გია ხუხაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლაში ვერანაირ ცუდს ვერ ვხედავ“
გიგა გელხვიიძე
დაპირებული ცხელი შემოდგომა ვერ შედგა, თუმცა ქართულ პოლიტიკურ ველზე ტემპერატურა დღითი დღე იმატებს. ამის განმაპირობებელი კი როგორც სახელისუფლებო, ასევე ოპოზიციურ ფლანგზე არსებული რთული პოლიტიკური ვითარებაა.
როგორ აფასებს ქართული პოლიტიკური კარის თამაშებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი? _ ამას „ქრონიკა+“-ის ინტერვიუდან შეიტყობთ:
_ ბატონო გია, როგორ გამოიყურება დღეს ქართული პოლიტიკური ველი?
_ მოკლედ რომ გითხრათ, სავალალოდ. ერთი სიტყვით, შეიძლება იმის აღწერა, რაც დღეს ხდება: პოლიტიკური პროცესი, რასაც მართლა პოლიტიკური პროცესი ჰქვია სახელმწიფოებრივი გაგებით, პროგრესსა და წინსვლაზე ორიენტირებული, არ არსებობს. ქვეყანაში სრული დეგრადაცია გვაქვს! პოლიტიკური ელიტა, ხელისუფლებიან ოპოზიციიანად, არის დელეგიტიმიზირებული. რომ წარმოვიდგინოთ, ყველა მოქმედი პარტია არის ხელისუფლებაში და მათაც არ აქვთ საკმარისი ლეგიტიმაცია, რადგანაც ამომრჩევლის უმრავლესობა ამბობს, რომ არცერთი პარტია არ მოსწონს. ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკური ელიტა გაკოტრებულია და პოლიტიკური პროცესი არ არსებობს. ეს არის ვირტუალური კინკლაობა ერთმანეთში, პოლიტიკური ენა არ არსებობს, არის მხოლოდ ნეგატივი, არანაირი პოზიტივი პოლიტიკურ სივრცეში არ არსებობს, ამიტომაც ჩემი შეფასება _ სავალალო მდგომარეობა, _ არის სრული ჭეშმარიტება.
_ სანამ უშუალოდ სახელისუფლებო ფლანგზე გკითხავთ, მანამდე მაინტერესებს, როგორ აფასებთ ენმ-ში მიმდინარე პროცესებს? ექნება თუ არა ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიაში არსებულ განხეთქილებასა და მიმდინარე პროცესებს გავლენა ზოგადად ოპოზიციურ ველზე და გარდა ამისა, თავად პარტიისთვის ეს იქნება გამაძლიერებელი ფაქტორი თუ, შესაძლოა, ის ბევრად უფრო დასუსტდეს ამ ყველაფრის შემდგომ?
_ გაძლიერებული ვერ გამოვა, მაქსიმუმი, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეიძლება შეძლოს, ეს არის არსებული მხარდაჭერის შენარჩუნება, რაც ძალიან საეჭვოა. პირდაპირ გეტყვით, რადგან დაპირისპირება ამ პარტიაში ატარებს მსოფლმხედველობრივ და ფსიქოლოგიურ ხასიათს და რას ვგულისხმობ, გეტყვით კიდევაც: თავი რომ გავანებოთ კლანებს, რეალური, ფუნდამეტური ფრონტის ხაზი გადის პარტიის მხარდამჭერების ემოციურ ნაწილსა და რაციონალურ ნაწილს შორის. ყველა პარტიას ჰყავს ლიდერზე ორიენტირებული მხარდამჭერი, რომელიც ემოციით, ანუ ერტგულებით და ასეთი კატეგორიებით იღებს გადაწყვეტილებებს _ რაციოს არ რთავს, ანუ უყვარს მიშა და რა ქნას? არის მეორე ნაწილი, რომელიც ცდილობს, რომ რაციონალურად აწარმოოს პოლიტიკა. ამ ორ ნაწილს შორის არის დაპირისპირება, ანუ ერთი ნაწილი მოითხოვს მელიასგან, ადექი და მიშა გამოიყვანე, როგორც გინდაო, რომ თავად არ იციან, ეს როგორ უნდა მოხდეს და არის მეორე ნაწილი, რომელიც ხვდება, რომ მელიას რაც შეუძლია, აკეთებს და მეტი რა უნდა ქნას? აი, აქ გადის ფრონტის ხაზი. ეს ისეთი დაპირისპირებაა, სადაც დიალოგს აზრი არ აქვს, რადგანაც რაციონალური არგუმენტებით, ანუ ლოგიკური არგუმენტებით მსჯელობა პოლიტიკაში შეუძლებელია, მაინც არ გაიგებენ, რისი გაგებაც არ უნდათ. ამ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი არის არჩევნები, რადგანაც ამ ტიპის კრიზისიდან მისი კონსერვაცია რომც მოხდეს, ეს არ იქნება გამოსავალი, ეს იქნება რაღაც დროებითი და კრიზისი კიდევ მეტად იფეთქებს, ახლა რომ მის ჩაფარცხვას შეეცადონ. შესაბამისად, არჩევნები არის ყველაზე კარგი გზა და პარტიამ რომ შეინარჩუნოს ის სახე, რომლითაც დღეს არის წარმოდგენილი, ყველა მოთამაშემ ამ არჩევნების დროს წინასწარ უნდა დადოს პირობა, რომ მიიღებს ყველა სახის გადაწყვეტილებას, რაც დაფიქსირდება არჩევნებზე და დაიცავს კონკრეტულ დისციპლინას. თუ ამ კონსენსუსს ვერ მიაღწიეს, რისკი იმისა, რომ პარტია დაიშალოს, არის ძალიან მაღალი. ამ სცენარს რომ მივყვეთ, დავუშავთ პარტია დაიშალა, მე ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, თუ სახელმწიფო პრიზმაში შევხედავთ, ეს სახელმწიფოებრივად კარგიც არის და გააცოცხლებს პოლიტიკურ პროცესს, რადგანაც წაართმევს სახელმწიფოს მთავარ იარაღს, ორპოლუსიანობას. პროპაგანდისტობა იქნება შეუძლებელი და პოლიტიკური კონკურენცია გაჩნდება, რაც ძალიან წაადგება პოლიტიკურ ბაზარს, მომავალზე ორიენტირებული არჩევანის ფორმირებას, ამიტომაც მე ვერ დავინახავდი ვერანაირ ცუდს „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლაში.
_ ისევ დავუბრუნდები კონკრეტულ შეკითხვას _ როგორ გავლენას იქონიებს ეს კონკრეტულად ოპოზიციურ სპექტრზე?
_ გააჩნია, ვისზე როგორ. პრინციპში, ოპოზიციურ სპექტრს უნდა აწყობდეს პარტიის დაშლა, ვინაიდან გრავიტაციის კანონი მოქმედებს, მათ შორის, პოლიტიკაშიც. როდესაც არსებობს დიდი მიზიდულობის ცენტრი, ძალიან რთულია დამოუკიდებლად მოძრაობა და დამოუკიდებელი არჩევანის გაკეთება, _ ან აქეთ მიდიხარ, ან _ იქით და თუ მათ უნდათ თავისუფალ ფრენაში წასვლა და საკუთარი თავის ფორმირება, ეს უნდა აწყობდეთ. კონკურენცია გაიზრდება და სხვა ოპოზიციურ პარტიებს უნდა აწყობდეთ ეს.
_ თუ გავითვალისწინებთ იმას, რაც ენმ-ში ხდება, ასევე შევხედავთ სხვა კუთხით გაერთიანებულ ოპოზიციურ პარტიებს, რა დასკვნებამდე შეიძლება მივიდეთ?
_ ეს ყველაფერი თამაშებია. გაერთიანებას როდის აქვს აზრი, იცით? _ პარტიები რომ ერთიანდებიან, თუ ისინი ამომრჩევლის მეტ-ნაკლებად სერიოზულ სეგმენტს ფარავენ, ამას აზრი აქვს. თუ ისეთი პარტიები ერთიანდებიან, რომლებსაც არ გააჩნიათ „მძიმე წონის“ რეიტინგი, ეს არაფერს ცვლის, სინერგია არ ჩნდება. შესაბამისად, ჯამურ ამომრჩეველს უფრო კარგავენ, ვიდრე რამეს იძენენ. მთავარი პრობლემა პარტიების ის კი არ არის, როგორ დაჯგუფდებიან ელიტურ კლუბში, მთავარი პრობლემა ის არის, რომ ამომრჩეველი დაიბრუნონ. ძალაუფლება არ არის გადაჯგუფება-გადმოჯგუფება, ძალაუფლება არის ხალხი, რომელიც არ ენდობა პარტიას. ეს პრობლემა გახლავთ მოსაგვარებელი, ხალხის ნდობა უნდა დაიბრუნონ. საბოლოოდ ამომრჩეველი იღებს გადაწყვეტილებას და არა პოლიტიკური დაჯგუფება. მათ პრეტენზია ხალხის მსახურებაზე კი არ აქვთ, პრეტენზია აქვთ იმაზე, რომ თვითონ ბრძენები არიან და ხალხს თავად უნდა უკარნახონ, რა და როგორ, ეს ასე არ არის.
