სოფო ჯაფარიძე: „მიხეილ სააკაშვილი უნდა გადარჩეს!“
გიგა გელხვიიძე
საქართველოს ექსპრეზიდენტი კვლავ უმძიმეს მდგომარეობაშია, _ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა ყოველწუთიერად მძიმდება. ქართველი ექიმებისა და ამერიკელი მედიკოსების პროგნოზით, შესაძლოა ყოველ წუთს დადგეს ლეტალური შედეგი.
ამ ვითარების ფონზე, „ნაციონალურ მოძრაობაში“ _ პარტიაში, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა დააფუძნა, ძალიან რთული ვითარებაა _ პარტიის თავმჯდომარეობისთვის იბრძვის ოთხი წარმომადგენელი: პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია, პარტიის ანტიკორუფციურლი საბჭოს ხელმძღვანელი ლევან ხაბეიშვილი, პარტიის ყოფილი წევრი ნონა მამულაშვილი და სამოქალაქო აქტივისტი გიორგი მუმლაძე.
ოთხ ნაწილად გაყოფილი და შიდა დაპირისპირებისგან დასუსტებული პარტია ამ მოცემულობაში ყოველგვარი საბრძოლო რესურსისგან დაცლილია. ეს მკვეთრად აისახება მის როგორც პოლიტიკურ, ასევე საზოგადოებრივ აქტივობაზე. ჯერ კიდევ 2021 წელს, მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი დააპატიმრეს, პარტიის კონკრეტულ წარმომადგენელბს, მათ შორის, თავმჯდომარეობის ამჟამინდელ კანდიდატ ლევან ხაბეიშვილს, პირადად მიხელ სააკაშვილისგან დაევალათ, რომ მასობრივი საპროტესტო აქციები უნდა მოწყობილიყო და პოლიტიკური ტემპერატურა აწეულიყო, თუმცა ამ უკანასკნელმა არჩია, რომ კონკრეტულ მოცემულობაში საჭირო იყო არა მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის ბრძოლა, არამედ ბრძოლა კორუფციასთან, რის გამოც მან ანტიკორუფციული საბჭო დააფუძნა და ქუჩის სუსხს თბილ კაბინეტში ჯდომა ამჯობინა.
ხაბეიშვილი არ ყოფილა ერთადერთი, რომელმაც სააკაშვილს უღალატა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რაც მიხეილ სააკაშვილი დააკავეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, პარტიული მხარდაჭერა სულ უფრო სუსტდებოდა, მეტიც, პარტიის მოქმედმა ლიდერმა, ნიკა მელიამ, ათობით ათასკაციანი აქცია, კონკრეტული გეგმის არარსებობის გამო, დაშალა, რამაც ამომრჩევლის უკმაყოფილება გამოიწვია.
ბოლო პერიოდში, რაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ მთელი მსოფლიო ალაპარაკდა და არაერთი ლიდერის მოწოდების ფონზე, რომ სააკაშვილი უცხოურ კლინიკაში უნდა გადაეყვანათ სამკურნალოდ, ვინაიდან მისი სიცოხლე საფრთხეში იყო, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არც მეტი, არც ნაკლები, შიდაპარტიულ არჩევნებზე ალაპარაკდნენ. გარკვეულმა ჯგუფებმა, რომლებიც წინა ხელისუფლების საბოლოო კრახთან ასოცირდებიან, პოლიტიკაში დაბრუნება სხვების ხარჯზე გადაწყვიტეს. გამომდინარე აქედან, დღეს, როდესაც ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტსა და „ნაციონალური მოძრაობის“ სულისჩამდგმელ მიხეილ სააკაშვილს ყველაზე მეტად ესაჭიროება დახმარება და თავისი გუნდის თანადგომა, რესურსისგან გამოცლილ პარტიას ერთადერთი იმის შესაძლებლობა აქვს, რომ სასამართლოს ეზოში მომხრეები მიიყვანოს, რომლებსაც ხშირად პლაკატიც კი არ უჭირავთ. ასევე იმის თავიც ძლივს აქვთ, უკვე საგრძნობლად შემცირებულ ელექტორატს დაანახვონ, რომ ისინი კვლავ არსებობენ და მათ ჯერ კიდევ შესწევთ ძალა, ქმედითი ნაბიჯები გადადგან.
მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე, ენმ-სა და ზოგადად ქართულ პოლიტიკურ პროცესებზე სასაუბროდ „ქრონიკა+“ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ წარმომადგენელ სოფო ჯაფარიძეს დაუკავშირდა და შეეცადა მისგან გაერკვია, რა პროცესები მიმდინარეობს ახლა პარტიაში? როგორია მათი გეგმა იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, მხოლოდ ევროპული ტიპის განცხადებებით შემოიფარგლება, თუმცა რეალურ ქმედით ნაბიჯებს არ დგამს? ხოლო მმართველი პარტია კი აცხადებს, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი კარგად არის და ის აუცილებლად მოიხდის ბოლომდე სასჯელს; მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი ყოველ წუთს უარესდება.
_ ქალბატონო სოფო, მიხეილ სააკაშვილის საკითხით დავიწყებ და პირველ შეკითხვას დაგისვამთ როგორც არა პოლიტიკოსს, არამედ მედიკოსს, _ რას გვეუბნება არსებული დიაგნოზები?
_ არსებული დიაგნოზები გვეუბნება იმას, რომ მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე და პაციენტი რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჰოსპიტალიზდეს ადეკვატურ კლინიკაში. მე, როგორც ექიმი, ახლა არ დავკონკრეტდები დიაგნოზებზე, რადგანაც ამაზე უკვე ისაუბრეს ამერიკელმა კვალიფიციურმა ექსპერტებმა, რომლებიც თავიანთი საქმის უდიდესი პროფესიონალები არიან; ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ გასტროენტეროლოგისა და ნობელიანტის, ასევე ტოქსიკოლოგის გამოკითხვა, რომელმაც დაადასტურა, რომ მესამე პრეზიდენტის ორგანიზმში არის რაღაც ნივთიერებები, რაც მიუთითებს მის მოწამვლაზე. შეუიარაღებელი თვალითაც კი ჩანს, თუ რა მდგომარეობაა და კატეგორიული მოთხოვნა უნდა იყოს და არის კიდევაც, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა ჰოსპიტალიზდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოუსწორებელ შედეგებამდე მივალთ.
_ მან ძალიან ბევრი დაიკლო წონაში და ეს პროცესი დღემდე გრძელდება, _ რა საფრთხეებზე მეტყველებს აღნიშნული ფაქტი?
_ წონაში კლება მიგვითითებს იმაზე, რომ ადამიანს აქვს ანორექსია და ამაზე საუბრობენ ექიმებიც, რომ მის ორგანიზმს აქვს საკვების მიუღებლობა. ხაზს ვუსვამ: ორგანიზმს და არა თავად სააკაშვილს. ვერ იღებს მისი ორგანიზმი საკვებს და, აქედან გამომდინარე, დაუსრულებლად იკლებს წონაში.
_ წონაში კლების საკითხი რომ განვავრცოთ, მმართველი პარტიის წარმომადგენლები ამ დრომდე აპელირებენ იმაზე, რომ ექსპრეზიდენტმა გაიკეთა ბარიატრია, ე. წ. კუჭის ოპერაცია და სწორედ ამიტომ იკლებს. დოკუმენტაციიდან ვიცით, რომ სააკაშვილმა ეს ოპერაცია 2017 წელს გაიკეთა. რამდენად შესაძლებელია, რომ რამე კავშირი იყოს მის კატასტროფულ წონის კლებასა და ბარიატრიას შორის?
_ ეს არის „ქოცების“ პროპაგანდა, _ არ ასრულებენ ამ ბინძურ, სრულიად ურთიერთგამომრიცხავ საუბრებს მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი არარეალური და არადამაჯერებელი არგუმენტი მოვისმინეთ ამის შესახებ მათგან. ჩვენ კი ვუსმენთ ჯერ ქართველ ექიმებს, რომლებიც მართლაც გამორჩეულად კომპეტენტურები არიან, ასევე ვუსმენთ უცხოელ ექსპერტებს, ექიმებს და შეუძლებელია, არ გავითვალისწინოთ მათი არგუმენტები.
