თამარ ჩხეიძე: „დაკარგულ ტერიტორიებს უსისხლოდ დავიბრუნებთ!“
შორენა მარსაგიშვილი
ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩხეიძე, აცხადებს, რომ ოპოზიცია ყველაფერს არ აკეთებს იმისთვის, რათა საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხიდან გამოიყვანოს. მისივე თქმით, ოპოზიციაში არიან ძალები, რომლებსაც არ სურთ მიხეილ სააკაშვილის გარეთ ყოფნა.
ვინ ეწინააღმდეგება ოპოზიციიდან სააკაშვილის ციხიდან გამოსვლას? რატომ თქვა უარი საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობაზე? გვექნება თუ არა საერთაშორისო მხარდაჭერა? რა ელოდება „ქართულ ოცნებას“? როდის შეძლებს საქართველო დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს თამარ ჩხეიძე ესაუბრება:
_ ქალბატონო თამარ, თქვენ არაერთხელ ამბობდით, რომ ჩვენი საზოგადოება ყველაფერზე უცნაურად რეაგირებს. ქვეყანაში ამდენი პრობლემაა დაგროვილი და ერთხელაც კი არ გაუჩნდა ვინმეს პროტესტის გამოხატვის სურვილი. რატომ არის საზოგადოება ინდიფერენტული? დაიღალა, ეშინია, თუ რა ხდება?
_ ჩვენი საზოგადოება ძალიან ბევრ რამეზე აღარ რეაგირებს. უკრაინისა და ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე ძალიან ბევრი ადამიანი გამოვიდა, მაგრამ დანარჩენ შემთხვევაში დუმილია. უაღრესად საგანგაშოდ მიმაჩნია ის ფაქტი, რომ საზოგადოება არ რეაგირებს იმაზე, რომ საქართველოს ჰყავს პოლიტპატიმრები. განსაკუთრებით მაოცებს დუმილი მიხეილ სააკაშვილის საკითხზე. ეს სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარია, ადამიანი არის ძალიან ცუდად და მას შველა სჭირდება. წესით, ხელისუფლება ასეთი რამის გაკეთებას ვერ უნდა ბედავდეს, ის, ფაქტობრივად, მესამე პრეზიდენტს კლავს. მთელი საქართველო ფეხზე უნდა იდგეს და ამის უფლებას არ აძლევდეს. სამწუხაროდ, ასე არ არის. საზოგადოება დუმილს ამჯობინებს.
მართალია, ჩვენი საზოგადოება არასაკმარისად აქტიურობს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ის გულგრილია. გულგრილი რომ არ არის საზოგადოება მიშას მიმართ, ეს გასული წლის 14 ოქტომბერს გამართულ აქციაზეც გამოჩნდა. უამრავმა ადამიანმა გააპროტესტა მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება.
_ იმ აქციაზე მართლა ბევრი ადამიანი გამოვიდა. ამდენი ხალხი კარგა ხანია, აღარ ყოფილა ქუჩაში.
_ ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციაზე ცოტა უფრო ბევრი იყო. ეს მეტყველებს, რომ ხალხი ამა თუ იმ საკითხის მიმართ გულგრილი არ არის, მაგრამ არის პასიურობის მომენტიც. ამის გარდა, არის ხელისუფლებისა და გარკვეული ოპოზიციური ძალების თანამშრომლობის ფაქტორიც.
_ რა თანამშრომლობაზე საუბრობთ?
_ ოპოზიციის ნაწილს არ აქვს შესაბამისი რეაქცია, რაც უნდა ჰქონდეს. ამით ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს და „ქართული ოცნების“ თანამზრახველი გამოდის.
_ რა საკითხზე არ აქვთ სათანადიო რეაქცია?
_ მიშას პატიმრობასთან დაკავშირებით არ არის სათანადო რეაქცია და ამით ხელისუფლების საქმე კეთდება. ოპოზიცია უფრო აქტიური რომ იყოს, საზოგადოება ნამდვილად გამოვა ქუჩაში.
