კახა ქემოკლიძე: „ერთადერთი პარტია, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობს, არის „ქართული ოცნება“
გიგა გელხვიიძე
რუსეთის მიერ საქართველოსთან მიმართებით მოულოდნელად დამთბარი პოლიტიკური განცხადებები, ქვეყანაში არსებული შიდა პოლიტიკური სიტუაცია და მმართველი გუნდის ქმედებები _ რაზე გადის ივანიშვილის შესაძლო დასანქცირება და რა კავშირები არსებობს „მთავარ“ ოპოზიციურ პარტიასა და „ქართულ ოცნებას“ შორის? _ აღნიშნული საკითხების შესახებ სასაუბროდ „ქრონიკა+“ ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელსა და პარლამენტის ოპოზიციონერ წევრ კახა ქემოკლიძეს დაუკავშირდა.
კახა ქემოკლიძის შეფასებით, ორ მთავარ ძალას შორის არსებული დამოკიდებულება არც ისე რთული და მძიმეა, როგორც ეს ტელეეკრანიდან ჩანს _ რა ხდება ქართულ პოლიტიკურ თეატრში, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ:
_ ბატონო კახა, 24 თებერვალს თბილისში, რუსთაველის გამზირზე სამმა ოპოზიციურმა პარტიამ და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა მასშტაბური აქცია დააანონსეს, სადაც სხვა ოპოზიციურ პარტიებსა და ყველა იმ ადამიანს შესთავაზეს ერთად დგომა, რომლებიც უკრაინისა და საქართველოს ევროპული მომავლის ირგვლივ არიან გაერთიანებულები. შეუერთდება თუ არა აქციას პარტია „საქართველოსთვის“?
_ ვფიქრობ, რომ ამ აქციასთან დაკავშირებით ჩვენი გუნდის წევრები, ისევე როგორც მხარდამჭერები, ინდივიდუალურად მიიღებენ გადაწყვეტილებას, როგორც ყოველთვის აკეთებდნენ ხოლმე. ჩვენი მიდგომა ამ საკითხების მიმართ ყოველთვის იყო და არის ძალიან თავისუფალი. დარწმუნებული ვარ, ზოგიერთი წარმომადგენელი შეიძლება მივიდეს და ზოგიც _ არა.
_ საკმაოდ პასიური გახდა დღეს ოპოზიციური ფლანგი _ სულ უფრო ნაკლებია პოლიტიკური აქტივობა და უფრო მეტი დოზით გვხვდება ბრიფინგები და ინტერვიუები, რასაც დღეს „კამერებთან კეკლუცს“ უწოდებს ქართული საზოგადოება _ რისი შედეგია ეს?
_ ყველას სახელით ვერ ვისაუბრებ, მაგრამ შემიძლია გიპასუხოთ პარტიის სახელით. ჩვენ აქტიურად ვცდილობთ, მხარდამჭერები და მთლიანად ბირთვი მზადყოფნაში იყოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. მგონია, რომ დასახული გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა, მონოტონურად ვუდგებით ამ საკითხს და მივდივართ მიზნის მისაღწევად. რაც შეეხება სხვა პარტიებს, ქართულ პოლიტიკურ კონტექსტში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა არის თანმიმდევრულობა. როდესაც ადამიანები ერთს ამბობენ და მეორეს აკეთებენ, ხოლო მეორეს აკეთებენ და შემდეგ მესამეს გაიძახიან, მხოლოდ მესამეს ჯერზე პირველ ჩვენებას უბრუნდებიან, ეს არის სწორედ ნიჰილიზმის წყარო, რომელსაც ქართველი ამომრჩევლის ელექტორატი განიცდის ხოლმე.
_ პოლიტიკური ალიანსი გახარიას პარტიასა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, _ ეს იყო ერთ-ერთი აქტიური თემა და მთავარი ბრალდება, რომელიც ნიკა მელიას მისამართით გაჟღერდა ენმ-ს შიდაპარტიული არჩევნების დროს. რამდენად სწორი იყო „ნაციონალური მოძრაობისა“ და პარტია „საქართველოს“ ტანდემი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში?