_ თითქმის ერთი თვეა, აქტიურად ხართ ჩართული მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით ხელმოწერებისა და წერილების შეგროვებაში, _ რამდენ რეგიონში იმყოფებოდით და როგორია განწყობები?
_ ვიმყოფებოდი ათამდე რეგიონში. განწყობები არის წარმოუდგენლად დადებითი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ უპრეცედენტო ერთობა გამოიწვია ჩვენმა ამ კამპანიამ. სრულიად განსხვავებული პოლიტიკური გემოვნებისა და პოზიციის მქონე ძალიან ბევრი ადამიანი შემომიერთდა. ისინი ყველანი თანხმდებიან იმაზე, რომ ადამიანის სიცოცხლე უნდა გადარჩეს და სიცოცლემ უნდა გაიმარჯვოს სიკვდილზე. ეს არის ის შემთხვევა, რომელიც გასცდა ყველაფერ პოლიტიკურს და აქ არის სიკვდილზე საუბარი, _ ცალსახაა, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გადარჩეს. 12 იანვარს ათასობით წერილი შევიტანეთ სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციაში, ასევე შევიტანეთ აფხაზეთიდან ჩვენი მოქალაქეების ჩამოტანილი და გამოგზავნილი წერილები. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მათ გამოიარეს ის ე. წ. საზღვარი, რომლის გადაკვეთაც ყველამ ვიცით, რომ დიდ საფრთხეებთან არის დაკავშირებული, ამიტომ ძალიან დასაფასებელია ადამიანების ეს ერთობა. კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ამ ჰუმანურობამ გააერთიანა საზოგაოდება. დღის განმავლობაში ძალიან ბევრი მწერს, მირეკავს, განსაკუთრებით ჩვენი ემიგრანტები, რომლებიც მიგზავნიან წერილებს. მჯერა, რომ ამ კრიტიკულ წამს სალომე ზურაბიშვილს შეუძლია მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, რომ აღარ დაამახინჯოს ქვეყნის ისტორია, აღარ მოვკლათ კიდევ ერთი პრეზიდენტი, სამუდამოდ არ დავკარგოთ ევროპული პერსპექტივა და არ აღმოვჩნდეთ გამოუსწორებელი რეალობის წინაშე. ჯერ ერთი, დედას არ უნდა მოვუკლათ შვილი და მეორეც, არ უნდა ვთქვათ უარი საქართველოს პროგრესულ პერსპექტივაზე. წარმოუდგენელია განვითარდეს ქვეყანა, რომელიც 21-ე საუკუნეში რუსეთის დაკვეთით მოკლავს ადამიანს და ქვყენის მესამე პრეზიდენტს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობასაც ეხმაურებიან მსოფლიო ლიდერები, პრესა.
_ საქართველოს პრეზიდენტის ფაქტორზე მინდა გავამახვილოთ ყურადღება, _ ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე, რომლებიც ჩვენ გვესმის საქართველოს პარტნიორებისგან, ყველგან ხაზგასმულია სალომე ზურაბიშვილის პერსონა. როგორია მოლოდინები? დააყენებს ზურაბიშვილი ევროპულ ხედვებს ივანიშვილზე მაღლა?
_ ზემოთაც ვისაუბრე საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე. თუ ადამიანის სიცოცხლე ვერ გადავარჩინეთ, მით უმეტეს მესამე პრეზიდენტის, შეუქცევად პროცესებამდე მივალთ, პირდაპირ დავკარგავთ დასავლურ პერსპექტივას. დარწმუნებული ვარ, სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლების მძევალია.
_ სააკაშვილის თემის შემდგომ არ შეიძლება არ გკითხოთ შიდაპოლიტიკურ პროცესებზე, რაც ამჟამად „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარეობს. რამდენად იყო და არის ახლა დრო შიდაპარტიული არჩევნებისთვის?
