„ჩვენი ხმა გააგონეთ მსოფლიოს!!! – ირანში ბედნიერება დიდი ხანია, მოკვდა!“
მაკა მოსიაშვილი
მსოფლიო გაგიჟდა!.. _ რამდენჯერ მოგისმენიათ ან გაგიფიქრებიათ ეს სიტყვები ბოლო დღეებში?.. კი, ნამდვილად გაგიჟდა!.. რა უცანურია, ორი წლის წინათ დედამიწაც კი შვებულებაში გავიდა, ყველაფერი გაჩერდა, ჩვენმა პლანეტამ სუნთქვა დაიწყო, რადგან ადამიანები სულ რაღაც რამდენიმე თვით სახლში გამოკეტა უცნობმა უხილავმა ვირუსმა. მაშინ დედამიწას ერთი მტერი ჰყავდა _ კოვიდი… და ბოლოს, როცა მსოფლიომ თითქოს პანდემია დაძლია და კოვიდთან ომი მოიგო, მერე… მერე თავად ადამიანები გახდნენ ერთმანეთის მტრები, როგორც ადრე.
საქართველოდან, სულ რაღაც, რამდენიმე ათას კილომეტრში, ჩვენს ისტორიულ მეზობელ სპარსეთში, დღევანდელ ირანში, ქაოსია…
ქაოსი მარტივი სიტყვაა, უფრო მძაფრი, საშინელი შეიძლებოდა მოეფიქრებინა კაცს…
რამდენიმე დღეა, ირანში ათასობით ადამიანი დაიკითხა, უსამართლოდ დაისაჯა და მხოლოდ მათი უფლებების მშვიდობიანი გამოყენების გამო.
ირანს აქვს მკაცრი ისლამური კანონები. ირანის ყველა მოქალაქე ვალდებულია, პატივი სცეს ტრადიციებს, წეს-ჩვეულებებსა და რელიგიას, განსაკუთრებით რამადანის თვეში. ამ პერიოდში საჯარო სივრცეებში დღის განმავლობაში იკრძალება სმა, ჭამა და მოწევა.
დავიწყოთ ტანსაცმლიდან: მამაკაცებმა უნდა ატარონ გრძელი შარვლები და გრძელი მაისურები ან პერანგები.
არამუსლიმ კაცსა და მუსლიმ ქალს შორის კავშირი აკრძალულია. თუკი ირანელი ქალი არამუსლიმ კაცთან ურთიერთობაშია, სასჯელი უმკაცრესია, ის შეიძლება სიკვდილითაც დასაჯონ. თუმცა მამაკაცებისთვის დასაშვებია არამუსლიმ ქალთან დაქორწინება.
• ირანელ ქალებს ეკრძალებათ ველოსიპედის მართვა. ირანის სულიერმა ლიდერმა განაცხადა, რომ ველოსიპედის ტარებისას კაცების ყურადღებას იქცევენ და ამიტომ ქალებს არ უნდა მიეცეთ ველოსიპედის ტარების უფლება.
• ქალებს ეკრძალებათ გამჭვირვალე ტანსაცმლის ჩაცმა.
• მათ თავზე უნდა ეხუროთ ლეჩაქი.
• არ უნდა უჩანდეთ ყელი.
• კაბა უნდა ეცვათ კოჭამდე, ასევე შარვლის ზემოდან უნდა ეცვათ გრძელი მოსაცმელი.
• ქალის თმის გამოჩენა სასტიკად იკრძალება.
• ქალებს ეკრძალებათ ასევე მუჰამედის ან რომელიმე სულიერი ლიდერის კრიტიკა ან რელიგიის შეცვლა.
• ქალებს არ აქვთ განქორწინების ინიციატივის უფლება, ეს მხოლოდ მამაკაცებმა უნდა გადაწყვიტონ.
• ქალებს ასევე ეკრძალებათ, მოიხსნან ჰიჯაბი ნებისმიერ სპორტულ ღონისძიებაზე, მათ შორის, ოლიმპიადაზე.
