შალვა შავგულიძე: „ბიძინა ივანიშვილმა თვითონ მიხედოს რუსეთის წინაშე ვალდებულებებს და ჩვენს ქვეყანას ნუ რევს ამ საქმეში“

ირინა მაკარიძე

რას უკავშირდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბუდაპეშტში გამართულ კონსერვატორების კონფერენციაზე გამოსვლა? რატომ დგამს „ქართული ოცნება“ ერთმანეთზე უფრო რადიკალურ ნაბიჯებს? რა კავშირშია ეს ბიძინა ივანიშვილის ვალდებულებებთან რუსეთის წინაშე? _ ამ და სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება დამოუკიდებელი დეპუტატი, შალვა შავგულიძე:

_ პრემიერის გამოსვლა უნგრეთის კონფერენციაზე არის კიდევ ერთი დასტური, რომ „ქართული ოცნების“ გენერალურ ხაზია, დასავლურ ვექტორს ჩამოაშორის საქართველო და გადაიყვანოს რუსულ გეოპოლიტიკურ ვექტორზე. ეს ვითომ ტრადიციულ ღირებულებებზე ზრუნვა არის რუსული ნარატივი, ეს ყველაფერი არის რუსულ სპეცსამსახურებში დამუშავებული და შემუშავებული მესიჯები, რომლებსაც უნგრეთში ამეორებინებენ ორბანს, საქართველოში, რეალურად, ასრულებინებენ ივანიშვილს, მაგრამ ამის გამხმოვანებლად ახლა გვევლინება პრემიერ-მინისტრი და მისი ჯგუფი. რუსეთი ცდილობს, რაღაც დონეზე მაინც გადაირჩინოს თავი და ის ეძებს დასაყრდენს არა მარტო ირანთან, ჩინეთთან და მსგავსი ტიპის ქვეყნებთან, არამედ ევროპულ სივრცეშიც. ასეთი დასაყრდენია მისთვის ევროკავშირის წევრი ქვეყანა უნგრეთი, ვინაიდან იქ არის ორბანი. საქართველოში რუსეთის ასეთი დასაყრდენია ივანიშვილი. ასე რომ, ეს არ არის არც ღარიბაშვილის შემოქმედება, არც მისი ნააზრევი, არც მისი ნაზრუნავი ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნებაზე, ეს არის ჩვენი მტერი სახელმწიფო რუსეთის იმპერიალისტური ზრახვების შესაბამისი მესიჯბოქსი, რომელსაც კონფერენციები იქნება თუ სხვა სივრცეები, იმეორებენ მისი სატელიტები. გამოსავალი არის ერთადერთი _ პრორუსული ხელისუფლება უნდა მოვიცილოთ. სხვანაირად არ გამოვა, რადგან საქართველოს გეოპოლიტიკური კურსის საჭე ხელში უჭირავს ხელისუფლებას, რომელიც ემსახურება რუსეთს. აქ არ არის იმაზე საუბარი, რომ ვიღაც მემარცხენეა და ვიღაც უფრო მემარჯვენე. არა, აქ არის საუბარი იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილს, ცხადია, აქვს დიდი ვალდებულებები რუსეთის წინაშე და ის არის ამ ვალდებულებების სამსახურში. მას სხვა არჩევანი არ აქვს. ის ემსახურება რუსეთის წინაშე მის ვალდებულებებს. ეს ვალდებულებები ითვალისწინებს, რომ საქართველოც უნდა მოემსახუროს მის ვალდებულებებს რუსეთის წინაშე, ანუ საქართველომ უარი უნდა თქვას ევროკავშირში მის ინტეგრირებაზე და რუსეთის სატელიტად დარჩეს ამიერკავკასიაში. აქედან გამომდინარე, გამოსავალი არის ერთი: თვალი უნდა გავუსწოროთ ამ რეალობას, ვაღიაროთ, რომ დაგვემართა ეს შეცდომა და ხელისუფლებაში მოვიდა ძალა, რომელიც აღმოჩნდა, რომ არის რუსეთის სამსახურში. ამ შეცდომას თავისი საფუძვლები და მიზეზები აქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ ამას თავი გავანებოთ და ვეძებოთ გამოსავალი, რაც არის ამ პოლიტიკური ძალის ხელისუფლებიდან მოცილება. სხვა შემთხვევაში, ჩვენ დასავლურ ვექტორზე ვერ დავბრუნდებით.
