„არსებულ პოლიტიკურ კლასს არ აქვს ნდობის მანდატი ამ ახალგაზრდებისგან“
ირინა მაკარიძე
რა შეცდომა დაშუვა „ქართულმა ოცნებამ“ და რატომ გაბედა კონსტიტუციისა და საქართველოს ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლა? რამ აიძულა ის, უკან დაეხია და ვინ დაამწუხრა და ვინ გაახარა ბოლშევიკური კანონპროექტის უკან წაღებამ? _ ამ საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა _ ძალა ერთობაშიას“ დეპუტატი, ნიკა მაჭუტაძე:
_ „ქართული ოცნების“ რეჟიმს, რომელიც დღეს საქართველოშია, ეჭვი აღარ ეპარებოდა საკუთარ ძლევამოსილებაში, ამიტომ ის შეცდა მთავარ საკითხში, _ ეს არის ქართული საზოგადოებისა და ქართული ეროვნული ენერგიის საკითხი. როდესაც რეჟიმს ქართული ეროვნული ენერგია და ქართული საზოგადოების წინააღმდეგობის უნარი მკვდარი ეგონა, სწორედ მაშინ დაიბადა თბილისის ქუჩებში ქართველი ხალხი თავიდან, როგორც მარადიული განახლება, რომელიც გვახსენებს ქართველი ხალხის ისტორიის მთავარ საზრისს, გამუდმებულ და დაუღალავ, მარადიულ ბრძოლას თავისუფლებისთვის. ჩემი საყვარელი ფილოსოფოსი, იოჰან გოტლიბ ფიხტე, წერდა: „გერმანელად ვერ დაიბადები, გერმანელად გამუდმებით, ყოველდღე, თავიდან, ხელახლა უნდა იქმნე“. ასეა ჩვენს შემთხვევაშიც. საქართველოს მოქალაქედ ვერ დაიბადები ერთხელ, ეს არ არის ერთჯერადი აქტი, საქართველოს მოქალაქე უნდა იბადებოდეს ყოველდღე, თავიდან იმ საზრისისა და იმ უწყვეტობის გააზრებით, რომელიც გულისხმობს თავისუფლებისთვის ბრძოლას.
ქართველებს გვაქვს 2 მთავარი წიგნი: „ქართლის ცხოვრება“ და „ვეფხისტყაოსანი“. „ქართლის ცხოვრება“ მოგვითხრობს ქართველი ერის თავგადასავალს დასაბამიდან მრავალი საუკუნის განმავლობაში. პირველიდან ბოლო გვერდამდე „ქართლის ცხოვრება“ და საერთოდ ქართველი ხალხის არსებობა არის თავისუფლებისთვის, თვითმყოფადობისთვისა და თავისთავადობისთვის მარადიული ბრძოლა. ეს ამბავი „ქართულმა ოცნებამ“ არ იცის. ეს ამბავი არ იციან ამ რუსულ-ბოლშევიკური კანონპროექტის ავტორებმა, რადგან ისინი მოწყვეტილი არიან რეალობას და თავად ქართული ცივილიზაციური მნიშვნელობის გააზრებას.
_ ამ „ეროვნულ საზრისს“ გასულ დღეებში რუსთაველის გამზირზე კონკრეტული ადამიანები წარმოადგენდნენ. რას იტყვით მათზე, ვინც „ოცნებას“ აიძულა, უკან წაეღო უკვე ერთი მოსმენით მიღებული კანონპროექტი?
_ ქართულმა საზოგადოებამ კარგად იცის მთავარი და მეორეხარისხოვანი თემების გარჩევა. საქართველოს მომავალმა თაობამ ეს კარგად იცის და ის გამოდის მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც ძალიან უჭირს ქვეყანას მთავარ საკითხში _ ეს არის სახელმწიფოებრივი და ეროვნული თავისუფლებისა და სუვერენიტეტის თემა.
