სიმართლის გამო ნაცემი და ქვეყნიდან გადახვეწილი ბიზნესმენი
გიგა გელხვიიძე
სახელმწიფო ტენდერებიდან _ ამერიკაში თავშესაფრის ძიებამდე _ როგორ მოექცა სახელმწიფო ბიზნესმენ დავით კალმახელიძეს და რა გზის გავლა მოუხდა მას სასამართლო დარბაზიდან ამერიკის შეერთებულ შტატებამდე?
„ქრონიკა+“ გთავაზობთ ინტერვიუს დავით კალმახელიძესთან, სადაც დეტალურად გაიგებთ, როგორია ქართული მართლმსაჯულების ძალა.
_ ბატონო დავით, რომ მოვუყვეთ მკითხველს ისტორია, რომელიც თქვენ გადაგხდათ, _ სანამდე მიგიყვანათ ქართული მართლმსაჯულების გზამ?
_ მე ვარ დავით კალმახელიძე, უკანასკნელი 13 წლის განმავლობაში 1000-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი მაქვს საქართველოში გაკეთებული, მათ შორის, გორის გვირაბები, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს პორტალები. მთელ საქართველოში თუ სადმე ქვას და ბადეს ნახავთ, თუ სადმე მსგავსი ტიპის პროექტია, ნაპირსამაგრი სამუშაოები, რუსეთის საზღვრიდან დაწყებული, თურქეთის საზღვრით დამთავრებული, ჩემი გაკეთებულია. ამ ყველაფრის ფონზე, როცა სააკაშვილის სისტემა ივანიშვილის სისტემით შეიცვალა, 2012 წლის მეორე ნახევრიდან იტალიურმა კომპანია „მაკაფეიმ“, რომლის დირექტორიც ვიყავი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, დაკარგა 700 000 ლარზე მეტი შემოსავალი. იმის გამო, რომ ხელისუფლება შეიცვალა და მარწუხები აღარავის უჭერდა, ხალხმა შიში დაკარგა, დაიწყო პრობლემები. მივმართეთ სასამართლოს, მოვიგეთ 7 თუ 8 პროცესი. მივეცით პროდუქცია, წაიღეს ფული და არაფერი გადაგვიხადეს.
ამის შემდეგ, 2012-დან 2017 წლის ჩათვლით, თავაშვებული მუშაობაა ბიზნესშიც და ამ ქვეყანაშიც. რაში გამოიხატება ეს? _ ხარისხიანი პროდუქციის გაყიდვა და ზოგადად მისი რეალიზაცია პრობლემა გახდა, რადგან გზების დეპარტამენტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხრიდან არანაირი კონტროლის მექანიზმი არ არსებობდა. ეს ხალხი ძალიან დიდ ფულს შოულობს ქვეყნისა და ხალხის მომავლის ხარჯზე. თუმცა ნელ-ნელა უკვე მოუხშირა კარგი პროდუქციის გაყიდვამ, გავაფართოვეთ ბიზნესი, დავიწყეთ მიწის სამუშაოები. ქუთაისის შემოვლითი გზის მეოთხე ლოტზე ვიყავით ქვეკონტრაქტორები, ეს პროექტი დავამთავრეთ წელიწად-ნახევარში. მერე, სამწუხაროდ, იმის გამო, რომ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ძალიან მაღალი რანგის ჩინოვნიკები, ჩემი და ჩემი ყოფილი პარტნიორის, გიორგი ახობაძის პატრონაჟში იყვნენ აქტიურად ჩართულნი, რაღაც ეტაპზე, მას შემდეგ, როცა ჩემი ფინანსების მობილიზება მოვახდინე, მილიონი ლარის ქონება ჩავდე ბანკში, დედის, მამის, შვილის, თუ სადმე რამე გააჩნდა ჩემს სანათესავოს, შევიძინე 5 მილიონის ტექნიკა და საბოლოოდ პროექტი დავამთავრე თუ არა, ე. წ. კაი ბიჭმა გიორგი ახობაძემ (კომპანია „იქს ენერჯი“, შეგიძლიათ ინტერნეტში ნახოთ, რომელმაც ბიზნესი დაიწყო ივანიშვილის ხეების მოთხრიდან), სუს-ის მაღალჩინოსნების პატრონობით განებივრებულმა, საბოლოოდ გამწირა. აღარ გადამიხადა 857 ათასი ლარი 2019 წელს, რამაც მნიშვნელოვნად შეარყია ჩემი ურთიერთობები საბანკო-საკრედიტო სისტემასთან. მოგეხსენებათ, როგორც ხდება.
