რა იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს და როგორ შეიძლება მისი აცილება?!

გიორგი საკარული

მიუხედავად საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინტერვენციებისა და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების ცალსახა პროგრესისა, კიბოთი მაღალი ავადობა და სიკვდილიანობა კვლავაც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება მსოფლიოსა და საქართველოში.

სხეულის უჯრედები იზრდება, იყოფა და ახალ უჯრედებს წარმოქმნის, ერთ მშვენიერ დღეს კი შესაძლოა, რომელიმე მათგანმა არაკონტროლირებადი და უწესრიგო გაყოფა დაიწყოს და შესაბამისი ორგანოს კიბო წარმოქმნას.
საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებას მრავალი წელი სჭირდება, თანაც საწყის ეტაპებზე ეს სიმსივნე ავადმყოფისთვის შესამჩნევ ცვლილებებს არ იწვევს, ამიტომ, სამწუხაროდ, ქალები ხშირად დაგვიანებით ხვდებიან ონკოლოგთან, თუმცა ამ დაავადების დროული აღმოჩენისა და მისგან განკურნების შესაძლებლობა დღეს უკვე არსებობს.

რა იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს? როგორ შეიძლება საშვილოსნოს კიბოს თავიდან აცილება? რა ასაკშია შესაძლებელი ვაქცინაცია?
ამ და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ის კითხვებს პასუხობს ექიმი, რეპროდუქციული ჯანმრთელობის პროგრამის მენეჯერი და საინფორმაციო სამედიცინო ფსიქოლოგიურ ცენტრ „თანადგომის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ქეთევან ჭელიძე:

_ ქალბატონო ქეთევან, რამდენად გავრცელებულია საშვილოსნოს ყელის კიბო?
_ სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საშვილოსნოს ყელის კიბოს მეორე ადგილი უკავია სარძევე ჯირკვლის კიბოს შემდეგ. მსოფლიოში ყოველწლიურად ავადდება 500 000 ქალი.
_ პაპილომა ვირუსის რამდენი ტიპი არსებობს?
_ პაპილომა ვირუსის 100-ზე მეტი გენოტიპია ცნობილი. მათ ორ დიდ ჯგუფად ყოფენ: დაბალი რისკისა და მაღალი რისკის გენოტიპებად. დაბალი რისკის (HPV 6, 11, 42, 43, 44 და სხვა არაონკოგენური) გენოტიპები მახვილწვერა კონდილომას იწვევენ, მაგრამ ნაკლებად ასოცირდებიან სასქესო ორგანოების კიბოს წინარე დაავადებებსა და კიბოსთან. მაღალი რისკის გენოტიპებია (ასეთია 13 ტიპი): HPV 16, 18, 31, 33, 35, 39, 45, 51, 52, 56, 58, 59, 66, 68).
ონკოგენურ ტიპებს შორის ყველაზე ხშირია მე-16 და მე-18 ტიპები. მე-16 ტიპზე მოდის საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა დაახლოებით ნახევარი, ხოლო მე-18 ტიპზე – 10-12%. პაპილომა ვირუსების სხვა ონკოგენური ტიპებია 31, 33, 45, 52, 58, რომელთაგან თითოეული ასოცირებულია გენიტალიური სიმსივნეების 2-4%-თან. რაც შეეხება მე-6 და მე-11 ტიპებს, რომლებიც პაპილომა ვირუსების ძალიან ხშირი და გავრცელებული ტიპებია, ისინი არ იწვევს სიმსივნეებს და ასოცირებულია გენიტალიური მეჭეჭების განვითარებასთან.
_ როგორი სქემით მიმდინარეობს ვაქცინაცია?
_ 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ორჯერადი ვაქცინაცია ხდება 2 ეტაპად მინიმუმ 6 თვის ინტერვალით; 15-18 წლის ასაკობრივ ჯგუფში ვაქციანცია მიმდიანრეობს 3 ეტაპად შემდეგი სქემით: 0 – 2 – 6 თვე. პირველ და მეორე დოზას შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 1 თვე, ხოლო მეორე და მესამე დოზას შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 3 თვე.
_ რა იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს?
_ ადამიანის პაპილომა ვირუსი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებაში. ადამიანის პაპილომა ვირუსი (HPV) რეპროდუქციული ტრაქტის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვირუსია. სქესობრივად აქტიური ქალებისა და მამაკაცების უმეტესობა ინფიცირდება ცხოვრების რაღაც ეტაპზე და შესაძლებელია აგრეთვე განმეორებითი ინფიცირებაც. ინფექციის შეძენის ყველაზე მაღალი ალბათობა, როგორც ქალების ასევე მმაკაცებისთვის, სქესობრივი აქტივობის დაწყების პერიოდზე მოდის.
_ რა სიმპტომები ახასიათებს საშვილოსნოს ყელის კიბოს?
_ დაავადებას ადრეულ სტადიებზე სიმპტომები არ გააჩნია. მისი გამოვლენა შესაძლებელია მხოლოდ ექიმისათვის მიმართვის შემთხვევაში. საშვილოსნოს ყელში არსებული სიმსივნური წარმონაქმნის ზრდის მიხედვით პაციენტებს შესაძლოა, აღენიშნოთ შემდეგი სიმპტომები:

