რატომ გახდა ფილმ „უდაბნოს ყვავილის“ ნახვა დასჯადი?

მაკა მოსიაშვილი

საქართველოში უდაბნო გეოგრაფიულად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტშია…
საქართველოში, ჩრდილოეთ კორეის მსგავსად, დედოფლისწყაროში ერთი ზეკაცია და მასაც პრემიერი ჰქვია…
საქართველოში ერთი მუნიციპალიტეტია, სადაც ოსკაროსანი ფილმის ჩვენებისთვის დაგსჯიან, სამსახურიდან გაგაგდებენ და ცილს დაგწამებენ, ეს ამბავიც დედოფლისწყაროში ხდება…

არადა, დედოფლისწყაროს ახალგაზრდობა სხვა რელსების თაობაა…
შეიძლება, ვინმე უცხოსთვის ისინი „სატანისტებიც“ არიან, მაგრამ აქ, ამ სიბნელეშიც, იზრდებიან ნათელი გონებით სავსე ბავშვები…
_ შუქი აანთეთ, ბნელა!!!! რა სირცხვილია. მაგ ფილმის შინაარსი ვისაც +21 ჰგონია, ხელახლა უყუროს და თავიდან იფიქროს. არ მჯერა, რომ ეს XXI საუკუნეში ხდება…
_ უსამართლობის პიკი!
_ გრცხვენოდეთ ყველას, ვინც ამაში მცირედი წვლილი მაინც მიგიძღვით!
_ ღმერთო ჩემო, რა სიბნელეა დედოფლისწყაროში! ფილმი და წიგნი, რომელმაც ქალთა უფლებების საკითხში განვითარებული მსოფლიოს აღიარება მოიპოვა, ხოლო რეალური პერსონაჟი მშვიდობისა და უსაფრთხოების ელჩი გახდა აფრიკაში, „დემოკრატიულ“ საქართველოში ტაბუდადებული რომ გახდება, ამაზე დიდი სირცხვილი რა გინდა! მეც ვაყურებინე ჩემს მოსწავლეებს ორი კვირის წინ „პეპლების ჟამი“. მიდით, მიჩივლეთ და მერე ვნახოთ, როგორ მოგიბრუნდებათ! ჩემი სოლიდარობა ლელას და ყველა საღად მოაზროვნე ადამიანს, ვინც დედოფლისწყაროელ ახალგაზრდებს სინათლისკენ და თავისუფლებისკენ გზას უკვალავს!
_ .ფილმი ემსახურება ქალთა პრობლემების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. ჩემი შვილი ესწრებოდა ფილმის ჩვენებას და როგორც მშობელი, მოხარული ვარ, რომ სახლის გარეთ სხვა გარემოშიც იზრუნეს მის განათლებაზე ადამიანის უფლებების კუთხით.
_ წარმოუდგენელია, ამ საბაბით ადამიანის სამსახურიდან განთავისუფლება!
_ რატომ ბნელა ასე ჩვენს რაიონში? მარტო ფასადების გაკეთება არ გვიშველის, ფასადებს მიღმა თუ დრომოჭმული და ბნელი ხალხია გადაწყვეტილების მიმღები…
ეს იმ შეფასებათა არასრული ჩამონათვალია რომელსაც გაიგებთ, მოისმენთ, წაიკითხავთ აქ, ჩვენთან, საქართველოში.
პრემიერის სამშობლოში, ანუ დედოფლისწყაროში ბავშვები კომბოსტოში ჩნდებიან ან წეროებს მოჰყავთ კალათით…
ეს სახუმარო ამბავი არ გეგონოთ… მართლა ასეა…
როგორც საბჭოთა კავშირში, ისე დღესაც, დედოფლისწყაროს თავისი წესები და კანონები აქვს…
ჩრდილო კორეაში ამერიკული ფილმების ჩვენება არა მარტო აკრძალულია, არამედ მათი ყურება დასჯადია…
მაგალითად, ფილმი „ინტერვიუ“ (თჰე Iნტერვიეწ) სეთ როგენისა და ჯეიმს ფრანკოს მონაწილეობით, 2014 წელს გადაღებული კომედიაა, რომელშიც ჟურნალისტი ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინისგან ინტერვიუს იღებს. ფილმი აკრძალულია რუსეთში.
ავტობიოგრაფიული ფილმი, „უდაბნოს ყვავილი“, რომელმაც ქალთა უფლებების საკითხში განვითარებული მსოფლიოს აღიარება მოიპოვა, ხოლო რეალური პერსონაჟი მშვიდობისა და უსაფრთხოების ელჩი გახდა აფრიკაში, დედოფლისწყაროში მისი ჩვენება დასჯადი გახდა!
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ცენტრის თანამშრომელი, ლელა ბიღიაშვილი, მხოლოდ იმიტომ გაათავისუფლეს, რომ მან მოზარდებს ცნობილი ეკრანიზაცია, „უდაბნოს ყვავილი“ აყურებინა.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ლელა წლების განმავლობაში შრომობდა და უდიდესი წვლილი მიუძღვის დედოფლისწყაროელი ახალგაზრდების აღზრდასა და განვითარებაში.
ის მრავალი ინტელექტუალური თუ სხვა შეჯიბრის ორგანიზატორი იყო და
მრავალი წლის მანძილზე წარმოადგენდა შუქურას ინტელექტუალი ახალგაზრდებისთვის, წარმოეჩინათ საკუთარი თავი და შესაძლებლობები.
2018 წლიდან ბიღიაშვილმა დააარსა ახალგაზრდობის ცენტრი „იბერია“, რომელიც წლების მანძილზე იყო ადგილი, სადაც დედოფლისწყაროს ყველა სკოლის მოსწავლე იკრიბებოდა, იქ განიხილავდნენ და ახორციელებდნენ უამრავ საინტერესო პროექტს.
მათ შორის უყურებდნენ ფილმებს, შემდეგ მსჯელობდნენ და აანალიზებდნენ. ასე სწავლობდნენ ადამიანის უფლებებს,
ასე იღებდნენ ინფორმაციას უფლებების შელახვასა და მის დაცვაზე…
„ალბათ ეს ერთადერთი ნათელი ადგილი იყო ახალგაზრდებისთვის… ამ პროექტებით სარგებლობდა დედოფლისწყაროს ახალგაზრდობა. ცენტრის მიერ განხორციელებული საზაფხულო ბანაკები გულგრილს არ ტოვებდა მოზარდებსა და მათ მშობლებს“, _ ასე აფასებს ორგანიზაციის მუშაობას ადგილობრივი სამოქალაქო სექტორიც.

