იმდენად ვართ რუსეთში, რამდენადაც ჩვენი ყოველდღიური საკვები რუსულია…
მაკა მოსიაშვილი
პური… გგონიათ, ქართული ან უკრაინული ხორბლის ფქვილით გამომცხვარ პურს მიირთმევთ?..
არც დაიჯეროთ!..
ქართული ხორბალი საქართველოში ლპება, უკრაინული ხორბალი _ უკრაინაში… რუსული ფქვილი კი, ფქვილი და არა ხორბალი, სულ რიხინ-რიხინით შემოდის ჩვენს ქვეყანაში.
ყველდღე პურს რომ ვყიდულობთ, ამით ფულს ვუხდით რუს მკვლელ ჯარისკაცებს, რომლებმაც ბოლო 1 წლის მანძილზე ათასობით უკრაინელი ბავშვი და ქალი დახოცეს…
მათი პურიც აღარ უნდა ვჭამოთ…
მაშ, ასე! გავეცნოთ რუსულ-ქართული ხორბლის ქრონიკებს _ რატომ ვჭამთ რუსულ პურს?
საქსტატის მონაცემებით, 2014 წელს საქართველომ ექსპორტზე გაიტანა ყველაზე მეტი _ 2.3 მლნ. აშშ დოლარის 7775 ტონა ხორბალი, რომელიც სრულად სომხეთში გაყიდა. 2015 და 2017 წლებში ექსპორტი არ განხორციელებულა, 2016 წელს კი საქართველომ 70.2 ათასი აშშ დოლარის 74 ტონა ხორბალი აზერბაიჯანში გაყიდა. 2018 წელს 10.1 ათასი აშშ დოლარის 51.5 ტონა პროდუქტი სომხეთში გაყიდა, მინიმალური ოდენობა, 0.90 ტონა კი, _ გერმანიაში. 2019 წელს 167.3 ათასი აშშ დოლარის 698 ტონა ადგილობრივი ხორბალი აზერბაიჯანში გაიყიდა. 2020 წელს კი ექსპორტი ასევე არ განხორციელებულა.
რაც შეეხება 2020 წელს, ექსპორტი საერთოდ არ განხორციელებულა. 2021 წელს, აკრძალვის დაწესებამდე, საქართველომ 324.9 ათასი აშშ დოლარის 1316 ტონა ხორბალი სომხეთში გაყიდა, 10.8 ათასი აშშ დოლარის 40 ტონა ხორბალი კი _ უკრაინაში.
ცნობისთვის: წლის განმავლობაში საქართველო 700-800 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. აქედან მხოლოდ 10-15%-ია ადგილობრივი წარმოების, თუმცა ხელისუფლება უახლოეს წლებში ამ მაჩვენებლის 50%-მდე გაზრდას გეგმავს.
მარცვლეულის იმპორტის 70% რუსეთზე მოდის. დანარჩენი ქვეყანას ყაზახეთიდან, უკრაინიდან და აშშ-დან შემოაქვს. თუმცა რუსეთის ზემოთ აღნიშნული რეგულაციის გამო ხორბლის იმპორტი თითქმის სრულად ჩაანაცვლა ფქვილმა.
კახეთის რეგიონში მცხოვრები ფერმერები, რომლებიც მარცვლეული კულტურის მოყვანით არიან დაკავებულები, ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.
აღნიშნული მოთხოვნით, 200-ზე მეტი ადამიანი თბილისი-ბაკურციხის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე სოფელ ჩალაუბანთან შეიკრიბა და მოსავლის რეალიზაციის პრობლემა გააპროტესტა.
მათი განმარტებით, ასეულობით ტონა ხორბალი და ქერი დასაწყობებული აქვთ და ვერ ყიდიან იმ ფონზე, როცა საქართველოს ეს მარცვლეული უცხო ქვეყნებიდან შემოაქვს.