_ გაქვთ თუ არა კონკრეტული ეჭვები, ვინ შეიძლება იდგეს ამ ყველაფრის უკან?
_ ამის მიღმა დგანან უშიშროების ჩინოვნიკები, ესენი არიან დასავლეთ საქართველოში ვანის, წყალტუბოსა და ასეთი რაიონების უფროსები, რომლებიც ურთიერთობდნენ ახობაძესთან და მათი დირექტივებით ინიშნებოდა სხვადასხვა მძღოლი და ა. შ. როცა, მე თანხა აღარ გადამიხადეს, დაიწყო პრობლემები, ჩემ მიმართ პრეტენზიები გაჩნდა, ჩემს დისკრედიტაციას ეწეოდნენ. ეს სუს-ის მაღალჩინოსნები ჩვენი პატრონები რომ იყვნენ, მხოლოდ ახობაძეს მფარველობდნენ, შესაბამისად, არ გადაიხადეს 857 ათასი ლარი საიჯარო დავალიანება, წამართვეს სახლი „ლისი ვერანდაზე“ და კიდევ 3-4 სახლი. სასამართლო ჩანიშნულია და ალბათ ჩემს მშობლებსაც წაართმევენ სახლს. რაც უფრო მეტი პროტესტი გამოვხატე, მეტი წინააღმდეგობა შემხვდა და რაღაც მომენტში ჩავთვალე, რომ საქმე მთლად რომ არ დაღუპულიყო, არ გავჩერებულიყავი. 5 მლნ. ლარის ტექნიკა მყავდა სალიზინგო კომპანიაში ნაყიდი, რადგანაც დირექტორი მე ვიყავი, გადავწყვიტე, ბოლომდე მემუშავა კომპანია „აკორდ ჯორჯიასთან“. ამ საქმეს ორ ქეისად გიყვებით. პირველი ნაწილი, დარწმუნებული ვარ, თქვენთვის საინტერესო იქნება, რადგან ამის მიღმა ძალიან ბევრი ქმედება და ორგანიზაცია იმალება, რომელზეც იძულებული ვარ, ჯერჯერობით, ჩუმად ვიყო.
რაც შეეხება მეორე ნაწილს, ეს არის მაფიოზური ურთიერთობა და დამოკიდებულება ადამიანებთან და ბიზნესთან.
თბილისში რომ დადიხართ, თუ რამე ბადეს ნახავთ ჩამოკიდებულს, თითოეული მათგანი ჩემი ხელითაა ნაკეთები, გარანტია აქვს 70 წელზე მეტი. არ დაიჟანგება, სხვა რამეზე ზედმეტია საუბარი. შესაბამისად, ასეთი ტიპის კომპანია, ასეთი ხარისხი ინფრასტრუქტურაში და ცხოვრებაში არ აწყობთ. იძულებული გავხდი, რომ დამემთავრებინა პროექტი, ქუთაისის შემოვლითი გზის მეოთხე ლოტი, _ ეს არის სადღაც გუბისწყალთან, რიონთან, აეროპორტთანაა ეს მონაკვეთი. დავამთავრეთ თვე-ნახევარში. ზემოთაც ვთქვი, ამ ბიჭმა ფული არ გადამიხადა, დაიწყო პრობლემები. სუსის მაღალჩინოსნებს ერთი კუთხით ვერ შემოუვლი, მათთან ხდება ყველაფერი. ერთი სიტყვით, დიდი პრობლემები შემიქმნეს, მივედი იმ ზღვარზე, რომ ყველაფერი არ დაკარგულიყო. ამიტომ კომპანია „აკორდთან“ გავაგრძელე მუშაობა, რომელთანაც მუშაობის 12 წელიწადზე მეტი სტაჟი და გამოცდილება მაქვს, გადაყოლილი ვარ ამ კომპანიაზე, მიცემული მაქვს ნახევარი მილიონი ევროს ღირებულების ტექნიკა, რომ მათ გამოიყენონ, ფული აიღონ და მერე მოგმართონ შენ და გადაგიხადონ, როგორც ხდება ეს.
