აკია ბარბაქაძე: „ეს ტრაგედია თუ დატრიალდა, ქართველები ამას ვერ ჩამოვირეცხავთ“
ირინა მაკარიძე
„ეს ტრაგედია თუ დატრიალდა, ქართველები ამას ვერ ჩამოვირეცხავთ და ტყუილად გვგონია, რომ ეს ჩვენ არ შეგვეხება. ყველას შეგვეხება, ვინც მომხრე ვიყავით, ვინც არ ვიყავით, ვინც ხმას ვიღებდით, ვინც არ ვიღებდით, ვინ ამართლებდა ხელისუფლების ამ ნაბიჯს, ვინ _ არა, ამას მნიშვნელობა აღარ ექნება, ველური და გამოქვაბულში მყოფი ხალხის სტატუსი გვექნება, რომ წამებაში ამოვხადეთ სული უკვე მეორე პრეზიდენტს“, _ აცხადებს სამხედრო ექსპერტი აკია ბარბაქაძე „ქრონიკა+“-თან საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ საკაშვილის შესახებ.
რა ასწავლა გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მიღებულმა მწარე გამოცდილებამ? როგორ უნდა გაიაროს ქვეყანამ ბეწვის ხიდზე, რომ კვლავ დაპირისპირების მორევში არ აღმოჩნდეს? რატომ უნდა გავუწოდოთ დახმარების ხელი რუსეთის აგრესიულ ომში მყოფ უკრაინას? _ ამ და სხვა საკითხებზე სამხედრო ექსპერტი აკია ბარბაქაძე „ქრონიკა+“-ს ესაუბრა:
_ აქ არის ორი თემა: ერთია მორალური საკითხი და მეორე არის ვალდებულება. მთავარია მორალური საკითხი _ როდესაც უკრაინაში ბომბები ცვივა და მშვიდობიანი მოსახლეობა, ქალები, ბავშვები, მოხუცები იღუპებიან, იმაზე ლაპარაკი, რომ ამ იარაღში ფული მაქვს გადახდილი, ჟანგიანია და უკრაინელებმა მოგვატყუეს, როგორც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, ეს უკვე ამორალურია. აქ ლაპარაკია იმაზე, რამდენი ადამიანის სიცოცხლე შეიძლებოდა გადაგვერჩინა. კონკრეტულად ამ იარაღის, „ბუკის“ მწარმოებელია ორი ქვეყანა, უკრაინა და რუსეთი. უკრაინას განა არ აძლევენ უკეთეს სისტემებს, აძლევენ, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ხალხის გადამზადება, ვინც ეს იარაღი უნდა გამოიყენოს, დროს ითხოვს, ეს ტექნოლოგია კი მათთვის ცნობილია. სწრაფად გამოიყენებდნენ მას და მრავალი ადამიანის სიცოცხლე გადარჩებოდა. ის, რომ ჩვენც გვჭირდება ეს იარაღი და მსგავსი განცხადებები, არის დემაგოგია. ჯერ ერთი, დასავლეთი ჩვენ მას გვიცვლიდა უკეთესი ტექნოლოგიით, ეს უნდა გამხდარიყო მოლაპარაკების საგანი.
_ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისგან სხვადახვა განცხადება კეთდება, მათ შორის, ერთ-ერთი არგუმენტია ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი და ის, რომ „უკრაინისთვის იარაღის გადაცემა, პრაქტიკულად, ომში ჩართვას ნიშნავს“. ამას რით უპასუხებთ?
