როგორც ცდილობს „ოცნება“ მედიისა და არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაციას?
გიგა გელხვიიძე
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიასაშუალებები (ტელევიზიები, ონლაინმედიები, გაზეთები და ა. შ.), ფონდები და ყველა სხვა, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური დაფინანსება იქნება, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, უცხოური აგენტების სიას დაამშვენებენ. ასეთია რეალობა, რომელსაც „ქართული ოცნებიდან“ ფიქტიურად გამოყოფილი დეპუტატები და თავად მმართველი პარტია საქართველოში ქმნის.
კანონი „გამჭვირვალობის შესახებ“, როგორც ამას მისი შემქმნელები უწოდებენ, ერთი ერთში იმეორებს იმ კანონს, რომლის მიხედვითაც, ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის ხელისუფლებამ თავის ტერიტორიაზე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დიდი ხანია, ჩაახშო.
აღნიშნული კანონპროექტის შესახებ ინფორმაციის გაჟღერებას მყისიერი რეაქცია მოჰყვა, როგორც სამოქალაქო, ასევე ქართულ და არა მხოლოდ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი ამერიკელი სენატორის, ჯინ შაჰინის განცხადებით, კანონი, რომელსაც მისი შემქმნელები ამერიკული კანონის ადაპტირებულ ვერსიად მიიჩნევენ, ამერიკულთან არანაირ შემხებლობაში არ არის.
„კანონი, რომელიც პარლამენტში წარადგინეს, არ არის ამერიკული კანონი FARA. მე მიმუშავია იმ კანონზე, მის რეფორმირებაზე. თავდაპირველად ის 1930-იანებში იყო მიღებული ჰიტლერის პასუხად, როგორც ძალისხმევა, რომ ამოგვეცნო ლობისტები ან სხვები, რომლებიც სხვა ქვეყნებს წარმოადგენდნენ აშშ-ში და მათ მოვთხოვეთ რეგისტრაცია. აქაური კანონპროექტი არის რუსეთში არსებული კანონის მსგავსი, რომელიც ძალიან ეფექტიანი იყო რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაციების დახურვისა და მედიის გასაჩუმებლად.
ეს არ არის ხელშემწყობი იმ 12 პირობისა, რომლის შესრულებაც ევროკავშირმა სთხოვა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის და ეს კანონი ძალიან ჰგავს იმას, რომელიც უნგრეთმა მიიღო და რომელიც დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა. ასე რომ, ეს არ შეესაბამება იმ ღირებულებებს, რომლებსაც, ვფიქრობ, ვისურვებდით დემოკრატიულ ქვეყანაში. და, არც გამჭვირვალობისთვის არის საჭირო ასეთი კანონი. არგუმენტი, რომ ეს გამჭვირვალობისთვის არის საჭირო, უბრალოდ, არ ჭრის, რადგან უკვე არსებობს გამჭვირვალობა. არასამთავრობო ორგანიზაციებს ისედაც ეკისრებათ ვალდებულება, განაცხადონ საიდან ფინანსდებიან“, _ აღნიშნა ქალბატონმა შაჰინმა.
კანონპროექტი პარლამენტში მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც გააპროტესტეს: „რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი“, _ ეს იყო მთავარი ლოზუნგი, რომელიც პროტესტს ლაიტმოტივად გასდევდა. ამავე სახელწოდებით შეიქმნა პეტიციაც:
„ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ინიცირებულ კანონპროექტს უცხოური გავლენის აგენტების შესახებ, რომლის მიმართ მხარდაჭერა პარლამენტის თავმჯდომარემ და უმრავლესობის სხვა წევრებმა გამოხატეს. მიგვაჩნია, რომ ამ რუსული კანონის მიღების მცდელობა მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ.
