანს იმითაც, რომ მესამე პრეზიდენტი ასე აქტიურად ჩაერთო პარტიულ საკითხებში.
_ რას ნიშნავს, მიხეილ სააკაშვილს დაუბრუნდა პარტია? გულისხმობთ, რომ მელიას დროს მას დაკარგული ჰქონდა პარტიასთან კავშირი?
_ ზოგადად, სხვა დამოკიდებულება იყო მისი მმართველობის 9 წელთან, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ როლთან და მის გააზრებასთან დაკავშირებით. იყო სხვაგვარი ხედვები. ჩვენს შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური როლი და მისი ჩართულობა კარგად ჩანს და ამას ამომრჩეველიც შესანიშნავად ხედავს. ეს გამოჩნდა სოციოლოგიურ კვლევებშიც „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგის ზრდის სახით.
_ რაც შეეხება „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად ახალი პოლიტიკური ალიანსის შექმნას, რამდენად იქნება ეს გამარჯვების პლატფორმა?
_ ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ პირველები ვიყოთ და დავამარცხოთ „რუსული ოცნება“, შესაბამისად, რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტი პოლიტიკური აქტორი შემოურთდება ამ პლატფორმას, ეს კარგია. მით უმეტეს, „სტრატეგია აღმაშენებელთან“ გვაქვს ღირებულებითი თანხვედრა ძირითად საკითხებზე. გიორგი ვაშაძე და მისი გუნდი არის საკმაოდ კომპეტენტური ბევრი მიმართულებით. ეს გაერთიანება ოპტიმისტიურ განწყობას მაძლევს. მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა პოლიტიკურ აქტორებთან, რაც უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება, უკეთესი იქნება. ახალგაზრდებთან დაკავშირებითაც პარტიის პოზიცია ცნობილია. ჩემ გარდა ბევრი ახალგაზრდა დაინიშნა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე და ეს გაახალგაზრდავების პროცესი აუცილებლად გაგრძელდება. ესეც ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რითაც პარტია ძლიერდება და მიაღწევს სტრატეგიულ მიზნებს.
_ პროდასავლურმა პარტიებმა ეს გაერთიანება არცთუ დადებითად შეაფასეს და სხვადასხვა მიზეზს ასახელებენ, თუ რატომ არ აპირებენ შემოუერთდნენ ამ პოლიტიკურ ალიანსს. რას იტყვით ამ რეაქციებზე?
_ ვისაც არ სურს ჩვენთან თანამშრომლობა, კალთებს ვერავის დავახევთ. რაც შეეხება პოლარიზაციის გაძლიერებას, რის შესახებაც საუბრობენ, რომ ჩვენი პოლიტიკური ცენტრის გაძლიერება ამას გამოიწვევს, ლოგიკურად, იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანები შიშობენ, რადგან მთელი ხმები წავა ორი პოლიტიკური ცენტრისკენ. სიმართლე გითხრათ, ამ პროცენტების ანგარიშზე მეტად რუსული რეჟიმის დამარცხება მაინტერესებს. ჩვენს ინტერესებშიც შედის, რომ სხვა ცენტრიც შეიქმნას, რომელიც გადალახავს 5-პროცენტიან ბარიერს. არა მგონია, ერთმანეთის სიძლიერე უნდა გვაეჭვიანებდეს და გვამძიმებდეს. პირიქით, ახლა ჩვენი ქვეყნისთვის ისეთი პერიოდია, რაც უფრო გაძლიერდება თითოეული პოლიტიკური აქტორი თუ ცენტრი, ეს ყველასთვის მისასალმებელი უნდა იყოს.