_ ჩვენ თუ გამოვიყენებდით ამ შესაძლებლობას და გადავიდოდით ნატო-ს სტანდარტზე, უნდა ყოფილიყო მოლაპარაკება, რომ დასავლეთი გახდებოდა საქართველოს დაცვის გარანტი. თუკი საქართველო დასავლეთის მხარეს იქნებოდა ამ ომში და შეიტანდა მოკრძალებულ წვლილს ამ „ბუკების“ გადაცემით, იგი იქნებოდა ბევრად დაცული, რადგან შესაძლო კონფლიქტის შემთხვევაში ის რუსეთის პირისპირ მარტო არ აღმოჩნდებოდა. ახლა აღმოვჩნდებით მარტო. მე ვკითხულობ, _ რამდენი რაკეტა აქვთ ამ „ბუკის“ და სად აპირებენ ამ რაკეტების შეძენას? ორი ქვეყანაა მწარმოებელი. თუ რუსეთი დაგვესხა თავს, რუსეთი მოგვყიდის თუ უკრაინა?!
ის, რომ საზოგადოებას ვერ დააჯერეს რუსული ნარატივებით, რომ ჩვენ უკრაინას არ უნდა დავეხმაროთ, ახლა შემოიტანეს ახალი თემა, რომ „უკრაინა არ არის ჩვენი მეგობარი“, „უკრაინა გვატყუებს“, „უკრაინამ მოგვატყუა“ და ამიტომ ჩვენ არ უნდა დავეხმაროთ უკრაინას. უკრაინისა და დასავლეთისგან იქმნება მტრის ხატი და შემდეგ უკვე ცდილობენ საკუთარი საქციელის გამართლებას, თუ რატომ არ არიან უკრაინის მხარეს ამ ომში.
_ როგორ ფიქრობთ, ეს არის შიშით, თუნდაც სიფრთხილით ნაკარნახევი პოლიტიკა და აქედან გამომდინარე დაშვებული შეცდომები, თუ ზუსტად და კარგად იციან, რასაც აკეთებენ?
_ 24 თებერვლის შემდეგ ეს ხელისუფლება ღიად დგას რუსულ ნარატივებზე და რუსეთის მხარეს, აქედან გამომდინარე, მათ არ ეშლებათ, შეგნებულად არიან რუსეთის მხარეს, თუმცა კი რუსეთის მხარეს დგომა არ არის არანაირი გარანტია, რომ რუსეთი თავს არ დაგესხმება და არ მოახდენს ბოლომდე ოკუპაციას. ამდენად, რუსეთის მხარეს დგომა მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენელთა კეთილდღეობის გარანტიაა და არა სახელმწიფო უსაფრთხოების.
_ რას იტყვით მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით დასავლეთის წარმომადგენლების განცხადებებისა და ხელისუფლების რეაქციის შესახებ, რომ ეს მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი არ არის?
_ სანამ არ დადგა სააკაშვილის სიცოცხლის საფრთხე, დასავლეთი ამ საკითხს არ ეხებოდა. დასავლეთი გააქტიურდა, როდესაც დაინახა, რომ რისკის ქვეშ არის პატიმრის სიცოცხლე და მისი მკურნალობის უფლება. აქ ლაპარაკია ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნებაზე და შემდეგი საკითხია მისი გასამართლება. მტერიც კი, რომელიც განადგურებს, გიკლავს ჯარისკაცებს, ადამიანებს, თუ ტყვედ ჩაგივარდა, მას აქვს სიცოცხლის უფლება საერთაშორისო კონვენციით.
დასავლეთი საკითხს, პირველ რიგში, ჰუმანიტარული კუთხიდან უდგება და ეუბნება: „არ მოკლა!“ აქედან არის ჯიუტი პასუხები, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა თუ უარესდება, ეს მისი ბრალია და სხვა… როგორც აღვნიშნე, აქ წამყვანია ჰუმანიტარული თემა, თუმცა ამავდროულად ხედავენ, რომ ღიად პოლიტიკური ელფერი აქვს მის პატიმრობას. ყველას ახსოვს პუტინის მუქარა მის მიმართ და საუბარია იმაზე, რომ ის არის პუტინის პატიმარი.
