თელავისა და ბიბერახის მეგობრობა გრძელდება! – 34-წლიანი ქართულ-გერმანული ურთიერთობები
მაკა მოსიაშვილი
1987 წლის 6 ოქტომბერს, ჯერ კიდევ მაშინ, როცა თელავის თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობის თავზე სბჭოთა დროშა ფრიალებდა… ჯერ კიდევ მაშინ, როცა ჩემი ტოლები ოქტომბრელები ხდებოდნენ… ევროპის ერთმა პატარა ლამაზმა, გულიანმა და მეგობარმა ქალაქმა თავისი კარი გაგვიღო თელაველებს და ასე გაჩნდა პირველი ევროპული ხიდი თელავსა და გერმანიის ქალაქ ბიბერახს შორის.
მერე, როცა საბჭოთა ჰიმნი ილია ჭავჭავაძის „ჩემო კარგო ქვეყანამ“ შეცვალა, როცა საბჭოთა დროშა სამფეროვანმა ქართულმა საუკონოვანმა დროშამ ჩაანაცვლა, როცა ოქტომბრელობის ნაცვლად ქართველობა მეტად დაფასდა, ორ მეგობარს შორის ურთიერთობა უფრო გაღრმავდა.
ჩვენ მოვიპოვეთ თავისუფლება საქართველოში, მაგრამ დავკარგეთ საკვები, გათბობა და ცხოვრების რთული პირობების ათწლოვანი მძიმე ციკლიც დაიწყო…
აი, მაშინ კი ნამდვილმა მეგობრებმა ჩვენთან ერთად მრავალი კილომეტრის იქით გაიზიარეს ჩვენი სიხარულიც და დარდიც. ყველაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი მათგან მივიღეთ. პირველი ევროპული გასვლა განათლების მისაღებად სწორედ ბიბერახელემა შეგვაძლებინეს.
მერე ხან მუსიკალური სკოლები აგვიშენეს, ხან _ საჯარო სკოლები, ხან კოლეჯი განგვიახლეს, ხან საავამდყოფოს მიადგნენ, ჩვენს ყველაზე უხუცეს თელაველს, 900-წლოვან ჭადარს, ყოველ წელს სპეციალისტებს უგზავნიან და მკურნალობენ, რომ კიდევ დიდხანს გვყავდეს მოხუცი…
დღემდე მიმდინარეობს სტუდენტთა გაცვლა. ამ საქმეს აქტიურად უძღვება ბიბერახთან დაძმობილებული ქალაქების ასოციაცია, რომლის ეგიდით საქართველოს კვირეული იწყება.
„1988 წლის 20 ივნისს, ორშაბათს, თელავის იმდროინდელმა ხელმძღვანელმა, რამაზ ქურციკაშვილმა და ბიბერახის მერმა კლაუს ვილჰელმ ჰოფმანმა, რატუშაში ხელი მოაწერეს პარტნიორობის შეთანხმებას. მართალია, ამ ორ ქალაქს ერთმანეთისგან 3500 კილომეტრი აშორებს, მაგრამ ამის მიუხედავად, ისინი 34 წლის განმავლობაში ძალიან დაახლოვდნენ“, _ ნათქვამია გაზეთ შცჰწäბისცჰე ძეიტუნგ-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.
ყოველი ბიბერახელი, რომელიც საქართველოში და, კერძოდ, თელავშია ნამყოფი, ქართული ყოფა-ცხოვრებით, ტრადიციებით, ქვეყნის სილამაზითა და ბუნების მშვენიერებით მიღებული შთაბეჭდილებითაა დატყვევებული.
როგორც პუბლიკაციაში ვკითხულობთ, ბიბერახში, რომელიც ბადენ-ვიურტემბერგის მხარეში მდებარეობს, 6 ოქტომბრიდან 18 ნოემბრამდე ქართული კულტურის დღეები ჩატარდება, უკვე მეექვსედ, მრავალი ღონისძიებით – გამოფენებით, კონცერტებით, მუსიკით.
