“თუ ორი ადამიანი არსებობს ვისაც თამამად შეეძლება ერთმანეთს თვალებში ჩახედოს, ეს ვიქნებით ჩვენ – მიხეილ სააკაშვილი და ნიკა მელია”

გიგა გელხვიიძე

რა შეიცვალა მთავარი ოპოზიციური პარტიის დღის წესრიგში მას შემდეგ, რაც შიდა არჩევნების შედეგებით “ენმ” -ს ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა, ხოლო მისი წინამორბედი, ნიკა მელია, რომლის მიმართაც პარტიის წარმომადგენლებს გარკვეული პრეტენზიები ჰქონდათ, პარტიის რიგით წევრად იქცა?

რა ხდება დღეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ და როგორ აფასებს ამ გადმოსახედიდან ყოფილი თავმჯდომარე პარტიაში მიმდინარე პროცესებს? როგორია მისი პროგნოზები მომავალ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და რა გეგმები აქვს მას? რა უთხრა მიხეილ სააკაშვილმა თავმჯდომარეობიდან წასვლის შემდეგ ნიკა მელიას? ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-მა ნიკა მელიასთან ვრცელი და საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა:

_ ბატონო ნიკა, რა ხდება დღეს „ნაციონალურ მოძრაობაში“?
_ „ნაციონალურ მოძრაობაში“ უკეთესის იმედს ტოვებს რეალობა, რომელიც არის შექმნილი. ბევრი მისაუბრია ამასთან დაკავშირებით, მაგრამ საზოგადოება ყველაზე უკეთ ხედავს ამას, რომელიც თვალყურს ადევნებს პარტიაში მიმდინარე პროცესებს, მათ შორის, ენმ-ს გულშემატკივრები. იმედს ვიტოვებ, ეს რთული ვითარება, რომელიც შეიქმნა და გულისხმობს დაქსაქსულობას ყველა დონეზე, აღმოიფხვრება. ადვილი იქნება ამ პრობლემის მოგვარება? _ არა, ურთულესი იქნება, თუმცა ჯერ კიდევ ვხედავ შანსს, პარტიის, როგორც იდეური ერთობის გადარჩენისა, რომელიც მიიზიდავდა ამომრჩეველთა კრიტიკულ რაოდენობას, რაც საკმარისი გახდებოდა წარმატებისთვის. ამ წუთის მდგომარეობით საპირისპირო რეალობა შეიქმნა და ნაცვლად იმისა, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩეველი მოგვემხრო, რაც ყველა პარტიისთვის არის მნიშვნელოვანი, ჩვენ მივიღეთ სურათი, როცა გადაწყვეტილი ამომრჩეველი გადავაქციეთ გადაუწყვეტლად. თუმცა იმედს ვიტოვებ, მთელი რიგი ეს პრობლემები მოგვარებადია. ჩემთვის მტკივნეულია ეს ყველაფერი, რადგანაც 11 წელია, ამ პარტიაში ვარ. მოვედი მაშინ, როდესაც ის ოპოზიციაში გადავიდა, მოვედი ახალი იდეებით, სიახლის პრეტენზიით, რომ ის უპირატესობები, რომლებიც გვქონდა სხვა პარტიებზე, კიდევ უფრო წარმოჩენილიყო და რა ხარვეზებიც იყო, აღმოფხვრილიყო, თუმცა მივიღეთ სრულიად სხვა მოცემულობა. პარტიას 2012 წელს არ წაუგია არჩევნები სახელმწიფოს მოდერნიზაციისთვის, არ წაუგია ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის და ეს მზარდი ტენდენცია იყო, არ წაუგია ქალაქების რეაბილიტაციისთვის და ა. შ. წააგო მთელი რიგი ჩავარდნების გამო ძალოვან სტრუქტურებში, სადაც შესაძლებელია, შსს-ს დეპარტამენტის უფროსს უფრო მეტი დანაშაული ჰქონდა ჩადენილი, ვიდრე რომელიმე მაშინდელ პოლიტიკოსს და ეს ხალხმა არ აპატია „ნაციონალურ მოძრაობას“. სხვა საკითხია, რამდენად სწორი არჩევანი გააკეთა საზოგადოებამ 2012 წელს, თუმცა შედეგი იყო, ის რაც მივიღეთ. ახლა გვაქვს რეალობა, რის გამოც წავაგეთ 2012 წელს არჩევნები და ამომრჩევლის დიდმა ნაწილმა უარი გვითხრა. სხვათა შორის, შემდგომში ეს ადამიანები გახდნენ ჩვენი პარტიის ამომრჩევლები სწორი მუშაობის შედეგად. აი, ამ ყველაფრის რესტავრაცია მოვახდინეთ ბოლო თვეების განმავლობაში. როდესაც ვსაუბრობ კონკრეტულ გვარებსა და სახელებზე, რომლებიც მართავენ პარტიას ჩრდილიდან, კონკრეტულ პიროვნებებს კი არ ვუპირისპირდები, არამედ ვუპირისპირდები იმას, რასაც ისინი განასახიერებენ. არ შეიძლება, ოპოზიციაში მყოფი დემოკრატიული პარტია იმართებოდეს ჩრდილიდან, ეს აუცილებლად წარუმატებლობას მოგიტანს.