_ ქართველ პოლიტიკოს ნონა მამულაშვილს აქვს ასეთი ინიციატივა, რომ მიხეილ სააკაშვილი, როგორც უკრაინის მოქალაქე, უკრაინამ შეიყვანოს „ტყვეთა გაცვლის პროგრამაში“. რამდენად რეალისტური შეიძლება იყოს ეს ინიციატივა?
_ ეს დამოკიდებულია იმაზე, უკრაინული მხარე რას იზამს და მეორე _ გახდება თუ არა ეს გარიგების თემა რუსეთსა და უკრაინას შორის. ასე თუ მოხდა, კატასტროფა იქნება ქართული ხელისუფლებისთვის. ეს იქნება აღიარება, რომ სწორედ პუტინის ბრძანებით ექცეოდნენ ამ ადამიანს ასე…
ეს ტრაგედია თუ დატრიალდა, ქართველები ამას ვერ ჩამოვირეცხავთ და ტყუილად გვგონია, რომ ეს ჩვენ არ შეგვეხება. ყველას შეგვეხება, ვინც მომხრე ვიყავით, ვინც არ ვიყავით, ვინც ხმას ვიღებდით, ვინც არ ვიღებდით, ვინ ამართლებდა ხელისუფლების ამ ნაბიჯს, ვინ არა, ამას მნიშვნელობა აღარ ექნება, ველური და გამოქვაბულში მყოფი ხალხის სტატუსი გვექნება, რომ ჩვენ წამებაში ამოვხადეთ სული უკვე მეორე პრეზიდენტს.
_ როგორ წარმოგიდგენიათ ამ მდგომარეობიდან გამოსავალი?
_ დემოკრატიულ და თავისუფალ ქვეყანაში ეს საკითხი სასამართლოს გადასაწყვეტი იქნებოდა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ სასამართლო არ არის ამის გადამწყვეტი, ყოველ შემთხვევაში, ამის პრაქტიკა ამ ქვეყანაში არ არსებობს. ამიტომ თუ იქნება საზოგადოების წნეხი, მუდმივი და უწყვეტი პროტესტი, შესაძლოა, ხელისუფლება დათმობაზე წავიდეს. ჩვენ ვიცით, ძლიერი პროტესტების შემთხვევაში, გვაქვს მაგის პრაქტიკა, რამდენჯერმე დაიხია ამ ხელისუფლებამ უკან. შემდეგ მათ შეცვალეს გადაწყვეტილება, მაგრამ პროტესტის მომენტში უკან იხევენ ხოლმე. თუმცა დაზუსტებით თქმა, რა მოუვა იმ ერთ ადამიანს თავში და რას გააკეთებს, ცოტა რთულია. ხელისუფლება და ის „ერთი ადამიანი“ გასული არიან პოლიტიკური ველიდან და მათ ქმედებებს არანაირი საერთო არც კონსტიტუციასთან და არც პოლიტიკასთან არ გააჩნიათ. მათ არ აინტერესებთ ხალხის აზრი, რადგან თანამდებობებზე მათი ყოფნა საზოგადოების აზრზე არ არის დამოკიდებული. საქართველოს მმართველი ძალის წარმომადგენლები შერჩეული არიან მხოლოდ იმ ერთი ადამიანის _ ბიძინა ივანიშვილის მიმართ პიროვნული ერთგულების ნიშნით.
ჩრდილოვანი მმართველობის მთელი სიმუხთლე და ბოროტება არის ის, რომ როგორი ჭკვიანი და პატრიოტიც უნდა იყოს ერთი ადამიანი, ის ყოველთის მოწყვლადია და ალბათობა იმისა, რომ ის შეცდომებს დაუშვებს, უფრო დიდია. ამიტომაცაა, რომ კაცობრიობამ დიდი ხანია უარი თქვა ერთპიროვნულ მმართველობებზე, ეს მხოლოდ ავტორიტარულ და ტირანულ სახელმწიფოებშია შემორჩენილი, დემოკრატიულ სახელმწიფოებში ასე არ არის. აქედან გამომდინარე, ჩვენი ადგილიც განისაზღვრება როგორც არა ცივილიზებული სამყაროს ნაწილისა. საზოგადოების საქმეა, შეეგუება თუ არა ამას. სადამდეც მივცემთ საშუალებას, იმ დრომდე იქნება ეს ხელისუფლება ასეთი ტიპის და ასეთი ფორმით.