ეს კანონი მიზნად ისახავს, რომ დაუცველად დარჩნენ ძალადობის მსხვერპლი ბავშვები და ქალები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, უმცირესობები, მეცნიერები, მშრომელები და ახალგაზრდები; დახმარება არ გაეწიოთ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, ფერმერებს, მაღაროელებს, უკანონოდ განთავისუფლებულ, დევნილ, უსახლკარო, თავისუფლებაშეზღუდულ და საკუთარი უფლებებისთვის მებრძოლ სხვა ადამიანებს; არ გაშუქდეს მაღალმთიან და სხვა რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ხმა, ვინც მხოლოდ ადგილობრივი, დამოუკიდებელი მედიის მეშვეობით აცნობს საზოგადოებას თავის გასაჭირს.
ეს კანონპროექტი არის პასუხი ძალადობის, კორუფციის, უკანონობისა და შერჩევითი სამართლის იმ ასობით ფაქტზე, რომელსაც საზოგადოებრივი ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედია ვსწავლობთ და ვასაჯაროებთ.
რუსეთში ანალოგიური კანონის მიღების შემდეგ ბევრმა ორგანიზაციამ უარი თქვა მის აღსრულებაზე და დაიხურა. ვინც განაგრძო ფუნქციონირება, მზარდი კონტროლის, შევიწროებისა და რეპრესიების მსხვერპლი გახდა. რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი, რისთვისაც ათწლეულებია ვიბრძვით.
ამ კანონპროექტის მიღება იქნება შეტევა მთავარ ქართულ ფასეულობებზე _ ღირსების განცდაზე, დამოუკიდებლობასა და სამოქალაქო სოლიდარობაზე. გარდა ამისა, კანონპროექტის მიღება სერიოზულად დააზიანებს ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციის პროცესს, მათ შორის, დააბრკოლებს საქართველოს სვლას ევროკავშირის წევრობისკენ, რომლის არც ერთ წევრ ქვეყანაში მსგავსი კანონი არ მოქმედებს. ამასთანავე, ამ კანონის აღსრულება შეუძლებელი იქნება საქართველოს ასიათასობით მოქალაქისთვის განუზომელი ზიანის მიყენების გარეშე“, _ ნათქვამია პეტიციაში.
საყოველთაო პროტესტს არც საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ჩამორჩა. მისი შეფასებით, კანონი, რომელიც „ხალხის ძალამ“ შეიმუშავა, ქვეყანას რუსეთისკენ მიაქანებს.
„სწორედ იმ დროს, როცა მზადდება ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პირველადი შეფასება, როცა 24 თებერვლის მოახლოება, ასოცირებული ტრიოს სამივე ქვეყნისთვის სულ უფრო აქტუალურს ხდის ევროპული მომავლის საკითხს, სწორედ ამ დროს ირჩევს ერთ-ერთი პოლიტიკური დაჯგუფება, რომ მოახდინოს კანონის ინიცირება, რომელიც თავისი შინაარსით ევროპას კი არა, რუსეთის მანკიერ მოდელს გვაახლოებს…
ამუშავებულია ძალა, რომელიც საქართველოს ევროპული გზის განმტკიცების მაგივრად, ქართულ ინტერესად სხვა გზას მიიჩნევს.
ასეთ კანონმდებლობასა და ახალი აგენტების დევნას საქართველოს პრეზიდენტი მხარს ვერ დაუჭერს“, _ აცხადებს ზურაბიშვილი.
„გამჭვირვალობის შესახებ კანონთან“ დაკავშირებით გაზეთი „ქრონიკა+“ დაინტერესდა, თუ რა საფრთხეებთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული და რა პროცესები შეიძლება მოჰყვეს ყოველივე ამას? თანაც, მმართველი გუნდი ღიად უცხადებს მხარდაჭერას „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომლის განხილვებიც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში უკვე დაწყებულია.