_ სანამ ძირითად თემებზე ვისაუბრებთ, მინდა გკითხოთ: მას შემდეგ, რაც პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა, მიიღეთ თუ არა წერილი „ვივამედიდან“, სადაც მიხეილ სააკაშვილმა გთხოვათ, რომ არ დაგეტოვებინათ პარტია?
_ მიხეილ სააკაშვილთან დროდადრო მქონდა კომუნიკაცია, არჩევნების შემდეგ წერილი მომწერა, მხოლოდ სხვა შინაარსის და არა ის, რომ არ დამეტოვებინა პარტია, განსაკუთრებით პირველ დღეებში. არც კი მიფიქრია ამაზე და ახლაც სულ სხვა პოზიცია მაქვს, ვიდრე პარტიის დატოვება. პარტიის დატოვება პრობლემებს არ აგვარებს იმ პარტიაში, რომელშიც 11 წელი გაატარე.
_ რაზე იყო საუბარი წერილში, რომელიც მან გამოგიგზავნათ?
_ მიხეილ სააკაშვილი განიცდიდა მომხდარს. წერილის შინაარსი იყო ძალიან შინაურული, რომლის აფიშირებაც არ არის საჭირო, ვინაიდან პერსონალური მიმოწერა გახლდათ. ზოგადადაც მგონია, რომ როცა მიხეილ სააკაშვილი განთავისუფლდება და მას მიეცემა საშუალება მედიასთან კომუნიკაციის, ძალიან ბევრ რამეს მოეფინება ნათელი და თუკი ვინმე ორი ადამიანი არსებობს დღეს, ვისაც თამამად შეეძლება, ერთმანეთს თვალებში ჩახედოს, ეს ორი ადამიანი ვიქნებით ჩვენ, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული და ასევე ღრმად მწამს იმის, რომ ადამიანი, რომელიც არის ტყვეობაში, არ შეიძლება მისი ინსტრუმენტალიზაცია. არ შეიძლება, იგი კმაყოფილი იყოს იმით, რაც ხდება პარტიაში, ამ პარტიის ამომრჩევლები ამას არ იმსახურებენ, განსაკუთრებით 2012 წლიდან _ დღემდე. 11 წლის თავზე ამ მძიმე მოცემულობას არ იმსახურებენ.
_ ფაქტია, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია დღეს ორ ნაწილად არის გაყოფილი და ორივე მათგანი აცხადებს, რომ მისთვის უპირველესი საკითხია საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება _ რა ნაბიჯები იდგმება ამისთვის?
_ წინასაარჩევნო კამპანიამდე, სანამ საარჩევნო პროცესი დაიწყებოდა პარტიის შიგნით, რომლის ინიცირებაც მოხდა ისე, როგორც მოხდა, აბსოლუტურად უდროოდ და დამაზიანებლად პარტიისთვის, მას შემდეგაც და ახლაც ვსაუბრობ, რომ მიხეილ სააკაშვილისა და სხვა პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლების შესაძლებლობა გაჩნდება მას შემდეგ, რაც რეჟიმი შეიცვლება. არ მივეკუთვნებოდი არასოდეს იმ კატეგორიას, რომელიც ამბობდა, რომ მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლება შესაძლებელია ბიძინა ივანიშვილის პირობებში. ვცდილობდი, ამ რაციონალურ აზრს გაემარჯვა, გაიმარჯვა ემოციამ რაციონალიზმზე და შედეგად მივიღეთ ახლა ის, რა მოცემულობაც არის. დაიცალა ეს პარტია რაციონალიზმისგანაც, ემოციისგანაც და იდეისგანაც, შესაბამისად, ძალიან რთულ მოცემულობაში ჩავარდა ის მხარე, რომელმაც ამ აპლომბით დადო პირობა, რომ მისი გამარჯვებისთანავე შესაძლებელი გახდებოდა რამდენიმე თვეში მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლება და ახლა საუბრობენ იმას, რასაც ვსაუბრობდი რამდენიმე თვის განმავლობაში.
_ რა შედეგი მივიღეთ მთელი ამ პროცესებიდან?
_ შედეგად მივიღეთ ის, რომ მიხეილ სააკაშვილის ინტერესი მკვეთრად დაზიანდა, განელდა სოლიდარობა მის მიმართ, ვგულისხმობ აქტიურ ნაწილს საზოგადოებისა, რომელიც მის მხარდასაჭერად სხვადასხვა აქციაში გამოდიოდა. დაინახეს, რაც მოხდა პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ და ბევრისთვის ეს იყო აბსოლუტურად მიუღებელი. ჩვენ გვქონდა ამოცანა, რომ მომხდარიყო საზოგადოების კონსოლიდაცია მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის ირგვლივ და მივიღეთ ის, რომ საერთოდ გახლეჩილობაა ამ საკითხთან დაკავშირებითაც პარტიის შიგნით. კი ბატონო, ცალკე აღებული „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა წევრი არის გაერთიანებული იმ მოსაზრებისადმი, რომ მიხეილ სააკაშვილი არ უნდა იყოს ციხეში, მაგრამ თანაცხოვრება როდესაც გაჭირდა ერთმანეთთან, მიხეილ სააკაშვილის ინტერესიც შეილახა. კვლავ გავიმეორებ: სააკაშვილი და სხვა პოლიტპატიმრები საპატიმროს დატოვებენ მას შემდეგ, რაც ეს რუსული რეჟიმი აღარ იქნება ხელისუფლებაში. ასევე არ უნდა დავივიწყოთ, რისთვის იბრძოდა მიხეილ სააკაშვილი. მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, ყველა პოლიტპატიმარი, განთავისუფლდება ადრე თუ გვიან, არ შეიძლება ისინი დიდხანს იყვნენ ციხეში, მაგრამ საფიქრალია ის, თუ რა ქვეყანას ვახვედრებთ ამ ადამიანებს.