_ ღარიბაშვილის რიტორიკასთან თანხვედრაშია თვითმარქვია „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერი ფრიდონ ინჯიას განცხადება პარლამენტში, რომელმაც დააანონსა კანონპროექტის ინიცირება, რითაც შეზღუდავს ლგბტქ პროპაგანდას და კანონად აქცევს ძალადობრივი ჯგუფების მოთხოვნებს. რა საფრთხეებს შეიცავს ეს პროცესი?
_ განცხადებები იმის შესახებ, რომ ასეთი კანონპროექტების ინიცირება მოხდება პარლამენტში, რა თქმა უნდა, არის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის წინააღმდეგ. ეს არის „ქართული ოცნების“ მიერ წახალისებული პოლიტიკური კურსი. იმ შემთხვევაში, თუ რაღაცის თქმას მოერიდება „ქართული ოცნება“, ამას აკეთებს მისი სატელიტი ორგანიზაციები, როგორიცაა „ალტ-ინფო“, ფრიდონ ინჯიას პარტია „უცნობის“ თუ სხვა ორგანიზაციების მეშვეობით.
ჩვენ ვხედავთ საბოტაჟს ხელისუფლების მხრიდან კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით. როგორც კი დღის წესრიგში დგება და რეალური ხდება, რომ შეიძლება მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი, მაშინვე რადიკალურ ნაბიჯებს დგამენ. ამის მიზანია, რომ ევროკავშირმა, უბრალოდ, ვერ შეძლოს ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭება. ასეთი იყო ნიკა გვარამიას დაპატიმრება უშუალოდ იმ დროს, როდესაც საკითხის განხილვამდე ერთი კვირაც არ იყო დარჩენილი. ასეთი იყო ე. წ. აგენტების კანონპროექტის შემოტანა. ამის გაგრძელებაა ღარიბაშვილის ეს დემარში ევროკავშირის წინააღმდეგ და ამ მიზანს ემსახურება ახლა ამ დისკრიმინაციული კანონპროექტის მომზადების შესახებ განცხადების გაკეთება. ეს არის მოკლე ამოცანა, რომ თუ ჩვენ ორბანთან დავსხდებით კონფერენციაზე და ერთმანეთის ქება-დიდებაში ვიქნებით, კანდიდატის სტატუსის მონიჭებას დიდი კითხვის ნიშანი დაესმება. ამის შედეგს ვხედავთ კიდეც, რომ „ევროპელი სოციალისტების“ პოლიტიკური ოჯახიდან „ქართული ოცნების“ გარიცხვაზე დგება საკითხი.
_ როგორ ფიქრობთ, ამის შემდეგაც ევროკავშირში თუ კიდევ იტყვიან, რომ საქართველოს მაინც მივანიჭოთ სტატუსიო, „ოცნება“ უფრო რადიკალურ ქმედებებზე გადავა?
_ უდავოდ. ვთქვათ, ევროკავშირმა სწორი გეოპოლიტიკური ნაბიჯი გადადგა და მიუხედავად „ქართული ოცნების“ ასეთი მცდელობისა, მაინც მოგვანიჭა კანდიდატის სტატუსი. ამით ევროკავშირის წევრი ხომ ვერ ხდები? შემდეგ კიდევ უფრო გააქტიურდება ეს ანტიდასავლური პროპაგანდა და ამ ხელისუფლების მოქმედებებიც, ვინაიდან მიიღებენ ძალიან მკაცრ საყვედურს პუტინისგან და შემდეგ კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით შეეცდება ივანიშვილი პუტინის კარზე, რომ გამოასწოროს ეს „დანაშაული“.
_ წინასწარ ძნელია, ალბათ, პროგნოზირება, მაგრამ რა შეიძლება, მოიმოქმედონ?
