„არც საქართველოს ხელისუფლებას და არც პრეზიდენტს ქართველი ხალხის არ ესმით“
თამარ სანაძე
ფრენები აღდგა, რუსეთმა სავიზო რეჟმი გააუქმა. საქართველოში რუსეთიდან ჩამოფრენილ თვითმფრინავს ქართველი ხალხის პროტესტი მოჰყვა.
პარალელურად, ქორწილის აღსანიშნად ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ოჯახიც „გვეწვია“. ამ ფაქტის გასაპროტესტებლად გამოსულ მოქალაქეებს „ქართულმა ოცნებამ“ პოლიცია დაუპირისპირა. ხალხის პროტესტმა „სტუმრები“ აიძულა, ჩვენი ქვეყანა დაეტოვებინათ.
ამ მოვლენების განვითარების კვალდაკვალ მნიშვნელოვანია კიდევ ერთი საკითხი, ევროპარლამენტში პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა.
შესაძლოა, სალომე ზურაბიშვილმა 31 მაისს ევროპარლამენტს სიტყვით ისევ ვერ მიმართოს. ბრიუსელში ამ ვიზიტის შესახებ მთავრობის თანხმობა ჯერ კიდევ არ არის _ მმართველი გუნდის წარმომადგენლები შიშობენ, რომ პრეზიდენტის ვიზიტი და მისი განცხადებები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესს დააზიანებს.
ბოლო დღეებში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „ტრიბუნის“ დამფუძნებელი, დავით ჭიჭინაძე:
_ ბატონო დავით, საქართველო მძიმე რეალობის წინაშე დგას. საქართველოს ხელისუფლება უკვე ჯიქურ და დაუფარავად მიგვაქანებს რუსეთისკენ. აღდგა პირდაპირი ავიარეისები ოკუპანტთან. რამდენად შედეგის მომცემი შეიძლება იყოს ფრენებთან მიმართებით მასობრივი აქციები?
_ სიმართლე რომ ვთქვათ, გაცხადებული იყო, რომ იმ კანონის მიღების შემთხვევაში რეალურად საფრთხე ექმნებოდა ჩვენს სტატუსს და ახლა, ფრენების შემთხვევაში, ასეთი მწვავე განცხადებები არ გაკეთებულა, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორები უკმაყოფილოები არიან, მაგრამ როგორც ასეთი, პირდაპირ და რადიკალურად არ იყო ეს საკითხი დასმული, რომ ვიზების მოხსნა ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ამას ყველა ხვდება, _ ეს რუსეთზეა დამოკიდებული.
უბრალოდ, რა თქმა უნდა, თავად ხელისუფლების მიერ ამის ზარზეიმად და გამარჯვებად აღნიშნვა, ეს არის ყველაზე აღმაშფოთებელი ფაქტი, თორემ რომ არ ყოფილიყო სავიზო რეჟიმის გაუქმება ისე გაფორმებული, რომ თითქოს რაღაც წარმატებული ნაბიჯი იყო ხელისუფლების მხრიდან, არ მგონია, ასეთი გამოხმაურება მოჰყოლოდა ამ ამბავს.
„ქართულმა ოცნებამ“ ამ ფაქტს ძალიან დიდი პოლიტიკური გამარჯვების ფასი მისცა. ხიფათის თვალსაზრისით, სტატუსის მონიჭებისთვის არ მგონია, რომ სტატუსის საკითხი უნდა მიებას ვიზების მოხსნას, _ ეს პუტინის წისქვილზე წყლის დასხმა გამოვა. რადგან მან ვიზები მოხსნა, ამის გამო ქართველი ხალხი არ უნდა დაისაჯოს.
_ ფრენებთან დაკავშირებით პრემიერის განცხადებას შეგახსენებთ: ჩვენამდე ბატონი სააკაშვილი იყო პრეზიდენტი. აგვისტოს ომის შემდეგ ტერიტორიების 20% დავკარგეთ, რუსეთმა ბაზები ააშენა, ამის შემდეგ გამოვიდა წინა ხელისუფლება და ცალმხრივად გააუქმა სავიზო რეჟიმი ისე, რომ არაფერი მოუთხოვია, არც მოლაპარაკებები გამართულა და არაფერი. ანუ ჯერ კიდევ მაშინ გააუქმეს და ჩვენზე რატომ აქვთ პრეტენზიაო? როგორია თქვენი შეფასება?
