იმედა კევლიშვილი: „ა(ა)იპი ყველაზე მახინჯი სისტემაა, რომელიც ბიუჯეტიდან თანხას ჭამს“
მაკა მოსიაშვილი
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ენმ-ს თავმჯდომარის მოადგილე იმედა კევლიშვილის შეფასებით, როცა ვმუშაობთ ქალაქის გენგეგმაზე და გვინდა მრავალსართულიანი შენობების აშენება, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თელავი ისტორიული ქალაქია და უნდა გვახსოვდეს, რატომ არ არის მრავალსართულიანი შენობები აშშ-ის დედაქალქ ვაშინგტონში…
რა არის ბიუჯეტის ყველაზე დიდი ნაკლი და როგორ უნდა გავუფრთხილდეთ მას? სად უნდა დავზოგოთ ფული? რა მძიმე და აუცილებელი საკადრო გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს მერმა იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტის რამდენიმე მილიონი გამოთავისუფლდეს? როგორ უნდა დავეხმაროთ გლეხს სოფლად? _ ამ და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ „ქრონიკა+“ ესაუბრება იმედა კევლიშვილს:
_ 2023 წლის ბიუჯეტი არც ერთ მოაზროვნე ადამიანს არ უნდა მოეწონოს. პირველ რიგში, გაზრდილია ხარჯები, კერძოდ ა(ა)იპების (არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულიო პირი) .
მაგალითად, გასულ წელს საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის (ავტობუსებს ვგულისხმობ) 800 000 ლარის სუბსიდია გვქონდა გამოყოფილი და მგზავრობის ფასი დავაწესეთ, რადგან სადღაც 30-40%-ს მოგვიხსნიდა ბიუჯეტის თანხას.
და მაშინ როგორც ვიანგარიშეთ, ბიუჯეტიდან დაახლოებით უნდა დაგვეხარჯა, საშუალოდ, 600 000 ლარი, დანარჩენი კი იქნებოდა მგზავრობის დაწესებული თანხით შევსება.
და რა გვითხრეს წელს 2023 წლის ბიუჯეტის განხილვისას? რომ ავტობუსების შენახვა მილიონს გასცდა.
_ უფრო დააკონკრეტეთ, მკითხველისთვის მარტივად გასაგები რომ იყოს.
_ თელავის საკრებულომ დააწესა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადასახადი, რათა ბიუჯეტს შეშველებოდა და ნაცვლად იმისა, რომ შემდეგი წლიდან ბიუჯეტში უფრო ნაკლები დაგვეხარჯა, ანუ რვაასი ათასი ლარის ნაცვლად 600 000 ლარი, აი, ამ ყველაფრის ნაცვლად თელავის მერიამ მიიჩნია, რომ ტრანსპორტის შესანახად სჭირდება მილიონზე მეტი, რაც ბიუჯეტიდან უნდა გახარჯოს. ანუ ვამბობ, რომ ყველაფერს ვაკეთებთ უკუღმა!
_ გასაგებია. თქვენ საკრებულოს სხდომაზე ამბობდით, რომ შესაძლებელი იყო თანხების გამოთავისუფლება ისეთი ფორმით, რომ ამით ბიუჯეტი არათუ დაზარალდებოდა, არამედ უფრო სწორად გაიხარჯებოდა. რას გულისხმობდით?
_ ა(ა)იპები ყველაზე მახინჯი სისტემაა, რომელიც ბიუჯეტიდან თანხას ჭამს. ავიღოთ საბიბლიოთეკო გაერთიანება, _ აბსოლუტური საპნის ბუშტი, რომელსაც არანაირი დატვირთვა არ გააჩნია გარდა ერთისა, _ თელავის ცენტრალური ბიბლიოთეკის, _ სადაც, ასე თუ ისე, ბავშვები დადიან, წიგნი გამოაქვთ და იქ ადგილზეც რაღაცას კითხულობენ. მთელი მსოფლიო გადასულია ონლაინ ბიბლიოთეკებზე. კარგი, ჩვენი დაბალი განათლების გამო ვერ გადავდივართ. ბიუჯეტიდან 400 000 ლარს ითხოვენ, აქედან 80% ხელფასებში მიდის, წიგნების შეძენაც კი არ გვაქვს ზუსტად გაწერილი. ან რის მიხედვით იძენენ წიგნებს, ან რა პრინციპით არჩევენ?!.