• ქალებს ეკრძალებათ ნებისმიერი ტიპის ფიზიკური კონტაქტი კაცთან, მათ შორის, ხელის ჩამორთმევა.
• ქალს თუ გააუპატიურებენ, ის ვერ შეძლებს მიმართოს სამართალდამცველებს, თუ 4 მოწმე მაინც არ ჰყავს.
• ქალებს ეკრძალებათ ალკოჰოლის მიღება, ცეკვა, შინაური ცხოველების ყოლა, ტატუს გაკეთება, აზარტული თამაშების თამაში.
• ქალები ვერ გახდებიან სულიერი ლიდერები, ვერ გახდებიან მოსამართლეები.
• ირანის ბევრ პროვინციაში ქალებს სცენაზე სიმღერაც ეკრძალებათ.
როდესაც ტურისტი წყვილი დასასვენებლად ჩადის ირანში, მათ სასტუმროს მენეჯერს უნდა ანახონ ქორწინების სერტიფიკატი ან რამენაირად უნდა დაასაბუთონ თავიანთი ცოლ-ქმრობა, რათა სასტუმროში ერთ ნომერში ყოფნის უფლება მიეცეთ.
ყველა ტიპის ფილმი აკრძალულია, სადაც სექსუალური ხასიათის კადრებია, მათ შორის, DVD დისკებზე, ჟურნალებში ფოტოები და ა. შ. ამის გამო ბევრი დასავლური დისკი და ფილმი ირანში არ არის ხელმისაწვდომი.
ირანში ალკოჰოლური სასმელების იმპორტი, რეალიზაცია, წარმოება და მოხმარება აკრძალულია.
ფოტოსურათების გადაღება სამთავრობო ან სამხედრო შენობებთან აკრძალულია. ეს შეიძლება ჩაგითვალონ ჯაშუშობაში და სასჯელიც მკაცრი იქნება. ასევე ლეპტოპის გამოყენება საჯარო სივრცეში შეიძლება არასწორად იქნას აღქმული.
ნარკოტიკული ნივთიერებების იმპორტი და გასხვისება სასტიკად აკრძალულია. ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული მრავალი პირის სიცოცხლე სიკვდილით დასჯით დასრულდა.
ირანში ვერ გამოიყენებთ ამერიკულ დოლარს, ისინი პროტესტს უცხადებენ ყველაფერ დასავლურს. ვერ გამოიყენებთ ფეისბუქსა და აკრძალულია ტვიტერი. ასევე აკრძალულია ინსტაგრამი.
2013 წლის მონაცემებით, მსოფლიოს ყველაზე ხშირად მოხმარებადი 500 საიტიდან ირანში ნახევარი დაბლოკილია.
„ქრონიკა+ ესაუბრება დავითს, რომლის გვარსაც, მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ინკოგნიტოდ ვტოვებთ:
_ ირანში განვითარებულმა მოვლენებმა მსოფლიო და, მათ შორის, საქართველოც, შეძრა. რა ხდება დღეს ირანში?!
_ ე. წ. სახელმწიფოს უსაფრთხოების ძალებმა უკანონოდ გამოიყენეს სასიკვდილო ძალა პროტესტის ჩასახშობად. ირანში ყოველდღე, ყოველ წუთს ქალები, ლგბტ ადამიანები და ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები განიცდიან დისკრიმინაციასა და ძალადობას.
ცოტა შორიდან რომ მოგიყვეთ, გასულ წელს ხელისუფლებამ არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა ქალებს, რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებსა და კრიტიკოსებს. ყველას დაემუქრა სისხლისსამართლებრივი დევნით, ვინც წაახალისებდა არჩევნების ბოიკოტს.
აშშ-ის მიმდინარე სანქციებმა, კოვიდ-19-მა და კორუფციამ გააღრმავა ირანის ეკონომიკური კრიზისი, რომელიც ხასიათდება მაღალი ინფლაციით, სამუშაო ადგილების დაკარგვით და დაბალი ან გადაუხდელი ხელფასებით.
