მამუკა ბარქაია: „ფეხი რომ მქონდეს, ჩემი ბიჭების გვერდით წინა ხაზზე ვიდგებოდი“
მიხეილ ხაჩიძე
ძმები ბარქაიები უკრაინაში ომის წინა ხაზებზე იბრძვიან. ერთი ძმა აზოვშია, მეორე _ „სბუ-ში“ (სპეცდანიშნულების რაზმი), სხვები ბახმუტში ამაგრებენ პოზიციას, დანარჩენი ბელარუსის საზღვარზე ერთ-ერთ ყველაზე დაძაბულ ზონაში არის განლაგებული. ქართველი ძმები უკრაინაში რუს ოკუპანტებს ომის დაწყების პირველივე დღიდან ებრძვიან.
მედიაში გამოჩენა დიდად არ უყვართ, ახლაც მათი ისტორია მამისგან, აფხაზეთის ომის ვეტერან მამუკა ბარქაიასგან მოვისმინეთ. მამაც უკრაინის ომში აქტიურად მონაწილეობდა. ის ნაღმზე აფეთქდა და ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. იგი ქართველების დიდი მოტივატორია. მეომრები, რომლებიც უკრაინაში მიდიან, ჯერ მამუკას სტუმრობენ უკრიანაში, მისგან რჩევა-დარიგებებს იღებენ და შემდეგ ფრონტზე მოემგზავრებიან.
6 ვაჟკაცის მამა ამბობს, რომ მტრის წინააღმდეგ ბრძოლა მათი მოვალეობაა. იხსენებს, რომ მაშინ, როცა ის თავად აფხაზეთში იბრძოდა, მის გვერდით უკრიანელები იყვნენ. ბევრი მათგანი საქართველოსთვის ბრძოლას შეეწირა კიდეც.
ირაკლი, დიმიტრი, თენგო, გიორგი, რუსლანი და დავითი _ ეს გმირი მამის გმირი შვილების სახელებია. 3 მათგანი ომში მძიმედ დაიჭრა, თუმცა ოპერაციებისა და რეაბილიტაციის შემდგე ისევ წინა ხაზებზე წავიდნენ.
_ ბატონო მამუკა, თქვენ შესახებ მოგვიყევით, საიდან ხართ?
_ წარმოშობით სენაკელი ვარ. იქ დავიბადე და გავიზარდე. დავამთავრე მეორე საშუალო სკოლა. ჩემი კლასის დამრიგებელი იყო ჟიული შარტავას დედა. ჩემი ოჯახი მასთან მეგობრობდა, ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა. გავიზარდე ისეთ ოჯახში, სადაც დედა და მამა სახელმწიფო მოხელეები იყვნენ. ბებიისა და ბაბუის გაზრდილი ვარ, ფაქტობრივად. ჩემ გაზრდაში ასევე დიდი წვლილი მიუძღვის მამიდაჩემს, მზია ბარქაიას, დღეს იგი ცხოვრობს სენაკში და არის სენაკის საპატიო მოქალაქე. მამიდაჩემი პიონერთა სასახლის დირექტორი იყო. დიდი წვლილი აქვს შეტანილი სენაკის კულტურულ ცხოვრებაში.
ინსტიტუტი როსტოვში დავამთავრე და მერე წამოვედი ფოთში, იქ ვმუშაობდი. მეთაური ვიყავი პირველ ბატალიონში, რომელიც აფხაზეთში საომრად წავიდა. თემურ წურწუმია და რომან დავითის ძე მელია იყვნენ მისი შემქმნელები. ეს პირველი რეზერვისტთა ბატალიონი იყო. მალთაყვაში გავდიოდით წვრთნას. ეს ბატალიონი სამეგრელოს რეგიონში დიდ როლს ასრულებდა. ვიბრძოდით ბანდიტების წინააღმდეგ, დაუცველ ადგილებში ვიცავდით ხალხს და ბოლოს ომში წავედით ყველა ერთად. ფოთს მთლიანად ჩვენი ბატალიონი იცავდა. ჩვენ ვაკონტროლებდით ყველა ვითარებას. ომი რომ დამთავრდა, ფოთში სამხედრო პოლიციის უფროსი ვიყავი, იქიდან უკვე მერე უკრაინაში წამოვედი.