მივყვეთ თანმიმდევრულად: თითო ა(ა)იპს ჰყავს თითო ბუღალტერი, ჰყავს პიარმენეჯერი, ჰყავთ იურისტები, ოღონდ ისეთი იურისტები, რომლებიც სასამართლოში პროცესზე ვერ გადიან. ა(ა)იპს რამე რომ გაუჭირდეს, სასამართლოში ხომ უნდა მივიდეს? ეს იურისტები არ მიდიან და ამიტომ ა(ა)იპები ქირაობენ სხვა ადვოკატს.
აი, რა ჯანდაბად უნდათ ასეთი იურისტი?
ვერც ერთი ა(ა)იპი ვერ წარმოადგენს ვერც ერთ დოკუმენტს, რომელიც იურისტს გავლილი აქვს და ხელი მოაწერა საერთოდ.
ასევე ადმინისტრაციული წარმოება საერთოდ არ გააჩნიათ ამ ა(ა)იპებს, უბრალოდ, მათი დაწერილი და გაკეთებული ბრძანებები რომ ნახოთ, შეიძლება იტიროთ, რა შინაარსის ტექსტებს წერენ. ხომ შეიძლება, მაგალითად, ოთხი სპორტული ა(ა)იპი გააერთიანო, რომელიც არის ცალ ცალკე დიდი მონსტრი _ 50-50 კაცს ვინახავთ, მინიმუმ, თითო ა(ა)იპში, თან კარგი ხელფასით. აქ საუბარია ათასლარიან ხელფასებზე. ხომ შეიძლება, ერთ ორგანიზაციად გაკეთდეს, რომელიც შეითავსებს ყველა სექციას და მას ეყოლება 4 დირექტორის ნაცვლად ერთი. ანუ დამატებით ეს მმართველობითი რგოლები, რომელიც ამოვარდება, დიდი შეღავათი იქნება ბიუჯეტისთვის, რადგან რამდენიმე ასეულ ათასობით ლარზეა საუბარი. მაგალითად მინდა მოვიყვანო მუსიკალური სკოლები, რომლებიც, ძირითადად, არაფრის შესყიდვას არ აწარმოებენ და ბუღალტერი უნდათ მხოლოდ ხელფასების გასაცემად. ანუ როცა შეუძლია ეს გააკეთოს ერთმა ბუღალტერმა, აკეთებს ხუთი ბუღალტერი. მხოლოდ ამ ხუთი სრულიად უსარგებლო კადრის ხელფასი რომ ვიანგარიშოთ, სადღაც ავალთ 60 000 ლარზე. და ყველა ა(ა)იპის ბუღალტერი რომ დავამატოთ, 120 000 ლარია ამათი ხელფასი წელიწადში, როცა შეიძლება გვყავდეს ორი ბუღალტერი და დავხარჯოთ მხოლოდ 20 000 ლარი 120 000 ლარის ნაცვლად. ორი ბუღალტერი დავამატოთ იქ ცენტრალურ ბუღალტერიაში. სანაცვლოდ, ამ გამოთავისუფლებული თანხით შეგვიძლია გავაკეთოთ რამე კარგი გზა, მაგალითად, წინანდალში სკოლასთან მისასვლელი გზა ან შევიძინოთ დამატებითი ნაგავმზიდი ავტომობილი.
_ რა გამოსავალს ხედავთ?
_ ინტერფრაქციული კომისია უნდა შეიქმნას, სადაც „ოცნებაც“ იქნება და „ნაციონალური მოძრაობაც“, სხვა დაინტერესებული პირებიც იქნებიან. ერთად გავიაროთ, თუ რა სისტემით უნდა დაფინანსდეს ა(ა)იპები.
_ ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, არ მოგწონთ „სათნოების სახლის“ მუშაობაც. მიზეზი?
_ ახლა რაც შეეხება „სათნოების სახლს“: მაქვს ინფორმაცია, რომ „სათნოების სახლში“ საკვების მიმღებთა სიებში ისეთი ადამიანები ირიცხებიან, რომელთაც თავად თუ მხოლოდ პენსია აქვთ, მათი შვილები კარგ ანაზღაურებად სამსახურებში მუშაობენ, მარტივად რომ ვთქვათ, ფულიანი შვილები ჰყავთ. ხომ რთული სათქმელია, მოხუცია და საჭმელი როგორ უნდა დავაყვედროთ მათ მშობლებს, მაგრამ ჩვენ უნდა ვისწავლოთ კანონის ენა. დავეხმაროთ ასეთ მოხუცებს არა საკვებით, არამედ იურისტით. ანუ მათ შვილებს უნდა დაეკისროთ ალიმენტი, _ მე ამის მომხრე ვარ! როცა შენს შვილებს შეუძლიათ, რომ შეგინახონ და ისინი ამის გაკეთებაზე უარს ამბობენ, მაშინ მუნიციპალიტეტმა კი არ უნდა გამოგკვებოს, არამედ დაგეხმაროს იურისტით და შენს შვილს უნდა დაეკისროს ალიმენტის გადახდა. ბოლოს და ბოლოს, უნდა გამოქვეყნდეს ასეთი შვილების სიები, რომ შერცხვეთ. საკუთარ მშობლებს თავად არ ინახავენ, სამაგიეროდ, სახელმწიფოს ეუბნებიან, რომ პენსიაც მისცეს და ჭამითაც მან აჭამოს.