_ აქტიური განხილვის საგანია ის ფაქტორიც, რომ თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა დატოვებდა საპარლამენტო მანდატებს, ბევრად უფრო სწორი ნაბიჯი იქნებოდა მათი მხრიდან, ვიდრე ის, რომ ამ პერიოდში შიდა არჩევნები დაენიშნათ. იქონიებდა ეს ქმედება, რამე პოზიტიურ გავლენას?
_ ეს არის ყველაფერი პოლიტიკური ტაქტიკის საკითხი და რა მინიშვნელობა აქვს, ამ შემთხვევაში რა ტაქტიკით იმოქმედებდა ის? შეიძლება იყოს ასეთიც, შეიძლება იყოს დარჩენაც, შეიძლება იყოს წასვლაც. აქ მნიშვნელოვანია, რამდენად სწორად ახორციელებ ამ ყველაფერს. როდესაც შეგიძლია დღეში ორჯერ შეცვალო გადაწყვეტილება, დღეს თქვა ბოიკოტი და ხვალ მ ისევ დაბრუნდეთ, ეს კარგავს ნდობას, შენ მიმართ ვერ იქნებიან ნდობით აღჭურვილები. როდესაც რაღაცას აცხადებ, ეს ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილება შემდეგ არ უნდა შეცვალო და ბოლომდე უნდა იარო მიზნის მიღწევამდე. ხოლო როდესაც ადამიანი ხედავს, რომ დილით ერთს აცხადებ და საღამოს _ მეორეს, ნდობა იკარგება. შესაბამისად, პირველი პრობლემა არის ის, რომ ნდობა არ აქვს მათ გაცხადებულ გეგმას, რადგანაც ამომრჩეველი ფიქრობს, რომ დღეს კი გამომიცხადა ეს, მაგრამ მე ამათ რომ გავყვე, ხვალ შეიძლება წავიდეს სადღაც და შენი ჭირიმე, თავი დამაბენებეთ, რა, _ ფიქრობს ის. მთავარი არის შედეგზე ორიენტირება. როცა ამბობ, ქუჩაში გავიდეთ და აქციების გზით რაღაც შედეგი მივიღოთო, ამას რომ გამოაცხადებ, სანამ არ მიაღწევ ამ მიზანს, არ უნდა გადაუხვიო და ჩვენს პოლიტიკოსებს 9 პარასკევი აქვთ, ასე არ არის?
_ როგორ ფიქრობთ, არის თუ არა შესაძლებელი, რომ 2024 წლამდე დღის წესრიგში დადგეს ვადამდელი არჩევნების საკითხი ან რამე სხვა მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდეს?
_ ოპოზიციას არ აქვს საფუძველი და ძალა იმისა, რომ ვადამდელი არჩევნები გამოაცხადოს. თუ ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ მას სჭირდება არჩევნები, დაინიშნება, რადგანაც სწორედ ახლა აქვს ხელისუფლებას ამის საშაუალება.
_ თორმეტპუნქტიან რეკომენდაციებზე მინდა, გკითხოთ, _ რამდენად აქვს საქართველოს შანსი, მიიღოს კანდიდატის სტატუსი იმ ცვლილებების ფონზე, რასაც მმართველი გუნდი ამჟამად ახორციელებს?
_ სამწუხაროდ, ხელისუფლება არ მიდის ამ გზით, ის არაფრის შესრულებას არ აპირებს, ეს ხომ ცხადზე უცხადესია? ხელისუფლების ტაქტიკა არის ძალიან მარტივი, რომ არ შეასრულოს არაფერი და ეს დააბრალოს ოპოზიციას, რომ იმათი არაკონსტრუქციულობის გამო ვერ შეასრულა ან თუ რამეს შეცვლის, ეს იქნება მხოლოდ კოსმეტიკურად, ანუ სისტემურ ცვლილებებს ის არ ატარებს. შესაბამისად, იმის შანსი, რომ ჩვენ რამე მივიღოთ, პრაქტიკულად, არ გაგვაჩნია. ჩემთვის გასაკვირია, რატომ არის ეს ილუზია, რომ მუდმივად ამაზე ვლაპარაკობთ? რამე შეასრულეს? ან განცდა არის იმის, რომ რამეს შეასრულებენ? მურუსიძეს ახლა სასამართლოდან გამოაგდებენ ესენი? ძლივს ჩააბეტონეს იქ! აბა, რას იზამენ? შესაბამისად, შედეგიც ლოგიკურია, რა გზითაც მივდივართ, ის შედეგი დადგება.
