თორნიკე დავითაშვილი: „დღეს გვარამია და სააკაშვილი საკუთარ თავზე გრძნობენ იმას, თუ რა სისტემა შექმნეს“
გიგა გელხვიიძე
„ხალხის საჭორაო ნამდვილად არ არის შიმშილის დეფინიცია, მაგრამ ასევე მხოლოდ ექიმები უნდა აფასებდნენ, არის თუ არა ადამიანის სიტუაცია კრიტიკული. ციხე იმის ციხეა, რომ პირადი სურვილები, მგონი, შეზღუდული უნდა იყოს, არა? შესაბამისად, გაუგებარია, რატომ ითხოვს საავადმყოფოში გადასვლას, თუ ამის საჭიროება არ დგას?
მინდა, რომ აუცილებლად ნეიტრალური მხარისგან გასამართლდეს. მოიწვიეთ საზღვარგარეთიდან მიუკერძოებელი მოსამართლეები, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამოვისუნთქოთ და გავაგრძელოთ ცხოვრება. თუ გაასამართლებენ, ხომ კარგი, თუ არადა, მე პირადად დავიღალე ამ ცირკით. რაც მნიშვნელოვანია, ის უკანა ფლანგზეა და ყველა იმას შევყურებთ, მიშა რას ჭამს თუ ბოდიში და რას ****-ს
მე პირადად ყველაზე ირონიულად ვგრძნობ თავს ამ სიტუაციაში. დარწმუნებული ვარ, ნათლიათქვენს და მის სისტემას მამათქვენის მოკვლის 3 თუ 4 მცდელობა არ ჰქონია. მაინც, შურისძიებას კარგი არასდროს და არავისთვის მოუტანია და მოდი, გადავაგოროთ, რა, ეს უბედური თავი საქართველოს ისტორიაში. სჯობს, ქვეყნის აღმშენებლობით და გაძლიერებით დავკავდეთ, ვიდრე ჭორაობით“, _ ეს პოლიტიკოს კობა დავითაშვილის შვილის, თორნიკე დავითაშვილის 2021 წლის 16 ნოემბერს დაწერილი ფაცებოოკ პოსტია.
მაშინ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც, ამავდროულად, თორნიკეს ნათლიაა, რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შიმშილობდა, რასაც საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ზოგი ამ საკითხს ძალიან მძიმედ აღიქვამდა, ზოგისთვის კი, უბრალოდ, „საღლიცინო“ თემა აღმოჩნდა.
გასული წლის ნოემბრის შემდგომ უკვე წელიწადზე მეტი გავიდა. მიხეილ სააკაშვილის 50-დღიანმა უწყვეტმა შიმშილობამ კი მასზე სწორედ ის კვალი დატოვა, რასაც მედიკოსები ვარაუდობდნენ და დღეს ექსპრეზიდენტი რეაბილიტაციის უშედეგო კურსს მრავალპროფილურ კლინიკა „ვივამედში“ გადის.
სწორედ ამ პერიოდში, როდესაც მიხეილ სააკაშვილის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი განიხილება, გაზეთმა „ქრონიკა+“-მა თორნიკე დავითაშვილთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. კობა დავითაშვილის ვაჟი დიდხნიან დუმილს სწორედ ჩვენს გამოცემასთან არღვევს.
თორნიკე დავითაშვილისთვის, მისი ოჯახის ისტორიიდან გამომდინარე, ამ ყველაფერზე საუბარი არც ისე მარტივია. ინტერვიუს დაწყებამდე გვითხრა, რომ მისი შეფასება, შესაძლოა, მოსაწონი არ აღმოჩნდეს არცერთი მხარისთვის, რადგანაც გვეტყვის იმას, რასაც ფიქრობს თავად და არა იმას, თუ რა აწყობს რომელიმე მხარეს.
