მდინარე თელავის ხევი თელავს წალეკვით ემუქრება – ტყეების უკონტროლო გაკაფვა ნიადაგს სპობს

მაკა მოსიაშვილი

1977 წლის 13 ივნისის ღამეს მდინარე თელავის ხევი ადიდდა და ღვარცოფმა ქალაქი თელავი და მიმდებარე სოფლები წალეკა. სტიქია დღემდე მძიმედ ახსოვთ ადგილობრივებს. მისი გამეორების საფრთხე დღესაც მაღალია რამდენიმე ხილული მიზეზის გამო.

მდინარის კალაპოტზე სამი დამბა დგას. თავდაპირველი გათვლებით, სამივეს ერთი საუკუნე უნდა გაეძლო. გასულია ნახევარი საუკუნე, თუმცა წლებია, ღვარცოფისა და წყალმოვარდნისგან დამცავი დამბები ამორტიზებულია, დიდი ნაწილი კი მიწაშია ჩაფლული. მიუხედავად იმისა, რომ დამბები გაიწმინდა, ბოლო წლებში ღვარცოფის მოვარდნის მთავარი საშიშროება კვლავ რჩება _ ამის გარდაუვალობას კი იწვევს ცივ გომბორის ფერდზე არსებული ტყის მასიური ჩეხა.
უფრო გლობალურად რომ განვიხილოთ ეს პრობლემა, აი, რა სურათს დავინახავთ:
მსოფლიო მედიას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ცნობილი საერთაშორისო გამოცემები გარემოს პრობლემებზე, კლიმატურ ცვლილებებზე, ეკოლოგიაზე თითქმის ყოველდღე წერენ. ეს ის პრობლემაა, რომელიც დღეს მთელ სამყაროს აწუხებს.
საქართველო ამ მხრივ გამონაკლისი არ გახლავთ. ქუჩაში, სოციალურ ქსელში, ლამის ყოველდღე ვწუწუნებთ ხეების სიმცირეზე, მეტ ჰაერსა და სიმწვანეს ვითხოვთ, ჰაერის დაბინძურების პრობლემებზე ვმსჯელობთ. დღეს მთელი მსოფლიო სწორედ ხის დარგვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. 22 ოქტომბერი 1874 წელს დაარსდა. იდეის ავტორი კი ამერიკელი ბოტანიკოსი და იმ პერიოდის სოფლის მეურნეობის მინისტრი, სტერლინგ მორტონი იყო. მას სურდა, გარემოს პრობლემებზე საზოგადოების ყურადღება ამ გზით მიექცია.
საქართველო, ზოგადად, ტყით მდიდარ ქვეყნად მიიჩნევა.
ტყე ბევრი გვაქვს, მაგრამ უკანასკნელ ხანებში მისმა უკონტროლო და უყაირათო ჭრამ მას დაღი დაასვა.
1994 წლამდე საქართველო ხე-ტყის იმპორტს რუსეთიდან ახორციელებდა, რაც შემდგომ წლებში მთლიანად შეწყდა. შესაბამისად, აღნიშნული პერიოდიდან დაიწყო ტყეების არაკონტროლირებადი გაკაფვის პროცესი, რაც დღესაც გრძელდება. ზოგადად, სოციალური ფონის დამძიმების შედეგად მოსახლეობამ ტყეების ჩეხა ზამთარში გათბობის მიზნით დაიწყო. აღნიშნული ეკონომიკური სირთულეების ფონზე აქტუალურობა დაკარგა ისეთმა პრობლემებმა, როგორებიც არის მომწამლავი გაზების გამოყოფის საფრთხე, ჰაერის დაბინძურება, ნიადაგის დეგრადაცია და ეროზია.