_ დასავლელი და ევროპელი პარტნიორები აქტიურად საუბრობენ მიხეილ სააკაშვილის ფაქტორზე. შეიძლება თუ არა ერთგვარ აქილევსის ქუსლად იქცეს მოქმედი ხელისუფლებისთვის მიხეილ სააკაშვილი?
_ არა, სააკაშვილის ფაქტორი პოლიტიკაში აღარ არსებობს, სააკაშვილის მზე ჩაესვენა უკვე და ეს არის პირადი ტრაგედია, ჰუმანიტარული საკითხი. ის არის ტრაგიკული პიროვნება და მე თანავუგრძნობ მას, მიუხედავად იმისა, რომ ათწლიანი ომი მაკავშირებს მასთან და თუ ვინმე დაზარალდა მისგან, ეს კობახიძე და ოხანაშვილი კი არ ყოფილა, მე ვიყავი დაზარალებული, მაგრამ მზად ვარ, მას ვაპატიო, იმიტომ, რომ მას ვუყურებ, როგორც ავადმყოფ ადამიანს, რომელიც არის გადასარჩენი და მომხრე ვარ ყველაფრის, რომ მის ჯანმრთელობას მიხედოს ქვეყანამ იმ წესით, რა წესითაც ის ამას საჭიროებს! არანაირი სხვა ინტერესი არ გამაჩნია მასთან მიმართებით.
_ ვინაიდან ვსაუბრობთ სააკაშვილის გადარჩენის საკითხზე, ამ მხრივ საკმაოდ დიდი საქმის გაკეთება შეუძლია საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის. როგორ ფიქრობთ, რა არის სააკაშვილის საქმეში ზურაბიშვილის როლი და ზოგადად რა როლი აქვს ამ ადამიანს ქართულ პოლიტიკაში?
_ ზურაბიშვილის როლი არის ნული, ის გახლავთ იმ ქალბატონების კატეგორიიდან, რომლებიც ყველა მამაკაცს ეპრანჭებიან, მაგრამ მოძალადე ქმრის ერთგულებას ინარჩუნებენ. ის აკეთებს სწორ განცხადებებს, მაგრამ არცერთ ნაბიჯს არ გადადგამს, რაც ხელისუფლებას არ მოეწონება. კი გააკეთებს განცხადებებს, რომლითაც ევროპას ეპრანჭება, მაგრამ არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რაც მისი დისკრეციაა და რაც დაამშვიდებდა საზოგადოებას, თუნდაც სააკაშვილის შეწყალება. შესაბამისად, მის ფაქტორსა და როლზე საუბარი მიზანშეუწონლად მიმაჩნია, რადგანაც მისი როლი არის ვირტუალური. შინაარსობრივად ის არანაირი გადაწყვეტილების მიმღები არ არის.
_ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონთან მიმართებით მიმდინარე პროცესები რომ შევაფასოთ, რა მოლოდინები შეიძლება იყოს ამ მხრივ? შეძლებს „ქართული ოცნება“ რეალურად სწორი გადაწყვეტილებისა და მოქმედი კანონის მიღებას?
_ ეს სრული აბსურდია, აქ სალაპარაკოც არაფერია. ეს კანონი აქციეს ფარსად და მეტი არაფერი, ჩათვალეთ, ის არ არსებობს.
_ თუ გადავხედავთ საბოლოო ჯამში იმ შედეგებს, რომელსაც აჩვენებს სხვადასხვა კვლევა და ასევე გავითვალისწინებთ საზოგადოების მხრიდან ღიად გამოხატულ პოზიციებს, დღეს რომ არჩევნები ჩატარდეს, რომელი ფლანგია უფრო მეტად მომგებიან მდგომარეობაში?
_ ჯერჯერობით ოპოზიცია ძალიან სუსტია. რა თქმა უნდა, „ქართული ოცნებაა“ ლიდერის პოზიციებზე. კი, ისიც არ მოსწონს საზოგადოებას, დელეგიტიმიზირებულია, მაგრამ ოპოზიცია ბევრად უარესად გამოიყურება, ეს არის მთავარი. დღეს ხელისუფლება და ოპოზიცია არის „მკვდარი მკვდარს აეკიდა“ მდგომარეობაში. კვლევების მიხედვით, 75% აცხადებს, რომ ის არ ენდობა არცერთ პარტიას და ელოდება ახალ ძალას. ეს ნიშნავს, რომ ხალხსა და მთლიანად პოლიტიკურ ელიტას შორის ხიდია ჩატეხილი.