ლევან ტატურაშვილი: „შიო მუჯირი მოსაყდრედ საქართველოს პატრიარქს მოსკოვმა გამოაცხადებინა“
გიორგი საკარული
„ციანიდის საქმე“ დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავება ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული საქმე გახდა საქართველოს უახლეს ისტორიაში. ლესელიძეზე მდებარე ჯვრის მონასტერში მოღვაწე სასულიერო პირის, დედა თამარის მოწამვლა და ხერხემლის დაზიანება, პატრიარქის სახლში 2016 წელს რამდენიმე თვის განმავლობაში ტერორიზმში, ადამიანის მკვლელობასა და გატაცებაში ბრალდებული სამი პირის დამალვა (რის შესახებაც ცნობილი გახდა საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის სკანდალური ჩვენებიდან), სუსის მიერ გავრცელებული კრებსები და მაღალი იერარქების პირადი ცხოვრების სკანდალური ფაქტები, _ ეს მოვლენების ის მოკლე ჩამონათვალია, რომელიც საპატრიარქოს შიგნით მოხდა, დღესაც ხდება და ვინ იცის, კიდევ რამდენი რამ იმალება საქართველოში ყველაზე გავლენიან ინსტიტუტში, რომელიც დომინირებს ხელისუფლების ყველა შტოზე და არამარტო.
საპატრიარქოს სკანდალების ჩამონათვალს კიდევ ერთი ამბავი მიემატა _ მეუფე შიოს მოწამვლა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მეუფე შიო მუჯირის საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის, 19-109-ე მუხლით დაიწყო, თუმცა უწყებაში ამბობენ, რომ „გამოძიების შედეგების მიხედვით შესაძლოა, მუხლი გადაკვალიფიცირდეს“.
საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, მიტროპოლიტ შიოს სისხლის ანალიზში გარკვეული ცვლილებები არის და ანალიზის მიხედვით, სისხლში მეტალების შემცველობა დაშვებულზე მეტი აღმოჩნდა.
ამ ყველაფერს კი ემატება კიდევ ერთი შემზარავი ფაქტი _ 7 ივლისს გაურკვეველ ვითარებაში საპატრიარქოს დიასახლისი გარდაიცვალა. ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა ეს ფაქტი მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლის ვერსიას, თუმცა მომხდარი ემთხვევა სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც შსს-მ პატრიარქის მოსაყდრის განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით აღძრა. გარდაცვლილი ქალის ცხედარი ექსპერტიზის შემდეგ საპატრიარქოში გადაასვენეს.
ამ ყველაფრის ფონზე კი მაღალი იერარქების საკვირაო ქადაგებები დაფუძნებულია მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებებზე, სიძულვილზე, მუქარასა და არაქრისტიანულ სწავლებებზე.
თეოლოგი ლევან ტატურაშვილი ერთადერთი ადამიანი იყო, რომელმაც მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლის შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა. „ქრონიკა+“-თან საუბარში თეოლოგი იმ შიდა დაპირისპირებაზე საუბრობს, რომელიც დღეს საპატრიარქოშია.
რატომ ჩატარდა სინოდის სხდომა 2-წლიანი პაუზის შემდეგ? რა იყო კრებაზე განხილული? ვის ინტერესებს ატარებს მეუფე შიო მუჯირი? ვინ იბრძვის პატრიარქის სკამისთვის? რა მოხდება პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ? _ ამ და სხვა საინტერესო სკანდალურ დეტალებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება თეოლოგი ლევან ტატურაშვილი:
_ თითოეული დაინტერესება, რომელსაც ჟურნალისტები იჩენენ ამ საკითხების მიმართ, არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ კუთხით, რომ სიმართლე იყოს გაგებული, დაიწმინდოს პროცესები და რეალობა მეტად ახლოს მივიდეს ეკლესიის კეთილის მსურველებთან და ჩვენს ხალხთან. რაც შეეხება სინოდის მოწვევის საკითხს, იგი წელიწადში ორგზის უნდა განხორციელდეს, ეს არის გაზაფხული და შემოდგომა. კიდევ უფრო კონკრეტული დროებია მითითებული, თუ როგორ უნდა იყოს მოწვეული სინოდი, მაგრამ პატრიარქს შეუძლია შეცვალოს, გაზაფხულის სინოდი მოიწვიოს ზაფხულში და ა. შ. მაგრამ მთავარი არის ის, რომ პატრიარქმა სინოდი უნდა მოიწვიოს მინიმუმ ორგზის და საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სამგზის.
