ლაშა ფარულავა: „ქართული ოცნება“ ბოლომდე ტრანსფორმირდა რუსულ მთავრობად“
ირინა მაკარიძე
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერთან, ლაშა ფარულავასთან ინტერვიუ იმ დრომდე ჩავწერეთ, ვიდრე მას საგარეჯოს პოლიცია დააკავებდა სანქცირებული რუსების შემოსვლის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე, სადაც იგი მივიდა სხვა დაკავებულების განთავისუფლების მოთხოვნით. ლაშა ფარულავა იმის გამო დააკავეს, რომ მან პოლიციის მოთხოვნის მიუხედავად, სიმღერა „მიშა მაგარია“ არ გამორთო.
„ქრონიკა+“ ენმ-ის პოლიტიკური საბჭოსა და „ანტიკორუფციული საბჭოს“ წევრს, ლაშა ფარულავას ესაუბრა მმართველი პარტიის კორუფციულ სქემებზე, ქოლცენტრებზე, ენმ-ის შიდა დაპირისპირებასა და, რაც მთავარია, მიხეილ სააკაშვილისა და ქვეყნის „რუსული მთავრობისგან“ განთავისუფლების გზებზე:
_ კორუფციის უამრავი ფაქტი გვაქვს გამოვლენილი. მაღალჩინოსანთა კორუფციული ინტერესები, ძირითადად, იკვეთება სახელმწიფო შესყიდვებში, ტენდერებში. საჯარო დაწესებულებებს, რომლებიც ტენდერებს აცხადებენ, ჰყავთ თავიანთი ფავორიტი კომპანიები, რომლებზეც მორგებულია სატენდერო პირობები. შემდეგ როდესაც ვეძებთ, ვინ არიან ამ კომპანიის დამფუძნებლები, ვნახულობთ, რომ ყველა არის „ქართული ოცნენის“ შემომწირველი. განსაკუთრებით საავტომობილო გზის პროექტების 80% ხვდება „ქართული ოცნების“ შემომწირველების კომპანიების ხელში. უმეტეს შემთხვევაში სამუშაოები არ სრულდება, ეს ფული კი „ქართული ოცნების“ კორუმპირებული ჩინოვნიკებისა და მათსავე კომპანიების ჯიბეში ილექება. კორუფციის კლასიკური მაგალითია ავტომაგისტრალის პროექტი, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილმა „საუკუნის პროექტი“ უწოდა. პროექტი, რომელიც თავზე ჩამოგვექცა, 3 მილიარდი ლარი გვიჯდება, ეს თანხა 2040 წლამდე უნდა გადაიხადოს საქართველოს მოსახლეობამ. ასევე არსებობს შემოვლითი გზის პროექტი, რომელიც ჩუმათელეთს დააკავშირებდა ხარაგაულთან და ხარაგაულს _ ზესტაფონთან, რომელიც იქნებოდა რიკოთის გზის ალტერნატივა. აქაც 105 მილიონი მოიპარეს. კომპანია „აკორდ ჯორჯია“ შეარჩიეს კორუფციული გზით. ეს არის „ქართული ოცნების“ შემომწირველი კომპანია, რომელმაც ვალდებულება არ შეასრულა და ამაზე არანაირი გამოძიება არ დაწყებულა. ის კი არა, შესყიდვების სააგენტოს შავ სიაშიც არ ჰყავს შეყვანილი.
ამ კორუფციას ეწირება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები. 3 მილიარდი ლარიდან ნახევარი მოიპარეს და ამის გამო ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძის პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება და არა მარტო მისი, საქართველოს მთელი მთავრობის, რომელმაც ეს ფული მოიპარა.
_ ანტიკორუფციული ბიუროს ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ქოლცენტრების მხილება იყო. რას იტყვით ახლა ქოლცენტრებთან დაკავშირებულ საქმეებზე?
