მურმან დუმბაძე: „მიხეილ სააკაშვილს ქართული პოლიტიკიდან ვერავინ ამოშლის“
შორენა მარსაგიშვილი
ბოლო დროს ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან უნდა წავიდეს. როგორც ამბობენ, ქართული პოლიტიკიდან დისტანცირების სურვილი თავად მესამე პრეზიდენტსაც აქვს. წარსულში სააკაშვილის ოპონენტი მურმან დუმბაძე მიიჩნევს, რომ მესამე პრეზიდენტს ქართული პოლიტიკიდან ვერავინ ამოშლის. დუმბაძისვე თქმით, მიუღებელია „გირჩის“ ინიციატივა, რომელიც პოლიტიკიდან სააკაშვილის გასვლასა და ივანიშვილის შემოსვლას გულისხმობს.
ვინ წყვეტს პოლიტიკაში ამა თუ იმ პოლიტიკოსის დარჩენა-არდარჩენის საკითხს? რას ემსახურება „გირჩის“ ინიციატივა? რატომ ვერ ამოშლიან მესამე პრეზიდენტს ქართული პოლიტიკიდან? ვის და რატომ ეშინია ხელისუფლებაში ექსპრეზიდენტის დაბრუნების? _ ამის შესახებ მურმან დუმბაძე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება.
_ ბატონო მურმან, ბოლო დროს აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკას უნდა ჩამოშორდეს. თქვენ ამ ამბავს როგორ უყურებთ, უნდა გაემიჯნოს თუ არა მესამე პრეზიდენტი პოლიტიკას?
_ რას ნიშნავს, მიხეილ სააკაშვილი წავიდეს პოლიტიკიდან? არავის აქვს უფლება, ადამიანს ეს მოსთხოვოს. მიხეილ სააკაშვილი იყო ქვეყნის პრეზიდენტი და უნდა თუ არა ვინმეს, ის მაინც დარჩება ქართული პოლიტიკის ნაწილად. ქართული პოლიტიკიდან მისი ამოშლა არ გამოვა.
ამას წინათ ერთ-ერთი პარტია გამოვიდა ინიციატივით, მიხეილ სააკაშვილმა დატოვოს ქართული პოლიტიკა და ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდეს აქტიურ პოლიტიკაშიო. არადა, ეს პარტია ლიბერტარიანელობას იბრალებს. ახლა გავარკვიოთ, რა კავშირი აქვს ამ საქმეს ლიბერტარიანიზმთან? ვინ დარჩება პოლიტიკაში და ვინ არა, ამას წყვეტს ამომრჩეველი. საქართველოს მოქალაქე მიდის საარჩევნო ყუთთან და ის გადაწყვეტს, ვინ და რა დოზით უნდა იყოს პოლიტიკასა თუ ხელისუფლებაში. საქართველოს მოქალაქე წყვეტს ასევე, ვინ არ უნდა იყოს ხელისუფლებაში. დემოკრატიისა და საარჩევნო პრინციპის უმთავრესი ამოცანა ეს უნდა იყოს. ვისაც ეს კარგად არ ესმის ან ესმის და მაინც სხვანაირად იქცევა, ე. ი. ვიღაც სხვის საქმეს აკეთებს და სხვის სათქმელს ახმოვანებს.
მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან ხელოვნურად გაწევა, უბრალოდ, შეუძლებელია. მაგალითად, გარდაცვლილი ედუარდ შევარდნაძე დღესაც დიდი დოზით არის ქართულ პოლიტიკაში. მოგვწონს თუ არა, ის არის ედუარდ შევარდნაძე. მისი მეგობრები იყვნენ ჯეიმს ბეიკერი და ჰანს დიტრიხ გენშერი. დიდი ხნის წინ მოკლული ზვიად გამსახურდია დღესაც არის ქართულ პოლიტიკაში. ახლა გეკითხებით, როგორ შეიძლება, რომ ცოცხალი მიხეილ სააკაშვილი არ იყოს ქართულ პოლიტიკაში? ეს არის გამორიცხული!
მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელსაც ქართული სახელმწიფოებრიობისთვის ყველა მის წინამორბედზე მეტი აქვს გაკეთებული. ასეთ ადამიანს პოლიტიკიდან ხელოვნურად ვერავინ გაწევს, რაც არ უნდა ეცადონ, რაც არ უნდა ინიციატივები გააჟღერონ.
