გოჩა ბარნოვი: „არასოდეს, სინოდის არც ერთ სხდომაზე, არ განხილულა სერიოზული საკითხები“
თამარ სანაძე
საქართველოს ეკლესიას უკვე დიდი ხანია, პრობლემები აქვს. საზოგადოების უმეტესობა სასულიერო პირებს აღარ ენდობა. ამ უნდობლობასა და განხეთქილებას ამძაფრებს ის ფაქტები, რომ რადიკალური ჯგუფების აქციებსა თუ კონტრაქციებზე ვისმენთ სასულიერო პირების მხრიდან ძალადობრივ მოწოდებებსა და განცხადებებს.
საპატრიარქო პოზიციას არ აფიქსირებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ცალკეული სასულიერო პირებისგან ვისმენთ განცხადებებს, რომ საპატრიარქოს არანაირი ბერკეტი არ გააჩნია პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის გადასარჩენად, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც უმძიმესია.
საქართველოს ეკლესიაში არსებულ რეალობაზე, სასულიერო პირების განცხადებებზე, საპატრიარქოსა და ხელისუფლების ურთიერთობაზე, პატრიარქის მოსაყდრესა და საქართველოს ეკლესიაში არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებზე გაზეთი „ქრონიკა+“ ესაუბრება თეოლოგ გოჩა ბარნოვს:
_ ბატონო გოჩა, პირველ რიგში, მინდა ვისაუბროთ სინოდის ბოლო სხდომაზე, რომელიც თებერვალში ჩატარდა. როგორ შეაფასებთ მას, რა დასკვნები გამოიტანეთ სასულიერო პირების განცხადებებიდან?
_ დავიწყოთ იქიდან, რაც ძალიან თვალში საცემი იყო. ზოგადად არაფერს განსაკუთრებულს არ ველოდი. ჩვენი სინოდი არასოდეს სერიოზულ საკითხებზე არ მსჯელობს სხდომის დროს.
ძირითადად, ადრეულ წლებში, სინოდის სხდომა იმართებოდა წელიწადში ერთხელ. ეს იყო 25 დეკემბერი, სქართველოს პატრიარქის აღსაყდრების დღე. ამ სხდომაზეც ეპისკოპოსები ერთმანეთს შეხვდებოდნენ, მოიკითხავდნენ, შემდეგ ალბათ ექნებოდათ სუფრა და ბრუნდებოდნენ თავიანთ ეპარქიებში. სინოდის სხდომა ეპისკოპოსების შეკრების ადგილი იყო, თორემ იქ რამე მნიშვნელოვანი და სერიოზული საკითხი არასოდეს გადაწყვეტილა. ვერ გავიხსენებ, გადახედილიც მაქვს სინოდის სხდომებისთვის და არასოდეს არც ერთ სხდომაზე არ განხილულა სერიოზული საკითხები და ვერც განიხილავდნენ.
მაგალითად, რა შეიძლება იყოს სერიოზული საკითხი? საქართველოს ეკლესია არის ერთადერთი ეკლესია, სადაც არ არსებობს სასამართლო, საეკლესიო სასამართლო, რაც ყოვლად დაუშვებელია, იმიტომ რომ როდესაც სასულიერო პირებს შორის არის რაიმე დავა ან როდესაც ეპისკოპოსი არღვევს კანონს და ა. შ. აუცილებელია, რომ ეს საკითხები გავიდეს სასამართლოზე, არის ჩვეულებრივი პროცედურები, როგორც ეს საჯარო სასამართლოში ხდება და ამ კანონებისა და წესების მიხედვით მოხდეს საკითხის განხილვა.
საქართველოს ეკლესიაში რა ხდება? _ საქართველოს ეკლესიაში სასამართლო არ არსებობს და თუ რაიმე სერიოზული დარღვევა მოხდა, ამ საკითხებს განიხილავს და წყვეტს ორად ორი ადამიანი, შორენა თეთრუაშვილი და პატრიარქი. ურთიერთშეთანხმებით გამოაქვთ განაჩენი, რაც არის უხეში დარღვევა ზოგადად საეკლესიო სამართლის. რა უნდა ითქვას? _ არ არის სასამართლო! ასევე ძალიან სერიოზული საკითხია მოსაყდრის თემა, მე ამაზე სტატიაც დავწერე და ახლა ინგლისურ ენაზეც ითარგმნა. მოსაყდრე არის ანტიკანონიკური მოვლენა, ზოგადად, იმ ფორმით, რა ფორმითაც არის საქართველოს ეკლესიაში. მოსაყდრე აქტიურდება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც გარდაიცვლება ან გადადგება პატრიარქი. იქამდე კი მოსაყდრე არ არსებობს. ჯერ თვითონ ტერმინიც კი არ არის სწორი, იმიტომ რომ ის, რაც გამოიყენება სხვა ეკლესიებში და რაც ბერძნული ტერმინიდან მოდის, არის ადგილის მცველი. ქართველებმა, რატომღაც, ავირჩიეთ ეს ტერმინი მეოცე საუკუნიდან. როდესაც გარდაიცვლება ან გადადგება პატრიარქი, სინოდი იკრიბება და ირჩევს ამ მოსაყდრეს. ამის შემდგომ მოსაყდრე ხელმძღვანელობს არჩევნებს, რომ რამე წესის დარღვევით არ ჩატარდეს ეს არჩევნები. უფრო გასაგები რომ იყოს, თანამედროვე საერო ენით რომ ვთქვათ, ეს არის ცესკოს თავმჯდომარე, მეტი არაფერი. თვითონ ვერ მონაწილეობს არჩევნებში, იმიტომ, რომ ხელმძღვანელობს საარჩევნო პროცესს. საერო ცხოვრებაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვერ მონაწილეობს არჩევნებში, ეს ხომ სასაცილოა.