_ გქონდათ თუ არა კომუნიკაცია ლევან ხაბეიშვილთან მას შემდეგ, რაც რამდენიმე თვე გავიდა მისი გამარჯვებიდან, თუმცა უწყვეტი აქციები და ივანიშვილის ტყვეობიდან დახსნილი მიხეილ სააკაშვილი ჯერ არავის უნახავს?
_ ერთხელ პირადად მქონდა კომუნიკაცია მაშინ, როდესაც სააპელაციო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანაზე უთხრა უარი. მიუხედავად განხეთქილებისა, ყველა მივედით პარტიის ცენტრალურ ოფისში და ჩვენ შორის შედგა ფართო ფორმატში საუბარი. მას შემდეგ კომუნიკაცია არ არსებობს ჩვენ შორის.
_ თქვენს ერთ-ერთ ინტერვიუში დაადასტურეთ, რომ პარტიის თავმჯდომარეობის პერიოდში რამდენჯერმე შეხვდით ყოფილ თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილს. მაშინდელი საუბრიდან გამომდინარე, გიფიქრიათ თუ არა იმაზე, რომ მას სურდა პარტიის მართვის სისტემაში ჩარევა?
_ მას შემდეგ, რაც ციხე დავტოვე ევროკავშირის აქტიური ჩართულობით და გამოვედი თავისუფლებაზე, მისგან იყო აქტიური სურვილი, რომ შევხვედროდი. მანამდე მასთან არანაირი კომუნიკაცია არ მქონია და პირიქით, მქონდა ძალიან მკვეთრი განცხადებები გაკეთებული. როდესაც ეს შეთავაზება მივიღე, გადავწყვიტე, შევხვედროდი. მივფრინავდი კიევში მიხეილ სააკაშვილთან და ამაში მე სააკაშვილიც ჩავაყენე საქმის კურსში. ჩემთვის ფაქტორი, რამაც გადამადგმევინა ეს ნაბიჯი და შევხვდი დავით კეზერაშვილს, იყო ბოლო წლებში მისი დამოკიდებულება, მაგალითად, ტელეკომპანია „ფორმულასთან“ მიმართებით. მჯეროდა, რომ ადამიანი ახორციელებს ინვესტიციას იქ, სადაც ყველაზე მეტად ჭირს. რომ თავისუფალი სიტყვის უზრუნველყოფას სერიოზულად უდგება. კარს მომდგარი იყო ამ დროს რეფერენდუმი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც რეფერენდუმად შეირაცხა. არანაირი ნიშანწყალი არ იყო საწყის ეტაპზე მისი მხრიდან, რომ მას რეალურად უნდოდა პატრონობა პარტიისა და არა პარტნიორობა ზოგადად დემოკრატიული ძალებისა, თუმცა დროთა განმავლობაში ეს ინტერესი გამოიკვეთა და დასრულდა ისე, როგორც დასრულდა.
_ ნანობთ მასთან შეხვედრას?
_ ორივე პასუხი იქნებოდა სწორი, კიც და არაც. კი იმიტომ, რომ რეტროსპექტივაში ადვილია თქვა, ეს შეცდომა იყოო, მაგრამ არას ვიტყოდი, როცა ვერაგ მოწინააღმდეგეს ებრძვი და ნებისმიერი ადამიანი გთავაზობს პარტნიორობას ამ ბრძოლაში სრულიად გამჭვირვალედ და არა გაუმჭვირვალედ, ვფიქრობ, არალოგიკური იქნება, მასთან შეხვედრაზე უარი თქვა ისე, რომ მინიმუმ არ მოისმინო მისი აზრი. სამწუხაროდ, საწყის ეტაპზე მოვლენები განვითარდა ისე, როგორც ჩემთვისაც მოულოდნელი იყო. ალბათ ეს ყველაფერი, ადრე თუ გვიან, მაინც მოხდებოდა. იმდენად არის ადამიანი დაინტერესებული ქართული პოლიტიკით, მასთან შეხვედრა ერთჯერადად მაინც მოხდებოდა და ეს გარდაუვალი იყო, ამიტომაც გადავწყვიტე, რომ ყოფილიყო ადრე ვიდრე, გვიან. ახლა ჩემთვის ეს არის ნათელი მოცემულობა _ ბიძინა ივანიშვილისა და რუსული რეჟიმის ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება, მაგრამ არ უნდა მოხდეს მისი ჩანაცვლება. ამაში მათ შორის დამარწმუნა ბატონ კეზერაშვილთან ურთიერთობამაც.