თბილისის ქუჩებში გამოსულ საქართველოს მომავალ თაობასთან არავითარი კავშირი არ აქვს არსებულ პოლიტიკურ პარტიებს. მეტიც: ამ აქციებს არ ჰყავდა არცერთი ორგანიზატორი. ყველა, ვინც შეეცდება ამ აქციების ორგანიზების საკუთარ თავზე დაბრალებას, ის იქნება „პოლიტიკური მაროდიორი“, ეს კი დასჯადია…
_ რას იტყვით პოლიტიკოსების როლზე ამ მუხტის შექმნაში? რომ არა პოლიტიკოსების მიერ პარლამენტში ბრძოლა, ხშირად ფიზიკურიც კი, და იმის დემონსტრირება, თუ როგორი უტიფრობით ცდილობდა „ოცნება“ ამ კანონის გატანას, მოჰყვებოდა ამ პროცესს ეს განვითარება?
_ ოპოზიციამ გააკეთა ყველაფერი, რომ ეს ბოლშევიკური კანონპროექტი არ გასულიყო და საზოგადოებისთვის მიეწოდებინა მეტი ინფორმაცია. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს სამოქალაქო სექტორიც და რაც მთავარია, მედიის გარდამტეხი როლი და ფუნქცია საზოგადოების ინფორმირებულობაში. ძალიან მნიშვნელოვანია ამის გააზრება. ეს არის მთლიანად ქართული საზოგადოების პროტესტი, ეს არ არის ცალკე პოლიტიკოსების ან ცალკე სამოქალაქო საზოგადოების ან მედიაპროტესტი, ეს არის მთლიანი საქართველოს საზოგადოების პროტესტი. სხვათა შორის, არა მხოლოდ ახალგაზრდობა, თბილისის ქუჩებში ვნახეთ ყველა თაობის ადამიანი. ყველა თაობამ თქვა: „საქართველო არის ჩვენი! ეს ქვეყანა გვეკუთვნის ჩვენ!“ და აიღო პასუხისმგებლობა მისი სუვერენიტეტისა და დემოკრატიის დასაცავად, რომ ამ ქვეყანაში აღარასოდეს არ დაბრუნდეს ბოლშევიზმი, არ რეინკარნირდეს, არ გაცოცხლდეს.
_ რას იტყვით იმ ფაქტზე, რომ კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მიკროფონი არ დაუთმეს პოლიტიკოსებს?
_ როგორც უკვე ვთქვი, არსებულ პოლიტიკურ კლასს არ აქვს ნდობის მანდატი ამ ახალგაზრდებისგან.
_ თქვენც ხომ ამ პოლიტიკოსების ნაწილი ხართ?
_ რასაკვირველია, ეს არის პოლიტიკური კლასის პრობლემა.
_ 7 მარტს, მასშტაბური აქციის პირველ დღეს, ხელისუფლებამ გამოიყენა ძალა მშვიდობიანი მომიტინგების წინააღმდეგ. რას იტყვით ამის შესახებ და გახდა თუ არა სწორედ ეს ძალადობა შემდგომ განვითარებული უფრო დიდი პროტესტის მიზეზი?
_ ქმედება წარმოშობს უკუქმედებას, ზეწოლა ზრდის წინააღმდეგობას, ეს არის ფიზიკის კანონები. უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა თბილისის ქუჩებში გამოსული ადამიანების გაუტეხელობას, შეუპოვრობას… სრულიად სულელურად ხელისუფლებამ გადაწვიტა მშვიდობიანი მოქალაქეების დარბევა, მათი მოწამვლა, წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეითა და მხუთავი გაზით მომიტინგეების დაშლა. რასაკვირველია, ამან წარმოშვა ახალი და სულ სხვა სიმძლავრის ტალღა. ტალღა, რომელმაც უკან დაახევინა ხელისუფლებას და წინ წასწია საქვეყნო და საერთო საქმე.