რა მოხდა საქართველოს ეკლესიაში 1917 წლიდან მოყოლებული, როდესაც პირველი პატრიარქი ამოირჩიეს? _ ამ პატრიარქს მაშინვე დაუნიშნეს მოსაყდრე. იქ დაპირისპირება არსებობდა თავად ავტოკეფალისტებს შორის და ამიტომ კირიონი თუ იყო პატრიარქი, ლეონიდე გახდა მისი მოსაყდრე და ეს წესი მოდის დღემდე. რაც ძალიან საინტერესოა, არის ის, რომ ვისაც კი ასახელებდნენ პატრიარქის მოსაყდრედ, ის ხდება შემდგომში პატრიარქი. ეს ჩვენთან ყოველთვის ასე იყო. ახლაც, როდესაც 2017 წლის 23-ნოემბერს მეუფე შიო მუჯირი გამოცხადდა, როგორც მოსაყდრე, ეს არის მინიშნება სწორედ იმისა, რომ ეს ადამიანი, შიო მუჯირი, გახდება პატრიარქი. თუ გადავხედავთ უახლეს ისტორიას, ყოველთვის მოსაყდრეები ხდებოდნენ პატრიარქები და რატომ უნდა იყოს გამორიცხული შიო მუჯირის პატრიარქობა, არ ვიცი, მით უმეტეს, რომ მეუფე შიო არის გამორჩეული რუსეთის მიერ. ეს არის კანდიდატურა, რომელიც ყველაზე მეტად აწყობს რუსეთს.
შიო მუჯირი რუსეთში სწავლობდა, დაახლოებით შვიდი წელი იქ ცხოვრობდა და მჭიდრო კავშირები აქვს რუსეთის ეკლესიასთან. მე ვერ დავიწყებ იმის მტკიცებას, ის აგენტია თუ არა, მაგრამ ვფიქრობ, არც ეს არის გამორიცხული. ვინც ასეთ სფეროშია და წლები ცხოვრობს რუსეთში, მას უშიშროების სამსახური უყურადღებოდ არასოდეს ტოვებს.
საქართველოს ეკლესიას უამრავი სერიოზული პრობლემა აქვს, მაგალითად, არ აქვს სასწავლებელი, რომელიც არის ავტორიზებული და არ არის აკრედიტებული პროგრამებით. წარმოიდგინეთ, 2013 წლის იანვარში პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც მართლმადიდებლური სასწავლებლისთვის არ არის საჭირო აკრედიტაცია. წარმოიდგინეთ, რომ პროგრამები, რაც აქვთ, არ არის აკრედიტებული, არ არის დამტკიცებული განათლების სამინისტროს მიერ, მაგრამ ავტორიზაციას ჩუქნიან ავტომატურად, იმიტომ რომ იარსებოს ამ სასწავლებელმა.
ასევე სერიოზული პრობლემაა კონკორდატის თემა, რომელიც არ არის სწორი. კონკორდატი ფორმდება ორ სახელმწიფოს შორის. აბსურდია, ქვეყნის ხელმძღვანელობამ კონკორდატი გაუფორმოს მასთან დაქვემდებარებულ რამე ორგანიზაციას, მაგალითად, ამ შემთხვევაში ეკლესიას. არ არის ეს სწორი. ერთ-ერთი მუხლია პატრიარქის ხელშეუვალობა, რაც რეალურად ასახულია მთელ სასულიერო ცხოვრებაზე იმ გაგებით, რომ ყველა სასულიერო პირი, განსაკუთრებით კი ეპისკოპოსები, არიან ხელშეუხებლები.
აი, მაგალითად, კრებსებით დადასტურდა ის, რომ ზოგიერთი ეპისკოპოსი არის რუსეთის აგენტი. პირდაპირ წერია კრებსებში. ასევე ზოგიერთ ეპისკოპოსზე გვახსოვს სატელევიზიო გადაცემებიც იყო და ეს დადასტურებულიც არის, რომ ზოგიერთი ბრალდებულია პედოფილიაში. ბორჯომის ეპარქიაში სასულიერო პირს საპატრიარქომ დაატოვებინა ეპარქია. რატომ? იმიტომ, რომ ეს სიმართლე იყო, მართალი ამბავი იყო. თავად მოსახლეობაც, ბორჯომელებიც ადასტურებენ და აღნიშნავენ რომ ეს ასე იყო. თუმცა ეს სასულიერო პირი არავის დაუჭერია, წარმოიდგინეთ, პედოფილიის გამო ადამიანს არ იჭერენ. ეს ყველა, ნებისმიერ ქვეყანაში ისეთი ამბავია, რასაც აუცილებლად მოჰყვებოდა სკანდალი.
რამდენი პრობლემა ჩამოვთვალე, ეს არის უსერიოზულესი პრობლემები. ჩვენ განვიხილოთ ბოლო სინოდის ჩატარებისას სასულიერო პირების სხდომაზე შესვლამდე გაკეთებული განცხადებები.
ადრია ჯაღმაიძე, რომელსაც არაფერი ესაქმება სინოდთან, ის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელია და არ არის სინოდის წევრი, წერს: „როგორც წესი, სინოდზე ხდება ხოლმე ცნობილი ის საკითხები, რაც უნდა იქნას გატანილი“, _ რას ნიშნავს, „როგორც წესი“? წესი არის ის, რომ თვეების განმავლობაში თუ კი ეკლესიაში რაიმე პრობლემა წარმოიშვება, ეს პრობლემა იწერება სპეციალურ სიაში, სინოდის სამდივნოში და იქ გროვდება სხვადასხვა პრობლემა. როდესაც არის რაღაც პრობლემა, იქ შედის განაცხადი, სამდივნოში და სინოდი უნდა წერდეს ამ პრობლემებს. ასეთი პრობლემები ნებისმიერ ეკლესიაში, სადაც არ უნდა წავიდეთ, ცნობილია. შეიძლება, სინოდის სამდივნოში ვიღაც შევიდეს, შეიტანოს კიდევ მესამე, მეოთხე, მეხუთე საკითხი, სხვადასხვა საკითხი. როდესაც უკვე იწყება სინოდისთვის მზადება რამდენიმე თვით ადრე, იწყება მუშაობა ამ საკითხებზე, რომ ისინი მომზადდეს სინოდზე გასატანად. თვეები მუშაობენ სინოდზე გასატან საკითხებზე. ყველა ქვეყანაში ასეა.