ჩვენ აზერბაიჯანელებთან ძალიან დიდი ხნის ურთიერთობა გვქონდა და 300 000 ლარის მინუსი ამ კომპანიას ჯერ კიდევ 2020 წელს ჰქონდა კომპანია „მაკაფერის“ მიმართ. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ნდობა არსებობდა, 12-13-წლიან ურთიერთობაზეა აქ საუბარი, ჩვენ სერიოზული ნდობა და ურთიერთობები გვქონდა.
_ როგორც ამბობთ, ძალიან კარგი და ნაყოფიერი თანამშრომლობის წლები გაკავშირებთ აზერბაიჯანულ კომპანიასთან, რა მოხდა შემდგომ? რა შეიცვალა?
_ მე არ ვიცი, რა მოხდა აზერბაიჯანში, „აკორდში“ შეიცვალა მმართველობის ფორმა და გადაწყვიტეს, რომ გადაეგდოთ ქართველი კონტრაქტორები.
_ უფრო კონკრეტულად?
_ არსებობს რიკოთის შემოვლითი გზა, საბჭოთა კავშირის შემდეგ ამ გზას ელოდება ხალხი. ეს გზა რომ ყოფილიყო თავის დროზე დამთავრებული, ის საცობები, რაც დღეს ზამთარში არის უღელტეხილზე, ზამთარში ცუდი ამინდებია, არ იქნებოდა. ეს ამბავი იმის გამო ხდება, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები და არ დაასრულა შემოვლითი გზა. წელიწად-ნახევარი მუშაობდა ამაზე „აკორდი“, ვერ დაასრულა. იმიტომ მოხდა ეს, რომ კომპანიაში არის უამრავი კორუფცია, ბიუროკრატია და ა.შ.
მოვაწერეთ ხელი ხელშეკრულებას 2020-ის ზაფხულში. აგვისტოში, დავიწყე მუშაობა, ხელშეკრულება იყო 18 მილიონამდე. სადღაც 3 თვის განმავლობაში შპს „კალმახელათი“, ჩემი კომპანიით ვიყავი შესული. მივიყვანე 5 მლნ-ის ტექნიკა, ამას უყურებდა ინფრასტრუქტურიდან მინისტრიც, გზების დეპარტამენტის თავმჯდომარეც.
დავიწყეთ მუშაობა, ვიმუშავეთ 3 თვის განმავლობაში, ჩავაბარეთ გადახდის სერტიფიკატი 371 000 ლარზე, „აკორდმა“ თანხა არ გადაიხადა. ჩემი რესურსებით ხალხი ვამუშავე. პირველ თანხა რომ უნდა ამეღო დეკემბერში, „აკორდმა“ გადაგვაგდო, არ გადაუხადა არავის. ვერ ვნახე სამართალი. ახლა არის 300-ზე მეტი დაზარალებული. მოვექეცი კოლაფსში, ერთი მხრიდან სუსიდან, მეორე _ აზერბაიჯანის საელჩოსგან, რადგან საელჩოს გარეშე არ ხდება მსგავსი ტიპის კონტრაქტების გაცემა. ამას დაემატა ის, რომ არ მსურდა ალიაქოთის ატეხა. ჯერ სააკაშვილი როცა მოვიდა, მაშინ მომიწია ქვეყნიდან გაქცევა, ციხეში ყრიდა ყველას. ჩამოვედი უკან და დავიწყე ისევ ბიზნესი და ახლა მომადგა ღარიბაშვილის ხელისუფლება _ ეს არის ღორიბაშვილი.
