მურმან დუმბაძე: „ოპოზიციამ უნდა დატოვოს პარლამენტი და ქუჩაში გავიდეს“
თამარ სანაძე
პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია. პროცესების განვითარებას ევროპელი და დასავლელი პარტნიორები თვალყურს ადევნებენ და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, მიეცეს მესამე პრეზიდენტს მკურნალობის საშუალება.
ცოტა ხნის წინ პოლონეთის სეიმმა 438 ხმით მიხეილ სააკაშვილის შესახებ რეზოლუცია მიიღო. ოფიციალური ვარშავა საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაუყოვნებლივ სპეციალიზებულ სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვს:
„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შემაშფოთებელი ცნობები ვრცელდება. ექიმების დასკვნით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დღითი დღე უარესდება. მხედველობაში ვიღებთ მედიკოსების მძიმე დასკვნებს. ამ დრამატულ ვითარებაში სეიმმა მიიღო გადაწყვეტილება, მოუწოდოს საქართველოს მთავრობას, იხელმძღვანელოს საერთაშორისო ჰუმანიტარული პრაქტიკით და მისცეს მიხეილ სააკაშვილს საშუალება, მიიღოს სათანადო სამედიცინო მომსახურება უცხოეთში. ასევე პოლონეთის სეიმი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას და სთხოვს მას, მიიღოს აქტიური მონაწილეობა სააკაშვილის გადარჩენის პროცესში. პოლონეთის სეიმი მხედველობაში იღებს მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ საზღვარგარეთ სათანადო სამედიცინო მკურნალობის მიღებისა და გამოჯანმრთელების შემდეგ ის დაბრუნდება საქართველოში და მოიხდის დაკისრებულ მსჯავრს“, _ განაცხადა პოლონეთის სეიმის მარშალმა.
ასევე მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე განცხადება გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის უფროსის მოადგილემ, ვენდანტ პატელიმ: „ჩვენ ვაგრძელებთ ღრმა შეშფოთებას და ყურადღებით ვაკვირდებით ამ სიტუაციას, განსაკუთრებით მის ჯანმრთელობის მდგომარეობას“.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, მის მიმართ საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებასა და მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესებზე ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, მურმან დუმბაძემ, გაზეთ „ქრონიკა+“-თან ვრცლად ისაუბრა:
_ ბატონო მურმან, ბევრი საერთაშორისო პარტნიორი ღიად მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი უცხოეთში, შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში. პოლონეთის სეიმმა 438 ხმით მიხეილ სააკაშვილის შესახებ რეზოლუცია მიიღო. ოფიციალური ვარშავა დაუყოვნებლივ ითხოვს საქართველოს მესამე პრეზიდენტის სპეციალიზებულ სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას და ღიად მოუწოდებს საქართველოს მთავრობას ამისკენ, თუმცა „ოცნება“ ჩვეულ რიტორიკას არ ღალატობს. რა მოლოდინი გაქვთ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით?
_ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიდან, მოკავშირეებიდან არავინ დარჩა, რომელსაც მიმართვის, რეზოლუციის, ინდივიდუალური მიმართვის დონეზე მაინც არ დაეფიქსირებინოს მიხეილ სააკაშვილის შესახებ პოზიცია. პოლონეთის სეიმმაც გააკეთა ოფიციალური მიმართვა საქართველოს ხელისუფლების წინაშე. პრაქტიკულად, დასავლეთი, აშშ, ევროპის წამყვანი ქვეყნები, ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია. როცა ისინი ამ განცხადებებს აკეთებენ, ეყრდნობიან სამედიცინო დასკვნას, რომელიც არ არის დაწერილი მხოლოდ ქართველი ექიმების მიერ. ჩვენ უნდა ვენდოთ ნეიტრალურ მედიცინას, ამ შემთხვევაში ევროპელებს, ამერიკელებს. სასამართლო პროცესები მიმდინარეობს, ექიმები და ექსპერტები, რომლებიც ამ საქმეში მონაწილეობენ, აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი 120 კილოგრამი შევიდა საავადმყოფოში და დღეს იგი 70 კილოგრამია. მას აქვს თითქმის მისი წონის ნახევარი დაკლებული და ის უკვე სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა. ყველაფერი თითქოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მაგრამ მაინც მგონია, რომ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, უფრო მეტად აქტიურები უნდა ვიყოთ. პარტიებმა ყველაფერი გააკეთეს, ასევე ჩვენმა მოკავშირე სახელმწიფოებმა, საერთაშორისო პარტნიორებმა, უკრაინით დაწყებული, ამერიკის შეერთებული შტატებით დამთავრებული. ამ საქმეს გამოეხმაურა ყველა, სახელმწიფო დეპარტამენტი, მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, რომლებიც მსოფლიო პოლიტიკის ყურადღების ცენტრში არიან, ეს ხალხი ოფიციალურ განცხადებებსა და მოწოდებებს აკეთებს. ქართველმა ხალხმა, საქართველოს მოქალაქემ უნდა მიიღოს მესამე პრეზიდენტის საქმეში გადამწყვეტი მონაწილეობა. საქართველოს მოქალაქეები უფრო აგრესიულები უნდა გავხდეთ ხელისუფლების მიმართ. მარტო სატელევიზიო განცხადება, საგაზეთო ინტერვიუ და მიკროფონთან ლაპარაკი საკმარისი არ არის. გამოსავალია ერთად დგომა და თქმა იმისა, რომ რუსული ხელისუფლება არ შეიძლება იყოს საქართველოს ოფიციალური ხელისუფლება. ჩვენ რეალურად პრორუსული ხელისუფლება კი არ გვყავს, ოფიციალურად რუსული ხელისუფლება გვყავს. რამდენი მთავრობა გამოვიარეთ და „ქართული ოცნება“ არის პირველი ხელისუფლება 30 წლის შემდეგ, რომელიც ღიად მხარს უჭერს ამ იმპერიალისტურს ომში რუსეთს და რომელსაც სჯერა, რომ პუტინი არის უძლეველი. საქართველოს მოქალაქეზეა დამოკიდებული ძალიან ბევრი რამ. თუ ჩვენ უფრო მკაცრები არ ვიქნებით და უფრო მომთხოვნები, ხელისუფლებას ყველაფერი გაუვა. მე არ ვიცი, ეს რამდენ ხანს გაგრძელება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენი ხელისუფლება ძალიან დიდ დისკომფორტს ვერ გრძნობს საქართველოს სტატისტიკური მოქალაქისგან. ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო აგრესიულები.
სწორედ ამ კუთხით მიმყავს საუბარი. დეკლარაციები, მიმართვები, პოლიტიკური განცხადებები, სანქციები ყველაფერი გასაგებია და მნიშვნელოვანია, არავინ ამბობს, რომ ამის გარეშე შედეგის მიღწევა შეიძლება; ამასთანავე, როცა სახელმწიფო დეპარტამენტი რეაქციას გამოხატავს ამასთან დაკავშირებით, როცა ლორდთა პალატაში ლაპარაკობენ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე, როცა სხვა ქვეყნის პარლამენტები შეშფოთებულები არიან, მუშავდება ევროკავშირისა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციები, ევროსაბჭოს რეზოლუციები, მიტინგებიც კი იმართება სტრასბურგში… ამის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილი მაინც მყარად დგას და ფიქრობს, რომ მას აქამდე ყველაფერი გაუვიდა, მეთერთმეტე წელიწადია უკვე ხელისუფლებაშია და ცდილობს, ახლაც ყველაფერი გაუვიდეს. ის რუსეთზეა დამოკიდებული, ამიტომ მისი მთავრობა მაქსიმალურად ყველაფერს აკეთებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთმა გაიმარჯვოს. ადამიანები იმის მიხედვით კი არ უნდა შევამოწმოთ, თუ ვინ რას ამბობს, არამედ ვინ ჰყავს მას მოკავშირედ. „ქართული ოცნების“ მოკავშირე ხალხი ავტომატურად არის ვლადიმირ პუტინის მოკავშირე. პირდაპირ სოციალური ქსელებიდანაც კი, მათი გამონათქვამებიდან, კომენტარებიდანაც ჩანს ეს პოზიცია. ადამიანები შოიგუს სურათს აზიარებენ სოციალურ ქსელში და მასთან ერთად ბიძინა ივანიშვილის სურათსაც, ისინი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არიან. პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ხელისუფლებამ შეძლეს პროევროპულად განწყობილი ადამიანების საკმაო ნაწილის დარწმუნება, მათკენ გადაბირება.