_ სრულიად მიუღებელია და წარმოუდგენელია, რომ დღეს, როდესაც ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა, პარტიის ერთი წევრიც კი დაკავებული იყოს სხვა საქმით. სრულიად მოულოდნელი და უადგილო იყო ჩემთვის ეს არჩევნები. მე პირადად საერთოდ ვერ ვიცლი ამ ყველაფერში ჩასართავად, რადგანაც მიმაჩნია, რომ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია პარტიის სულის ჩამდგმელისა და ფუძემდებლის სიცოცხლე. ახლა არჩევნების დრო ნამდვილად არ იყო. სხვა შემთხვევაში კი არჩევნები აუცილებლად უნდა ჩატარებულიყო, ამაზე ნიკა მელიას არაერთხელ უსაუბრია შიდაპარტიულ შეკრებებზე, რომ არჩევნები ნამდვილად უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილს ქვეყნიდან გავიყვანდით და მის ჯანმრთელობას საფრთხეები აღარ შეექმნებოდა. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა და ჩემთვის გაუგებარ დროს ჩაინიშნა ეს არჩევნები.
_ გამოქვეყნდა აუდიო ჩანაწერები და ჩნდება გარკვეული ჭვები, რომ ეს კავშირშია შოდაპარტიულ ბრძოლასთან. როგორი იყო თქვენი რეაქცია, როდესაც ეს ჩანაწერი მოისმინეთ?
_ ჩემთვის ეს სრულიად მიუღებელი ფორმა და ქმედება არის. მიმაჩნია, რომ მოსახლეობამ 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობა“ ამის გამო გადაირჩია, არადა, ეს არის ის ფორმა, რომლითაც დღეს „ქართული ოცნება“ სულდგმულობს. ჩემი მთავარი მიზეზი, რის გამოც დღეს ოპოზიციაში ვიმყოფები, არის ის, რომ ვემიჯნები მსგავსი ტიპის ქმედებებს. არ აქვს მნიშვნელობა, ეს ფაბრიკაცია არის თუ არ არის, მიუხედავად იმისა რომ შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ეს რაღაც დაჩეხილი და შეკოწიწებული ჩანაწერია, მაგრამ ეს ცალკე თემაა და მისი ავთენტიკურობა დღეს მთავარი არ გახლავთ. მთავარი თემა არის ის, რომ ამ გზით ადამიანები ებრძვიან ერთმანეთს. ვერავის ხელს ვერ დავადებ, არ ვიცი, ეს ვისი შექმნილი და გავრცელებულია, თუცა ფაქტი ერთია: ეს რეალობა არის ის, რის გამოც „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ უნდოდა ამომრჩეველს და რის გამოც დღეს „ქართული ოცნებაც“ აღარ უნდა ელექტორატს. ეს არის ის, რის გამოც ჩემთვის სრულიად მიუღებელი ხდება „ქართული ოცნების“ პოლიტიკა, _ ოპონენტთან ბრძოლის ამ ფორმას ვერასოდეს მივიღებ, ვერ შვეგუები და ყოველთვის დავგმობ მას.
_ ჩანაწერების გამოქვეყნებამდე პარტიის წარმომადგენელმა, ეკა ხერხეულიძემ, ერთ-ერთ ტელეეთერში განაცხადა და გაგვიჩინა გარკვეული სახის მოლოდინი, რომ იქნებოდა მსგავსი სახის ჩანაწერები. იყო თუ არა ამ ჩანაწერის გავრცელებამდე ამაზე შიდაპარტიული საუბრები და იცოდით თუ არა მისი დაახლოებითი შინაარსი?
_ მეც ზუსტად ეგ ინფორმაცია მქონდა მედიით მიღებული, რომ არსებობდა გარკვეული ჩანაწერი. პირადად არ მომისმენია, მაგრამ ვიცოდი ამის შსახებ, ამას ადასტურებდნენ ჩვენი პარტიის წევრებიც და ის ადამიანებიც, რომლებსაც ეს მოსმენილი ჰქონდათ. კიდევ ერთხელ ვამბობ: წარმოუდგენელია ბრძოლის მსგავსი მეთოდები და მე მას მუდამ გავემიჯნები, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს ეს.