ყველამ ვიცით იმ ბაბუს შესახებ, რომელიც ჯერ რუსთავის ციხესთან იდგა, სააკაშვილისთვის მხარდაჭერა რომ გამოეცხადებინა, ახლა კი „ვივა მედის“ კლინიკასთანაა. ხომ არ გგონიათ, რომ იქ მარტო ეს ბაბუ დგას? იქ დგას იდეა. ამ ბაბუს იქ დგომა მიუთითებს იმაზე, რომ გუნდს, რომელიც ქვეყანას 2004-2012 წლებში მართავდა, რაღაც პოზიტიური შედეგები ჰქონდა.
_ პოზიტიური შედეგები ნამდვილად გახალდათ, მაგრამ იმ წლებში იყო ძალიან ბევრი შეცდომა და დანაშაული.
_ არ გედავებით. იმ წლებში ძალიან ბევრი ნაკლოვანება და უზარმაზარი დანაშაულები იყო. ამის გამო მოუწია „ნაციონალურ მოძრაობას“ ოპოზიციაში გადასვლა. შცდომებისა და დანაშაულების პარალელურად იყო იდეა, რომ ჩვენი სახელმწიფო ყოფილიყო უფრო ძლიერი, სუვერენული, დამოუკიდებელი და რეფორმირებული. ერთხელ და სამუდამოდ უნდა ამოვიდეთ იმ საშინელი წუმპიდან, რომელსაც საბჭოთა კავშირი ჰქვია.
_ სამწუხაროდ, ამ წუმპიდან ვერაფრით ამოვიდა ჩვენი ქვეყანა.
_ სამწუხაროა, მაგრამ წუმპიდან ამოსვლას ვერ ვახერხებთ. ასე რომ, მოთხოვნა, მიხეილ სააკაშვილი წავიდეს პოლიტიკიდან, არის აბსურდული. არც იმას ვამბობ, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა დარჩეს პოლიტიკაში. ამას უბრალოდ ვერ ვიტყვი, რადგან ამი თქმის უფლება არ მაქვს.
_ რატომ არ გაქვთ ამის თქმის უფლება?
_ იმიტომ, რომ ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის, ეს ხალხის გადასაწყვეტია. საქართველოს მოსახლეობა გადაწყვეტს საარჩევნო ყუთთან, ვინ წავა და ვინ დარჩება. მე სხვა მოთხოვნის წამოყენების უფლება მაქვს და ამას ხმამაღლა ვამბობ: მე მიხეილ სააკაშვილის, როგორც პოლიტპატიმრის, განთავისუფლებას ვითხოვ. ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია მისი გამოჯანმრთელება. მისი ადვოკატები და ახლობლები ამბობენ, რომ მესამე პრეზიდენტი ძალიან ცუდად არის.
_ „ქართულ ოცნებას“ ეჭვი ეპარება, რომ მიხეილ სააკაშვილი ძალიან ცუდად არის.
_ „ქართულ ოცნებას“ ძალიან კარგად მოეხსენება, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არის უმძიმესი. სააკაშვილი რომ ცუდადაა, ამას ყველა აღიარებს. დღეს ყველამ უნდა მოვითხოვოთ, რომ მას სათანადოდ უმკურნალონ. ჩვენ ეს ადამიანი უნდა გადავარჩინოთ. ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლე უნდა გადარჩეს. სააკაშვილი გარდა იმისა, რომ მოქალაქეა, ის ამ ქვეყნის პრეზიდენტი იყო და ის აუცილებლად უნდა გადარჩეს.
სააკაშვილი უნდა გადარჩეს და ის აუცილებლად გადარჩება. შემდეგ მოდის კითხვა, _ რა დოზით უნდა იყოს ჩართული ის ქართულ პოლიტიკაში? ეს, როგორც უკვე გითხარით, საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტია. არცერთ პარტიას არ აქვს უფლება მოითხოვოს, რომ ის პოლიტიკიდან უნდა დისტანცირდეს. ის ორი ვადით გახლდათ საქართველოს პრეზიდენტი. მას აქვს სერიოზული ბმა ქართულ სახელმწიფოსთან. ასე რომ, მისი მოშორება ქართული პოლიტიკიდან შეუძლებელია. რომც წავიდეს, მაინც დარჩება. ვინმეს უნდა თუ არა, საქართველოს მოქალაქეების 1/3-ში მიხეილ სააკაშვილზე მოთხოვნა არსებობს.