_ როგორ შეაფასებდით კულტურის ცენტრების მუშაობას?
_ რაც შეეხება ხელოვნებას, კულტურის ცენტრებში რა ფულებიც მიდის, საიდან და რატომ მიდის საერთოდ ეს ფულები?!
მაგალითად, ბიუჯეტში ვერც ერთი პროექტის დასაბუთებას ვერ ვხედავ, მხოლოდ ზოგადი სიტყვებია, _ ამის განვითარებისთვის, იმის განვითარებისთვის…
რას ნიშნავს ეს „განვითარება“, რომელზედაც იხარჯება მილიონი ლარი, მიდი და გაიგე…
რა განვითარება საერთოდ?! რა საჭიროა ამდენი გუნდისა და კაპელის შენახვა?! კი ბატონო, ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის ერთი ანსამბლი გვქონდეს და შევინახოთ, მეტი რაღად გვინდა ამდენი ანსამბლი?
მარტო მომღერალთა შვიდი ანსამბლი გვყავს!
ვსვამ კითხვას, _ რად გვინდა ეს ანსამბლები?!
ვინმე ხომ ვერ ახსნის, ექიმი რატომ არ არის სახელმწიფო მოხელე? _ ექიმი, რომელიც ადამიანთა სიცოცხლეზეა პასუხისმგებელი, ჩვენს ჯანმრთელობაზე, სახელმწიფოს ძირითად წყაროზე, ადამიანზეა პასუხისმგებელი. ამ არგუმენტით, შეიძლება ექიმი გავხადოთ სახელმწიფო მოხელე და მივცეთ ხელფასი? რაღაც დონის დაფინანსებას ყველგან აკეთებს სახელმწიფო ასეთი კამერული ანსამბლებისა ამერიკაშიც, ევროპაშიც მაგრამ ჩვენ ვინახავთ მათი მოთხოვნების 100 პროცენტს. ამდენი თანხის საპასუხოდ რამე კონცერტი მაინც რომ გააკეთონ, რაღაც გვაჩვენონ, გვასიამოვნონ, უბრალოდ ადგნენ და გაინძრნენ, როცა ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, მაგრამ არა! _ ჩვენ ვიხდით და ისინი ხასიათის მიხედვით მღერიან. ამ ხალხის მხოლოდ ერეკლეობაზე გამოყვანა და სიმღერა არაფრის მომცემი არ არის!
_ თუ არსებობს სტატისტიკა ან ა(ა)იპებმა ფრაქციაში თუ მოიტანეს მუშაობის ბოლო ერთი წლის ანგარიში?
_ საერთოდ ეჭვი მეპარება, რომ ასეთი ანგარიშები სადმე მაინც არსებობდეს. მესმის, რომ ეს იქნება ძალიან მძიმე რეფორმები. მერი, რომელიც ამას გააკეთებს, რომ ამ მუქთამჭამელ ხალხს ამოჰკვეთავს, გააუქმებს ამ ა(ა)იპებს, შეამცირებს შტატებს ან საერთოდ ლიკვიდაციას გაუკეთებს, შეიძლება მას ძალიან არაპოპულარულ ნაბიჯებად შეუფასონ! ვინც ამას შეძლებს, ის იქნება გმირი, მაგრამ ეს რთული გასაკეთებელია.
ტურიზმის განვითარება უწერიათ წელს პრიორიტეტად: განვავითაროთ, მოვაწყოთ ცივგომბორის კალთებზე სალაშქრო ბილიკები, წინანდალში სოფლის თავში შეგვიძლია ფეხით სავალი ბილიკები გავაკეთოთ… სკვერი მოვაწყოთ!
წინანდალში შეგვიძლია გავაკეთოთ ახალი ბაღი, კისისხევის პირზე გვაქვს მუნიციპალიტეტს ადგილი, სადაც დასასვენებელ პარკ ნადიკვარზე უკეთესს შევქმნიდით.