  1. სისხლიანი გამონადენი, რომელიც არ არის დაკავშირებული მენსტრუაციასთან. აღნიშნული სიმპტომი შესაძლოა გამოვლინდეს სქესობრივი კავშირის შემდგომ. როგორც წესი, გამონადენს ახასიათებს მძაფრი, არასასიამოვნო სუნი;
  2. ტკივილი მუცლის ქვემოთ, წელის არეში;
  3. ტკივილის შეგრძნება მოშარდვის ან დეფეკაციის დროს;
  4. ფეხების შეშუპება (ქვედა კიდურების ლიმფოსტაზი).
    პაციენტის განკურნება დამოკიდებულია დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენასთან. დაავადების განვითარების მიმდინარეობა 4 სტადიად იყოფა:
    პირველ სტადიაზე სიმსივნური წარმონაქმნი განლაგებულია საშვილოსნოს ყელის ფარგლებში. განკურნებადობის პროგნოზი ამ სტადიაზე ყველაზე მაღალია;
    მეორე სტადია ხასიათდება სიმსივნის ზრდით, თუმცა სიმსივნური წარმონაქმნი კვლავაც საშვილოსნოს ყელის ფარგლებში რჩება და არ ეხება მენჯის კედლებს; აღნიშნულ სტადიაზე მკურნალობას კვლავ აქვს პოზიტიური შედეგები;
    დაავადების მესამე სტადიაზე სიმსივნური წარმონაქმნი იკავებს არა მხოლოდ საშვილოსნოს ყელის მიდამოებს, არამედ გადადის საშოს ქვედა ნაწილშიც;
    საშვილოსნოს ყელის კიბოს მეოთხე სტადია ყველაზე მძიმეა. ამ სტადიაზე სიმსივნე გადის მეზობელ ორგანოებში _ შარდის ბუშტში, ღვიძლში. პაციენტებს უვითარდებათ მეტასტაზები საშვილოსნოს ყელის მოშორებით მდებარე ორგანოებსა და სისტემებში.
    _ რა უნდა გავაკეთოთ საშვილოსნოს ყელის კიბოს გამოვლენისთვის ადრეულ ეტაპზე?
    _ საქართველოს ყველა რეგიონში ხელმისაწვდომია საშვილოსნოს ყელის ადრეული სკრინინგის პროგრამა. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ქალებს 25-დან 60 წლის ჩათვლით. სკრინინგის ფარგლებში უფასოა კპაპ-ტესტი; პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში _ კოლპოსკოპია (საშვილოსნოს ყელის მიკროსკოპული გამოკვლევა); საჭიროების შემთხვევაში ასევე უფასოა კოლპოსკოპიისას ბიოფსიური მასალის აღება და მისი ჰისტოლოგიური კვლევა. საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი უფასოა 3 წელიწადში ერთხელ, თუმცა, ამ ვადის მიუხედავად, ექიმის რეკომენდაციით, შესაძლოა კიდევ დაგიბარონ უფასო გამოკვლევაზე, არაუმეტეს წელიწადში ორჯერ.
    _ როგორ შეიძლება საშვილოსნოს კიბოს თავიდან აცილება?
    _ ადამიანის პაპილომა ვირუსის (აპვ) საწინააღმდეგო ვაქცინაციით შესაძლებელია საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა 97%-ის თავიდან აცილება.
    _ რა ასაკშია შესაძლებელი ვაქცინაცია?
    _ საქართველოში პაპილომა ვირუსის აცრა უფასოდ ხელმისაწვდომია 10-18 წლის გოგონებისთვის.
    _ სად უნდა მივმართოთ ვაქცინაციისთვის?
    _ ვაქცინაცია ხელმისაწვდომია პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში.
    _ რომელ ქვეყნებშია დანერგილი პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო კიბოს აცრა?
    _ 2017 წლისთვის პაპილომა ვირუსის ვაქცინა იმუნიზაციის ეროვნულ კალენდარში მხოლოდ გოგონებისთვის მსოფლიოს 71-მა ქვეყანამ შეიტანა, ხოლო 11-მა ქვეყანამ გოგონებისთვის და ბიჭებისთვის ერთად.
    _ რამდენად უსაფრთხოა ვაქცინა?
    _ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ვაქცინის უსაფრთხოების გლობალური საკონსულტაციო კომიტეტი (GAჩVშ) რეგულარულად განიხილავს ფაქტობრივ მონაცემებს აპვ ვაქცინის უსაფრთხოების შესახებ. კომიტეტმა შეისწავლა ამერიკაში, ავსტრალიასა და იაპონიაში ჩატარებული ვაქცინაციის ეპიდზედამხედველობის მონაცემები. ზემოთ აღნიშნული ყველა წყარო ადასტურებს ვაქცინაციის დადებით შედეგს და უსაფრთხოებას. 2014 წლის მარტში GAჩVშ-მა დაასკვნა, რომ აპვ ვაქცინა უსაფრთხოა თუმცა ადგილობრივი რეაქციები _ ინექციის ადგილის ტკივილი _ ხშირია. ვაქცინაციის შემდგომი 15-დღიანი მონიტორინგის შედეგად დაფიქსირდა: ცხელება 1%-ში და სხვა მცირე სისტემური გვერდითი მოვლენები 0.5%-ში.
    გასათვალისწინებელია, რომ ვაქცინაციის დროს პაციენტი ჯანმრთელი უნდა იყოს და არ უნდა ჰქონდეს ალერგია ვაქცინის შემცველი კომპონენტების მიმართ.
    ორსულთათვის ადამიანის პაპილომა ვირუსზე ვაქცინაცია არ არის რეკომენდებული.