„ომი რომ დაიწყო, დავთესეთ მარცვლეული და დიდი რაოდენობით მოსავალი მივიღეთ, მაგრამ მაშინ, როცა საექსპორტოდ გავამზადეთ და ირანში გასატანად, ექსპორტი აიკრძალა. ასეულობით ტონა გვაქვს საწყობში. 40 თეთრს გვიხდიან კილოგრამში ან მაგასაც არა. ეს ფასი ხარჯებსაც ვერ ანაზღაურებს. ბანკის ვალები გვაქვს, უკვე გადახდა გვიწევს, მაგრამ ვერ ვიხდით. ერთ თვეში ახალი მოსავალი მოვა და სად უნდა წავიღოთ, თუ ამას ვერ გავყიდით?! ვითხოვთ, მოგვაქციონ ყურადღება“, – ამბობენ აქციის მონაწილეები.
ფერმერები ასევე მოითხოვენ, რომ ქვეყანაში პრიორიტეტი ადგილობრივი წარმოების ხორბალი და მისი რეალიზაცია იყოს.
_ მაქვს 500 ტონა ხორბალი მოყვანილი, მიყრია და ვერ ვყიდი. თბილისში, სადაც ადრე იბარებდნენ, 55 თეთრს აღარ იხდიან კილოგრამზე. იმის გამო, რომ რუსეთიდან შემოდის ბევრი ფქვილი და ხორბალი, უფრო დაბალ ფასად იყიდება. 2022 წლის მოსავალი ვერ გავყიდე და ახალს რომ მივიღებთ, სად უნდა დავასაწყობო, არ ვიცი. თუ რამე არ გვეშველა, გადასაყრელი გხდება, _ აღნიშნავს ერთ-ერთი ფერმერი.
ამ პრობლემის წინაშე კახეთის რეგიონში მცხოვრები სხვა ფერმერებიც დგაგან. მათი განმარტებით, ასე თუ გაგრძელდა, ხორბლის მოყვანას აზრი აღარ ექნება და ისინი მიწის დამუშავებას თავს დაანებებენ:
„წლებია, მომყავს ხორბალი, ასევე მაქვს სასაწყობე მეურნეობა. ახლა მაქვს 600 ტონა ხორბალი, რომელსაც რეალიზაციას ვერ ვუკეთებ. თუ იგივე სიტუაცია იქნება, ხორბლის მოყვანას აზრი აღარ ექნება, ადგილები აბალახდება ისევ ან ინდოელებზე გაიყიდება. სხვებიც ასეთ მდგომარეობაში არიან“.
მოსავლის რეალიზაციის პრობლემა აქვთ ლაგოდეხსა და დედოფლისწყაროში მცხოვრებ სხვა ფერმერებსაც:
„გვაქვს მოსავლიანი მიწები, გადავწყვიტეთ აგვეშენებინა საწყობები, რაშიც დაგვეხმარა სახელმწიფო და მადლობის მეტი რა გვეთქმის, მაგრამ ახლა ცუდ სიტუაციაში ვართ. მოვიყვანეთ ხორბალი, ბევრი ვიშრომეთ და გასაყიდი ფასი დაბალია, კოლოგრამი 65 თეთრამდე ღირს. დახმარება გვესაჭიროება და იმედია, ვინმე დაგვეხმარება“.
„მარცვალი მომყავს, ქერი, ხორბალი და მაქვს სასაწყობე მეურნეობა. 2022 წლის მოსავალი გასაყიდია. წინა წლებში ამ დროს მოსავალი უკვე გაყიდული მქონდა ხოლმე. წელს ისეთ ფასებს გვთავაზობენ, რომ ხარჯებსაც ვერ დავფარავთ. ნაწილი მარცვალი მე შევიძინე ნათესავებისგან, მათაც დავეხმარე და რეალიზაციის პრობლემა შემექმნა. ამ დროისთვის საწყობში ქერი მიყრია და ზიანდება. როდის გაიყიდება და რას შემომთავაზებენ, არ ვიცი. იმდენად მაინც ხომ უნდა გავყიდოთ, რომ ხარჯები ავანაზღაუროთ. ასე თუ გაგრძელდა, გლეხს აღარ ექნება სურვილი, რამე დათესოს და მოიყვანოს. მით უმეტეს, ყველაფერი გაძვირდა _ მუშახელი, აგროქიმიკატები, მიწის მოვლა-დამუშავება. გვერდში დგომა გვინდა, რომ სტიმული არ დაიკარგოს ხალხში“.