ავიღოთ მაგალითად საბერძნეთის ეკლესია, რუმინეთის, თუნდაც ნებისმიერი სხვა ანტიოქიის ეკლესია.
ყველა ეკლესიაში ასე გროვდება საკითხები, იწერება სინოდის სამდივნოში და შემდგომ ამას განიხილავენ, ამზადებენ სინოდზე განსახილველად. საქართველოში კი როგორ ხდება? _ ეპისკოპოსები მიდიან სინოდზე, წინა დღეს იგებენ, რომ თურმე მეორე დღეს არის სინოდის სხდომა, ჩადიან და მართლა არ აქვთ წარმოდგენა, რა საკითხები გადის. გარდა იმისა, რომ ვინც იქ არის, ესაა ანდრია გვაზავა, თეოდორე ჭუაძე, რომლებიც საპატრიარქოში სხედან, მაგრამ შეიძლება ამათმაც კი არ იცოდნენ, რაზე ისაუბრებს სინოდი და რა საკითხები იქნება სხდომაზე გატანილი. ეს საკითხები აქვს დაწერილი შორენა თეთრუაშვილს პატრიარქთან ერთად და როდესაც ჩამოდიან სინოდზე და ყველა ეპისკოპოზი იქ ზის, აი, სწორედ მაშინ ამბობენ ამ თემებს.
არავინ იფიქროს, რომ რაიმე სერიოზული საკითხები აქვთ განსახილველი. არა, მათ სერიოზულ საკითხს ნამდვილად არავინ ჩააბარებს. ის, რაც საქართველოს ეკლესიამ უდა გააკეთოს ყველაფერი მოსკოვში წყდება.
განვიხილოთ და გავიხსენოთ, მაგალითად, სინოდზე შესვლის წინ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტ მეუფე ანტონის კომენტარი: „ჩვენ არ ვართ იმის მომხრე, წინასწარ იყოს საკითხები ცნობილი, იმიტომ რომ უსაფრთხოება არ არის დაცული, რადგანაც ეკლესია არ არის დემოკრატიული წყობა, ეკლესია არის იერარქიული წყობა“, _ რამხელა უვიცობას ამჟღავნებს ეს კაცი. ეკლესია სწორედაც რომ დემოკრატიული ინსტიტუციაა, იმიტომ რომ ეკლესია იმართება არა ერთი პიროვნების, პატრიარქის მიერ, არამედ იმართება სინოდის მიერ ანუ პარლამენტს რომ შევადაროთ, იგივეა ზუსტად.
წარმოიდგინეთ, ამაზე მეტი დემოკრატია რაღა უნდა ყოფილიყო ეკლესიაში, თვითონ ეკლესია იყო ამის მაგალითი, რომ დემოკრატიულად იმართება და ეს არის საუკეთესო ფორმა. სინოდზე, როგორც პარლამენტებში, ჩვეულებრივად, ისე იმართება. პარლამენტი ხომ არის დემოკრატიული? ამიტომ არ იცის მეუფე ანტონმა, ეს არის სრული უვიცობა. ეკლესია დემოკრატიული წყობაა, დემოკრატიული ინსტიტუციაა. ქმნილებებში ყველგან იერარქიაა, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ დემოკრატია არ არის.
მაგალითად, ვისაუბროთ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ მეუფე ნიკოლოზზე, რომელიც ყოველთვის ახმოვანებს იმას, რაც შორენა თეთრუაშვილს უნდა, რომ გამჟღავნდეს. თან ამას იუმორისტული ჟანრით აკეთებს, რომ სინოდის საკითხები მხოლოდ სინოდზე იქნება გაცხადებული, პატრიარქის გადაწყვეტილებით, რომ არ არის უსაფრთხო წინასწარ გამჟღავნება ამ საკითხების.
ვისგან მალავენ ან რას მალავენ? სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხომ არ არის, რომ ქვეყნის უსაფრთხოებას განიხილავდეს? ეს არის უხეშზე უხეში დამახინჯება იმ წესისა, რაც ეკლესიაში მოქმედებს.
მსოფლიო თემების დროს, როდესაც სხვადასხვა ეკლესიიდან ეპისკოპოსები იკრიბებოდნენ და ეს სინოდი მართავდა ქრისტეს ეკლესიას, იღებდნენ კანონებს, იღებდნენ სწავლებებს და ხმათა უმრავლესობით წყდებოდა ყველაფერი. არ იყო ეს დემოკრატიული ფორმა? რა თქმა უნდა, ეს დემოკრატიული ფორმაა.