_ რას გულისხმობთ საჭიროების შემთხვევაში?
_ მაგალითად, ახლა რაც ხდება საქართველოს ეკლესიაში, ეს არის ჯაჭვისებური გაგრძელებაა ციანიდის ისტორიის , რაღაც ისეთთან გვაქვს საქმე, რაც მარტო ეკლესიაში, რომელიმე ჯგუფისგან არ ხორციელდება. ამას კონკრეტუული აგრესიული რელიგიური ჯგუფები ვერ გაბედავდნენ. ამ პროცეესებს აშკარად მართავენ გარკვეული მაღალი რანგის იერარქები, ასევე მართავს სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემა. ამხელა სკანდალი ეკლესიაში ასე მარტივად აგორდეს, წარმოუდგენელია. საკმაოდ გავლენიანი ჯგუფებია ეკლესიაში, ბევრი საშინელი ჯგუფი, რომლებსაც ვერ დავასახელებ და არც მივცემ საკუთარ თავს უფლებას, რომ დავასახელო.
_ რატომ?
_ იმიტომ, რომ საქართველოში არ ვარ ამ ეტაპზე, მაგრამ მანდ არის ჩემი ოჯახი. ჩემთვის არ არის უცხო დაშინების მცდელობა, ზეწოლა, სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაც კი. გამოვიმუშავე კიდეც ფსიქოლოგიური იმუნიტეტი, რომ მათი ყველა მცდელობა ჩემდამი დაშინებისა თუ განადგურების, გარკვეული უშიშრობაა ჩემთვის, პირიქით მეტად დიდ სტიმულს მაძლევს სიმართლისთვის ბრძოლაში.
_ მაინც ჩაგეკითხებით, ეს ჯგუფები მაღალი იერარქებისგან შედგება, თუ?
_ ჯგუფები ძალიან დიდია, არიან გარკვეული მღვდელმთავრები, რომლებიც მოსაყდრე შიო მუჯირთან ვერ ძოვენ, ვერ თავსდებიან და სურთ, რომ თავად მოსაყდრე გაანეიტრალონ, ჩამოიცილონ.
_ განეიტრალებაში რას გულისხმობთ, მის ლიკვიდაციას?
_ არ ვგულისხმობ ლიკვიდაციას, მაგრამ მისი საეკლესიო კარიერის ლიკვიდაცია ნამდვილად სურთ. ის ზენიტი, რაც აქვს ახლა მოსაყდრის ტიტულით მაღალ ყოვლად უსამღვდელოეს მუჯირს, აღიზიანებს ბევრს და იმაზე მუშაობენ, რომ ეს იყოს ბოლო ტიტული და არ აღზევდეს კათოლიკოს-პატრიარქის სახით. რაც დრო გადის, შიო მუჯირს შანსი უმცირდება პატრიარქობის. მას და მის უკან მდგომ ძალებს არ ჰქონდათ გათვლილი, რომ კათოლიკოსპატრიარქის სიცოცხლე ამდენ ხანს გახანგრძლივდებოდა. ეს არის ძალიან საინტერესო. ერთხელ მიტროპოლიტმა შიომ ღმრთის მსახურებთან საუბარში თქვა, როდესაც ის კათოლიკოს-პატრიარქის მიერ ნოემბერში დასახელდა მოსაყდრედ, სჯეროდა, რომ იმავე წლის დეკემბერში ან 7 იანვრისთვის, კათოლიკოს-პატრიარქი საპატრიარქო ტახტს დატოვებდა. მაგრამ უკვე წლებია გასული, პატრიარქი, მიუხედავად ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობისა, არ ტოვებს ტახტს და კვლავ ის არის კათოლიკოს-პატრიარქი.
_ რატომ იყო მეუფე შიო ასე დარწმუნებული, რომ ის გახდებოდა პატრიარქი ან ილია მეორე გადადგებოდა თანამდებობიდან?
