მადლობა ჩვენს ყველა რესპონდენტს, რომელიც გვესაუბრებოდა ამ წლების მანძილზე!
მაკა მოსიაშვილი
„თუ ნამდვილად გსურთ რამის გაკეთება, გზასაც იპოვით, თუ არადა, იპოვით მიზეზს!“ _ ჯიმ რონის ამ სიტყვებით კარგად ჩანს განსხვავება, 10 წლის მანძილზე ქართულ მედიაბაზარზე ვინ რას აკეთებს ან რატომ ვერ აკეთებს.
„ქრონიკა+“-ს არასდროს მოუძებნია მიზეზი, როგორ არ გააშუქოს რამე მოვლენა ან როგორ აარიდოს ნებისმიერ რესპონდენტთან ინტერვიუს თავი, რადგან გაზეთი, რომელიც ასეთი ერთგული აღმოჩნდა ქართული საზოგადოების, ყოველთვის ეძებდა გზებს, რომ მას ჰყოლოდა განსაკუთრებული რესპონდენტებიც და მის ფურცლებზე ყოფილიყო ექსკლუზიური ამბებიც. შესაბამისად, გაზეთი აკეთებდა და აკეთებს სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან საქმეს და ყველა გზას ეძებს, რომ სათქმელი მიიტანოს მკითხველამდე.
სამწუხაროდ, მედია მფლობელებმა საქართველოში ძალიან ბევრჯერ დაივიწყეს მარტივი ჭეშმარიტება, რომ მედია არის ბიზნესის ყველაზე საპასუხისმგებლო ფორმა.
ის, როგორც უნიკალური მექანიზმი, უზრუნველყოფს დემოკრატიის სიცოცხლისუნარიანობას გამოხატვის თავისუფლების მეშვეობით.
10 წლის მანძილზე „ქრონიკა+“-ის ფურცლებზე ნახავდით ყველა პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანთა ინტერვიუს, 10 წლის მანძილზე კახეთიდან რეგიონის ხმა ისე არც ერთ ბეჭდვით მედიაში არ ისმოდა, როგორც ჩვენთან, „ქრონიკა+“-ში.
ნიკოლოზ ვარდოშვილი „ქრონიკა+“-ის ერთ-ერთი რესპონდენტია:
_ გილოცავთ იუბილეს! 10 წელი არც ცოტაა და არც ბევრი, მაგრამ ეს მილოცვა მხოლოდ თქვენ არ გეკუთვნით, ჩვენს თავსაც ვულოცავთ, რომ ამ ქვეყანაში დარჩა თქვენი სახით ფანჯარა, სადაც მიკერძოების გარეშე ისმის ჩვენი, როგორც რესპონდენტის, პოლიტიკოსის ხმა… სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ბევრი მედია რესპონდენტს შერჩევით წერს, როგორც მათ სარედაქციო პოლიტიკას შეეფერება.
თქვენ ამით გამონაკლისები ხართ. მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ელისო კილაძეს ამ თავისუფლებისა და შესაძლებლობისთვის, რომელიც „ქრონიკა+“-ის მეშვეობით ჩვენ არ დავკარგეთ…
ერთი ამბავი მინდა, მოვყვე: 2014 წელს ქალაქ თელავის საკრებულოს წევრი გავხდი, მოგვიანებით კი უკვე ფრაქციის თავმჯდომარე და თანამდებობის პირთა ოთახებში, ყველასთან არა, მაგრამ უმეტესობასთან, ვხედავდით, რომ საბჭოთა გადმონაშთი ბელადის სურათი სულ იყო…
წარმოიდგინეთ, ბავშვობაში სკოლასა და ბაღში ძია ლენინის სურათი ეკიდა ყველგან, მერე სადაც უკვე ძია ლენინი შევარდნაძემ ჩაანაცვლა, შევარდნაძის მერე 9 წელი კაბინეტებში მიშა სააკაშვილის ფოტო და ვარდის ფოტო იყო „ვარდების რევოლუციის“ სიმბოლო. 2012 წლიდან კი ჩარჩოებში ბიძინას სურათები გაჩნდა… არადა, ჩემ მიერ ჩამოთვლილი ბელადები თავისუფლებას გვიზღუდავდნენ, თუ ვინმეს ებრძოდნენ, განსაკუთრებით თავისუფალ სიტყვას და მედიას…
ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, ჩემს კაბინეტში ჩარჩოში ჩამესვა და ჩამომეკიდა „ქრონიკა+“-ის ლოგო.