ვთქვათ, ეპისკოპოსმა ვერ გაბედა, რომ მოსაყდრეზე ეთქვა გაცხადებულად, რომ ეს არის არასწორი, რადგან პატრიარქს არ აქვს უფლება, წინასწარ დაასახელოს თავისი შემცვლელი. არსებობს ანტიოქიის მესამე კანონი, რომელიც კრძალავს ამას, თან იმპერატიული კანონია, რომელიც ამბობს, რომ არ აქვს პატრიარქს უფლება, დაასახელოს თავისი შემცვლელი. თუკი ასეთი რამ მოხდება, მაშინ ეს ბრძანება გაუქმებულად ჩაითვალოსო. იმპერატიული კანონია ეს. რეალურად, პატრიარქის 2017 წლის 23 ნოემბრის ბრძანება გაუქმებულია. შიო მუჯირი მოსაყდრე არ არის, არც შეიძლება რომ იყოს იმიტომ, რომ პატრიარქი არის ცოცხალი და მოქმედი. პატრიარქი თუ გადადგებოდა ან გარდაიცვლებოდა, მაშინ სინოდი გამოირჩევდა მოსაყდრეს. შესაბამისად, სინოდის სხდომები, რომლებიც იმართებოდა მთელი ამ წლების განმავლობაში, არის არაფრის მომცემი, არაფრის გამკეთებელი, არაფრის მთქმელი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მნიშვნელოვან საკითხებს, რაც შეხება საქართველოს ეკლესიის საერთაშორისო ურთიერთობებს, ასევე ურთიერთობებს სხვა ეკლესიებთან, მის მონაწილეობას სხვადასხვა შეხვედრაზე, ვთქვათ პარადოტოქსული კრება იყო 2016 წლის ივნისში, საქართველოს ეკლესიის ჩართულობას ამ ორგანიზაციებსა და პროცესებში წყვეტს მოსკოვი, სქართველოს ეკლესიას არავინ არაფერს ეკითხება.
რეალურად, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია არის ფიქცია. ეს უბრალოდ ტომოსი, მოვაცემინეთ მსოფლიო პატრიარქს 1990 წელს, თუმცა რეალურად ავტოკეფალია არის ფიქცია. აი, ასეთი საკითხები უნდა გადაწყდეს სინოდის სხდომაზე და სწორედ ამგვარი საკითხები უნდა მოწესრიგდეს. მაგალითად, ტაძრების მშენებლობა განუკითხავად, ყოველგვარი არქიტექტურული წესების დარღვევით, ამ ტაძრების უმეტესობა რუსული ფულით შენდება, ეს ხომ კიდევ მთლად საშინელებაა ქართველი ხალხისთვის, რომ ამით ეუბნებიან ადამიანს, ეს ტაძარი სადაც მოდიხარ და ლოცულობთ, არის რუსების აშენებული, ისინი გვეხმარებიან და განსაკუთრებულ როლს წარმოაჩენენ რუსებისას. იგივე ვთქვათ, პატრიარქის ქება-დიდება პუტინისადმი, რაც ძალიან ამაზრზენი მოსასმენი იყო და უამრავი სხვა რამ. როდესაც იტყვიან, რომ სინოდი გაიმართება, მეცინება ხოლმე, ეს არის არასერიოზული ხალხის ყრილობა, რომლებსაც არავინ არაფერს ეკითხება რეალურად.
_ მინდა, ვისაუბროთ ეკლესიისა და საქართველოს ხელისუფლების ურთიერთობაზე. რა ხდება მათ შორის და არის თუ არა დაპირისპირება ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის?
_ ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის ურთიერთობა არის საუკუნეების პრობლემა. საქართველო არ არის ბიზანტია, ბიზანტიაში სიმფონია იყო ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის ურთიერთობის. საქართველო არის სეკულარული ტიპის სახელმწიფო, სადაც სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს ეკლესიის საქმეებში და პირიქით, არც ეკლესია უნდა ერეოდეს სახელმწიფოს საქმეებში. სამწუხაროდ, ჩვენთან აბსოლუტურად საპირისპირო ხდება. საქართველოს პატრიარქის პოლიტიკა ყოველთვის იყო ეკლესიის წარმოჩენა, როგორც ძალაუფლების მეორე პოლუსის საქართველოში. რომ ეკლესია სერიოზული ძალაა და გასათვალისწინებელია ნებისმიერი გადაწყვეტილებების დროს. ეს ხდება ყველა მიმართულებით ნებისმიერ სფეროში. მაგალითად, ეს არის დაფინანსება, ეს არის ყველაზე მტკივნეული არჩევნები, სადაც ეკლესია გადამწყვეტ როლს თამაშობს. ჩვენ კარგად ვხედავთ, როდესაც არჩევნების წინ მიდიან ხელისუფლების წარმომადგენლები და ეწევიან პროპაგანდას, მათ თან ახლავთ გვერდით ეპისკოპოსები, რაც აშკარაა გამოხატულებაა იმისა, რომ კონკრეტულ რაიონში, ქალაქში, სოფელში, მრევლისგან მხარდაჭერა ექნება ხელისუფლების წარმომადგენელს. ეს თავისთავად ძალიან დიდ პრობლემას ქმნის, რადგან ამით არჩევნების შედეგები მახინჯდება. რეალურად, მრევლს იყენებენ, როგორც საარჩევნო ხორცს, ეს არის შეურაცხყოფა ხალხის, მაგრამ ეს ხალხიც ამ შეურაცხყოფას იღებს მორჩილად და არანაირი პროტესტი არ აქვს ამის საპირისპიროდ. იგივე ჩარევა სახელმწიფოს საქმეებში და გავიხსენოთ 2008 წლის აგვისტოს ომი, როდესაც პატრიარქმა გააკეთა პოლიტიკური განცხადება, რომ ეს არ უნდა გაეკეთებინა ხელისუფლებას და ან თუ გააკეთა, ასე არა და სხვანაირად უნდა გაეკეთებინაო.
ჭკუის სწავლებაც მისი საქმე არ არის და შემდგომ საკუთარი ძალის წარმოჩენა ამ პროცესებში. მერე მან აღნიშნა, რომ თქვენ ვერ შეძელით ტყვეების გამოყვანა, მე შევედი და ისინი გამოვიყვანეო. აქედანაც კი ჩანს, რომ საქართველოს პატრიარქი მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსეთთან, იმიტომ რომ იქიდან ტყვეების გამოყვანა წარმოუდგენელი იყო.