_ რამდენი ხანია, უკრაინაში ცხოვრობთ?
_ უკვე 35 წელია, უკრაინაში ვცხოვრობ. 24 წელია, საქართველოში არ ვყოფილვარ. მეუღლე უკრაინელი მყავს. მშვენივრად საუბრობს ქართულად, მეგრულად, აკეთებს ღომს, ქართულ საჭმელებს. ისე ახვევს ხინკალს, ალბათ, ბევრი ქართველი ქალი ვერ გააკეთებს. ასეთი ცოლი მყავს. ამავდროულად, უზომოდ არის შეყვარებული საქართველოზე. ქართველი ადამიანის ნახვა ძალიან უხარია. ყველას ეპატიჟება და საუკეთესო მასპინძელია. დღეს რომ შეეკითხო, სად გინდა ცხოვრებაო, იმწამსვე გეტყვის, საქართველოშიო. გვყავს შვილიშვილები, რომლებიც გვახარებენ და გვაბედნიერებენ. სიმართლე გითხრათ, 24 წლის შემდეგ ახლა ვაპირებ საქართველოში წამოსვლას და ძალიან ვღელავ.
_ უკრაინაში როგორ დაიწყო თქვენი საქმიანობა?
_ თავიდან ძალიან გამიჭირდა. ჩემმა მეუღლემ შემაყვარა მთელი უკრაინა, მისი კულტურა, ტრადიციები გამაცნო, ენა ვისწავლე, მიყვარს მათი მწერლობა, ლიტერატურა, პროზა, პოეზია. მე თვითონაც ვწერ ბევრ რაღაცას. მოკლედ, ძალიან ჩავერთე აქაურ ცხოვრებაში, მაგრამ სადაც არ უნდა ვიყო, რომელ სახელმწიფოშიც არ უნდა ვცხოვრობდე, ჯერ ვარ ქართველი. ქართული კულტურა და ტრადიცია ყველაზე მაღლა მიყენია. შენ თუ შენს თავს არ აფასებ, ვერასოდეს გაიგებ სხვა ერს. ეს ცხოვრების კრედოა. ამიტომ მე ყოველთვის ჩემი კულტურისა და ტრადიციის პირველ ადგილზე დაყენება მიყვარს.
აქტიურობის პირველი ეტაპი იყო მაიდანი, 27-ე ასეულის წევრი ვიყავი, ჩემი მეთაური იყო კოლია, მისი თანაშემწე გახლდით. 27-ე ასეულში, დაახლოებით, 3000 კაცი იყო. აქ ვიყავი ჩართული პროცესებში. ვებრძოდით იანუკოვიჩის მთავრობას, ვაშენებდით ბარიკადებს, ვებრძოდით ცარიელი ხელებით მთავრობის ჯარს. სასტუმროდან გვესროდნენ, სტადიონიდან გვესროდნენ. სნაიპერები იყვნენ ჩასაფრებულები. პირველი რომ დაიღუპა სერიოჟა მიქოიანი, ჩემი ახლო მეგობარი იყო. კარგი ბიჭი იყო, შეყვარებული საქართველოზე. დიდებული პიროვნება გახლდათ. ბევრი ქართველიც დაიღუპა მაშინ. მძიმე პერიოდები გამოვიარეთ.
_ შემდეგ როგორ განაგრძეთ თქვენი საქმიანობა?