_ ამაზე პასუხი მარტივად შემიძლია გაგცეთ: ზოგადად, მოსაყდრის გამოცხადება არ არის ხშირი მოვლენა ეკლესიის ისტორიაში. მოსაყდრე ინიშნება მაშინ, როდესაც პატრიარქი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ან ის ფიქრობს, რომ მისი ამქვეყნიდან გასვლა მოახლოვებულია. ეკლესია, რომელიც საეკლესიო ტრადიციას მიჰყვება უმეტესწილად, მოსაყდრეს არ აცხადებს. დარწმუნებული ვარ, არც კათოლიკოს-პატრიარქს ჰქონდა გეგმაში, მოსაყდრედ გამოეცხადებინა მეუფე შიო, რომ არ ყოფილიყო გარკვეული ზეწოლა. პატრიარქი იძულებული გახადეს. მოსაყდრის გამოცხადებამდე ორი კვირით ადრე საქართველოს ფარული ვიზიტით, ისე რომ, ტაძარიც კი არ მოილოცა, ეწვია რუსეთის ეკლესიის იმჟამინდელი საგარეო საქმეთა მდივანი, ილარიონ ალფაევი. ის შეხვდა პატრიარქს, ეს იყო დახურული შეხვედრა. რამდენიმე საათში ილარიონმა საქართველო დატოვა, ამის შემდგომ გავიდა ორი კვირა, უწმინდესმა შეარჩია მნიშვნელოვანი დღესასწაული, გიორგობა და ქაშუეთის ეკლესიაში მან გამოაცხადა მოსაყდრედ შიო. იქ ბევრი საინტერესო დეტალი იყო, რაც ჟურნალისტებს არ უნდა გამორჩეთ. კათოლიკოს-პატრიარქმა არ გამოიყენა მოქმედი ფაქსიმილე, მან მოაწერა ხელი ბრძანებას და შეგიძლიათ ნახოთ, როგორი ბრძანებაა და როგორი ხელმოწერა, ის აწერს ხელს აკანკალებული ხელით პარკინსონის შედეგად. ეს ჩანს ამ ხელმოწერაში. იყენებენ ძველ, მცხეთის ფაქსიმილეს, ანუ კარგად ჩანს, პატრიარქი არ ენდო არავის. მათ შორის, არც საკუთარ გარემოცვას, რომ არ გადაეფიქრებინა მისთვის ეს ამბავი და ის თვლიდა, რომ ეს უნდა აღსრულებულიყო. მიტროპოლიტი შიო მთელი ეკლესიისთვის იყო მოულოდნელი კანდიდატურა და იგი გამოცხადდა მოსაყდრედ.
თუმცა გარკვეული წლები ვრცელდებოდა ინფორმაცია, 10-12 წლით ადრე, როცა ახალი ეპისკოპოსი იყო თავად შიო მუჯირი, რომ მოსაყდრედ მუჯირი გამოცხადდებოდა. ეს ინფორმაცია ჯერ კიდევ მაშინ იყოცნობილი, როცა პატრიარქი შედარებით ახალგაზრდა და მხნე იყო. პატრიარქი ყოველთვის ერთპიროვნული მმართველი იყო, ის გახლდათ უხეშად რომ ვთქვათ დიქტატორი, ის იყო მკაცრი მმართველი. ის „ბალაგანი“, რაც ახლაა, მის დროს არ ხდებოდა, მაგრამ აქვე ვიტყვი, რომ სწორედ ეს „ბალაგანი“, რაც საპატრიარქოს წიაღშია, არის სწორედ მისი მოღვაწეობის შედეგი. კათოლიკოს-პატრიარქის მიერ შიო მუჯირის მოსაყდრედ გამოცხადებიდან, დაახლოებით, 5-6 წლით ადრე, საპატრიარქოსთან დაახლოებულ ჟურნალისტს ქუჩაში ვუთხარი, რომ მუჯირი გამოცხადდებოდა მოსაყდრედ. ჟურნალისტი იმდენად გაღიზიანდა, რომ მან სცადა ჩემზე ფიზიკური ძალადობა. როცა ის ჟურნალისტი ამ ინტერვიუს წაიკითხავს, საკუთარ თავს ამოიცნობს მარტივად. როდესაც უკვე გამოცხადდა მუჯირი მოსაყდრედ, ამ ჟურნალისტს ეყო სინდისი და ღირსება, მოვიდა და შენდობა მთხოვა, როგორც მართალ ადამიანს. მან მითხრა, _ რომ არა გამშველებლები, სტიქაროსნები, ალბათ, დაგარტყამდი კიდეცო.