რატომ? მაშინ გაზეთი მიზანში ჰყავდა ამოღებული სუსის იმდროინდელ მაღალჩინოსანს და ვხედავდი, როგორი დაუნდობელი მეთოდებით ებრძოდა მედიას ხელისუფლება. და მეორე _ ჩვენი, განსაკუთრებით რეგიონის პოლიტიკოსების, იმედი ეს გაზეთი იყო არის და მჯერა, რომ იქნება! შეიძლება, სულაც არ იყოს მისაღები ჩემი პოლიტიკური გადაწყვეტილება ან შეხედულება ბევრისთვის, თუმცა „ქრონიკა+“-მა მომცა შანსი, მეთქვა ის, რასაც ვფიქრობდი, ვხედავდი და მიმაჩნდა სწორად.
ასე რომ, მრავალჟამიერ! მრავალი ჟამი გაგეტარებინოთ ქვეყნისთვის მეტად მნიშვნელოვანი პროცესების გასაშუქებლად.
გიგი გიგიტელაშვილი ახლა უკვე თელავის საკრებულოს ყველაზე ახალგაზრდა წევრია:
_ ცხოვრებაში გიმართლებს ხოლმე და მიმაჩნია, ქართულ საზოგადოებას გაუმართლა იმით, რომ მათ თქვენი სახით ჰყავთ მხარდამჭერი, მეგობარი და ერთგვარად ყველაზე მოდარაჯე ძაღლი სიმართლისა და უსაფრთხოებისთვის!
მე მაინც მგონია, რომ ჩემთვის დიდი პატივია, როცა თქვენი გაზეთის ფურცლებზე ხვდება ჩემი ინტერვიუ.
რით გამოირჩევით? _ ერთ გვერდზე, სადაც შეიძლება ჩემი ინტერვიუ წაიკითხოს მკითხველმა, მეორე გვერდზე ჩემი ოპონენტის აზრს ნახავს. ეს დიდი ფუფუნება! რთულია, იყო ყველა პოლიტიკური შეხედულების მქონე რესპონდენტისთვის მისაღებიც და საინტერესოც…
მინდა, რომ გისურვოთ მეტი და მეტი წარმატება და ამ ყველაზე რთულ დროში მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ თანამედროვე ტექნიკური მიღწევების ფონზე, მაშინ როცა ონლაინ, ინტერნეტმედიამ სრული სივრცე აითვისა, თქვენ ტრადიციული ბეჭდვითი საგაზეთო მიმართულება არ გააჩერეთ და ასე ორ ხმაში, როგორც ინტერნეტ მედიაპორტალი, ასევე ბეჭდვითი გაზეთი, აგრძელებთ მუშაობს.
რუსუდან იმერლიშვილი _ „ქრონიკა+“-ის ერთგული მკითხველი:
_ გმადლობთ, რომ არსებობთ.
იცით, როცა მეზობლები მეკითხებიან ან ნაცნობები ან ახლობლები, საიდან ვიღებ ინფორმაციას, ვამბობ, რომ ელისო კილაძეს ვუსმენ. მიმდინარე მოვლენების ანალიზიც თუ გინდა, რომ მოისმინო, უნდა ეცნობოდე ქალბატონი ელისოს სტატიებს.
ძალიან რთული იქნებოდა სიმართლის გაგება, დადგენა, ინფორმაციას ოპერატიულად რომ არ ვგებულობდეთ თქვენგან. 2012 წლის მერე რამდენიმე წელი არავინ ამბობდა ბევრ ამბავს, რაც უსამართლო და უკანონო ხდებოდა ქვეყანაში. ბევრი მედია დუმდა, ბევრი ჟურნალისტი ხმასაც არ იღებდა და აი, სწორედ მაშინ, იმ რთულ პერიოდში, ისმოდა თქვენი ხმა…
ეს არ არის მარტივი საქმე, რაც თქვენ შევძელით. ძალიან რთულია, მოიპოვო საზოგადოების ნდობა, ყურადღება… ძალიან რთულია, მაგრამ აუცილებელი…
P. შ. ჩემგან კი ვიტყოდი: არ არსებობს ხმაურიანი საქმე, რომელიც პირველად ჩვენი გაზეთის ფურცლებზე არ გაჟღერებულა…
წლების მერე ჩვენი მოკვლეული და გაშუქებული ტელევიზიებს გაუშუქებიათ…
ჩვენ ერთგვარი მედიაჩირაღდნის როლი ვიკისრეთ, პირველები ვამბობთ და პირველებს შეგვაქვს სინათლე სიბნელეში…
მადლობა ჩვენს ყველა რესპონდენტს, რომელიც გვესაუბრებოდა ამ წლების მანძილზე. მადლობა ჩვენს განსაკუთრებულად ჭკვიან და ბრძენ მკითხველს, რომელიც ყოველ ორშაბათს გველოდება…
ორშაბათი ჩვენი დღეა! დაგველოდეთ, ჩვენ აუცილებლად ახალი ამბებით მოვალთ!