_ ბატონო აკია, თქვენ მიმართ სოციალურ ქსელში ხშირად იწერება, რომ იარაღით ხელში იდექით 90-იანი წლების დროს, როდესაც ქვეყანა სამოქალაქო ომში იყო გახვეული. რას იტყვით ამ პერიოდის შესახებ?
_ კი, სამოქალაქო ომში მაქვს მონაწილეობა მიღებული. ყველა სამოქალაქო ომი არის სამარცხვინო ფურცელი ერის ისტორიაში, მნიშვნელობა არ აქვს მხარეს. სამწუხაროდ, ვერც ჩვენი ქვეყანა გაექცა ამას. ჩვენზე უფრო მაღალი დემოკრატიის ქვეყნები არიან, რომლებსაც გადატანილი აქვთ სამოქალაქო ომი. ორივე მხარე დამნაშავეა, როდესაც საქმე სამოქალაქო ომამდე მიდის, მაგრამ როდესაც უკვე ომი იწყება, გინდა-არ გინდა, რომელიმე მხარეს უნდა დადგე. შედეგიდან გამომდინარე, ორივე მხარე დამნაშავეა. ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც ისტორიის თვალსაზრისით, ამ ომის გამომწვევი მიზეზების შესწავლა. ეს პერიოდი კვლევის საგანი უნდა იყოს, რომ მეორედ არ განმეორდეს მსგავსი რამე. სამწუხაროდ, ამ ომის შესწავლა არ ხდება და მხოლოდ პიარიდან და კონკრეტული საკითხებიდან გამომდინარე პედალირებენ.
_ თქვენს ჩართულობაზე რას იტყვით?
_ თუ იმას ამბობს ვინმე, რომ მე გადაწყვეტილების მიმღები ვიყავი, ეს ასე არ არის, მე ვერ ვიქნებოდი გადაწყვეტილების მიმღები, ასაკიდან და მდგომარეობიდან გამომდინარე. სამოქალაქო ომის პირველ ფაზაზე მე არ ვიყავი შეიარაღებულ ძალებში, ვიყავი დაზვერვის ოფიცერი, ჩემი ქმედება გამოიხატებოდა ინფორმაციის მოწოდებაში…
შემდეგ, როდესაც ჩამოყალიბდა ბატალიონი „შავნაბადა“, ვიყავი მისი წევრი. ბატალიონი „შავნაბადა“, ფაქტობრივად, არ მონაწილეობდა სამოქალაქო დაპირისპირებაში. ჩვენ გვიწევდა ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთის საომარ მოქმედებებში მონაწილეობა. ეს არის მოკლე პასუხი. სამწუხაროა, რომ ვიყავი მხარე სამოქალაქო ომის დროს, სხვანაირად არ შეიძლებოდა, მაშინ უნდა დამეტოვებინა ქვეყანა და წავსულიყავი აქედან.