დავუბრუნდები თქვენს კითხვას და მოკლედ გიპასუხებთ, რომ მოსაყდრეს ჰქონდა ამის ფიქრის ლეგიტიმური უფლება: როცა მოსაყდრე ცხადდება, მოქმედი პატრიარქი მალევე ასრულებს, ტოვებს ტახტს. არ არის გასაკვირი, რომ ამას ელოდა მუჯირი. ვინც გამოაცხადებინა ეს პატრიარქს, ამით პატრიარქს მიანიშნა, რომ შენი დრო დასრულდა. უნდა ითქვას მოსაყდრედ შიო მუჯირი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მოსკოვმა გამოაცხადებინა, მუჯირი პატრიარქს საკუთარი ნებით არ გამოუცხადებია. პატრიარქს ძალიან უყვარდა საკუთარი კადრების რეკლამირება, ქება-დიდება, ახლა კი კაცისთვის, რომელიც გამოცხადებული ჰყავს მოსაყდრედ, მომიძებნეთ ერთი განცხადება, კადრი, სადაც პატრიარქი შიო მუჯირისთვის ერთ საქებარ სიტყვას იმეტებდეს. შიო მუჯირი რეალურად პატრიარქისთვისაც მიუღებელი კადრია. ის ვერასოდეს აპატიებს მოსაყდრეს იმას, რომ შიო მუჯირს, პატრიარქის გვერდის ავლით, კომუნიკაციები აქვს უცხო ძალებთან, თუნდაც ის უცხო ძალები პატრიარქის დიდი ხნის მოკავშირე იყოს.
ყოველდღე მცირდება პატრიაქის, როგორც მმართველის, ძალაუფლება. სამწუხაროდ, მისი ჯანმრთელობა იმ მდგომარეობაშია, რომ ის დასუსტებული და დაუძლურებულია.
გამაოცებს, თუ ჩემი ფრაზა ვინმეს გააკვირვებს, რადგან მარტივია შეხედო პატრიარქს და ის ჩათვალო მმართველად. პატრიარქი ძალიან დიდი ხანია, მმართველი აღარ არის.
_ კულუარებში ამბობენ, რომ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობად გაუარესდა. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ ამის შესახებ და რა საფრთხის წინაშე შეიძლება დადგეს ილია მეორე?
_ მე მაქვს ინფორმაცია, რომ ის არის ძალიან მძიმედ და სწორედ ამან დააჩქარა ის პროცესები, რომელიც დღესაა საპატრიარქოში. მე ვარ ერთადერთი ადამიანი, რომელმაც პრესასთან გამოიტანა ის ამბები, რაც ხდება რეალურად საპატრიარქოში ეხლა. ზოგადად, როდესაც პატრიარქი თავს ცუდად გრძნობს, მძიმედაა და ჩათვლიან, რომ ეს შეიძლება იყოს საბედისწერო ავად გახდომა, უმართავი პროცესები იწყება, ამისი ერთ-ერთი დასტური გახლავთ ციანიდის შეკრული სპექტაკლი, რომელიც განხორციელდა. ციანიდის ტრაგიკულმა ისტორიამ ძალიან დააზიანა საქართველოს ეკლესია. ერთ-ერთ მღვდელმთავარს ვუთხარი, რომ დღევანდელი საპატრიარქოს წარმომადგენლობა, ადმინისტრაციის თანამშრომლები, ისეთ განცდას ტოვებენ, რომ მიზანმიმართულად, გეგმურად მუშაობენ, რომ გაანადგურონ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტორიტეტი, რომელიც დამსახურებულად თუ დაუმსახურებლად ჰქონდა მას. საქართველოს ეკლესიას უძლიერესი სახელი ჰქონდა. დღეს კი რა სახელი აქვს, ყველა კარგად ვხედავთ. საპატრიარქოში ჩამოყალიბდა შხამის გასაღების სერვისი, _ ვინ ვის წამლავს კაცმა არ იცის.