_ ერთადერთი პარტია, რომელიც დღესდღეობით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აქტიურ მოკავშირეობაში არის, ეს „ქართული ოცნებაა“, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. რატომ? იმიტომ, რომ შინაარსობრივად, ქმედებების დონეზე, საოპერაციო ველზე, როგორც იქცეოდა „ნაციონალური მოძრაობა“ თავის დროზე, მანკიერ ქმედებებს ვგულისხმობ, პირდაპირ გადმოიღო „ქართულმა ოცნებამ“. მეორე ის, რომ თუკი ვინმე იყო ამორალური „ნაციონალურ მოძრაობაში“, ძალიან ბევრმა ადამიანმა წითელი მაისური გაიხადა და ლურჯი გადაიცვა, ეს ხალხი დღეს სწორედ „ოცნებაში“ არის წარმოდგენილი. „ნაციონალური მოძრაობის“ არსებობა დღეს ქართულ პოლიტიკაში „ქართული ოცნებისთვის“ არის წყალი და ჟანგბადი, ამ სიტყვის ასევე პირდაპირი მნიშვნელობით და ისინი ყველაფერს გააკეთებენ, იმისთვის, რომ ყველა დანარჩენი გაქრეს ან ძირი გამოუთხარონ და ჰყავდეთ მხოლოდ და მხოლოდ ერთი ოპონენტი _ „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც მუდმივად აცოცხლებენ. ამიტომ თუკი ვინმე ეხმარება ენმ-ს, ეს არის „ქართული ოცნება“ მათი ლიდერების თაოსნობით.
რაც შეეხება ამ ბრალდებებს, ჩვენ ამას მიჩვეული ვართ: ზოგი გვაბრალებდა რუსეთთან კავშირს, „ქართული ოცნება“ გვაბრალებს ამერიკელებთან და ა. შ. სინამდვილეში კი პარტია „საქართველოსთვის“, გახარია თავის გუნდთან ერთად, არის ძალა, რომელიც 2021 წლის არჩევნების შემდგომ, ყოველგვარი პარლამენტში შევარდნისა და გამოვარდნის გარეშე, ერთიც და მეორეც, ფაქტობრივად, ჩამოაცილა ერთპიროვნულ მმართველობას. ეს მიზანი და ამოცანა გვაქვს ჩვენ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე. დასრულდა საქართველოში ის ეპოქა, როდესაც ან „ქართულ ოცნებას“ ან „ნაციონალურ მოძრაობას“ შეეძლება ერთპიროვნული მმართველობა, ვინაიდან ერთი წინა ხელისუფლების დროს და ერთიც მოქმედი მმართველობის დროს საკუთარ ძალაუფლებაში გაირყვნა. ამ პროცესების მომსწრე ვართ ჩვენ და ზუსტად ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ 2024 წლის არჩევნებისთვის.
ბატონ ნიკა მელიასთან თანამშრომლობას რაც შეეხება, ეს უფრო სპეკულაციური დაშვებები ჰქონდათ საკუთარი პარტიის წევრებს, იმ ადამიანებს, რომლებსაც არც რეიტინგი გააჩნიათ და არც განსაკუთრებული პოლიტიკური შესაძლებლობები. სინამდვილეში, რეალობა არის ის, რომ „ქართული ოცნება“ აქტიურად ეთანამშრომლება „ნაციონალურ მოძრაობას“ მათი ყველა ლიდერის ჩათვლით.
_ ბიძინა ივანიშვილის შესაძლო დასანქცირებასთან დაკავშირებით მინდა, რომ გკითხოთ: ბოლო პერიოდში ეს საკითხი კიდევ ერთხელ იქცა ქართულ პოლიტიკურ დღის წესრიგში მსჯელობის საგნად, მას შემდეგ, რაც უცხოურ მედიაში მისი წერილი გავრცელდა. ამ წერილის მიხედვით იკვეთება, რომ ივანიშვილისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ფინანსურ სიკეთეებს, რომლებიც ამ მოცემულობით მას შეუჩერდა შვეიცარიული ბანკის გამო. ხომ არ გგონიათ, რომ დასავლეთის ზეწოლა ივანიშვილს გადაადგმევინებს იმ პოლიტიკურ ნაბიჯებს, რომლებსაც პარტნიორები საქართველოსგან მოითხოვენ? ამ კითხვას გისვამთ იმიტომ, რომ თქვენ საკმაო პერიოდის მანძილზე წარმოადგენდით მმართველ გუნდს და, გარკვეულწილად, კარგად იცნობთ ივანიშვილს.