_ დარწმუნებული ხართ, რომ ასეთი მოთხოვნა არის?
_ ერთი წამითაც არ მეპარება ეჭვი. ამას ასე თამამად იმიტომ ვამბობ, რომ კარგად ვიცი, რას ფიქრობენ საქართველოს მოქალაქეები.
_ პოლიტიკოსებმა, როგორც წესი, არ იციან, რას ფიქრობენ საქართველოს მოქალაქეები.
_ პოლიტიკოსების დიდი ნაწილი მართლაც ასეა, მაგრამ მე სხვანაირად ვუყურებ საქმეს. ნებისმიერ ქართველ პოლიტიკოსს შევეჯიბრები იმის ცოდნაში, თუ რას ფიქრობენ დღეს საქართველოს მოქალაქეები. პოლიტიკოსების აბსოლუტური უმრავლესობა ცხოვრობს დედაქალაქში და რუსთაველის გამზირს არ სცდება. არასდროს მიცხოვრია დედაქალაქში. რეგიონიდან ვარ, _ იმ რეგიონიდან, რომელიც მთელ საქართველოს სწვდება. დარწმუნებული ვარ, არცერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერმა არ იცის, რა ხდება დღეს ხულოში, ხაშურსა ან ახმეტაში. სატელევიზიო გამოსვლები ხალხის აზრის გასაგებად საკმარისი არ არის. ხალხის ხმა რომ გაიგო, მათთან უნდა გქონდეს სიახლოვე.
_ თქვენ გაქვთ ხალხთან სიახლოვე?
_ რა თქმა უნდა. ხალხთან მაშინაც ვურთიერთობდი, როდესაც პარლამენტის წევრი ვიყავი. მე სახალხო პოლიტიკოსი ვარ. სახალხო პოლიტიკოსობა ცოტა სხვა რამეა. ამიტომ ვამბობ: სამ მოქალაქეში ერთი ითხოვს, რომ სააკაშვილი ხელისუფლებაში იყოს. ხალხში ასეთი განწყობა რომ არსებობს, ეს საარჩევნო ბიულეტენითაც კარგად ჩანს. ხალხი მხარს უჭერს იმ მმართველობას, რომელიც 2004-2012 წლებში იყო. ის ხელისუფლება დღევანდელს რომ სჯობდა, ამას სააკაშვილის რადიკალური მოწინააღმდეგეებიც კი აღიარებენ. აღიარებენ იმიტომ, რომ ხედავენ, თუ რამხელა შემოტევაა რუსული გავლენებისა. თავისი რადიკალური მოწინააღმდეგეებიც კი მიიმხრო მიშამ.
_ ვის გულისხმობთ?
_ არაერთია ასეთი შემთხვევა. მაგალითისთვის დავასახელებ შალვა ხაჭაპურიძეს, ის დღეს მესამე პრეზიდენტის ადვოკატია. 2011 წლის 26 მაისის დარბევის ღამეს შალვა ხაჭაპურიძე ტრიბუნიდან ბოლო ჩამოვიდა, შალვა მიშას დიდი მოწინააღმდეგე იყო. ახლა ისიც კი ჩემულობს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლის უფლება უნდა იყოს უზრუნველყოფილი.
_ ვალერი გელბახიანიც იგივეს ითხოვს, რომლის წინააღმდეგაც სააკაშვილის ხელისუფლებას საქმე ჰქონდა აღძრული. ახლა ხაჭაპურიძის მსგავსად, გელბახიანიც მისი ადვოკატია.
_ ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანები სწორად აფასებენ შექმნილ ვითარებას. თუ გვინდა, რომ მიხეილ სააკაშვილი მაინც წავიდეს პოლიტიკიდან, ამის ერთადერთი წამალი არის არჩევნები. საარჩევნო ყუთთან უნდა გადაწყდეს ამა თუ იმ პოლიტიკოსის დარჩენა-არდარჩენის საკითხი.
_ არჩევნებზე თუ დადგა ასეთი შედეგი, რომ მიშას არავინ მისცა ხმა, მერე რა ხდება?