სამწუხაროა, რომ ამ ქვეყანაში არ არის არც თავისუფალი სასამართლო და არც _ ინტერესი რეალურად პრობლემის შესასწავლად. ეს სამოქალაქო ომი, რა თქმა უნდა, არის შედეგი ჰიბრიდული ომისა, რომელსაც აგრესიული რუსეთის იმპერია აწარმოებდა საქართველოს წინააღმდეგ ეროვნული მოძრაობის გააქტიურებიდანვე. ეროვნულ მოძრაობაში ვარ, ფაქტობრივად, 1988 წლიდან, ერთ-ერთი დამფუძნებელი ვიყავი „ტრადიციონალისტთა კავშირის“, რომელიც შემდეგ გაერთიანებული იყო ბლოკში „მრგვალი მაგიდა _ თავისუფალი საქართველო“, აქტიურად ვმონაწილეობდი ყველაფერში. ზვიადის მიერ შექმნილი პირველი სადაზვერვო სამსახურის ოფიცერი ვიყავი, მე მქონდა პირდაპირი შეხვედრები მაშინდელ პრეზიდენტთან და პირადად მისგან ვიღებდი დავალებებს. შემდეგ ის სადაზვერვო სამსახური გაუქმდა, ამ ხალხის პირადი საქმეები დაწვეს და გაანადგურეს, ეს არ იყო საკავშირო უშიშროება, ეს იყო პირველი ეროვნული სადაზვერვო სამსახური…
_ ეს გახდა მიზეზი თქვენი დამოკიდებულების შეცვლის?
_ არა, გასაგები იყო, თუ რა იყო ამ გადაწყვეტილების მიზეზი. შემდეგ მოხდა ის, რომ მაშინდელმა შეიარაღებულმა ძალებმა პრეზიდენტს დაუმორჩილებლობა გამოუცხადა არა იმის გამო, რომ პრეზიდენტის მიმართ ჰქონდათ პრეტენზია, არამედ იმის გამო, რომ არ შეესრულებინათ რუსეთის „გეკაჩეპეს“ დავალება და არ გაეუქმებინათ გვარდია და არ გადაკეთებულიყო იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფად.
_ თქვენ შეიარაღებულ დაპირისპირებაში მონაწილეობდით?
_ ომი დაიწყო და რა უნდა გამეკეთებინა? იცით, როგორ დაიწყო ომი? იყო მიტინგი და უცებ დაიწყო სროლა, მანამდე ბიჭებს ხოცავდნენ ქუჩაში… კიდევ ვიმეორებ, _ ეს არის შესწავლის საკითხი. ადვილია, არ მიიღო არაფერში მონაწილეობა და შემდეგ მორალისტის პოზიციიდან გამოხვიდე და დაიწყო სხვებზე იარლიყების დაკიდება. რეალურად, არავინ გაურბის პასუხისმგებლობას, თუ ვინმეს რამე აქვს კონკრეტული დანაშაული ჩადენილი, უნდა აგოს პასუხი. დღეს რომ გამოვიდეს პუტინის მოთხოვნით ივანიშვილი და გააუქმოს შეიარაღებული ძალები, როგორი რეაქცია უნდა ჰქონდეს საზოგადოებას? შეგიძლიათ გამცეთ ამაზე პასუხი?! არცთუ ისე ადვილია ამ საკითხზე გვერდის ავლა. იყო მოლაპარაკება, პრეზიდენტი ინფორმირებული იყო ყველა საკითხზე, რა მოხდა და როგორ მოხდა შემდეგ, რომ მართლა დაპირისპირებაში გადაიზარდა საქმე, ეს არის საკითხი, რომელსაც სჭირდება გამოძიება.
_ ახლა ძალიან ხშირად ავლებენ პარალელს იმ პერიოდთან და აღნიშნავენ, რომ ჩვენ ვკლავთ მესამე პრეზიდენტს. თქვენი გამოცდილების გათვალისწინებით, როგორ უნდა ავირიდოთ დაპირისპირება თავიდან, რომ ქვეყანა მეორედ არ წავიდეს იმ წრეზე?
_ ჩვენ არ მოგვიკლავს პრეზიდენტი გამსახურდია. ჩვენ გარანტირებულად გავუშვით იგი ოჯახთან და მომხრეებთან ერთად საქართველოდან და გავაკეთეთ ყველაფერი და, მათ შორის, მონაწილეობაც მივიღე, რომ უვნებელი გასულიყო ოჯახთან ერთად.