ვიდრე მე არ დავიწყებდი საჯაროდ გამოჩენას, მივმართე „აკორდს“, _ ნუ გადამაგდებთ, გადამიხადეთ, კრედიტები მაქვს, დავკარგავ ყველაფერს-მეთქი. არანაირი რეაქცია არ ჰქონიათ. მივმართე აზერბაიჯანის საელჩოს, მივმართე საგარეო საქმეთა სამინისტროს ზალკალიანის პერიოდში და ვთხოვე სამინისტროს, მოეკითხა ეს პრობლემები. ვიმეორებ: 300-ზე მეტი პირია დაზარალებული. ვერავის ყურადღება ვერ მივიქციე. წერილი ჩავაბარე ინფრასტრუქტურის სამინისტროს, პრემიერს, წერილები ჩავაბარე სუსს, მე ძალიან ბევრი ინფორმაცია მაქვს. წერილებს მოყვა უამრავი მცდელობა. მივმართე საქართველოს პრეზიდენტს.
როცა ვერ გადავუხადე სახელმწიფოს დღგ იქიდან გამომდინარე, რომ აზერბაიჯანულმა კომპანიამ არ გადამიხადა, სახელმწიფო ადგა და შემოსავლების სამსახურმა და ფინანსთა სამინისტრომ მიჩივლა. იმის მაგივრად, რომ გარკვეულიყო, რა მოხდა, სადამსჯელო პოლიტიკა გაატარეს ჩემ მიმართ. სასამართლოზე გაიტანეს, რომ უკანასკნელი სპრინტერი გაეყიდათ. სასამართლოში ერთი ამბავი ავტეხე. ერთადერთი ვითხოვ სამართლიანობის აღსრულებას. როცა არც ერთმა პირმა არ მიიტანა გულთან უამრავი ჩვენგანის ტკივილი, ავდექი და ჩემი რესურსებით დავიწყე ქმედება. გვერდით დამიდგა აზერბაიჯანული წარმოშობის გადაგდებული ხალხი, შევაგროვე 100-მდე ადამიანი, მოვაწყვე აქციები, რამდენჯერმე ეთერშიც გამოვედით, მერე პოლიციასთან დაპირისპირება მოხდა, მიჭერდა პოლიცია იმის გამო, რომ სამართლიანობას ვითხოვდი.
_ თქვენ მიმართეთ სასამართლოს. როგორი იყო სასამართლოს მიდგომა? ხომ არ გაგჩენიათ რამე სახის ეჭვები მათ ქმედებებში?
_ მივმართე თბილისის საქალაქო სასამართლოს. როცა სასამართლომ ნახა, რომ საქმე ეხებოდა „აკორდს“, არ მიიღო სარჩელი. სარჩელი შევიტანე ხაშურის რაიონულ სასამართლოში, ხაშურის სასამართლომ მიიღო სარჩელი, გაუგზავნა უამრავი წერილი და „აკორდი“ არც გამოცხადდა სასამართლოზე. ყველა პროცედურა დაცული იყო, მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლეს ამის სურვილი არ ჰქონდა, მე თვითონ იურისტი ვარ. ჩვენს ქვეყანაში სამართლიანი დავა ასეთია, _ ერთ დავას უკან მოჰყვება 100. თუ სახელმწიფოს საპროტესტო პასუხს გაუგზავნი, უკან მოჰყვება 100 დავა. კონკრეტულად დოკუმენტაცია მაქვს. შემოსავლების სამსახური იღებს და ვადებში გაწერილ სარჩელებს წერს, რომელიც ამბობს, რომ სხვა გზა არ აქვს. თუ ნებისმიერი ინსტანციის სასამართლოს შემთხვევაში 4 ან 5 წელიწადში ვერ მიხვალ აპელაციაზე, ამათმა 3 თვეში ჩანიშნეს აპელაცია. 2 მანქანა მქონდა დარჩენილი, ისიც გაიტანეს აუქციონზე, თუმცა ვერ გაყიდეს, იმიტომ რომ დავდექი პრეზიდენტის სასახლესთნ, ყველგან წავედი მარტო. აზერბაიჯანის პრეზიდენტის მამის ბიუსტებთან დავდექი რუსთავში.
