10 წელი „ქრონიკა+“ – ის დაარსებიდან…

მაკა მოსიაშვილი

10 წელი არც ცოტაა და არც ბევრი…
10 წელი ის ზრდასრული ასაკია, როცა იცი, ცხოვრებაში ლიდერი იქნები თუ მაჩანჩალა…
10-მა წელმა უნდა გაგზარდოს, სული გამოგიწრთოს…
10-ჯერ წაქცევისა და 10-ჯერ ფეხზე ადგომის საშუალება მოგცეს…
და თუ 10-ვეჯერ ამაყად მყოფი გამოხვედი… ე. ი. ლიდერი ხარ…
10 წლის ასაკი სახუმარო არ არის…
10 წელი ის ასაკია, როცა იცი, შენში შიში უფრო მეტია თუ უშიშრობა…
10 წლისას უკვე ფესვები გაქვს ღრმა და ძლიერი…
10 წლისამ უკვე იცი, სად არის წესიერებასა და უწესობას შორის ზღვარი…
10 წლისას ზღაპრებით ვეღარ მოგატყუებენ…
10 წლის ასაკში მიზანი მეტად დახვეწილი და სწორია!
10 წლის ასაკში ცხოვრების კანონის პრინციპი იცი…
10 წლისას უკვე იმდენი სიტყვა გაქვს ნათქვამი, რომ შეგიძლია, დამწყებს ასწავლო…
10 წლისა მტერსა და მოყვარეს ადვილად არჩევ…
10 წლისამ ისიც იცი, რას ნიშნავს ცუდი მეგობარი…
10 წლის ასაკში იმაზე მშვიდი ხარ, ვიდრე მაშინ, როცა ფეხს იდგამდი, იქცეოდი, მაინც დგებოდი… როცა სწავლობდი ბარიერების გადალახვას… როცა ჯიუტობდი…
10 წლისას უფრო მეტი მოგეთხოვება…
მაგრამ 10 წლისამ უკვე იმდენი იცი, რომ საკუთარი მიზანი სისრულეში მოიყვანო…

ჰოდა, მე ამ 10 წლის ამაყი და გონიერი, უშიშარი, წესიერი და პატიოსანი, სამართლიანი და მებრძოლი გაზეთის, „ქრონიკა“+-ის ჟურნალისტი ვარ… მე და „ქრონიკა+“.
არასდროს მითქვამს ამის გამო მადლობა. მადლობა ნანუკა ჟორჟოლიანს იმიტომ, რომ მისი რეკომენდაციით მოვხვდი „ქრონიკა+“-ში…
მადლობა ელისო კილაძეს, რომ მენდო და მიმიღო…
მე „ქრონიკა+“-ის დაბადებისას აქ არ ვყოფილვარ, თუმცა ძალიან მალე, სულ რამდენიმე თვეში, უკვე მისი გუნდის წევრი ვიყავი…
ჩემი ცხოვრების ცხრა წელზე მეტი „ქრონიკა+“-თან ერთად მოდის… ბევრჯერ მიკითხავს საკუთარი თავისთვის, _ იღბალი გაქვს? რა თქმა უნდა, როცა ამდენი წელი „ქრონიკა+“-ელი ხარ, იღბლიანი ხარ…
იცი, როცა ამ გუნდის ნაწილი ხარ, არასდროს ხარ მარტო….
იცი, რომ შენს პროფესიაში ისეთი თავისუფალი ხარ, როგორც არასდროს…
ჩემი მუშაობის არც ერთი ეპიზოდი არ არსებობს, სადაც ვინმეზე ან რამეზე ვწერდით დაკვეთით…
საბოლოოდ, რაც „ქრონიკა+“-მა და მე დავწერეთ…
წლების მერე ყველამ აღიარა ის, რასაც ვამხელდით…
ვაშიშვლებდით…
და ვამბობდით, _ არ შეიძლება!
როცა „ქრონიკა+“-ელი ხარ, მტერიც და მოყვარეც ბევრი გყავს! იმიტომ, რომ დედამიწას რა გაასწორებს?!. _ მხოლოდ მართალი და ხმამაღალი სიტყვა…