ხელისუფლება მუდმივ რეჟიმში კრძალავს გამოხატვის, გაერთიანებისა და შეკრების უფლებას. მათ აკრძალეს დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტიები, პროფკავშირები და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, ცენზურა დააწესეს მედიასა და სატელიტურ სატელევიზიო არხებზე.
_ რამდენად აქვთ ირანში ადამიანებს დღეს ინტერნეტი და მასზე წვდომა?
_ იანვარში ხელისუფლებამ დაბლოკილი სოციალური მედიის პლატფორმების სიას, რომელშიც შედიოდა Fაცებოოკ-ი, თელეგრამ-ი, თწიტტერ-ი და Yოუთუბე, დაამატა შიგნალ-ი. უსაფრთხოებისა და დაზვერვის თანამშრომლებმა განახორციელეს თვითნებური დაპატიმრებები სოციალური მედიის გამოყენების გამო, რომელიც მიიჩნეოდა კონტრრევოლუციურად ან არაისლამურად.
ხელისუფლებამ დააწესა ინტერნეტის გამორთვა საპროტესტო აქციების დროს, დამალა უსაფრთხოების ძალების მხრიდან დარღვევის მასშტაბები. ბოლო ერთ წელიწადში რამდენიმე ათასი მამაკაცი, ქალი და ბავშვი დაკითხეს, უსამართლოდ აპატიმრებდნენ მხოლოდ გამოხატვის, გაერთიანებისა და შეკრების თავისუფლების უფლების მშვიდობიანი გამოყენების გამო. მათ შორის იყვნენ მომიტინგეები, ჟურნალისტები, დისიდენტები, მხატვრები, მწერლები, მასწავლებლები და ორმაგი მოქალაქეეობის მქონე პირები.
ასევე უფლებადამცველები, ადვოკატები; ქალთა უფლებების დამცველები; ლგბტ ადამიანების უფლებების, შრომითი უფლებებისა და უმცირესობების უფლებათა დამცველები; გარემოსდამცველები; სიკვდილით დასჯის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები;
წამება და სხვა არასათანადო მოპყრობა რჩება ფართოდ გავრცელებულ ტრადიციად და კანონად, განსაკუთრებით წამების უამრავი ფაქტია დაკითხვის დროს. წამებით მიღებულ „აღიარებას“ სახელმწიფო ტელევიზიით აჩვენებენ.
_ თავად ციხე როგორია?
_ ციხისა და პროკურატურის ორგანოები, რომლებიც მუშაობენ სასამართლო სისტემაში, პატიმრებს ამყოფებენ სასტიკ და არაადამიანურ პირობებში. ციხეებში ადამიანები უბრალოდ ვეღარ ეტევიან, იქ არის ცუდი სანიტარიული პირობები, არასაკმარისი საკვები და წყალი, არასაკმარისი საწოლები, ცუდი ვენტილაცია. ბევრ პატიმარს არ უწევენ ადეკვატურ სამედიცინო დახმარებას. კოვიდ-19-ის გავრცელების მეტი რისკია.
სულ უფრო და უფრო ხშირად ხელისუფლებას სინდისის პატიმარი ქალები გადაჰყავს ცუდ პირობებში, მათი ოჯახებისგან შორ მანძილზე მდებარე ციხეებში, იმის საპასუხოდ, რომ ისინი აგრძელებენ ადამიანის უფლებების დარღვევის გმობას პატიმრობის პერიოდში.
აგვისტოში თეირანის ევინის ციხიდან გამოჟონილმა სათვალთვალო კამერის კადრებმა აჩვენა, რომ ციხის ჩინოვნიკები სცემდნენ, სექსუალურად ავიწროებდნენ და სასტიკად ეპყრობოდნენ პატიმრებს.
სისხლის სამართლის კოდექსი დღემდე ითვალისწინებს ადამიანის დაბრმავებას, ხელის ან ფეხის ამპუტაციას, სახალხო ჩაქოლვას.