უფრო დეტალურად ამ ყველაფერს თორნიკე დავითაშვილის ინტერვიუდან შეიტყობთ:
_ თორნიკე, პირველ რიგში, გმადლობთ, რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე. ვიცი, რომ არაერთი მედიასაშუალება ცდილობს იყოთ მისი რესპონდენტი, თუმცა არჩევანი ჩვენზე შეაჩერეთ. მინდა აღვნიშნო, რომ თქვენ პროფესიული კუთხითაც, ჩვენს ძირითად საკითხთან ერთად, ძალიან საინტერესო რესპონდენტი ხართ.
ვიცი, რომ ეს საკითხი თქვენთვის სენსიტიურია. ინტერვიუს ძირითადი თემა პირდპირ ებმის ამ კონკრეტულ შეკითხვას, _ თქვენ ხართ პოლიტიკოს კობა დავითაშვილის შვილი, რომელიც 2007 წელს, მაშინდელი ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციის დროს, ე. წ. ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიიდან, სპეცრაზმმა გაიტაცა და სცემა, ორდღიანი ძებნის შემდგომ კი ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში იპოვეს. როგორც თავად ბატონი კობა ამბობდა, სწორედ ეს შემთხვევა გახდა საბოლოოდ მისი სხვადასხვა სახის დაავადების მაპროვოცირებელი, რამაც ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუუარესა და 2020 წელს ის 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორია ახლა ამ გადმოსახედიდან ცხოვრება კობამდე და კობას შემდეგ?
_ მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდის მანძილზე მამა ძალიან კონსერვატიულ იდეებსა და შეხედულებებს ავითარებდა, მე კი, მისგან განსხვავებით, ლიბერალურად ვიყავი განწყობილი, რის გამოც ხშირად ვკამათობდით ხოლმე, რა თქმა უნდა, ის იყო მამაჩემი და მე მისით ძალიან ვამაყობდი, ისევე როგორც ის ამაყობდა ჩემით. ყველა ოჯახს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, თუმცა ოჯახი არის ოჯახი და ის ყველა პიროვნებისთვის განსაკუთრებულია. ძალიან მაკლია მამა! როდესაც ჩემს ცხოვრებაში რაიმე მნიშვნელოვანი ხდება, მინდა, რომ მას გავუზიარო. ხუთი შვილი დავრჩით დედასთან ერთად მარტო და ძალიან რთულია, როდესაც ასეთ ახალგაზრდა ასაკში გიწევს მთელი რიგი პასუხისმგებლობის გადაბარება. აქ საუბარი არ მაქვს მხოლოდ საკუთარ თავზე, ჩემს უფროს და უმცროს ძმებზეც ვლაპარაკობ. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი დანაკარგია მამა. ოჯახი დღემდე ძალიან ვგლოვობთ. თუ კობას გარდაცვალებამდე იყო, ასე თუ ისე, ბევრი ლამაზი საერთო მომენტი, სიამაყე (ის ძალიან ამაყობდა იმით, რომ მე გერმანიაში დამოუკიდებლად ვსწავლობ და არ ვარ ამ შემთხვევაში სახელმწიფო დაფინანსების ხარჯზე წასული), ახლა ეს მხარდაჭერა ძალიან გვაკლია და გვენატრება.
_ როგორც ზემოთ გითხარით, ეს შეკითხვა შემთხვევით არ დამისვამს და ამასთან არის ბმაში ჩვენი საუბრის ძირითადი თემა. ჩვენ გვახსოვს ის წერილი, რომელიც თქვენ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გამოაქვეყნეთ სოციალურ ქსელში. ამის შემდეგ წელიწადზე მეტი გავიდა და დღეს სააკაშვილი ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობაშია. როგორ უყურებთ ამ პროცესებს და როგორია თქვენი დამოკიდებულება, _ უნდა გადაიყვანონ თუ არა სააკაშვილი უცხოეთში სამკურნალოდ?
