„მმართველი გუნდის წყალობით ქვეყანა ბევრ სერიოზულ შანსს კარგავს“ _ ექსკლუზიური ინტერვიუ ვიოლა ფონ კრამონთან
მიხეილ ხაჩიძე
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი „ქრონიკა+“-ს უყვება, რომ მთავრობასა და საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ორგანოებთან თითქმის ყველა ხიდი ჩატეხილია. მისივე თქმით, უამრავი პროექტი და გეგმა ჰქონდათ წარდგენილი საქართველოს პარლამენტში, თუმცა ეს ყველაფერი წლებია, იბლოკება.
გერმანელი დეპუტატი კრიტიკას არ იშურებს, ცალსახად ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა რუსულ მეთოდებს იყენებს და მისდევს, ეს არაერთგზის და არაერთ კონტექსტში ჩანს.
ამასთან, მიუხედავად ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისა (DCTFA), საქართველომ მნიშვნელოვნად შეამცირა ევროკავშირთან ვაჭრობის მოცულობა და, პარალელურად, მნიშვნელოვნად გაიზარდა იმავე პერიოდში ვაჭრობა ოკუპანტი რუსეთის ფედერაციასთან.
თავდასხმები და ძალადობრივი ქმედებები ოპოზიციაზე ან ჟურნალისტებზე ევროპელებისთვის ასევე ძალიან შემაშფოთებელი მოვლენაა. ევროდეპუტატი ფიქრობს, რომ „ტიტუშკების“ მიერ დაშინების ეს ფორმა კარგად არის ცნობილი რუსეთისა და სხვა ავტოკრატიული სახელმწიფოების მაგალითით. სწორედ ამ მეთოდებს „ქართული ოცნება“ ახლა აქტიურად მიმართავს.
საქართველოს ევროპული მომავალი, ქართველი ხალხის სურვილი და მმართველი გუნდის სირაქლემის პოზა _ ამ და სხვა მწვავე საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი:
_ რამდენადაც ვიცი, ევროკომისიამ შესრულებულად ცნო საქართველოს მხოლოდ სამი რეკომენდაცია. რას გვეტყვით ამის შესახებ?
_ ევროკომისია, როგორც ჩანს, ამ დროისთვის არ არის კმაყოფილი საქართველოში რეფორმების განხორციელების ტემპით და ამის შესახებ საქართველოს მთავრობას აცნობებს მიმდინარე გაცვლის დროს. გაიმართა ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებისთვის პასუხისმგებელი კომისრის ბრიფინგი, რაც არ მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო მიუახლოვდა ხელისუფლების მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში წამოყენებულ მოთხოვნებს.
_ ახლა რა გველოდება?
_ საბოლოო შეფასების წარდგენამდე საკმარისი დრო რჩება, რათა მთავრობამ საჭირო რეფორმები განახორციელოს საკუთარი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. საქართველოს მოსახლეობა ელის, რომ მთავრობა ყველასთვის კარგად ნაცნობ რეფორმებს დროულად განახორციელებს.
_ თქვენი აზრით, რა მდგომარეობაა საქართველოში?
_ როგორც ჩანს, მმართველი გუნდის წყალობით ქვეყანა ბევრ და სერიოზულ შანსს კარგავს. საქართველოს მოსახლეობას ესმის, რომ ხელისუფლება, საპირისპირო რიტორიკის მიუხედავად, ყველაფერს არ აკეთებს, რათა ქვეყანა ევროკავშირის მიმართ კარგად პოზიციონირდეს. ვინაიდან მოსახლეობის თითქმის 90%-ს სურს, რომ საქართველო იყოს დასავლეთზე ორიენტირებული, მოსახლეობის მოლოდინებსა და ხელისუფლების რეალურ საქმიანობას შორის დიდი განსხვავებაა.
_ საქართველო ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტად არის მიბმული რუსეთთან ეკონომიკური თვალსაზრისით. თქვენ ამის შესახებ „ტვიტერშიც“ კი დაწერეთ. როგორ უყურებთ ამას, კიდევ ერთხელ რომ შევაჯამოთ?