მუნიციპალიტეტში პროექტი შემოვიტანეთ, მაგრამ რა? მაგ მიწას გაყიდიან! აგერ ვიქნებით მეც და თქვენც!
_ ანუ თქვენ ითხოვდით სკვერის გაკეთებას მოსახლეობისთვის და მაინც გაყიდიან?
_ კი, ვინმე ბიზნესმენზე გაყიდიან. არა და, აი, რას ვთავაზობ: წინანდალში ჭავჭავაძის მუზეუმში იყო დრო, ვისაც უნდოდა, შედიოდა, ახლა ფასიანია. ასეთივე სკვერი უნდა გავაკეთოთ, რომელიც მხოლოდ წინანდლელებისთვის კი არ იქნება, არამედ აქ დაისვენებს თელაველიც და მოსული ტურისტიც. ვამბობ, გვაქვს ადგილი, სადაც განათება უნდა შეიყვანო და ჩადგა სკამები, მერე თავისით კერძო ბიზნესიც დაინტერესდება და საზაფხულო კაფეც გაკეთდება…
_ როგორ არის სოფლად გლეხი?
_ ძალიან ცუდად! არ ვარგა სავენახე გზები! არ ვარგა სარწყავი სისტემა! არ არსებობს ვენახების სარწყავი სისტემა. ხომ შეიძლება, ერთხელ და სამუდამოდ ამ ხალხს ეს გავუკეთოთ?! ხალხს აქვს 2, 5, 10 ჰექტარი გაშენებული ვენახები და არ აქვს წყალი, დგანან და უყურებენ ბუნებას, როდის მოწვიმს, რომ ეშველოთ. ამიტომ გვჭირდება სარწყავი სისტემის გაკეთება, ასევე საჭიროა ვენახამდე, ბაღჩამდე მისასვლელი გზები გაკეთდეს გლეხებისთვის, ვინც მართლა მიწას არის მიჯაჭვული და ამ ქვეყნის დოვლათს ქმნის. ამ ხალხს სული უდგას სოფელში მიწაზე მუშაობით და ხომ შეიძლება, ამით დავეხმაროთ? _ ეს არის გზა და წყალი!
ძალიან უჭირთ ადამიანებს. ამ რამდენიმე ხნის წინ წავიკითხე კვლევა, რომ ბავშვები არ მიჰყავთ ექიმებთან! ანუ ექიმთან მისვლის კი არ ეშინიათ და იმ ერთ ვიზიტში კი არ ერიდებათ თანხის გადახდა, მერე რომ დაწერს ექიმი დასკვნას და გაუწერს რეცეპტს, აი, მაგის ეშინიათ, რადგან უბრალოდ ვერ უყიდის! ასეთი მოწყვლადი ჯგუფები გვყავს და მუნიციპალიტეტმა წამლების ოცი პროცენტი მაინც უნდა დააფინანსოს. არიან პენსიონერები, რომლებსაც მთელი თავისი პენსია მისდით წამლებში, რამე შეღავათი უნდა გავუკეთოთ ასეთ ხალხს.
_ რას ფიქრობს თელავის საკრებულო გენერალურ გეგმაზე?
_ რაც შეეხება გენგეგმას! ერთხელ და სამუდამოდ მოიტანონ ეს გენგეგმა, დადონ და გადავხედოთ! მე მაგალითად არ ვიცნობ ამ გენგეგმას. ვამბობ, ჩემდა სამარცხვინოდ არ ვიცი, რა წერია ქალაქის გენერალური განვითარებისა და განაშენიანების პროექტში. შემოვიდეს ეს გენერალური გეგმა, დაიდოს და განვიხილოთ!
თუმცა მანამდე უნდა გვახსოვდეს, ვაშინგტონში არ აშენებინებენ კაპიტოლიუმზე მაღალ სახლს, ანუ ჩვენ ვსაუბრობთ ამერიკის დედაქალაქზე. თავი-ბოლო ვაშინგტონი არის 250 წლის, მაგრამ ისინი თავის ისტორიას უფრთხილდებიან, შესაბამისად, ჩვენც ხომ უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენი ისტორია არ გავაუფერულოთ?
მე, მაგალითად, როგორც ინჟინერს, არაფერიც არ მესმის, მაგრამ უნდა მოვიწვიოთ დარგის სპეციალისტები, მოვუსმინოთ, შევაფასოთ მათთან ერთად, დავხარჯოთ ამისთვის თანხა. ამაში ფულის გადახდა ღირს. ეს გეგმა ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა მიიღო და გქონდეს, თუ გინდა, რომ ქალაქი სწორად განაშენიანდეს.