_ „ნაციონალური მოძრაობის“ შესახებ არა მხოლოდ მისი აქტიური მხარდამჭერები, არამედ ხელისუფლების წარმომადგენლებიც ფიქრობენ, რომ ენმ-მ ვერ გააკეთა მიშასთვის ის, რაც უნდა გაეკეთებინა და ერთგვარად დისტანცირდა პროცესებისგან. როგორ ფიქრობთ, შეძლო სააკაშვილის დაარსებულმა პარტიამ იმის გაკეთება მიშასთვის, რაც უნდა გაეკეთებინა? ბოლომდე ამოწურა თავისი რესურსი?
_ ჩვენ არაერთხელ მოვისმინეთ უფლებადამცველების მხრიდან თხოვნა, რომ არ ყოფილიყო აგრესიული აქცია; ასევე მიხეილ სააკაშვილი კატეგორიულად ემიჯნებოდა ქართულ პოლიტიკას. აქდან გამომდინარე, შეუძლებელი იყო, რამე რადიკალური გაკეთებულიყო, ვგულისხმობ დღევანდელ მდგომარეობას, სანამ ჯერ კიდევ სასამართლო მიმდინარეობს. რაც შეეხება ჰუმანურ ქმედებებს, სწორედ ამას ემსახურება ჩემი კამპანია და ინიციატივა, რომ ის არ ყოფილიყო აგრესიული და ხელი არ შეეშალა სასამართლოსთვის. არცერთი ეთერის საშუალებით არ გვქონია მოწოდება, რომ დაგვეგმო რამე, პროტესტი გამოგვეხატა. დღესაც არ მაქვს იმის იმედი, რომ სასამართლო მინიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებს იმიტომ, რომ იგი სრულიად პოლიტიზებულია, სამწუხაროდ, მაგრამ ამაზე ხმამაღა და საჯაროდ არ ვასუბრობთ და აგერსიულ კამპანიას არ ვეწევით; თუმცა ვიზიარებ იმ მოსაზრებასაც, რომ შეცდომაა მშვიდად ლოდინი მაშინ, როდესაც ასე იწელება დროში ეს პროცესები, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი სულ უფრო კრიტიკულ ფაზაში გადადის. წარმოუდგენელია მშვიდად უყურო იმას, თუ როგორ დებს მოსამართლე ერთი კვირით პროცესს. ადამიანის სიცოცხლეზეა საუბარი და თითოეულ წამს შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს.
_ მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი დისტანცირდა ქართული პოლიტიკისგან, რომ უფლებადამცველები ამბობდნენ, რადიკალური ქმედებები და საკითხის მკვეთრად პოლიტიზება შესაძლოა არ ყოფილიყო სწორი და ამას უნდა მორიდებოდით, მოქალაქეები, თქვენი პარტიის ამომრჩევლები, საპირისპიროს ამბობდნენ; ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ წლების მანძილზე დანერგილმა პრაქტიკამ ცხადყო, რომ ბიძინა ივანიშვილს ძალიან ეშინია ხალხის მასობრივი პროტესტის. ამის ფონზე ხომ არ ღირდა მაინც, რომ სხვაგვარად გემოქმედათ და დრო მოგეგოთ? ფაქტია, იმ აქტივობამ, ვგულისხმობ საპროტესტო აქციებს, რომლებიც ბოლო პერიოდში ჩატარდა, არცთუ ისე მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო. ან თუნდაც ის კამპანია, რომელიც თქვენ წამოიწყეთ, რაც მოსახლეობის ინფორმირებულობასაც უწყობს ხელს, უფრო ადრე ხომ არ უნდა დაწყებულიყო?