გავიხსენოთ 9 აპრილი _ იქაც რეალურად პატრიარქმა მიატოვა ხალხი რუსებთან და თვითონ წავიდა თავის რეზიდენციაში, მშვიდად დარჩა. არის თვითმფრინავის გამტაცებლების საკითხი, როდესაც მას შეწყალება სთხოვეს და უარი თქვა. მღვდელი, რომელიც მაშინ დახვრიტეს, უდანაშაულო ადამიანი, ისიც კი არ დაიცვა. საკუთარი ძალაუფლებისა და საკუთარი კეთილდღეობის შესანარჩუნებლად პატრიარქის პოლიტიკა ყოველთვის იყო ბარტყის გადაგდების პოლიტიკა, თუკი ეს მას დასჭირდებოდა, ამას აკეთებდა ყოველგვარი პრობლემის გარეშე. უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება, სადაც პატრიარქი ცდილობს, რომ ხელისუფლების საპირისპირო ძალად წარმოჩნდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოში ვერ გამოჩნდა 30 წელია ისეთი ხელისუფლება, რომელიც ეკლესიას თავის ადგილს მიუჩენდა, ეტყოდა, რომ ეს არის შენი ადგილი და სახელმწიფოს საქმეებში არაფერი გესაქმება, ნუ ერევიო. მით უმეტეს, რომ უამრავი კომპრომატი არსებობს სასულიერო პირებზე, ნაწილი ვნახეთ, როცა გამოვიდა ეს კრებსები და სხვა უამრავი ფაქტიც არის. თუმცა ამას სახელმწიფო არ აკეთებს, ეკლესიას არ უჩენენ საკუთარ ადგილს, რადგან ეკლესიას სახელმწიფო იყენებს იმისთვის, რომ არჩევნებში გაიმარჯვოს. რა არის ხელისუფლების მთავარი მნიშვნელოვანი მომენტი? _ ეს არის არჩევნები, რომ ძალაუფლება გაიხანგრძლივოს. ესენიც სწორედ ამას აკეთებენ ეკლესიის მეშვეობით და ამიტომ არ აკლებენ არც ქრთამებს, არ ფულებს და არც არაფერს. გარდა იმ 28 მილიონისა, რომელიც ეკლესიას ოფიციალურად ეძლევა, ზემოდან ორჯერ მეტს აძლევენ. ახლა კიდევ ვნახეთ, რომ 30 მილიონი გამოყო სასწავლებლებისთვის, რომელიც არავინ იცის, სად და როგორ დაიხარჯება. წარმოიდგინეთ, ეს არის ჩვენი, უბრალო ადამიანების ჯიბეებიდან მოპარული ფული. მე მაგალითად არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ ვიღაც მუქთახორებს ამ ფულს ვუხდიდე.
_ ეკლესია ძალიან ხშირად ერევა ხოლმე საერო ცხოვრებაში. რამდენად სწორია ის მიდგომები, რაც ეკლესიას აქვს, თუნდაც გავიხსენოთ სასულიერო პირების ქადაგებები ან განცხადებები.
_ რა თქმა უნდა, სასულიერო პირი საერო ცხოვრებაში არ უნდა ერეოდეს. ის, რაც არის სასამართლოს ან ვთქვათ რომელიმე საერო ორგანოს პრეროგატივა, იქ ეკლესიას არაფერი ესაქმება.
ვთქვათ, მეუფე იაკობის განცხადებები არის არაპროფესიონალური, ყველანაირი ქრისტიანული ჩარჩოდან გასული და ის ამით ყოველთვის ცდილობს წარმოაჩინოს ეკლესიის ძალა. ხშირად გვესმის ფრაზები მისი განცხადებებიდან: ჩვენ ამას არ დავუშვებთ, ჩვენ ამის უფლებას არ მოგცემთ, _ ეს არის ფრაზები, რომლებიც მისთვის დამახასიათებელია, ის ამით მიანიშნებს ხელისუფალს, რომ ჭკვიანად იყავით, თორემ ჩვენ სამაგიეროს გადაგიხდით, რაც, რა თქმა უნდა, არ არის სწორი, იმიტომ, რომ როდესაც ეპისკოპოსი ქადაგებს, გამოდის ამბიონზე, ის არ უნდა საუბრობდეს პოლიტიკაზე, ის უნდა საუბრობდეს ქრისტეზე, სარწმუნოებაზე, სულიერებასა და იმაზე, თუ როგორ უნდა ებრძოლონ ადამიანები ცოდვებს და როგორ გამოასწორონ ადამიანებმა ცხოვრება. სასულიერო პირის მისიაა, რომ დაეხმაროს ადამიანებს სწორი გზის ჩვენებაში. საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრები არასოდეს დგანან სიმართლის მხარეს.