პარკინგია მოსაწყობი აგრარული ბაზრის წინ, ვინც იქ გაივლის და შეხედავს, ეს არის უბრალოდ კატასტროფა!
მისაუბრია მოსახლეობასთან, რომელიც ამბობს, რომ მას ურჩევნია გააჩეროს მანქანა, გადაიხადოსნ თანხა და იცოდეს, რომ გასაჩერებელი ადგილი ექნება. მიშვებულია და მიყრილია ყველაფერი. მაგალითად ბანკს რომ აშენებენ ახლა, მანდ გავაკეთებდი სამ-ოთხსართულიან მიწისქვეშა საპარკინგე ფასიან გასაჩერებელს, რადგან აღარ გვაქვს ადგილი. თუ გვაქვს ამბიცია, რომ ვიყოთ ნორმალური ქალაქი, ამ ქალაქს სჭირდება პარკინგი!
_ კადრების კომპეტენციაზე რას იტყვით? ხშირად თელავის მერიაში აცხადებენ, რომ არ ჰყავთ კომპეტენტური კადრები. ანუ რა უნდა გააკეთოს მუნიციპალიტეტმა? ეს კრიზისი ერთ და ორ დღეში ვერ გადაიჭრება, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში იგი როგორ უნდა მოგვარდეს?
_ უნდა გვახსოვდეს, რომ აქ არ შეიძლება პარტიული აქტივის დასაქმება! არ უნდა ფორმდებოდნენ შინაურები! ეს არის ერთადერთი ყველაზე სწორი მიდგომა. იგივე პრობლემა გვქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც, ანუ პარტიული აქტივი გვყავდა დასაქმებული, მაგრამ მაშინ ცოტა შერჩევა მაინც ხდებოდა.
_ 150 000 ლარი გამოიყო მომდევნო წლის ბიუჯეტში სტუდენტების გადასახადის დაფინანსების მიმართულებით, აქ შედის კერძო სწავლის გადასახადის დაფინანსება სოციალურად დაუცველი და შშმ პირი სტუდენტებისთვის.
_ ასეთი ფორმით დაფინანსება არ მიმაჩნია სწორად.
თუ ჩვენ სწავლის გადასახადს დავუფინანსებთ ისეთ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ თელავის უნივერსიტეტის გარდა სხვა უნივერსიტეტებში, ამით წინასაარჩევნოდ ნათქვამი წინადადებები, რომ თელავი საუნივერსიტეტო ქალაქია, ცაში გამოეკიდება. ჩვენ ასეთი პროგრამით დავაზარალებთ ჩვენს უნივერსიტეტს. შესაბამისად, სტუდენტს თუ ექნება შანსი, რომ მუნიციპალიტეტმა დაუფინანსოს, ის, ალბათ, წავა თბილისში, ამით კი ჩვენს უნივერსიტეტში ნაკადი შემცირდება.
_ ეს ხომ არ ნიშნავს თანხის არამიზნობრივ და არაგონივრულ ხარჯვას?
_ ერთი მხრივ, ასეა; მეორე მხრივ, თუ თელავში ისწავლის ყვარლელი ან გურჯაანელი, ვერც მათ ვერ დააფინანსებენ, რადგან ამისი უფლებამოსილება არ არსებობს. მეორეც, თანახმა ვარ, დააფინანსონ სტუდენტი, თუ ის კარგად სწავლობს!
ეს არის მთავარი მოტივაცია და არა ის, რომ ადამიანი რომელიმე მოწყვლადი ჯგუფის წევრია. იმის მიხედვით უნდა დავაფინანსოთ, რამდენად ამოვიღებთ ამ ფულს მისი ცოდნით. სწორი ინვესტირება უნდა გავაკეთოთ. მომხრე ვარ, სწავლა დავუფინანსოთ საზღვარგარეთ, ოღონდ მას მივცეთ ვალდებულება, რომ სწავლის დასრულების შემდეგ იმუშავებს მუნიციპალიტეტში მინიმუმ ხუთი წლის ვადით. ანუ არაფრისთვის თუ დავუფინანსებთ ბიუჯეტიდან სტუდენტს სწავლას, ეს ნიშნავს, რომ ამით შეიძლება ამ ადამიანმა იმაზე მეტი დაკარგოს ასეთი ხელშეწყობით. ჩვენ არ უნდა გავაზარმაცოთ და მოვადუნოთ ახალგაზრდები!