რა შემთხვევაში გადააგდებს სახელმწიფოს დიდ ხარჯებში DRG-ს დაფინანსების ახალი მოდელი?!
თამარ როსტიაშვილი
პირველ ნოემბერს საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში ამოქმედდა „მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით“ ე. წ. DRG-ს დაფინანსების ახალი მოდელი.
ეს არც ისე ახალი ტერმინი გახლავთ ქართული ჯანდაცვის სისტემისთვის. როდესაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლების სათავეში მოვიდა, ჯადანცვის ექსპეტები ამ სისტემის შემოღებას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასთან ერთად ურჩევდნენ ივანიშვილს, მაგრამ ჯანდაცვის ფლაგმანები მაშინ საგანელიძე და გამყრელიძე იყვნენ. თუ რატომ არ შემოიღეს ეს სისტემა მაშინვე და ვისი ინტერესები გადაიკვეთა, სანამ ამას განვმარტავდეთ, მანამდე მოკლედ DღG-ს შესახებ.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადებით, DRG მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში დაფინანსების ფართოდ აპრობირებული მოდელია, რომლითაც ავტომატურად გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც სამინისტრო მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის გადაიხდის. დაფინანსების მოცულობას განსაზღვრავს პაციენტის დიაგნოზი, ასაკი, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა და სხვა კრიტერიუმები.
მეთოდი მთლიანად აუმჯობესებს ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობას და იძლევა საშუალებას, რომ ფინანსური რესურსი, რაც აქვს ჯანდაცვის სისტემას, მეტად მოხმარდეს პაციენტის საჭიროებებს. მისი დანერგვის შემდეგ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ ყველა კლინიკაში, ერთსა და იმავე მომსახურებას ექნება ერთი ტარიფი. სამედიცინო მომსახურების მიღებისას პაციენტს დამატებითი ხარჯების გაწევა აღარ მოუწევს და მხოლოდ იმ თანხას გადაიხდის, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში თანაგადახდის წილი ითვალისწინებს (0-დან 30%-მდე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პაკეტების შესაბამისად).
ამ ეტაპზე DღG სისტემა არ გავრცელდება და დაფინანსება გაგრძელდება არსებული მეთოდით შემდეგ სამედიცინო მომსახურებაზე: გეგმური და გადაუდებელი ამბულატორია, ნეონატალური ასაკის (ნეონატალურ ასაკში დაწყებული) ინტენსიური მოვლა/მკურნალობა, გულის თანდაყოლილი მანკების მკურნალობა, მშობიარობა და საკეისრო კვეთა, ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია და სხივური თერაპია და მასთან დაკავშირებული გამოკვლევები და მედიკამენტები, კომბუსტიოლოგია, თრომბოლიზისი და თრომბექტომია, ისიც ინსულტის შემთხვევაში).
რა შემთხვევაში შეიძლება გადააგდოს დიდ ხარჯებში სახელმწიფო DRG-ს დაფინანსების ახალმა მოდელმა?! _ იმ შემთხვევაში, თუ იგი ისევე წარიმართა, როგორც საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა.
ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი არის მოსახლეობის დაცვა ჯანდაცვის დანახარჯებით გამოწვეული ფინანსური რისკებისგან. ანუ საქართველოს სჭირდება ისეთი ჯანდაცვის სისტემა, რომ სამედიცინო მომსახურების ხარჯებმა მოქალაქეთა ოჯახები არ გააღატაკოს. ეს მიზანი დაედო საფუძვლად ქვეყანაში 2013 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შემოღებას.