_ ეს თავის დროზე იყო ძალიან დიდი შეცდომა, თუმცა არ მგონია, რომ მხოლოდ შეცდომა იყო. ეს, გარკვეულწილად, სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაული იყო. უბრალოდ, ყველაზე ცუდი ის არის, რომ ყველაფერს ადარებენ წინა ხელისუფლებას, წარსულს. ჩვენ წარსული არ გვაინტერესებს, ჩვენ გვინდა მომავალი. მომავალში აბსოლუტურად სხვა ხედვაა საჭირო და არა სააკაშვილის გაკეთებული რამე არასწორი გადაწყვეტილებების გამო ქვეყანაში ისევ იმ პოლიტიკის გატარება. მიხეილ სააკაშვილმა ეს გააკეთა, ის გააკეთაო. მიხეილ სააკაშვილმა ძალიან ბევრი რამ გააკეთა ცუდი. გაიმეორონ ყველაფერი მაშინ, როგორ უსამართლოდ კეტავდნენ ხალხს ციხეებში, როგორ უსამართლოდ სჯიდნენ, მაგრამ ხომ ხედავთ, რა შეიცვალა? სასამართლოში ზუსტად იგივე სიტუაცია აქვთ, ყველგან იგივე სიტუაციაა.
გამოდის, რომ 2012 წელს, ხალხს რასაც ჰპირდებოდნენ, რომ ყველაფერი შეიცვლებოდა, არაფერს ცვლიან. სამწუხაროდ, გადასულები არიან ერთ რამეზე, რომ აი, სააკაშვილის დროს ასე იყო, წინა ხელისუფლების დროს ისე იყო. გავიგეთ, ბატონო, ეს ყველაფერი, რა და როგორ იყო სააკაშვილის დროს და ხალხმა გაუშვა ის, აღარ არის ხელისუფლებაში, გაუშვა პოლიტიკიდან და სად არის, ყველა ვხედავთ. ხომ არ შეიძლება, ყველაფერი სააკაშვილსა და მისი მმართველობის პერიოდს ადარო? ცივილიზებულ მსოფლიოს შეედარე, სადაც ადამიანის ღირსება და უფლებები აბსოლუტურად სხვა დონეზეა აყვანილი. ჩვენ ხომ ამას ვლაპარაკობდით 2012 წელს, რომ ისეთი სილამაზე და ისეთი კარგი ქვეყანა იქნება, რომ ევროპელებსაც შეშურდებათო. აი, ბატონო, მივიღეთ. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, რასაც თავად ვერ ათვითცნობიერებენ და ცდილობენ, მაქსიმალურად იმ წარსულით გვაცხოვრონ, რომელიც ყველას თავის დროზე ყელში ჰქონდა ამოსული და ყველას უნდოდა იმის დავიწყება. ამიტომ ვიზების მოხსნა იქნება, ფრენები იქნება თუ რაც იქნება, როდესაც სააკაშვილს იშველიებენ, ეს იმას არ ნიშნავს, რაც მაშინ იყო მანკიერი, დღესაც ზუსტად იგივე გავიმეოროთ.
_ საქართველოში იმყოფებოდა სერგეი ლავროვის შვილი და მისი ოჯახი _ ყველამ ვნახეთ, რაც ხდებოდა ყვარელში: დაპატიმრებების სერია, ოკუპანტების დასაცავად მობილიზებული პოლიცია. ვის იცავს „ქართული ოცნება“?