• თებერვალში ჰადი როსტამი ურუმიე ციხეში 60-ჯერ გაშოლტეს მხოლოდ იმიტომ, რომ პროტესტის ნიშნად შიმშილობდა და როცა შოლტი საკმარისი არ აღმოჩნდა, პატიმარს უკვე ამპუტაციით დაემუქრნენ.
• იგივე მიზეზით ჰადი ათაზადე სექტემბერში აჰარის ციხეში ცემის შემდეგ გარდაიცვალა.
• გასული წლის ოქტომბერში თეირანის სასამართლომ მამაკაცს ცალი თვალით დაბრმავება მიუსაჯა. იგი შურისძიების მიზით თავს დაესხა დაზარალებულს.
_ ქალებსა და გოგონებს დარჩათ კი რამე უფლება?
_ ქალები განიცდიან დისკრიმინაციას როგორც კანონით, ასევე ცხოვრების ყოველდღიურ რეჟიმში, მათ შორის: ქორწინებასთან, განქორწინებასთან, დასაქმებასთან, მემკვიდრეობასთან და პოლიტიკურ თანამდებობასთან დაკავშირებით.
დისკრიმინაციულმა და იძულებითმა კანონებმა გამოიწვია წვდომის აკრძალვა განათლებაზე, დასაქმებასა და საჯარო სივრცეებზე. დღემდე, სულ მცირე, ქალთა უფლებების ექვსი დამცველი რჩება ციხეში.
2021 წლის ნოემბერში კანონპროექტის „ახალგაზრდობა და ოჯახის დაცვა“ მიღებით, პარლამენტმა კიდევ უფრო შეარყია სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლება, რომელიც კრძალავს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ დაწესებულებებში შობადობის კონტროლის უფასოდ უზრუნველყოფას; მოითხოვს აფთიაქებში კონტრაცეპტული პრეპარატების გაყიდვას მხოლოდ რეცეპტით; კონტრაცეპციის მიყიდვა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც ორსულობა საფრთხეს უქმნის ქალის სიცოცხლეს ან გამოიწვევს სერიოზულ ფიზიკურ დაზიანებას ან აუტანელ გაჭირვებას ორსულობის დროს ან მშობიარობის შემდეგ;
გოგონების ქორწინების კანონიერი ასაკი არის 13 წელი. მამებს შეუძლიათ, სასამართლო ნებართვით, მათი ქალიშვილები დააქორწინონ უფრო მცირე ასაკშიც კი. ოფიციალური მონაცემებით: 2020 წლის მარტიდან 2021 წლის მარტამდე დაფიქსირდა 10-დან 14 წლამდე ასაკის 31 379 გოგონას ქორწინება, რაც წინა წელთან შედარებით 10,5%-ით მაღალი მაჩვენებელია.
_ თქვენც ხომ ერთ-ერთი უმცირესობა ხართ? როგორი უფლებები აქვთ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს?
_ ეთნიკური უმცირესობები, მათ შორის: აჰვაზი არაბები, აზერბაიჯანელი თურქები, ბელუჩები, ქურთები და თურქმენები, ქართველები განიცდიან დისკრიმინაციას, რათა შემცირდეს მათი ხელმისაწვდომობა განათლებაზე, დასაქმებასა და პოლიტიკურ ოფისებზე. ენობრივი მრავალფეროვნების შესახებ არაერთგზის მოწოდების მიუხედავად, სპარსული დარჩა სწავლების ერთადერთ ენად დაწყებით და საშუალო სკოლებში.
რელიგიური უმცირესობები, მათ შორის, ბაჰაიტები, ქრისტიანები, გონაბადი დერვიშები, ებრაელები, იარესანი და სუნიტი მუსლიმები, განიცდიან დისკრიმინაციას როგორც კანონით, ასევე პრაქტიკაში, მათ შორის, განათლების ხელმისაწვდომობაზე, დასაქმებაზე, ბავშვების შვილად აყვანაზე, აგრეთვე თვითნებური დაკავების კუთხით. აღნიშნება წამება და სხვა არასათანადო მოპყრობა რწმენის აღიარების გამო.