_ ზოგადად, ბატონი ივანიშვილის დასანქცირება, გამომდინარე იქიდან, რომ მას პირდაპირი ზეგავლენა აქვს ქართულ პოლიტიკასა და მმართველ პარტიაზე, ცხადია, პრობლემატური იქნება სახელმწიფო ინტერესებისთვის. ქვეყნის ინტერესებსაც დააზიანებს მისი დასანქცირება, თუმცა დასანქცირების თუ არდასანქცირების საკითხი თავად მის ხელშია და რაც უფრო მეტ შეცდომას დაუშვებს და რაც უფრო პირდაპირ დადასტურდება მისი ჩარევა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, რაც უკვე შემდგარი ფაქტია და საქართველოსთვის მოფიქრალ და გულშემატკივარ არცერთ დასავლელ პარტნიორს ამაში ეჭვი აღარ ეპარება, ეს მოუღებს ბოლოს. ყველაფერი არის სწორედ იმ შეცდომების ბრალი, რომელიც ბატონმა ივანიშვილმა დაუშვა. ამიტომ უნაყოფოა საუბარი იმაზე, რომ მან თითქოს ოფიციალურად განაცხადა ქართული პოლიტიკიდან მისი წასვლის შესახებ, მთელი ამ ქმედებებითა და მანიპულაციებით, რომელსაც „ქართული ოცნება“ მიმართავდა. ამით მხოლოდ დადასტურა ის, რომ არსად წასულა და სწორედ ის არის პოლიტიკური პროცესების ერთგვარი ხერხემალი. შესაბამისად, რა თქმა უნდა, რეალობა ძალიან დამაზიანებელი შეიძლება აღმოჩნდეს მისთვის და მისი გარემოცვისთვის.
_ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო, ფაქტობრივად, ჩიხში მოექცა. უცხოელ ექსპერტებს აქვთ დასკვნები, „ვივამედიც“ ადასტურებს, რომ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა უკვე მისულია კრიტიკულ ზღვარზე. თუმცა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ, დამატებითი ექსპერტიზა დანიშნა იმ დასკვნებზე, რაც დადებული აქვთ უცხოელ ექსპერტებს. თუ სააკაშვილის შემთხვევაში დადგება ლეტალური შედეგი, რას მოუტანს ეს ქართულ პოლიტიკას და საქართველოს სამომავლო კურსს?
_ პრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ რამდენიმე მნიშვნელოვანი გზავნილი: ნებისმიერი რამ, რაც დაემართება მესამე პრეზიდენტს, მის ჯანმრთელობას, მის მდგომარეობას, ამაზე ერთადერთი პასუხისმგებელი (ამას აღიარებს თვითონ „ოცნება“), არის მმართველი პარტია და აღმასრულებელი ხელისუფლება. შესაბამისად, ყველა ის ადამიანი, ყველა ის პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომელსაც პირდაპირი თუ ირიბი შეხება აქვს ამ პროცესთან, ეს არის შემდგარი ფაქტი. ეს უნდა გაითავისოს „ქართულმა ოცნებამ“. თუ კი მას რაიმე შეემთხვევა, რამე დაემართება, ეს არა მარტო ქვეყნის იმიჯს დააზიანებს, იმიტომ რომ მხოლოდ და მხოლოდ არაცივილიზებულ სახელმწიფოებში კვდებიან პატიმრები და, მით უმეტეს, ისეთი პატიმრები, რომლებიც ყოფილი პრეზიდენტები იყვნენ. ჩვენ გარდამავალი დემოკრატიისა და ეკონომიკის ქვეყანა ვართ, რომელსაც ამბიციური გეგმები აქვს დასავლეთში, ცივილიზებულ სამყაროში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და მსგავსი ტიპის ფაქტები ძალიან დაგვაზიანებს. მაგრამ ზოგადად ის ფაქტი, რომ ეს საკითხი სპეკულაციურად შუქდება ან ერთი მხარის ან მეორე მხარის მიერ და, გარკვეულწილად, ერთის და მეორის ინტერესებს ემთხვევა, რომ ეს საკითხი მუდმივად იყოს დისკუსიისა და მსჯელობის საგანი, ესეც შემდგარი ფაქტია. „ქართულ ოცნებას“ დღეს ძალიან დიდი კომფორტი აქვს, რომ სააკაშვილი ამ მდგომარეობაში ჰყავს. ერთი გასროლით რამდენიმე კურდღელს კლავს. ეს საკითხი მუდმივად ყველგან ტრიალებს და გაბინდულია მედიასივრცე. ყველა დანარჩენი პრობლემა ყურადღების მიღმა რჩება: უმუშევრობა, ფასების ზრდა, ქვეყნიდან საქართველოს მოქალაქეების გადინება, წარმოუდგენელი ინფლაცია, სიდუხჭირე. გარდა ამისა, „ოცნებამ“ ეს ფაქტი გამოიყენა ეფექტიანად და „ნაციონალურ მოძრაობაში“ კიდევ უფრო ტექტონიკური პროცესები წამოიწყო, რომ ერთმანეთისთვის გადაეკიდებინა ხალხი პარტიაში. სააკაშვილის ფაქტორი ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ამ პარტიის წევრებისთვის და მესამე, ის მუდმივად ქართულ საზოგადოებას აჩვენებს, რომ აი, ჩვენ გვყავს ეს ბუა, რომლის უკან დაბრუნება ან მასთან დაკავშირებული პირების უკან დაბრუნება ყოველთვის იქნება პრობლემა ქართული საზოგადოებისთვის. ამით ხელისუფლება სიცოცხლისუნარიანობას იხანგრძლივებს.