_ ერთ რამეს ვიტყვი: ლავროვის ოჯახის ჩამოსვლა, ნიკიტა მიხალკოვის ოჯახის ჩამოსვლა ვერ ავირიდეთ. ყველაზე იმპერიული განცხადებებით გამოსვლა ახასიათებდა ნიკიტა მიხალკოვს ანუ ჩვენ ამას ვერ დავუძვერით თავიდან, რაღაცნაირად ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდით რომელიღაცა ოჯახების აქ ქეიფებს. რა ვქნათ, ახლა, ეს ადამიანები დადიან და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში აწყობენ მსგავსს შეკრებებს. სამყარო ასეა მოწყობილი, ადვილია გადაადგილება. ჩვენ ვცდილობთ, რომ რეალური პოლიტიკა რაც არის, იმას გავექცეთ. თურმე, ყველაზე დიდი ტრაგედიაა, რომ ლავროვის ოჯახი ქორწილს ატარებს საქართველოში, მაგრამ ის, რომ ამ მომენტში ჩვენ არაფერს ვაკეთებთ არც ერთი მიმართულებით, რაც ქართველი ხალხის კეთილდღეობაზე იქნება დამყარებული, ამ რეალობას გავურბივართ. ამ ნაწილში ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ დავაპატარაოთ პრობლემა. დამერწმუნეთ, მოსახლეობის 99%-სთვის ქორწილის ამბავი ისე ჩაივლიდა, ვერც გაიგებდა მის არსებობას, დღის წესრიგში საერთოდ არ დადგებოდა ეს საკითხი. ხომ ვხედავთ ყველა? სამწუხაროდ, ქორწილის თემამ გადაფარა რეისების ამბავი. ჩვენ გვახსოვს რეისის შესრულების პირველი დღე, თუ როგორ დახვდნენ ხალხს, ახლა აღარ აქტიურობს ხალხი ისე. პრიორიტეტები თავადვე შეცვალეს. ისეთი რაღაც იკვეთება, რომ ვერ გაიგებ, ამ ე. წ. პოლიტიკოსებს რა უნდათ. ხან ფრენას აპროტესტებენ, ის ადამიანები ამ თვითმფრინავით არ ჩამოსულან, როგორც გაირკვა, მანამდეც აქ ყოფილან. როცა ევროპას ეხებოდა საქმე და საფრთხე ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევასა და ევროპის დაკარგვას ეხებოდა, ადამიანები, მოქალაქეები როგორ რეაგირებდნენ? ამიტომ არის ნაკლები რეაქცია ხალხისგან, ამიტომ ამ მოვლენების შედარება მარტის მოვლენებთან არასწორი და არაადეკვატური მგონია.
_ პრეზიდენტი შესაძლოა, ვერ წავიდეს ბრისუსელში და ვერ გამოვიდეს სიტყვით ევროპარლამენტის სხდომაზე. როგორ ფიქრობთ, ეს რა შედეგის მომტანი შეიძლება გახდეს?
_ საქართველოს პრეზიდენტს თუ სადმე და როგორმე პასუხის გაცემა უნდა ამ ხელისუფლებისთვის და მისი უმსგავსი ქმედებებისთვის, მას შეუძლია აბსოლუტურად სხვანაირად გასცეს პასუხი. გამოუშვას ნიკა გვარამია, რადგან აბსურდული ბრალდებით ზის ის ციხეში და ეს იქნება ძალიან კარგი გალაწუნება ხელისუფლებისთვის. ზოგადად, კარგი იქნება, რომ ასე უმსგავსოდ დაჭერილი ადამიანების შეწყალებაზე გადავიდეს. ის ტექნიკური საკითხები, რაზედაც მახვილდება ყურადღება, ეს არ არის არგუმენტი. თუ უნდა, რომ პრეზიდენტმა საზოგადოებრივი აზრი გაიზიაროს, უნდა იმოქმედოს და არა ისევ და ისევ ორივე მხარისთვის სასარგებლო ქმედებებით იმანიპულიროს. საქართველოს პრეზიდენტს ნამდვილად არაფერი აქვს სათქმელი ევროპარლამენტში. რა უნდა თქვას, იქ რომ ჩავიდეს? ნეგატიური მოვლენების შეფასება ევროპარლამენტში ქვეყანას წარმატებას ვერ მოუტანს. ის რეალური ნაბიჯები, რაც მას ნამდვილად შეუძლია, რომ გადადგას აქ ყოფნით, რა თქმა უნდა, ქვეყანასა და ხალხს წაადგებოდა, მაგრამ ყველა ვხედავთ, რომ პიარისთვის იყენებენ ყველაფერს. შინაარსში არ შედიან, ეს არის სამწუხარო რეალობა.
_ თქვენ გაქვთ მოლოდინი, რომ სალომე ზურაბიშვილი შეიწყალებს ნიკა გვარამიას, მესამე პრეზიდენტს და ამით დასრულდება გარკვეულწილად ის პოლარიზაცია, რაც ახლა არის ქვეყანაში?