_ ყველაფერი. ყველა იმ ღირებულების წინააღმდეგ მიდის „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რაც აუცილებელია ჰქონდეს საზოგადოებას, რომ მისი ინტეგრირება მოხდეს ცივილიზაციაში და კონკრეტულად, ევროკავშირში: მედიის დამოუკიდებლობა, სამართლის უზენაესობა, დემოკრატიის ხარისხის გარკვეული სტანდარტის აუცილებლობა და ა. შ., ყველა ამ ღირებულების წინააღმდეგ მიდის „ქართული ოცნება“ და ცდილობს, „ტრადიციული“ ღირებულებების სამსახურით შეფუთონ ეს. უნდათ, ასე მოატყუონ ქართველი ხალხი და ქართული საზოგადოება, თითქოს ამით ზრუნავენ ქართულ ტრადიციებზე, ოჯახზე, ჩვენი შვილების მომავალზე, მაგრამ ეს ყველაფერი არის ტყუილი. მტერთან თანამშრომლობასა და მტრის ინტერესების გატარებებაზე უფრო თვალსაჩინო რა უნდა იყოს? რით უნდა შეფუთონ სამშობლოს ღალატი, _ ტრადიციების შენარჩუნებაზე ზრუნვით? ქართული საზოგადოება არ არის ასეთი ბრმა და უგუნური, რომ ასეთი თავხედური ტყუილი მიიღოს ხელისუფლებისგან.
მტერს ეთანამშრომლება, მტრის ინტერესს ატარებს _ ხდება ასეთი რამ, ისტორიას ასეთი ბევრი უნახავს. ამის ნათელი მაგალითი იყო საფრანგეთში „ვიშის მთავრობა“, რომელმაც ითანამშრომლა ფაშისტურ გერმანიასთან და რომელმაც დე გოლს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა. რამდენიმე წლის შემდეგ სიკვდილმისჯილი დე გოლი გამარჯვებული შევიდა საფრანგეთში და პარიზი ფეხზე დამდგარი შეეგება. ის დარჩა ეროვნულ გმირად, ხოლო „ვიშის მთავრობას“, ნაწილს, მართლა გამოუტანეს სიკვდილის განაჩენი, ნაწილი შეიწყალეს და სამუდამო პატიმრობით შეუცვალეს. ასე რომ, სამშობლოს ღალატი ასე ადვილად არ ჩაივლის.
_ ჩვენ ვნახეთ ხალხის რეაქცია ე. წ. აგენტების კანონთან დაკავშირებით. როგორ წარმოგიდგენიათ, ამჯერად შეძლებენ მორიგი რუსული კანონპროექტის გატანას?
_ მცდელობები ექნებათ. თუ დაინახავენ, რომ შანსი აქვთ გატანის, შესაბამის ნაბიჯსაც გადადგამენ. თუ წინააღმდეგობა შეხვდათ, შეიძლება, უკან დაიხიონ. ბიძინა ივანიშვილის ხასიათიდან გამომდინარე, ასე მოქმედებს დღეს „ქართული ოცნება“. ჩვენ გვახსოვს სულ ცოტა ხნის წინათ უკრაინაში მებრძოლ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოს ინტერესებს იცავენ უკრაინაში და ჩვენი ქვეყნის მტრის წინააღმდეგ იბრძვიან, როგორ მოუსინჯეს კბილი, რომ საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთმიათ. მერე მიხვდნენ, რომ ეს ძალიან არაპოპულარული ნაბიჯი იქნებოდა და დროებით გადადეს თემა. ვიმეორებ: ყველაფერი არის დამოკიდებული ერთი კაცის გადაწყვეტილებაზე. ამ ერთ კაცს აქვს ვალდებულებები რუსეთის წინაშე, ის არის ამ ვალდებულებების სამსახურში, ის რეალური საფრთხის წინაშე დგას, რადგან თავის დროზე ცუდ ფულს მოჰკიდა ხელი და ეს ვალდებულებები გამოჰყვა ამ ფულს. ვინც შემდეგ არ ემსახურება ამ ვალდებულებს, ან ოდნავ ეჭვს ქმნის, ბიძინა ივანიშვილზე უფრო მეტი ფულის მქონე ოლიგარქები „თვითმკვლელობით“ ასრულებენ სიცოცხლეს. ყველამ იცის, რომ ეს თვითმკვლელობები არ იყო. ორ თვეში 12 მილიარდერი (მერე კიდევ გაიზარდა ეს რიცხვი) თავს არ მოიკლავდა და თან ისე, რომ ყველა მათგანმა ჯერ საკუთარი ოჯახის წევრები დახოცა. ეს იყო სპეცსამსახურების მეშვეობით დასჯა იმ ადამიანებისა, რომლებმაც ერთგულება არ დაუდასტურტეს და არ დაუმტკიცეს ამ ბოროტ რეჟიმს. ხედავს ამას ივანიშვილი და არის ამ ვალდებულებების სამსახურში, მაგრამ მოდი, თვითონ მიხედოს და ჩვენს ქვეყანას ნუ სთხოვს ამ ვალდებულებების გადახდას, ადგეს და თვითონ გაისტუმროს, თუ რამე ვალი აქვს რუსეთის წინაშე.
