„რუსული მშვიდობა არ არსებობს“

თამარ სანაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ანტიდასავლური რიტორიკის გამო საერთაშორისო პარტნიორები შეშფოთებას ვერ მალავენ და ღიად აკრიტიკებენ მას. პარტნიორებმა ის გააკრიტიკეს ბრიუსელში _ ირაკლი ღარიბაშვილი კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვია თითქმის ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე.

ეჭვქვეშ დგება საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ გაწერილი 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება. მმართველი პარტია ტრადიციულად ოპოზიციისკენ იშვერს ხელს და ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ მუშაობს, ყველაფერს აკეთებს 12 პუნქტის შესასრულებლად, ოპოზიცია კი საბოტაჟის რეჟიმშია.

ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, საქართველოს ხელისუფლების კურსზე, ოპოზიციის შესაძლო გაერთიანებასა და სხვა მნიშვნელოვან მოვლენებზე „ქრონიკა+“-თან ისაუბრა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ:

_ ბატონო პაატა, მინდა ვისაუბროთ ირაკლი ღარიბაშვილის ანტიდასავლურ კურსსა და მის განცხადებებზე. ამის გამო საერთაშორისო პარტნიორებიც ვერ მალავენ შეშფოთებას და უკვე ღიად აკრიტიკებენ საქართველოს პრემიერს. თქვენ როგორ შეაფასებთ მის განცხადებებს?
_ ეს არის მთლიანად ანტიდასავლური პროპაგანდა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ყველა განცხადება არის რუსული გზავნილი, სწორედ ასე საუბრობენ პროპაგანდისტები.
მაგალითად, განვიხილოთ ღარიბაშვილის გზავნილი, რომ ნატოსა და ევროკავშირის გაფართოების გამო დაესხა თავს რუსეთი უკრაინას. ეს თითქოს უწყინარი გზავნილია, მაგრამ დავაკვირდეთ შინაარსს. საქართველოში როგორ უნდა გაიგოს ჩვენი ქვეყნის მოქალაქემ იგი? რატომ საუბრობენ რუსები ასე? განვიხილოთ და ვისაუბროთ: თუ ნატოსა და ევროკავშირის გაფართოების გამო ესხმის რუსეთი თავს უკრაინას, საქართველოს მოქალაქემ უნდა იფიქროს, რომ ჩვენც გვინდა ნატო, გვინდა ევროკავშირი და შეიძლება რუსეთი ჩვენც დაგვესხას თავსო. ანუ ადამიანი იფიქრებს, რომ ნატო და ევროკავშირი ცუდია, ომი არ გვინდა. ეს ასეა, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები ასე ითარგმნება.
რუსული ჰიბრიდული ომის არსი არის მოსახლეობის დათრგუნვა, დაშინება, რომ მან ადეკვატური და რეალური აღქმისა და შეფასების უნარი დაკარგოს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ყველა განცხადება.
კიდევ ერთი მაგალითი რუსული ჰიბრიდული ომისა და პროპაგანდის: აჭარის უმაღლესი საბჭოს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის განცხადება, _ ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ როგორც კახოვკის კაშხალი აფეთქდა, ისე რომ არ ააფეთქებენ რუსები ენგურჰესს, ასე ხომ მთლიანი დასავლეთ საქართველო ჩაიძირებაო?! მეტიც: ამბობენ, რომ სახეზეა ბირთვული ომი, ბირთვული ომის საფრთხე, _ ამას აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. მერე რა ვქნათ? რა უნდა გავაკეთოთ? კაშხალი რომ არ აგვიფეთქონ, ბირთვული ომის საფრთხე რომ არ იყოს, გადავშენდეთ ქართველები? საერთოდ წავიდეთ? დავიმალოთ საქართველოდან თუ რა გავაკეთოთ? საფრთხე იარსებებს ყოველთვის, გიჟია რუსეთი. სიმართლე უნდა ვუთხრათ ყველას, ჩვენს მოქალაქეებს: ნატოს გამო კი არ დაესხა თავს რუსეთი უკრაინას, ნატოში რომ არ ვართ, იმიტომ არის საფრთხე, ევროკავშირის წევრები რომ არ ვართ, იმიტომ არის საფრთხე. მშვიდობის გარანტი ვინ არის? „ქართული ოცნება“ წარმოაჩენს საკუთარ თავს, როგორც მშვიდობის ძალიან დიდ გარანტს. ვინ არის მშვიდობის გარანტი, _ ნატო, ევროკავშირი, ჩვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის თუ რუსეთი? რუსული მშვიდობა არ არსებობს.