ნათია კაპანაძე _ ორგანიზაცია „მედიაომბუდსმენის“ დირექტორი და „მედიის ადვოკატირების კოალიციის წევრი“:
_ აღნიშნული კანონის
კანონპროექტის ნებისმიერი ფორმით მიღების შემთხვევაში, ჩვენ გვემუქრება იგივე, რაც რუსულმა საზოგადოებამ უკვე გაიარა: ეს არის დამოუკიდებელი მედიასაშუალებების დახურვა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების მაკონტროლებელი ადამიანების ქვეყნიდან გაქრობა, რაც ნიშნავს ძალაუფლების მიტაცების საბოლოოდ დადასტურებას. ცხადია, მთავარი საკითხი და მიზანი არის მოქალაქეების დაშინება, რადგანაც ასეთი გზით სამაგალითოდ დასჯიან ჟურნალისტებს, მედიაორგანიზაციებს, მედიამენეჯერებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, შესაბამისად, მოქალაქეებს, ამომრჩევლებს აღარ უნდა დარჩეთ უფლება, იფიქრონ დამოუკიდებლად ან დასვან შეკითხვები სახელმწიფოს მართვასთან დაკავშირებით. ამ ნაწილში მე ვიცნობ ორივე ვერსიას, ისინი არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ეს არის რუსული ხელწერა, ეს კანონპროექტები არის რუსული კარნახის ნაწილი და როგორ ფორმაზედაც არ უნდა გვესაუბროს ხვალ პარლამენტის ბიურო, ეს იქნება ერთი ხაზი _ რუსული კანონმდებლობის შემოთავაზება.
_ რა არის ხელისუფლების მთავარი მესიჯი, როდესაც ღიად უცხადებს მხარდაჭერას იმას, რასაც სამოქალაქო სექტორი მწვავედ აკრიტიკებს და ეწინააღმდეგება?
_ ადამიანები, რომლებიც ძალიან დიდი ხანია კანონშემოქმედებით საქმიანობას ადევნებენ თვალს და არიან საკმაოდ კრიტიკულად მოაზროვნეები, ძალიან მარტივად ამჩნევენ ამერიკული დემოკრატიის შედეგებს და ამჩნევენ რუსული კანონმდებლობის გავლენას.
რუსეთთან დაკავშირებით არჩევანი ქართველმა ხალხმა, როგორც კონსტიტუციაშია მითითებული, ძალიან დიდი ხანია გააკეთა დემოკრატიის სასარგებლოდ, ამიტომ მცდელობა, რომ ეს თუნდაც შემოთავაზება დაამსგავსონ ამერიკულს, არის წაგებული მცდელობა, იმიტომ, რომ როგორც შინაარსობრივად, ასევე გარემო პირობების მიხედვით, ჩვენი მოცემულობები არის ბევრად განსხვავებული და ის კანონებიც, კანონპროექტებიც, რომლებსაც გვთავაზობენ, გულისხმობს ადამიანების ჯაშუშებად და აგენტებად მიჩნევას, საქართველოს მოქალაქეების გარიყვას, თუკი ისინი არ დაექვემდებარებიან ხელისუფლებას. ძალიან საგანგაშოა, რომ უკვე ათი დღის განმავლობაში „ქართული ოცნების“ რადიკალურმა ჯგუფმა ისეთი სახე მისცა კანონპროექტს, როგორიც ათი წლის განმავლობაში შეიძინა რუსულმა კანონებმა.
_ რა ბერკეტები გვაქვს მედიასაშუალებებს, რომ ამ ყველაფერს აღვუდგეთ წინ მანამ, სანამ ჯერ კიდევ დარჩა მცირედი თავისუფალი სივრცე ქვეყანაში?
_ პირველ რიგში, ხელისუფლებას მედიამ და მედიაორგანიზაციის ყველა წარმომადგენელმა კარგად უნდა დაანახოს, რომ ის არ აპირებს თავსმოხვეული კანონის შესრულებას. ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, ძალიან რთულია ამის თქმა, მაგრამ ეს კანონი არის რუსული პოლიტიკის ნაწილი, ამიტომ ჩვენ ღიად უნდა ვთქვათ დღესვე, რომ მიღების შემთხვევაშიც კი არავინ არ შეასრულებს ამას და ჩვენ თუ გვემუქრებიან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენს ქვეყანაში არავინ აპირებს ამ მუქარით დაიწეროს ყველაზე მიუღებელი და დამაკნინებელი სახელი, რომ ის არის თითქოს აგენტი და არ მუშაობს თავისი ქვეყნის ინტერესებისთვის. ეს განცხადება ვფიქრობ, რომ არის გადამწყვეტად მნიშვნელოვანი ჩვენი პარტნიორებისთვისაც და, მათ შორის, რუსეთისთვისაც, რომელსაც ჰგონია, რომ საქართველოს მოსახლეობის დაჩაგვრა არის 21-ე საუკუნეში მისი მიზანი და ეს შესაძლებელია. მეორე: ვფიქრობ, რომ განსხვავებული სარედაქციო ხაზის მიუხედავად, დღეს ჟურნალისტების სოლიდარობა არის განსაკუთრებული და იმ მედიის წარმომადგენლებსაც კი, რომლებიც სამთავრობო მედიის ნაწილი არიან, უნდა ესმოდეთ, _ კოლეგიური სოლიდარობა დღეს გადაარჩენს სიტყვის თავისუფლებას.