_ თუ ხალხი გადაწყვეტს, ის აქტიური პოლიტიკიდან გაქრება, მაგრამ პოლიტიკიდან მას ვერავინ ამოშლის. თუმცა არა მგონია, რომ ხალხმა მისი მხარდაჭერა შეწყვიტოს. ვისაც სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლა სურს, ერთ რჩევას მივცემ, _ თავად გაძლიერდნენ და გახდნენ მიხეილ სააკაშვილისნაირები ან მასზე მაგრები. მხოლოდ ამ გზით შეძლებენ მესამე პრეზიდენტის ჩაჩოჩებას.
_ თავად თუ აღარ უნდა სააკაშვილს პოლიტიკაში ყოფნა, არჩევნებმა რა უნდა შეცვალოს?
_ პიროვნული გადაწყვეტილებაც ხომ სუბიექტურია. ამ შემთხვევაში სუბიექტურ მოსაზრებებზე არ ვლაპარაკობ, ობიექტურ რეალობაზე ვსაუბრობ. საკუთარი სურვილითაც რომ წავიდეს პოლიტიკიდან, მაინც დარჩება. ის ვერანაირად დარჩება პოლიტიკის მიღმა. ასევე იარსებებენ მისი მხარდამჭერები. ზვიად გამსახურდიას დღემდე უამრავი მხარდამჭერი ჰყავს. არადა, ეს ადამიანი დიდი ხანია, აღარ არის პოლიტიკაში.
_ 29 წლის წინ მოკლულ პირველ პრეზიდენტს ძალიან ბევრი ადამიანი უჭერს დღემდე მხარს.
_ იმიტომ უჭერენ მხარს, რომ ეს ადამიანები ზვიადის იდეას იწონებენ. ზვიადის იდეა იყო საერთო კავკასიური სახლის შექმნა. არსებობს ადამიანების ჯგუფი, რომელიც ამბობს, 2004-2012 წლებში ქვეყანაში სერიოზული რეფორმები ჩატარდა და რომელმაც მეტი სახელმწიფოებრიობა მოუტანა ამ გეოგრაფიას, რომელსაც საქართველო ჰქვიაო. სააკაშვილის შეცდომაც სწორედ ეს იყო.
_ რატომ იყო ეს სააკაშვილის შეცდომა?
_ მან დიდი შეცდომა დაუშვა, როცა ნაკლები დემოკრატია და მეტი სახელმწიფო ააშენა. სამწუხაროდ, ამიტომ ჰყავს ბევრი უკიდურესი მოწინააღმდეგე. მაგრამ ის ხალხი, ვისაც მეტი სახელმწიფო მოსწონს, სააკაშვილის მხარდამჭერია. ახლა ასეთი ამოცანაა, რომ ჩვენ ვიყოთ მეტად დემოკრატიულები.
ის ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა წავიდეს პოლიტიკიდან, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ დემოკრატია არ აინტერესებთ. და რასაც მიხეილ სააკაშვილში ებრძვიან, ის მათ გონებაშიც ღრმადაა ჩაბუდებული. სააკაშვილს სააკაშვილის მეთოდით არ უნდა ებრძოლო. მე სააკაშვილს სულ სხვა მეთოდით ვებრძოდი და სულ ასე ვიბრძვი. ამ მეთოდს მეტი სახელმწიფო და, პარალელურად, მეტი დემოკრატია ჰქვია.
_ თქვენ სააკაშვილის მოწინააღმდეგეები ახსენეთ. დღეს სააკაშვილის რადიკალურ მოწინააღმდეგეებად მოგვევლინენ ის ადამიანები, რომლებიც 2012 წლამდე მის გარემოცვად მიიჩნეოდნენ. ეს რა ფენომენია?
_ სრულიად გეთანხმებით, რომ მისი რადიკალური მოწინააღმდეგეების დიდი ნაწილი ყოფილ ხელისუფლებას წარმოადგენდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. რატომ არიან ეს ადამიანები სააკაშვილის მოწინააღმდეგეები იცით? მათ რევანშის ეშინიათ.
_ ფიქრობენ, რომ თუ სააკაშვილი ხელისუფლებაში დაბრუნდება, მათზე შურს იძიებს?
_ ძალიან ეშინიათ, დარწმუნებული არიან, რომ შურისძიება იქნება.
_ ეს ხომ შესაძლებელია?