_ დაზუსტებით არავის შეუძლია ამის თქმა, მაგრამ შესაძლოა, რომ თავისი გავლენებიდან გამომდინარე და როგორც თქვენ აღნიშნეთ, ეს გავლენები მოსკოვიდან მოდის, მეუფე შიო ვიხილოთ პატრიარქის სკამზე?
_ ძალიან უნდა იძალადოს ხელისუფლებამ, სპეცსამსახურებმა, მღვდელმთავრები უნდა დააშანტაჟონ, რომ ეს მოახერხონ. მიტროპოლიტ შიოს დღევანდელი სინოდით, ფაქტობრივად, შანსი აღარ აქვს, რომ ტახტზე ავიდეს. მოსაყდრეობა არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად გახდები პატრიარქი. მოსაყდრის ფუნქცია ძალაში მაშინ შედის, როდესაც მოქმედი პატრიარქი გარდაიცვლება ან გადადგება. პირველი და მთავარი, რა დროსაც მოსაყდრე ინიშნება, როდესაც პატრიარქი გარდაიცვლება, მისი დაკრძალვა უზრუნველყოს, მსოფლიო ეკლესიებს აუწყოს მისი ამბავი, მოიწვიოს სტუმრები დაკრძალვაზე მსოფლიო მასშტაბით და უზრუნველყოს საეკლესიო კრება, მოიწვიოს საეკლესიო გაფართოებული კრება იმისთვის, რომ არჩეულ იქნას პატრიარქი, მაგრამ კრებამდე ის იწვევს სინოდს, ამ სინოდზე შეირჩევა სამი კანდიდატურა და ამ სამში ავტომატურად ერთი მოსაყდრეა, თუმცა მას შეუძლია მოსაყდრე იყოს, მაგრამ არ დააყენოს საკუთარი კანდიდატურა საპატრიარქო ტახტისთვის არჩერვნებში.
_ გამორიცხავთ იმას, რომ მეუფე შიოს საპატრიარქოში ბევრი მტერი ჰყავს, რადგან სულ ახლახან ის მოწამლეს და გამოძიებაც კი დაიწყო? ვის არ აწყობს კიდევ მეუფე შიოს კლანის გაძლიერება?
_ რაც შეეხება შიო მუჯირის მტრობას, არც შიო არის მსხვერპლი და ვინმეს მოყვარე. ვერ ვიტყვი, რომ მტრები ჰყავს, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა ეკლესიისთვის. უნდა იყოს სხვა კანდიდატებიც. არ შეიძლება, ის განმეორდეს, რაც 1977 წელს ძალმომრეობით მოხდა, სახელმწიფოსა და იმდროინდელი ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილიას მიერ, მოლაპარაკებით, რომ ის იყო ერთადერთი კანდიდატი, რომელმაც კენჭი იყარა არჩევნებში და მან ასეთი ფრაზაც კი თქვა გაფართოებულ კრებაზე, რომ „თქვენ შეგიძლიათ ფურცელზე ჩაამატოთ სხვა კანდიდატი, რომელიც თქვენ გინდათ პატრიარქად და ის შემოხაზოთო“. ეს მასკარადი იყო, ეს რეალურად არავის შეეძლო. პოატრიარქი რომ გახდებოდა ილია და არა გაიოზ კერატიშვილი, არავინ იცოდა. ჩვენ ვიცით, რომ გაცილებით მეტი შანსი ჰქონდა იმჟამინდელ კერატიშვილს, ვიდრე შიოლაშვილს, მაგრამ ტახტზე ავიდა შიოლაშვილი, რადგან მას ჰქონდა სახელმწიფოს მხარდაჭერა. აი, ეს იმედი აქვს შიო მუჯირს. მას ისევ ჰგონია, რომ საბჭოთა კავშირი არსებობს, თუმცა კრემლის საცეცები იმდენად დარჩა ჩვენს ეკლესიაში, რომ დაიმედებას შიოში იწვევდა ის ფაქტორი, რომ მარტო მე მაქვს მოსკოვის მხარდაჭერა და უპირობოდ გავხდები პატრიარქიო. ამას დავუმატოთ, რომ დღევანდელი ხელისუფლება არის რუსული ხელისუფლება. მომწონს თუ არ მომწონს, პატრიარქს ვუსურვებ დიდხანს სიცოცხლეს. არ შეიძლება ახლა, ამ მომენტში, ის გარდაიცვალოს. თუ ვინმეს აწყობს ეს მოსკოვია. ასეთიფაქტი რომ მოხდეს, შესაძლოა შიო ხელისუფლების ძალისხმევით მართლაც ავიდეს ტახტზე.