_ დავით კეზერაშვილი, ვანო მერაბიშვილი და როგორც ერთ-ერთ გადაცემაში ახსენეთ, ზურაბ ადეიშვილი _ რა ადგილი უკავიათ ამ ადამიანებს ენმ-ში?
_ მე თუ რამე მახარებს ახლა, გულწრფელად გეტყვით, ეს არის ხალხი, რომელიც სულ უფრო და უფრო სწორ ანალიზს აკეთებს, რაც ხდება. ეს არ არის შიდაპარტიული პრობლემა, რომელზედაც მე ვისაუბრე. ვფიქრობ, საზოგადოების დიდმა ნაწილმა უნდა იცოდეს, რა ხდება ოპოზიციაში, რადგან უდიდესი მორალური კონტრასტის გარეშე ხელისუფლებასთან მიმართებით გაგვიჭირდება მისი დამარცხება. მთავარია მორალური სიცხადე და პოლიტიკური სხვაობა. მთელ მსოფლიოში ყველაფერი ორ ფერად გადაიქცა, _ შავად და თეთრად. სამწუხაროდ, საქართველოში, ხელისუფლების აქტიური ჩართულობითაც, კონტრასტულ სხვაობას არ იძლევა მოცემულობა და უნდა ხელისუფლებას, რომ ბევრი რამ განაცრისფერდეს და არ იყოს თეთრ და შავ ფერებში მოცემული, რომ დაიბნეს საზოგადოება, ზედა ზღვრის წაშლა უნდა ხელისუფლებას ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის და ერთ-ერთი ამ ზღვრის წაშლის მცდელობა მდგომარეობს ამ დამოკიდებულებაში, როდესაც შესაძლებელია, რამდენიმე ადამიანს ჰქონდეს უფლება, პოლიტიკური პარტია მართოს ჩრდილიდან. ეს არ არის დემოკრატიული მართვის მოდელი, ეს არ არის გამარჯვების ფორმულა. როდესაც ებრძვი წმინდა წყლის არაფორმალურ მმართველობას, სრულიად სხვა მოდელი უნდა გქონდეს პარტიაში მმართველობისა და თუ ეს ასე არ არის, უკეთეს შემთხვევაში, ამომრჩეველი იბნევა და უარეს შემთხვევაში, ფიქრობს, რომ მე მინდა ცვლილება და არა ცვლილება ცვლილებისთვის; არა ის, რომ ბიძინა ივანიშვილი ვინმემ ჩაანაცვლოს, მე მინდა დამარცხდეს ივანიშვილი და გაიმარჯვოს დემოკრატიულმა ძალებმა და ქვეყანა იმართებოდეს დემოკრატიული წესწყობილებით. ამომრჩეველს მყარი გარანტია სჭირდება, რომ მოსამართლე ლევან მურუსიძესთან, პირობითად, აღარ გამონახავს საერთო ენას და როდესაც რამდენიმე გვარი, ვინც ფიგურირებს ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ ჩრდილოვან მმართველობაში, არის დაკავშირებული იგივე მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის ჩამოყალიბებაში, რომელიც შემდგომში უკვე განამტკიცა „ქართულმა ოცნებამ“, საზოგადოება კი არა, მეც არ ვარ დარწმუნებული, რომ იგივე მერაბიშვილსა და კეზერაშვილს არ ექნება სურვილი, თანაც დიდი სურვილი, რომ მურუსიძესთან და ჩინჩალაძესთან ითანამშრომლონ. ეს არ უწყობს ხელს გამარჯვების პროცესს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არ ვებრძვი ერთ, ორ ან სამ ადამიანს, მე ვებრძვი მოცემულობას, რომელსაც ისინი განასახიერებენ. ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია არაფორმალური და ჩრდილოვანი მმართველობა. სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, ეს არის გზა არსაითკენ, ეს არის გარანტირებული მარცხი ოპოზიციისა ნებისმიერ მომდევნო არჩევნებზე, ვინაიდან შესაძლებლობას არ ვტოვებთ ქვეყანაში, გავაჩინოთ უდიდესი კონტრასტული სხვაობა, რომ ხალხი ემოციურად, ბევრი რამის გააზრებით მოვიდეს არჩევნებზე და მხარში დაუდგეს ამ ქვეყნის ინტერესს. თუ ისინი ეჭვს შეიტანენ, რომ აქ არა ქვეყნის ინტერესი, არამედ ორი-სამი ადამიანის ინტერესია, საქართველოს მოქალაქე, რომელიც ამ ბოლო წლებში გამოიბრძმედა პოლიტიკურ პროცესებში, უბრალოდ, არ დაიხარჯება და ვის წისქვილზე წყლის დასხმაა ეს? რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“. მე რომ ვხედავდე, რომ კეზერაშვილი, მერაბიშვილი იყვნენ საჯარო პოლიტიკაში ჩართულები და ცდილობდნენ, რომ დაარწმუნონ საზოგადოება მათ სიმართლეში, ასეთი რეაქცია არ მექნებოდა, მაგრამ როდესაც ვხედავ, რომ ისინი საპირისპიროს აკეთებენ, არ შემიძლია, გავჩუმდე და არ შევეწინააღმდეგო.