_ მაიდნის შემდეგ უკვე დამიძახეს „ბატალიონ უკრაინაში“, რადგან სამხედრო საქმე კარგად ვიცოდი. მის შექმნაში დიდი წვლილი მიმიძღვის. აქ ვიყავი უკვე ბატალიონის მეთაური, სასწავლო ცენტრის უფროსი. მოადგილე იყო აზერბაიჯანელი რაფიკი. გვყავდა მოწვეული ინსტრუქტორები ამერიკიდან, ისრაელიდან. ვამზადებდით ხალხს ომისთვის, პირველადი საომარი ტექნიკა რომ შეესწავლათ. მაშინ პრეზიდენტი იყო პოროშენკო, მაიდანმა დიდი წვლილი შეიტანა მის მოსვლაში.
_ ამ ეტაპზე რას საქმიანობთ?
_ ახლა მე ფეხი არ მაქვს. ფეხი რომ მქონდეს, ჩემი ბიჭების გვერდით ომის წინა ხაზზე ვიდგებოდი. სხვა მხრივ, ყველანაირად მეომრების გვერდით ვარ. უამრავ დახმარებას ვუწევ მათ ყველა მიმართულებით. უკრაინელებს, ქართველებს, მეომრებს ფრონტის წინა ხაზზე ყველანაირად ვეხმარები. ყველას ვეკონტაქტები, ვაკვალიანებ; ვაცხოვრებ, ჩემთან ვიფარებ. ქართველები რომ ჩამოდიან, ჩემგან მიდიან ომში. ყველას ოჯახებთან კარგი ურთიერთობა მაქვს. მამას მეძახიან ბიჭები. ამათ ვერ გააჩერებ, ისეთი შემართებით მოდიან, სულითა და გულით ანთებული ბიჭები არიან. ვცდილობ ხოლმე, თავიდანვე წინა ხაზებზე არ გავუშვა. ახლა ვგეგმავ, ინვალიდის ეტლით ჩავიდე ბახმუტში ჩემს ბიჭებთან და ვეტერანებიც გავიყოლო. ერთგვარი აქციის ჩატარება მინდა. ბევრი ხალხი გამომყვება. 250 კაცამდე მზადაა, რომ წამოვიდეს. უკვე გამოთქვეს სურვილი. ჩავაკითხავთ მეომრებს ბახმუტში და განსხვავებულ სოლიდარობას გამოვხატავთ მებრძოლების მიმართ.
_ თქვენს შვილებზე მოგვიყევით უფრო მეტი…
_ 6 ბიჭი და ერთი გოგო მყავს. როგორც კი დაიწყო საომარი ვითარება, 6-ვე ბიჭი ჩაეწერა ე. წ. ტერაბარონაში, ობუხოვის რაიონში, 20 კილომეტრია კიევიდან დაშორებული. ტერიტორიულ მთლიანობას იცავდნენ. დღემდე იცავენ. ერთი აზოვშია ახლა. გიორგი ქუფარაშვილი მას კარგად იცნობს და დიდ ყურადღებასაც აქცევს. მეორე ბახმუტში იბრძვის, დანარჩენი ბელარუსის საზღვარზე დგას. იქ საკმაოდ სახიფათო სიტუაციაა. ერთი ბიჭი კი სპეცდანიშნულების რაზმშია, „სბუ-ში“. ირაკლი ძალიან დიდ საქმეს აკეთებს და დიდი დაფასება აქვს. ბევრი რამის თქმა და მოყოლაც არ შემიძლია. ჩვენ, ქართველები, ვინც აქ ვცხოვრობთ, ასე ვუდგავართ გვერდით უკრაინელ ხალხს, რადგან აფხაზეთში რომ ვიბრძოდით, ასე გვერდით გვედგნენ უკრაინელები და იბრძოდნენ ჩვენთან ერთად, ბევრი დაიღუპა კიდეც. ამიტომ ჩვენ არ გვაქვს უფლება, განზე დავრჩეთ. ჩემი შვილები პიარს არ იკეთებენ. ესეც პირველია ჩემს ცხოვრებაში, რომ ინტერვიუს ვაძლევ. იმ დონემდე გაფასებთ თქვენ და თქვენს გაზეთს, რომ სიამოვნებით გიყვებით ჩვენს ისტორიას.
