…და ისევ კვარა!

„და ისევ კვარაცხელია!“ – წერს „ლა გაძეტა დელო სპორტი“. მაღალი დონის მეორე ტაიმმა, რომლის გვირგვინიც ქართველის გოლი იყო _ მეოთხე მიმდინარე სეზონში _ „სტადიო ოლიმპიკოზე“ „ნაპოლის“ „ლაციო“ გასული სეზონის მსგავსად 2:1 დაამარცხებინა. ამრიგად გუნდმა „ლეჩესთან“ ფრის გამო დარჩენილი უკმაყოფილების გრძნობა უკან მოიტოვა. და ისევ დაიწყეს იტალიელებმა კვარაცხელიას ლორენცო ინსინიესთან შედარება.
„ლორენცოს გუნდთან ერთად ეხერხებოდა დრიბლინგი, _ თქვა მატჩის შემდეგ ნეაპოლელთა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ, _ ის მეტოქის ნახევარზე გვიადვილებდა ცხოვრებას, ხვიჩა კი უფრო დასხლტომაშია ძლიერი. ის ძალიან ტექნიკურია. ახლა მას ისეთი გამოცდილების შეძენა სჭირდება, ინსინიეს რომ ჰქონდა.
ის ძალიან კარგი ბიჭია და ხშირად თავს არიდებს გარკვეულ სიტუაციებს, იმიტომ რომ მოკრძალებულია, მაგრამ „ნაპოლის“ შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგაში თამაშისა და იტალიის ლიგის მწვერვალზე ყოფნისთვის მეტი თავხედობა (იტალიურად ძალიან უხეში გამოთქმა იხმარა) დასჭირდება.
როდესაც ხვიჩა პირველად ვნახეთ, ყველამ ერთი და იგივე რამ გავიფიქრეთ. მისი სიარულის შემყურემ შეიძლება იფიქრო, რომ დონდლოა, მაგრამ მერე ხედავ მის ოსტატობასა და წესიერებას და ხვდები, რომ ეს დიდი ფეხბურთელის თვისებებია. ის განსაკუთრებულია. ერთადერთი იმ ეპიზოდებში მაკვირვებს, როდესაც შეცდომას უშვებს, მაგალითად მეორე ტაიმში გოლი რომ ვერ გაიტანა. ის ხომ საამისოდ ძალიან ტექნიკურია“.
შემდეგ სპალეტიმ შეხვედრის ანალიზი ჩაატარა და თქვა, რომ მისმა გუნდმა ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ ჩინებული შეხვედრა ჩაატარა. მწვრთნელის აზრით, სასტარტო მღელვარების გამო პირველი წუთები არ ვარგოდა, მაგრამ შემდეგ მისმა ფეხბურთელებმა ვითარება შეცვალეს. „ნაპოლიმ“ მტკიცე ხასიათი გამოამჟღავნა. წინა შეხვედრებისგან განსხვავებით ამჯერად ყველაფერი სწორად გაკეთდა. შესაძლოა, ზოგიერთ ეპიზოდში გუნდი ზედმეტად გაერთო შეტევით, მაგრამ გარკვეული გაგებით ეს კარგიცაა.
ბოლოს სპალეტიმ მატჩის კიდევ ერთი გმირი და ნეაპოლელთა პირველი გოლის ავტორი, სამხრეთ კორეელი მინ-ჯაე კიმი შეაქო. მწვრთნელმა თქვა, რომ კიმი ღიმილიანი, კარგი ადამიანია, მაგრამ პასების დახვეწა აკლია. ის დაცვაში ომს არის დაჩვეული, ახლა კი იმდენად უნდა დაიხვეწოს, რომ შეტევასაც დაეხმაროს.