_ პირველ რიგში, დავიწყებ იმით, რომ ერთი წელიწადი არის, რაც მიხეილ სააკაშვილი მკურნალობის კურსს გადის, თავდაპირველად, სხვა სამედიცინო დაწესებულებებში გადიოდა და ახლა უკვე _ კლინიკა „ვივამედში“, სადაც მას ძალიან ბევრი პროფესიონალი ექიმი ახვევია თავს და, ასეა თუ ისე, სიტუაციას მართავს… მაგრამ რომ შევხედოთ მის კადრებს, რაც პენიტენციურმა გაავრცელა და კადრებს, რომლებიც ჩვენ სასამართლო პროცესის დროს ვიხილეთ, აშკარად ჩანს ჯანმრთელობის მდგომარეობის უარესობისკენ ცვლილება, შესაბამისად, იბადება შემდეგი კითხვა, _ ეს ყველაფერი, რასაც ეკრანზე ვხედავთ, მართლაც სიმულაცია არის თუ, იქნებ, ვაი და, ამ ადამიანს მართლაც ცუდი რამ სჭირს? ამის შემდგომ კვლავ ჩნდება კითხვა, _ ქვეყნისთვის რა სჯობს, _ ის, რომ მიშა დარჩეს აქ და რამე დაემართოს, თუ თუნდაც იგივე რამ დაემართოს ევროპის წამყვანი კლინიკის რომელიმე პალატაში? შესაბამისად, პასუხისმგებლობა რომ მოეხსნას ქართულ მხარეს. მიშას კლინიკაში ყოფნის დროს მდგომარეობის კიდევ უფრო გართულება ძალიან უარყოფით როლს ითამაშებს ქვეყნის მომავლის განვითარებასა და ევროინტეგრაციის პერსპექტივაზე. ჩემი გადმოსახედიდან, ყველაფრის გათვალისწინებით, სწორი იქნება, თუ იმუშავებს პენიტენციური სისტემა, იურიდიული სისტემა, ჯანდაცვის სისტემა იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მოხერხდეს რომელიმე წამყვანი ევროპული ქვეყნის კლინიკაში, თუნდაც ქართველი სამართალდამცველების ზედამხედველობით, რომ როგორც კი გაუმჯობესდება მისი მდგომარეობა, ის კვლავ დაუბრუნდეს არსებულ რეალობას და მოიხადოს ის სასჯელი, რომელიც მას აქვს დაკისრებული. ამ სიტუაციაში ჰუმანური თუ სხვა გადმოსახედიდან, ეს სრულიად გამართლებული იქნება.
_ განიხილება სხვადასხვა ქვეყანა და, შესაბამისად, სხვადასხვა კლინიკა. თქვენ ევროპაში, გერმანიაში იმყოფებით და პროფესიული კუთხით შეხება გაქვთ ევროპულ კლინიკასთან. როგორ ფიქრობთ, თუ გავითვალისწინებთ დიაგნოზებს, რომლებიც მას დაუსვეს უცხოელმა თუ ქართველმა ექსპერტებმა, რომელი ქვეყანა შეიძლება იყოს შესაფერისი და რომელი ქვეყნის კლინიკა გაუწევს მას კონკრეტული სახის დახმარებას?
_ ნებისმიერი კლინიკა, რომელიც პროფილირებულია ფსიქოსომატიკაზე, იქნებოდა მისაღები მიხელ სააკაშვილისთვის საფრანგეთში, გერმანიაში ან ნებისმიერ სკანდინავიურ ქვეყანაში. დარწმუნებული ვარ, ოჯახის წევრებმა კარგად იციან, სად უნდა გადაიყვანონ ის; თუნდაც ჯანდაცვის სამინისტრო რომელ კლინიკასაც შეუთანხმდება, რა თქმა უნდა, პენიტენციურ სისტემასთან ერთად, სადაც არის ფსიქოსომატიკა წინ წამოწეული, მიხეილ სააკაშვილისთვის იქნებოდა საუკეთესო.