_ რა მოხდა შემდგომ? როგორ წარიმართა პროცესები, როდესაც თქვენი პროტესტი ესოდენ შესამჩნევი გახდა?
_ წამოვიდა მუქარები, ამასობაში ხელთ მაქვს სასამართლოს გადაწყვეტილება „აკორდის“ წინააღმდეგ, სადაც წერია, რომ დაახლოებით 2 მლნ. ლარი მეკუთვნის „აკორდიდან“. თუმცა ამის აღსრულების მექანიზმი კიდევ სხვაა. აღსრულების ეროვნული ბიურო არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ამოიღო თანხა სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით. უნდა გადაიხადო დავის საგნის 2%. წარმოიდგინეთ, 40 000 ლარი უნდა გადავუხადო აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რომ მოქმედება დაიწყოს. ამასთანავე, რა ხდება _ „აკორდს“ ჰყავს 30 კრედიტორი, ეს ის ხალხია, რომელსაც ჰქონდა შესაძლებლობა, რომ მიემართა სასამართლოსთვის.
_ ვისაუბროთ იმ ნაწილზე, რაზედაც მელაპარაკეთ, როდესაც ჩვენ დაგვიკავშირდით. თქვენ ფლობთ ინფორმაციას, რომ ამაში ჩართულია სუსი. თქვენ თქვით, რომ გაქვთ ინფორმაციები სხვადასხვა სტრუქტურის მონაწილოებასთან დაკავშირებით აღნიშნულ საქმეში.
_ მოკლედ, აზერბაიჯანის საელჩოსთანაც, სასამართლოსთან გამოვხატე პროოტესტი და აბსოლუტურად ყველა აქტივისტი, ყველა ადამიანი, ვინც ჩემ გვერდით იდგა, ეს ხალხი შემომეფანტა. მითხრეს, რომ ზოგზს დაურეკეს, გააფრთხილეს, ზოგი სამსახურიდან გაუშვეს და ა. შ. ეს მოხდა მარნეულში, საჩხერე-ჭიათურის ტერიტორიაზე, წიფანში, სხვადასხვა სოფელში, ქუთაისსა და სამტრედიაში _ უშუალოდ ამ ლოკაციებში. მგონი, სხვა კომპანიის სახელით „აკორდი“ აგრძელებს მუშაობას. ამის მტკიცებულებებიც იყო, მაგრამ მერე ეს ყველაფერი წაიშალა. ყველაფერი უარყო და დავრჩი მარტო. წამოვიდა ჩემ წინააღმდეგ მუქარები. ამას დაემატა ღია დაპირისპირება და წინააღმდეგობები ჩემ მიმართ სუსისა და საელჩოსი, რასაც მოჰყვა მუქარის კომენტარები, ამას მიეხმარა სახელმწიფო უსაფრთხოების ჩართულობა და დაგეგმეს ერთგვარი ოპერაცია. მე უკვე სახლიდან ვერ გავდიოდი, იმდენად ბევრი რაღაც ხდებოდა, მანქანები დამყვებოდა ყველგან, ფოტოებიც მაქვს გადაღებული. ამხელა პრობლემა როგორ შევუქმენი სუსს, რომ თვალთვალი დაიწყეს.
_ რამდენადაც ვიცი, ფიზიკურადაც კი გაგისწორდნენ სწორედ იმ პერიოდში, როდესაც თქვენ მიერ ნახსენებ მისამართზე ცხოვრობდით.
_ მაგის შემდეგ, სხვა გზა რომ არ დარჩა, 2 თვის განმავლობაში „ლისი ვერანდაზე“ ჩავიკეტე. დავრბოდი მხოლოდ ლისის ტბაზე. ერთხელ მომეპარნენ და სასიკვდილოდ მცემეს. რაც მოვახერხე, თავი ჩავრგე თოვლში და გადავრჩი. როცა სასწრაფო გამოვიძახე და წამიყვანეს კლინიკაში, იქიდან გამოვიქეცი, იმიტომ რომ ლისზე კამერებში ყველაფერი ჩანდა და მინდოდა მენახა. ნაცემი, ძალიან ცუდად მყოფი გამოვიპარე და მივედი ლისის ტბაზე, ვნახე კამერები, არა მარტო მე სხვა ადამიანებმაც, _ თავდასხმის კადრებში ძალიან კარგად ჩანდა იმ ადამიანების სახეები, რომლებმაც სასიკვდილოდ მცემეს. კამერების თვალწინ დაუნდობლად მცემეს.