ეკოლოგიური პრობლემების გაუარესებამ ტყეებზეც სერიოზული უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა. ჭრითა და პირუტყვთა ძოვებით გადატვირთულ სუბალპურ სარტყელში ტყის ზედა საზღვარი ბევრ ადგილას 200-250 მეტრით დაბლა დაიწია, ხოლო სადაც შემორჩენილია, იმდენად გამეჩხრებულია, რომ მათ ბუნებრივი თვითგანახლება უკვე აღარ ძალუძთ. სუბალპური ტყეების გაჩანაგებამ და გამეჩხრებამ ძალიან გააუარესა მთის მხარის ჰიდროლოგიური რეჟიმი. დასაბამი მიეცა ეროზიულ პროცესებს, აბობოქრებულ მდინარეთა დინებას, რომელსაც ყოველწლიურად თან მიაქვს ათეულობით ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. საქართველოს ტყეები მოიცავს ქვეყნის ერთ მეოთხედ ფართობს, ანუ 2,75 მილიონ ჰექტარს. ჩვენი ქვეყნის ტყეები ეროვნულ ფასეულობას წარმოადგენს, რომელიც საშუალებას აძლევს მოსახლეობასა თუ ქვეყნის სტუმრებს, დაისვენონ ბუნების წიაღში და განახორციელონ გამაჯანსაღებელი ინიციატივები. მიუხედავად ამისა, ტყეების მნიშვნელობა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. საქართველოს ტყეების ნაწილი თავისი პირვანდელი სახით არის შენარჩუნებული და მრავალი იშვიათი მცენარითა და ბინადარი ცხოველით გამოირჩევა. ამასთანავე წარმოადგენს დროებით შესვენების ადგილს ფრინველების მიგრაციისას. მსოფლიოს მსგავსი დიაპაზონის ტყეებთან თუ გავავლებთ პარალელს, საქართველოს ტყეები ფართო ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მეტიც, ტყეები უზრუნველყოფს ეკოლოგიურ დაცვას, კერძოდ, ამცირებს მეწყრისა და წყალდიდობების საშიშროებებს.
თანამედროვე სამყაროში ინფრასტრუქტურული განვითარების, მოსახლეობის ზრდის პარალელურად გარემოს პრობლემები სულ უფრო და უფრო მწვავდება.
ამ ფონზე საქართველო ითვლება ტყით მდიდარ ქვეყნად.
ჩვენი ტყეები უნიკალურია, რადგან ეს ბუნებრივი, უკანასკნელი ხელუხლებელი ტყეებია, რითიც ევროპა ვეღარ დაიკვეხნის.
ტყის ინვენტარიზაცია 1997 წლის შემდეგ შეწყდა და 2013 წელს განახლდა. დიდი ხნის განმავლობაში გვახსოვს, ხეები უსისტემოდ იჭრებოდა, არ აღირიცხებოდა. ეს იყო ე. წ. სოციალური ჭრა, ანუ მოსახლეობა მარაგდებოდაა შეშით, რამაც ტყეების დეგრადაცია გამოიწვია, დაიკარგა სახეობები. ტყის აღდგენის ღონისძიებები, ძირითადად, დონორების მიერ ფინანსდებოდა. 2014 წლიდან მცირე რაოდენობით სახელმწიფომაც დაიწყო. არსებობს კლიმატის ჩარჩო-კონვენცია, რომლის თანახმად, 2030 წლამდე, საშუალოდ, წელიწადში, თითო ქვეყანამ 150 ჰექტარი მაინც უნდა აღადგინოს ან გააშენოს.
ახლა კი კვლავ თელავის მთავარ პრობლემას დავუბრუნდეთ:
თელავის გენერალური გეგმის შემუშავების ერთ-ერთ საკითხს სწორედ თელავის ხევის, იგივე თელავის რიყის შესწავლა წარმოადგენს.
1977 წელს ღვარცოფის მოქმედების შედეგად ძლიერ დაზარალდა ქალაქი თელავი, დაიფარა ქალაქის ქუჩები, დააზიანდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.
ცობილია, რომ 1978 წელს, ღვარცოფებისგან ქალაქის დასაცავად, თელავის ხევის კალაპოტის გასწვრივ, ქალაქის სამხრეთით დაუსახლებელ ტერიტორიაზე, აშენდა ღვარცოფსაწინააღმდეგო დამცავი გაბიონი. მისი მიზანია ღვარცოფისა და წყლის ძლიერი ნაკადის შენელება ღვარცოფის ან წყალმოვარდნის დროს.