_ საზოგადოების ემპათიაზე მინდა, გკითხოთ. ამ შემთხვევაში განგებ არ ვეხები კონკრეტულ პოლიტიკოსებს ან პოლიტიკურ ჯგუფებს, რადგანაც საზოგადოებაა მთავარი მამოძრავებელი ძალა ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის. როდესაც პენიტენციურმა სისტემამ მიხეილ სააკაშვილის კადრები გამოაქვეყნა, აშკარად გამოჩნდა, რომ ის არ არის სახარბიელო მდგომარეობაში. გაჩნდა სხვადასხვა მოსაზრება. თითქოს საზოგადოება დაცლილია ემპათიისგან. თქვენ, როგორც მოქალაქე თორნიკე დავითაშვილს, ყველაფრის მიუხედავად, რამდენად გიჩნდებათ მისდამი თანაგრძნობა? თუ რატომ ვამახვილებ ყურადღებას ამ კითხვაზე, შემდეგი შეკითხვის დროს დაგიკონკრეტებთ.
_ იცით, რა არის? ერთი მხრივ, ნებისმიერი სხვა ადამიანი რომ იყოს ასეთ სიტუაციაში, ძალიან მარტივი სათქმელია, რა თქმა უნდა, არავის ასეთ მდგომარეობაში ყოფნას არ ისურვებ. მაგრამ, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ეს ადამიანი არის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თავად გახლავთ პასუხისმგებელი იმაზე, რომ იმავე პენიტენციურ სისტემაში მსგავსს მდგომარეობაში და კიდევ უარესში ბევრი პატიმარი იყო. შესაბამისად, ერთი მხრივ, საზოგადოებაში სამართლიანობის განცდა იბადება და ძალიან დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ მისი ჯანმრთელობის ეს მდგომარეობა დამსახურებულია. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, არიან ჰუმანური ადამიანები, რომლებისთვისაც არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა ტიპის დანაშაული მიუძღვის კონკრეტულ პერსონას და ამბობენ, რომ ნებისმიერი ადამიანის უფლება არის ჯანმრთელობის უფლება, რომელიც კონსტიტუციით დაცულია. შესაბამისად, მეც, როგორც მამაჩემის შვილს, რომელიც არაერთხელ იყო მკვლელობის მცდელობის მსხვერპლი მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს და ბოლოს მისმა ძალიან მძიმე დაზიანებებმა, რომლებიც მან მიიღო 2007 წელს, ფატალური შედეგები იქონია მისი ჯანმრთელობის შემდგომ განვითარებაზე, რომ ვთქვა, სააკაშვილისადმი ძალიან დიდი ემპათიით გამოვირჩევი-მეთქი, იქნება თვალთმაქცობა და სიყალბე. ვფიქრობ, ეს მე არ უნდა შევაფასო, რადგანაც მგონია, რომ სუბიექტური ვიქნები. ბევრად ობიექტურმა ადამიანმა უნდა შეაფასოს ეს ყველაფერი, რომ როგორც პატიმრისა და პაციენტის სიცოცხლის უფლება იყოს დაცული, მაგრამ, ამავდროულად, არ მოხდეს სასჯელისგან თავის არიდება.
_ უფრო დავკონკრეტდები: მუსირებს აზრი, რომ სააკაშვილი ისჯება იმ ქმედებებისთვის, შეცდომებისთვის, რაც მისმა ხელისუფლებამ ან, თუნდაც, თავად მან დაუშვა და რასაც ის პოლიტიკური რეჟიმი უკეთებდა ადამიანებს. თქვენ ახსენეთ კიდევაც მამა, რომელიც თავად იყო მსხვერპლი რეჟიმის, თუმცა რამდენად გამართლებულია ის, რომ ხელისუფლება, რომელიც ხალხმა ცვლილებებისთვის აირჩია, იმავე მეთოდებით უსწორდება დღეს ადამიანებს?