_ ანუ ქვეყანა მძევლად არის აყვანილი?
_ დიახ, ეს ადამიანი თავს უფლებას აძლევს, რომ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს საზოგადოებას, რომელსაც ამხელა ფასი აქვს გადახდილი, თუნდაც ამ ბოლო 30 წლის განმავლობაში, ორი ომი, ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში, ორი დროებით დაკარგული ტერიტორია, ასეთი დიდი ადამიანური მსხვერპლი, ინსპირირებული სამოქალაქო დაპირისპირება, ამდენი დევნილი საკუთარ ქვეყანაში _ ასეთი ფასი აქვს ქვეყანას გადახდილი იმისთვის, რომ ამ რუსულ, უპერსპექტივო გეოპოლიტიკურ სივრცეს მოვწყდეთ და დასავლური ცივილიზაციის სრულფასოვანი წევრი გავხდეთ და ეს ადამიანი თავს უფლებას აძლევს და ასეთ მსხვერპლგადახდილ და ასეთი ტკივილის გადამტან ხალხს ეუბნება, რომ ეს ყველაფერი წყალში გადაყარეთ და ახლა ჩემი ვალდებულებების სამსახურში ჩადექითო _ მე ასეთ შემთხვევაში დავრჩები ბედნიერი ამ ჩემს მილიარდებთან ერთად, რომელიც წამოვიღე. ამის უფლებას თავს ვერ უნდა აძლევდე კაცი, მაგრამ აძლევს ამის უფლებას თავს და ამ ერთი კაცის სამსახურში თუ ჩავდგებით მთელი ქვეყანა, მაშინ ბიჭიც ეგ ყოფილა და არავინ ვარგებულა ამ ქვეყანაში. მაგრამ ასე არ მოხდება, რა თქმა უნდა.
_ ვხედავთ, რომ არიან მის სამსახურში ჩამდგარი ადამიანები… რას იტყვით „ქართული ოცნებისა“ და მისი პროპაგანდის შესახებ „მეორე ფრონტისა“ და ბიძინა ივანიშვილზე „ზეწოლების“ თემაზე?
_ რომელ „ქართულ ოცნებაზეა“ ლაპარაკი? დღეს ვინც „ქართულ ოცნებაშია“, რომელიმე იყო „ქართულ ოცნებაში“ 2012 წელს, როდესაც მართლა საბრძოლი იყო? ესენი არიან ადამიანები, რომლებიც გამარჯვებულ ხელისუფლებას მიეტმასნენ კონკრეტული, საკუთარი ხეირის მისაღებად. ეს „ქართული ოცნება“, რომელსაც არ აქვს არანაირი პოლიტიკური იდეოლოგია, შარშანდელი თოვლივით გაქრება. ის ეყრდნობა მხოლოდ პოლიციურ რეჟიმს, მაგრამ ასეთი რეჟიმით საბჭოთა კავშირმა ვერ შეინარჩუნა თავი და აგერ პუტინიც ვერ ინარჩუნებს. ეს არის კვაზიპუტინისტური წარმონაქმნის შექმნის მცდელობა, რომელსაც ქართული საზოგადოება და ქართველი ხალხი დიდხანს არ მოითმენს. უბრალოდ, კარგად უნდა დაინახოს ხალხმა, რას აკადრებს ეს კაცი მას, როგორ ეუბნება მას _ იცით, რა, თქვენი ძმები, მეგობრები, თანამოქალაქეები კი დაიღუპნენ რუსეთის პროვოცირებულ ომებში, მაგრამ რა ვქნა, ჩემს საქმეს ასე სჭირდება, დაივიწყეთ ეს ყველაფერი და დაბრუნდით უკან რუსეთის სამსახურში. ამას ვინმე მოითმენს?