_ შესაძლებელია, მაგრამ ასეთი რამე არ უნდა მოხდეს. რომც ეცადოს, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ ეს არ მოხდეს. არც მიხეილ სააკაშვილსა და არც სხვა ხელისუფალს რევანშის საშუალება არ უნდა მივცეთ. რევანში არ იქნება, თუ კოალიციური მთავრობა გვეყოლება. ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში ახალი პატარ-პატარა პარტიების გაჩენა, რომელთა არსებობა აუცილებელია იმისთვის, რომ ერთმა პოლიტიკურმა ძალამ არ მიიტაცოს ძალაუფლება. ძალაუფლება მიტაცებული ჰქონდა მიხეილ სააკაშვილის „ნაციონალურ მოძრაობას“, ედუარდ შვარდნაძის „მოქალაქეთა კავშირსა“ და ბიძინა ივანიშვილის „ქართულ ოცნებას“.
შევეშვათ ამ პიროვნებების ლანძღვას და ვაკრიტიკოთ სისტემა. სისტემის ბრალია, რომ ასეთი რაღაც ხდება. კომუნისტების მმართველობიდან მოყოლებული საარჩევნო სისტემა არ გვივარგოდა. ხელისუფლების დაკომპლექტების უვარგისი ფორმულა უნდა შევცვალოთ, ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა. მეორე ამოცანა უნდა იყოს კონკურენციის არსებობა. კონკურენციის გარეშე ვერაფერს შევძლებთ. კატეგორიულად ვემიჯნები იმ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გავწიოთ პოლიტიკიდან.
_ აქტიურ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის ღიად დაბრუნებაზე რას ფიქრობთ?
_ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების მოთხოვნა მავნებლობაა. ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების საკითხზე ცოტა სხვანაირად ვფიქრობ, _ ის ისედაც არის პოლიტიკაში. ლეგალურად უნდა პოლიტიკაში ყოფნა? მობრუნდეს. თუ დაბრუნდება, მერე რა? შეუძლია, შევიდეს თავისსავე დაარსებულ პარტიაში, იაროს მოსახლეობაში და გააკეთოს „ქართული ოცნების“ აგიტაცია. არჩევნებზე საქართველოს მოსახლეობა თუ ისევ „ქართულ ოცნებას“ აირჩევს, მაშინ თამამად ვიტყვი, რომ საქართველო ღირსია ბიძინა ივანიშვილის. თუ არ დაუჭერს მხარს, იმის ღირსიცაა. ივანიშვილი პოლიტიკაში ღიად, ალბათ, არ გამოჩნდება.
_ რატომ არ გამოჩნდება?
_ იმიტომ, რომ ღიად გამოჩენის შემთხვევაში კიდევ უფრო მწარედ დამარცხდება. მისთვის უფრო მომგებიანი იქნება, თუ ქვეყანას ჩრდილიდან მართავს. ასე რომ, ამოცანა კონკურენციაში უნდა იყოს. არც ივანიშვილის ხელოვნურ გაგდებას ვუჭერ მხარს და არც მის ხელოვნურ შემოყვანას. სააკაშვილის პოლიტიკიდან გაწევაზე ზემოთ მოგახსენეთ ჩემი აზრი. ახლა საქართველოს მეტი დემოკრატია და კონკურენტული გარემო სჭირდება. დიდი იმედი მაქვს, რომ ამას ოპოლიტიკური პარტიები გაიაზრებენ. სამწუხაროდ, პატარა პარტიებს ამის გააზრება უჭირთ.
_ თქვენ ზემოთაც ახსენეთ პატარა პარტიები და რატომ ამყარებთ მათზე ასეთ იმედებს?
_ ასეთ იმედებს არ ვამყარებ, პატარა პარტიები დღევანდელ საქართველოს სჭირდება. არჩევნებისთვის ისინი შექმნიან ბლოკებს და ამომრჩევლის მობილიზებას შეძლებენ. ჯამურად, შესაძლოა, არჩევნებზე 10% მაინც აიღონ. ეს იქნება ძალიან კარგი. მე კოალიციური მთავრობის მომხრე გახლავართ.