გაზაფხულიდან ბაჰაის უმცირესობის წევრები განიცდიან შევიწროებას სახელმწიფოს მხრიდან კერძოდ: აღნიშნება თვითნებური დაკავება, წამება, იძულებითი გაუჩინარება, ბიზნესის იძულებით დახურვა, ქონების კონფისკაცია, სახლების დანგრევა, სასაფლაოების განადგურება და სიძულვილის ენა ოფიციალური პირებისა და სახელმწიფოის მხრიდან.
იანვარში პარლამენტმა კიდევ უფრო შეარყია რელიგიისა და რწმენის თავისუფლების უფლება სისხლის სამართლის კოდექსში ორი მუხლის დამატებით, რომელიც ითვალისწინებს ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას და/ან ჯარიმას, ანუ ირანის ეთნიკური ეროვნების, ღვთაებრივი რელიგიის ან ისლამური აღმსარებლობის შეურაცხყოფისთვის ან ჩართულობისთვის „დევიანტურ საგანმანათლებლო ან პროზელიტიზაციის საქმიანობაში, რომელიც ეწინააღმდეგება ისლამს“. ივლისში სამ მოქცეულ ქრისტიანს (გაქრისტიანებულს) ამის საფუძველზე მიესაჯა ხანგრძლივი პატიმრობა.
_ რა შემთხვევაში იღებენ სასიკვდილო განაჩენს?
_ სასიკვდილო განაჩენი გამოიყენება რეპრესიების იარაღად როგორც დემონსტრანტების, დისიდენტებისა და ეთნიკური უმცირესობების წინააღმდეგ.
მაგალითად, იუსეფ მეჰრდადსა და საადოლა ფაზელის არაკში სიკვდილით დასაჯეს „წინასწარმეტყველის შეურაცხყოფისთვის“.
რამდენიმე თვის წინათ საჯად სანჯარი, რომელიც 15 წლის იყო და 17 წლის არმან აბდოლალიკი სიკვდილით დასაჯეს. ამ ქვეყენაში ბოლო სამი წლის მანძილზე 80-ზე მეტი ადამიანი სიკვდილით დასჯეს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ბავშვობაში ჩაიდინეს დანაშაული.
_ დაბოლოს, რა არის ის გასაღები, რომელიც ამ მძიმე ცხოვრებას დაასრულებს?
_ მსოფლიომ უნდა მიიღოს მნიშვნელოვანი ზომები სისხლიანი დარბევის წინააღმდეგ, რადგან დაღუპულთა რიცხვი იზრდება.
უკვე ყველამ იცით, რომ 22 წლის ირანელი ქალი, მაჰსა ამინი, გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც ის ირანის მორალის პოლიციამ დააკავა.
13 სექტემბერს მაჰსა ამინი ოჯახთან ერთად გადაადგილებისას მორალის პოლიციის საპატრულომ _ სპეციალურმა განყოფილებამ _ გააჩერა, რომელსაც ქალების ჩაცმულობის მკაცრი კონტროლი ევალება. პოლიციამ ამინი პოლიციის მანქანაში ძალით ჩასვა. ამინს თითქოს არასწორად ეხურა ჰიჯაბი. თვითმხილველების თქმით, ის ფურგონშიც სცემეს. მაჰსა ამინის ოჯახი ამბობს, რომ დაპატიმრებამდე მაჰსას არანაირი ჯანმრთელობის პრობლემა არ აღენიშნებოდა, თუმცა ოჯახს შეატყობინეს, რომ ამინი დაკავებიდან რამდენიმე საათში კლინიკაში გადაიყვანეს. მათივე თქმით, გარდაცვალებამდე ქალი კომაში იყო.
აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი, თწიტტერ-ზე წერს, რომ თეთრი სახლი ღრმად შეშფოთებულია ამინის სიკვდილით.