„თელავისა და ბიბერახის მეგობრობა გრძელდება“, – ამ დევიზით ბიბერახის რატუშაში თელავისა და ბიბერახის თანამშრომლობის ამსახველი მასალები გამოიფენება. გაიმართება ქართული კულინარიის დეგუსტირება სხვადასხვა სანელებლებით, სვანური მარილით, გამოცხვება ხაჭაპური; ქართულ მუსიკალურ კულტურას ბიბერახში წარადგენს ქალთა ფოლკლორული ანსამბლი „თელა“ – ხალხური სიმღერებითა და ქართული პოლიფონიური კომპოზიციებით. პროფესიონალი მუსიკოსი ქალები მღერიან ქართული ხალხური მუსიკალური ინსტრუმენტების – ფანდურის, სალამურისა და დოლის თანხლებით;
ჩატარდება კლასიკური მუსიკის ორი კონცერტიც – თელაველი სოსო ნინიკელაშვილი, რომელიც ადრეც ბევრჯერ ყოფილა ბიბერახში, 6 ოქტომბერს რატუშაში დაუკრავს ფორტეპიანოზე, 16 ოქტომბერს კი ანა ნარუაშვილი, ელისაბედ ნამჩევაძე და სხვები. კონცერტებს გამართავს გერმანულ-ქართული ჯგუფი, რომელიც შეასრულებს სხვადასხვა სიმღერას;
ქართული ღვინის დეგუსტაცია კაფე-ბარ „შამპანსკიში“ ჩატარდება 14 ოქტომბერს. საქართველოში ქვევრის ღვინოს თითქმის 8 ათასი წლის განმავლობაში ამზადებენ. 15 ოქტომბერს იქვე გაიშლება ქართული სუფრაც – თავისი თამადით, რომელიც სტუმრებსა და მნახველებს ქართული ღვინის სმის კულტურას გააცნობს.
რაც შეეხება ლექციებს: 20 ოქტომბერს საქართველოს ბუნებისა და სიმდიდრეების შესახებ ისაუბრებს ტურიზმის ბიზნესმენი და მეღვინე სოსო მექვევრიშვილი, ხოლო გერმანელი ჰანს პეტერ-ბიგე წაიკითხავს ლექციას საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობის შესახებ 1918-1921 წლებში, აგრეთვე 1991 წლიდან, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის პერიოდიდან.
ასოციაციის კომიტეტის წევრი ნინა მაიერ-შუკი ამას წინათ თელავში იყო ჩასული და თავისი თვალით ნახა, თუ რას ფიქრობენ ქართველები რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე; „არსებობს შიში, რომ რუსეთი საქართველოს ისევ თავს დაესხმება“. ამ შეშფოთებას იზიარებს კომიტეტის კიდევ ერთი წევრი, დანიელ ბირკენმაიერი: „ქართველები ისევ გრძნობენ საფრთხეს რუსეთის მხრიდან“.
ამ წელს ბიბერახში ასეთ დიდებულ დღესასწაულზე თელავის მერიიდან მხოლოდ 2 ადამიანი წავიდა _ სამსახურის უფროსი და განყოფილების გამგე.
ქალაქის პირველი პირები _ არც მერი და არც საკრებულოს თავმჯდმარე _ ბიბერახელებთან კიდევ ერთხელ მადლობის სათქმელად არ ჩავიდნენ. არადა, ისინი ხომ მიწვეულები იყვნენ.
მიზეზი ბანალურია…
წასვლა გააუქმეს!
9 ოქტომბერს თელავში ღვინის დღეებია და თელავს პრემიერ-მინისტრი უნდა ეწვიოს.
აბა, პრემიერს თუ ხელი არ ჩამოართვი და მის გვერდით ფოტოზე არ აღმოჩნდი, რაა მამული?
მეგობრობა რა არის? მხოლოდ გაჭირვებაში რომ ახსოვს?
სინამდვილეში, პრემიერს ძალიან არ ადარდებს, ვინ ჩამოართმევს ხელს ღვინის დღეებზე. უხერხულია ის, რომ თელავის ხელმძღვანელობას 34-წლიანი მეგობრობის ნაცვლად პრემიერთან ერთი ფოტო ურჩვენია.