რა თქმა უნდა, პროპაგანდა მუშაობს, რა თქმა უნდა, რუსეთი მუშაობს, რომელიც ეხმარება მათ ყველაფრით. ეს მესიჯები, „მეორე ფრონტი“ და სხვა, არცერთი მათგანი, მათ თავში არ არის მოფიქრებული. იმავეს იმეორებს ორბანი უნგრეთში. ეს არის რუსეთის სპეცსამსახურებში, იმპერიალიზმის გასამყარებელ ინსტიტუტებში მოგონილი მესიჯბოქსები და პროექტები, რომლებსაც მეტ-ნაკლები წარმატებით ახორციელებენ მათი სატელიტი, ზოგან _ პირები, ზოგან _ ხელისუფლებები. ამიტომ სხვაგან დასაყრდენი ვერ ნახა ღარიბაშვილმა, ორბანის გარდა. იდგნენ და ერთმანეთს სადღეგრძელოებს ეუბნებოდნენ.
_ ორბანმა ასევე განაცხადა, რომ ღარიბაშვილისგან უნდა ისწავლონ, რუსეთის ჩრდილქვეშ როგორ უნდა იცხოვროს პატარა ქვეყანამ, რომ თავისი ღირებულებები შეინარჩუნოსო. რას იტყვით ამ განცხადებაზე?
_ შეურაცხმყოფელი განცხადებაა, მტრის ჩრდილქვეშ ბედნიერად როგორ უნდა ვიცხოვროთ?! მტრის ჩრდილქვეშ კარგად იცხოვრებს მოღალატე. პატრიოტი და, უბრალოდ, თავმოყვარე ადამიანი ვერ იცხოვრებს მტრის ჩრდილქვეშ. ის თუ აღარ იქნება მტერი და წავა აქედან, მერე შეიძლება საუბარი ურთიერთობების გადახედვაზე.
ყველა ის ქვეყანა, რომელიც მყარად დაუდგა რუსეთს, არის ძალიან კარგად, ძალიან ბევრს ებაქიბუქებოდა თავის დროზე ფინეთსაც, ბალტიისპირეთსაც, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსაც, მაგრამ ევროკავშირის წევრებიც არიან და ნატოსიც. ფინეთი და შვედეთი, ეს ტრადიციულად ნეიტრალური ქვეყნები, ახლა ხდებიან ნატოს წევრები და ბუზს ვერ უფრენს რუსეთი. რატომ? იქ უფრო დიდი ძალაა, ვიდრე მას აქვს და ეს კარგად იცის თავადაც. ჩვენც დროზე უნდა ამოვეფაროთ ამ ძლიერ ძალას, სადაც არის დემოკრატია და ეკონომიკური კეთილდღეობა, არის პროგრესი და განვითარების შესაძლებლობა, თან გაცილებით დიდი გარანტია სამხედრო ძალის, რომ დაცული ვიქნებით. ეს არის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება, ჩვენი ერთადეთი გადარჩენა ეს არის.
რუსეთის ჩრდილში ყოფნა რა არის? ცხვარი მივაბაროთ მგელს? მწყემსად ავირჩიოთ მგელი, რომელმაც შეგვჭამა, პერიოდულად ხან აფხაზეთს ჩამოგვათლის, ხან ცხინვალის რეგიონს?