კახეთში მცხოვრები ფერმერების აზრით, პრობლემის ერთ-ერთი მიზეზი ბაზარზე არსებული ფასია. ფერმერები განმარტავენ, რომ რუსეთიდან დიდი რაოდენობით ფქვილი და ხორბალი შემოდის, რომელიც შედარებით იაფია.
აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მოთხოვნების შესასრულებლად ვადას 10 მაისამდე აძლევენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მასშტაბურ აქციებს აანონსებენ.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში აქციის მონაწილეებს სიტყვიერად უპასუხეს და განმარტეს, რომ უწყება აგრძელებს მეხორბლე ფერმერებთან კომუნიკაციას. ამ საკითხზე მხარდაჭერა უკვე შეთავაზებულია. ამასთან, უწყებაში აღნიშნავენ, რომ პურის ფასი არ უნდა გაიზარდოს.
მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკოლოზ ბენიაიძე აცხადებს, გაჩერებული წისქვილკომბინატები ადგილობრივ ნედლეულს ვერ იბარებენ, რაც ფერმერების საქმიანობასაც აფერხებს. მისი თქმით, ზუსტ რიცხვებზე საუბარი რთულია, თუმცა მათი გათვლებით რეალიზაციის პრობლემა 30-40 ათას ტონა ხორბალს აქვს:
„პრობლემები გამომდინარეობს იქიდან, რომ ქვეყანაში ფქვილი შემოდის რუსეთიდან და რუსეთი თავად ამუშავებს საკუთარ წისქვილკომბინატებს. ხორბალზე მოსაკრებელი დააწესა, რომელიც არ ვრცელდება ფქვილზე. უკონკურენტო გახდა ფქვილი და იმპორტიორებს ურჩევნიათ, პირდაპირ ფქვილი შემოიტანონ. ფერმერი კოტრდება, წისქვილკომბინატი ჩერდება.
ფაქტობრივად, წისქვილები გაჩერებულია, რადგან ხორბალი ვერ შემოდის. ქართულ ხორბალსაც რაღაც პროცენტულობით ურევდნენ და ესეც შეჩერებულია. მთლიანად ჯაჭვი დაზარალდა. ასე გაგრძელება წარმოუდგენელია, რაღაც თუ არ იღონა სახელმწიფომ. მინისტრთან კომუნიკაცია გვქონდა და გადაწყვეტილებას ველოდებით. დაახლოებით, საშუალოდ რომ ვთვლით, შეიძლება 30-40 ათასი ტონა ხორბალი იყოს გაჩერებული“.
ნიკოლოზ ბენიაიძე ფქვილის იმპორტზე გადასახადის დაწესებას ემხრობა, თუმცა ფერმერების მხარდასაჭერად დამატებით მექანიზმებზეც საუბრობს:
„ერთ გამოსავალს ფქვილზე იმპორტის გადასახადის დაწესებაში ვხედავთ, იმისთვის, რომ ხორბლის შემოტანა დაიწყონ იმპორტიორებმა. ეს არ აისახება პურის ფასზე, რომელიც საქართველოში ისედაც მაღალია. ამ გადაწყვეტილებით გადარჩებიან ფერმერები და ამუშავდება წისქვილკომბინატები, სადაც რამდენიმე ათასი ადამიანია დასაქმებული.
ვიცით, რომ ბიუჯეტშიც ფული შევა. მხოლოდ ფერმერებზე რომ ვისაუბროთ, მეორე გამოსავალი სიტუაციიდან არის ის, რომ რაღაც პერიოდულობით, სეზონურობით იყოს შეზღუდული იმპორტი სხვადასხვა ქვეყნიდან, სანამ რეალიზაციას არ გავუკეთებთ ჩვენს ხორბალს. ან დაწესდეს რაღაც კვოტები, რომ კონკრეტული რაოდენობა ადგილობრივი ფერმერებისგან შეისყიდონ“, _ ურჩევს ნიკოლოზ ბენიაიძე შესაბამის პირებს, რათა პრობლება როგორღაც გადაწყდეს.