_ აქ ორად ვიხლიჩები თავადაც და აგიხსნით, რას ვგულისხმობ: ერთი მხრივ, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს ადამიანები, ამ შემთხვევაში მხედველობაში მყავს ნიკა გვარამიაც, რადგანაც სწორედ გვარამია და სააკაშვილი იყვნენ პასუხისმგებლები ძალიან ბევრ საკითხში და დაგიკონკრეტებთ კიდეც, რომ სასამართლო სისტემა არის ისე მოწყობილი, როგორც არის და იმავე პრობლემებით, რომელიც ჰქონდა, შესაბამისად, „გასახარია“, რომ სიცოცხლეშივე მოესწრნენ თავიანთი ქმნილების შედეგს, დღეს ისინი საკუთარ თავზე გრძნობენ იმას, თუ რა სისტემა შექმნეს; მაგრამ, მეორე მხრივ, საზოგადოების წინსვლისთვის, დასახული მიზნების მისაღწევად ვისურვებდი სხვა, უფრო ჰუმანურ მიდგომას, რომელიც კანონის ჩარჩოებს არ სცდება. ჯერჯერობით ზუსტად ისე მიდის ყველაფერი, როგორც იყო „ნაციონალების“ დროს. ახლა სასამართლოზეა დამოკიდებული, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს თუნდაც მიხეილ სააკაშვილის საქმეში. სხვა ადამიანებს, უბრალოდ, არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ. თუნდაც ზურაბიშვილს, რომელიც ვერ იწყალებს იმიტომ, რომ ბოლომდე არ არის მიყვანილი საქმე და ჯერ კიდევ მიმდინარეობს პროცესი.
_ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია მისი შეწყალება და ამის შემდგომ სასამართლოს არ აქვს უფლება, განმეორებითი პატიმრობა მიუსაჯოს სააკაშვილს.
_ ჩემი აზრით, არ იქნება სწორი, ჯერ ბოლომდე არმიყვანილი საქმეების განხილვის ფონზე, წინსწრებით მისი შეწყალება, რადგანაც ეს გამოიწვევს საზოგადოებაში უფრო მეტ პოლარიზაციას. სხვა საქმეა, როდესაც ყველა სასამართლო პროცესი ჩატარდება და ამ შემთხვევაში შესაძლოა, მეც ამება მხარი სალომე ზურაბიშვილისთვის, რადგანაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის სახარბიელო და საკმაოდ მძიმეა.
_ კახექსიაზე მინდა, გკითხოთ. მე ვნახე სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტი, რომელიც კლინიკა „ვივამედის“ დირექტორის, ნინო ნადირაძის მიერ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებაზე გქონდათ. ვინაიდან მედიცინის სფეროში გათვითცნობიერებული ხართ, უფრო კარგად განუმარტეთ მკითხველს, რა გაძლევთ იმის თქმის საბაბს, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს?
_ სამედიცინო მხარეს სანამ შევაფასებდე, მანამდე მინდა ვთქვა, რომ მე არც მიმდინარე სისხლის ანალიზები და არც ჩატარებული სამედიცინო კვლევები არ მინახავს, შესაბამისად, ჩემი შეფასება შემოიფარგლება მხოლოდ იმ ვიდეო მასალით, რაც გავრცელდა და ვფიქრობ, იგი არ შეიძლება მიღებულ იქნეს, როგორც უტყუარი წყარო. ამის გათვალისწინებით ვიტყვი ორ რამეს: კახექსია არის კლინიკური სიმპტომი, როდესაც ადამიანი, არსებული ქრონიკული სიტუაციის, ანუ განუკურნებელი მიმდინარე დაავადების პირობებში, იკლებს წონას ბოლო სამ ან ექვს თვეში 5 ან 10 პროცენტით, რაც მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში კარგად ჩანს. ახლა გეტყვით, რატომ არის კახექსია მნიშვნელოვანი და ყურადსაღები: ადამიანები, რომლებსაც აქვთ კახექსია, კარგი პროგნოზებით არ გამოირჩევიან, მით უფრო იმ დიაგნოზებით, რაც აქვს მიხეილ სააკაშვილს. მას აქვს ანორექსია, მას აქვს ენცეფალიტი, შესაბამისად, კახექტური მდგომარეობა, რა თქმა უნდა, ვერ აისახება დადებითად მასზე.