შევა თუ არა კოალიციურ მთავრობაში მიხეილ სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობა“, ეს პატარა პარტიებზე არ იქნება დამოკიდებული. ამას საქართველოს მოქალაქე გადაწყვეტს, რომელიც ყუთთან გააკეთებს არჩევანს. მესმის, რომ იაგო ხვიჩიას არ სურს, „ნაციონალები“ მსუყედ იყვნენ წარმოდგენილი მთავრობაში, მაშინ კეთილი ინებოს და „ნაციონალებზე“ ძლიერი და მაგარი პარტია შექმნას. გადაქაჩოს „ნაციონალების“ ხმები თავისთან და დამთავრდება ამით ამბავი. წერილების გამოქვეყნება შედეგს არ იძლევა. რას ჰქვია, ვიღაცამ მოითხოვოს, სააკაშვილი გავიდეს და ბიძინა ივანიშვილი შემოვიდეს? ვინ იქნება ხელისუფლებასა და პოლიტიკაში, ამას მხოლოდ ამომრჩეველი წყვეტს. თუ ასეთი განცხადებებით მიაჩნია სწორად გადაწყვეტილების მიღება, მაშინ ეს ლიბერტარიანიზმი კი არა, საბჭოთა კავშირია. რომ ჰკითხო, იაგო ხვიჩია საბჭოთა კავშირს ებრძვის, მაგრამ, როგორც ჩანს, მასში ყველაზე მეტად არის ჩაბუდებული საბჭოთა კავშირი. მისი განცხაება არის საბჭოური სულისკვეთების. საბჭოთა კავშირი აკეთებდა ასეთ რამეებს.
შეიძლება, ხვიჩიას არ ახსოვს და თუ მართლაც არ ახსოვს, შევახსენებ, რომ ასეთი მეთოდებით ირჩევდნენ მაშინ საბჭოთა კავშირის უზენაესი საბჭოს დეპუტატებს. ისინი, ძირითადად, მწველავები, მეჩაიეები, მწყემსები იყვნენ. ჩემს სოფელში ფერმაში მუშაობდა ერთი მერძევე, თავის საქმეს კარგად აკეთებდა, მაგრამ ორი ღერი უცხო სიტყვა არ იცოდა, ის დასვეს დეპუტატად. ეს იყო საბჭოთა კავშირის პოლიტიკა. საბჭოთა კავშირს სურდა, რომ მერძევე ყოფილიყო საბჭოთა კავშირის დეპუტატი. ახლა იაგო ხვიჩიამ მოინდომა, რომ მიხეილ სააკაშვილი არ იყოს პოლიტიკაში. საბჭოთა კავშირის დონეა, აბა, რა არის? კიდევ ვიტყვი, რომ იაგო ხვიჩია ლიბერტარიანელი კი არ არის, არამედ საბჭოთა მოქალაქეა.
ჩვენ უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ საბჭოთა კავშირიდან ერთხელ და სამუდამოდ უნდა გამოვიდეთ. საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის ყველაზე კარგი გამოსავალი არის კონკურენცია. შესაძლოა, ვინმეს უფრო ეფექტიანი გზა აქვს, მე ჯიუტად ვაწვები კონკურენციას.
_ ჯანსაღი კონკურენცია ძალიან კარგია, მაგრამ ჯანსაღ კონკურენციას ჯანსაღი საარჩევნო გარემოც სჭირდება.
_ საარჩევნო გარემოს შეცვლა აუცილებელია. ამის გაკეთებას საქართველოს დასავლეთიც სთხოვს. არ არსებობს ისეთი ფორმულა, რომელსაც ყველა დათანხმდება, მაგრამ დემოკრატიის ბედი ასეთია _ პარტიების უმრავლესობა რაზედაც შეთანხმდება, ის სისტემა უნდა მივიღოთ. ვფიქრობ, რომ საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიები ითხოვენ კოალიციურობას და დაბალ საარჩევნო ბარიერს. გავაკეთოთ ასეთი ფორმულა და კარგ შედეგს მივიღებთ. იქნება კოალიციური მთავრობა და პოლარიზაციაც დასრულდება. პოლარიზაცია იმიტომ კი არ არის, რომ სააკაშვილი და ივანიშვილი ცოცხლები არიან, პოლარიზებულია საზოგადოება იმიტომ, რომ საარჩევნო გარემო არ გვივარგა. ერთპარტიული მმართველობა წარმოშობს პოლარიზაციას. პირდაპირ გეტყვით, _ სააკაშვილის დროსაც პოლარიზებული იყო საზოგადოება. ზვიად გამსახურდიას დროსაც ასე იყო. ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენი საარჩევნო ფორმულა არ ვარგა. ეს აუცილებლად უნდა შევცვალოთ.