ამბავი კი ასე დაიწყო:

რამდენიმე დღის წინ, ქალთა უფლებების დღისადმი მიძღვნილ ერთ-ერთ ღონისძიებაზე, ახალგაზრდულ ცენტრში, გაიმართა ფილმ „უდაბნოს ვარსკვლავის“ ჩვენება.
მაგრამ!!!
რამდენადაც სიბნელედ არ უნდა მოგეჩვენოთ… ფილმი მზეზე მაღლებმა პორნოგრაფიულ ეკრანიზაციად გამოაცხადეს და სწორედ ამ მიზეზით ბიღიაშვილი გაათავისუფლეს.
არადა…
ფილმს ათობით საერთაშორისო ჯილდო აქვს მიღებული, წარდგენილია ოსკარზე და მსოფლიოში არავინ დაობს მის მნიშვნელობასა და ფილმში წამოჭრილი პრობლემის გააზრების აუცილებლობაზე.
მაგრამ ამ საკითხის შესახებ, როგორც ჩანს, მხოლოდ დედოფლისწყაროში დაობენ…
საბოლოოდ ბიღიაშვილმა დუმილი დაარღვია და საჯაროდ ასე მიმართა საზოგადოებას:
„მეტ-ნაკლებად, ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა შეჯახება უწევს უსამართლობასთან. რაღაც, გარკვეულ დრომდე არ მინდოდა არავითარი კომენტარის გაკეთება, მაგრამ ჩემმა დაუმსახურებლად განთავისუფლებამ იმხელა რეზონანსი გამოიწვია საღად მოაზროვნე ადამიანებსა და თვითონ ახალგაზრდებში, რომ იძულებული გავხდი, დუმილი დამერღვია.
დიახ, 8-წლიანი მუშაობის შემდეგ მკაცრად მომიხურეს კარი და ყოველგვარი წესებისა და კანონმდებლობის დარღვევით გამათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან. მიზეზი გახდა მსოფლიოში აღიარებული და უამრავი ჯილდოს მფლობელი ფილმის „უდაბნოს ყვავილის“ კინოჩვენება.(!!!) დიახ, 13 წლის ვარის დირიეს ტრაგედია და, ამავე დროს, მისი დაუოკებელი სწრაფვა ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად. თუ როგორ იქცა უბრალო, მწყემსი გოგონა მსოფლიოში ცნობილ მოდელად, მშვიდობისა და უსაფრთხოების ელჩად და დაიწყო ბრძოლა აფრიკელი ქალების მავნე ტრადიციებთან საბრძოლველად. სწორედ ეს ფილმი გახდა ამის მიზეზი თუ საბაბი(?!)
არადა, ფილმი უდიდეს სამოტივაციო მუხტს ატარებს, მაგრამ „ბნელთა ამა ქვეყნისათა“ მასში მხოლოდ ეროტიკული სიუჟეტები და „ქალის გადაჩაჩხულ ფეხებში ჩადებული კაცის თავი დაინახეს“ _ მომიტევეთ კონკრეტიკა, უბრალოდ, ფრაზებს ვციტირებ. ყოველ შემთხვევაში, ასე „აღწერეს“ პაციენტის ვიზიტი გინეკოლოგთან(!).
მე კი ვფიქრობ, რომ რაც უფრო მეტი ვიცით და მეტი გვაქვს წაკითხული და ნანახი, რაც უფრო ფართოა ჩვენი თვალსაწიერი, რაც უფრო მეტი ინფორმაცია გვაქვს გარემოსა და მოვლენებზე, უფრო მედგრად შეგვიძლია დავხვდეთ ცხოვრების ქარტეხილებს და ბევრი პრობლემა ავისხლიტოთ.
ამას ვასწავლი ჩემს ბავშვებსაც და, ბოლოს და ბოლოს, ქვა იმან მესროლოს, ვინც ჩემზე კარგი შვილები აღზარდა.
თქვენგან ასეთ სოლიდარობას ნამდვილად არ ველოდი, ძვირფასო მეგობრებო, ნაცნობებო და უცნობებო! უღრმესი მადლობა და მადლიერება ყველას, ვინც მომწერა და დამირეკა თანადგომისთვის, გამხნევებისთვის, ყურადღებისთვის, სიმამაცისთვის.
ოდესმე აუცილებლად დავწერ „სამეფო კარის“ ჯიბის „ჟურნალისტებსა“ და დედოფლისწყაროს მერიის „ამომავალ მზეებზე“.
ყველაფერი ახლა იწყება! ყველაფერი კარგად იქნება!“