ნათია კუპრაშვილი _ რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის თავმჯდომარე:
_ ნათია, რა ბედი ელის დამოუკიდებელ რეგიონულ მედიასაშუალებებს, რომლებიც უმეტესწილად უცხოური გრანტებით არსებობენ და პარტნიორი ქვეყნების დახმარებაზე არიან მიბმულები, თუ მმართველი გუნდი აღნიშნულ კანონპროექტს უკვე კანონის სახეს მისცემს?
_ დავიწყოთ იმით, რომ დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს აქვთ გამჭვირვალობის კანონი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ვადეკლარირებთ ღიად და ნებისმიერს შეუძლია ამის გადამოწმება, რომელი ქვეყანა რას იხდის, რომელი რეგიონი, რომელი სუბიექტი რა თანხას იხდის. განცხადება რომ მოაქვს ადამიანს მედიასაშუალებაში, იმასაც კი ვადეკლარირებთ. ნებისმიერს შეუძლია შევიდეს მარეგულირებელი კომისიის გვერდზე და ნახოს მედიების შემოსავლები და გასავლები. უფრო მეტი გამჭვირვალობა უკვე შეუძლებელია, რადგანაც არაფერი გვაქვს დაფარული, მათ შორის, რიგითი ადამიანისთვისაც. ანუ ასე არ არის, რომ საგადასახადოს აწვდი და შემდგომ ვერ იგებ, რა ხდება. გარდა ამისა, არსებობს ცალკე გრაფა, სადაც ქვეყნების მიხედვით არის ჩაშლილი დაფინანსების ნაწილი. ამიტომ თუკი ვინმესთან დაკავშირებით ამბობს ყველაზე დიდ მამალ ტყუილს ხელისუფლება, ეს ვართ ჩვენ, მედიასაშუალებები, იმიტომ რომ გამჭვირვალობის მიხედვით ეს კანონი ჩვენს შემთხვევაში მოქმედებს.
_ მაშინ რა არის განსხვავებული, რაც ხელისუფლებას შემოაქვს?
_ ეს არის რეესტრის სახელდება: რეესტრში გვარქმევს უცხო ძალის აგენტებს, რაც არის კატასტროფულად მიუღებელი, რადგანაც ჩვენ არ ვართ არცერთი ქვეყნის აგენტი, გარდა ჩვენი ქვეყნისა და არ დავირქმევთ ამ სახელს, ეს ჩვენი სინდისის წინააღმდეგ წასვლაა.
რაც შეეხება იმას, იღებს თუ არა რეგიონული მედია დახმარებას უცხოური პარტნიორების მიერ, ამას არც თავად უარყოფენ რომ, ისინი არიან პარტნიორები და ჩვენი მხარდამჭერები.
რეგიონული მედიის სისტემა ისე არის შექმნილი, რომ დამოუკიდებელ მედიაში ფული არ მიდის, შეიძლება ფული მიდიოდეს სახელმწიფო მედიებში. დამოუკიდებელ მედიებში ქართული ბიზნესი ფულს ნაკლებად ხარჯავს. მთავრობის ფულს რაც შეეხება, ისეა მოწყობილი ეს ქვეყანა, რომ თუკი რეკლამას ყიდულობს მთავრობა, მას არ უნდა მიჰყვებოდეს გავლენები, მაგრამ ჩვენთან ყველაფერი უკუღმაა, რადგანაც თუ მთავრობის ფულს ჰკიდებს ვინმე ხელს, უწევს ისაუბროს იმაზე, რა კარგად გაიყვანეს გზები, რომ ჩიტები ჭიკჭიკებენ, პეპლები დაფრინავენ და ა. შ. ამიტომ დამოუკიდებელ ფულს ამას ვერ დავარქმევთ. ე. ი. ეს თანხებიც არ არის დამოუკიდებელი შინაარსის საწარმოებლად.