_ ოპოზიციის მხრიდან სათანადო რეაქცია რატომ არ არის? ეშინიათ ამ ძალებს სააკაშვილის გარეთ გამოსვლის?
_ ეს მე არ ვიცი. ვხედავ, რომ ზოგიერთი პარტია არ აქტიურობს და ამ საკითხს საერთოდ არ ახსენებს. აქტიურობა რომ იყოს, ბევრი გამოვა ქუჩაში. ამას მე ჩემი მაგალითიდან გამომდინარე გეუბნებით. მიშას ამბავი ძალიან მაწუხებს და როგორც კი რამე ღონისძიება ჩაინიშნება, მაშინვე წავალ იქ. ასევე ფიქრობს უამრავი ადამიანი, მაგრამ არსად არაფერი ტარდება.
_ საზოგადოებას თავად არ შეუძლია პროტესტის გამოხატვა?
_ როგორ არ შეუძლია, მაგრამ ამას ორგანიზება სჭირდება. პირადად მე ვერ შევქმნი ამ აქტიურობას. ეს აქტიურობა, პირველ რიგში, მიშას პარტიამ უნდა შექმნას. სათანადო რესურსი რომ მქონდეს, კი მოვაწყობდი აქციას, მაგრამ არ მაქვს. ასე რომ, ნუ ვიტყვით, რომ ხალხს არ ადარდებს მესამე პრეზიდენტი. ეს თემა ძალიან აწუხებს ყველას. თუმცა მთავარი საკითხი ახლა მაინც რუსეთ-უკრაინაში მიმდინარე ომია.
_ თქვენ თქვით, რომ აქტიურობისთვის შესაბამისი გარემო არ არისო, რატომ არ არის ეს გარემო? ვინ უნდა შექმნას? პირველ რიგში, ალბათ, „ნაციონალურმა“ მოძრაობამ.
_ მარტო პარტია ვერ შექმნის ამ გარემოს. საჭიროა ოპოზიციის კოორდინებული მუშაობა. ეს კოორდინაცია არ ჩანს. ზოგიერთმა პარტიამ, ეტყობა, მიიჩნია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მათთვის არ არის ხელსაყრელი და რაც მთავარია, ეს არის პუტინის ბრძანება.
_ რა არის პუტინის ბრძანება? _ ოპოზიციამ მიშას თემაზე ხმა არ უნდა ამოიღოს?
_ პუტინს რომ სააკაშვილის გარეთ ყოფნა არ სურს, ამაში ეჭვი არავის ეპარება. არც იმაში ეპარება ეჭვი ვინმეს, რომ „ქართული ოცნება“ დღეს კრემლის დავალებების პირდაპირი შემსრულებელია. ძალიან ძნელია, ვინმეს დააბრალო ის, რომ მას შეეძლო მიხეილ სააკაშვილის ციხიდან დახსნა და ეს არ გააკეთა. ძალიან ბევრს უნდა მისი გარეთ გამოსვლა, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. სააკაშვილის ციხიდან გამოყვანა არის ურთულესი.
მინდა, მკითხევლმა ისიც კარგად გააცნობიეროს, რომ ადამიანის ციხიდან გამოშვება აქციებით არ ხდება. არც აქციის ჩატარებაა იოლი საქმე. ვთქვათ და შეიკრიბა ძალიან ბევრი ადამიანი, მერე რას აკეთებ? ძალიან ბევრი რამე უნდა გათვალო და გაითვალისწინო. უნდა განსაზღვრო, რას გააკეთებ, უნდა იცოდე, სად და როგორ წაიყვან ამდენ ხალხს. მარტო შეკრება და განცხადებების გაკეთება არაფერს ცვლის.
ეს ყველაფერი ძალიან კარგად მესმის, მაგრამ პასიურობასაც ვამჩნევ. ზოგიერთი პარტია არც ფარავს თავის არამეგობრულ დამოკიდებულებას მიხეილ სააკაშვილის მიმართ. ეს ძალიან დიდ უსამართლობად მიმაჩნია. პირადად მე არასდროს ვყოფილვარ მიშისტი, მაგრამ შექმნილ სიტუაციაზე არრეაგირება არის ძალიან ცუდი და სამწუხარო. მინდა, ყველამ გაითვალისწინოს ერთი რამე: მათ პასიურობას შესაძლოა მოჰყვეს საბედისწერო შედეგი.