ამ ერთი თვის განმავლობაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა შიო ჩახსნა და მან შეარჩია სხვა კანდიდატურა. მიზეზი არ აქვს მოსკოვს, რომ შიო არ მოსწონდეს, რადგან ის ძალიან ერთგულად აგრძელებს იმ პოლიტიკას, რაც რუსული პოლიტიკის ნაწილია მაგრამ რუსეთი მხოლოდ ერთ კანდიდატს არ დაუშვებს სათადარიგოც იარსებებს. მაგალითად, უკრაინაში მიმდინარე ომის განმავლობაში არც ერთხელ არ დაუფიქსირებია შიოს ღია პოზიცია ამ ომთან დაკავშირებით. მას ეს ევალებოდა, იმიტომ რომ ვხედავთ, როგორ არის ჩართული ამ ომში რუსეთის საპატრიარქო და ვხედავთ, რა მასშტაბის ბოროტებას ახორციელებს ის რუსეთის მთავრობასთან ერთად. ომამდე გაცილებით ადრე, სამართლის სრული დაცვით, მსოფლიოს საპატრიარქომ, რომელსაც აქვს სამართლებრივი უფლება, გამოაცხადოს ამა თუ იმ ეკლესიის ავტონომია თუ ავტოკეფალია, ავტოკეფალია მიანიჭა, დაქსაქსული ეკლესია ერთ სხეულად შეკრა, ადგილობრივი ეკლესიის ბედნიერება მიანიჭა უკრაინელ ხალხს. საქართველოს სამოციქულო ეკლესია მტკიცედ ინარჩუნებს რუსეთის მავნებლურ პოზიციას და უკრაინის ეკლესიისთვიის მხარდაჭერა არ გამოუცხადებია.
როგორ შეიძლება, არ ერეოდეს და პოზიცია არ ჰქონდეს მოსაყდრეს, როდესაც ჩვენი ისტორიული ტაძრები მოშალეს, გადააკეთეს, ახალი ტაძრები ააშენეს აფხაზეთში და ცხინვალში, მიდის ქართული კვალის წაშლა და ამაზე მოსაყდრეს პოზიცია არ გააჩნია.
არაფერს ამბობს, ამაზე დიდი ღალატი არ არსებობს! მოქმედ სინოდში მოქმედი მღვდელმთავრები გამოდიან, ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს ახორციელებენ ამბიონებიდან. მაგალითად, სხალთელი მთავარეპისკოპოსი, სპირიდონ აბულაძე, ვერ გაუჩერებია მოსაყდრეს და არ დაუფიქსირებია მას პოზიცია, რომ არ შეიძლება სინოდის წევრებს, ეპისკოპოსს რომ ჰქონდეს ასეთი ღია და ურცხვი რუსული პოზიცია, აქედან გამომდინარე, ბევრს მიაჩნია, რომ შიომ ეს სპექტაკლი გაითამაშა, რომ თავისი სახელი გმირის, მოწამის სახით წარმოაჩინოს და აიმაღლოს ავტორიტეტი. ეს ასე ვერ მოხდება, მხოლოდ იმ შემთხვევაში აიმაღლებს ავტორიტეტს შიო მუჯირი, თუ ჩემ მიერ ჩამოთვლილი საკითხების შესახებ: უკრაინის ომზე, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე, ცხინვალსა და აფხაზეთში შემოჭრილ რუსებზე ექნება ღია და მკაფიო პოზიცია, მკაფიო პოზიცია ექნება იმაზე, თუ რა უზნეობები, კრიმინალიც პარპაშებს ეკლესიაში, ანტისახელმწიფოებრივი მღვდელთავრები ჩვენს სინოდში როგორ დათარეშობენ და, ზოგადად, დიდი ხანია, ამბიონებიდან აღარ ისმის ინფორმაცია ქრისტეს შესახებ, სულ ისმის, რომ მოდის მგელი ანტიქრისტეს სახით, მოდის მგელი და როგორ შეიძლება, ქრისტეს ეპისკოპოსები უფო მეტს საუბრობდნენ ანტიქრისტეზე, ვიდრე _ ქრისტეზე?