_ რამდენიმე დღის წინ ლევან ხაბეიშვილმა გააკეთა განცხადება, რომლითაც მან მოუწოდა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, რომ თუ სურთ 7%-ის აღება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, უნდა შევიდნენ ენმ-ს ქოლგის ქვეშ, რადგანაც გამარჯვების გასაღები დღეს „ნაციონალურ მოძრაობაშია“. რამდენად რეალურად ჟღერს ხაბეიშვილის ეს სიტყვები?
_ ოპოზიციის წარმომადგენლების რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, კონტრპროდუქტიული შეთავაზება იყო, ცოტა ქედმაღლური და უპატივცემულო, ოპოზიციურ პარტიებთან მიმართებით, შედეგიც შესაბამისად სახეზეა _ როდესაც პრაქტიკულად არცერთი ოპოზიციის წარმომადგენელი არ შეხვდა ამ ინიციატივას გაგებით და პირიქით, გაღრმავდა კონფრონტაცია. არ შეიძლება, ნიშნის მოგებით ესაუბრო შენს პოტენციურ პოლიტიკურ პარტნიორებს. იცი, რა? მოდი ჩემთან და მე გადაგალახვინებ ბარიერს, _ ეს გაუაზრებელი განცხადება იყო იმ ციკლიდან, რომელსაც უწყვეტად ვაკვირდებით ბოლო წლების განმავლობაში. ზოგჯერ მრჩება შთაბეჭდილება, რომ პარტიაში მომდევნო დღე არ იგეგმება. არ ცდილობენ შეხების წერტილების დაახლოებას საზოგადოებრივ ჯგუფებთან. ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოებრივი ჯგუფები დღეს საქართველოში ძალიან ბევრია და ყველას განსხვავებული შეხედულება აქვს. არ შეიძლება, ყველას ესაუბრო ერთი ენით და შენი თავი დააყენო კვარცხლბეკზე, რომელიც არ გაგაჩნია. შენთვის არის რაღაც სიმაღლე, საიდანაც ელაპარაკები პოლიტიკურ პარტიებს, როგორც უფროსი ძმა. პოლიტიკური პარტიები რომ გადავდოთ გვერდზე, საზოგადოებას მოეწონება მსგავსი ქედმაღლური დამოკიდებულება? ვფიქრობ, _ არა. ამ დროს განზე გვრჩება „ქართული ოცნების“ მტრულად განწყობილი მთელი რიგი განცხადებები.
_ 2012 წლის შემდგომ ჰქონდა თუ არა ენმ-ს ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი?
_ 2012 წელი იყო მძიმე წელიწადი, თუმცა სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ მთელმა რიგმა შეცდომებმა განაპირობა ის შედეგი, რითაც დასრულდა არჩევნები. სხვა საკითხია, სწორი არჩევანი გააკეთა თუ არა საზოგადოების მაშინდელმა ნაწილმა. ამის შემდეგ ჩვენ გვქონდა დრო ძალიან ბევრი რამის გადასაფასებლად და გასააზრებლად. ვფიქრობ, გამარჯვების შანსი იყო 2020-2021 წლების არჩევნებზე და არ გვეყო მოთმინება და მდგრადობა ოპოზიციაში, განსაკუთრებით 2021 წელს, 2020 წელსაც, რის შედეგადაც მე ციხეში აღმოვჩნდი და შედგა უპრეცედენტო ერთობა, თუმცა იქიდან გამოსულს უკვე დაშლილი დამხვდა. მანამდე ძალიან დასანანია, რომ ბრძოლის შუა პერიოდში პარტიის თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე, აკეთებს განცხადებას და ტოვებს პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას. ამან დააზიანა არა „ნაციონალური მოძრაობა“, არამედ მთელი პოლიტიკური პროცესი. ბოიკოტი რომ შენარჩუნებულიყო, დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება იძულებული გახდებოდა, ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩაენიშნა, თუმცა ეს შანსი ხელიდან გავუშვით ოპოზიციური პარტიების პირდაპირი თუ ირიბი ჩართულობით.
_ ძალიან ხშირად გსაყვედურობენ, რომ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველ და მეორე ტურში ვერ შეძელით ამომრჩევლის ხმების დაცვა. რატომ გაჩნდა ეს შეგრძნება საზოგადოებაში?