_ არსებობს სხვადასხვა ამოსავალი წერტილი, საიდანაც შეიძლება დაასკვნა საქართველოს თანამშრომლობა რუსეთთან ან ევროკავშირთან. მე გამოვიკვლიე, თუ როგორ განვითარდა საქართველოს ვაჭრობა ევროკავშირთან და რუსეთთან ბოლო წლებში. ეს ცხადყოფს, რომ მიუხედავად ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისა (DCTFA), საქართველომ მნიშვნელოვნად შეამცირა ევროკავშირთან ვაჭრობის მოცულობა, რომელიც თვალში საცემად გაიზარდა იმავე პერიოდში რუსეთის ფედერაციასთან. მსგავსს სიტუაციაში მყოფი მოლდოვა კი სრულიად განსხვავებულად მოიქცა და მნიშვნელოვნად გააძლიერა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ევროკავშირთან და მკვეთრად შეამცირა ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან.
_ საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ პროევროპულია და არა პრორუსული, თუმცა პრაქტიკაში ეს სხვაგვარად ჩანს. როგორ აღიქვამენ ამ ყველაფერს ევროპარლამენტარები, კიდევ ერთხელ რომ განგვიმარტოთ მკითხველისთვის?
_ საქართველოს ყველა მეგობარი ევროპარლამენტში (და მათ შორის ბევრია) ძალიან შეშფოთებულია საქართველოსთან სამომავლო თანამშრომლობით და საქართველოს ხელისუფლების დღევანდელი კურსით.
მთავრობასა და საქართველოს პარლამენტში ოფიციალურ ორგანოებთან თითქმის ყველა ხიდი ჩატეხილია. იმდენი საქმე გვქონდა! საქართველოს პარლამენტს დიდი ხნის წინ წარვუდგინეთ დეტალური განრიგი და სამუშაო პროგრამა, რომელიც მოიცავს მრავალ თანამშრომლობასა და ტრენინგს. სამწუხაროდ, ამას საქართველოს პარლამენტი წლებია, ბლოკავს.
ევროკავშირის სამხრეთ კავკასიის დელეგაციის ბოლო ერთობლივ შეხვედრაზე სასტიკი შეურაცხყოფა მიაყენეს ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელს, მარინა კალჯურანდს, რომელიც ყოველთვის ცდილობდა კომპრომისის პოვნას სამთავრობო ფრაქციასთან. კამათის ასეთი ფორმები და ეს მუდმივი თავდასხმები ევროპარლამენტის წევრებზე სულაც არ მიუთითებს იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირთან მჭიდრო კავშირების დამყარებასა და დაახლოებას ცდილობს.
_ მთავრობის წევრების მხრიდან გახშირდა მწვავე თავდასხმები ოპონენტებზე, განსხვავებულად მოაზროვნეების დისკრიმინაციაც… ამ მხრივ გამორჩეულია ირაკლი კობახიძე, რომელიც ავრცელებს სიძულვილის ენას და ეხმარება პოლარიზაციას.
_ სამთავრობო ფრაქციების ზოგიერთმა გამოჩენილმა წარმომადგენელმა დიდი ხანია გაითქვა სახელი სოციალური უმცირესობების, განსაკუთრებით LGBTQ-ის წინააღმდეგ საშინელი და მიუღებელი გამოსვლებით, რათა განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინოს ეკლესიასთან დაკავშირებულ წრეებზე. ეს ძალიან შემაშფოთებელი მოვლენაა და ასევე ეწინააღმდეგება ევროკავშირის მისწრაფებებს.
_ ღარიბაშვილიც არაერთ ანტიევროპულ განცხადებას აკეთებს. გასულ კვირას მან ისაუბრა ლგბტქ თემზე, რომელიც დასავლეთში თითქოს ზღვარგადასულია, რაც, მისი თქმით, მიუღებელია. ამავე დროს, ის შვილს აგზავნის სასწავლებლად აშშ-ში. რა ფენომენთან გვაქვს საქმე?
_ თვალთმაქცობაა. მაგრამ ეს საქციელი ჩვენთვის ძალიან კარგად არის ნაცნობი რუსეთის მაგალითით. ისინი დასავლეთთან კონფრონტაციაში არიან, მაგრამ, ამავე დროს, საკუთარ შვილებს განათლებას დასავლეთში აძლევენ და არა _ მოსკოვში. არის ამ წინააღმდეგობების ნაწილი სოციალურ დისკურსში.
