სერგი კაპანაძე: „ეს Gen Z არიან ადამიანები, რომლებსაც მთავრობა ვერ იმორჩილებს, ისინი ქუჩაში გამოვიდნენ და მარტივად თქვეს: „ჩვენ გვინდა ეს ასე!“ და მოხდა კიდეც ასე“
ირინა მაკარიძე
როგორ „მოახერხა“ „ოცნებამ“ და აიძულა ახალგაზრდები, აქციებზე მდგარიყვნენ? რა წითელი ხაზი გადაკვეთა ხელისუფლებამ და ვისი და რისი დამსახურებაა ხელისუფლების უკან დახევა? _ ამ საკითხებს გარშემო „ქრონიკა+“-ს ესაუბრებაა „რეფორმების ასოციაცია GRASS“-ის დამფუძნებელი, სერგი კაპანაძე:
_ ხელისუფლებას, რომელმაც ეს კანონი შემოიტანა, ამოცანად ჰქონდა თავისი ძალაუფლების განმტკიცება. არასამთავრობო სექტორისა და მედიის დასუსტების ხარჯზე ის გეგმავდა თავისი ძალაუფლების გაზრდას. ევროპის გაფრთხილების მიუხედავად, რომ ამ კანონის მიღება შეიძლებოდა ყოფილიყო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის დაკარვის ტოლფასი, მან მაინც საკუთარი ძალაუფლების საკითხი ამჯობინა. საბოლოო ჯამში, დაინახეს, რომ ამას შეეწინააღმდეგა ყველა, მარტო ჩვეული მოწინააღმდეგეები კი არა, _ არასამთავრობო სექტორი, ოპოზიცია, მედია, არამედ სტუდენტები, ახალგაზრდები, რომლებიც არც პროპაგანდას ექვემდებარებიან და პასიურებიც იყვნენ აქამდე. ხელისუფლებამ დაინახა, რომ ასე შეიძლება უფრო დაეკარგა ძალაუფლება და ამიტომ დათმო ეს ამბავი.
_ „ქართულ ოცნებას“ აქამდე ყველაფერი გასდიოდა, მისი პროპაგანდა, ასე თუ ისე, მუშაობდა. ამჯერად, რა ვერ გათვალა მან?
_ შეცდომა იყო მისი ეს ამოცანა, რომ ძალაუფლების შესანარჩუნებლად მორიგი მოწინააღმდეგე, მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები დაემარცხებინა. ეს გააკეთა წითელი ხაზის გადალახვით, რაც იყო ევროპულ არჩევანზე უარის თქმა. ნათელი იყო, ამ კანონის მიღებით ევროკავშირი არანაირ კანდიდატის სტატუსს არ მოგვცემდა. ამ წითელი ხაზის გადალახვამ გამოიწვია ეს რეაქცია.
_ იყო თუ არა კანონპროექტის ჩაგდება მხოლოდ ტაქტიკური უკან დახევა?
_ დიახ, მათ არ შეუცვლიათ ის მიდგომები, რის გამოც ამ კანონპროექტის მიღებას აპირებდნენ. ისინი ისევე დააპირებენ არასამთავრობო სექტორის, მედიის შესუსტებას, გააგრძელებენ თავდასხმებს, ისევ ექნებათ ეს აგრესიული კამპანია, „აგენეტებისა“ და „ჯაშუშების“ ძახილი. უბრალოდ, კანონის გატანა არ გაუვიდათ, რადგან ამას ძალიან დიდი წინააღმდეგობა მოყვა.
_ რა იყო მთავარი წინააღმდეგობა, რამაც „ოცნებას“ ამ გადაწყვეტილების მიღება აიძულა?
_ იმის დანახვა, რომ ამას შეეწინააღმდეგა აბსოლუტურად ყველა. ეს არ იყო მხოლოდ ერთი სეგმენტის აქტიურობის შედეგი. ეს იყო კომბინირებული პროცესის შედეგი _ ტრადიციული მეტოქეების _ ოპოზიციის, მედიის, არასამთავრობოების პროტესტს დამატებული სტუდენტობის, ასევე მოქალაქეების პროტესტი, ამას დაემატა აბსოლუტურად უმკაცრესი საერთაშორისო პრესა, უმკაცრესი შეფასებები საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. მართალია, ეს შეფასებები აქამდეც იყო, მაგრამ ასეთი მკაცრი შეფასებები აქამდე არაფერზე ყოფილა.
