ნინო ბურჯანაძე: „თუ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ მისი მომავალი კარიერისთვის საჭიროა სააკაშვილის შეწყალება, შეიწყალებს“
გიგა გელხვიიძე
საქართველოს შიდა და გარე პოლიტიკურ ველზე მძიმე კრიზისული ვითარებაა შექმნილი, რომლის მთავარი მიზეზი „ქართული ოცნება“ და მისი დამფუძნებელი, ქვეყნის არაფორმალური მმართველი, ბიძინა ივანიშვილია. თუმცა, ამავდროულად, არც სხვა ფაქტორები უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან, რომელსაც ოპოზიციური სპექტრი ქმნის ან უნდა ქმნიდეს… მაგრამ იგი პროცესებისგან, გარკვეულწილად, დისტანცირებულია.
ოპოზიციის მიერ დაანონსებული ცხელი შემოდგომა ისე გავიდა, რომ პოლიტიკურ პროცესებზე უფრო ცხელი ამინდები აღმოჩნდა. შესაბამისად, პერიოდი, როდესაც მოსახლეობა მზად იყო, გარეთ გამოსულიყო და ხელისუფლებისთვის თავისი სათქმელი ღიად გადაეცა პროტესტის ენაზე, ოპოზიციამ ამ პროცესს პარლამენტის გრილ კაბინეტებში ყოფნა და ტელეკამერებთან კეკლუცი ამჯობინა. ყველაფერ ამას თან დაერთო მოძმე უკრაინასთან გართულებული ურთიერთობა და რუსეთის მაამებლური განცხადებები, რამაც საქართველოს ევროპული მისწრაფება ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. აღნიშნულის დამადასტურებელი ფაქტორი ხელიდან გაშვებული ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსია, რომლის მოსაპოვებლადაც დღეს ქვეყნის წინაშე დიდი ამოცანა დგას, _ 12 რეკომენდაციის შესრულება. თუმცა ფაქტია, რომ ხელისუფლება ამ ყველაფერს იმდენად ზერელედ უყურებს, დიდი მოლოდინების ქონა, უბრალოდ, შეუძლებელი ხდება. ყველაფერ ზემოხსენებულის ფონზე, კიდევ ერთი უდიდესი პრობლემა პუტინის პირად პატიმრობაში ივანიშვილის ხელით დატუსაღებული ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა, რომელიც ყოველწუთიერად უარესდება და არავინ იცის, მომდევნო დღეს რა ინფორმაცია გავრცელდება მის შესახებ. ამავდროულად, არ შეიძლება არ აღინიშნოს ის მდგომარეობა, რომელიც სააკაშვილისვე დაფუძნებულ, დღეს უკვე მთავარ ოპოზიციურ პარტიად წოდებულ „ნაციონალურ მოძრაობაშია“ _ ბრძოლა კეზერაშვილის ფინანსებისა და თანამდებობის მოპოვების მხრივ.
გაზეთი „ქრონიკა+“ ყველა ამ საკითხის შესახებ ვრცელ საგაზეთო სტატიებს ძალიან ხშირად გთავაზობთ. ამჯერად ქვეყნის შიგნით და გარეთ განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე სასაუბროდ და ანალიზის გასაკეთებლად დავუკავშირდით პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერსა და პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეს.
მისი შეფასებით, პოლიტიკური პროცესები, რომლებიც ამ ეტაპზე საქართველოში მიმდინარეობს, ქვეყნის იმიჯისთვის ძალიან დამაზიანებელი და დამღუპველიც კი არის.
უფრო მეტ დეტალს, თუ როგორია ნინო ბურჯანაძის თვალით დანახული დღევანდელი საქართველოს ყოფა, ვრცელი ინტერვიუდან შეიტყობთ:
_ ქალბატონო ნინო, სანამ უშუალოდ ძირითად საკითხებზე გადავალთ, პირვლ რიგში, მინდა გკითხოთ, როგორ შეაფასებთ პოლიტიკურ ვითარებას საქართველოში, როგორც სახელისუფლებო, ასევე ოპოზიციურ ფლანგზე?