ესპანელებმა ჩვენებზე ჯავრი იყარეს

თბილისში მიმდინარე ევროპირველობის A ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა მეორე მარცხი იწვნია. ილიას ზუროსის გუნდმა ამჯერად ესპანეთთან წააგო – 64:90. სრულფასოვანი რევანში შედგა, ესპანელებმა ამას წინათ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ოვერტაიმში მარცხისთვის ჩვენებზე ჯავრი იყარეს და მთელი 26 ქულით დაგვამარცხეს. ახლა უკვე საქართველო დაუპირისპირდა მსოფლიო ჩემპიონებს, ფაქტობრივად, მეორე შემადგენლობით და პასუხიც შესაბამისი მიიღო.
თანაბარი მხოლოდ პირველი მეოთხედი გამოდგა, რომელიც ჩვენებმა 2 ქულით დათმეს. მას შემდეგ მოყოლებული, სერჯიო სკარიოლის გუნდი მეთოდურად ზრდიდა უპირატესობას და საქმის გამარჯვებამდე მიყვანა არ გასჭირვებია. ჩვენებმა კი დღეს ვერც შეტევაში ივარგეს და ვერც _ დაცვაში, აქედან გამომდინარე, 26-ქულიანი მარცხი ლოგიკურიც არის.
გეტყვით იმასაც, რომ თითქმის არ უთამაშია გოგა ბითაძეს, რომელმაც მხოლოდ საწყისი 6 წუთი გაატარა პარკეტზე. ოდნავ მეტი დრო დაეთმო გიორგი ცინცაძეს. მთლიანობაში, მოედანზე 12-ვე კალათბურთელი გავიდა, ხოლო დასკვნითი ნაწილი ჩვენმა გუნდმა სუპერლიგელებით ჩაამთავრა.
საქართველოს ნაკრებში 13 ქულით საუკეთესო რატი ანდრონიკაშვილი იყო, 10-10 ქულა სანდრო მამუკელაშვილმა და გიორგი შერმადინმა მოაგროვეს. ესპანელთა მხრიდან კი, რომლებმაც გუნდურად ითამაშეს, მხოლოდ 2 კაცი ასცდა 10-ქულიან ზღვარს – ვილი ერნანგომესი (14) და ხაიმე პრადილია (12).

სერენა წავიდა

ლეგენდარულმა სერენა უილიამსმა კარიერა დაამთავრა. სპორტსმენმა, რომელიც 26 სექტემბერს 41 წლის გახდება, ჩოგბურთიდან წასვლის შესახებ Uშ Oპენ-ზე გამოაცხადა.
ამერიკის ღია პირველობაზე სერენა მესამე რაუნდში ავსტრალიელ აილა ტომლიანოვიჩს დაუპირისპირდა, რომელთანაც სამ სეტში 5:7; 7:6; 1:6 დამარცხდა. სწორედ აღნიშნული შეხვედრის შემდეგ მიმართა ლეგენდარულმა ჩოგბურთელმა საზოგადოებას და კარიერის დასრულება ამცნო.
„მადლობას ვუხდი ყველას, ვინც აქ არის, ვინც ამდენი წლის, ათწლეულების განმავლობაში ჩემ გვერდით იყო. ღმერთო ჩემო, ეს ბედნიერების ცრემლია. ეს ყველაფერი ჩემი მშობლებით დაიწყო და ისინი ყველაფერს იმსახურებენ. მათი მადლობელი ვარ. მე არ ვიქნებოდი სერენა, რომ არა ვენუსი (სერენას და). ასე რომ, მადლობა ვენუსს. ის არის ერთადერთი მიზეზი, რომ სერენა უილიამსი ოდესმე არსებობდა“, _ თქვა სერენამ ნიუ-იორკში განცდილი მარცხის შემდეგ.
სერენა უილიამსმა თავისი პირველი პროფესიონალური ტურნირი 1995 წელს, 14 წლის ასაკში ითამაშა. კარიერის განმავლობაში მან დიდი სლემის ტურნირების მოგება 23-ჯერ შეძლო, ხოლო 4-ჯერ ოლიმპიური ოქრო მოიპოვა. საერთო ჯამში კი ლეგენდარულმა ამერიკელმა ჩოგბურთელმა კარიერის განმავლობაში 73 ტიტულის მოგება შეძლო. სერენა უილიამსი არა მხოლოდ მსოფლიო ჩოგბურთის ვარსკვლავი, პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სპორტსმენია.