მადლობა ღმერთს, ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ადამიანი, ეს არის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე, მე არც ფული მქონდა უკვე, არაფერი გამაჩნდა, 10 მილიონის ბიზნესი წამართვეს და 1 ლარი არ მაქვს. ამას შედეგად მქონდა დამამძიმებელი მიმდინარეობები. მადლობა კობაიძეს, ის დამიდგა გვერდით, უსასყიდლოდ დამეხმარა, როცა საქმე პოსტ- ფაქტუმამდე მივიდა, 2 თუ 3 თვე დაზარალებულად ცნობა რომ ვერ ავიღე და ძაღლადაც არ მაგდებდნენ, გადაცემა რომ გავიდა.
ჩემ წინააღმდეგ სამი საქმე აღძრეს, დამიჭირეს ლაივის ჩაწერისას სასამართლოს ეზოში, მერე ჩემი ძმა დაიჭირეს. პოლიციელმა, ძიმისტარაშვილმა აგინა ჩემს ძმას, მერე მივმართე საგამოძიებო უწყებებს.
_ იმის ნაცვლად, რომ დაზარალებულად ეცნეთ და სახელმწიფო დაგხმარებოდათ, თქვენ წინააღმდეგ აღძრეს საქმე?
_ მოვლენები რომ დაიწყო 2021 წლის გაზაფხულიდან, ამას მოჰყვა ერთი სისხლის სამართლის საქმე, შემდეგ გიორგი ახობაძემ შეიტანა სარჩელი, თითქოს მე მას ვემუქრებოდი. ბოლოს უკვე ერთი კანადელი მეზობელი მყავდა და მოაგზავნეს ის ტიპი, რომელმაც გამოიწვია კონფლიქტი. არ ვიცი, რა ვუთხრეს და რა გააკეთეს. იმან მოაწყო აურზაური. მესამე სასამართლოზე რომ გავჩერდი და გასაჯაროვდა ამბები, ადგნენ და ადვოკატ კობაიძესთან ვიყავი, მისი სახლიდან რომ წამოვედი, დამხვდნენ ტიპები, პირდაპირ მითხრეს, რომ ციხე, ცემა, სასამართლო შენზე არ მოქმედებს და ჩვენ რა ვქნათო? პირდაპირ მითხრეს, რომ უნდა დავტოვო ქვეყანა. ერთ საათში დავტოვე ქვეყანა მაშინ, როცა მესამე ადმინისტრაციული სასამართლოს სხდომაზე უნდა წავსულიყავი. ქვეყნიდან წასვლის მეტი გამოსავალი არ დამიტოვეს. ჩემთან დაპირისპირებულია აზერბაიჯანის საელჩო და სუსი.
მაქვს ხელთ სასამართლო გადაწყვეტილება, სასამართლო მოვუგე გიორგი ახობაძესაც, ხელში მეჭირა დოკუმენტები, თუმცა აღსრულება არ ხდება. ქვეყანაში არ არსებობს აღსრულების ბერკეტები, სწორედ ამიტომ ვწერდი ქალბატონ ელისო კილაძეს. ქვეყანაში სამართალი არ სრულდება. გვარამიას საკითხშიც თუნდაც, როგორ შეიძლება, ადამიანს კომპანიის მანქანისთვის მიუსაჯო. ასეა უამრავი ადამიანი, რომელმაც სამართალი ვერ ნახა. ყველამ, ვინც პარტიას ქმნის ან შექმნის, უნდა იცოდეს, რომ უნდა მივიღოთ სასამართლო სისტემა. მე ჩემთვის ვიქნები ასე, სააკაშვილი ციხეშია, გვარამიას კიდევ რამდენი ხანი მოუწევს, ვინ იცის, უამრავი ადამიანია ასე. ქვეყანას პატრონი არ ჰყავს.