_ თქვენ თქვით, რომ აუცილებელია ხელისუფლების შეცვლა და ეს ცხადია, ოპოზიციის გასაკეთებელია. NDI-ისა და IღI-ის კვლევებს თუ გადავხედავთ, სახარბიელო მდგომარეობა არც ოპოზიციას აქვს. რას იტყვით ამ კვლევების შედეგების შესახებ?
_ ორი გენერალური ხაზი იკვეთება ამ კვლევების შედეგად: ერთი, რომ ხელისუფლება ინტენსიურად კარგავს დასაყრდენს ამომრჩეველში, მისი რეიტინგი სულ უფრო მცირდება. და მეორე, _ საზოგადოებისთვის არ არის მაინცდამაინც მისაღები ძველი ხელისუფლების დაბრუნებაც. დღეს რადგან ორი პოლუსი მოქმედებს, ამიტომ ეს „გადაუწყვეტელი“ ამომრჩეველი არცერთს არ უცხადებს მხარდაჭერას. ორივე ძალის რეიტინგი კლებადია და საზოგადოება ითხოვს ახალ ძალას.
_ ეს ოპოზიციას რა ამოცანას უსახავს?
_ ოპოზიციის ამოცანაა, დაანახოს საზოგადოებას, რომ „ქართული ოცნების“ დამარცხება არ ნიშნავს იმ ცუდი მოვლენების, ძალადობის აღდგენას, რასაც ადგილი ჰქონდა წინა ხელისუფლების დროს. წინა ხელისუფლების დროს ბევრი დადებითიც კეთდებოდა. მთავარი ის იყო, რომ რუსეთისკენ ნამდვილად არ მივდიოდით. თუმცა ბევრი დააშავეს კიდეც…
_ გაერთიანების თვალსაზრისით, რის შესაძლებლობას აძლევს ოპოზიციას საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც მხოლოდ ერთი მოსმენითაა მიღებული?
_ რაც არ უნდა „ქართულ ოცნებას“, ვერ მიიღებ. უბრალოდ, ხმები არ ეყოფა ოპოზიციას. „ქართული ოცნება“ რაზე წამოვა და რაზე _ არა, წინასწარ ძნელი სათქმელია. ბარიერის დაწევა იქნებოდა სასურველი, რა თქმა უნდა, ბლოკების აკრძალვა არ არის სამართლიანი. ეს ყველაფერი ისევ ორი პოლუსის შენარჩუნებას ემსახურება _ ორი შედარებით დიდი ძალა გაინაწილებს ხელისუფლებას. რა თქმა უნდა, აქედან გამოსავალია საპოვნი. „მესამე ძალა“ შეიქმნება ბუნებრივად, თუ საზოგადოება დაინახავს, რომ ამ ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არ გაიმეორებს იმ შეცდომებს, რაც დაუშვა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და არ დაადგება იმ ძალადობის გზას. მეორე: თუ ოპოზიციაში დაინახავს ძალას და იმის უნარს, რომ არჩევნებში დაამარცხოს სახელისუფლებო ძალა. ამას, რა თქმა უნდა, გარკვეული ერთიანობა სჭირდება. ვფიქრობ, შესაძლებელი იქნება არჩევნებამდე ისეთი კოალიციის გამოკვეთა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს დასავლეთში ინტეგრაციას. ქართულ პოლიტიკურ სპექტრში თანდათან გამოიკვეთება ასეთი ძალა, ეს მოხდება გარკვეული ძალების გაერთიანებითაც და სხვა სახის კოორდინაციით.
_ რას ფიქრობთ მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას საკითხის შესახებ? იყო რეზოლუციები, კეთდება განცხადებები ამ საკითხებთან დაკავშირებით, თქვენი პოზიცია როგორია?