_ არ მიყვარს წარსულ შეცდომებზე საუბარი, მით უფრო მაშინ, როდესაც ამის დრო ფიზიკურად არ არის. შეიძლება ბევრი რამ იყო შეცდომა, ბევრი რამ ვერ გაკეთდა ან გაკეთდა, მაგრამ შედეგი ვერ მივიღეთ, რადგანაც ვხედავთ, რომ ვებრძვით ოლიგარქს და ხელისუფლებას, რომელიც წესების გარეშე თამაშობს. დღეს ფაქტი არის ის, რომ ძალიან აქტიურად უნდა ვიმოქმედოთ ყველამ ერთად, რათა ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინოთ; უნდა ვიმოქმედოთ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში და ხშირად ფარგლებს მიღმაც კი.
_ თქვენ თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი წარმომადგენელი ხართ _ გაქვთ თუ არა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომპანიამ, რომელმაც არაჯეროვნად შეასრულა ვაკის პარკში სამუშაოები და რომლის დაუდევრობის გამოც ტრაგედია დატრიალდა, რასაც 13 წლის მარიტა მეფარიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, თითქმის 10 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი მოიგო? ისაუბრეთ თუ არა ამაზე და გაქვთ თუ არა კითხვები ქალაქის ხელმძღვანელობასთან?
_ რა თქმა უნდა, ვფლობ ინფორმაციას, „გრინსერვის პლუსმა“ სწორედ ამ ტრაგედიის შემდგომ მოიგო კიდევ ორი ტენდერი. რა კომენტარი შეიძლება ამ ყველაფერთან დაკავშირებით ნორმალურმა ადამიანმა გააკეთოს?! _ ეს არის დაუჯერებელი, უდიდესი დანაშაული და კიდვე ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ, სამწუხაროდ, არავის აინტერესებს ჩვენი, როგორც კონკრეტულად პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლის კი არა, ამ შემთხვევაში, როგორც რიგითი მოქალაქის აზრი. ამხელა ტრაგედიის მერე, როდესაც ხელისუფლებამაც და მერიამაც, ფაქტობრივად, ხელი შეაწმინდეს „გრინსერვისს“, ეს კომპანია ისევ იგებს ტენდერს. ეს არის ხაზგასმა იმაზე, რომ მათთვის არცერთი მოქალაქის აზრსა და პროტესტს მნიშვნელობა არ აქვს. მაშინ, როდესაც ჩვენ გვაჯერებენ, რომ დამნაშავე იყო „გრინსერვისი“, როდესაც ვხედავთ, რომ ამ კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი არის დაკავებული, დღეს გვეუბნებიან, მერე რა, თვალი დახუჭეთ იმაზე, რომ ამ კომპანიამ კიდევ მოიგო ორი ტენდერიო. ამაზე კომენტარის გაკეთება, უბარლოდ, წარმოუდგენელია.
_ გეგმავთ თუ არა მერიისთვის უფრო მეტად მკაცრი ფორმით პასუხის მოთხოვნას? ამას გეკითხებით იმიტომ, რომ საკრებულოში კითხვებზე პასუხის გასაცემად დაბარებული ქალაქის მერი უბრალოდ არ მოდიოდა და შემოგითვალათ, რომ ის მოვიდოდა მაშინ, როდესაც თავად ექნებოდა ამის სურვილი. როდესაც მოვიდა, მისმა მომხრეებმა, ფქტობრივად, შტურმით აიღეს ოპოზიციის რიგები. ამის ფონზე რა ტიპის აქტივობაა საჭირო? ხომ არ აპირებთ აქციებს ან უბრალოდ მერიაში მისვლას კონკრეტული შეკითხვებით?