რაც შეეხება მეორეს, არის გავრცელებული მოსაზრება მიხეილ სააკაშვილის სავარაუდო მოწამვლასთან დაკავშირებით, ვინაიდან გარკვეული კვლევების მიხედვით, მის თმის ღერებსა და ფრჩხილებში დაფიქსირებულია მძიმე მეტალები. ეს კვლევები რთულია შეფასდეს, როგორც უტყუარი მტკიცებულება, რადგანაც ფრჩხილებსა და თმებში სრულიად შესაძლებელია ჰაერიდანაც მოხდეს გარკვეული დალექვა და ეს მარკერები მომატებული ჰქონდეს ნებისმიერ ჩვენგანს. გამომდინარე აქედან, ვფიქრობ, რომ სისხლის ანალიზის გარეშე ამ ინფორმაციის სანდოობაზე საუბარი რთულია. რამდენადაც მე ვიცი, ეს სისხლის ანალიზებით, ჯერჯერობით, გადამოწმებული არ არის, რადგანაც თავად სააკაშვილის მხრიდან ითქვა უარი ამ ყველაფერზე. ეს კი ჩემთვის ბადებს გარკვეული სახის შეკითხვებს, მიუხედავად იმისა, რომ ის ნამდვილად არის ავად და ამაზე დისკუსია არ შეიძლება იყოს.
_ აქაც მინდა, რომ დავაზუსტო: რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის სავარაუდო მოწამვლას, ეს ეჭვი თავად „ვივამედის“ ექიმს გაუჩნდა და სწორედ მათი მოთხოვნის საფუძველზე ჩატარდა თავდაპირველი კვლევები, თუმცა ამ კვლევების შესახებ ინფორმაცია ცნობილი გახდა მოგვიანებით და არა თავიდანვე.
_ შეიძლება ეს იყო ექიმის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მაგრამ ამ თემის მედიაში გასაჯაროება, ამ ეტაპზე, ეჭვებს ბადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ხდება, რაც ამ სიტუაციაში, ვფიქრობ, მხოლოდ წამგებიანია.
_ ჩვენ ვისაუბრეთ სალომე ზურაბიშვილის ფაქტორზეც და ახსენეთ, რომ სასამართლო სხდომები უნდა დასრულდეს და ამის შემდგომ არის შესაძლებელი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით შესაძლებელი საუბარი. თუმცა ასევე ვიცით თქვენი პოზიცია, რომ ემხრობით მის სამკურნალოდ ჰუმანიტარული მიზნით გადაყვანას და მიგაჩნიათ, რომ ეს არის სწორი _ კახექსიიდან გამომდინარე, რომელიც ერთ-ერთია იმ დაავადებათა შორის, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია სასჯელის გადავადება ან სულაც მისგან განთავისუფლება. თანაც პატიმარს ასევე აქვს ანორექსია. არ მიგაჩნიათ, რომ პროცესების დროში გაწელვა შემდგომში მის გადაყვანას უბრალოდ აზრს დაუკარგავს? ამიტომ გკითხავთ ისევ, _ ხომ არ უნდა იჩქაროს პრეზიდენტმა ამ ვითარებაში?
_ ბერკეტები ამ მოცემულობაში არის უპირველესად სასამართლოს ხელში და მიმაჩნია, რომ მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და არა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.
_ თქვენც ემხრობით და ავითარებთ იმ მოსაზრებას, რომ მიხეილ სააკაშვილს ესაჭიროება საზღვარგარეთ გადაყვანა შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მისაღებად. რატომ ვერ გაუმკლავდა ქართული ჯანდაცვის სისტემა მის მდგომარეობას? სააკაშვილის საკითხს რომ გვერდი ავუაროთ, მსგავსი სიტუაცია შეიძლება სხვა ნებისმიერ პატიმარს ჰქონდეს, ხომ?