მაგალითს მოვიყვან: იოანე ოროპირი, მეოთხე-მეხუთე საუკუნის მამა, რომელიც გახლდათ მთავარეპისკოპოსი, გამოესარჩლა ერთ-ერთ ქვრივს, რომელსაც ვენახი წაართვა დედოფალმა. იოანე ოქროპირმა ეს დედოფალი არ შეუშვა მსახურებაზე. ამის შემდგომ იოანე ოქროპირი გადაასახლეს და გადასახლებაში გარდაიცვალა, ჭეშმარიტი ქრისტიანი ასე იქცევა. იოანე ოქროპირი დადგა ჩაგრული ადამიანის მხარეს და ამით გამოხატა სოლიდარობა და მხარდაჭერა მის მიმართ. ჩვენ კი რას ვხედავთ? ამის მსგავსს ვერაფერს. მაგალითად, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი, როდესაც მას ეკითხებიან მიხეილ
სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით თუ აქვს ეკლესიას რაიმე ბერკეტიო, პასუხობს, რომ ჩვენ არანაირი ბერკეტი, არანაირი შესაძლებლობა სააკაშვილის საკითხში არ გვაქვსო. მეტი რა გავაკეთო, ამხელა მიტროპოლიტი კაცი შევდივარ და ვნახულობო, _ ამადლიან კიდეც მიხეილ სააკაშვილს იმას, რომ თურმე მოინახულეს და მოიკითხეს. აქ საუბარია პრეზიდენტზე, რომელმაც ეკლესიას ყველაფერი მისცა და იმაზე მეტიც გაუკეთა, რაც უნდა მიეცა: ეს არის ფინანსები, ძალაუფლება, თავისუფლება, უამრავი რამ, უამრავი სიკეთე, რაც არც ერთ პრეზიდენტს არ გაუკეთებია საქართველოს ისტორიაში ეკლესიისათვის. ასეთ ადამიანზე ლაპარაკობენ იმას, რომ ჩვენ არ გვაინტერესებს მისი ბედი და არ გვაინტერესებს, სამართლიანად იმყოფება პატიმრობაში თუ უსამართლოდო. ამიტომ ნებისმიერი განცხადება მეუფე ნიკოლოზის მხრიდან, რომელიც ხშირად შედის მიხეილ სააკაშვითან, მისი ნებისმიერი კომენტარი, რომ მე შევედი, ვისაუბრეთ, მოვიკითხე, ეს არის აფერისტობა და მეტი არაფერი, არფერი ჭეშმარიტი, გულწრფელი გულშემატკივრობისა მას არ გააჩნია მიხეილ სააკაშვილის მიმართ. ის ყოველთვის აჟღერებს იმას, რაც სურს შორენა თეთრუაშვილს და რაც უნდა პატრიარქს. იგი ამას აკეთებს ყოველთვის ირონიით, ყოველთვის საუბრობს ამაზრზენი ტონით.
ამიტომ მისი ნებისმიერი განცხადება უნდა მივიღოთ, როგორც საპატრიარქოს განცხადება და ეს განცხადებები ყოველთვის არის დაშორებული ქრისტიანული მრწამსისგან და ქრისტიანული მორალისაგან.
_ გაქვთ მოლოდინი, რომ საპატრიარქო, ეკლესია რამეს გააკეთებს მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადასაყვანად?
_ არა, ეგ გამორიცხულია. იცით, რა ხდება? საქართველოს პატრიარქს აქვს ვითარების ძალიან კარგი ყნოსვა, _ თუკი შეიცვალა პოლიტიკური ვითარება, რა თქმა უნდა, გარე ინტერვენციას ვგულისხმობ, სანქციები იქნება თუ სხვა რამ, აი, მაშინ დაიწყებენ ისინი ისე საუბარს, როგორც რეალობა მოიტანს. ეს ეხერხებათ, მაგრამ აუცილებლად ახალმა ხელისუფლებამ უნდა აიღოს თვის მიზნად, რომ გაწმინდოს ეკლესია, ესკლესიის გაწმენდა თავისთავად ვერ მოხდება, ამას სჭირდება პოლიტიკური ნება. პოლიტიკური ნების გარეშე ეკლესიის გაწმენდა არის შეუძლებელი.
როდესაც ეკლესიაში კრიტიკული მომენტი იყო, ბიზანტიაც რომ ავიღოთ, რომის იმპერია ავიღოთ თუნდაც, იქაც ერეოდნენ იმპერატორები იმიტომ, რომ თავად ეკლესიისთვისაც რთულია. როდესაც სინოდშიც და საეკლესიო ხელისუფლებაში არის ისეთი ხლხი მოკალათებული, რომ ისინი თავად ქმნიან ასეთ ვითარებას, ისინი საკუთარ თავს ვერ შეცვლიან. ასე უნდა იყოს საქართველოშიც. ეკლესია უნდა გაწმინდოს ხელისუფლებამ. ხელისუფლება შიდა საეკლესიო საქმეებში ვერ ჩაერევა, მაგრამ ის ეპისკოპოსები, რომლებიც არიან დამნაშავეები, მხილებულნი დანაშაულებებში, პედოფილია იქნება ეს, ფულის მიტაცება, გათეთრება თუ სხვა რაიმე დანაშაული, ყველა ეპისკოპოსი უნდა იყოს მიცემული პასუხისგებაში. ეს გამოიწვევს იმას, რომ თუკი რომელიმე ეპისკოპოსი არის რუსეთის აგენტი, კანონი ამბობს, რომ ამისთვის ეკუთვნის მას 17 წელი ან სამუდამო პატიმრობა, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ამ კანონის დამრღვევი, ეპისკოპოსი თუ ნებისმიერი ადამიანი, ის არის ქვეყნის მტერი, ქვეყნის მტრის ინფორმატორი და ის უნდა დაისაჯს კანონით.
როდესაც ეპისკოპოსები დაინახავენ, რომ ყველა ადამიანთან თანაბრად აყენებს კანონს ხელისუფლება და ყველა ადამიანი კანონის წინაშე აგებს პასუხს, ისინი თავისით წავლენ ეკლესიიდან. თუ ეს ეპისკოპატი არ წავიდა, საქართველოს არა მხოლოდ ეკლესია, საქართველო როგორც სახელმწიფო ვერ განვითარდება, არაფერი სასიკეთო ჩვენს ქვეყანაში არ მოხდება.
ესენი ყოველთვის შეუშლიან ხელს ქვეყნის სასიკეთო ძვრებს, ქვეყნის წინსვლას, ევროპაში ინტეგრაციას, ნატოში ინტეგრაციას ყოველთვის წინ დაუდგებიან და სერიოზული და საკმაოდ ხელის შემშლელი ფაქტორები იქნებიან ქვეყნის პროგრესის გზაზე.
_ რადიკალური ჯგუფების აქციებზე ხშირად ვხედავთ სასულიერო პირებს, ასევე ვისმენთ მათ განცხადებებს, ზოგჯერ მუქარებსაც კი. რამდენად თანხვედრაშია მათი ქმედებები ქრისტიანობასთან?