_ იმედია, რომ საქმე აქამდე არ მივა.
_ მეც ამის იმედი მაქვს, მაგრამ მხოლოდ იმედის იმედად ვერ ვიქნებით და აქტიურობაა საჭირო.
_ მის მიმართ პასიურობა იმითაც ხომ არ არის განპირობებული, რომ სააკაშვილმა თქვა, ქართულ პოლიტიკას ვემიჯნებიო?
_ ეგ არ ვიცი ზუსტად, რა თქვა მიშამ და რა _ არა. ამ განცხადებასთან დაკავშირებით ორი აზრი იყო. თან უშუალოდ მისი განცხადება მოსმენილი არ მაქვს და ამიტომ ძნელია რამის კომენტირება. თუ ასეთი რამე მართლა თქვა სააკაშვოლმა, მაშინ ეს იმას ნიშნავს, რომ ის ამ ზომამდე მიიყვანეს.
_ რას ნიშნავს, ამ ზომამდე მიიყვანეს?
_ იმას, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს უარი ათქმევინეს, პოლიტიკაში ყოფილიყო ჩართული.
_ ვინ აიძულა, ხელისუფლებამ თუ ოპოზიციამ?
_ ვფიქრობ, რომ უფრო არსებულმა სიტუაციამ. მიშას ჰქონდა განცდა, რომ მას უფრო დიდი მხარდაჭერა ექნებოდა.
_ მარტო განცდა არ ყოფილა, მას თანაპარტიელები ჰპირდებოდნენ, საქართველოში რომ ჩამოხვალ, ათიათასობით მხარდამჭერი დაგხვდებაო. ამასთან დაკავშირებული განცხადებები საჯაროდაც ბევრი მოგვისმენია. სააკაშვილის დაკავების შემდეგ ეს ადამიანები გაქრნენ.
_ მას ბევრ რამეს ჰპირდებოდნენ. სათანადო რეაგირება და მხარდაჭერა არ არის, მიშას იმედები გაუცრუვდა და შესაძლოა, ამიტომაც თქვა, რომ ქართულ პოლიტიკას ემიჯნება. გააჩნია იმასაც, მართლა თქვა თუ არა მან საერთოდ ასეთი რამე. უშუალოდ მისი განცხადება ამასთან დაკავშირებით არ მოგვისმენია.
_ პარლამენტიდან ოპოზიციის გამოსვლაზე რას ფიქრობთ? აქვს პარლამენტის დატოვებას აზრი?
_ ყველაზე დიდი შეცდომა მაშინ დაუშვა, როდესაც ოპოზიციამ პარლამენტში შესვლა გადაწყვიტა. ბოიკოტმა ძალიან გაამართლა, მაგრამ ბოლომდე ვერ გაგრძელდა. ოპოზიციის ნაწილი მალევე შევიდა პარლამენტში. მე არ ვიცი, ეს შეცდომა იყო თუ შეგნებულად გადადგმული დანაშაულებრივი ნაბიჯი. მაშინ ის ბოიკოტი იყო ძალიან ქმედითი და მნიშვნელოვანი. მთელი მსოფლიოს ყურადღება მართლა ჩვენკენ იყო მოპყრობილი. სრულიად აშკარა გახლდათ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ძალიან წუხდა. დიდ დისკომფორტს გრძნობდა ბიძინა ივანიშვილიც.
ბოიკოტის რეჟიმის მომხრეებში რომ გაჩნდა ბზარი და მთელი რიგი პარტიები შევიდნენ პარლამენტში, ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა, თორემ ახლა რას გააკეთებენ, ბევრი არაფერი შეიცვლება. გასულ წელს ბოიკოტს კი ნამდვილად ჰქონდა აზრი და შედეგის მომტანიც იყო.
_ თქვენი აზრით, ახლა ოპოზიცია თუ ბოიკოტს გამოუცხადებს პარლამენტს, ამას აზრი არ ექნება?
