„ქრონიკა+“-ის ექსკლუზიური ინტერვიუ ბერლინის მიგრაციის პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორ ოლგა გულინასთან
მიხეილ ხაჩიძე
გერმანიასა და ევროკავშირში მიგრაციის სიტუაციის განსახილველად „ქრონიკა+“ დღევანდელ რუბრიკაში ესაუბრა დოქტორ ოლგა გულინას. ის ბერლინის მიგრაციის პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორია. კარგად არის სფეროში ჩახედული და იცის ყველა ის ნიუანსი, რაც ამ გზაზე მყოფებს გამოადგება.
როგორც ის „ქრონიკა+“-თან საუბარში აცხადებს, გერმანიაში თავშესაფრის მოთხოვნის კუთხით საქართველო ტოპ 10-ულში მოხვდა, თუმცა ქართველებს სტატუსის მიღების ძალიან მწირი, ფაქტობრივად, არანაირი შანსი არ გააჩნიათ, ეს მას შემდეგ, რაც საქართველოს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი მიენიჭა.
რამდენია პოზიტივის მიღების შანსი რეალურად? როგორ ხდება დეპორტაციები? რომელია პოპულარული ქვეყნები? _ ამ და სხვა თემების შესახებ უკვე ჩვენი გამოცემის ექსკლუზიური ინტერვიუდან შეიტყობთ.
მანამდე კი ცოტა რამ ოლგა გულინას შესახებ: მას აქვს დოქტორის წოდება მიგრაციის სამართალში (2010, პოტსდამის უნივერსიტეტი, გერმანია); კონსტიტუციური სამართლის მაგისტრის წოდება; უმაღლესი განათლების სერტიფიკატი ადამიანის უფლებათა სამართალში (2005, ჰელსინკის ადამიანის უფლებათა ფონდი, პოლონეთი); სამართლის ბაკალავრის დიპლომი;
ის არის ევროკავშირში მიგრაციის ქსელის წევრი და ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტის ფონდის კურსდამთავრებული.
ოლგა გულინა ხშირი კომენტატორია რუსეთისა და ევროკავშირის მიგრაციის კანონებისა და მისი გამოყენების პრაქტიკის შესახებ. მან ფართოდ გამოიკვლია და გამოაქვეყნა მიგრაციის პოლიტიკასა და კანონმდებლობასთან დაკავშირებული საკითხები რუსეთსა და გერმანიაში, ოჯახების გაერთიანების სტრატეგიები და გაყვანის პრაქტიკა.
_ ქალბატონო ოლგა, როგორია ამჟამად გერმანიაში ლტოლვილების მდგომარეობა?
_ 2022 წელს დაახლოებით 3,08 მილიონი ადამიანი დარეგისტრირდა უცხოელთა ცენტრალურ რეესტრში, როგორც ჰუმანიტარული მიგრანტები, როგორც ადამიანები, რომლებიც ეძებენ დაცვას და თავშესაფარს გერმანიაში. ეს არის +1,14 მილიონი ადამიანი 2021 წელთან შედარებით.
გერმანიაში რეგისტრირებული ჰუმანიტარული მიგრანტების დაახლოებით მესამედი არის 1,01 მილიონი უკრაინელი, რომელიც ეძებს თავშესაფარს. აქედან 960 000 ადამიანი სრულიად პირველად შევიდა გერმანიაში 2022 წელს, დანარჩენი გერმანიაში უკვე ნამყოფი იყო და გარემოს, ასე თუ ისე, იცნობდა.
უკრაინელი მიგრანტების გარდა, ჯგუფები, რომლებიც ყველაზე მეტად ეძებდნენ დაცვას გერმანიაში, შემდეგი სახით შეგვიძლია გამოვყოთ: სირიის (674 000 ადამიანი), ავღანეთის (286 000), ერაყის (211 000) ან თურქეთის (101 000) მოქალაქეები. ერთად აღებული ეს ხუთი ეროვნება გერმანიაში 2022 წელს შეადგენდა ჰუმანიტარული მიგრანტების თითქმის სამ მეოთხედს.
_ როგორია ქართველი ლტოლვილების წილი გერმანიაში?
_ 2023 წლის იანვრიდან მაისამდე პერიოდში საქართველოს მოქალაქეები მოხვდნენ ტოპ 10-ულში, რომელთა წილი 3.4% (4,310) იყო. 2023 წლის მაისის ტოპ 10 ეროვნებაში სირია პირველ ადგილზეა, შემდეგ მოდიან ავღანეთისა და თურქეთის მოქალაქეები. მეოთხე ადგილზე არიან საქართველოს მოქალაქეები პირველადი განაცხადების 4,1%-ით 2023 წლის მაისში.
_ გაქვთ უახლესი მონაცემები, რამდენად გაიზარდა ან შემცირდა ეს მაჩვენებელი წელს წინა წლებთან შედარებით?
_ ევროკავშირში თავშესაფრის შესახებ კანონის ახალი კონცეფციისა და თავშესაფრის საერთო ევროპული სისტემის რეფორმის მიხედვით, დღესდღეობით საქართველოს მოქალაქისთვის გერმანიაში თავშესაფრის მინიჭების შანსი ძალიან დაბალია. შეიძლება ითქვას, რომ არავის აღარ აძლევენ პოზიტივს. ყველას სამშობლოში აბრუნებენ.