ცნობილი ჯანდაცვის ექსპერტის, პროფესორ თენგიზ ვერულავას კვლევის თანახმად, საქართველოში ჯანდაცვაზე ხარჯების 65-70%-ის გაღება თავად მოსახლეობას უწევს. ჯანდაცვის ცნობილი ექსპერტის განმარტებით, საქართველოს პირველადი ჯანდაცვის სისტემა ვერ ასრულებს „მეკარიბჭის“ როლს:
„ოჯახის ექიმის ინსტიტუტი და საერთოდ პირველადი ჯანდაცვა ჩვენს ქვეყაში ვერ განვითარდა იმ სტანდარტებით, რაც უკვე რამდენიმე ათეული წელია არსებობს დასავლეთში. თავის დროზე, ივანიშვილს ურჩევდნენ, რომ მსოფლიო გამოცდილების გათვალისწინებით, მიზანშეწონილი იქნებოდა, ჯანდაცვის დასაფინანსებლად საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამასთან ერთად, კერძო სამედიცინო დაზღვევაც დაეტოვებინა. კეროდ, ამოსავალი წერტილი უნდა ყოფილიყო სახელმწიფო და კერძო სადაზღვევო პროგრამების ეფექტიანი თანაარსებობა, რაც ხელს შეუწყობდა კერძო სადაზღვევო ბაზარზე სადაზღვევო კომპანიების კონკურენციას. ეს არ მოხდა!“
სამაგიეროდ, მოხდა აი, რა: „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის მეცხრე წლისთავზე დანერგილია სამედიცინო ორგანიზაციების კერძო მესაკუთრეობა, საავადმყოფოთა 88.6% ჩვეულებრივი ბიზნესი და მომგებიანი ორგანიზაციებია, ხოლო 8% – სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ერთეულები. ის, რომ ჯანდაცვას სრულიად სხვა კურსი უნდა აეღო და საჭირო იყო მესაკუთრეობის სხვადასხვა ფორმის, კერძოდ, არამომგებიანი სამედიცინო ორგანიზაციებისა და კერძო-სახელმწიფო პარტნიორობის მოდელის განვითარების ხელშეწყობა _ ეს იმ პერიოდში არც სერგეენკოს მოსვლია თავში, არც გამყრელიძეს და არც საგანელიძეს. უფრო სწორედ, ამ ორი უკანასკნელისთვის მსგავსი აზრი სრულიად მიუღებელი იყო, ვინაიდან ივანიშვილის პერიოდი მათთვის ფინანსური აყვავებისა და არნახული ზეობის ხანად იქცა ქართული ჯანდაცვის სრული კრახის ფონზე.
თენგიზ ვერულავას კვლევის მიხედვით, ჯანდაცვის ხარჯების შეკავებაზე გავლენას ახდენს სამედიცინო სერვისის ანაზღაურებაზე დაფუძნებული დაფინანსების მეთოდების დანერგვა. ესენია: გლობალური ბიუჯეტი, დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფები ანუ DRG, რომლის დროსაც მცირდება სამედიცინო დაწესებულებისა და პერსონალის უარყოფითი სტიმული, დაუსაბუთებელი ჰოსპიტალიზაციისა და ძვირადღირებული პროცედურების ხარჯზე გაზარდოს შემოსავლები. გარდა ამისა, ხარჯეფექტიანი სერვისის მიღების მექანიზმია სამედიცინო დაწესებულებების სელექციური ანუ შერჩევითი კონტრაქტირება. ეს კონტრაქტირება გულისხმობს, რომ ხელშეკრულება იდება იმ სამედიცინო დაწესებულებებთან, რომლებიც ფუნქციონირებენ განსაზღვრული სტანდარტებით. ეს მით უფრო აუცილებელია, რომ ბოლო ორი ათწლეულია, სერიოზული პრობლემაა ამბულატორიულ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. ის, რომ 2017 წლიდან ამოქმედდა სოციალურად დაუცველ ქრონიკულ ავადმყოფთათვის სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის
პროგრამა, გარდამტეხი ეფექტი არ მოუხდენია. სასურველია პროგრამის კიდევ უფრო მეტი გაფართოება ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე. გარდა ამისა, ადამიანური რესურსების კუთხით დღემდე პრობლემად რჩება სამედიცინო პერსონალის არათანაბარი განაწილება _ ექიმების ჭარბი რაოდენობა, არათანაბარი გეოგრაფიული განაწილება. საქართველოში ექიმებისა და ექთნების არაბალანსირებული თანაფარდობა ასე გამოიყურება: 1 ექიმზე მოდის 0,7 ექთანი, ნაცვლად 1:3-თან. ამის გამო უგულებელყოფილია ექთნების როლი, ფუნქციები და საჭიროებები. მედდების რაოდენობის დეფიციტი უარყოფით გავლენას ახდენს ჯანდაცვის სისტემაზე და პაციენტზე. ყველაფრის თავი და თავი კი მედიცინის მუშაკთა დაბალი ანაზღაურება და მათი უფლებების დაუცველობაა, განსაკუთრებით _ რეგიონებში.
სამედიცინო მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდაზე კვლევა წლების წინათ ჩატარდა, რომლის მიხედვითაც იმ ოჯახების პროცენტული წილი, რომლებსაც ჯანდაცვის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა არ ჰქონდათ, 43.1%-დან 22.3%-მდე დავიდა. სერვისების დაფინანსების გაზრდის მიუხედავად, სახელმწიფო დანახარჯები ჯანდაცვაზე ისევ დაბალია და ჩამორჩება არა მარტო განვითარებულ, არამედ ბევრ დაბალშემოსავლიან ქვეყნებს. მაგალითისთვის, სახელმწიფო ხარჯების 40%-იანი ზღვარი უკვე გადალახეს ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიცაა: სომხეთი (41.7%), ყაზახეთი (53.1%), უკრაინა (54.5%), ყირგიზეთი (59%). ხოლო ისეთ ქვეყნებში, როგორებიც არის ჩინეთი, ლიეტუვა, თურქეთი, გერმანია, იაპონია _ ჯანდაცვის მომსახურების მაჩვენებლები შეადგენს 55.8%, 66.6%, 77.4%, 76.8% და 82.1%-ს.