_ დარწმუნებული არ ვარ, რომ ახლა პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადება რამე შედეგს მოიტანს.
_ რატომ გგონიათ, რომ ეს შედეგის მომტანი არ იქნება?
_ ბოიკოტი ეფექტიანი რომ იყოს, ამას ოპოზიციის ერთობა სჭირდება, რომელიც უკვე დარღვეულია და მეეჭვება, რომ ისევ ისე შეძლონ გაერთიანება, როგორც გასული წლის დასაწყისში იყვნენ. ესეც არ იყოს, ერთი რამეც უნდა გავითვალისწინოთ, _ ახლა მსოფლიოს ყურადღება უკრაინისკენ არის მიმართული. ახლა მთავარი მოვლენები ხდება უკრაინაში. შარშან სულ სხვა ვითარება იყო ჩვენთვის ხელსაყრელი. შარშან ის ერთობა არ უნდა დარღვეულიყო. საქართველოში ძალიან ეფექტიანი პროცესები მიმდინარეობდა.
ამ პროცესის ჩაშლამ საზოგადოებაში ნიჰილიზმი დათესა, თავად ოპოზიციას ძალიან ბევრი ქულა დააკლო. პარლამენტში შესვლა იყო ვიღაცისგან მართული შეცდომა. შესაძლოა, ვიღაცამ გულწრფელად გადადგა ასეთი მცდარი ნაბიჯი, მაგრამ მე მაინც მართული მგონია. „ქართულმა ოცნებამ“ მაშინ კარგად იმუშავა და მიაღწია თავისას. თავიდან აიცილა ის საფრთხე, რომელიც მას ემუქრებოდა.
ახლა საპარლამენტო ბოიკოტი არარეალურია. ის არანაირ შედეგს არ მოიტანს. თან ახლა მთავარი საკითხი ფრონტზე წყდება. მთელი მსოფლიო ახლა უკრაინას უყურებს და გულშემატკივრობს.
_ უკრაინის ფრონტზე ჩვენი საკითხიც წყდება. როგორ დამთავრდება ომი უკრაინაში, ამაზე დიდწილად იქნება დამოკიდებული საქართველოს მომავალი.
_ არა მარტო საქართველოს მომავალი. ამ ომზე, შეიძლება ითქვას, მთელი მსოფლიოს მომავალია დამოკიდებული. ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, მსოფლიოს მთავარი მოვლენაა. იქ კი მართლა სასწაული რამეები ხდება. უკრაინელები თავის ხელისუფლებასთან ერთად სასწაულ გმირობას სჩადიან. ამასთანავე, სასწაული დანაშაულის მომსწრენი ვართ. ასეთი მასშტაბური დანაშაული მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიოს არ უნახავს.
ამიტომ მთავარი დღეს უკრაინაში მიმდინარე ომია. ომის შედეგზე დიდად იქნება დამოკიდებული, თუ როგორ მსოფლიოში ვიცხოვრებთ. როგორც წესი, ძალიან იშვიათად არის სამყაროში გამოკვეთილი აშკარად კეთილი და ბოროტი. ამ შემთხვევაში აშკარად ჩანს, ვინ არის კეთილი და ვინ _ ბოროტი. ახლა მსოფლიო მასშტაბით მიმდინარეობს ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის. ახლა მთავარი ამოცანა ისაა, რომ ამ ბრძოლიდან აღარ გამოვიდეს პუტინის რუსეთი. რუსეთი აღარ უნდა დარჩეს იმ იმპერიად, როგორიც დღეს არის.
რუსეთი ამ ომიდან დასუსტებულიც რომ გამოვდეს, ის მომავალში კიდევ ბევრ ბოროტებას დაატრიალებს სამყაროში. განსაკუთრებით საშიში იქნება საქართველოსთვის. ამიტომ რუსეთი აღარ უნდა დარჩეს იმ სახით, როგორადაც ახლა არსებობს.