დღევანდელი მოცემულობით, შეიძლება ვთქვათ, რომ პროევროპულად, დასავლურად განწყობილ უმრავლესობას გვმართავს უმცირესობა, რომელსაც სურს, რომ პუტინი იყოს უძლეველი და მან უკრაინაში მიმდინარე ომი მოიგოს. ბუნებრივია, თუ რუსეთი უკრაინაში ომს მოიგებს, საქართველოს ბედი ისედაც გადაწყვეტილი იქნება ძალიან მარტივად _ სამ ნაწილად ჰყავს დაშლილი და თბილისში მას რუსული მთავრობა უზის. ამიტომ მას რაიმე განსაკუთრებული იარაღი არ დასჭირდება. ცივი ომი, პრაქტიკულად, უკვე მიმდინარეობს რუსეთსა და საქართველოს შორის იმის გამო, რომ ჩვენ ღიად პრორუსული ხელისუფლება გვყავს. გავიდა ახალი წელი, დამთავრდა საცივის პერიოდი და უნდა ვიაქტიუროთ ყველგან: ქუჩებში, სოფლებში, დაბებში, ქალაქებში, დედაქალაქში, განსაკუთრებით კი პარლამენტის წინ. მე უამრავჯერ გამომითქვამს რწმენა, რომ იმ შემთხვევაში, თუ საპარლამენტო კრიზისს შევქმნით, თუ დავტოვებთ საქართველოს პარლამენტს, ეს ბიძინა ივანიშვილს არ გაუხარდება. ვიღაცებს მიაჩნიათ, რომ ეს ივანიშვილს ძალიან გაახარებს, მაგრამ ეს ასე არ არის. „ქართული ოცნება“ მარტო უნდა დავტოვოთ. არანაირი კავშირი და ურთიერთობა მასთან არ უნდა გვქონდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი და მესიჯი იქნებოდა საქართველოს მოქალაქეებისთვისაც.
_ თქვენ ფიქრობთ, რომ ოპოზიციამ უნდა დატოვოს პარლამენტი და პროცესებმა ქუჩაში უნდა გადაინაცვლოს?
_ დიახ! როცა ხელისუფლება ქვეყნის მტერთან არის შეკრული, ის უნდა დატოვო მარტო. როცა 2022 წლის 24 თებერვალს ომი დაიწყო, 25 თებერვალს ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ის არ ჩავა უკრაინაში და ეს ომი მისი ომი არ არის. მთელი მსოფლიო, ცივილიზებული სამყარო, იქ, სადაც მეტი დემოკრატიაა, სადაც ხელისუფლებები ანგარიშვალდებულნი არიან საკუთარი მოქალაქეების მიმართ, უკრაინის მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებენ. ბიძინა ივანიშვილს კი თუ დავაკვირდებით, მოკავშირე აღარ ჰყავს. მისი მოკავშირე არის ვლადიმირ პუტინის მოკავშირე, ეს შეიძლება იყოს ჩრდილოეთ კორეა, ბელარუსი და ირანი. მას მეტი მოკავშირე არ ჰყავს. ჩინეთი და ინდოეთიც კი განსხვავებულ პოზიციაზე დგანან და მხარს არ უჭერენ რუსეთს. მიუხედავად იმისა, რომ მათ შეუძლიათ დააფიქსირონ ნებისმიერი პოზიცია. ახლა გადამწყვეტი ბრძოლა მიდის სწორედ ამ მიმართულებით, ამიტომ ჩვენ არ უნდა ვიყოთ მხოლოდ ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინელი ხალხის იმედად, საკუთარი თავის იმედადაც უნდა ვიყოთ. ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი იმას, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებიდან წასვლა დავაჩქაროთ და მოვითხოვოთ ვადამდელი არჩევნები. როცა არსებობს სამეული: უკრაინა, მოლდოვა, საქართველო და პროევროპულად განწყობილი საქართველოს მოსახლეობა ელოდება კანდიდატის სტატუსს და ამ სამეულიდან ორ ქვეყანას აძლევენ სტატუსს და შენ არა, ეს ნიშნავს იმას, რომ სერიოზული პრობლემები გაქვს დასავლეთთან ურთიერთობის მიმართულებით. დღეს საქართველო არის ანტიდასავლური, ანტიევროპული განწყობების სერიოზული პლაცდარმი, ასეთი რამ ისტორიას არ ახსოვს! ეს არ შეიძლება, ამას როგორ ბედავენ, ამის გაბედვა როგორ შეიძლება?! ათასობით ადამიანი ჩაწყდა კომუნისტებიდან მოყოლებული, ამას ხომ თაობები შეეწირა! მე არ ვგულისხმობ მხოლოდ მიმდინარე 30 წელს, არამედ დამოუკიდებლობის ოთხწლიან პერიოდს, საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც უამრავი ადამიანი შეეწირა რეპრესიებს: რამდენი პოლიტიკური პატიმარია, რამდენი მოკლულია, რამდენი დასჯილია, რამდენი უცხოეთში გაქცეულია, გადახვეწილი, რამდენი ემიგრაციაში წასული პოლიტიკოსია. ეს მთელი თაობების ბრძოლაა, ეს უძველესი დროიდან დაწყებული ბრძოლაა! ჩვენ გვინდა იმ ხალხთან ყოფნა, ვინც უფრო მეტ დემოკრატიას აშენებს და ვისაც ესმის ანგარიშვალდებულება საქართველოს საზოგადოების მიმართ. მე ხვანაირად ამ ქვეყნის გადარჩენის გზა ვერ წარმომიდგენია. რამდენი წელია, სიტყვა ნატო არ უხსენებია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. დააკვირდით მის ლექსიკას. სიტყვა ნატო ამოღებულია საქართველოს ხელისუფლების ლექსიკიდან. სიტყვა აფხაზეთი ამოღებულია საქართველოს ხელისუფლების ლექსიკიდან, ცხინვალის რეგიონი ამოღებულია საქართველოს ხელისუფლების ლექსიკიდან.
იცით, რა დონემდე მივედი? _ ვფიქრობ, რომ ჩვენ აღმოვჩნდით სუსტები, ნუ დავაბრალებთ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის სიძლიერეს. ბიძინა ივანიშვილი იმდენად იქნება ძლიერი, რამდენად სუსტიც იქნება საქართველოს საშუალო სტატისტიკური მოქალაქე.
_ როგორია სალომე ზურაბიშვილის ფაქტორი საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმეში? ის უცხოურ გამოცემებთან აცხადებს, რომ არ უნდა, პრეზიდენტი ციხეში გარდაიცვალოს, თუმცა ქვეყანაში ადგილობრივ მედიასთან ამაზე საუბარს თავს არიდებს. როგორ ფიქრობთ, წავა ის ბიძინა ივანიშვილზე წინ და შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს?