_ კონკრეტული სახელები და გვარები თუ არსებობს თქვენს საქმეში, რომლის დასახელებაც შესაძლებელია?
_ რაც შეეხება სახელებს, გვარებს, სუსთან ვინც არიან, მე შვილთან ერთად ჩავწერე რეპორტაჟი. ისე მოხდა, რომ სუსმა გამოგზავნა ადამიანი, რომელიც დაუფარავად დამეუქრა, რომ არ გასულიყო ეს რეპორტაჟი გიორგი ახობაძესთან მიმართებით, ვინ „კრიშავს“ მას და რა ხდება. იძულებული გავხდი, არ გამეშვა სიუჟეტი. ჩემი 12 წლის შვილის სიცოცხლით დამემუქრნენ.
ჩემი დაჭერის შემდეგ ჩემი ძმა დაიჭირეს. პირდაპირ მითხრეს, რომ ჩემ ოჯახზე გავლენ. დედაჩემსა და მამაჩემს ვეღარაფერს უზამენ, დარჩა ჩემი ძმა, რომელთანაც ურთიერთობა არ მაქვს მას შემდეგ, რაც ჩემ გამო დაიჭირეს.
_ ამჟამად ამერიკაში იმყოფებით და ცდილობთ, თავშესაფარი მიიღოთ. როგორ მოახერხეთ ქვეყნის დატოვება და რა ხდება თექვენს საქმეზე ამ პერიოდში აქ, საქართველოში?
_ რაც დავტოვე ქვეყანა, ერთი თვის განმავლობაში ვიმალებოდი. არც ვიცი, როგორ გამიშვეს საზღვარზე, ბრალდებულის სტატუსი მაქვს. ერთი თვე ვიმალებოდი ევროპაში, შემდეგ ჩამოვედი აშშ-ში. ის, რომ პოლიტიკურ თავშესაფარს მივიღებ, ეჭვი არ მეპარება. დედა მიტირეს ჩემს ქვეყანაში, ყველაფერი გამიკეთეს, ახლა როცა იციან, რომ წამოსული ვარ, მინიშნავენ სასამართლოებს. ამ სასამართლოებში იმდენი დეტალია, რომ ამის სასაუბრო დრო ძალიან დიდი იქნება. ჩემი საქმე სუსმა პირდაპირ გოჩა დიდავას ჩააბარა, თავიდან ბოლომდე ხარ კოლაფსში, ქაოში, ხელ-ფეხშეკრული, ვერაფერს აკეთებ. არ ვიცი, ამაზე მძიმე და ცუდი რა უნდა მოხდეს, რომ ვინმემ მოგაქციოს ყურადღება? ვერც მიშა მიაღწევს და ვერც ვერავინ მიაღწევს ვერაფერს, თუ სასამართლო არ გვექნა ნორმალური.
_ როგორ მუშაობს ქართული მართლმსაჯულება?
_ პროკურატურაში როცა ჩემი საქმე შევიტანე და ამ უწყებამ ჩემი საქმე გამოიძია, მიპასუხა, რომ დანაშაულის ნიშნები ვერ ნახა. სასამართლოში წახვალ და ვერაფერს გააკეთებ, გააპროტესტებ _ გცემენ, მიწასთან გაგასწორებენ. ამ სახელმწიფოში აზრი არ აქვს არაფერს. ამ ქვეყანაში რა უნდა გააკეთოს ადამიანმა? ვერაფერს აკეთებ. რანაირად უნდა ვუშველოთ ჩვენს თავს? რა აზრის აქვს ისეთ ქვეყანაში ცხოვრებას, სადაც ასეთი ამბები ხდება? სასამართლო არ არსებობს! სანამ საქმე იქამდე არ მივა, რომ სასამართლო გვჭირდება, აზრი არ აქვს არაფერს. კორუფცია ჭამს ქვეყანას.