აგვისტო და ხვიჩა

„ზაფხულის საუკეთესო ტრანსფერი, ჩემი აზრით, „ნაპოლიმ“ გააკეთა, ვგულისხმობ ხვიჩა კვარაცხელიას გადასვლას ნეაპოლურ კლუბში, ნამდვილად კარგი არჩევანი იყო“, – თქვა ცნობილმა იტალიელმა საფეხბურთო ექსპერტმა და ბლოგერმა, ჯანლუკა დი მარციომ… და რას მოაყოლა მან ამბავი?
აი, რას: იტალიის საფეხბურთო ასოციაციამ ხვიჩა კვარცხელია სერია A-ს აგვიტოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა!!!
გამოკითხვა „ლეჩესთან“ შუა კვირის მატჩამდე ჩატარდა. ჩვენიანმა შემტევმა საერთო ხმების 87 პროცენტი მიიღო და გვარიანად უკან მოიტოვა უახლოესი მდევრები – სერგეი მილენკოვიჩ-სავიჩი, პიერ კალულუ და ნემანია რადონიჩი.
„AIჩ-ში რეგისტრირებულმა კოლეგებმა აგვისტოს საუკეთესოდ კვარაცხელია დაასახელეს. შეფასება სამი მატჩის მიხედვით გაკეთდა. 67% კვარაცხელიამ აიღო, რომელსაც მილინკოვიჩ-სავიჩი („ინტერთან“ ფენომენური მატჩის შემდეგ) კალულუ (ასევე დიდებული თამაშით) და სხვები მოსდევენ. მათ რიგებში ასევე ჩემპიონატის სიურპრიზი – ნემანია რადონიჩიცაა“, – წერს იტალიური პრესა.

ხელი და ფლეი ოფი

ხორვატიის ქალაქ სპლიტში მიმდინარე წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მესამე მატჩში სლოვაკეთს 16:11 მოუგო და ფლეი-ოფში გავიდა. ამით პროგრამა მინიმუმი შესრულებულია და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება, რომლის მოგებაც მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს მოგვიტანს. თუ ვინ იქნება ჩვენი მეტოქე, ამას რუმინეთი და ნიდერლანდები გაარკვევენ.
სლოვაკებთან მატჩი კი დაძაბული არ გამოდგა. დეიან სტანოიევიჩის გუნდი თავიდანვე 5:0 დაწინაურდა და შემდეგ საქმის ბოლომდე მიყვანა აღარ გასჭირვებია. 4 გოლი დუშან ვასიჩის ანგარიშზეა, 3 ბორის ვაპენსკიმ გაიტანა, 2-2 – ფაბიო ბარალდიმ და იოვან სარიჩმა, ხოლო თითო გოლი ნიკა შუშიაშვილმა, ხვიჩა ჯახაიამ, მარკო ელაჩამ, რევაზ იმნაიშვილმა და საბა ტყეშელაშვილმა მიითვალეს.
შეხვედრის ბოლოს, საქართველოს ნაკრების მეკარე ირაკლი რაზმაძე ტრიბუნაზე ავიდა და ხელი სთხოვა ლეგენდარული ქართველი სპორტსმენის, ომარ ფხაკაძის შვილიშვილს, ლიზა ფხაკაძეს, რაზედაც, ცხადია, თანხმობა მიიღო. ვულოცავთ!

ატჩერი ამხილეს

2023 წლის რაგბის მსოფლიოს თასის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი, კლოდ ატჩერი, თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მასზე 15 თანამშრომელმა დაწერა საჩივარი. როგორც გაირკვა, 66 წლის ფუქციონერი თანამშრომლებს განსაზღვრულზე მეტ დროს ამუშავებდა და უდიერად ექცეოდა.
გამოძიების პროცესში ცნობილი გახდა, რომ მსფოფლიოს თასისთვის მზადებისას კლოდ ატჩერი კორუფციაში იყო ჩართული. ფრანგული მედიის ცნობით, ის მალე წარდგება სასამართლოს წინაშე.
მსოფლიოს რაგბიმ შეშფოთება გამოთქვა მომხდარი ფაქტის შესახებ. თუმცა მსოფლიოს რაგბის მამებს იმედი აქვთ, რომ საფრანგეთი რაგბის მსოფლიოს თასს ღირსეულად ჩაატარებს.