ომის ფასად მოპოვებული გამარჯვება

„სამუდამო მშვიდობა არის სიზმარი, თანაც ცუდი. ომი – ღმერთის მიერ ნაბოძები სამყაროს წესრიგის ნაწილია. მასში იხსნება ადამიანის უკეთილშობილესი სიქველენი: მამაცობა და ერთობის განცდა, სამსახურის ერთგულება და საკუთარი სიცოცხლის მსხვერპლად შეწირვისათვის მზაობა. ომის გარეშე სამყარო მატერიალიზმის ჭაობში დაიხრჩობოდა“.
ომი ტყვიის გარეშე!
ჩვენ მძიმე ომი გვქონდა, ომი ტყვიის გარეშე!
მაგრამ ომი, სადაც ტყვიის გარეშე კლავდნენ სუსტებს, უშლიდნენ ბიოგრაფიას, უშლიდნენ ყველაფერს, რაც მათ ღირსებას გვრიდა.
ომი, სადაც თავისუფლებაზე ვაჭრობდნენ…
ორი არჩევანი იყო _ ვაჭრობა და დათმობილი გაზეთი, დაკარგული მიზანი პრინციპი და პიროვნული თავისუფლება…
ომი, სადაც დედას ევაჭრებოდნენ შვილის თავისუფლებით! დათო ხარშილაძე დაიჭირეს! დაიჭირეს იმიტომ, რომ მისი დედა, ელისო კილაძე და „ქრონიკა+“ ვერ გააჩერეს…
მაგრამ ვერ გააჩერეს თავად დათო!
დათომ ფიზიკურ თავისუფლებას პიროვნული და სულიერი თავისუფლება ამჯობინა!
გაზეთი არ გაჩერდა!
ელისო ვერ გატეხეს!
ცრემლიც კი ვერ დაინახეს მის თვალზე!
მაშინ, იმ მძიმე წელს, ჩემი არჩევანი ასეთი იყო:

  1. ვყოფილიყავი უკანონო პატიმრის ოჯახის წევრი და გამეგრძელებინა ბრძოლა;
  2. დავმალულიყავი სადღაც სიბნელეში, გამეცვალა ჩემი ღირსება 30 ვერცხლზე, სამაგიეროდ დავბრმავებულიყავი, დავყრუებულიყავი, და დავმუნჯებულიყავი.
    მე პირველი ვარჩიე, რადგან როგორც ელისო მეუბნებოდა, „ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“. ამ სიტყვებს ის ქალი მეუბნებოდა, რომელსაც დანაშაულად უთვლიდნენ „ქრონიკა+“-ის დაბადებას და ამის გამო მისი შვილი მძევლად აიყვანეს…
    მე პირველი არჩევანი გავაკეთე, სხვანაირად არც მიფიქრია.
    დავრჩი ჩემი ღირსების ერთგული, დავრჩი „ქრონიკა+“-ის ოჯახის წევრად და გავაგრძელე ბრძოლა…
    საბოლოოდ, ბრძოლაში გაიმარჯვა სიმართლემ, დათო გაათავისუფლეს! კიდევ ერთხელ ვეტყვი სიამაყით, _ ცხოვრება ბრძოლაა და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი
    ამ გაზეთის იდეა იყო და არის ბრძოლა სამართლიანობისთვის და გამარჯვებისთვის…
    „ქრონიკა+“-მა ომში გაიმარჯვა!
    ჩვენი პრინციპი და ჩვენი მიზანია: იყავი ხალხთან ახლოს… წერე ხალხისთვის… იმუშავე ხალხისთვის…
    და არ უღალატო ხალხს…
    ეს ის მიზანია, რისთვისაც „ქრონიკა+“-ის ჟურნალისტი ხდები…
    ეს მასწავლა ელისომ წლების წინათ…
    და თუ ამ მიზანს უხვევ, მაშინ უხვევ გაზეთის მთავარ გზასაც…
    რადგან თუ არსებობს შენი, როგორც ჟურნალისტის, უფლება, არსებობს იქვე შენი მკითხველის უფლებაც. რადგან თუ შენს უფლებას შელახავენ, მაშინ შელახავენ შენი მკითხველის უფლებასაც…
    რადგან თუ ხალხს არ უსმენ, აღარც ის მოგისმენს შენ…
    რამდენად ახლოს ხარ მთავარ მიზანთან, რომ იცოდე, სად ხარ _ ხალხთან თუ მისგან შორს?