_ ეპისკოპოსები მეტს საუბრობენ ანტიქრისტეზე, ვიდრე ქრისტეზეო, ბრძანეთ, რაზედაც არ შემიძლია, რომ არ დაგეთანხმოთ. ჩემი კითხვაც ამაში მდგომრეობს, რომ საზოგადოება კარგად ხედავს, _ მღვდელმთავრები თავიანთ საკვირაო ქადაგებებში ამბიონიდან, შეიძლება ითქვას, რომ ანთხევენ ძალიან დიდ აგრესიას, აკეთებენ პოლიტიკურ განცხადებებს, სიძულვილის ენით საუბრობენ მათთვის მიუღებელ ადამიანებზე და ა. შ. რა მესიჯს აგზავნიან ამით ხალხში? რის მიღწევას ცდილობენ და ახდენენ თუ არა ერთგვარ ძალის დემონსტრირებას?
_ ეკლესიის წიაღში ქვა რომ ისროლო ლგბტ წარმომადგენლებს გაარტყამ, რომელიც ანაფორითაა, აისხლეტს და მეორე ანაფორიანს მოხვდება. 5 ივლისს ერთ-ერთ არხზე ვაცხადებდი, რომ მოსაყდრის მოწამვლა განხორციელდა. იქვე ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ვახსენე და ამ ტელევიზიამ არ გაუშვა. „ფორმულას“ თანამშრომელ მშვილდაძეზე ფიზიკურ ძალადობასთან დკავშირებით მაქვს ინფორმაცია, გადაამოწმონ და ნახავენ, რომ ეს დაიგეგმა სუს-ის წარმომადგენელთან ერთად საქართველოს საპატრიარქოს რეზიდენციაში. მეორე, მე მაქვს ინფორმაცია, რომ განხორციელდება იზოლირებულ სივრცეში ლგბტ თემის ღონისძიების მსვლელობისას აგრესიული ჯგუფების ძალადობა და ამ ძალადობას გაამართლებენ პატრიარქისა და მართლმადიდებლობის დაცვით. ქრისტიანობა შეგიძლია დაიცვა შენი სწორი, ჯანსაღი ქრისტიანული ცხოვრების წესით, რომ შენ ხარ მშვიდობისმყოფელი და მაქსიმალურად შეგიძლია სიყვარული და მშვიდობა გაუზიარო ყველას შენ ირგვლივ, ცხოველით დაწყებული, ადამიანით დამთავრებყული. ეს ქრისტიანობის დაცვა კი არა, სარწმუნოების მახინჯი ფორმით წარმოჩენაა, ეს ქრისტიანობის მტრობაა. ვინც ქრისტეს სახელით ძალადობს, ის ქრისტიანობის წინააღმდეგ ილაშქრებს. თუ ვინმეს უნდა ჰქონდეს პოზიცია და ამ ძალადობას გმობდეს, ეს უნდა იყოს თავად საპატრიარქო და ჩვენ გვესმის, რომ იქ მთელი რიგი ძალადობები იგეგმება. ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებიდან ორი წლის თავია, რომელიც ჩაქოლეს. უფრო ძველი ამბებიც მახსოვს, მაშინდელი 17 მაისის. ვინ იყო ამის ორგანიზატორი, თუ არა საქართველოს საპატრიარქო?
_ დაბოლოს, ბრძოლა პატრიარქის სკამისთვის, დიდებისთვის და ქონებისთვის. რა შეიძლება, რომ მოხდეს და როგორ განვითარდება მოვლენები საპატრიარქოში? როგორია თქვენი პროგნოზი?
_ მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება, განსაკუთრებით ზენიტში ავა, როდესაც კათოლიკოს-პატრიარქი გარდაიცვლება. აქვე დავძენ, რომ მე მას ვუსურვებ დღეგრძელობას, ჯანმრთელობას, მაგრამ ოდესღაც ყველანი გარდავიცვლებით. მადლიერი ვიქნები, როგორც ქრისტიანი, თუ დაკრძალვას მაინც აცდიან და იქამდე არ გადაჟლეტენ ერთმანეთს. ჩვენ გვეძახიან ეკლესიისა და პატრიარქის მტრებს. რა არის იმაზე მეტი მტრობა, თუ არა ის, რომ ხედავენ, ის ცუდადაა ან წნევა აუწევს ან სიცხე და ერთმანეთთან წუწაობენ, ხან ვერცხლისწყლით, ხან ციანიდით და ხან დარიშხანით. რაც მრავალმა ეკლესიამ დიდი ხნის წინათ უკან მოიტოვა, ჩვენს ეკლესიაში ერთმანეთს უსწორდებიან შუა საუკუნეების მეთოდებით. რასაკვირველია, მდგომარეობა გახდება უკონტროლო და აქვე დავძენ, რომ მაქვს ერთი ინფორმაცია: რამდენიმე თეოლოგი, რომელიც აქტიური არის პრესასთან ურთიერთობაში, უნდა განეიტრალდეს.
_ ვისზე საუბრობთ?
– ესენი გახლავან: ერთი მე, მეორეგიორგი გეგუჩაძე და მესამე გიორგი ტიგინაშვილი. ჩვენ საპატრიარქოში მოვიაზრებით ერთ ჯგუფად. სინამდვილეში კი ასე არაა ზოგს გვაქვს მეგობრობაც და აზრთა თანხვედრა. საინტერესოა, რა სახით უნდა გაგვანეიტრალონ, _ ლიკვიდაციით, შანტაჟით? მათ აქედან ვპასუხობ, ვერც ჩვენი დაშინება გამოუვათ და ვერც შანტაჟი. თუ ჩვენს თავზე თმის ერთი ღერი მაინც ჩამოვარდება, პასუხისმგებლობა დაეკისრება საპატრიარქოს ჩვენ არ ვცილდებით სამართლებრივ ჩარჩოებს.
ეკლესიაში შეიძლება განხორციელდეს მკვლელობები, მათ შორის, მღვდელმთავრების. შორს არ წავალ, უახლოეს ისტორიაში დღემდეა ეჭვი და ძალიან ბევრს ეს ჩემი სიტყვები გააღიზიანებს: გადაყენებული მღვდელმთავრის, გაიოზ კერატიშვილის სიკვდილი დღემდე კითხვის ნიშნის ქვეშაა. მკვდარს დაუბრუნეს ხარისხი. როგორ შეიძლება, გარდაცვლილს ხარისხი დაუბრუნო? მთავარეპისკოპოსი ილარიონი როდესაც ის გახდა მიუღებელი გარკვეული ძალებისთვის, მას უმკურნალეს, კლინიკაში ჯანმრთელი შევიდა და გიჟი გამოვიდა. მთავარეპიკოპოსი ქათამაძე შეიძლება არ მომწონდა, როგორც პიროვნება, როგორც ქრისტიანი, მაგრამ გარდაცვლილია გაურკვეველ ვითარედბაში. 90-იან წლებში იყო ასეთი ჯგუფი არქიმანდრიტების, რომლებიც გარკვეული მიზეზით კათოლიკოსს აუმხედრდნენ, ძალიან ცუდად დაამთავრეს. 7-დან ორი არქიმანდრიტი არც ცოცხალი უნახავთ და არც მკვდარი, ეს ყველაფერი გროვდება და ერთ დიდ საშინელ პროცესამდე მივყავართ.
– ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომია და იმიტომ.
– დიახ, დაუსჯელობის სინდრომი დღითი დღე იზრდება. ის ქაოსი, კრიმინალი, რაც დღეს ეკლესიაშია, ბოლო 5 წლის ან ბოლო წლების კი არ არის, ის მრავალი წელი ყალიბდებოდა და ამ საშინელ სახეს იღებდა. როგორ შეიძლება, იმ ეკლესიამ ისაუბროს ზნეობასა და მშვიდობაზე, რომლის ერთერთი მონასტრის წინამძღვარი იმის გამო სცემს ბავშვს და ხეზე აბავს, რომ მონასტრიდან ლეკვი წაიყვანა?! ასევე, მაგალითად ეკლესია, რომლის ორი წარმომადგენელი, ორი არქიმანდრიტი, ვერ იყოფს სასაზღვრო მიწას და ერთმანეთს უსწორდება ავტომატის ჯერით. ასეთი კრიმინალურია დღეს ჩვენი ეკლესია.