_ ქოლცენტრები საქართველოში არის ტრანსნაციონალური კიბერდანაშული, რომელსაც უნდა იძიებდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და არა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო, რომელიც არის საბიუჯეტო დანაშაულის გამოძიებაზე უფლებამოსილი უწყება. აქედან გამომდინარე, გამოძიება არასწორად მიმდინარეობს. ჩვენ გვაქვს ორი კონკრეტული მისამართი მხილებული, სადაც სავარაუდო ქოლცენტრი არსებობდა. ეს არის ჭავჭავაძის N30. ამის თაობაზე ჩვენ 2022 წელს ვსაუბრობდით და 2023 წელს, რამდენიმე კვირის წინ, „ვახუშტის ხიდთან“ ბიზნესცენტრ „ატრიუმში“ გავაკეთეთ განცხადება, რომ აქ იყო სავარაუდო ქოლცენტრი. გამოძიებითაც დადასტურდა, რომ აქ იყო, სავარაუდოდ, 3 ქოლცენტრი. გამოძიება მიმდინარეობს, ჩვენ არ ვიცით, ვინ დააკავეს, საჯარო წყაროებით არ არის ცნობილი. რაც დადასტურებულად ვიცით, არის ის, რომ არც ერთი ქოლცენტრის მმართველი, მფარველი ან ოპერატიული ხელმძღვანელი, არავინ დაკავებული არ არის. მათგან არავინ იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ვინც არის ბრალდებული, ყველა გირაოთი არის განთავისუფლებული. ამაზე მეტი დასტური და გონივრული ეჭვის საფუძველი, რომ ამას ხელმძღვანელობენ, მფარველობენ და ამით სარგებლობენ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები, არ არსებობს. დადასტურებული გონივრული ეჭვია, როდესაც ინსტიტუციურად სწორი ორგანო არ იძიებს, როდესაც დაკავებული არავინ არის და თუ ვინმე არის ბრალდებული პირი, არცერთი არ იმყოფება საპატიმრო დაწესებულებაში.
_ რაც შეეხება დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ არსებულ ბრალდებებსა და მის კავშირებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ამაზე რას იტყვით?
_ ყველას ახსოვს „კრებსების სკანდალი“, რითაც დადასტურდა, რომ სასულიერო პირებს, ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს, ყველას უსმენდა და უსმენს სუს-ი. როგორც წარმოგიდგენიათ, რომ ამ ქვეყანაში 10 ათასი ახალგაზრდა იყოს ჩართული ტრანსნაციონალურ დანაშაულში და ამის თაობაზე სუს-მა არ იცოდეს?
აქ არის ისრის გადატანის მცდელობა არა მხოლოდ დავით კეზერაშვილზე, ნებისმიერ სხვა პირზე, რომელსაც ახლა ქოლცენტრებთან კავშირში ასახელებენ. აწყობთ დავით კეზერაშვილზე ისრების გადმოტანა, რადგან ის იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირი. ამ ქვეყანაში, ამ ქალაქში ყველამ იცის, ვინ ხელმძღვანელობს ტრანსნაციონალურ დანაშაულს, _ ესენი არიან ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები.
_ კეზერაშვილის მისამართით მხოლოდ „ქართული ოცნებიდან“ არ იყო ეს ბრალდება, მხედველობაში მაქვს BBჩ-ის მიერ გაჟღერებული ბრალდებები…
_ აბა, ვის მიერ იყო ბრალდება? ქოლცენტრებზე 3 წელია, ვლაპარაკობ და პირველად დამისვეს დავით კეზერაშვილზე შეკითხვა. პირველი სატელევიზიო გამოძიება ჩატარებული აქვს „ნოდარ მელაძის შაბათს“, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნების“ დეპუტატის, კახი კახიშვილის საარჩევნო შტაბი ფინანსდებოდა ქოლცენტრით. მაშინ პრემიერი იყო გიორგი გახარია. ახლა რომ საუბრობს რაღაც გვარებსა და სახელებზე, დავუსვათ შეკითხვა ბატონ გახარიას, _ ფინანსდებოდა თუ არა კახი კახიშვილი და მისი საარჩევნო შტაბი ქოლცენტრებიდან? მადლობა „გუგლს“, რომ იძებნება ყველაფერი და შესაძლებელია გადამოწმება. რაც შეეხება BBჩ-ის მიერ მომზადებულ გადაცემას, ჟურნალისტი, რომელიც ესწრება გამოძიებას, ყვება, რომ ის პირი, რომელზედაც არის საუბარი, წარსულში იყო დავით კეზერაშვილის პარტნიორი და, სავარაუდოდ, კვალი მიდის აქეთკენ. ოღონდ ეს არის ვარაუდი და არა ბრალდება.
_ რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი ფლანგის მიერ გაკეთებულ ბრალდებებს პარტიაში ჩრდილოვან მმართველობასთან დაკავშირებით, ამაზე რას იტყვით?