_ ბუნებრივია, როდესაც 3700 საარჩევნო უბანზეა საუბარი, რთულია ყველა მათგანი დაიცვა ისე, როგორც შენ ეს გსურს. ხელჩართული ბრძოლა გვქონდა, საარჩევნო უბნებიდან ადამიანებს იტაცებდნენ, თუმცა მოვახერხეთ, რომ რიგ საარჩევნო უბნებში ჩვენ გავიმარჯვეთ, მაგრამ ის, რომ ხმები ვერ დავიცავით, მომავალში, სანამ „ქართული ოცნება“ არის მართვის სადავეებთან, ოპოზიცია ყველა ხმას ვერ დაიცავს. მნიშვნელოვანია, უპირატესობა იმხელა იყოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, რომ ყველანაირი ტიპის გაყალბების მეთოდი უძლური იყოს. კლიმატი უნდა იყოს ისეთი, რომ აზრი არ ჰქონდეს გაყალბებას. 2020 წელს დიახ, იყო გაყალბებები, დარბევები და ამას მოჰყვა სწორედ ოპოზიციის ბოიკოტი. 2021 წელი სრულიად სხვაგვარი იყო, ახლა კი ისე უნდა მოვემზადოთ 2021 წლის არჩევნებისთვის, რომ შემდგომში ჟურნალისტებმა მსგავსი შეკითხვები აღარ დაგვისვან. თუ ჩვენ ტექნიკურ საკითხებში დავხარჯავთ ძალიან დიდ დროს და არ დავარწმუნებთ საზოგადოების უდიდეს ნაწილს, რომ ყველანი ერთ მუშტად უნდა შეიკრან და წავიდნენ არჩევნებზე, ვერ შევძლებთ ხმების დაცვას. ხმების დაცვის საუკეთესო საშუალება არის მაღალი აქტივობა. მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლის არჩევნებს ჩვენ რეფერენდუმი დავარქვით, მოსახლეობის დიდი ნაწილი მაინც არ წავიდა არჩევნებზე. უნდა შევძლოთ, რომ გამოცხადება საარჩევნო უბანზე იყოს იმაზე მეტი, ვიდრე აქამდე. თავდადების მაგალითებიც ასევე რაც შეიძლება მეტი უნდა იყოს, როგორც არჩევნებამდე, ასევე არჩევნების დროს, შესაბამისად, მე ამ შენიშვნას ნაწილობრივ ვიღებ. თუმცა კიდევ გავიმეორებ, რომ აუცილებელია მოქალაქეების მაღალი აქტივობა და ჩართულობა, რადგანაც მხოლოდ პოლიტიკური პარტიები ვერ გაუწევენ წინააღმდეგობას იმ დანაშაულებრივ მანქანას, რომელიც ამუშავებულია წლების განმავლობაში.
_ ენმ-ს რეგიონულ ორგანიზაციებში არცთუ ისე დიდი ხნის წინ ვიხილეთ პროცესები: სიებიდან ამოღებული ადამიანები და საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეობიდან წასული პარტიის წევრები. რა ხდება?
_ არის საკითხები, რასაც რაც უფრო მეტად ჩავუღრმავდებით, მით უფრო ყრუ კედელს შევეჯახებით. შეუძლებელია საღი აზრის ფარგლებში ამაზე ანალიზის გაკეთება. როდესაც დასრულდა არჩევნები, მივულოცე გამარჯვებულს და ვუსურვე, სიმართლითა და ღირსებით ემართა პარტია, მაგრამ, სამწუხაროდ, ხუთი დღეში ნახევარი პოლიტიკური აქტივი პარტიიდან გამოყარეს მას შემდეგ, რაც გადაარჩიეს პოლიტიკური საბჭო ისე, რომ შეჯიბრებითობაც არ წარმართეს. ამან გააჩინა პარტიაში კრიზისი და არა პარტიის თავმჯდომარის არჩევნებმა. 5 თებერვალს პარტიის ყრილობაზე მიღებულმა მოულოდნელმა გადაწყვეტილებამ, რომლითაც გააგდეს ადამიანები პარტიიდან, ამ შემთხვევაში პოლიტიკური საბჭოდან, ამან გააჩინა უდიდესი ბზარი და ამას მოჰყვა შემდეგ უდიდესი კრიზისი, ბათუმის სიებიდან ადამიანების ამოღება და ა. შ. შენ თუ გინდა კონსოლიდაცია და ამომრჩეველზე კონცენტრირება, ასე არ იქცევი და თუ ასე იქცევი, ე. ი. ნებსით თუ უნებლიეთ, ამას განზრახ აკეთებ და სიმართლე რომ გითხრათ, არ მიკვირს მსგავსი რამ. თუმცა მაინც ვიტყვი, რომ ეს უნებლიეთ ხდება და არა განზრახ, გამომდინარე იქიდან, რომ როცა პარტია იმართება ქვეყნის ფარგლებს მიღმა, შეუძლებელია, თქვენც რომ იყოთ და გქონდეთ კეთილი განზრახვები, რეალობის ადეკვატური აღქმა. როდესაც რეალობის ადეკვატური აღქმა არ გაქვს, ყოველთვის უშვებ და დააშვებინებ სხვებს შეცდომებს.
_ რა არის გამოსავალი?
_ გამოსავალი ამ პროცესებში არის უფრო მეტი კონკრეტიკის შემოტანა, ყველასთვის და ყველაფრისთვის თავისი სახელის დარქმევა და მაქსიმალურად შემოკრება თანამოაზრეებისა სწორი საკითხების გარშემო, რათა საზოგადოებამ დაგიჯეროს, რომ შენ ასახავ მათ სურვილებს. თუმცა ასე არ არის ბევრისთვის და წარმოიდგინეთ, რა ცუდად გამოიყურება ეს პროცესი შორიდან. ამ ყველაფერს სჭირდება სწრაფი შეცვლა, თორემ კრახით დასრულდება. ჯერ კიდევ არ მაქვს პასუხი, ეს ქარაფშუტობით ხდება, თუ _ უცოდინარობით?