_ ნიკა გვარამიას რაც შეეხება, აქ პასუხი ცალსახაა. იურისტი გახლავართ და მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ის ქმედება, რისთვისაც ნიკა გვარამია საპატიმრო სასჯელს იხდის, არ არის დანაშაული, არ არის სისხლის სამართლის განსჯადობის ქმედება. ამას ამბობს ყველა, ვინც გაეცნო ამ საქმეს. აქედან გამომდინარე, ის, რა თქმა უნდა, არის პოლიტიკური პატიმარი და უნდა განთავისუფლდეს, ეს იქნება შეწყალებით თუ სხვა ფორმით.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ჩემს გაკვირვებას იწვევს, რომ ამდენ ხანს არ გამოიყენეს ევროპული სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლი დროებითი ღონისძიების შესახებ. რატომ არ მიმართეს ამდენი ხნის მანძილზე ევროპულ სასამართლოს? ახლა მიმართეს, თუმცა ცოტა გვიანია ეს მიმართვა, რადგან უკვე არსებობს ორი ინსტანციის განაჩენი. ამ განაჩენებამდე, როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დონეზე გაუარესდა, უნდა მიემართათ ევროპული სასამართლოსთვის. ჩვენ ამის პრეცედენტი გვაქვს ქართულ სამართალწარმოებაშიც. მე ჩემს კოლეგა სოსო ბარათაშვილთან ერთად სულხან მოლაშვილის საქმეზე მივმართე ევროპის სასამართლოს დროებითი ღონისძიებისთვის. ევროპულმა სასამართლომ სულ ერთ კვირაში გამოიტანა გადაწყვეტილება, დაეკისრა სახელმწიფოს, რომ გაყვანილი ყოფილიყო სულხან მოლაშვილი სპეციალიზირებულ კლინიკაში, მკურნალობის ხარჯები (ჩ ჰეპატიტის) მთლიანად სახელმწიფოს დაევალა. როცა არის ამის პრეცედენტი, რატომ არ იყო ეს გამოყენებული თავის დროზე? ამისთვის საჭირო გახლდათ კვალიფიციური ექსპერტიზის დასკვნა და დროული მიმართვა.
_ მართლმსაჯულების საკითხზე საპარლამენტო კომისიის შექმნის თაობაზე რას იტყვით?
_ საგამოძიებო კომისიის შექმნა ეს არის კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლება, თუ 50 დეპუტატი დააყენებს საკითხს, მას აქვს ამის უფლება. ხელოვნურად, პროცედურული ხრიკებით ხელის შეშლა არის ანტიკონსტიტუციური მოქმედება „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან. გვაქვს ეს რეალობა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ახდენს საპარლამენტო საქმიანობის პარალიზებას იმისთვის, რომ ეს კომისია არ შეიქმნას.
_ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პირიქით, ოპოზიციას დაგდოთ ბრალი რეგლამენტის არცოდნაში და აღნიშნა, რომ ოპოზიციამ არ მოითხოვა საგამოძიებო კომისიის საკითხის დღის წესრიგში განმეორებით შეტანა. ამაზე რას იტყვით?
_ ეს არის სწორედ „ოცნების“ ხრიკები, რაზედაც ვსაუბრობთ. რეგლამენტის საწინააღმდეგოდ საკითხი დღის წესრიგიდან ამოიღეს, ახლა გეუბნებიან, რომ მოითხოვეთ და ჩავსვამთო. ამოღებაა უკანონობა, ჩვენ თუ მოვითხოვთ, მოდით, შევიტანოთო, ნიშნავს, რომ ვაღიარებთ, _ მათ კანონიერად ამოიღეს. მერე იტყვიან, ვუყაროთ კენჭი. ბიუროზე უმრავლესობა არის „ქართული ოცნების“ და არ შეიტანენ. ამით ექცევი უკვე მათ პროცედურაში, როდესაც შეჰყვები ამ თამაშში. შწორია, რომ ასე არ აყენებს ოპოზიცია საკითხს.
_ აპირებთ თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას?