_ ამ კანონპროექტის უკან გაწვევის შემდეგ იყო რეაქციები უცხოეთიდან. ჩვენ ვნახეთ რუსეთის წარმომადგენლების განცხადებები, რომლებიც უკვე „თბილისში ბომბების ჩამოგდებით“ იმუქრებოდნენ და მოვისმინეთ ევროპელი და დასავლელი პარტნიორების რეაქციები. რა აჩვენა ამან და რას იტყვით ამ გამოხმაურებებზე?
_ კანონპროექტის ჩაგდებამ შეაშფოთა მოსკოვი, გაახარა ქართველი საზოგადოება და საქართველოს მხარდამჭერი დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოება, ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოების მეთაურები და ხელმძღვანელები, საერთაშორისო დემოკრატიული ინსტიტუტები. ერთი ამბავიცაა, ამ კანონის ინიციატორები გაიძახოდნენ, რომ ეს კანონი ამერიკულია, რუსული არ არისო. თუ მართლაც ასეა, რატომ ნერვიულობს, რატომ შფოთავს და რატომ სწყინს რუსეთს საქართველოში ამერიკული კანონის ჩაგდება? რასაკვირველია, ეს იყო რუსული კანონი, რუსულობის ყველაზე უარესი ვარიანტი არის ბოლშევიკური ვარიანტი. თვითონ რუსეთის იმპერიის ყველაზე უარესი ვერსია არის ბოლშევიკური რუსეთი, რომელიც დღემდე გრძელდება, ბოლშევიკი ჩეკისტი ჰყავთ პრეზიდენტად. შესაბამისად, ეს იყო კრემლის კანონი. რასაკვირველია, მისმა ჩაგდებამ დაამწუხრა ბოლშევიკები და გაახარა საქართველოს გულშემატკივრები.
_ რაც შეეხება მუქარას, რომელიც მოსკოვიდან გაჟღერდა, ამაზე რას იტყვით?
_ ეს არის პროპაგანდისტული ხრიკები, სოლოვიოვ-სიმონიანის დონის ბინძური ხრიკები, რომელიც ცივილიზებულ საზოგადოებაზე აღარ ჭრის. ამ პროპაგანდამ თავისი ჭირი მოჭამა საქართველოშიც და მთელ მსოფლიოშიც.
_ რაც შეეხება მმართველ უმრავლესობას, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი ჩავარდა, მათ აზრი არ შეუცვლიათ, ისევ იმეორებენ იმავე რიტორიკას და აცხადებენ, რომ გააგრძელებენ საზოგადოების „ინფორმირებულობას“, ამაზე რას იტყვით?
_ ეს მათი პროპაგანდისა და პიარის ნაწილია, რა თქმა უნდა, თავისი მომხრეების გასაძლიერებლად და გასამხნევებლად. თავის მომხრეებს ხომ რაღაც უნდა უთხრან? არ უნდათ მარცხის აღიარება, მაგრამ ყველა ხედავს, რომ ტოტალური მარცხი განიცადეს.
_ ბრძოლის რა ფაზაშია ახლა ქვეყანა და როგორ უნდა განვითარდეს პროცესები?
_ უნდა გაგრძელდეს ტოტალური სიფხიზლე და სიფრთხილე, რადგან ქვეყანაშია ბოლშევიკური რეჟიმი და ბოლშევიკებს, როგორც წესი, არ აქვთ ხოლმე დანდობის უნარი. ზოგადად, „ბოლშევიზმი“ არის ნგრევისა და დაუნდობლობის ფენომენი. ქართულმა საზოგადოებამ და პატრიოტულმა ელიტამ უნდა შეძლოს არნახული შეკავშირება ბოლშევიზმის დასამარცხებლად და საქართველოს სამშვიდობოს გასაყვანად. ეს შეკავშირება უნდა იყოს ქუჩაში, საკოორდინაციო ფორმატებში, რასაკვირველია დასავლეთის დემოკრატიულ ინსტიტუტებთან და საქართველოს მოკავშირე საზოგადოებასთან ერთად.