_ მიმაჩნია, რომ უმძიმესი ვითარებაა როგორც სახელისუფლებო, ასევე ოპოზიციურ ფლანგზეც, _ ვერც ერთი და ვერც მეორე ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. სამწუხაროდ, ხელისუფლება ნამდვილად ვერ მოქმედებს ქვეყნის წინაშე არსებული უმნიშვნელოვანესი პრობლემების გადასაჭრელად. ხელისუფლება გადასულია თავისი ძალაუფლების შენარჩუნებაზე და ამიტომ არის მთავარი თემა სააკაშვილი, ოპოზიცია კი ვერ ახერხებს რეალურად დაუპირისპირდეს ხელისუფლებას და ოპოზიციის დღის წესრიგშიც არის მხოლოდ და მხოლოდ ორი თემა, _ სააკაშვილი და უკრაინა. ესენი უმნიშვნელოვანესი თემებია, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ის, რაც საქართველოს დღეს აწუხებს. ასე რომ, ხელისუფლება, რეალურად, ნაწილობრივ თავის დღის წესრიგს კარნახობს ოპოზიციას, ოპოზიცია კი ვერ სთავაზობს ხელისუფლებას იმ დღის წესრიგს, რომელიც გარდა არსებული საკითხებისა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის.
_ საზოგადოება ელოდება მასშტაბურ აქციებს, ჯერ კიდევ შემოდგომისთვის დაანონსებულს, თუმცა უკვე ზამთარია და ახალი დაპირებები გვესმის. ფაქტია, რომ ამას სჭირდება გარკვეული სახის მუხტი. ხომ არ იქნებოდა სწორი ამ შემთხვევაში ოპოზიციისგან, რომ დატოვონ საპარლამენტო მანდატები და გამოვიდნენ ქუჩაში, მაშინ როდესაც ისინი რეალურად ვერაფერს წყვეტენ პარლამენტში?
_ თქვენ მეკითხებით ისეთ რამეს, რასაც მე ორი წელია ვამბობ. ჩემი ღრმა რწმენით, ისინი პარლამენტში არც უნდა შესულიყვნენ. დიდი შეცდომა იყო ოპოზიციის პარლამენტში შესვლა _ ამით მოკლეს ოპოზიციური მუხტი და შემოიტანეს უდიდესი ნიჰილიზმი. ახლა უკვე საზოგადოებისთვის ძალიან არადამაჯერებელია: ზიხარ პარლამენტის სავარძელში, იღებ ხელფასს, შედეგს ვერაფერს დებ და ნახევრად მშიერ ადამიანებს მოუწოდებ, რომ გამოვიდნენ ქუჩაში და დადგნენ, როცა ვერ სთავაზობ თანმიმდევრული მოქმედების, შედეგის მიღწევის გეგმას. ხალხი ხედავს, რომ ოპოზიცია ერთმანეთში ვერ ახერხებს დალაპარაკებას. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მძიმედ აისახება ოპოზიციურ რეალობასა და ადამიანებში არსებულ მუხტზეც.
_ წლების მანძილზე ვაფიქსირებთ მოსაზრებას, რომ ჩვენ გვაქვს პროევროპული გზა და ვირჩევთ დასავლეთს. ამას მოწმობს ის შედეგებიც, რაც გამოკითხვებით იდება. თუმცა სხვა შინაარსისა და დატვირთვის არის სახელისუფლებო პირების განცხადებები. რამდენად დახევს უკან ევროპულ გზაზე მიმავალ საქართველოს ეს ყველაფერი?