როგორც წესი, აქტივებიც კი არ იდება რუსულ ანგარიშებზე, ინვესტიცია ხორციელდება დასავლეთის ფინანსურ ბაზრებზე ან უძრავ ქონებაში. ვფიქრობ, მალე „ქართული ოცნების“ წინააღმდეგობებს ქართული საზოგადოებაც გამოავლენს და გამოააშკარავებს.
_ იმატა ოპოზიციაზე თავდასხმებმაც. ცოტა ხნის წინ „გირჩის“ ბანაკს ქვებით დაესხნენ თავს. არის ეჭვები და ვარაუდები, რომ ამის უკან ხელისუფლება დგას.
_ ძალადობრივი თავდასხმები ოპოზიციაზე ან ჟურნალისტებზე ძალიან შემაშფოთებელი მოვლენაა. აქაც დასავლეთმა უფრო მკაცრად უნდა ილაპარაკოს და მკაცრად დაგმოს „ტიტუშკების“ მიერ დაშინების ეს ფორმა, რომელსაც კარგად ვიცნობთ რუსეთისა და სხვა ავტოკრატიული სახელმწიფოების ქმედებებით.
ოპოზიცია, აქტივისტები და ჟურნალისტები საქართველოშიც ყველგან უსაფრთხოდ უნდა იყვნენ. ეს არის ევროკავშირის ერთ-ერთი ძირითადი ღირებულება.
_ სააკაშვილმა აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განაცხადა. ამაზე რას ფიქრობთ, როგორ ფასდება ეს გადაწყვეტილება ევროპაში?
_ არა მგონია, სააკაშვილი ამას სერიოზულად გულისხმობდეს. თუ მას სურს, თავის ქვეყანას სიკეთე გაუკეთოს, თავი უნდა შეიკავოს ამისგან. კანდიდატის სტატუსის მინიჭების პირობაა, ქვეყნისა და პოლიტიკური ელიტის დეპოლარიზაცია. მაშინაც კი, თუ მმართველ პარტიას ეკისრება აქ პასუხისმგებლობის უმეტესი ნაწილი, ოპოზიციამაც, კარგი იქნება, რომ მსგავსი განცხადებებით პოლარიზაცია არ გააძლიეროს.
ამასთან, ყოფილი პრეზიდენტის მიმართ ჰუმანიტარული მოპყრობა კანდიდატის სტატუსის კიდევ ერთი წინაპირობაა. საქართველოს ციხიდან და საავადმყოფოდან გავრცელებული კადრები და კომენტარები ასევე არ მიუთითებს იმაზე, რომ ამ პირობებს თანმიმდევრულად იზიარებს საქართველოს ხელისუფლება. პირიქით, ყველაფერი საპირისპიროს გვაჩვენებს.
ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა საკუთარ თავსა და ექსპრეზიდენტის ოჯახს დიდ სიკეთეს გაუკეთებს, თუ ის საბოლოოდ დათანხმდება ყოფილი პრეზიდენტის გადაყვანას საქართველოს გარეთ საავადმყოფოში. ბევრმა ადამიანმა ჩაატარა კამპანია ამისთვის ბოლო თვეებში. თუ ეს ნაბიჯი წარმატებული გამოდგა, ყველაზე მნიშვნელოვანი პირობა იქნება, რომ მიხეილ სააკაშვილი აღარასოდეს ჩაერთოს ქართულ პოლიტიკაში. ეს ყველამ უნდა გაიგოს.
_ საქართველოს პრეზიდენტმა ყველასთვის მოულოდნელად „მთავარი“ არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია შეიწყალა. ამ თემაზეც რომ გვითხრათ თქვენი მოსაზრება და შეფასება?
_ საქართველოს პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალება აჩვენებს, რომ ქალბატონ ზურაბიშვილს სურს, სიგნალი გაუგზავნოს ევროპასა და ევროკავშირს, რომ მზადაა, თავისი წვლილი შეიტანოს ევროკავშირთან დაახლოებაში.
ვფიქრობ, რომ ეს ნიშანი ასევე ძალიან კარგად მიიღო ყველამ ევროკავშირში. ყოველ შემთხვევაში, მე ძალიან გამიხარდა ნიკასა და მისი ოჯახის, ტელევიზიისა და მისი კოლეგების გამო. კადრებიდან აშკარა სიხარული და ბედნიერება მოდიოდა. აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებით ნიკას ოჯახი დიდი ხანია განიცდიდა მის უკანონო პატიმრობას.