2013 წელს აღებული კურსი, რომლის შემდეგაც შემოიღეს საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა, თავისი არასრულფასოვნების გამო 2017 წელს რეფორმირდა და სახელმწიფო პროგრამაში შევიდა ცვლილებები, რომლებიც ითვალისწინებს დიფერენცირებულ პაკეტებს მოსახლეობის სხვადასხვა კატეგორიაზე, ასევე კერძო დაზღვევის გამოყენებას, მაგრამ მხოლოდ ე. წ. შემავსებელი ფორმით. არადა, ჩანაცვლებითი ფორმაც უნდა განხილულიყო. საქმე ის არის, რომ კერძო სამედიცინო დაზღვევის ჩანაცვლებითი ფორმა მოსახლეობის გარკვეული ჯგუფისთვის წარმოადგენს საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის ალტერნატიულ ფორმას. კერძო სამედიცინო დაზღვევის ჩანაცვლებითი ფორმა გამოიყენება ნიდერლანდებში, გერმანიაში (მხოლოდ მაღალშემოსავლიანი პირებისთვის), ესპანეთში სახელმწიფო მოხელეებისთვის. მაგალითად, გერმანიაში პირებს, რომელთა შეოსავალი აღემატება 40 000 ევროს, შეუძლიათ გამოვიდნენ საყოველთაო სამედიცინო დაზღვევის სისტემიდან ან დარჩნენ იმავე სისტემაში. საქართველოში კი, სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მაღალშემოსავლიანი პირების უმრავლესობა ისევ სამედიცინო დაზღვევის სისტემაში ამჯობინებს დარჩენას. კერძო დაზღვევის სისტემის არჩევის შემდეგ მათ ეკრძალებათ საყოველთაო დაზღვევის სისტემაში დაბრუნება.
საქართველოში აუცილებლად უნდა დანერგილიყო თანაგადახდა, რომლის დროსაც მოსახლეობის გარკვეული ნაწილი მოახერხებდა დამატებით დაზღვევას კერძო სამედიცინო დაზღვევის ფონდში, რითაც ავადმყოფობის შემთხვევის დადგომისას თანაგადახდისგან განთავისუფლდებოდა. მაგალითისთვის ისევ საფრანგეთს მოვიყვანთ, სადაც შევსებითი კერძო სამედიცინო დაზღვევით მოცულია მოსახლეობის 86%, სლოვენიაში – 70%, კანადაში – 60%, ავსტრალიაში – 40%, ირლანდიაში – 40%, ფინეთში – 40%.
საბოლოო ჯამში, ყოველივე ზემოთ მოყვანილი გულისხმობს სამედიცინო დახმარების იმ სახეების დაფინანსებას, რომლებიც არ შედიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. პაციენტს უფლება აქვს, საჭირო სამედიცინო დახმარება მისთვის სასურველ დროს ჩაიტაროს და არ ელოდოს კვირები, ზოგჯერ კი თვეების განმავლობაში სახელმწიფოსგან დაფინანსებას. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში ჯანმრთელობის დამატებითი დაზღვევის მქონე პაციენტები თავისუფლდებიან ექიმთან ხანგრძლივი რიგებიდან, რაც უზრუნველყოფს სერვისებზე სწრაფ ხელმისაწვდომობას.
მსოფლიო გამოცდილების გათვალისწინებით, აუცილებელია საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევის სამივე ფორმის გამოყენება. ამ მოდელით, საყოველთაო ჯანდაცვაში ადამიანების გაწევრიანება უნდა განისაზღროს არა იმის მიხედვით, მათ აქვთ თუ არა კერძო სამედიცინო დაზღვევა, არამედ მათი ქონებრივი და შემოსავლების მიხედვით. პირები, რომელთა შემოსავალი აღემატება გარკვეულ ზღვარს, მათგან გამოთავისუფლებული თანხებით უნდა გაფართოვდეს მოწყვლადი ფენების სადაზღვევო პაკეტი. მაგალითად, მედიკამენტებით უზრუნველყოფა. ის პირები, რომლებიც არც ძალიან ღარიბები არიან და არც ძალიან შეძლებულები, ჩართული უნდა იყვნენ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში და უნდა მიეცეთ ნაწილობრივ მოცულ სერვისებზე კერძო სამედიცინო დაზღვევით სარგებლობის შესაძლებლობა. სწორედ ამას ჰქვია კერძო სამედიცინო დაზღვევის შევსებითი ფორმა.