_ ქრისტიანული მორალის, ქრისტიანული სამართლიანობის პრინციპი არის თავად იესო ქრისტე, რომელიც აბსოლუტურად არავის არავისზე დაბლა ან მაღლა არ აყენებს. გავიხსენოთ იგავი მრუშ ქალთან, როდესაც მის ჩაქოლვას აპირებდნენ, იესო ქრისტემ თქვა, ვინ მასზე უცოდველია, პირველი იმან ესროლოს ქვაო. ყველა გაჩუმდა, ყველა წავიდა.
გავიხსენოთ 2013 წლის 17 მაისი, როდესაც ჰომოსექსუალთა წინააღმდეგ იყო გამოსვლები და ამას ხელმძღვანელობდა ეკლესია. ჩვენ რა ვნახეთ ამ კრებსებში, რომ ეს ძალიან სერიოზული თემა ყოფილა ეკლესიაში, თავად შიგნით და ძალიან მაღალ იერარქებში. იმ თემას, რომელსაც ისინი ასეთი აგრესიით ხვდებიან, აღმოჩნდა, რომ თურმა თავადაც კი მფარველობენ ეკლესიის შიგნით. განვიხილოთ მაგალითად და ვთქვათ, რომ როდესაც ქრისტე მრუშ ქალს ეუბნება, მეტი აღარ გააკეთო და წადი მშვიდობითო, ეს არის მაგალითი იმისა, რომ ადამიანს არ აქვს უფლება, განიკითხოს სხვა ადამიანი. ნებისმიერი ადამიანი, რა ორიენტაციისაც არ უნდა იყოს ის, თავისუფალია არჩევანში და ამ ადმიანის ურთიერთობა ღმერთთან არ არის არც ჩემი განსაკითხი და არც რომელიმე ეპისკოპოსის. როდესაც სასულიერო პირი გამოდის აქციებზე და მიმართავს, რომ მე ღმერთის სახელით მოგიწოდებთ იძალადოთო, რა უფლება აქვთ მათ, რომ საუბრობს ღმერთის სახელით? რა დამსახურება აქვთ ხალხის წინაშე, რომ ისინი ლაპარაკობენ ღმერთის სახელით? როდესაც ისინი ღვთის სახელით მოუწოდებენ, რომ იძალადონ და მოკლან, ეს არა მხოლოდ ქრისტიანული მორალისგანაა დაცლილი, ზოგადად ადამიანობისგანაა დაცლილი. დავანებოთ თავი ეკლესიას, ქრისტიანობას, როგორ შეიძლება ადამიანს მოუწოდოს სხვა პიროვნებამ, რომ კაცი ჩაქოლოს, ეს ადამიანურ და ცივილიზებულ ფორმას სცდება. თუ სამართლიანობისა და თანასწორობის პრინციპი არ დაიცვა სასულიერო პირმა, მაშინ ვიღას ემსახურება ან რატომ ემსახურება, ერთიც დამეორეც მიწასთან არის გასწორებული სასულიერო პირების მიერ და შედეგს ვხედავთ. ხალხი ნელ-ნელა ხვდება იმას, რომ ეს საქციელი არ არის ქრისტიანული, ასეთ რაღაცას არ უნდა აკეთებდნენ სასულიერო პირები.
ამიტომ ხალხი ნელ-ნელა ტოვებს ეკლესიას. დღეს თუ ვნახავთ ტაძრებს, ის რაოდენობა, რომელიც იყო თუნდაც 6-7 წლის წინ, იმის მესამედიც აღარ დგას ტაძრებში. ეს ყველაფერი არის შედეგი იმისა, თუ როგორ იქცევიან სასულიერო პირები და როგორი მოძალადეები არიან. ეს ყველანაირად სცდება სარწმუნოებას. ქრისტე ეუბნება ადამიანს, რომ გიყვარდეს სხვა, ისევე როგორც გიყვარს შენი თავიო. ქრისტე ამბობს, თქვენი მტერი გიყვარდეთო. რატომ ამბობს ამას? იმიტომ, რომ ნებისმიერი ადამიანი, მტერი-მოყვარე, არის ქრისტეს ხატი, შესაბამისად, ნებისმიერ ადამიანში მე უნდა ვხედავდე ქრისტეს ხატს, ამიტომაც მე ის უნდა მიყვარდეს, თუკი ის თავს არ დამესხმება და ჩემს მოკვლას არ შეეცდება. აქაც კი, ასეთ შემთხვევებშიც კი, ადამიანს მოუწევს თავდაცვის პრინციპებით იმოქმედოს და არა სამაგიეროს გადახდის, შურისძიების პრინციპით, რადგან ქრიასტიანობის ფუნდამენტი არის სიყვარული. ეს არის პიროვნული ურთიერთობების საკითხი, როდესაც მე პატივს ვცემ ჩემს თანამოქალაქეს, იმიტომ რომ ისიც არის ღმერტის ხატი. სხვანაირად წარმოუდგენელია ქრისტიანისთვის ცხოვრება. სამწუხაროდ, სასულიერო პირების გარკვეული ნაწილი, რომლებიც დაახლოებულნი არან საპატრიარქოსთან, მოუწოდებენ ძალადობისკენ, რადგან არ შეიძლება არსებობდნენ სხვა ორიენტაციის ადამიანები, არ შეიძლება არსებობდნენ დასავლეთის მომხრეები, საქართველოს ევროინტეგრაციის მომხრე ადამიანები.
მათი ეს დამოკიდებულება არ არის მიმართული მხოლოდ სხვა ორიენტაციის ადამიანებისკენ, მათი ქმედებები მიმართულია ლიბერალებისკენ, რომ ამათზეც იძალადონ. მათ არ სურთ დასავლეთ ევროპა იმიტომ, რომ ზოგადად ევროპული კავშირი ეს არის თავისუფლება, დემოკრატია, ეს არის გამჭვირვალობა, რაც მათთვის არის დამღუპველი.