_ რას ჰქვია, ჩრდილოვანი მმართველობა პარტიაში? ჩრდილოვანი მმართველი არის ბიძინა ივანიშვილი, არაფორმალური მმართველი, რომელსაც აქვს დიდი ფინანსური რესურსები წამოღებული რუსეთიდან და ჰყავს თავისი „ბანკის მთავრობა“, საკუთარი ბანკის მმართველები ჰყავს მთავრობაში. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, მას მართავს პირდაპირი წესით არჩეული თავმჯდომარე, პოლიტიკური საბჭოს ნაწილი არჩეულია და ნაწილის არჩევა მიმდინარეობს. ამომრჩევლები აირჩევენ კანდიდატებს და ეს ადამიანები გახდებიან პოლიტიკური საბჭოს წევრები. პარტიის სამდივნო არსებობს, რომელსაც ჰყავს თავისი აპარატი, ესეც არის პირდაპირი წესით არჩეული ორგანოები. სადაც ასეთი შიდადემოკრატიაა, სადაც ამომრჩეველი ირჩევს ხელმძღვანელ პირებს, იქ ჩრდილოვანი მმართველობა როგორ უნდა იყოს? „ნაციონალური მოძრაობა“ არის პარტია, რომელმაც ხელისუფლება გადააბარა, ყოფილი სახელისუფლებო პარტიაა და პირველად ისტორიაში, ამ პარტიაში მიდის შიდადემოკრატიული პროცესები, პარტია დემოკრატიის ერთგულია და არა ბიძინა ივანიშვილის მართვის სტილის. თუ ამაზე წუხს მავანი, რომ რჩევნები თვითონ ჩაატარეს და დამარცხდა, ეს სხვა საკითხია. პოლიტიკოსისთვის მთავარი არის არჩევნები. როცა ჩაატარებ შენ თვითონ არჩევნებს და წააგებ, მერე აღარ უნდა იწუწუნო. ჩვენ მივედით და გავიმარჯვეთ, არ უნდათ მათ ამაზე შეგუება და ჩვენ რა უნდა ვქნათ? ჩვენ გვებრძვის ბიძინა ივანიშვილი, ჩვენ გვებრძვის „ქართული ოცნება“ და მთავრობა, ამიტომ ნიკა მელიასთვის არ გვცალია, საქმე გვაქვს გასაკეთებელი. დამარცხებულებს არ უყვართ გამარჯვებულები, სამწუხაროდ ასეა.
_ ის აცხადებს, რომ პარტიაში რჩება, როგორ წარმოგიდგენიათ თანამშრომლობის გაგრძელება?
_ ეს მისი ნებაა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ზოგადად, პოლიტიკაში ასეა, რომ დამარცხდები და აღიარებ ამას, მერე ქვები აღარ უნდა ისროლო. მან აირჩია ქვების სროლის პოლიტიკა, ეს ქვებიც არ არის ისეთი მძიმე, რომ დაგვაზიანოს, უფრო კენჭებია. ჩვენი მთავარი ამოცანა არის ამ ქვეყნის დახსნა რუსული მთავრობისგან.
_ როგორ წარმოგიდგენიათ ამ ქვეყნის „რუსული მთავრობისგან დახსნა“?
_ კონკრეტული პრეცედენტია 7-8 მარტის მოვლენები, როდესაც ქართული საზოგადოება, პოლიტიკური ელიტა, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოება დავდექით ერთად და გავიმარჯვეთ. ეს არის მაგალითი, თუ როგორ უნდა დავამარცხოთ რუსული მთავრობა. მართალია, დაწერილი რუსული კანონი უკან გადავაყლაპეთ რუსულ მთავრობას, მაგრამ დაუწერელი რუსული კანონი ისევ ძალაშია, _ ფრენების აღდგენა, ეს ვითომ დამთბარი ურთიერთობები რუსეთთან, ამის მაგალითია. ქვეყანაში, სადაც მცოცავი ოკუპაციაა, სადაც ტერიტორიები მიტაცებულია, ყოველდღიურად ე. წ. საოკუპაციო ხაზიდან ჩვენს თანამოქალაქეებს რუსები იტაცებენ, აქ რუსეთთან ფრენების აღდგენასა და სასიყვარულო ურთიერთობებზე ლაპარაკი ზედმეტია. ამას აკეთებს მხოლოდ ამორალური ხელისუფლება, როგორიც არის „ქართული ოცნება“, რომელიც ბოლომდე ტრანსფორმირდა რუსულ მთავრობად.
_ „ქართული ოცნება“ ამას „ზომიერი“ პოლიტიკით ხსნის და ავრცელებს ნარატივს, თითქოს ამ პოლიტიკით რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება იქნება შესაძლებელი. ამაზე რას იტყვით?