„ქრონიკა+“-ის ერთი გასვლითი ამბავი უნდა მოვყვე…
არჩევნების დღეა და მივდივართ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღალოში, 39-ე უბანზე…
ვიცი, რომ ამ სოფელში მცხოვრებთა თითქმის 95% ქართულ არხებს საერთოდ არ უყურებს. აქაური ქალების უმრავლესობამ არ იცის ქართულად არც წერა და არც კითხვა…
ჰოდა, საერთოდაც, ჩვენი ქვეყნის აქაური მოქალაქეები ძალიან კარჩაკეტილები არიან და არ იცნობენ სოფლის გარეთ არავის…
ელისოს ვუყვები გზაში, _ ისეთი სოფელია, გამომლაპარაკებელიც არავინ გვეყოლება, არც სახელმწიფო ენა იცის უმეტესობამ და ცოტა შიშით ვუყურებ ამ მგზავრობას-მეთქი…
არც ასფალტია გზაზე და არც სხვა ინფრასტრუქტურაა მოწყობილი… გზაზე მიმავალს უცებ ვიღაც ხელს გვიქნევს, იქაური აზერბაიჯანელია და აქცენტით გვეუბნება:
_ საარჩევნო უბანზე თუ მიდიხართ, შეგეშალათ, ზემოთ აუხვიეთო. ელისომ მანქანიდან მადლობა გადაუხადა. ის კაცი კი აღფრთოვანებით ეუბნება:
_ ვაი, ვაი, თქვენ ხომ ქალბატონი ელისო კილაძე ხართო? _ და დიდი მოწიწებითა და მადლიერებით მოიკითხა… _ იცით, მე თქვენს გაზეთს ვკითხულობ, ინტერნეტში გიყურებთ და გიცნობთო…
ეს მხოლოდ ერთი ამბის დასაწყისია…
უბანზე იქაურებმა გაზეთის რედაქტორი რომ დაინახეს, გახარებულები გვეკითხებოდნენ, _ ფოტოები რომ გადავიღოთ ქალბატონ ელისოსთან, ხომ შეიძლებაო?..
მოკლედ, რისი თქმა მინდა: მაგ სოფელში ნახევარი პოლიტელიტა რომ ავიდეს დღეს, იქაურ არც ერთ კაცს არ მოუვა აზრად თავში, ვინ არის მათი სტუმარი…
უკან გზაზე წამოსულებს ელისომ მითხრა:
_ მე მგონი, მოსიკო, ეგ ხალხი შენზე უკეთ მიცნობსო…
მართალი იყო ელისო… „ქრონიკა+“-ს არ აქვს საზღვრები, ის ყველგანაა და ყველგან მიდის… რადგან როცა დაიბადა, დამბადებელმა სრული თავისუფლება და ხალხზე ზრუნვა დაუდო საფუძვლად…
ის დღე არ მავიწყდება, იმ დღეს მივხვდი, რას ნიშნავს იყო ხალხთან ყველაზე ახლოს…
„ჩემი გემოვნება ძალიან მარტივია. ადვილად მაკმაყოფილებს მხოლოდ საუკეთესო“, _ უინსტონ ჩერჩილი.
ჰოდა, მე საუკეთესო გუნდის წევრი ვარ! 23 აპრილს დაბადებულთა ბედის…
23 აპრილს მსოფლიო აღნიშნავს წიგნის საერთაშორისო დღეს.
23 აპრილს შექსპირის დაბადების დღეა.
23 აპრილს ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეა.
23 აპრილს დავიბედეთ ჩვენც…
„ქრონიკა+“-ის დაბადების დღეა!
რატომ იწუხებს თავს პრესა ისეთ თემებზე ლაპარაკით, რაც ისედაც ყველამ კარგად იცის?
იმიტომ, რომ პრესას ყველაზე კარგად შეუძლია, სწორი აქცენტებით გითხრას ის, რასაც ვერ გეუბნება ვერც ერთი მეცნიერი…
„ქრონიკა+“ ჩვეულებრივი გაზეთი არ არის…
ის გაზეთზე მეტია…
„ქრონიკა+“ ჩვენს ქვეყანას გრძელვადიანი პერსპექტივით უყურებს და ასე აშუქებს მოვლენებს…
„ქრონიკა+“ შემთხვევით დაბეჭდილი ფურცლები არ არის…
„ქრონიკა+“ კარგად გააზრებული და საქართველოს კონსტიტუციაზე მტკიცე გაზეთია…
ჩვენთან კონსტიტუციას უცვლიან მუხლებს და პრინციპებს…
„ქრონიკა+“-ს კი მხოლოდ ერთი პრინციპი აქვს: უნდა თქვა სიმართლე, რომ ხვალ არ ინანოს ქვეყანამ…
23 აპრილი მარტივი დღე არ არის!
23 აპრილი „ქრონიკა+“-ის დაბადების დღეა!
რომ არა „ქრონიკა+“, ძალიან უინტერესო იქნებოდა ცხოვრება ამ ქვეყანაში, ამიტომ გილოცავთ!
გმადლობთ, რომ გვკითხულობთ, გვეცნობით, გვაფასებთ, გვზრდით და გვაძლევთ უფლებას, ქვეყანა უკეთესი გავხადოთ თქვენთან ერთად!
უკვე ათი წელია, საგანგებო რეჟიმზე ვართ და არც კი დავღლილვართ.
ვულოცავ ჩNეწს Eხცლუსივე _ სინიუს ექსკლუზიური მშობელ მედიას დაბადების დღეს!