_ რასაკვირველია, აუცილებლად მივალ, რადგანაც ჩვენ არ გვაქვს უკვე იმის მოლოდინი, რომ ქალაქის მერი, კახა კალაძე, მოვიდეს საკრებულოში და გასცეს კითხვებს პასუხი. ბევრჯერ დავინახეთ, რომ არ მიიჩნევს თავს ანგარიშვალდებულად და ფუჭი დროის კარგვა მგონია, რომ ვეხვეწოთ. არაფერი გვაქვს სახვეწარი, პირიქით, მას რომ ძალიან ბევრჯერ გაეთვალისწინებინა არა მხოლოდ მისი პოლიტიკური ოპონენტების, არამედ თქვენი, მედიის მითითებაც (არაერთ მედიასაშუალებაში ვნახეთ, რომ მოუწოდებდნენ და ძალიან ბევრჯერ რაღაც ფაქტები გაიშიფრა კიდეც), ეს ყურად არ იღეს და შედეგიც სახეზეა, _ ანგელოზი გარდაიცვალა ამ უყურადღებობისა და დაუდევრობის გამო. რასაკვირველია, ამ ფაქტს ასე არ დავტოვებთ, ამაზე ვსაუბრობთ ფრაქციაში და შესაბამისს ზომებს მივიღებთ.
_ ბოლო შეკითხვასაც დაგისვამთ, _ აქტიურად იყავით ჩართული პანდემიის პროცესში და მოსახლეობას ძალიან დიდი იმედი ჰქონდა პირადად თქვენი რჩევებისა და დახმარების. ბოლო მონაცემების მიხედვით, არ გამორიცხავენ, რომ კოვიდი კვლავ შეახსენებს თავს სრულიად მსოფლიოს. იმის ფონზე, რომ საქართველოში ჯერ არ არის გახარჯული ფაიზერის ვაქცინა, ხოლო ახალი ვაქცინის შემოტანა ვერ ხერხდება, რომ ჩინეთიდან შემოსული მოქალაქეები არ მოწმდებიან, ხომ არ არის საფრთხეები, რომ საქართველო კიდევ ერთხელ დადგება პანდემიის საფრთხის წინაშე? რა პროგნოზები გაქვთ? რამდენად სწორი მიმართულება აქვს არჩეული ქართული ჯანდაცვის სიტემას და საერთოდ, ხომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კვლავ მოგვიწევს ჩაკეტვა?
_ ამის მოლოდინები და საშიშროება არსებობს, ვინაიდან კოვიდი არსად წასულა. დღეს საუბარია მის ახალ შტამზე, რომელიც ცირკულირებს კანადასა და აშშ-ში. ეს არის ახალი ვარიანტი, რომელიც ძალიან სწრაფად გადამდებია. ევროპის ბევრ ქვეყანაში გარკვეული სახის რეგულაციები ისევ დადგა დღის წესრიგში. რასაკვირველია, იმ ქვეყნებში არსებობს ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანიები და, შესაბამისად, იმუნური ფენა გაცილებით უფრო მყარია, მათი იმუნური სტატუსი დიდია. მათგან განსხვავებით, ჩვენთან ეს ყველაფერი კვლავაც ყბადაღებული თემაა და ამაზე საუბარი ადამიანებსაც კი მობეზრდათ. თუმცა ფაქტი არის ერთი: ვერც დღეს და ვერ თავის დროზე ჩვენ ვერ შევძელით სწორი საინფორმაციო კამპანიის ჩატარება და წარმოება, აქედან გამომდინარე, მივიღეთ შედეგი იმ ათასობით დაღუპული ადამიანის სახით. სამწუხაროდ, ეს ტვინდემია გაძლიერდა, უფრო კონკრეტულად რომ ავუხსნათ მკითხველს, ეს არის სეზონური გრიპისა და კოვიდის თანხვედრა. კლინიკები გადავსებულია და ახლა, როცა ვირუსების სეზონია, ახალმა შტამმა საკმაოდ დაამძიმა ვითარება _ ორი ვირუსის თანხვედრა არ არის მარტივი, მაშინ, როდესაც ადამიანები არ არიან აცრილები, ვაქცინაციის პროცესი არ მიმდინარეობს, იმუნური ფენა არ არის საკმარისი და ესეც მიგვიყვანს ძალიან მძიმე პრობლემებთან. განსაკუთრებით პედიატრიული მიმართულებით უკვე არსებობს რთული ვითარება. ყველაფერი ეს ერთად აღებული კი თამამად მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ პროცესები კარგ შედეგებს არ გვპირდება.