ჩვენ შეშფოთება ვერ გვიშველის! ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, თუ რამდენად აღშფოთებულია ირანში მოსახლეობა სასტიკი კანონების აღსრულების, უკანონო მკვლელობებისა და ფართო რეპრესიების გამო.
გასული დღე-ღამის მანძილზე დაღუპულთა რიცხვმა მიაღწია, მინიმუმ, 30 ადამიანს, მათ შორის, ოთხი ბავშვია. მხოლოდ 21 სექტემბრის ღამეს უშიშროების ძალების მიერ სროლის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, 19 ადამიანი, მათ შორის, სამი ბავშვი.
საპროტესტო აქციების დროს ქვეყნის მასშტაბით გაითიშა ინტერნეტი. დადგა დრო, გაეროს წევრი ქვეყნები გასცდნენ უკბილო განცხადებებს და მოისმინონ ირანში მსხვერპლთა ძახილი! სასწრაფოდ უნდა შეიქმნას გაეროს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი.
გარდაცვალების შემთხვევები დაფიქსირდა ალბორზში, ისპაჰანში, ილამში, კოჰგილუესა და ბუიერ აჰმადში, ქერმანშაჰში, ქურთისტანში, მანზანდარანში, სემნანში; თეირანში, დასავლეთ აზერბაიჯანის პროვინციებში, სადაც ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ღამე იყო 21 სექტემბერი. იქ, სულ მცირე, სამი მამაკაცი და ორი ბავშვი დაიღუპა. მათ შორის არიან სადროდინ ლიტანი, მილან ჰაგიგი და 16 წლის ამინ მარეფატი ოშნავიეში; და დანეშ რაჰნამა და 17 წლის აბდოლა მაჰმუდპური სოფელ ბალუში.
21 სექტემბერს რევოლუციური გვარდიის აგენტები ცეცხლსასროლ იარაღს ესროდნენ მომიტინგეებს, როცა ისინი გუბერნატორის ოფისში შესვლას ცდილობდნენ. სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა… მათ შორის იყო სადროდინ ლიტანი, რომელსაც რამდენიმე მეტრის მანძილიდან ესროლეს მუცელსა და კისერში; ამინ მარეფატი, რომელსაც გულში ესროლეს _ ტყვია ზურგიდან ამოვარდა.
21 სექტემბერს სემნანის პროვინციაში მინიმუმ ერთი ახალგაზრდა მომიტინგე, მეჰდი ასგარი, დაიღუპა პოლიციის განყოფილების წინ.
ვიდეოკადრებში, რომელიც ინტერნეტით გავრცელდა, ჩანს, რომ მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნეს, როცა ისინი პოლიციის განყოფილებას ქვებს უშენდნენ. სროლის ხმაზე ორი მომიტინგე დაეცა მიწაზე. მეორე ვიდეო იმავე ინციდენტიდან აჩვენებს ერთ მომიტინგეს, რომელიც უსიცოცხლოდ წევს და სისხლი სდის.
მაზანდარანის პროვინციაში, სადაც ბევრი ქართველი ცხოვრობს, სულ მცირე, ექვსი მამაკაცი და ერთი ქალი მოკლეს. მათი სახელებია: ღაემშაჰრში მოკლული მოჰსენ მოჰამადი; ნოშაჰრში მოკლული ჰანანე კია, ჰოსეინ ალი კია და მეჰრზად ავაზპური; სარიში მოკლული მოჰამად ჰოსეინიხა; ბაბოლში მოკლული მილად ზარე; და ამირ ნორუზი მოკლეს ბანდარ-ეანზალიში.
ჰანანე კიას ორი მეგობრის თქმით, მას ტყვია მოხვდა მაშინ, როდესაც იგი ექიმთან მიდიოიდა.
უბრალოდ, მინდა, რომ ჩვენი ხმა გააგონოთ მსოფლიოს, ირანში ბედნიერება დიდი ხანია, მოკვდა, სიცოცხლის უფლება მაინც დაგვიტოვონ.