გარდა ამისა, ასევე აღსანიშნავია ქვეყნის შიგნით პროფესიული ჯგუფების განცხადებები, ეს იყო მასწავლებლების, ექიმების, სპორტსმენების, ბიზნესმენების შეფასებები, რომლებიც აქამდე პოლიტიკურად არ აქტიურობდნენ. მთავარი მაინც იყვნენ ის ახალგაზრდები, რომლებიც წინ დაუდგნენ წყლის ჭავლს და მხუთავ გაზებს, არ შეუშინდენენ არც დაჭერას, არც დარბევას. ამანაც აფიქრებინა მთავრობას, რომ იყვნენ წითელ ხაზს მიღმა. ეს გენ ძ არიან ადამიანები, რომლებსაც მთავრობა ვერ იმორჩილებს, ისინი ქუჩაში გამოვიდნენ და მარტივად თქვეს: „ჩვენ გვინდა ეს ასე!“ და მოხდა კიდეც ასე. ეს შედეგი დადგა ყველა ამ ფაქტორის ერთობლიობით, თორემ ჩვენ ადრეც გვახსოვს ქუჩაში გამოსული გაბრაზებული ახალგაზრდები, მათ თვალები ამოთხარეს და არაფერიც არ შეცვლილა.
_ რას იტყვით პოლიტიკოსების როლზე, მათ გზავნილებზე? რამდენად სწორად შეძლეს მათ ამ მესიჯების გაგზავნა საზოგადოების, ახალგაზრდების მიმართ და რა არის მათი წვლილი ამ პროცესში?
_ პოლიტიკოსების განცხადებების გამო არავინ გამოსულა მანდ. ეს აქციები არ იყო პოლიტიკოსების მიერ ორგანიზებული, მასში მონაწილეობდა ყველა. ეს იყო სამოქალაქო საზოგადოების დაწყებული მოძრაობა, თუმცა არ იყო მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების მიტინგიც, ყველა მონაწილეობდა მასში, შესაბამისად, არავის ჰქონდა პრეტენზია, რომ ეს იყო მათი მიტინგი და მათი მიკროფონი. ეს არ იყო ორგანიზებული აქციები, ჩანდა კიდეც, რომ აქციებს აკლდა ორგანიზება, ბოლოს გაუგებარი იყო, ვინ ლაპარაკობდა, ვინ გამოდიოდა. ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკოსების გზავნილები აქ არაფერ შუაშია. კარგი რაც მოხდა, არის ის, რომ როგორღაც შეიქმნა სინერგია ყველა ამ ძალის, განსხვავებული და ხშირად ერთმანეთთან კოორდინაციაში არმყოფი ჯგუფების. ეს არ იყო ხელოვნური სინერგია, ეს იყო გულწრფელი პროტესტი. ამას ახლდა თავისი პრობლემებიც, მაგალითად, შეუთავსებლობა ზოგიერთ სპიკერს შორის, ხშირად გზავნილებში აცდენა, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. ყველა იქ იყო კონკრეტული მიზნით, რომ ეს კანონი არ ყოფილიყო მიღებული და ამიტომაც მივაღწიეთ ამ შედეგს.
_ რას იტყვით ახალგაზრდების, გენ ძ-ის შესახებ? რამდენად შეძლებენ სამომავლოდ პოლიტიკოსები მათი მხარდაჭერის მოპოვებას?
_ ამ თაობასთან სამუშაო აქვს ყველა პოლიტიკოსს თავისებურად, ეს არ არის თაობა, რომელიც ამ წუთას არ არის პოლიტიკურ ავანსცენაზე, მათ არ ჰყავთ თავისი არც ფავორიტი პარტია, არც ფავორიტი პოლიტიკოსი. გენ ძ არის საზოგადოების ის აქტიური ნაწილი, რომლის მხარდაჭერაც გადამწყვეტი იქნება შემდეგ არჩევნებში, მათთან მუშაობა უნდა იყოს ყველაზე დიდი პრიორიტეტი.
_ პარტიებს, სავარაუდოდ, მოუწევთ თავიანთი დღის წესრიგის გადახედვა?
_ თუ არ გადახედავენ, ამ ხმებს დაკარგავენ. ეს არ არის მხოლოდ ხმები, რომელიც რიცხვებით გამოისახება, ეს არის საზოგადოების ყველაზე აქტიური სეგმენტი, ამიტომ მათი დაკარგვა ძალიან დიდი შეცდომა იქნება.
_ რაც შეეხება მშვიდობიანი აქციის დარბევას, _ გახდა თუ არა პირველ დღეს მასშტაბური აქციის დარბევა კიდევ უფრო ძლიერი პროტესტის მიზეზი?
_ ზოგადად, არც პირველ და არც მეორე დღეს არანაირი საჭიროება არ იყო ასეთი გადამეტებული ძალის გამოყენებისა. არ მართლდება ეს არანაირად, რასაც პოლიცია აკეთებდა.
_ ხელისუფლება აგრძელებდა პროპაგანდას, რომ არიან ჩამოსული ადამიანები, რომლებიც აპირებენ გადატრიალებას, „მაიდნის“ მოწყობას. თქვენც გაგივრცელეს ფარული ჩანაწერი, რას იტყვით ამის შესახებ?