_ პარტიიდან ადამიანების გაშვებას შევეხეთ და ბოლო დროს, ძალიან აქტუალურია ბესო გაზდელიანის საკითხი, _ ამაზე როგორია თქვენი შეფასება?
_ ბესო გაზდელიანი არის ძალიან კარგი, თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა მოექცე შენს ვეტერან თანამებრძოლს, რომლის მხრებზეც ძალიან ბევრი რამ გადავიდა, არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ და ბესო გაზდელიანისნაირი ადამიანების მხრებზე გადადიოდა ოპოზიციური ველის შენარჩუნება, რადგანაც ივანიშვილს სურდა, ოპოზიციური ველის განადგურება და თუ იქ არავინ იქნებოდა, შემოუშვებდა მისთვის სასურველ სუბიექტს. ეს ყველაფერი ალაგმა ბესო გაზდელიანმა და შენ თუ ბესო გაზდელიანს ასე მოექცევი, კიდევ უფრო მიღრმავდება ეჭვი, რომ შენი განზრახვა სხვა არის, ვიდრე ამას ასაღებდი.
_ ქართველმა ხალხმა „ნაციონალური მოძრაობა“ 2012 წელს ერთხელ უკვე გადაირჩია იმის გამო, რომ გუნდი საგრძნობლად შორდებოდა დემოკრატიასა და კანონს. დღეს, როდესაც ენმ-ს გადარჩევის მთავარი მიზეზი, ანუ ის ადამიანები, რომელთა გამოც ამომრჩეველმა 2012 წელს სრულიად სხვა არჩევანი გააკეთა, ისევ აქტიურად ჩნდებიან ენმ-ს ახალ ისტორიაში, ხომ არ იქნება ეს თუნდაც პარტიის საკმაოდ მყარი აქტივისთვის ერთგვარი ნიჰილიზმის საფუძველი?
_ შემიძლია მტკიცებით ფორმაში გითხრათ, რომ დღეს პარტიის ამომრჩევლები არიან გახლეჩილები, ვინაიდან რესტავრაცია იმ მანკიერებისა მათ არ სურთ, მათ სურთ განვითარება და მომავალზე კონცენტრაცია და არა წარსულში ქექვა. ივანიშვილის დამარცხება სურთ და ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ. „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის უმრავლესობა დღეს ფიქრობს, _ მიუხედავად იმისა, რომ 2012 წელს სურდათ გამარჯვება, ისინი სამართლიანად დამარცხდნენ და აი, სწორედ ამ მარცხისგან უნდა გაგვეკეთებინა დასკვნა. ეს ჩემი სიტყვები ხომ არ არის? იგივე მიხეილ სააკაშვილი არ საუბრობდა, რომ ვანო მერაბიშვილი დასაფასებელია იმისთვის, რაც გააკეთა, თუმცა ვეღარ ხედავს მომავალში პოლიტიკაში. მინიმუმ ენმ-ს ნახევარი ამომრჩევლისა და ესეც არ არის საკმარისი, სულ რომ კმაყოფილი იყოს, დამატებითი ამომრჩეველი გვჭირდება და რა მდგომარეობაში ჩავვარდით, რომ მყარი ამომრჩეველი ფიქრობს, ხვალ რომ არჩევნები იყოს, მისცემდა თუ არა ხმას ვანო მერაბიშვილსა და დავით კეზერაშვილს?
_ სალომე ზურაბიშვილმა ერთ-ერთ უცხოურ მედიასთან საუბრისას გააკეთა განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილი სრულიად შესაძლებელია, სხვა პირობებში იხდიდეს სასჯელს (სამაჯურის თემა). როგორ შეფასებით მის ამ განცხადებას?
_ ისევ იმ პოზიციაზე დავრჩები, რომელზედაც დიდი ხანია ვარ, _ მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში: მას შემდეგ, რაც ამ ქვეყანას რუსული ხელისუფლება აღარ ეყოლება. სხვა შემთხვევაში, თუ ასე გაგრძელდა მოვლენები, როგორც გრძელდება, მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების პროცესი კიდევ უფრო გადაიწევს. შენ თუ ასე შეხვდი 2024 წელს, 2027 წლამდე რატომ არ მოახდევინებს ბიძინა ივანიშვილი იმ სასჯელს, რომელიც მან უკანონოდ დაადგინა? მიხეილ სააკაშვილის ინტერესებიც შეილახა პარტიაში მიმდინარე პროცესების გამო, დაასუსტა წინააღმდეგობის მოძრაობა, რომელიც მოიცავდა პოლიტპატიმრების განთავისუფლების საკითხს, პირველ რიგში, ხელისუფლების შეცვლას და ხელისუფლება დღეს ასეთ საფრთხეს ვერ გრძნობს. რომ ჰკითხოთ ნებისმიერ ფსევდოლიდერს, გეტყვით, მიხეილ სააკაშვილმა სასჯელი 2027 წლამდე უნდა მოიხადოსო და ისინი მართლა ასე ფიქრობენ. სწყინთ, როდესაც ვაკრიტიკებ მენეჯმენტს, მაგრამ სხვაგვარი უფლებაც არ მაქვს. დიახ, ნიშნის მოგების დრო ახლა არ არის, მაგრამ არც სიჩუმის დროა, რადგანაც ქვეყნის მომავალი სასწორზე დევს და არ შეიძლება, ორი, სამი თუ ხუთი ადამიანის ახირებაზე ქვეყანამ დაკარგოს განვითარების შანსი.