მამარდაშვილი ახლა ნაღდი ვალენსიელია

აი, ახლა კი გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ ფეხბურთელია. მასთან ერთად „ღამურებს“ დაემატა მცველი ხესუს ვასკესი. გულშემატკივრისთვის ორივე ნაცნობი სახეა, მაგრამ ფორმალურად ერთიცა და მეორეც აქამდე „ვალენსია მესტალიაში“ ირიცხებოდა და არა დიდ „ვალენსიაში“.
კლუბს რეგისტრაციის პრობლემა ჰქონდა. ფინანსური „ფეარ ფლეის“ გამო მამარდაშვილსა და ვასკესს „ჩეები“ პირველ გუნდში ვერ არეგისტრირებდნენ. სწორედ ამიტომ ეწერა 2021 წლის ივნისში შეძენილ ქართველ მეკარეს ზურგზე ასე მაღალი ნომერი _ 28. ეს ნიშნავდა, რომ ფეხბურთელი მთავარ გუნდს სარეზერვოდან ჰყავდა კონკრეტული მატჩისთვის წამოყვანილი. ჯერჯერობით არაფერია ცნობილი იმის შესახებ, ამიერიდან „მამარდა“ სხვა ნომრით ითამაშებს თუ არა.
გარდა ამისა, კლუბმა დაადასტურა, რომ გიორგისთან ახალ კონტრაქტს აფორმებს. მამარდაშვილი 2027 წლამდე „ვალენსიას“ ფეხბურთელი გახდება და მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონ ევრომდე გაიზრდება. ამის შესახებ „ვალენსია“ ოფიციალურად მალე გამოაცხადებს.
შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილი „მესტალიაზე“ ჩავიდა როგორც სარეზერვო გუნდის მეკარე, მაგრამ გარემოებათა გამო მას დიდი გუნდის კარი ანდეს. ქართველმა ამოცანას ჩინებულად გაართვა თავი და მის გამო კლუბს საშუალება მიეცა, მაღალხელფასიანი ჯასპერ სილესენი თავიდან მოეშორებინა და „ნეიმეგენში“ გაეყიდა.

თორნიკე _ 2 თვე, გოგა _ 2 დღე

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა წარუმატებლად დაიწყო ევრობასკეტ 2022. „თბილისი არენაზე“ გამართულ პირველი ტურის მატჩში ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი 76:79 დამარცხდა ბელგიასთან.
მტკივნეულ წაგებასთან ერთად საქართველოს ნაკრებმა ტრავმის გამო დაკარგა გოგა ბითაძე, რომელმაც მეოთხე მეოთხედის ბოლოს ფეხი დაიზიანა და კოჭლობით დატოვა მოედანი.
ბოლო ცნობით, ევრობასკეტის დარჩენილ შეხვედრებში გოგა ბითაძე ჩემპიონატის მომავალ მატჩებს ითამაშებს.
ბელგიასთან დაპირისპირებისას მიკროტრავმა მიიღო გიორგი ცინცაძემ, თუმცა დაზიანება სერიოზული არ არის და „ბუ“ კიდევ ითამაშებს.
გაირკვა თორნიკე შენგელიას დაბრუნების თარიღი – საქართველოს ნაკრების კაპიტანს მხრის ძვლის მოტეხილობის გამო 2 თვე გაუცდება და ამის შემდეგ დაუბრუნდება საკალათბურთო მოედანს.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ნიდერლანდების წინააღმდეგ შენგელიამ მხარი მოიტეხა და საოპერაციო გახდა.

ზურიკო ბორდოელი

ზურიკო დავითაშვილი კარიერას „ბორდოში“ გააგრძელებს. ფრანგულმა გუნდმა ქართველი ფეხბურთელი უკვე წარადგინა. დავითაშვილი ახალ კლუბში 30-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
„ბორდომ“ დავითაშვილი 1-წლიანი იჯარით დაიმატა და შემდეგ ზაფხულს გამოსყიდვის უფლება ექნება.
დავითაშვილი ბოლოს ბათუმის „დინამოში“ თამაშობდა, სადაც აპრილიდან გამოდიოდა და 18 მატჩში 6 გოლი გაიტანა. დავითაშვილი 2019 წლიდან საქართველოს ნაკრების წევრია. ეროვნული გუნდის მაისურით მან 19 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.
„ბორდო“ ლიგა 2-ში გამოდის. ფრანგები 11 ქულით მე-6 ადგილზე არიან და უახლოეს შეხვედრას პარიზთან გამართავენ.