_ ვფიქრობ, თუ ოდნავ მაინც თავისი ინსტიტუტის წარმოჩენა უნდა იმის საპასუხოდ, რომ მას არ უშვებენ ბრიუსელში, თუნდაც ნიკა გვარამიას გამოშვება მაინც უნდა იყოს მინიმალური პასუხი. ის აბსურდული ბრალდება, რომლითაც ნიკა გვარამია სასჯელს იხდის, კატასტროფაა. ყოველდღე ვხედავთ დნაშაულს მაგ მიმართულებით, გაცილებით უფრო მძიმეს. ის ადამიანი კერძო სტრუქტურაში იყო, თან დირექტორი და ჩვენ ვხედავთ, როგორ იტაცებენ სახელმწიფოს ქონებას მოხელეები და მათი ოჯახის წევრები. თუ პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ასეთი სტანდარტი შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, მაშინ მოიქცეს ისე, როგორც იქცევა, მაგრამ თუკი ევროპულ სტანდარტსა და ცივილიზაციაზე გესაუბრება, ეს იქ დანაშაული არ არის და ამის გამო ადამიანის პატიმრობაში ყოფნა, პირდაპირი ნიშნით, პოლიტიკურ პატიმრობას ნიშნავს. დემოკრატი პრეზიდენტი ამას უდა ებრძოდეს ყველანაირი მეთოდით. დამერწმუნეთ, მარტო მას კი არ მოუწევდა იქ წასვლა, თავად ის ხალხი მოვიდოდა აქ და გაცილებით უფრო ეფექტიანი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვისაც.
_ პრეზიდენტმა თავის ბრიფინგზე „ქართულ ოცნებას“ უთხრა, რომ არ შეიძლება, ასე აღიზიანებდეთ თქვენს ხალხსო. როგორ ფიქრობთ, რამდენად ესმის ხელისუფლებას ქართველი ხალხის და დგას თუ არა პრეზიდენტი ხალხის გვერდით?
_ ეს ის შემთხვევაა, როდესაც არც ხელისუფლებას და არც პრეზიდენტს არაფერი ესმით. პირდაპირ რომ ვთქვათ, ორივეს ყურები დახშული აქვთ ქართველი ხალხის პრობლემების მიმართ. რეალურად, ჩვენ ვხედავთ, რომ პრეზიდენტიცა და „ქართული ოცნებაც“ რაღაც ფრაგმენტულად იქცევიან _ ისე, როგორც მათ რეიტინგსა და კეთილდღეობას წაადგება. ის, თუ როგორ მოუტანონ სარგებელი ხალხს და რამე გააკეთონ ხალხის საკეთილდღეოდ, ამაზე არანაირად არ ფიქრობენ. გრძელვადიან პერსპექტივაზე საუბარიც არ არის. ისინი არ ფიქრობენ ამაზე. ერთდღიანი პოლიტიკით ცხოვრობენ და ძალიან მოკლევადიანად აზროვნებენ. ამიტომ მათ ქართველი ხალხის არც სატკივარი და არც პრობლემები არ ესმით. ცდილობენ, რომ ყველაფერი პიარად აქციონ. იცით, რა არის ყველაზე ცუდი? პოლიტიკოსი აღარ არის უკვე რეალურად აქტიურ პოლიტიკაში. პოლიტიკოსები აქტივისტებად იქცნენ. პოლიტიკოსი და აქტივისტი ერთმანეთისგან განსხვავდება. პოლიტიკა ცოტა სხვა რამეა. მის განხორციელებას ცოტა სხვა რამე სჭირდება. კარგია აქტივისტობა, მაგრამ ეს მუდმივად, ყველა საკითხთან მიმართებით არ შეიძლება იმიტომ, რომ ყოველთვის შედეგი არ მოაქვს და შემდეგ ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის იმ ცუდი მიზნებისკენ უფრო სტაბილურად. როგორც იტყვიან, ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკან. ხანდახან, როცა ხალხი გამოვა, უკან დაიხევენ, მერე ისევ წინ მიდიან. ეს არის ის რეალობა, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით და ამაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ოპოზიციას _ ეს დაადასტურა ბოლო კენჭისყრამაც. ეს ფსევდოოპოზიციური ერთობაა. იცის „ქართულმა ოცნებამ“, ვისთან აქვს საქმე და იცის, რომ მათთან ყველაფერი გაუვა. არჩევნები „გაუპრავეს“, მოსამართლეებს „უპრავებენ“, ყველაფერს „უპრავებენ“ და რა პრობლემაა?! ჩვენმა საპარლამენტო ოპოზიციამ საკუთარ თავს ხალხის წინაშე განაჩენი გამოუტანა.