რადგან სააშკარაოზე გამოაქვს ყველაფერი ის, რაც მათ აქვთ დამალული თავიანთ ერთობაში. ამ დამალვით, სიბნელით, ისინი ცდილობენ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებას და მოქმედებას ადამიანებზე.
ძალიან ბევრისგან გამიგია, _ ვისაც მეტყვის ჩემი მამაო, მოძღვარი ან მეუფე, სწორედ იმას შემოვხაზავ არჩევნებში.
ეს დამთრგუნველია ადამიანისთვის, იმიტომ რომ მას ართმევენ საკუთარი აზრის ქონის, დაფიქსირების უფლებას, რომ იყოს თავისუფალი.
_ საუბარი იყო პატრიარქის გადადგომაზე. ხომ არ ფლობთ რაიმე ინფორმაციას ამის შესახებ და როგორ ფიქრობთ, მოსალოდნელია თუ არა, რომ გადადგეს საქართველოს პატრიარქი?
_ პატრიარქი ძალიან მოხუცდა, ფაქტობრივად, რამდენად მართავს ის ეკლესიას, ძალიან ძნელი სათქმელია. თავისთავად ცხადია, რუსეთსაც ეჩქარება და უნდა, რომ ილია მეორეს შემდეგ მომდევნო პატრიარქი იყოს რუსეთის პოლიტიკის გამტარებელი საქართველოს ეკლესიაში.
ვფიქრობ, პატრიარქის გადადგომა თუ ვინმეს ეჩქარება, ეს არის რუსეთი, რომ ილია მეორე უკვე ეფექტიანად ვეღარ მოქმედებს. აღვნიშნე, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა ზურგი აქცია ეკლესიას, რადგან დაინახა სასულიერო პირების მზაკვრობა, მათი ძალადობა, უსამართლობა, ამიტომ ახალი მეთოდები და ახალი ეფექტებია საჭირო მასებზე ზემოქმედებისთვის და ეს პატრიარქი ვეღარ ართმევს თავს ამ დავალებებს. რუსეთი უნდა იყოს ყველაზე მეტად დაინტერესებული მისი გადადგომით. ამასთანავე მოსაყდრედ გამორჩეულია მათთვის სასურველი კანდიდატი. 2017 წლის ნოემბრის დასაწყისში ილარიონი სტუმრობდა საქართველოს საპატრიარქოს და სავარაუდოდ იქ მოხდა მეუფე შიოს კანდიდატურის შერჩევა მომდევნო პატრიარქად და ამიტომაც იყო, რომ ძალიან მოულოდნელად, სინოდზე, ისე, რომ ეპისკოპოსებმა არც კი იცოდნენ, დაასახელეს შიო მუჯირის კანდიდატურა, რომელიც შეიძლება სულ არ სურდა პატრიარქს, მაგრამ რადგან ეს მოსკოვის დაკვეთა იყო, ამიტომ მან ეს გააკეთა. იმდენად ჩანს, რომ ეს მოსკვის დაკვეთა იყო და სერიოზული გადაწყვეტილება, რომ საკუთარი ხელით დააწერინეს განცხადება მაშინ, როდესაც 21-ე საუკუნეში კომპიუტერით იბეჭდება და პატრიარქი აწერს შემდგომ ხელს ბრძანებას. მეტი დამაჯერებლობისთვის, რომ აი, ეს მართლა პატრიარქმა დაწერა და არ არის დაბეჭდილი და შემდეგ ბეჭედდარტყმული, აიძულეს პატრიარქი, რომ ეს დაეწერა. ვფიქრობ, ეს იყო მოსკოვის დაკვეთა. ალბათ მისი გადადგომით დაინტერესებულია სწორედ მოსკოვი და დღევანდელი ხელისუფლება. თავისთავად ცხადია, როდესაც სინოდზე ეს მაინც არ მოხდა, რა ხდებოდა ის ექვსი საათი, რომ დააგვიანა ჩმოსვლა პატრიარქმა, არ ვიცი, რამდენად იყო საუბარი ზემოთ, რომ მას გადადგომის შესახებ გამოეცხადებინა. შემდგომ, როდესაც მისი იუბილე იყო, მთავრობის მეთაური, პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი და სხვა მაღალჩინოსნები მთავრობიდან არ მივიდნენ. ვფიქრობ, რომ ამით გამოხატეს თავისი უარყოფითი დამოკიდებულება პატრიარქის პიროვნებისადმი, რომ მან არ შეასრულა რუსეთის დაკვეთა.
_ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა საქართველოს პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე. რა დასკვნები გამოიტანეთ? როგორია თქვენი შეფასება?
_ აქაც იყო იგივე ნარატივი, რაც აქვს ხელისუფლებას, რომ გვაქვს მშვიდობა და ა. შ. ეს მშვიდობა არ არის ღირებულება, ღირებულება და ფასეულობა თავისუფლებაა, ამაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი. ეპისტოლეც იმეორებს იმას, რომ მშვიდობა, მშვიდობა არის მთავარი.
მშიდობა ძალიან მყიფე რამეა, არის დღეს და არ არის ხვალ, არ იქნება ზეგ და ა. შ. ადამიანისთვის მნიშვნელოვანი არის თავისუფლება, ადამიანი შეიძლება ომში იყოს და იყოს თავისუფალი, შეიძლება ადამინს ჰქოდეს მშვიდობა, მაგრამ იყოს მონა. მშვიდობა არ არის ფასეულობა, ფასეულობა არის თავისუფლება, შესაბამისად, თავისუფლებაზე უნდა კეთდებოდეს მთავარი აქცენტები, ეს არის უმთავრესი.