_ იმდენს ვლაპარაკობთ, ამასობაში გვავიწყდება უმნიშვნელოვანესი, _ ქვეყანა თუ არ გვექნა და ხალხი არ გვეყოლა ქვეყანაში, მერე ორიენტაციას რა მნიშვნელობა აქვს? გვავიწყდება, რომ ხელისუფლება უმთავრეს პრობლემას არ აგვარებს, რასაც მიგრაციისა და დემოგრაფიის პრობლემა ჰქვია. თუ საქართველო ქართველებით არ იქნება დასახლებული, მაშინ რაზე უნდა ვისაუბროთ? „ქართული ოცნების“ ქმედებები, რა თქმა უნდა, არავითარ კავშირში არ არის ევროპულ ფასეულობებთან და ევროპულ დემოკრატიასთან! რა ევროპულ ფასეულობებზე ვლაპარაკობთ, როცა 21-ე საუკუნეში არაფორმალური მმართველობაა, არც ერთი ინსტიტუცია არ მუშაობს წესიერად, როცა ელემენტარულად სასამართლო დამოუკიდებლობის პრობლემაა. ბავშვიც აღარ არის დარჩენილი, რომ ეს საკითხი არ ესმოდეს.
_ ძალიან მწვავე, კრიტიკული განცხადებები კეთდება ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან უკრაინის თემასთან დაკავშირებით. პარალელურად აცხადებენ, რომ ისინი მხარს უჭერენ უკრაინას და ერთსულოვნები არიან მოძმე ქვეყნის ერთიანობის იდეაში. რეალურად, რა სურს ხელისუფლებას? რა არის მათი მთავარი ამოცანა და სათქმელი ამ ორაზროვანი განცხადებებით?
_ მთავარი ამოცანა არის ის, რომ რაც შეიძლება ჩუმად იყვნენ, რომ ე, მანდ რამე ისეთი სიტყვა არ წამოსცდეთ, რაც რუსეთს არ მოეწონება. აბსოლუტურად არაგონივრულად მოქმედებენ. გაოცებული ვიყავი, როდესაც წავიკითხე ბატონი ღარიბაშვილის განცხადება, რომ გენერატორებს მივაწვდით უკრაინასო, გუშინ ხელისუფლების უმაღლესი პირები ამბობდნენ, ჩვენ ვერ ვაწვდით ამ გენერატორებს, იმიტომ რომ ასეთი გენერატორები არ გვაქვსო. ერთი დღის, 24 საათის ინტერვალში, შეიძლება ხელისუფლების უმაღლესმა პირებმა ერთმანეთის გამომრიცხავი განცხადებები აკეთონ? თუ აპირებდნენ ამ გენერატორების მიწოდებას, ეპასუხათ უკრაინული მხარისთვის, ერთი თვის განმავლობაში პასუხი რომ არ აღირსეს, სანამ ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა სკანდალი არ ატეხა (ძალიან არ მომეწონა, სიმართლე გითხრათ, უკრაინის საელჩოში გაკეთებული განცხადება და ძალიან არასასიამოვნო საყურებელი იყო, იმიტომ რომ ეს არ არის დიპლომატიური ენა. ომშიც და მშვიდობაშიც დიპლომატებს თავისი ჩარჩოები აქვთ და ასეთი ტიპის განცხადებები არ კეთდება საელჩოში). მაგრამ, როგორც ჩანს, იმუშავა ამ განცხადებამ. ე. ი. „ოცნების“ ხელისუფლებას კიდევ ერთი მინუსი აქვს, _ ჩვენს ხელისუფლებასთან დიპლომატიური ენით საუბარს აზრი არ აქვს. კიდევ ერთხელ დამტკიცდა ეს. ასეთი ელემენტარული რაღაცები უმძიმეს ფონს და საშინელ შთაბეჭდილებას ტოვებს, რაც აისახება საქართველოს საბოლოო იმიჯზეც.
_ უკრაინის საკითხის შესახებ ბოლო შეკითხვას დაგისვამთ, _ როგორ შეაფასებთ პირადად თქვენ იმ განცხადებებს, რაც ბოლო დღეებში, რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპულ გმირ ქართველ მებრძოლებთან დაკავშირებით გვესმის ხელისუფლების მხრიდან?