მთელ ინფრასტრუქტურის პროექტებს სუსი აკონტროლებს, განსაკუთრებით კი წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურდებიან.
გიორგი ახობაძე ფულსაც უხდიდა მათ. ჩემთვის აქვს ნათქვამი, ვის რას და რამდენს უხდიდა, მერე უკვე გასაგებად გამოჩნდა, როცა ჩემთან ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა, შემდეგ მთელი სუსი დამიპირისპირა მე. რა უნდა გავაკეთო, არ ვიცი.
_ ქართული მართლმსაჯულების გარდა თუ მიმართეთ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს?
_ სტრასბურგში გავაგზავნე სარჩელი. მინდა, ჩემი ცემის ფაქტზეც მივმართო, თუმცა სასამართლოდან არ მაძლევენ მასალებს.
_ რა მოლოდინები გაქვთ?
_ არ ვიცი, წინასწარ ვგრძნობ, რომ კიდევ უფრო ცუდი და დიდი მოხდება ჩემ წინააღმდეგ. მივაქციოთ ყურადღება და აქცენტები გავაკეთოთ „აკორდისგან“ დაზარალებულებზე. მე მომკლავენ და მოვკვდები, მაგრამ როდემდე უნდა ვკლათ ადამიანები იმის გამო, რომ სასამართლო არ გვაქვს? სუსი რასაც ახლა აკეთებს, იგივეს აკეთებდა წინა ხელისუფლების დროსაც.
_ რას აპირებთ? აგრძელებთ ბრძოლას სიმართლისთვის?
_ მე როგორ მოვიქცე? რომ გამოვიდე ტელევიზიით და დავასახელო კონკრეტული სახელები და გვარები, ხვალ შეიძლება ჩემი ძმა აღარ დამხვდეს ცოცხალი, იმიტომ რომ ის საქართველოშია. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამერიკაში თავშესაფარი მივიღო და სტატუსი მომანიჭონ პოლიტიკურად დევნილის, ყველანაირად ყველაფერს გავაკეთებ. ამ ეტაპზე არაფერი გამაჩნია აქ, ვარ ბომჟი, რომელსაც ყველაფერი საშინელება გაუკეთა სუსმა.
დამირეკეს აზერბაიჯანის ოპოზიციური არხებიდან. ჯერ კიდევ გაზაფხულზე რომ დავიწყე აქციები საჩხერეში, აქედან გადამეკიდა სუსი. ფილმიც გამოვა, რას აკეთებს სუსი, აზერბაიჯანის საელჩო, კომპანია „აკორდი“. ერთი რეპორტაჟი რომ გაკეთდეს „აკორდზე“, კიდევ უამრავი ადამიანი ამოიღებს ხმას. ბევრს ეშინია, ყველა უიმედოდაა. რა გავაკეთო, არ ვიცი. არ შემიძლია აღარაფერი. ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო. ამ საკითხების მოგვარება სამართლებრივი გზებით დავიწყე და არა ქუჩური გარჩევებით. თავი მოვიკლა?
სახელმწიფოს უნდა, თავისი გაისწოროს, სამინისტროს_ თავისი. სუსის უფროს ლილუაშვილზე 3 წერილი მაქვს მიწერილი, რომ დაინტერესდი, გამოიძიე, რა გახდა აზერბაიჯანის ხელისუფლებისთვის იმ დავალიანების გადახდა, რაც საქართველოშია. მაგრამ ეს შეგნებულად ხდება, იმიტომ, რომ სუსთან ერთად საქართველოს ხელისუფლება აგებინებს კომპანიებს ტენდერებს, რომ მაყუთი გამოიტანონ. „აკორდისგანაც“ აიღეს თურმე ფული და შემდეგ აზერბაიჯანულმა კომპანიამაც ფული ვეღარ გასცა. აქ იწყება ყველაფერი და აქვე მთავრდება. ამოიღებ ხმას და ესენივე დაგტუქსავენ.
„ქრონიკა+“ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უფრო მეტი დეტალისა და ინფორმაციის მოპოვებას ცდილობს, რის შესახებაც მომდევნო ნომრებში მოგიყვებით.