ჩემი 3 ბიჭი ომში დაიჭრა, თენგო იანვარში დაიჭრა, ზურგსა და თავში ჰქონდა ჭრილობა, რუსლანი და გიორგი კი თებერვალში დაიჭრნენ. გიორგი ხერხემალში იყო გადატეხილი. ვუმკურნალეთ მაქსიმალურად, ორი „პლასტინკა“ ჩამოვიტანეთ გერმანიიდან, ხერხემალზე უნდა გაკეთებულიყო. ფაქტობრივად, ჩვენ ვუმკურნალეთ, სახელმწიფოსგან არაფერი აგვიღია. ხალხი ამომიდგა გვერდით. უამრავი ადამიანი დაგვეხმარა. წარმოუდგენელი მხარდაჭერა ვნახეთ იმ პერიოდში ზოგიერთი ისეთი ადამიანისგან, ვისგანაც საერთოდ არ მოველოდით. ვუმკურნალეთ, რეაბილიტაციაც გაიარეს. გიორგი, ხერხემალში რომ იყო გადატეხილი, ჩამოწერეს, ომი აღარ ეკუთვნოდა, მაგრამ კატეგორიულ უარზე დადგა. ცნობილი ვიდეო გექნებათ ნანახი: ალექსანდრ მატიევსკი, რომელიც „სლავა უკრაინის“ ყვირის და ხვრეტენ რუსები, ჩემი ბიჭის, გიორგის ძმაკაცი იყო. ერთად მსახურობდნენ. და როცა მას ასაფლავებდნენ, ჩემს ბიჭს ოპერაციას უკეთებდნენ ხერხემალზე და ინტერნეტით უყურებდა პროცესიას. ამის შემდეგ მას რა დააკავებდა სახლში, რეაბილიტაციის მერე მალევე გაიქცა ფრონტის წინა ხაზზე.
_ თქვენს გოგოზეც მოგვიყევით.
_ ერთი გოგო მყავს, ვიქტორია. ჩემი გოგო ნამდვილი მებრძოლია. 22 წლისაა და ომში ითხოვდა წასვლას. პრინციპში, ახლაც ითხოვს. სპორტსმენი გოგოა, კიკბოქსიორია. ჩემს ძმებს უნდა ამოვუდგე გვერდით და რუსები გავწყვიტოო, ძლივს ვაკავებთ. ექვსი ბიჭი, ექვსივე ფრონტის წინა ხაზზეა. გოგოც იქით იწევს… მაგრამ ეს ჩვენი მოვალეობაა, ეს ჩვენი საქმიანობაა, ჩვენი ვალდებულებაა. ჩემი შვილები ქართველებზე გიჟდებიან, ყველას გულში იხუტებენ. ზრდილობიანი, პატიოსანი ბიჭები არიან. ომში მაგრები არიან. ყველა ქართველს აფასებენ და გვერდით უდგანან, როგორც შეუძლიათ.
_ რას უსურვებდით საქართველოსა და უკრაინას?
_ ჩემი დიდი სურვილია, რომ ეს ორი ერი იყოს თავისუფალი, ამ ერებს ჰქონდეთ იმის უფლება, რომ იქ გაწევრიანდნენ, სადაც მათ სურთ. ამ ორმა ერმა დაიმსახურა ბედნიერი ცხოვრება და თავიანთი მომავლის კარგი გადაწყვეტა. ამ ორმა ერმა უნდა იხაროს და იბედნიეროს. უნდა იყვნენ თავისუფლები და გამარჯვებულები. ეს მინდა მე სულით და გულით და ვუსურვებ გამარჯვებას მათ!
დიდება გმირებს, გამარჯვება უკრაინასა და საქართველოს!