_ მთელი ევროპა, დასავლეთი აღიარებს, რომ მიხეილ სააკაშვილის წვლილი საქართველოს პროევროპული დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში განუზომელია. აქედან გამომდინარე, ავტომატურად ჩანს, რომ თუ მიხეილ სააკაშვილს რამე მოუვიდა, საქართველოს მიმართ პოზიცია შეიცვლება. მიხეილ სააკაშვილმა ბევრი გააკეთა საქართველოს ევროპული გზისთვის. მას შეცდომები ჰქონდა, ძალიან ბევრი დრამატული შეცდომაც ჰქონდა, მაგრამ ის, რომ საქართველო ისწრაფოდა ევროპული გზისკენ, ამაში არც ერთ ოპოზიციურ პარტიას ეჭვი არ შეჰპარვია, არავის გამოუთქვამს ეჭვი ამასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მაშინ ძალიან შემტევნი და დაუმორჩილებელნი ვიყავით მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ. ჩვენ არასოდეს გაგვჩენია ეჭვი, რომ მისი პროევროპულობა სადავო იყო. კონდოლიზა რაისმა გააკეთა განცხადება. საქართველოს საშუალო სტატისტიკურ მოქალაქეებს არაერთხელ გამოგვითქვამს ეჭვი, რომ მიხეილ სააკაშვილმა 2008 წელს ვერ შეძლო აგვისტოს ომის თავიდან აცილება, ეს აზრი მუსირებდა საქართველოს პოლიტიკურ წრეებში, ეს აზრი იყო საქართველოს მოქალაქეებშიც, მაგრამ კონდოლიზა რაისმა 15 წლის შემდეგ გააკეთა განცხადება: „დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ 2008 წლის აგვისტოში ვლადიმირ პუტინს თბილისის აღება და მიხეილ სააკაშვილის დამხობა უნდოდა“. ეს მისი, კონდოლიზა რაისის სიტყვებია. ის ხომ მაშინ უმაღლესი თანამდებობის პირი იყო. ამას ვერ იტყვის უბრალოდ. ვერ გააკეთებს ამ განცხადებას იმ შემთხვევაში, თუ მას მყარი არგუმენტი არ აქვს. ის ხომ ჩაბმული იყო ამ საქმეებში, მას ხომ ყველაფერი კარგად აქვს შესწავლილი. მიხეილ სააკაშვილის წვლილი ევროატლანტიკური სწრაფვის კუთხით არის განუზომელი, ძალიან დიდი და არ შეიძლება ამ კაცის ჩამოცილება პოლიტიკიდან. ეს უნდა ესმოდეს ბიძინა ივანიშვილს. თუ ასე გაგრძელდება, შეიძლება მიხეილ სააკაშვილის საქმე ყველასთვის ტრაგიკულად დასრულდეს, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ამ საკითხში ბიძინა ივანიშვილის საქმეც ლოგიკურად დასრულდება. აქამდე არ უნდა მივიდეთ. იმედი მაქვს მისი ადვოკატების _ შალვა ხაჭაპურიძე, ვალერი გელბახიანი და მისი სხვა უფლებადამცველები ძალიან კარგად მუშაობენ. მცირე, მაგრამ იმედის ნაპერწკალი არის საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილში. ის საფრანგეთის მოქალაქე და აღარ აპირებს პოლიტიკაში ყოფნა. მას თუ უნდა, რომ ამაყად დადიოდეს ქუჩებში, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენაში საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს. ამ თვალსაზრისით აქაც იმედის ნაპერწკალი არის. სამუშაო ძალიან ბევრი გვაქვს საქართველოს მოქალაქეებს, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს, საქართველოს პრეზიდენტს, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, მაგრამ ამ ჭაობში რომ არ დავრჩეთ, ყველაზე მეტი მაინც საქართველოს მოქალაქემ უნდა იაქტიუროს.
_ 17 და 20 იანვარს მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესია ჩანიშნული, _ როგორია თქვენი მოლოდინი?
_ ვიმეორებ, რომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ძალიან კარგად მუშაობენ. მარტივი საქმე ხომ არ არის ექსპერტების უცხოეთიდან ჩამოყვანა? ნობელის პრემიის ლაურეატი ექსპერტის ჩამოყვანა? ესენი ხომ მსოფლიოში ცნობილი და მაღალი რანგის ექსპერტები და მეცნიერები არიან? მათი ჩამოყვანა, ლაბორატორიული კვლევების აღება, ფიქრი, ჩვენებების მიცემა არ არის მარტივი საქმე. ამ ყოველივეს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ძალიან კარგად ართმევენ თავს. უფლებადამცველები კარგად მუშაობენ. მე რომ პროცესებს ვაკვირდები, ისინი აშკარა უპირატესობაში არიან. მათი მოწინააღმდეგე მხარე, საქართველოს მთავრობის მხარე, პროკურატურა და ადვოკატები ძალიან უსუსურები ჩანან, რაღაც პროცედურულ საკითხებზე ამახვილებენ ყურადღებას, ვიდრე შინაარსობრივ მხარეზე. აქაც იმედის ნაპერწკალი არის, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები მაქსიმალურად მიაღწევენ იმას, რომ სასამართლომ მიიღოს ადეკვატური გადაწყვეტილება.