_ როგორ გესახებათ დღევანდელი გადმოსახედიდან ქვეყნის უახლოესი მომავალი?
_ მე გამარჯვებაში ვარ დარწმუნებული, მაგრამ ამ გამარჯვებამდე გაცილებით დიდი სიცხადე უნდა შემოვიდეს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესში და ყველასა და ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. ბევრისთვის პოლიტიკა, მათ შორის, ოპოზიციაში, არის ბიზნესის კეთება: თუ მანდატი გაქვს და პარლამენტში შეხვალ, გაქვს სამსართულიანი სახლი და დააშენებ მეოთხე სართულს. მე და ძალიან ბევრი ადამიანი ამისთვის არ ვართ. სანამ გვეყოლებიან ფსევდოპოლიტიკოსები, მათ შორის, ოპოზიციაში, მანამ გვეყოლება ფსევდომთავრობა. ისინი ერთმანეთს არ უნდა კვებავდნენ და დღეს ვხედავთ ამ ყველაფრის გაუფასურებას. ერთი მხრივ, ამხელა გამოწვევაა, როდესაც ევროპული იდეა არის უზრუნველსაყოფი და როგორც არასდროს, ისე ვართ ახლოს ამ იდეასთან, გვეხმარება საერთაშორისო თანამეგობრობა ამ ყველაფერში, თუმცა, მეორე მხრივ, გვყავს პრორუსული მთავრობა, რომელიც არ გამოხატავს ჩვენს მისწრაფებას, მათ შორის, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველთა დიდი ნაწილის მისწრაფებასაც. მათ იმისთვის არ მიუციათ ხმა „ოცნებისთვის“, რომ ღარიბაშვილ-ივანიშვილს ქვეყნის საგარეო კურსი შეეცვალა. როდესაც ასეთი კონტრასტული სხვაობაა ამ თვალსაზრისით, გამარჯვება თითქოს ხელის გაწვდენაზეა, მაგრამ გამარჯვება ვერ მოიპოვება ვაის გავეყარე-ვუის შევეყარეს პრინციპით. ბევრი ფიქრობს ასე, როგორც ნიკა მელია: არ უნდათ ბიძინა ივანიშვილი, არ უნდათ მურუსიძის სასამართლო, არ უნდათ რეგრესი, არ უნდათ დაცინვა, არ უნდათ შეურაცხყოფა, უმდაბლესი ცხოვრების სტანდარტი ამ ქვეყანაში; უნდათ ევროპული მომავალი, მაგრამ, ამავე დროს, არ უნდათ წარსულიდან აჩრდილები მართვის სადავეებთან და როდესაც ამ მოცემულობას განზრახ ვიღაცა ქმნის, გამარჯვება რთულდება და როდესაც სიცხადე შეგაქვს, მათ შორის, ოპოზიციაში, გამარჯვება გაადვილდება, ხალხი გაჰყვება სიმართლეს და სიმართლისთვის ბრძოლა არის ახლა მნიშვნელოვანი და არა სიმართლეზე ლაპარაკი.
_ რა გეგმები აქვს ნიკა მელიას და როგორ წარმოგიდგენიათ წინასაარჩევნო პერიოდი?
_ ამას გამოარკვევს მომდევნო პერიოდი. მიმაჩნია, რომ ახლა ვაკეთებ იმ საქმეს, რომელსაც პოლიტიკოსი უნდა აკეთებდეს და ვცდილობ, ვიყო საზოგადოებასთან აქტიური ურთიერთობის კონტექსტში და მათთან ურთიერთობისას მიჩნდება ჩამოყალიბებული პოზიციები, რაზედაც თქვენთან ვისაუბრე. რას ითხოვს საზოგადოება? _ სიცხადეს. მოგვეცით არჩევანის საშუალება, გვინდა დავუჭიროთ მხარი „ნაციონალურ მოძრაობას“, ჯანსაღ ძალას, მაგრამ ნუ მაჩეჩებ იმას, რაც მეც, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, არ მომწონდა. მე უნდა ჩავატარო აგიტაცია-პროპაგანდა ჩემს სამეზობლოში, ჩემს საახლობლოში და ვერ ვიზამ ამას, თუ იქ მერაბიშვილისა და კეზერაშვილის არაფორმალური მმართველობა იქნება. ეს არის სიმართლე და ამ სიმართლეს უნდა თვალის გასწორება. ვფიქრობ, თუ მცირე შანსი არსებობს, ამ შანსისთვის უნდა ვიბრძოლოთ, იმედი მაქვს. ერთი რამის თქმა შემიძლია დანამდვილებით, რომ მე ამ ბრძოლაში ვიქნები, უბრალოდ ბრძოლაში, რომელიც წარმატებას მოიტანს და გამარჯვებით დაგვირგვინდება თქვენთვის, ჩვენთვის და მოსახლეობისთვის. მე ვიბრძოლებ იმ იდეებისთვის, რომლითაც მოვედი.