დაგვრჩა დამოუკიდებელი მოქალაქე, რომელსაც ფული არ აქვს, თორემ ისე ყოველდღიურად აკითხავს მედიასაშუალებებს და სთხოვს, რომ იქნებ, მომიგვარო პრობლემა, მაგრამ მას ამის საშუალება არ აქვს, რომ უზრუნველყოს ჩვენი გადაადგილება.
ერთადერთი, ვინც რჩება, რომელიც შეიძლება გაძლევდეს თანხას, რომ მიეხმარე შენს ადგილობრივ მოქალაქეს, მონიტორინგი განახორციელე, დაფინანსების წყარო არის მეგობარი სახელმწიფოების საგრანტო ხაზები, რომლებიც შეიძლება სულაც არ იყოს დიდი მოცულობის, იყოს 2000 ან 3000-დოლარიანი. ჩვენმა აუდიტორიამ რომ დაძებნოს საგრანტო პროექტები ნახავს, რომ ეს არ არის დიდი ფული, მაგრამ მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ იფუნქციონიროს მედიამ.
არანაირი პრობლემა არ იქნებოდა ამ რეესტრშიც მონაცემების შეტანა, რომ არა სახელდება და ფილოსოფია აღნიშნული რეესტრის. ჩვენ გვეუბნებიან, რომ ეს არის ქვეყნის ღალატი და მოკავშირესთან რომ იწყებ ასეთი ტიპის ურთიერთობას, ეს არის საფრთხის შემცველი ამ საზოგადოებისთვის. თან გეუბნებიან, აღიარო და შუბლზე დაიწერო ის, რაც არ ხარ! ამას არცერთი დამოუკიდებელი მედია არ გააკეთებს.
_ რა ემუქრება მედიასაშუალებების ხელმძღვანელებს „გამჭვირვალობის კანონის“ მიღების შემთხვევაში?
_ გააჩნია, რომელ კანონს მიღებენ. ამ კანონპროექტის ორი ვერსია არის, თუმცა არცერთი არ არის არც ამერიკული და არც ფრანგული, ორივე ვერსია არის რუსული კანონპროექტი. პირველი ეს არის ჯარიმების ნაწილი, რომლის მიღების შემთხვევაშიც დამოუკიდებელი მედიები მეორე დღესვე დაიხურებიან. რომც არ გსურდეს დარეგისტრირება, მაინც გარეგისტრირებენ, რადგანაც აუცილებლად უნდა დაგარქვან ეს სახელი, მათი მიზანიც სწორედ ეგ არის, რომ სახელი დაგარქვან ცუდი, თორემ გამჭვირვალობა ისედაც უზრუნველყოფილია. ერთადერთი რისი შიშიც დარჩა ამ ხელისუფლებას, არის დამოუკიდებელი მედიები და სწორედ მათგან უნდათ ველის გაწმენდა, ამიტომ პირველ რიგში დახურავენ ასეთ მედიებს.
ძალით შეიყვანენ რეესტრში და როდესაც ისინი განაცხადებენ, რომ უარს ამბობენ ამაზე და არ ეთანხმებიან ყოველივე ამას, აუცილებლად დააჯარიმებენ და შემდეგ ეს მედიები ლიკვიდაციაზე წავლენ. არც იმას გამოვრიცხავთ, რომ შეიძლება პირდაპირ წავიდეთ ლიკვიდაციაზე, რომ ძალით არ დამაწერონ ის, რაც არ ვარ.