_ ჩადენილი დანაშაულები ახსენეთ, რომელმაც მთელი მსოფლიო შეძრა, მაგრამ იგივე ხომ რუსებმა ჩვენთანაც ჩაიდინეს? მართალია, მასშტაბი მცირე იყო, მაგრამ აფხაზეთში არანაკლები საშინელებები ჩაიდინეს. იგივე შემიძლია ვთქვა ჩეჩნეთზე, მაგრამ ეს ყველაფერი მსოფლიოს, რატომღაც, გამორჩა.
_ დიახ, საქართველოშიც ძალიან ბევრი საშინელება ჩაიდინეს რუსებმა და ჩეჩნეთშიც. უკრაინასთან შედარებით ჩვენი მასშტაბები იყო მცირე. თან მაშინ სხვა დრო იყო და აქ ჩადენილ დანაშაულებს, რატომღაც, არ მიექცა სათანადიო ყურადღება. ეს ამბები დიდად არც გახმაურებულა.
_ და ეს ვისი ბრალია? საქართველოს ხელისუფლებამ არ იმუშავა სათანადოდ, თუ მაშინ დასავლეთი რუსეთს ყველაფერს პატიობდა? პრინციპში, მართლა ასე იყო, აქამდე რუსეთს ყველაფერს პატიობდნენ.
_ მაშინ მართლა სხვა დრო იყო და რუსეთის მიმართ არ იყო ის განწყობა, რომელიც დღეს არის. მაშინ საბჭოთა კავშირი ახალი დაშლილი იყო. დასავლეთს რუსეთის მიმართ რაღაც იმედები და მოლოდინები ჰქონდა.
_ რუსეთისგან როგორ შეიძლება, ადამიანი რამე კარგს ელოდო?
_ დასავლეთში იყო ასეთი მოლოდინი. ეგონათ, რომ რადგან საბჭოთა კავშირი აღარ არსებობდა, რუსეთი თანდათანობით გარდაიქმნებოდა ნორმალურ სახელმწიფოდ. ასეთი იმედი და ილუზია ნამდვილად არსებობდა. დასავლეთმა შეამჩნია, რომ საქართველოში არანორმალურად და საშინლად მოიქცა რუსეთი, მაგრამ ეს მსოფლიო მასშტაბით გაცნობიერებული არ ყოფილა.
არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ ამ მოვლენების დროს თავად საქართველოს ხელისუფლება, შევარდნაძის მეთაურობით, რუსეთის მხარეს მუშაობდა. ამ შემთხვევაში აფხაზეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებს ვგულისხმობ. მაშინ არც სოციალური ქსელები იყო და ჩვენი ამბები მსოფლიომდე ვერ მივიტანეთ. თან რუსეთის მაშინ ჯერ კიდევ სჯეროდათ. ახლა ყველამ დაინახა რუსეთის ნამდვილი სახე და დასავლეთის რეაქციაც ადეკვატურია.
_ ჩვენთან ჩადენილი დანაშაული რუსებს შერჩათ?
_ ვერ გეტყვით. ადრე თუ გვიან, აგებენ პასუხს. იმ დანაშაულს, რასაც ახლა უკრაინაში სჩადის რუსეთი, მას მსოფლიო აღარ აპატიებს. მათ ამაზე ნაკლები ბოროტება აფხაზეთში არ ჩაუდენიათ, მაგრამ… ამაზე მსოფლიომ მხოლოდ ყურმოკვრით იცოდა. მე მჯერა, რომ რუსეთი აუცილებლად აგებს პასუხს.
_ რუსეთის დაშლის მოლოდინი თუ გაქვთ? უკრაინული დაზვერვა ვარაუდობს, რომ როგორც კი ომი დასრულდება, რუსეთიდან კავკასიის რესპუბლიკები დაიწყებენ გამოსვლასო. რადამ უკვე აღიარა ჩეჩნეთის დამოუკიდებლობა. საქართველომ ეს ბევრად ადრე, 1991 წელს გააკეთა.