_ არანაირ ჩარჩოებში ეს განცხადებები არ ჯდება: არც ადამიანურ ჩარჩოებში, არც პოლიტიკურში! როგორ შეიძლება ასეთი განცხადებების გაკეთება?! ხელისუფლება ელემენტარულად ვერ ახერხებს იმას, რომ საჭირო სიტყვები გამოძებნოს, ისე ისაუბროს, რომ ნებისმიერი შეხედულების ადამიანი არ გამოიყვანოს წონასწორობიდან. აბსოლუტურად მიუღებელია ასეთი რიტორიკა, აღმაშფოთებელია და არც ეს გვიკვირს უკვე ამ ხელისუფლებისგან
_ ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებიდან და მოქმედებებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას თუ არა, რომ დღეს რუსეთის გუბერნიად ვიქეცით?
_ ჯერ მთლად არ ვქცეულვართ, თუმცა თუ ასე გაგრძელდა, მალე ვიქცევით რუსეთის გუბერნიად. ჯერ კიდევ არსებობს იმის შანსი, რომ ქვეყანამ ელემენტარულად თავისი გზით იაროს და საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედოს. მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, იმის შანსი არსებობს, აფხაზეთსაც და სამაჩაბლოსაც კიდევ რამე მიამატონ. ასე რომ, ძალიან რთულ ვითარებაში ვუყურებ ჩვენს ქვეყანას, თუ რამე არ შეიცვალა.
_ ერთ-ერთი ინტერვიუს დროს აღნიშნეთ, რომ „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ პროცესები სწორად რომ წარმართულიყო, დღეს საქართველო ევროპული ოჯახის წევრი იქნებოდაო, _ რა იგულისხმეთ? რა ძირეული შეცდომები დავუშვით, რომელმაც ბევრი რამ შეცვალა საქართველოსთვის?
_ ავტორიტარული მმართველობა, სასამართლო სისტემის ფეხქვეშ გათელვა, სასამართლოს კონტროლი, მედიის კონტროლი, ოპოზიციის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები. ხომ არ დაგვავიწყდა, რომ დემოკრატია არ იყო წინა ხელისუფლების დროს? ის, რომ სააკაშვილს არასწორად ექცევიან და მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხის წინაშე აყენებენ, ეს, რა თქმა უნდა, აღმაშფოთებელია, მე ჩემი პოზიცია გამოვხატე. არც ის დამავიწყდება, რომ სააკაშვილმა ძალიან ბევრი რამ გააკეთა პოზიტიური ქვეყნის რეფორმებისთვის, მაგრამ კატასტროფული შეცდომები და დანაშაულებები იქნა დაშვებული, რად უნდა ამას საუბარი? რომ არ ყოფილიყო ეს შეცდომები და განხორციელებულიყო „ვარდების რევოლუციის“ პრინციპები, ივანიშვილი ხელისუფლებაში ვერ მოვიდოდა.
_ ორჯერ ასრულებდით პრეზიდენტის მოვალეობას და ძალიან დადებითად ფასდება ის ნაბიჯები და განცხადებები, რაც მაშინ გააკეთეთ. ამ გამოცდილების ფონზე, იმ დროს რომ დღევანდელი მოცემულობა გვქონოდა, სააკაშვილის ფაქტორს ვგულისხმობ, თქვენი ნაბიჯი რა იქნებოდა, წახვიდოდით დათმობაზე?
_ ასე არ შეიძლება საკითხის დასმა. მე რომ ვყოფილიყავი საქართველოს პრეზიდენტი, ძალიან ბევრი რამ პრინციპულად და რადიკალურად განსხვავებული იქნებოდა, ასევე არც ერთ შემთხვევაში არ დავუშვებდი არც ერთი პატიმრის სიცოცხლის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, მით უმეტეს, ყოფილი პრეზიდენტის. რა ფორმით და როგორ, ეს სხვა თემაა და ნებისმიერ შემთხვევაში ხელისუფლება უნდა ზრუნავდეს ადამიანის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის, მით უმეტეს, პატიმრობაში მყოფი ადამიანების ჯანმრთელობისთვის და მით უმეტეს ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლისთვის. ლაპარაკი იმაზე, რომ სააკაშვილი ჩვეულებრივი პატიმარია, ესაა დემაგოგია. ვერასოდეს ვერც ერთ ქვეყანაში, ვერც ერთი წყობილების დროს, ყოფილი პრეზიდენტი ვერ იქნება ჩვეულებრივი და რიგითი პატიმარი. ყოფილი პრეზიდენტებისა და ყოფილი თანამდებობის პირების მიმართ რომ ასეთი დამოკიდებულებები გვაქვს ხშირად, რომ არავინ აღარ არიან ისინი, ეს განაპირობებს იმას, რაც ახლა ხდება სააკაშვილის ირგვლივ. არავის უნდა დაავიწყდეს ის, რომ ხელისუფლებაში ყოფნა მუდმივი არ არის და არც არახელისუფლებაში მყოფ ადამიანებს არ უნდა დაავიწყდეთ ის, რომ გასათვალისწინებელია ადამიანის წარსული, ნამოქმედარი, სტატუსი და ა. შ.
_ მიხეილ სააკაშვილის თემა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია მოქცეული. გარდა ამისა, ჩვენ ვხედავთ, რომ განცხადება განცხადებაზე კეთდება გავლენიანი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. საით გადაიხრება ამ ყველაფრის არგათვალისწინების ფონზე საქართველოს მომავალი?
_ იმედი მინდა ვიქონიო, რომ ხელისუფლება გააცნობიერებს, რას ნიშნავს ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლის საფრთხის წინაშე დაყენება. არ მინახავს სააკაშვილი და არ ვარ ექსპერტი, თუმცა იმის ნახევარიც კი, რასაც საუბრობენ, მართალია და არ მაქვს საფუძველი, რომ არ დავიჯერო, იმიტომ რომ უამრავი ადამიანი, ვის სიტყვასაც ვენდობი, იგივეს ამბობს. დიახ, ადამიანი, რომელიც 2 მეტრი სიმაღლისაა და 73 კილოგრამია დარჩენილი, მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის საფრთხის წინაშე, თუ ამას ვერ გააცნობიერებს საქართველოს ხელისუფლება, რომ ეს იქნება ჩამოურეცხავი ლაქა, სააკაშვილი ციხეში რომ გარდაიცვალოს, რაღა უნდა ვთქვა? ეს ძალიან მძიმე რეალობაა ქვეყნისთვის.
_ ზურაბიშვილის ფაქტორზე მინდა გკითხოთ: თუკი პრეზიდენტი შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს, ძალიან ბევრი რამ მოგვარდება, _ გადარჩება სააკაშვილის სიცოცხლე და ასევე საფრთხის წინაშე არ დადგება საქართველოს ევროპული მომავალი. თუმცა ზურაბიშვილი ამას არ აკეთებს, მიუხედავად მისი მწვავე განცხადებებისა. რა თამაშს თამაშობს სალომე ზურაბიშვილი?