_ ეს არის სწორი გზა და სწორი ხაზი. ჩემი აზრით, ალბათ, რეალურად ეს არის გამოსაყენებელი უკვე. რომ გითხრათ, საკონსტიტუციო სასამართლოს დიდი იმედი გვაქვს ან სწარაფად განიხილავენ-მეთქი, ამასაც ვერ ვიტყვი, რადგან ძალიან ცუდი მაგალითები გვაქვს. როგორც სხვა სასამართლოებს, საკონსტიტუციო სასამრათლოსაც აკონტროლებს „ქართული ოცნება“. ასეთი მაგალითიც გვაქვს: ცნობილ „კაბელების საქმეზე“ სასამართლო გავიდა გადაწყვეტილების მისაღებად, უკვე აღარ მახსოვს, რამდენი წლის წინ და გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუცხადებია…
_ ეს უკავშირდებოდა თქვენი პარტიის, „თავისუფალი დემოკრატების“ წინააღმდეგ ბრძოლას. ფაქტია, რომ ეს ივანიშვილს გამოუვიდა. კიდევ რა ზეწოლები იყო გარდა იმისა, რაც გარედან ჩანდა?
_ ამის მიზანი იყო, რომ დასავლური პოლიტიკური ძალები დაშლილიყვნენ და განადგურებულიყვნენ. ივანიშვილმა პოლიტიკაში შემოსვლისას ფარად აიფარა „თავისუფალი დემოკრატები“ და „რესპუბლიკელები“, ვინაიდან ეს აშკარა პროდასავლური პარტიები იყო, ხოლო რუსული დროშით გაუჭირდებოდა ხელისუფლებაში მოსვლა. შემდეგ, პირველ რიგში, ამ პარტიებს დაარტყა. სამწუხაროდ, დღეს „თავისუფალი დემოკრატებიდან“ ბევრი რუსული ინტერესის სამსახურში ჩადგა.
_ „ქართულ ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი, მაია მენაღარიშვილი, ტოვებს პარლამეტს და არა, ვთქვათ, პარტიას. რა აიძულებთ მათ ასეთი გადაწყვეტილების მიღებას?
_ რეალური პროტესტის გამოხატვა სხვანაირად ხდება, მეც დავტოვე „ქართული ოცნება“ 2014 წელს. მგონი, პირველი ადამიანი ვიყავი, ვინც „ქართული ოცნება“ დატოვა. ის ორი წელი საკმარისი იყო იმაში დასარწმუნებლად, რომ „ქართული ოცნება“ არ იდგა დასავლეთში ინტეგრირების გზაზე. რამდენადაც შემეძლ ვიბრძოდი პარტის შიგნით, ვოპონირებდი, მაგრამ უშედეგოდ, ამიტომ გავედი პარტიიდან, მაგრამ არა პარლამენტიდან და იმის საშუალება არ მივეცი, რომ ჩემ ნაცვლად სხვა, მორჩილი წევრი შემოეყვანათ. გადავედი ოპოზიციაში, ეს ნიშნავს ოპონირებას და არა ის, რომ შენ პარლამენტს ტოვებ. სხვაგან დაგასაქმებენ მაღალანაზღაურებად ადგილზე და შენ ნაცვლად ახალი წევრით შეავსებენ უმრავლესობას. ეს მაინცდამაინც პროტესტის გამოხატვა არ არის. ვისზე რა ზეწოლას ახდენენ, ამაზე ვარაუდებს ვერ გამოვთქვამ, არც არავის გაუგია აქამდე ამ ადამიანებისგან ოპონირება…
მაინც იმედი მაქვს, რომ ქართული საზოგადოება საკუთარი ქვეყნისა და საკუთარი შვილების მომავალს არ ანაცვალებს ბიძინა ივანიშვილის ვალდებულებებსა და ინტერესებს. ჩვენ ვიზრუნებთ ჩვენს ქვეყანასა და ჩვენი შვილების მომავალზე და არა იმაზე, რომ პუტინი არ გაუბრაზდეს ბიძინა ივანიშვილს, არ დასაჯოს და უკან არ წაართვას ის ფულები. ეს მისი პრობლემა იყოს, აიღო ვალდებულებები და ამ ქვეყანას ნუ სთხოვს მის გასტუმრებას. რუსული ჭაობიდან გამოსვლაში ჩვენ დიდი ფასი გვაქვს გადახდილი და ამას წყალში ვერ გადავყრით, რომ მის ვალდებულებებს მოვემსახუროთ მთელი ქვეყანა.