თელავის ზედა ნაწილზე 90-იან წლებში, როგორც აღვიშნეთ, მძიმე სოციალური სურათის გამო, ტყე, პრაქტიკულად, გაქრა და ბუჩქნარად იქცა. ამას დავუმატოთ 10-15 წლის წინათ მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. თელავის ზედა ნაწილი, რომელიც ტყედ იყო შემოკრული ქალაქზე, სამოსახლო ნაკვეთებად დაიყო, გასხვისდა, გაიყიდა და გასაჩუქრდა. ახლა კი იქ, სადაც რამდენიმე ჰექტარზე ტყე უნდა ხარობდეს, აქტიურად მიმდინარეობს ორი გრძელი ქუჩის განაშენიანება და რამდენიმესართულიანი ბინების აშენება. ჩავთვალოთ, რომ ქალაქმა ზედა სიგანეზე რამდენმე ჰექტარი ტყის საფარი დაკარგა.
რა ელოდება ქალაქს მაშინ, თუ ოდესმე ბუნებამ ადამიანის კანონს დაუმორჩილებოლბა გამოუცხადა და ღვარცოფის სახით მოვარდა?
როგორც არ უნდა სუფთა იყოს დამბები და მან წყლის რაღაც დონეზე შეკავება შეძლოს, საბოლოოდ წყალი მაინც ქალაქისკენ დაიძვრება და კალაპოტად იმ ადგილს აირჩევს, სადაც ტყე აღარ დახვდება. ეს კი თელავის ზუზუმბოს ის ზედა ნაწილია, სადაც 20 წლის წინათ ხშირი ტყე იყო, ახლა კი ათობით სახლია აშენებული.
იქ, სადაც მთის ფერდობზე ტყე ისპობა, ძლიერდება ეროზია, ნიადაგის ჩამორეცხვა, ქანების დაშლა და ამის გამო გასაქანი ეძლევა ღვარცოფებს.
თავისებური წარსულის გამო ცივგომბორის კალთები ციცაბოა. ამავე დროს ისეთი ქანებისგან შედგება, რომლებიც ადვილად იშლება. საკმარისია, მთის ფერდობზე ტყე გაიჩეხოს, რომ იგი ღვარცოფის დაუშრეტელ წყაროდ გადაიქცეს. ამას ხელს უწყობს ისიც, რომ თელავის ხევი მთის მდინარეა, კალაპოტიც ძლიერ დაქანებული აქვს. შიშველ ფერდობზე წყალი ნიადაგში ან სრულად იჟონება, ან ძალიან ცოტაა და ნიადაგის ზედაპირზე ნიაღვრად მოდის, ამის გამო მდინარის კალაპოტი სულ მცირე ხანში წყლითა და შლამ-ხრეშით ივსება, მდინარე ვაკისკენ დიდი სისწრაფით მოექანება, ვაკის კალაპოტში ვეღარ ეტევა, ამოდის ნაპირებიდან და ფარავს ყანებს, ბაღ-ვენახებს და წყალდიდობის შემდეგ თვალწინ იშლება განადგურების საშინელი სურათი: მრავალი ასეული ჰექტარი ან წყლისგანაა მიტაცებული, ან წარიყულია.
კახეთში ვის არ ახსოვს, მდინარე დურუჯის ღვარცოფმა ყვარელში რა საშინელება დაატრიალა: მოულოდნელად მოვარდნილმა ღვარცოფმა სოფელ ყვარლის ერთი უბანი შლამში დამარხა. შესაბამისად, ზუზუმბოს ზედა ნაწილი წყალთან ერთად შეიძლება შლამმაც დაფაროს, თუ არ განახლდა ტყე.
თუ თელავში არ გავაგრძელეთ ტყეების მოვლა და დაცვა, ამ მხარეს მძიმე დღე მოელის, ნაცვლად აყვავებული თელავისა, ძვირფასი მცენარეების პლანტაციებისა, ზვრებისა და ბაღებისა, ოქროს თავთავიანი ყანებისა, თელავში ნახევრად უდაბნოღა შეგვრჩება ხელში.