_ ვარდიკო ნადიბაიძეც, შევარდნაძის თავდაცვის მინისტრი, აცხადებდა, რომ რუსების მიერ მიტაცებულ აფხაზეთს რუსეთთან სასიყვარულო ურთიერთობებით დააბრუნებდა. დღეს გვყავს ვარდიკო ნადიბაიძეების კოლექტიური მთავრობა. მთავრობა, რომელიც კოლაბორაციაშია მტერთან, არა მხოლოდ დაკარგავს ტერიტორიების დაბრუნების შანსს, არამედ საფრთხე დაემუქრება ჩვენს სუვერენიტეტსაც. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, რომ ეს არ დავუშვათ.
რუსეთან ფრთხილი პოლიტიკა გულისხმობს, რომ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვიბრძოდეთ მტრის წინააღმდეგ, მათ შორის, დიპლომატიური გზით. როდესაც ჩვენი ქვეყნის რუსულმა მთავრობამ დასავლეთი მტრად გამოაცხადა, როდესაც მთელი მისი რიტორიკა, მისი განცხადებები, მისი დღის წესრიგი არის კრემლთან იდენტური, ეს უკვე აღარ არის ფრთხილი პოლიტიკა, ეს არის ქვეყნის ღალატი.
რეალობა გახლავთ ის, რომ დღეს ჩვენ გვერდით დგას დასავლეთი, ყველაზე დიდი ქრისტიანული სამყარო, ვგულისხმობ ევროპის კავშირს. ევროკავშირი ეძებს ჩვენს რეგიონში პარტნიორებს, რომ ჩვენი სატრანსპორტო დერეფანი იყოს შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი ჩადგა კარში და ცდილობს, ევროპაზე გვათქმევინოს უარი. ის ძალაუფლების შენარჩუნების შესაძლებლობას ხედავს რუსეთში. ანუ მისთვის ყველაზე ხელსაყრელი არის რუსეთის კორუმპირებული მართვის მოდელი.
_ „ქართულმა ოცნებამ“ უკვე ბოლომდე გამოავლინა თავისი რუსული სახე. ამ ფონზე როგორ წარმოგიდგენიათ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მონიჭება?
_ ჩვენი პოლიტიკური პარტია მტკიცედ უჭერს მხარს, რომ საქართველომ ნებისმიერ სიტუაციაში მიიღოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი იმყოფება პატიმრობაში და ის არის პუტინის პატიმარი, ქართველმა ხალხმა არ უნდა დაკარგოს ეს შანსი. სწორედ ასეთი განცხადებები გვესმის ბრიუსელიდან, რომ ქართველი ხალხი ღირსია კანდიდატის სტატუსის.
_ რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საკითხს, რას გეგმავს პარტია? იქნება თუ არა აქციები მესამე პრეზიდენტის განთავისუფლების მოთხოვნით?
_ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ქვეყნის ევროინტეგრაციისა და მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების საკითხი არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მიხეილ სააკაშვილი არის ანტიპუტინისტური მოძრაობის მთავარი ხელმძღვანელი რეგიონში, რომელმაც საქართველოს მოუპოვა შანსი, გამხდარიყო ევროპული ტიპის სახელმწიფო. მიხეილ სააკაშვილი იყო პოლიტიკოსი, რომელმაც მისი ინაუგურაციის დროს საზეიმოდ აღმართა ევროკავშირის დროშა, რომელიც შემდეგ ველურმა პროპუტინისტურმა ძალებმა ჩამოხიეს არაერთხელ. ამიტომ მიხეილ სააკაშვილი არის ევროკავშირის მთავარი მებაირაღე საქართველოსა და რეგიონში. შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობა“ მისი ლიდერისთვის ბრძოლას არ შეწყვეტს, იბრძოლებს ყველა ფრონტზე, ეს იქნება საერთაშორისო თუ ადგილობრივი ტრიბუნა და ქუჩა. ჩვენ ვიბრძოლებთ მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად, მის გადასარჩენად და მისი სიციცხლისთვის. შიდა არჩევნების შემდეგ პარტია იქნება ბევრად გაძლიერებული და დაიწყებს ბრძოლას მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად. ქართულმა საზოგადოებამ ჩვეთან ერთად უნდა იბრძოლოს ამისთვის, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ჩვენ გავათავისუფლებთ საქართველოს რუსეთისგან.