_ რა თქმა უნდა, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა არ არის იდეალური და არც იმის თქმა შეიძლება, რომ რომელიმე ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა არის იდეალურ მდგომარეობაში, უბრალოდ, ხდება შედარება და ჩანს, რომელი უკეთეს ადგილს იკავებს და რატომ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის ფაქტი, თუ რამდენად აქვს სახელმწიფოს ყველაფრის დაფინანსების საშუალება, როდესაც სახელმწიფო პროგრამებში სიმსივნიანი ბავშვებიც კი არ არიან სრულად ჩართულები, რომ მათ დაუფინანსდეთ საზღვარგარეთ მკურნალობა, ვინაიდან მსგავსი ტიპის მეთოდები არ არის საქართველოში ხელმისაწვდომი. შესაბამისად, ამ საკითხზე ასე მარტივი არ არის პასუხის გაცემა. ერთს ვიტყვი, რომ თუნდაც ოცდაათი წლის წინანდელ სიტუაციას ნამდვილად სჯობს დღევანდელი ჯანდაცვის მდგომარეობა. რაც შეეხება პენიტენციურ სისტემას, აქაც არსებობს თავისი ხარვეზები და გამოწვევები, თუნდაც იმიტომ, რომ ვერ ხერხდება პაციენტების მარტივად რეაბილიტაცია და ინფექციური დაავადებები დღემდე, თუნდაც ტუბერკულოზი, არის მნიშვნელოვანი თემა. მიუხედავად დიდი პროგრესისა, ეს არის მნიშვნელოვანი გამოწვევა, რადგანაც ტუბერკულოზი გახლავთ პრობლემა მხოლოდ პენიტენციურ ნაწილში, რადგანაც მოსახლეობაში მისი გადადების ფაქტები მინიმუმამდეა დაყვანილი.
_ მიხეილ სააკაშვილისა და ზოგადად პოლიტიკური საკითხების მიღმა მაინტერესებს, როგორია თორნიკე დავითაშვილის შეხედულებები სხვა საზოგადოებრივ საკითხებზე? ძალიან აქტიური ხართ სოციალურ ქსელში და ფაქტია, რომ თქვენთვის სამშობლოში მიმდინარე ესა თუ ის პროცესი ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელია.
წლებია წასული ხართ საქართველოდან, ცხოვრობთ გერმანიაში, ქალაქ ჰაიდელბერგში და სამშობლოსთან შეხება, ძირითადად, სოციალური ქსელის მეშვეობით გაქვთ. დარწმუნებული ვარ, გეცოდინებათ იმ მდგომარეობის შესახებ, რომელშიც ქართველ სტუდენტებს უხდებათ ყოფნა. ძალიან ხშირად კეთდება გარკვეული სახის შედარებები ევროპაში მყოფი სტუდენტებისა და ქართველი სტუდენტების ყოფის. რა განსხვავება და რა უპირატესობა აქვს ევროპულ სტუდენტობას?
_ პირველ რიგში, საერთოებით დავიწყებ _ არ აქვს მნიშვნელობა, ქართველი სტუდენტი ხარ თუ გერმანელი, სასწავლი და სანერვიულო ყველგან ბევრია, გამოცდები ყველგან გაქვს ჩასაბარებელი და, რა თქმა უნდა, ყველა შრომობს იმისთვის, რომ უკეთესი მომავალი შეიქმნას, მათ შორის, თავისი საუნივერსიტეტო კარიერით.
ახლა რაც შეეხება განსხვავებებს, გერმანიის მაგალითზე ვიტყვი: პოზიტიური განსხვავებები იმ მხრივ არის, რომ გერმანიაში ხელმისაწვდომია სტუდენტური სამუშაოები, სახელმწიფო იცავს შრომით უფლებებს და, შესაბამისად, დაწესებული არის მინიმალური საათობრივი ხელფასი. არ გაქვს ადამიანს იმის შეგრძნება, რომ როდესაც შენ მუშაობ, ამით ვიღაც შენს ექსპლუატაციას ეწევა და ამ მხრივ ძალიან დიდი კომფორტია ნებისმიერი სტუდენტისთვის. პირადად მე გერმანიაში დამოუკიდებლად ვახერხებ საცხოვრებლის ქირის გადახდას თუ მთელი რიგი საჭიროებების დაფინანსებას, თუმცა სტიპენდიაც მაქვს, მაგრამ ძალიან ბევრ გერმანელ სტუდენტს ვიცნობ, რომლებიც დამოუკიდებლად ახერხებენ იმავეს, რასაც მე. შესაბამისად, ძალიან მარტივი არის ის, რომ გერმანიაში იყო სტუდენტი. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ იქ საზოგადოებრივი ტრანსპორტიც კი უფასოა გერმანელი და გერმანულენოვანი სტუდენტებისთვის, ასევე სწავლა აქ უფასოა და მხოლოდ სემესტრული, მიზერული თანხაა გადასახდელი ადგილობრივ სტანდარტებთან მიმართებით.
ყველაზე დიდი უარყოფითი მხარე უცხოეთში სტუდენტობას ალბათ აქვს ის, რომ გენატრება ყველაფერი მშობლიური, განსაკუთრებით კი შენი ოჯახი. მაინც უცხო ქვეყანაა, არის ენობრივი და კულტურული ბარიერები, თუმცა ეს დროთა განმავლობაში გადალახვადია. ევროპას მაინც იმიტომ მივანიჭებდი უპირატესობას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც იცი, რომ შენი შრომის უფლება არის დაცული!
_ მონატრება და ნოსტალგია ახსენეთ, როგორია საკუთარი ქვეყნის მონატრება?
_ აი, თუნდაც, ქუჩაში რომ გადიხარ და მშობლიური ენა არ გესმის. ასევე ძალიან დიდხანს იყო ჩემთვის გადაუჭრელი პრობლემა ქართული საჭმლის არქონა და ეს პრობლემა უკვე გადაიჭრა, ჰაიდელბერგში გაიხსნა ქართული რესტორანიც. ახლა უკვე ერთი წელია, ჩემი ოჯახი არ მინახავს და ძალიან რთულია, როდესაც უყურებ, როგორ მიდის შენი ახლობლების ცხოვრება საქართველოში ისე, რომ შენ მისი ნაწილი არ ხარ, თუმცა ძალიან გინდა, რომ იყო.
_ ბოლოს, მინდა დაგისვათ ასეთი სახის შეკითხვა, როგორც მოქალაქეს, _ ჩამოხვედით მშობლიურ ქალაქში, სადაც რუსეთის ძალიან ბევრი მოქალაქე დადის. გაქვთ თუ არა იმის განცდა, რომ შეიძლება შენი ქვეყნისთვის ეს დიდი საფრთხე იყოს, რომელსაც ის სამომავლოდ უნდა შეეჯახოს?
_ მარო მაყაშვილი წერდა 1918-დან 20 წლამდე, წელი აღარ მახსოვს ზუსტად: ქალაქში მომრავლდა ბევრი რუსი, კარგად ჩაცმულები, სულ რუსულად მოლაპარაკეებიო… და ამის შედეგი ის იყო, რომ 1921 წლის 25 თებერვალს წითელი არმია შემოვიდა საქართველოში, შესაბამისად, რა თქმა უნდა, შიში და საფრთხილო მოლოდინი არის, რომ იგივე შეიძლება განმეორდეს, თუნდაც ამ ადამიანებს არ მოჰქონდეთ თავად საფრთხე. მაგრამ პუტინმა თუ მოინდომა მათი საქართველოში დაცვა, რაც 2008 წელს უკვე ვიხილეთ, ამისგან ნამდვილად არ ვართ დაზღვეულები. მეორე მხრივ, საქართველოში შემოსულ რუსებშიც არის დივერსიული საფრთხეები.