_ კავკასიაში აუცილებლად მოხდება რაღაცები, თუმცა რატომ მარტო ჩრდილოეთ კავკასიაში? ეს პროცესი მთელ რუსეთზე გავრცელდება. რუსეთიდან გამოყოფას ბევრი რესპუბლიკა მოინდომებს. რაც უფრო ღრმად ჩაეფლობა რუსეთი ამ ომში და რაც უფრო ნათლად გამოიკვეთება მისი მარცხი, დაშლის პროცესი მით უფრო აქტიურად წარიმართება. როგორ და რანაირად მოხდება ეს, არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთიდან გამოყოფას ძალიან ბევრი რესპუბლიკა მოინდომებს. ჩვენთვის ახლა მთავრია, რომ ამ პროცესებისთვის მზად ვიყოთ. სამწუხაროდ, საქართველო ამისთვის მზად არ არის.
_ ჩვენ საერთოდ ვართ რამისთვის მზად?
_ სამწუხაროდ, არაფრისთვის არ ვართ მზად. არადა, საქართევლომ შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადადგას, როცა ამის დრო დადგება.
_ ამ ნაბიჯებში რას გულისხმობთ, დააკონკრეტეთ, თორემ ომი უნდაო, დაგაბრალებენ პრორუსები.
_ ომი როდესაც დასრულდება და პუტინი სასტიკად დამარცხდება, საქართველო მზად უნდა იყოს, რომ თავისი ტერიტორიული მთლიანობა აღიდგინოს. დარწმუნებული ვარ, რომ დაკარგული ტერიტორიები უსისხლოდ დაბრუნდება.
_ რატომ გგონიათ, რომ დაკარგულ ტერიტორიებს უსისხლოდ დავიბრუნებთ?
_ უკრაინაში დამარცხების შემდეგ რუსეთის მარიონეტებს წინააღმდეგობის თავი არ ექნებათ და ჩვენ შევძლებთ ჩვენი დაკარგული ტერიტორიების უსისხლოდ დაბრუნებას. ომი არავის უნდა, მაგრამ დაკარგული ტერიტორიები უნდა დავიბრუნოთ. „ომი უნდას“ თემაზე ატეხილი ისტერიკა უკვე გაშარჟდა და სახუმარო თემად იქცა.
არადა, თავიდან ყველას ეშინოდა, რომ მისთვის ეს არ დაებრალებინათ.
ეშინოდათ იმიტომ, რომ არავის სურს ომი. თან იმ საშინელების ფონზე, რასაც ახლა უკრაინაში ვხედავთ. „ქართული ოცნებიდან“ ვითომ წასულებმა ააგორეს ეს თემა, მაგრამ არ გამოვიდა. ახლა ხალხი, უბრალოდ, იცინის, როცა ვიღაც ამბობს, ომი გინდაო? სასაცილოა ბრალდებები დასავლეთის მიმართ, თითქოს ისინი საქართველოსგან მოითხოვდნენ რუსეთისთვის მეორე ფრონტის გახსნას. ვინ, ვინ და დასავლეთმა ძალიან კარგად იცის, რომ საქართველოში რუსეთისთვის მეორე ფრონტის გახსნა არანაირ შედეგს არ მოიტანდა. საქართველოს სამხედრო პოტენციალი არ არის ისეთი, რომ რუსეთი რამენაირად დააზარალოს. ესეც არ იყოს, საქართველოს ხელისუფლებისგან არავინ მოითხოვდა მეორე ფრონტის გახსნას. დასავლეთმაც მშვენივრად იცის, რომ ჩვენ კრემლის მარიონეტი ხელისუფლება გვყავს და ის რუსეთის წინააღმდეგ არ წავიდოდა.
მნიშვნელოვანი ამბები მიდის ახლა უკრაინაში. იქ დემოკრატიული სამყარო ებრძვის ბნელს და ამ ომზე დიდად იქნება დამოკიდებული, როგორ იცხოვრებს მომავალში მსოფლიო. დარწმუნებული ვარ, რომ გამარჯვება ნათელ მხარეს დარჩება. უბრალოდ, ის მაწუხებს, რომ ეს გამარჯვება უკრაინას ძვირი დაუჯდება. უამრავი ადამიანი დაიღუპა, განადგურდა სოფლები და ქალაქები.