რაც შეეხება მეორე ვარიანტს, ამ შემთხვევაში პირდაპირ დაგვიჭერენ და ხუთწლიან სასჯელს მოგვცემენ, სავარაუდოდ.
_ რა შეგვიძლია გავაკეთოთ და რამდენად მნიშვნელოვანია ახლა მედიის სოლიდარობა?
_ პირველ რიგში, ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია სოლიდარობა და ის, რომ ამ კუთხით ერთიანია ყველა ორგანიზაცია, მიუხედავად იმისა, რომ ეს არც ჩემს ორგანიზაციას ეხება დაფინანსების მხრივ, რადგანაც არ მქონია დიდი საგრანტო დაფინანსება გასულ წელს. მაგრამ მაინც შეიძლება შემეხოს გამომდინარე იქიდან, რომ პირდაპირ არის ჩაწერილი: უცხო ქვეყნის აგენტი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც არ აქვს დაფინანსება, მაგრამ თავს წარმოაჩენს აგენტად. ანუ ხელისუფლება გვეუბნება, აგენტს დაგარქმევ იმ შემთხვევაშიც, თუ კოჭებში არ მომეწონეო. ეს არის ჩვეულებრივად ხელისუფლებაში მყოფი ძალის ნებაზე დამოკიდებული. შეიძლება სულ არ იყო მედია ან სამოქალაქო საზოგადოება, მაგრამ ისიც კი აღიარებული იყოს აგენტად, ამიტომ ვამბობ, რომ ეს კანონი პრობლემური არის ყველასთვის და უკლებლივ უნდა მოვეგოთ გონს და ითქვას, რომ მე არ შევქმნი ინსტრუმენტს ჩემს ქვეყანაში, რომელიც ვიღაცის ახირებაზე დააფუძნებს აზრს, რომლითაც სახელმწიფო გარქმევს აგენტს.
_ ეს კანონი არ შეეხებათ იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს უმრავლესობას წარმოადგენენ?
_ უმრავლესობაში ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს ყველაფერი მათაც შეეხებათ. სხვა რომ არაფერი, გადახედონ თავიანთ გარემოცვას, სად იყვნენ გუშინ და დღეს სად არიან. ე. წ. „ოცნება“ რომც დარჩეს (ეგრეთ წოდებულს იმიტომ ვამბობ, რომ ვინც გუშინ იყო „ოცნებაში“, ყველა გარეთ არის და ვინც იყო „ნაციონალურ მოძრაობაში“, ყველა შიგნით ჰყავს „ოცნებას“), ასეთი ტიპის ტრანსფორმაციები, რომ შეიძლება ვიღაც უცებ გარეთ აღმოჩნდეს და ვიღაცას მოეჩვენოს, რომ ის იყოს აგენტი, ძალიან მარტივი შესაძლებელია.
როდესაც 1937 წელს დაიწყო რეპრესიები და დასმენები, „გლავლიტი“ რომ იყო ცენზურის ორგანო, რომელიც აცენზურებდა ყველაფერს, იქ მომუშავე ადამიანები ისე გაიტაცა ამ ჩაშვებებმა, რომ მოხალისე ჩამშვებები და ცენზორები გაჩნდნენ. ორი წლის შემდგომ, 39 წელს, ანგარიშია დაწერილი, ვინ მუშაობს ამ ორგანოში და აღმოჩნდა, რომ სრულიად ახალი ადამიანები იყვნენ მოსულები, რადგანაც ვინც უშვებდა სხვებს, უკვე ერთმანეთის ჩაშვება დაიწყეს და ყველა გაციმბირდნენ ან დახვრიტეს. ამიტომ ვამბობ, რომ, საბოლოო ჯამში, შესაძლოა, უმრავლესობაში მყოფ პირებსაც შეეხოს ეს ყველაფერი და უნდა მიხვდნენ, სად ბანაობენ.
დადგება ისტორიული სამსჯავრო და ისეთი ხვალინდელი დღე გაუთენდებათ, სადაც ნახავენ, როგორი იქნება დასავლეთის პასუხი, რადგანაც როდესაც მოყვარეს უწოდებ მტერს, ამას მოჰყვება მწვავე რეაქცია.