ამდენად, პირველ წლებში (2017-2018), როდესაც გერმანიაში (და ევროპაში) ქართველებისთვის სავიზო რეჟიმი გაუქმდა, თავშესაფრის მოთხოვნის მაჩვენებელი დაახლოებით 1,9%-ს შეადგენდა. გერმანიის სტატისტიკის მიხედვით, 2022 წელს საქართველოდან განმცხადებლების მაჩვენებელი მხოლოდ 0,4 პროცენტი იყო. ბოლო წლებში მაჩვენებელი არც იზრდება და არც მცირდება, შეიძლება ითქვას, ერთ საფეხურზეა.
_ ქართველები, ძირითადად, ვეღარ იღებენ სტატუსს, რადგან ქვეყანა უსაფრთხო ქვეყნების სიაშია. ეს საკითხი რომ განგვიმარტოთ კიდევ უფრო ცალსახად, რას ნიშნავს?
_ საქართველო მიიჩნევა მიგრანტების წარმოშობის უსაფრთხო ქვეყნად, რაც გულისხმობს საქართველოს მოქალაქეების თავშესაფრის პროცედურებისა და განაცხადის სწრაფი წესით განხილვას. შესაბამისად, დაჩქარებული წესით აბრუნებენ უარყოფის შემთხვევაში ქართველებს საქართველოში. ჩემი აზრით, ის ფაქტი, რომ ამდენი ქართველი ჩადის გერმანიაში/ევროკავშირში, მიუხედავად თავშესაფრის მცირე პერსპექტივისა, დაკავშირებულია უმუშევრობის მაღალ დონესთან საქართველოში და დაბალ კეთილდღეობასთან.
_ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელი, რომ მისი საქმე დადებითად გადაწყდეს?
_ როგორც უკვე აღვნიშნე, საქართველოდან თავშესაფრის მოთხოვნას გერმანიაში და ასევე ევროკავშირში წარმატების მცირე შანსი აქვს, რადგან საქართველო მიიჩნევა უსაფრთხო ქვეყნად, უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად მიგრანტებისთვის.
„უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების“ კონცეფცია არსებობს 1993 წლიდან. ვარაუდობენ, რომ ამ უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნებში პოლიტიკური დევნა არ მიმდინარეობს, მაგრამ ეს ვარაუდი კომისიამ შეიძლება უარყოს ცალკეულ შემთხვევებში. თუ ეს ასეა, მაშინ თავშესაფარი გარანტირებული იქნება.
_ ცოტა ხნის წინათ ინტერვიუ მქონდა დეპორტირებულ ქართველ გოგონასთან, რომელიც ამტკიცებს, რომ პოლიციამ იგი ძალადობრივად გააძევა და საქმის გაპროტესტების საშუალება არ მიეცა. როგორ ფიქრობთ, რამდენად სამართლიანად ხდება დეპორტაცია გერმანიიდან?
_ მას შემდეგ, რაც თავშესაფრის განაცხადი უარყოფილია შეტყობინების გზით, BAMF (მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური სამსახური, _ რედ.) სთხოვს თითოეულ ადამიანს. ნებაყოფლობით დატოვოს გერმანია.
ამისთვის მხოლოდ 1-კვირიანი ვადაა მოცემული, რომელიც ამ ადამიანმა უნდა დაიცვას. თუ პირმა მიმართა სასამართლო გადაწყვეტილებას, თქვენ არ უნდა დატოვოთ ქვეყანა, რადგან ჯერ უნდა დაელოდოთ სასამართლო პროცესს. თუმცა თუ სასამართლოში წარუმატებელი აღმოჩნდებით და პროცესი საბოლოო გახდება, ვადა თავიდან აითვლება.
ზოგი იცავს ვადას და ასრულებს მოთხოვნას და ამით ნებაყოფლობით ტოვებს ქვეყანას. თუ ამას არ გააკეთებთ, დაწესდება პატიმრობა დეპორტაციის მოლოდინში. რადგან ასეთ დროს პროტესტის საშუალება აღარ არის გათვლილი, ეს არ არის პროტესტის ადგილი. თუ დაიცავთ ქვეყნიდან გასვლის დაწესებულ ვადებს, თავიდან აიცილებთ მსგავს გამოცდილებას საიმიგრაციო სამსახურებისგან.
_ გასაჩივრების რა გზები არსებობს ან თუნდაც რა გზებით უნდა გაიგოს თავისი მდგომარეობა თავშესაფრის მაძიებელმა?
_ სჯობს, დაუკავშირდეს ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს, ისინი საკმარისად არიან: იურისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და პარალეგალები, რომლებიც ამ საკითხებზე მუშაობენ და ლტოლვილებს ზოგ შემთხვევაში სრულიად უფასო დახმარებებსაც კი უწევენ.
_ ზოგადად, სად არის ყველაზე მეტი ქართველი ლტოლვილი ევროპის ქვეყნებში? რომელი ქვეყნებია პოპულარული ქართველ ლტოლვილებში და რატომ?
_ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა ძირითადი რაოდენობა ევროპის სამ ქვეყანაზე მოდის, ეს ის ქვეყნებია, სადაც შედარებით მეტი ქართველი ითხოვს თავშესაფარს. ლტოლვილებში პოპულარული ქვეყნები არის: გერმანია, საფრანგეთი და იტალია.
მაგალითად: 2023 წლის აპრილში, საქართველოს მოქალაქეებმა შეიტანეს ყველა საწყისი განაცხადის თითქმის 39% გერმანიაში; საფრანგეთში ყველა საწყისი განაცხადის 28%; ხოლო, იტალიაში განაცხადების 12% მოვიდა ქართველი თავშესაფრის მაძიებლებისგან. მას მოსდევს ესპანეთი 3%-ით და შვეიცარია, ავსტრია და ბელგია 2-2%-ით. ასე გამოიყურება ზოგადი ფონი ამ კუთხით.