_ ჩვეულებრივი პროპაგანდაა, არც ღირს მაგის კომენტირება, არავინ იქ გადატრიალებას არ აპირებდა, არავინ ამ პროცესს არ აორგანიზებდა. ეს არის მათი პროპაგანდა, რომ პოლიტიკური და წარმოსახვითი ოპონენტები „გააშავონ“ და თავიანთ ელექტორატს ელაპარაკონ, _ აი, როგორი ცუდები არიან ისინი.
_ რაც შეეხება გამოხმაურებებს უცხოეთიდან, _ ვნახეთ განცხადებები რუსეთიდან და ვნახეთ დასავლეთიდან, რას იტყვით მათ შესახებ?
_ აბსოლუტურად დაემთხვა ერთმანეთს დასავლეთის შეფასებები ჩვენს _ ახალგაზრდების, მედიის, სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციის შეფასებებს კრიტიკული კანონპროექტის მიმართ. ასევე ერთი ერთში დაემთხვა ერთმანეთს „ქართული ოცნებისა“ და რუსეთის წარმომადგენლების შეფასებები. ამაზე მეტი ლუსტრაცია ძალიან ძნელი წარმოსადგენია.
რაც შეეხება ევროპის შეფასებას „საქართველოს შემობრუნების“ შესახებ, ეს მთლიანად ეკუთვნის ქართველ ხალხსა და დემონსტრანტებს, პროტესტზე გამოსულ ადამიანებს და არ ეკუთვნის მთავრობას, რადგან ეს იყო ძალიან ნათელი გზავნილი, რომ ჩვენ არ გვეგონა, თუ საქართველო ევროპულ გზაზე იყო, მაგრამ ხალხმა შემოაბრუნა მთავრობა. ეს როგორ ითარგმნება კანდიდატის სტატუსში, ამას კიდევ ვნახავთ.
_ რუსეთიდან იყო განცხადებები, რომ „თბილისში მაიდნის სუნი იგრძნობა“ და მუქარები. რამდენად შეიძლება ეს სერიოზულად აღვიქვათ?
_ როდესაც საუბრობენ „მაიდნის“ საფრთხეზე, ამით „ქართულ ოცნებასა“ და იანუკოვიჩის ხელისუფლებას შორის ტოლობის ნიშანს სვამენ. ეს არის ნიშანდობლივი ამ დისკუსიაში, „ქართული ოცნება“ არის მართლაც იანუკოვიჩის ხელისუფლების მსგავსი, რომელიც რუსეთისკენ მიაქანებს ქვეყანას და ამას ქართველი ხალხი აუცილებლად უპასუხებს. უპასუხებს „მაიდნის“ მსგავსად, თუ არჩევნებით, ეს ყველაფერი გამოჩნდება. ისტორია ასე პირდაპირ არ მეორდება, მაგრამ ამ პარალელის გავლებით „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებიც მხოლოდ ამას აღიარებენ, რომ არიან „იანუკოვიჩები“, ამაში კი ნამდვილად ვეთანხმები მათ.
_ რას იტყვით აქტიური ადამიანების პოლიტიკურ დევნაზე? ზოგი მათგანი დააკავეს, სცემეს, მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღძრეს, ადმინისტრაციული სასჯელები დაადეს და ეს პროცესი გრძელდება…
_ ვაპირებთ, რომ ბოლომდე მივაქციოთ ყურადღება ამ ადამიანებს. პირველი რიგის ამოცანა იყო, რომ ყველა განთავისუფლებულიყო. ეს ამოცანა ბოლომდე ვერ შესრულდა, თუმცა ერთი-ორი ადამიანის გარდა, ყველამ დატოვა ციხე. ვაპირებთ, რომ ბოლომდე მივიყვანიოთ ეს ბრძოლა.
ცალკე სამუშაო გვაქვს, რომ არ დაზარალდნენ ისინი არც ფინანსურად, ვისი ჯანმრთელობაც დაზიანდა, რომ მათაც დავეხმაროთ როგორც მკურნალობაში, ისე კომპენსაციების მოთხოვნაში. სამოქალაქო სექტორი გვერდით უდგას ყველა ამ ადამიანს და ეს უფრო გამოჩნდება.
_ რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას საკითხს, ისევ ღიად რჩება ეს თემები და როგორ წარმოგიდგენიათ ამის გადაწყვეტა?
_ დეპოლარიზაციისთვის რაც არის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ევროკავშირის რეკომენდაციებში, სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანა გახლავთ უაღრესად მნიშვნელოვანი. ნიკა გვარამიას განთავისუფლება-შეწყალება კი არის მნიშვნელოვანი ასევე მე-7 პუნქტის, ანუ მედიის თავისუფლების მოთხოვნის შესასრულებლად. ეს საკითხები აუცილებლად დაბრუნდება დღის წესრიგში, რადგან უკანონო პატიმრების ყოლა, განსაკუთრებით გვარამიას შემთხვევაში, რომელიც ზის აბსურდული ბრალდებით, აუცილებლად გააჩენს რისკს, რომ კანდიდატის სტატუსი არ მოგვცენ.