_ თუმცა შემდეგ ის მაინც დაბრუნდა ქვეყანაში და ტრაგიკული ფინალიც დადგა…
_ ეს საკითხი საჭიროებს შესწავლას… ადამიანებზე იარლიყების დაკიდება ადვილია. ის იყო თავის დაცვასთან ერთად. ჩვენ ხომ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზვიადისტებმა თვითონ მოკლეს პრეზიდენტი? მკვლელობის მომენტში იქ იყო დაცვა და არ ყოფილა სხვა, არც მიმსვლელი და არც მომსვლელი იქ არ ყოფილა. ამიტომ ვამბობ, ეს არის შესწავლის თემა…
იმის მიუხედავად, რომ სხვადახვა თანამდებობა მეჭირა სხვადასხვა პერიოდში, ყოველთვის ყგველაფერი გავაკეთე, რომ მეორედ ასეთი რამ ამ ქვეყანაში არ განმეორებულიყო. ეს არ იყო ნებაყოფლობით ან სურვილით გადადგმული ნაბიჯი, ეს ქმედებები ჩვენზე არ იყო დამოკიდებული, ჩვენ არ ვიყავით გადაწყვეტილების მიმღები პირები და ჩვენ არ მოვსულვართ ხელისუფლებაში არც მაშინ…
ორივე მხრიდან მიღებული არასწორი გადაწყვეტილებები გადადიოდა იმ ბიჭებზე და იმ ახალგაზრდებზე, რომლებიც შემდეგ სიცოცხლეს სწირავდნენ. ბრძოლის ველამდე არ უნდა მისულიყო საქმე…
_ რაც შეეხება 2008 წლის მოვლენებს, შეიძლებოდა თუ არა ამ ომის თავიდან აცილება და თქვენ რა ფორმით იყავით მასში ჩართული?
_ შეუძლებელი იყო, ვერაფრით აიცილებდა თავიდან 2008 წლის ომს საქართველო. მე ამ დროს უკვე ოპოზიციაში ვიყავი. როდესაც ირაკლი ოქრუაშვილი გახდა მინისტრი 2006 წლის დასაწყისში, სამხედრო გამოცდილების 1300 ოფიცერი გაგვიშვა და გამოაცხადა, რომ ჩვენ ვიყავით იმ ქვეყნის აგენტები, სადაც განათლება გვქონდა მიღებული. მე გერმანიაში მივიღე განათლება და მისი განცხადებით, „გერმანიის აგენტი“ ვიყავი. შემდეგ შეიარაღებულ ძალებში აღარ დამაბრუნეს.
_ მეოთხე პრეზიდენტთან როგორ მოხვდით?
_ შემოთავაზება მივიღე პრეზიდენტის გუნდისგან, ვიყავი სამხედრო მრჩეველი, შემდეგ ვიყავი უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, ვიდრე ეს საბჭო გაუქმდებოდა. დაახლოებით წელიწად-ნახევარი მომიწია ამ პოსტზე ყოფნა.
_ თქვენ დააფუძნეთ მოძრაობა. რას იტყვით ამ მოძრაობაზე? ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც თქვენთან ერთად მოღვაწეობენ ამ მოძრაობაში? გეგმავთ თუ არა პოლიტიკაში მოსვლას?
_ „მოძრაობა თავისუფლებისათვის _ წინააღმდეგობის ერთიანი ფრონტი“ _ ასე ჰქვია მოძრაობას. რაც შეეხება წევრებს, ჯერჯერობით მათ არ უნდათ ღიად გამოჩენა. მოძრაობის მიზანია, რომ ქვეყანამ რეალური თავისუფლება მოიპოვოს. მე პოლიტიკაში უკვე ვარ, რაც შეეხება არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, ჯერჯერობით ამის აუცილებლობა არ დგას, რადგან ჯერ არჩევნები შორსაა. საბრძოლველი კი ბევრია, რადგან ამ ქვეყნის პოლიტიკური ვექტორი იცვლილება და საქართველო განვითარების რეალურ შესაძლებლობებს კარგავს.