_ მინდა შეაფასოთ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადება რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების შესაძლო აღდგენაზე: რუსეთს სურს, საჰაერო მიმოსვლა აღადგინოს საქართველოსთან, რომელიც მან თავად შეაჩერა. რამ გამოიწვია რუსეთის ეს გადაწყვეტილება და ურთიერთობების დათბობა საქართველოსთან? რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ ისეთი, რომ რუსეთმა თავისი გაუქმებული ფრენების აღდგენა მოისურვა და ტაშს უკრავს „ოცნების“ პოლიტიკას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ?
_ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა არის ძალიან დამაზიანებელი ამ კუთხით და გეტყვით, რატომ: პირველი, მათ არ ესმით ის გეოპოლიტიკური კონტექსტი, რომელიც შექმნილია მსოფლიოში. დღეს, როდესაც ფაქტობრივად მთელი ცივილიზებული სამყარო რუსეთთან ფრენებს წყვეტს, იმის გამო, რომ ეს ქვეყანა იზოლაციაში უნდა დარჩეს, იმის გამო, რომ აბსოლუტურად გიჟური ომი წამოიწყო და მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავს, ამის გამო პროგრესული სამყარო ამ ომს ემიჯნება, მაშინ როდესაც საქართველოს ხელისუფლება, პირდაპირ თუ სხვადასხვა კერძო პირების დახმარებით, ცდილობს სიტუაციის პრომოუშენი გააკეთოს და თქვას, რომ ფრენების აღდგენა ამ გეოპოლიტიკური ფაქტორის გათვალისწინებით ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია, ეს ასე არ არის. შეიძლება, არსებობდეს ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც პირდაპირი ფრენები ერჩივნოს, მაგრამ ეს რომ დღეს იყოს განსაკუთრებული აუცილებლობა, ასე არ არის. „ქართული ოცნება“ პირდაპირ იტყუება, როცა ამბობს, რომ რუსეთთან ფრენები არის ჩვენი მოქალაქეებისთვის წარმოუდგენლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ჩვენი მოქალაქეებისთვის ბევრად მნიშვნელოვანია, რომ საქართველო დარჩეს ევროატლანტიკურ სივრცეში, გახდეს ევროკავშირის წევრი და, შესაბამისად, შეიქმნას უამრავი სამუშაო ადგილი და ხალხი კი არ არ გარბოდეს აშშ-ში, ლიეტუვაში, პოლონეთში, არამედ პირიქით, მოდიოდეს საქართველოში, ბრუნდებოდეს უკან. აი, ეს ურჩევნია საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას. „ქართული ოცნების“ პრობლემა არის ის, რომ მას არ ესმით გეოპოლიტიკური კონტექსტი ან არ ესმის და პირიქით, შეგნებულად აკეთებს ამ დამაზიანებელ ქმედებებს, რაც ახარებს რუსეთს, იმ რუსეთს, რომელიც შენი მოძმე ქვეყნის წინააღმდეგ აწარმოებს სისხლისმღვრელ ომს. ამ ომის მენიუში უკრაინა კი არა, უკრაინასთან ერთად ჩადებული იყავი შენ, საქართველოც და მოლდოვაც. იქ წარმოებული ომი, გარკვეულწილად, პირდაპირ არის დაკავშირებული შენს გეოპოლიტიკურ მომავალთან და განვითარების ვექტორთან.