_ ძალიან მარტვის, ზურაბიშვილი საკუთარ თამაშს თამაშობს, ის მუშაობს მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. გადახედეთ მისი ცხოვრების განრიგს: მან მიატოვა სააკაშვილთან ერთად ბრძოლა და წავიდა საერთაშორისო ორგანიზაციებში სამუშაოდ. მან თქვა, რომ აქ ბრძოლა ძნელია და არაფერი გამოვაო. მერე გაუჩნდა შანსი, რომ პოლიტიკაში დაბრუნებულიყო და ისევ მოვიდა, რა გვიკვირს? რას ველით? ადამიანმა რომ ის გადაყლაპოს, პრეზიდენტობის სანაცვლოდ მისი სახელისა და გვარის თავზე სხვისი სურათი იყოს დახატული და ამ ფორმით გავიდეს პრეზიდენტად, რატომ ელოდებით, რომ ეს ადამიანი ბიძინა ივანიშვილს დაუპირისპირდება? არანაირი განსაკუთრებული მოლოდინი არ გამაჩნია. თუ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ მისი მომავალი კარიერისთვის საჭიროა სააკაშვილის შეწყალება, შეიწყალებს, თუ ჩათვლის, რომ მეორე მხარეს უფრო მნიშვნელოვანი ვალდებულებებია, არ შეიწყალებს. ძალიან მარტივი საკითხია.
_ არ შემიძლია არ გკითხოთ ენმ-ში მიმდინარე პროცესებზე. თქვენ ასე თუ ისე იცნობთ ამ პარტიას სტრუქტურულად და დღეს რამდენად დამაზიანებელია სრულიად ოპოზიციისთვის საკმაოდ მსხვილ ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე კრიზისული პროცესები?
_ რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიაში რომ ასეთი პროცესებია, მით უმეტეს, როცა ეს ეხება მთავარ ოპოზიციურ პარტიას. ბუნებრივია, ჩემს თავს არ მივცემ იმის თქმის საშუალებას, რომ სხვა პარტიის შიგნით არსებულ ვითარებაზე კომენტარები ვაკეთო. სიფრთხილე პარტიის წევრებს ნამდვილად მართებთ. გაისმა რამდენიმე გვარი, რომელიც ძალიან მიუღებელია საზოგადოებისთვის. თუ ენმ-ს სურს, რომ პოლიტიკაში რამე ფორმით დარჩეს, უნდა გაითვალისწინოს რჩევები. სიმართლე გითხრათ, ჩემს რჩევებს მაშინაც არ იზიარებდნენ, როცა ხელისუფლებაში ვიყავი. ძალიან ბევრ რჩევას იგნორირებას უკეთებდნენ, თორემ დღეს არც „ნაციონალური მოძრაობა“ იქნებოდა ამ დღეში, არც მიხეილ სააკაშვილი და არც _ ქვეყანა. არ ვამბობ, რომ ყველაფერი უნდა დაეჯერებინათ, ყველაფერში ყოველთვის არ შეიძლება მართალი იყო, მაგრამ ძალიან ბევრ საკითხში, რაშიც ვაფრთხილებდი, წინ დაგვხვდა ყველას, არა მხოლოდ მე, არამედ მათაც, თქვენ და სრულიად ქვეყანასაც. ახლა კი მე მათთვის რჩევის მიცემის აზრს ვერ ვხედავ.
_ იმის ფონზე, როცა ძალიან დიდი ოპოზიციური ერთობა გვქონდა, ხალხშიც იყო ნდობის ფაქტორი, დღეს თუ ისევ შედგება ამგვარი ოპოზიციური ერთობა, რამდენად ხედავთ საკუთარ თავს იმ პარტიების გვერდით, რომლებიც მაშინ იყვნენ გაერთიანებულნი?
_ ერთობა ნიშნავს ერთობას! უნდა გავერთიანდეთ ყველა. ერთობა ყოველთვის იყო ჩემი იდეა. ასე რომ, მხოლოდ და მხოლოდ ხელს შევუწყობ იმას, რომ ასეთი ერთობა შედგეს. ძალიან ბევრი ვიმუშავე, უამრავი შეხვედრა გავმართე, რომ ერთობა შემდგარიყო. ჯერჯერობით ცალ-ცალკე იქაჩებიან ორ-ორად, სამ-სამად და ოთ-ოთხად და შედეგი ნულის ტოლია. ვერ დადგება შედეგი თუ არ იქნება ერთობა. ერთობას ჩემგან ყოველთვის ექნება მხარდაჭერა, მე ყოველთვის ხელს შევუწყობ ერთიანობას.