პაატა მანჯგალაძე: „მკვლელ ხალხს, მკვლელ ხელისუფლებას ევროპაში არავინ მიიღებს“
თამარ სანაძე
კიდევ ერთი მძიმე წელი დასრულდა. საქართველო ახალ წელს ისევ პოლიტიკურად რთულ ვითარებაში ხვდება. ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ურთულეს მდგომარეობაშია, ხელისუფლება კი ექსპრეზიდენტზე ქილიკობს.
„ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სააკაშვილი სიმულანტობს, რადგან მას ყველანაირი პირობა აქვს შექმნილი, რათა კარგად იყოს. მოქმედი პრეზიდენტი საერთაშორისო მედიასთან საუბრობს, რომ არ სურს საქართველოს პრეზიდენტის პატიმრობაში გარდაცვალება. თუმცა არ იყენებს მის ხელთ არსებულ ბერკეტს და არ დგამს ნაბიჯს, რომ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი და ამით გადაარჩინოს ადამიანის სიცოცხლეც და ქვეყნის მომავალიც.
ეს ვითარება შეუმჩნეველი არ რჩება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის და უმწვავესი განცხადებებიც არ აყოვნებს. უკვე გამოიკვეთა ის დისტანცია, რომელიც საქართველოსა და ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს შორისაა.
აღნიშნულ საკითხებზე გაზეთ „ქრონიკა+“-თან „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ ისაუბრა და გასული წლის პოლიტიკური მოვლენები შეაფასა:
_ ბატონო პაატა, როგორი იყო განვლილი წელი პოლიტიკურად? როგორ შეაფასებთ დასავლეთთან და საერთაშორისო პარტნიორებთან საქართველოს ურთიერთობას? სად ვართ და სად მიჰყავს „ქართულ ოცნებას“ ქვეყანა?
_ ამ ერთმა წელმა უკვე აშკარა გახადა „ქართული ოცნების“ პრორუსულობა. ადრე მხოლოდ ვარაუდები იყო და ჰიპოთეზის დონეზე მსჯელობდა საზოგადოება მათ რუსულ ორიენტაციაზე, ახლა კი ხალხის დიდი ნაწილისთვის უკვე ნათელია ყველაფერი, განსაკუთრებით შარლ მიშელის დოკუმენტიდან გასვლის შემდეგ, რომ ისინი არ ირჩევენ დემოკრატიული განვითარებისა და ეროვნული თანხმობის გზას, ისინი ორიენტირებული არიან მაქსიმალურ დაპირისპირებაზე დასავლეთთან, ასევე სამოქალაქო დაპირისპირებაზე, რადგან ამ პროცესში ნახონ სარგებელი. პირდაპირ გეუბნებით, რომ მათი ინტერესი არ არის, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. „ოცნების“ ინტერესია, რომ საქართველო გახდეს რუსეთსა და დასავლეთს შორის წარმონაქმნი, სადაც ავტომატურად გავრცელდება რუსული გავლენა და ისინიც შეინარჩუნებენ ძალაუფლებას. რაც შეეხება შეფასებას, უკრაინის ბრძოლამ საქართველოს გაუჩინა შესაძლებლობა და ამ მასშტაბის შანსი არასოდეს ყოფილა, რომ კანდიდატის სტატუსი მიგვეღო. შემდეგ ოთხ წელიწადში შეიძლება გავხდეთ ევროკავშირის წევრი და ამ პერსპექტივას აკარგვინებენ ქვეყანას ელემენტარული, მავნებლური ღალატის მოტივაციით, რომ ასიამოვნონ რუსეთს. ამ სიამოვნების ფონზე, თუ დასავლეთის გავლენამ არ ომოქმედა, რუსეთი დატოვებს „ქართულ ოცნებას“ საქართველოს ხელისუფლებაში უვადოდ. არჩევანი დგას ასე: საქართველოს ინტერესი და ქართული „ოცნების ინტერესი“. ეს ორი ინტერესი ერთმანეთს აცდენილია. ისინი ღიად უპირისპირდებიან საქართველოს ინტერესებს, საქართველოს მოქალაქის ინტერესებს, რადგან ნამდვილი მშვიდობის გარანტი არის ევროპა და ნატოში გაწევრიანებული საქართველო.
_ საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებს თუ გადავხედავთ, ისინი ძალიან მწვავედ აფასებენ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ პროცესებს. თითოეული მათგანი ხაზს უსვამს, რომ ეს ვითარება აზიანებს საქართველოს ევროპულ გზას. რამდენად უნდა გვქონდეს მათი მხარდაჭერის იმედი ისევ და შესაძლებელია თუ არა, რომ საქართველოსთან მიმართებით გადაიხედოს გარკვეული სახის მიდგომები?
_ რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ფაქტორს, ცალსახაა, რომ იგი არის მოწამლული, მას სჭირდება გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. „ქართული ოცნება“ იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილს მიიჩნევს უხერხულ პოლიტიკურ მეტოქედ, რომ რუსეთი მას თვლის მტრად, ცდილობს ასიამოვნოს რუსეთს. ვიღაცამ გადაწყვიტა მიხეილ სააკაშვილის განეიტრალება იმის ფასად, რომ შეიძლება დადგეს ლეტალური შედეგი. ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ! ჩვენ, ერმა, ერთხელ უკვე დავუშვით ასეთი შეცდომა ზვიად გამსახურდიას მიმართ. ჩვენ გამსახურდია ვერ დავიცავით. მეორედ იგივეს გაკეთების უფლება არ გვაქვს, რადგან მკვლელ ხალხს, მკვლელ ხელისუფლებას ევროპაში არავინ მიიღებს. ამიტომ მიხეილ სააკაშვილის ბედი პირდაპირ გადაჯაჭვულია ჩვენს მომავალთან.
_ თითქოს ვუახლოვდებით დასავლეთს და ისევ იზრდება ეს დისტანცია. რა პერსპექტივა აქვს საქართველოს ამ გზაზე?
_ დასავლეთმა კარი გააღო, მაგრამ ამ კარში ჩადგა „ქართული ოცნება“, ირაკლი კობახიძე, ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილი. ჩვენ პერსპექტივა მოგვცეს, მაგრამ ამ პერსპექტივას „ქართულმა ოცნებამ“ ღია ბრძოლა გამოუცხადა.
_ საზოგადოებამ იხილა პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებული კადრები. „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ სააკაშვილი ძალიან კარგადაა და იგი სიმულანტობს. სასამართლო პროცესზე კი ცალსახად დაფიქსირდა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ძალიან ცუდადაა. როგორია თქვენი შეფასება?
_ კადრებმა აჩვენა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ძალიან მძიმედ. დადასტურდა ექიმების დასკვნები და შეფასებები, რომ ის არის ძალიან ცუდად და დღითი დღე უარესდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. სააკაშვილის სასიცოცხლო რესურსი იწურება, _ აი, ეს დადასტურდა კადრებით. ადამიანს 50 კილოგრამზე მეტი აქვს დაკლებული, ეს ფაქტია და ძალიან კარგად ჩანს. რაც შეეხება სიმულაციას, სიმულანტი არის „ქართული ოცნება“, რომელიც ამბობს, რომ სააკაშვილი გადავიყვანეთ კლინიკა „ვივამედში“ და ნაცვლად ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისა, იგი უფრო და უფრო უარესდება. ამერიკელი ექსპერტი პირდაპირ ამბობს, რომ ის არის მოწამლული და ეს მოწამვლა არ იქნება გამოწვეული წამლის მიღებით. მას აქვს მძიმე მეტალები სისხლში, რაც მესამე პრეზიდენტის სიცოცხლეს ანადგურებს. შეფასება ცალსახაა _ აუცილებელია მყისიერი რეაგირება. თუ მივუშვით ეს პროცესი და გადავყევით ახალი წლის ზეიმს, შეიძლება იანვრის ბოლოს ძალიან მძიმე შედეგი დაუდგეს ქვეყანას.
_ როგორია სალომე ზურაბიშვილის ფაქტორი მიხეილ სააკაშვილის საკითხში? ჩვენ მოვისმინეთ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებები საერთაშორისო მედიასთან. ის ამბობს, რომ სააკაშვილი არ უნდა გარდაიცვალოს ციხეში, თუმცა ის არ მოქმედებს, არაფერს აკეთებს, რომ ეს საკითხი მოგვარდეს. რა მოლოდინი გაქვთ სალომე ზურაბიშვილისგან?
_ თუ სალომე ზურაბიშვილი გულწრფელია ეროვნული თანხმობის პროცესში, რომ ნამდვილად უნდა მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადარჩენა, ლაპარაკის ნაცვლად უნდა გადავიდეს ქმედებაზე და ქმედება არის შეწყალება. იურისტები ამბობენ, რომ შეწყალების შემდეგ მიხეილ სააკაშვილი თავისუფლად შეძლებს საზღვარგარეთ წასვლას სამკურნალოდ. არ მაქვს სალომე ზურაბიშვილისგან არანაირი მოლოდინი. დარწმუნებული ვარ, ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის თამაშს თამაშობს. სალომე ზურაბიშვილი ღარიბაშვილსა და კობახიძეს მხოლოდ იმიტომ ეწინააღმდეგება, რომ მე უკეთ შემიძლია ბიძინა ივანიშვილი მივყიდო დასავლეთს, მე უკეთ შემიძლია შევფუთო ბიძინა ივანიშვილის პრორუსობაო. მხოლოდ ამაში ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს.