რედაქტორის გვერდი
ელისო კილაძე
ათი წელი არც ბევრია და არც ცოტა…
ათი წლის წინ, 23 აპრილს, როცა გაზეთის პირველი ნომერი გამოვუშვით, ჯერ კიდევ არ ვიცოდით, რომ წინ რთული და წინააღმდეგობებით სავსე გზა გველოდებოდა, ამ გზაზე იქნებოდნენ ერთგული მეგობრები და ვერაგი მტრები, იქნებოდა ბევრი ექსკლუზივი, სკანდალი, ჟურნალისტური გამოძიება და მხილება.
რიცხვი სპონტანურად შეირჩა _ 2013 წლის აპრილის თვეში პირველი ნომერი უნდა გამოგვეცა, რომ გაზეთისთვის საჭირო დაფინანსება მიგვეღო.
მოგვიანებით ცნობილი ასტოლოგი, მიხეილ ცაგარელი, ინტერვიუში გვეტყვის, რომ გაზეთის გამოცემის დრო ასტროლოგიურად ისე ზუსტად იყო შერჩეული, ლიდერი გამოცემის ნიშნით დავიბადეთ.
ჰოდა, დაიწყო ლიდერობისკენ მიმავალი გრძელი და რთული გზა.
წარმატება და პოპულარობა მალე მოვიდა, მკითხველის ნდობაც, ყოველ სამშაბათს ადამიანები რიგში იდგნენ გაზეთების ჯიხურებთან და ვისაც გაზეთის საყიდელი ფული არ ჰქონდა, იქვე კითხულობდა, ბევრ ადამიანს უფასოდ ვუგზავნიდით შორეულ სოფლებში და აფხაზეთშიც კი.
ათი წლის განმავლობაში რედაქციაში სხვადასხვა გემოვნებისა და პოლიტიკური შეხედულების ადამიანები მუშაობდნენ, წერდნენ იმას, რაც უნდოდათ და რასაც საჭიროდ მიიჩნევდნენ. არასოდეს მიმიცია კონკრეტული სარედაქციო დავალება და არასოდეს დამიბლოკავს მასალა. „ქრონიკა+“-ში არ ყოფილა აკრძალული თემები და ცენზურა…
დავიწყეთ და დავიწყეთ…
ფეხიც ავიდგით და დავწინაურდით.
მქონდა არჩევანი სახელისუფლებო მედიას, უზრუნველ ცხოვრებასა და დამოუკიდებლობას შორის. მე რთული გზა ვარჩიე, _ გზა, რომელიც პრინციპების ერთგულებასა და დინების საწინააღმდეგოდ ცურვას გულისხმობდა.
წავედი და წავედი…
გავცურე… მაშინ, როცა ამ მღვრიე წყალში ცურვა იოლი არ იყო, იქ სადაც არსებობდა მედიაგამოცემები ოცწლიანი სტაჟით, ჟურნალისტთა გამოცდილი და უმეტესად ცალკე შეკრული „კუტოკები“, ამ დინებაში მე, არათბილისელს, არა „კუტოკელს“, ხელისუფლებასთან თანამშრომლობის გამოცდილების არმქონეს, უნდა მეპოვა სწორი გზა, _ გზა, რომელზეც საკუთარ სამშობლოს, საკუთარ ოჯახს, საკუთარ პროფესიას, საკუთარ თავსა და პრინციპებს არ ვუღალატებდი.
რთული იყო? დიახ!
ხანდახან გაუსაძლისიც კი, ადამიანური ტკივილებისა და ღალატის ფონზე, არნახული ზეწოლებისა და წნეხის პირობებშიც კი, როცა ერთ მხარეს იდგა შვილის ოცწლიანი თავისუფლება და მეორე მხარეს _ გაზეთი, მე ავირჩიე გაზეთის თავისუფლება და გადავრჩი.
გადავრჩი უამრავი კეთილსინდისიერი ადამიანის დახმარებისა და გვერდით დგომის იმედად, გადამარჩინა ჩემმა მეამბოხე შვილმა, რომელმაც არ დათმო, არ აღიარა, უკან არ დაიხია, ბოლომდე ჩემ გვერდით იდგა და მე, როგორც დედა, როგორც ჟურნალისტი, გადამარჩინა.
ცხოვრება არის ზმნა!
რთული და საინტერესო, ხანდახან ხელახლა პოულობ ადამიანებს, რომლებსაც გგონია, რომ კარგად იცნობ. შუა გზაში გტოვებენ ისეთები, რომელთა იმედი გაქვს ნებისმიერ ბრძოლაში, მაგრამ ჯამში ყველაფერი დიდი გამოცდილებაა, სწავლობ, იზრდები და წინ მიდიხარ, ხან გაუკვალავ ბარდებში, ხანაც ფართო შარაგზაზე.
მადლობა უკლებლივ ყველა ჟურნალისტს, რომელსაც ამ გაზეთში უმუშავია, რომელიც მეთანხმებოდა ან არ მეთანხმებოდა, მტრად მომეკიდა თუ მოყვრად დარჩა, ეს ადამიანები „ქრონიკა+“-ის ათწლიანი ისტორიის ნაწილი არიან, ისტორიის გადაწერა კი პიროვნული სიმპათია-ანტიპათიის მიხედვით არ ხდება.
და განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ერთგულ მკითხველს. მადლობა, რომ გვენდეთ!
და წინ დიდი გზაა ბრძოლის, გამართლების, სიხარულის, წარმატებების!
ჰოდა, იცოდეთ, რომ ჩვენ თქვენთან ვართ!
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!