ვერ იპოვით მეზობელ სახელმწიფოს რუსეთის ირგვლივ, რომელთანაც ტერიტორიული პრობლემა, კონფლიქტები არ აქვს ამ ქვეყანას. ასეთი ქვეყანაა ეს რუსეთიდა ვიღაცები ამბობენ, თუ მუხლებზე დავდგებით, თუ კუდის ქიცინს დავუწყებთ მტერს ამით გადავრჩებით და ეს არის მშვიდობის გარანტიაო.
მეგობრებო, რუსეთი არ არის მშვიდობის გარანტი. მშვიდობის გარანტი არის ევროპა და ყოველთვის ძალიან მარტივი მაგალითი მომყავს. მილიონ-ნახევრიან ესტონეთს, ნატოსა და ევროკავშირის წევრს, ჩიტს ვერ აუფრენს რუსეთი მას საზღვარზე და აქეთ არის 40-მილიონიანი უკრაინა, რომელსაც თავს ესხმის და არა მარტო ყირიმს ართმევს, დონბასს ართმევს, ლუგანსკის წართმევა უნდა. დენაციფიკაცია დაარქვეს ამას. რას ნიშნავს დენაციფიკაცია? ყველა უკრაინელს, რომელიც მხარს უჭერდა უკრაინის სახელმწიფოებრიობას, გაანადგურებდნენ. ჩვენ არ გვინდა ქართული სახელმწიფო? ქართველები აღარ ვიყოთ? ვინც ასე ფიქრობს, იმ ხალხს მივმართავ, ნუ ექნებათ ქართული სახელები და გვარები, ნუ ილაპარაკებენ ქართულად და შეერიონ რუსებში, ასე მშვიდად იქნებიან. პატრიოტიზმი რა არის „ქართული ოცნების“ გაგებით? ქართველები ასი ათასობით გადიან ქვეყნიდან ყოველწლიურად და შემოდიან რუსები, ისინი იკავებენ ქართველების ადგილს, შობადობა შემცირებულია, 20 ათასით ნაკლები ადამიანი იბადება. სადმე გვინახავს? გაგვიგია? მოგვისმენია ამ საკითხზე დისკუსიები? _ არსად. ეს არის განადგურების სტრატეგია, რომელსაც „ქართული ოცნება“ აწარმოებს და სწორედ ამ განადგურების სტრატეგიას თითოეული მოქალაქე უნდა დაუპირისპირდეს.
_ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ბოლო დროს ძალიან ხშირად ამბობენ, რომ ხელისუფლება მუშაობს 12 პუნქტზე და ყველაფერს აკეთებს ამისთვის, ოპოზიცია კი ცდილობს, ხელი შეუშალოს ამ პროცესებსო. როგორ ფიქრობთ, შესრულდება ევროკავშირის მიერ დაწესებული 12-პუნქტიანი რეკომენტაცია? რა ბედი ელის 12 პუნქტს?
_ ამას რად უნდა წინასწარმეტყველება?! 12 პუნქტი არ შესრულდება, რადგან არ შეასრულებს ამას „ქართული ოცნება“! იმიტომ არ შეასრულებს, რომ „ოცნებას“ არ უნდა ევროპაში, არ უნდა ევროკავშირში, იმიტომ არ შეასრულებს, რომ არ დააზიანოს რუსეთი, ასე ამბობენ ისინი. სინამდვილეში, ესენი რუსები არიან და რუსებივით იქცევიან. იანუკოვიჩსაც კი აუკრძალეს ასოცირების შეთანხმებაზე ხელის მოწერა რუსებმა, როგორც რუსეთის მოკავშირეს და რუსეთის ინტერესების გამტარებელს. იგივეა „ქართული ოცნებაც“. ჩვენ ნუ ველოდებით ამათგან კანდიდატის სტატუსს.
ის, რომ მმართველი პარტია ოპოზიციას აბრალებს, თითქოს ოპოზიცია არაფერს აკეთებს 12 პუნქტის შესასრულებლად, ეს არის სიბრიყვე, პრიმიტიულ გონებაზე გათვლილი პროპაგანდა, რომ თითქოს „ქართული ოცნება“ დღე და ღამ მუშაობს, არ სძინავთ ღამით, ბოროტი ოპოზიცია და დასავლეთი კი ხელს უშლიან 12 პუნქტის შესრულებას. ასეთი რამ არ არსებობს. არც ერთ საკითხში „ქართულ ოცნებას“ არ სჭირდება ოპოზიციის მონაწილეობა, თუ აქვს პოლიტიკური ნება, შეასრულებს ყველაფერს. ოპოზიცია ეხმარება და „ქართული ოცნების“ ყველა კარგ ინიციატივას მხარს უჭერს. მაგალითად, მოთხოვნა არის ანტიკორუფციული სააგენტო, რომელიც უნდა იყოს დამოუკიდებელი უწყება საკანონმდებლო ფუნქციით. „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა ანტიკორუფციული სააგენტო, მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილზე დაქვემდებარებული უწყება საგამოძიებო კომისიის გარეშე. გისვამთ კითხვას, _ შესრულებულია ეს რეკომენდაცია? რა თქმა უნდა, არა, ეს არის მოჩვენებითად შესრულებული, რომელსაც არავინ ჩათვლის შესრულებულად.
_ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ორიენტაცია არეულები უწოდა ახალგაზრდებს, სტუდენტებს, რომლებმაც მას რუსული რუბლის კუპიურები გადმოაყარეს თავზე. კობახიძემ თქვა, რომ მათ ორიენტაცია აქვთ არეული, ბიჭებმა ცოლი მოიყვანონ და გოგონები დაქორწინდნენო. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა კობახიძე „ორიენტაციაარეულებს“ უწოდებს მისთვის არასასურველ ახალგაზრდებს. თქვენ როგორ შეაფასებთ „ოცნების“ წარმომადგენლების ამგვარ განცხადებებს?
_ ესეც პროპაგანდის ნაწილია. გვახსოვს ძალიან კარგად, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა სატანისტები უწოდა ახალგაზრდებს. ირაკლი კობახიძემ სტუდენტებზე თქვა, რომ ორიენტაციაარეულები არიანო. სინამდვილეში, ორიენტაციაარეული არის ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე. ჩვენი ქვეყნის ორიენტაცია არის დასავლეთი და ესენი ქვეყანას მიათრევენ რუსეთისკენ. ვინც ახალგაზრდებს უპირისპირდება, ის ასრულებს ძალიან მძიმედ. ჩვენ გვყავს საუკეთესო ახალგაზრდები, ძალიან კარგები, განათლებულები, ძალიან პატრიოტები თავის ქვეყნის და არანაირი უფლება არ აქვთ, რომ ღარიბაშვილმა და განსაკუთრებით კობახიძემ ვინმეზე ისაუბრონ, რომ ორიენტაცია აქვს არეული.
_ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ, განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ დამარცხების გასაღებია ისეთი გაერთიანების შექმნა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ არ იქნება. თქვენ რას ფიქრობთ მის ამ განცხადებაზე? გაერთიანდება ოპოზიცია „ლელოს“ ქოლგის ქვეშ? რა არის „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოზიცია ამასთან დაკავშირებით?
_ არავის ქოლგის ქვეშ არ აპირებს „სტრატეგია აღმაშენებელი“ გაერთიანებას. საქართველოსთვის გავერთიანდებით, მაგრამ არავის ქოლგა არ გვჭირდება. ეს ერთი და მეორე საკითხი არის ის, რომ ვისაც უნდა რაღაცის გაკეთება და სურს გაერთიანება, სხვების ბულინგის ფონზე ნუ გააკეთებს ამას. ოპოზიციის კონსოლიდაცია უფრო დიდი საქმეა, ვიდრე რომელიმე პარტიის იდენტობის გამოკვეთა. თუ ამას იმისთვის აკეთებენ, რომ უპირისპირდებიან სხვა პარტიას, რომ თავიანთი იდენტობა გამოკვეთონ, ეს ძალიან ცუდი სტრატეგიაა. ლანძღვით გამოკვეთილი იდენტობა არასოდეს იძლევა შედეგს. ჯობია, იმაზე ისაუბრონ, თუ რას გააკეთებენ, ვიდრე იმაზე, რომ ვიღაცას ემიჯნებიან და განსხვავებულები არიან.
_ როგორ აფასებთ პრეზიდენტის შერბილებულ ტონს ევროკავშირში სიტყვით გამოსვლისას?
_ პრეზიდენტის განცხადებებზე არც მსურს გავაკეთო კომენტარი. ყველანაირი მოლოდინი სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით არის არაფრისმომცემი და ცრუ. ნურავის ჰგონია, რომ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, გამოვა და ბიძინა იოვანიშვილს ამხელს. ან კობახიძისა და ღარიბაშვილის დაპირისპირება რას ნიშნავს? თუ ბიძინა ივანიშვილს არ ახსენებ, ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ პროპაგანდაში ხარ. ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა არა ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძეა, არამედ მთავარი საკითხია ბიძინა ივანიშვილი და ამაზე პრეზიდენტი არ საუბრობს. მისი ნახევრად სიმართლეების არ მჯერა.
_ როგორ აფასებთ ქართულ პოლიტიკურ ველზე მიმდინარე პროცესებს? ვის ხელშია დღეს გამარჯვების გასაღები 2024 წლის არჩევნებზე?
_ გამარჯვების გასაღები ერთ პარტიას ნამდვილად არ აქვს, გამარჯვების გასაღები არის ყველა პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიაში, გამარჯვების გასაღები აქვს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც წავა არჩევნებზე და მხარს დაუჭერს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. აი, ეს არის გამარჯვების გასაღები.